ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ვეფხისტყაოსნის კომენტირებისათვის

 

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“

 

ელგუჯა ხინთიბიძე

 

არაბთა მეფის როსტევანის დარიგება სამეფოდ გამზა­დე­­ბული მემკვიდრე ქალიშვილისადმი არსებითად მეფეთა უმთავრესი სათნოების – სიუხვის ინტერპრეტირებაა. ამ სწავლულების ერთი უპირველესი თეზა არის სიუხვის საყოველთაობა, რომლის საჭიროება ბუნების უნივერსა­ლური კანონზომიერების ანალოგიითაა მოტივირებული:

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების“ (50).

სურნელოვან ვარდთა სიმრავლის ოპოზიციად მოხ­მო­­ბილი „ნეხვთა“ ქართულად განიმარტება ნაკელად. სულხან-საბაც ნეხვს სკორედ თარგმნის. თუმცა რუსთველი­სეული „ვარდთა“ ოპოზიციად საწინააღმდეგო თვისებების მქონე მცენარეს საჭიროებს, თანაც მრავლობითის ფორმით მოაზრებულს. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ქართულ ბოტანიკურ ტერმინოლოგიაში ცნობილია ნეხვ-ბალახა [1, გვ. 982][1]. ალბათ ამითაა განპირობებული, რომ შალვა ნუცუბიძე რუსულ თარგმანში „ნეხვთას“ თარგმნის სარეველად – сорняк. ქეთრინ ვივიანის ინგლისურ თარგმან­ში კი მას შეესატყვისება „noxious weeds” (მავნე სარეველა). განსახილველი ტაეპის „ნეხვთა“-ს ნეხვბალახად გააზრების მხარდასაჭერად მოხმობილი არგუმენტების საწინააღმდეგო ნიუანსს წარმოაჩენს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ფატმანის სარეცლის გამზიარებელი ავთანდილის რიტორი­კული შეძახილი: 

„იტყვის, თუ: ‘მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი-ა ვისად,

უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად“(1253).

ნეხვი, რომელზეც ყვავი ზის ნაკელად უნდა იქნას გააზრებული.

განსამარტავი ტაეპის („ვარდთა და ნეხვთა“) ბიბლიურ პარალელად მითითებულია [2, გვ. 240; 3, გვ. 196] – მათე V, 45: „მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და სწვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“.

სახარების მოხმობილი მუხლის „მზე მისი“ ღვთაებრივი ნათელი, მადლი, ღვთაებრივი სხივია. ხოლო მისი მიმღები ობიექტი ზნეობრივ-სარწმუნოებრივად ოპოზიციური სიმრავ­ლეებია (კეთილნი და ბოროტნი). ღმერთი კი, ერთნაირად კეთილია, როგორც კეთილთა, ასევე ბოროტთათვის და ყოველი, რომელიც ეძიებდეს ღმერთსა, ჰპოვებს. ეს აზრი დომინირებს პატრისტიკაშიც (იხ. მაგალი­თად იოანე სინელის კლემაქსი).

რუსთველისეული „მზე სწორად მოეფინების...“ ამქვეყნიური, ბუნებრივი მოვლენაა – სამყაროსეული მზის სხივის – სინათლისა და სითბოს მოფენაა ამქვეყნიურ არსებებზე, მიწიერ საგნებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელი სენტენციის აზრობრივი ქვეტექსტი – მეგატექსტი ზემოთ მოხმობილი ბიბლიური სიბრძნეა.

ამასთან ერთად, რუსთველისეული ფრაზა კონკრე­ტული მნიშვნელობითაც და ბიბლიური ქვეტექ­სტებითაც შუასაკუნეების ერთ არსებით ფილოსო­ფიურ-თეოლოგიურ პრობლემატიკას უკავშირ­დება. ესაა პირველსაწყისისაგან საგანთა ქმნადობა, არსთა გამომდინარეობა. ეს საკითხი ადრინდელი შუასაუკუნეების ნეოპლატონური ფილოსოფიის ერთი არსებითი თემაა. პრინციპული მნიშვნელობის ისაა, რომ მას (ამ პრობლემას) ქრისტიანული ნეოპლატონიზმი ადრინდელ დიდ ფილოსოფოსთაგან განსხვავებულად გადაწყვეტს. პლოტინოსი პირველსაწყისთაგან წარმოქმნილ არსებებს შორის არსებულ განსხვავებებს წარმოქმნის აქტის სპეციფიკით ხსნიდა: წარმოქმნილთა სრულყოფილება კლებუ­ლობდა წარმოქმნის აქტის ყველა მომდევნო ეტაპზე. პროკლეც პირველსაწყისთაგან შექმნილ არსებებს თავიანთი სრულყოფილებით განლაგებულებად მიიჩნევდა [იხ. 4, გვ. 176]. დიონისე არეოპაგელი კი, რომლის უმთავრესი ფილო­სო­ფიური წყარო პროკლეს ფილოსოფიაა, პირველ­მიზეზის ანუ უზენაესი არსების ქმედების აქტს ბიბლიურ-ქრისტოლო­გიური პოზიციიდან ხსნის: ღვთაებრივი სიკეთე ერთნაირად გადმოდის ყოველ ქმნილ არსებაზე. მათი სრულყოფილების ხარისხი განპირობებულია ღვთაებრივი ძალის მიმღებთა უნარისა და შესაძლებლობის სხვადასხვაობით.

