ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ქართული ჰაგიოგრაფიის ჟანრული შედგენილობა და პარადიგმული სისტემა

 

ქართული ლიტერატურის პირველი ტექსტები დასრუ­ლე­ბული ლიტერატურული ნაწარმოებებია, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სტრუქტურა, ასახვის თავისებურებები, მოდელები და პარადიგმები, რაც ჰაგიოგრაფიული დარგის ძირითად პრინცი­პებს იცავს და ასახავს. ჰაგიოგრაფიული მოდელის კვლევისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰაგიოგ­რაფიაში როგორც მოდე­ლები, ისე მწერლის ენა არის სტანდარტიზებული და ნორმირე­ბული, რადგან დადგენილი და ნორმირებულია როგორც სიუჟეტური განვითარება, ისე – ენობრივი გამომ­სახ­ვე­ლობა. მასში კონკრეტული ფორმული­რებებით, სტერეოტიპებად ქცეუ­ლი ენობრივი კლიშეებით ვითარდება თხზულების სიუჟე­ტური ხაზი და ასევე იკვეთება მთავარი გმირის სახე. ჰაგიოგრაფიის სტანდარ­ტიზებული ენა ემსახურება ჰაგიოგრა­ფიული მოდე­ლების ასახვას, თუმცა მხატვრული, ანუ პოეტური გამომსახვე­ლობის ენა არის სრულიად ინდივიდუ­ა­ლური და თავისუფალი, მათ შორის, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში.

ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის მოდელზე მსჯე­ლო­ბისას ძირითადად გამოიყენებოდა ორგვარი დეფი­ნიცია: „მარტვილოლოგია“, ანუ „წამებანი“ და „წმინდანთა ცხოვრება“, ანუ „ცხოვრებანი“. ქართული ჰაგიოგრაფიის მოდელის კვლევისას მნიშვნე­ლოვანია, აგრეთვე, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული საკითხების განხილვაც. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც „ცხოვრებანის“, ისე „წამებანის“ მთავარი გმირები ეთნიკურად ქართველებიც არიან და უცხოე­ლებიც. მაგალითად, ქართველები არიან ილარიონ ქართველი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები, გიორგი მაწმინდელი და სხვ. ხოლო უცხოელებს შორის შეიძლება დავასახელოთ წმინდა ნინო, ევსტათი მცხეთელი, ცამეტი ასურელი მამა, აბო თბილელი და სხვ.

გენდერული ნიშნით დაჯგუფების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჰაგიოგრაფიაში, როგორც „ცხოვრე­ბათა“, ისე „წამებათა“ ჟანრებში, აღწერილია ქალ და მამაკაც წმინდანთა ცხოვრება და მარტვილობა. ამასთან, გენდერული და ეთნიკური ჯგუფების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ქართული ჰაგიოგრაფიის როგორც „ცხოვრებათა“, ისე „წამებათა“ ჟანრებზე.

მარტვილოლოგიურ ჟანრში შესაძლებელია მსჯელობა გმირის ეთნიკური კუთვნილებაზე, ასევე, კონფესიურ საკითხზე, კერძოდ, დაბადებით ქრისტიანებზე და ახლადმონათლულ გმირებზე.

 


საკვანძო სიტყვები:ქართული ჰაგიოგრაფია, ჰაგიოგრაფიის ჟანრული შედგენილობა, ჰაგიოგრაფიის პარადიგმები კატეგორია: კვლევები ავტორები: ნინო პოპიაშვილი


„ვეფხისტყაოსნის“ გზა ევროპისაკენ და ინგლისური საისტორიო წყაროები

 

ნაშრომში შესწავლილია ინგლისური საისტორიო მწერლობისა და პირველწყაროების ცნობები შაჰ-აბას პირველის წარმოშობით ქართველ ქრისტიან ცოლთა თაობაზე, რომელიც არ ჩანს განხილული ქართულ საისტო­რიო მწერლობაში. კერძოდ, XVI ს-ის დასასრულის ინგლისელი დიპლომატი და მოგზაური სერ ანტონი შერლი და XVII ს-ის დასაწყისის ინგლისელი ატაშე ირანში სერ ტომას ჰერბერტი თავიანთ XVII ს-ში გამოქვეყნებულ წიგნებში აღნიშნავენ, რომ აბასმა ცოლად შეირთო ქართლის მეფე სიმონის და კახეთის მეფე ალექსანდრეს ქალიშვილები (დაახლოებით XVI-XVII სს-ის მიჯნაზე).

ინგლისური საისტორიო მწერლობა და პირველწყა­როები მიუთითებენ, რომ ინგლისელ დიპლომატს სერ ანტონი შერლისა და მის კომპანიას XVI ს-ის დამლევს შაჰ-აბასის კარზე ხელს უწყობდნენ შაჰის ქართველი ქრისტიანი ცოლები. ეს ცნობა განამტკიცებს იმ თვალსაზრისს, რომ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი XVII ს-ის დასაწყისის ინგლისელ დრამატურგთა წრესთან, და თვით შექსპირთან, მიტანილია შაჰ-აბასის გარემოცვაში დაწინაურებულ წარმოშობით ქართველთა თანამშრომლობის შედეგად სერ ანტონი შერლისთან.

