ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ვეფხისტყაოსნის სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია

 

ვეფხისტყაოსნის  სიყვარულის კონცეფცია შეესაბამება ქრისტიანული ცივილიზაციის გვაინდელი შუასაუკუნეების ეტაპს. იგი თავისი არსით რენესანსულია; ეფუძნება ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის რუსთველისეული ინტერპრეტირების მოდელს და წარმოადგენს შუასაუკუნეებიდან რენესანსულ აზროვნებაზე გარდამავალი ეპოქის მსოფლშეგრძნების პრინციპული მსოფლმხედველობითი თეზის ორიგინალურ ფილოსოფიურ გააზრებას და მხატვრულ ასახვას.

 


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, მოყვასი, სიყვარული, შუასაუკუნეები, რენესანსი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


სახარებისეული „მკალისა“ და „ველური თაფლის“ განმარტებისათვის (ან: მკალი, რომელი არს დანაკისკუდი, თაფლი ველური - მელაღრია)

 

სტატიაში განხილულია სახარებისეული სიტყვების „მკალი“ და „თაფლი ველურის“ მნიშვნელობა, რითაც იკვებებოდა იოვანე ნათლისმცემელი, რადგან ამ სიტყვების სხვადასხვა განმარტებაა წმ. მამების ნაწერებში. სულხან- საბა ორბელიანიც თავისი ლექსიკონის ერთ-ერთ რედაქციაში წერდა, რომ მკალი იყო „მწუერვალი მდელოთა“, მაგრამ შემდეგ შეცვალა ეს განმარტება: „ნათლისცემელი რომელ მკალსა ჭამდა, რომელიმე იტყვიან, მწვერვალთა მდელოთასა ჭამდაო, მაგრამ ტყუილია, მართალი მკალი იყო (იგულისხმება კალია-მწერი, მ. ბ.), რომელსაც არაბნი დღესაც ჭამენ.“   „თაფლი ველური“ კი ასე აქვს განმარტებული: „ესე არს ხე, რომელსა ლათინურად ჰქვიან ერიკა, ურთხლსა ჰგავს. მისის ხილისა და ხისაგან თაფლივით ჩამოეწვეთების, ვიეთნი მანანადაც უხმობენ. იგი არს თაფლი ველური“. სახარებაშიც იოვანე ნათლისმცემელზე  ამბობს იესო, რომ „არც ჭამდა და არც სვამდა“, ჩვენ ვიზიარებთ  მოსაზრებას, რომ წინამორბედის საკვები იყო მცენარეული და მოგვყავს (ადრეული საუკუნეებიდან მოყოლებული) ბერძენ  ავტორთა და ქართველ მთარგმნელთა განმარტებანი „მკალსა და ველურ თაფლზე“, ასევე თანამედროვე მეცნიერთა და მკვლევართა  მოსაზრებები, რომელთაგან ზოგი მცენარეულ საკვებად აღიქვამს „მკალს და ველურ თაფლს“, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ნათლისმცემელი კალიით (მწერი) და ველური ფუტკრების თაფლით იკვებებოდა.


საკვანძო სიტყვები:იოანე ნათლისმცემელი, მელაგრია, მკალი, კალია, დანაკისკუდი, თაფლი ველური//თაფლი ველისა// თაფლი მდელოჲსა, ფინიკი კატეგორია: კვლევები ავტორები: მაია ბარნაველი


რომანტიკოსების გეოპოეტური სტრატეგიები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

 

სტატიაში მსჯელობაა ილია ჭავჭავაძის „მგზავ­რის წერილების“ გეოპოეტურ სტრატე­გიაზე. თხზუ­ლე­ბაში ილია ქართველი რომანტიკოსის გრიგოლ ორბელიანის პოე­მებს ციტირებს. არსებული კვლევების თანახმად, ქართულ რომანტიკულ ლიტერატურაში სამი სტრატეგია შეინიშნება, რომლებშიც რუსეთის კოლონია­ლიზ­­მისადმი განსხვავე­ბუ­ლი დამოკიდებუ­ლება ჩანს. ამ სტრატეგიების გათვალის­წი­­ნებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ მწერალი ასეთ გან­სხვა­ვებებს ამჩნევს და თავისი გეოპოეტიკური შეხედუ­ლე­ბის გამოხატვისთვის იყენებს: „საღამო გამოსალ­მებისა“ ირო­­ნიუ­ლადაა მოხმობილი, რადგანაც ლექსი ეკუთვნის სტრა­ტე­გიების პირველ ტიპს, რომელიც ჩრდი­ლოეთ კავკა­სიაში მიმდინარე რუსეთის კოლონია­ლიზაციის პროცესში ქართ­ველი რომანტიკოსების მონა­წილეობას გულისხმობს; მეო­რე მხრივ, იგი ორბელი­ანის „სადღეგ­რძელოს“ ირონი­ული განზ­რახვის გარეშე ციტი­რებს, რადგან პოემა საქართ­ველოს ისტორიის ხოტბას წარმოადგენს. მაშასადამე, შეიძ­ლება ითქვას, რომ ილია რომანტი­კო­სების ეროვნულ თვით­შეგ­ნებას სტრატეგიულად გარდაქ­მნის და თავისი ნა­წარ­­მოე­ბისა და მოღვაწეობის წყაროდ იყენებს.

 


საკვანძო სიტყვები:ილია ჭავჭავაძე, გეოპოეტური სტრა¬ტე¬გიები, ქართული რომანტიზმი კატეგორია: კვლევები ავტორები: ჰაიატე სოტომე


რომანოზ მელოდოსი და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში

 

romanosნაშრომში განხილულია ძველი ქართული თარგ­მანი მცირე ფორმის საგალობლისა  ̶  „ადამის გოდება“ („და­კა­რგული სამოთხე“), რომელიც მიჩნეულია ბიზანტი­უ­რი ჰიმ­ნოგრაფიის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად. ბიზან­ტინო­ლო­­­გიაში გავრცელებული აზრით, ეს საგალო­ბელი რო­მა­ნოზ მელოდოსის მოღვაწეობის წინა პერიოდი­სეულადაა მი­ჩ­­­ნეული.

ძველი ქართული წყარო­ების მოწმო­ბით, ამ სა­გა­ლობ­ლის ავტორია ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის მა­მამ­თა­ვა­რი  ̶  რომანოზ მელოდოსი.

 


საკვანძო სიტყვები:რომანოზ მელოდოსი, კონტაკიონი „დაკარგული სამოთხე“, ქართული ჰიმნოგრაფია კატეგორია: კვლევები ავტორები: ლელა ხაჩიძე


„ვეფხისტყაოსნის“ ორი ტაეპის ანალიზი ინგლისურ თარგმანებთან მიმართებაში

 

შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსნის ტექსტის შესწავლა, პირველ ყოვლისა, მისი შინაარსის მაქსიმალურად მართებულ ინტერპრეტაციას გულისხმობს. ტექსტის შინაარსის მეცნიერულ შესწავლასთან ერთად, მისი ინტერპრეტაციის უტყუარ ფაქტად რჩება ასევე ნაწარმოების თარგმანი, რაც თარგმანის კრიტიკული ანალიზის საჭიროებას განაპირობებს. ვეფხისტყაოსნის თარგმანები ძირითადად ეყრდნობა კვლე–ვას, რომელიც მისი შესრულების დროისთვის არის მოპოვებული რუსთველოლოგიაში.

პირველი რუსთველოლოგი, ვახტანგ მეექვსე, აცხადებდა, რომ მასზე ბევრად ადრე, მრავალნი ცდილან პოემის „თარგმანებას“, ანუ განმარტებას, ე. ი. მის ეთიკურ-ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია პოემის თარგმანების ჭრილში განხილვამდე ისეთი საკითხების დადგენა, რომელთა გარკვევას რუსთველოლოგები საუკუნეების მანძილზე წარმოებული კვლევებით ცდილობდნენ და ცდილობენ დღემდე, და ცხადია, რომ ამა თუ იმ უცხოური თარგმანის სიავკარგის განსაზღვრა მხოლოდ ქართული ტექსტის მნიშვნელობისა თუ განმარტების დადგენის საფუძველზე არის შესაძლებელი.

სტატიაში განვიხილავთ ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი საფუძვლის, ნეოპლატონიზმის მოძღვრების ასახვას პოემაში, ერთი სტროფის მაგალითზე. ნეოპლატონიზმის სწავლება სამყაროს ერთიანობის შესახებ გულისხმობდა ღმერთის და ადამიანის გაიგივებას, და ბოროტების, როგორც სუბსტანციის, არ არსებობის აღიარებას, რაც საანალიზო ტექსტის ძირითად არსს წარმოადგენს.

 


საკვანძო სიტყვები:დივნოსი (დიონისე არეოპაგელი), ნეოპლატონიზმი, ვეფხისტყაოსანი, რუსთველის პოემის ინგლისურენოვანი თარგმანები კატეგორია: კვლევები ავტორები: სალომე სანიკიძე


ბერნარდე ნეაპოლელისეული ხელნაწერების კვალდაკვალ

 

სტატიაში გამოკვლეულია 1670-1677 წწ.-ში საქართველოში მოღვაწე კაპუცინი ბერის, ბერნარდე ნეაპოლელის, ხელნაწერი მასალების ისტორია. კერძოდ, დადგენილია, რომ ეს მასალები თავდაპირველად კაპუცინთა მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა, ხოლო 1936 წ.-ის  თებერვლიდან გადაიტანეს ნეაპოლის ეროვნულ სამეფო ბიბლიოთეკაში (დღევანდელი ნეაპოლის ეროვნული ბიბლიოთეკა), სადაც დღემდე დაცულია შიფრით „XX.122“. XVIII-XX სს.-ში სხვადასხვა მეცნიერის მიერ შედგენილ ჩამონათვალთა შესწავლის საფუძველზე გამოვლენილია, რომ 1886-1936 წლებში დაიკარგა ბერნარდე ნეაპოლელისეული ერთი ქართული ხელნაწერი, ანუ ის, რომელიც შეიცავდა „რომანცს ან ქართულ ზღაპარ ”ბაამას“, ჟამთააღმწერლის ე. წ. „ასწლოვანი მატიანის“ ორმოცგვერდიან უძველეს ფრაგმენტსა და „პატარა პოემა რესკარიანს“.

 


საკვანძო სიტყვები:ბერნარდე ნეაპოლელი, ქართული ხელნაწერი, კაპუციანთა მონასტერი კატეგორია: კვლევები ავტორები: გაგა შურღაია