დიონისე არეოპაგელი, საღმრთოთა სახელთათვის, IV, 4: „ეგრეთვე სახიერებისა ღმრთისა საჩინოჲ სახე, დიდი ესე და ყოვლად ბრწყინვალე და მარადის მნათობი მზე, მრავალ-სასმენელობისაგანი ნეშტიღა არს ჴმისა სახიერე­ბისაჲ; და ყოველსავე განანათლებს, რაოდენსა ძალ-უც მიღებაჲ ნათლისა მისისაჲ, და ზეშთა ყოველთა განფენილად აქუს ნათელი თჳსი, ამისთჳსა ყოველსავე ზედა ხილულსა გარდაჰფენს და ზედა-ქუე მიაწვს ბრწყინვალებასა თჳსთა შარავანდედთასა, ხოლო რომელი რაჲ ვერ მიიღებს ნათელსა მისსა, ესე არა უძლურებისაჲ არს, არცა სიმცირისაჲ ნათელთ-მიმცემლობისაჲ მისისაჲ, არამედ უმარჯობისაგან ნათელთ-მიმღებელთაჲსა, რომელთა ვერ განიმარტეს მიღებად ნათლისა“ [5, გვ.32-33]. [2]

არეოპაგელთან ღვთაებრივი სიკეთის გადმოფრქვევის ანალოგად მოხმობილია და აღწერილია ამ ღვთაებრივი აქტის ყველაზე დიდი ხილული სახის – მზის ქმედება. ბიბლიის მოხმობილი მუხლი (მათე V, 45) კი უშუალოდ მიუთითებს ღვთაებრივ აქტზე, ღვთაებრივი სიკეთის გადმოფ­რქვევაზე: „მზე მისი აღმოვალს“, ისევე როგორც „სწვიმს“, არის ღვთა­ებ­რივი სიკეთე და მადლი. რუსთველის „მზე სწორად მოეფინების“ კი ხილული მზის ქმედებაა. ამით იგი არეო­პა­გე­ლის ციტირებულ პასაჟს („მნათობი მზე... ყოველსავე განა­ნათ­ლებს“) უშუალოდ ეხმიანება, ამ უკანას­კნე­ლის ღვთაებ­რივი ქმედების ანალოგად მოხმობაზე მითითების გარეშე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სამივე ფრაზის იდეური არსი ღვთაებრივი სიკეთის ამქვეყნიურ არსებებზე გადმოფრქვევაა.

ამრიგად, პირველსაწყისისაგან საგანთა ქმნადობის ბიბლიურ-ნეოპლატონური კონცეფცია კიდევ ერთი თეოლო­გიური თეზაა, რომელიც ბოროტის უარსობის და უზენაესი არსების კატაფატიკურ-აპოფატიკური სახელდების თვალსაზ­რისებთან ერთად, რუსთველის ფილოსოფიურ წყაროდ დიონისე არეოპაგელის თეოლოგიას წარმოაჩენს.

 

ბიბლიოგრაფია

1. ჩუბინაშვილი დ., ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ. 1984.

2. ეკაშვილი კ., „ვეფხისტყაოსნის ავტორის მსოფლმხედ­ველობისათვის“: კრებული შოთა რუსთველი, თბ. 1966.

3. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II, თბ. 1958.

4. მახარაძე მ., არეოპაგეტიკა, თბ. 2011.

5. პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), შრო­მები. (ს. ენუქაშვილის გამოცემა). თბ. 1961.

6. Dionisius the Areopagite, The Divine Names and The Mystical Theology. Translated by C. E. Rolt. S.P.C.K. London 1975.



[1] სამკურნალო მცენარეთა სახეობებში აღნუსხულია დაჯირა (Salvia verticillatall), რომელიც საქართველოში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: მოხევურად – ნეხვბალახა; ქართლ. შავბალახი; კახ. დაჯორა; მესხ-ჯავახ შავტრაკა, რაჭ. ყვანჩალა; ლეჩხ. პურშუე; სვან. პიშვ (იხ. www.ice.ge ).

[2] იხ. ამ პასაჟის ბერძნული დედანის ინგლისური თარგმანი (მთარგმნელი C. E. Rolt): The Divine Names, Chapter IV, 4:“... Even so this great, all-bright and ever-shining sun, which is the visible image of the divine Goodness, faintly reechoing the activity of the Good, illumines all things that can receive its light while retaining the utter simplicity of light, and expands above and below throughout the visible world the beams of its own radiance. And if there is aught that does not share them, this is not due to any weakness or deficiency in its distribution of the light, but is due to the unreceptiveness of those creatures which do not attain sufficient singleness to participate therein” [6, p. 92].