 


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ტომას ჰერბერტი, შაჰ აბასი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


ქართულ ხელნაწერებში დაცული ცნობები ფერარა-ფლორენციის კრებაზე

 

ფლორენციის კრება იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა არა მარტო ქრისტიანული სამყაროსთვის, მან შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური წესრიგი, მათ შორის საქართველოსიც. ეს აისახა ქართულ რეალობაზეც და ლიტერატულ ცხოვრებაზეც. ქართულ ხელნაწერ ფონდში დაცულია ხელნაწერები, რომლებშიც აღწერილია და ასახული ფლორენცია-ფერარას კრება. ძირითადად ეს ხელნაწერები ანტიკათოლიკური პოლემიკური შინაარსისაა და ყველა მათგანი XVIII ს-ით თარიღდება. უპირველესად უნდა აღინიშნოს თხზულება „ფლორენციის კრება“. შემორჩენილია ხელნაწერის ორი ნუსხა: 1. A-1443 და 2. Q-1391. ფლორენციის კრებაზე მიღებული გადაწყვეტი­ლე­ბებისა და განხიული თეოლოგიურ-დოგმატური საკითხების საპასუხოდ დაუწერია ბესარიონ ორბელიშვილს „გრდემლი“, როგორც თავად აღნიშნავს შესავალში. ბ. ორბელიშვილის „გრდემლი“ ვრცელი ანტიკათოლიკური პოლემიკური თხზულება, ტრაქტატია. ის XVIII ს-ის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის ლიტერატურული პროდუქტია. გრდემლის არსობროვ გაგრძელებას არმოადგენს ანტონ კათალიკოსის „მზამეტყველება“. ანტონ კათალიკოსი „მზამეტყველების“ ანტიკათოლიკურ პოლემიკურ ნაწილს სწორედ ფლორენციის კრების მნიშვნელობის მიმოხილვით იწყებს და ამთავრებს.


საკვანძო სიტყვები:ხელნაწერი, ნუსხა, ფონდი, ტრაქტატი, კრება კატეგორია: კვლევები ავტორები: ნინო მეგენეიშვილი


ურბნისის სამაროვანი

 

ურბნისში (ქარელის მუნიციპალიტეტი) 1956-1963 წლებში გაითხარა ახ. წ. I-III საუკუნეებით დათარიღებული ვრცელი სამაროვანი (180 სამარხი), სადაც აღმოჩენილი მასალის მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული (მინის ჭურჭელი, გლიპტიკური ძეგლები). სამაროვანი დღემდე შეუსწავლელია.

წინამდებარე ნაშრომში ურბნისის სამაროვანზე აღმოჩენილი ნივთების ის ძირითადი ნაწილია განხილული, რაც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი საზოგადოების ესთეტიურ მოთხოვნილებაზე, კულტურულ-ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და რომთან.


საკვანძო სიტყვები:ურბნისი, სანელსაცხებლე, სამაროვანი კატეგორია: კვლევები ავტორები: ანა სახვაძე


„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“

არაბთა მეფის როსტევანის დარიგება სამეფოდ გამზა­დე­­ბული მემკვიდრე ქალიშვილისადმი არსებითად მეფეთა უმთავრესი სათნოების – სიუხვის ინტერპრეტირებაა. ამ სწავლულების ერთი უპირველესი თეზა არის სიუხვის საყოველთაობა, რომლის საჭიროება ბუნების უნივერსა­ლური კანონზომიერების ანალოგიითაა მოტივირებული:

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების“ (50).


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსნის კომენტარები კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


ისევ ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის შესახებ

ჟურნალ ქართველოლოგის წინა ნომერში (#27) გამოქვეყნდა ჩემი კომენტარი ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი ვარაუდის სახით იყო გამოქვეყნებული, როგორც ჩანს, ჩემს თვალსაზრისს უფრო მეტი არგუმენტირება სჭირდებოდა და იმის უფრო მკაფიოდ გამოკვეთაც, რომ ჩემი თვალსაზრისით, ეს ვარა­უდი ერთი და არა ერთადერთი შესაძლებელი გააზრებაა ამ კონტექსტისა. ალბათ იმის კონსტატირებაც საჭირო იყო, რომ ჩემი თვალსაზრისი 1248-ე სტროფის არარუსთველურად მიჩნევის შესაძლებლობაზე იმას არ ნიშნავს, რომ მე მისი ტექსტიდან ამოღების მომხრე ვიყო. საქმე ისაა, რომ პოემის ტექსტის პუბლიკაციაში იმგვარი ცვლილების შეტანა, რასაც ხელნაწერები (ან რომელიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერი) მხარს არ უჭერს, მე არ მიმაჩნია გამართელბულად. მაგრამ რუსთველოლოგიური ტრადიცია პოემის რომელიმე სტრო­ფის არარუსთველურობის მტკიცებისას, თითქმის ყველა შემთხვევაში, ვეფხისტყაოსნის ტექსტის სათანადო კორექტი­რე­ბასაც გულისხმობდა. ამიტომ იყო საჭირო, ამ კონკრე­ტუ­ლი სტროფის შემთხვევაშიც საგანგებოდ დაფიქსირება ტექსტის პუბლიკაციის პრინცი­პებზე ჩემი თვალსაზრისისა.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსნის კომენტარები კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე