ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ანა სახვაძე

ურბნისის სამაროვანი

 

დღევანდელი საქართველოს ტერიტორია თავისი გეოგ­რა­­ფიული მდებარეობით უძველესი დროიდან უმნიშ­ვნელოვანეს საკომუნიკაციო ზონას წარმოადგენდა, სადაც იკვეთებოდა ახლო აღმოსავლეთის, დასავლური (აღმოსავ­ლეთ ევროპა) და კავკასიონის ქედით გამიჯნული განსხვა­ვებული კულტურები. სწორედ ამიტომ, საქართვე­ლოს ტერიტორიაზე კონცენტრირებულია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალა, რომელიც ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოების კულტურულ-ეკონომიკურ და სავაჭრო კონტაქტებს სხვა­დასხვა ქვეყნებ­თან. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ საყურად­ღებო რეგიონს აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ კი იბერია წარმოადგენდა.

ახ. წ. I-III საუკუნეებში ქართლის სამეფოს ძლიე­რებას ხელს უწყობდა, პირველყოვლისა, მასზე გამავალი სავაჭრო სატრანზიტო გზის არსებობა, მეორეს მხრივ იბერიისა და რომის სამოკავშირეო ურთიერთობა. ამ მხრივ მეტად ინფორმატიულია ამ დროის სამაროვნების შესწავლა, რომლებზეც მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები, სამკაული, ფუფუნების საგნები და სხვა.

ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფელ ურბნისში 1953-1963 წლებში დომენტი ქორიძის[1] ხელმძღვანელობით გაითხარა ახ. წ. I-III საუკუნეების სამაროვანი (180 სამარხი), რომელიც კოპლექსურად არ შესწავლილა. გამოქვეყნებულია მხო­ლოდ მინის ჭურჭელი [4] და გლიპტიკური ნიმუშები [8].

ახალი აღმოჩენების ფონზე (დედოფლის გორა [13], ბაიათხევი [3] ჟინვალის სამაროვანი [5] და სხვ.) ურბნისის სამაროვნის შესწავლა კვლავ დღის წესრიგში დგას. მისი გამოქვეყნება და თითოეული სამარხის არქეოლოგიური კონტექსტით შესწავლა წარმოდგენას შეგვიქმნის იმდრო­ინდელი საზოგადოების კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების დონეზე. წინამდებარე ნაშრომში სამაროვანზე აღმოჩენილი ნივთების ის ძირითადი ნაწილია განხილული, რაც ზოგად ინფორმაციას გვაწვდის სამაროვნის მნიშვნელობის შესახებ.

სამარხთა აღნაგობა და დაკრძალვის წესი

ურბნისში, ახ. წ. I-III საუკუნეების სამარხების უმეტესობა ხის ძელებით ამოშენებულ ორმოს წარმოადგენს. ძელები ერთმანეთთან რკინის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ლურ­სმნებით დაუკავშირებიათ. ლურსმნები დღემდე შემოინახა და ახლავს სამარხეულ ინვენტარს. არის შემთხვევები, როდესაც სამარხი ნაწილობრივ აგურის წყობით (სამარხი NN201, 207) ან რიყის ქვებითაა (სამარხი N20) შემოსაზღვრული. სამარხების ძირითადი ნაწილი ინდივიდუალურია. დადას­ტურდა რამდენიმე შემთხვევა ერთ სამარხში ორი ან მეტი მიცვალებულის აღმოჩენისა (სამარხი NN4, 51, 57, 72, 179, 191, 192, 195, 213, 258, 267). უმეტეს შემთხვევაში მიცვალე­ბული ზურგზეა დაკრძალული თავით აღმოსავლეთით.

 

სამარხეული ინვენტარი

თიხის ჭუჭელი. სამაროვანის ოთხმოცდაერთ სამარხში მიცვალებულს თიხის ჭურჭელი ახლავს. მათგან 14 ჭურჭელი მოხატულია (ტაბ. I,2). მოხატული ჭურჭლების უმეტესობა ანალოგიურია ურბნისის მახლობლად მდებარე დედოფლის გორის სასახლეში აღმოჩენილი ჭურჭლებისა, რომლებიც ზუტად თარიღდება ახ.წ. I საუკუნის 80-იანი წლებით [12, გვ. 63-85]. ადგილობრივ დამაზადებული მოხატული ჭურჭლების გარდა კიდევ აღმოჩნდა მოვარდისფრო და შავპრიალა დოქები, დერგები, ჯამები და კოჭობები.

კერამიკულ ნაწარმში გამორჩეულია თიხის სანელ­საცხებ­ლეები. ისინი სამაროვანზე სულ ხუთი ცალია აღმოჩენილი (სამარხი N205, 245, 230, 136) (ტაბ. I, 1). ჭურჭლის კორპუსი რამდენადმე ემსგავსება ელინისტურ ხანაში გავრცელებულ თიხის თითისტარისებური ფორმის ჭურჭლებს [10]. საქართველოში მათ ანალოგი არ ეძებნება. მსგავსი სანელსაცხებლეები აღმოჩენილია თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე და თარიღდება ძვ.წ. I – ახ.წ. I საუკუნეებით [11, გვ. 683-684, fig.1, 3-4]. 

მინის ჭურჭელი. ურბნისის სამაროვანი თანადროული სამაროვნებისგან (მცხეთა, ჟინვალი) განსხვავებით გამოირ­ჩევა მინის ჭურჭლის განსაკუთრებული სიუხვით. სამაროვნის ყოველ მესამე სამარხში მინის სანელსაცხებლეა აღმოჩენილი. ურბნისში აღმოჩენილი მინის ჭურჭელი შესწავლილია, მისი უმრავლესობა სირიულ იმპორტადაა მიჩნეული და ახ.წ. I საუკუნით თარიღდება [4], (ტაბ. II).

ნელსაცხებელი რომ დაკრძალვის რიტუალისთვის საჭირო ატრიბუტი იყო, ამაზე სამაროვანზე აღმოჩენილი სანელსაცხებლების სიმრავლე (200 მინის და 5 თიხის) მეტყველებს. საყურადღებოა, რომ სამარხში ისინი ჩონჩხის მკერდის არეში, მარცხენა მკლავთან ფიქსირდება.

მინის ჭურჭელი იმ დროისათვის ფუფუნების საგანს წარმოდგენდა, რაც იმდროინდელი საზოგადოების ესთეტიურ გემოვნებას და მაღალ კულტურულ დონეს უსვამს ხაზს.

დასაკრძალავი გვირგვინი-ხოირა. ანტიკურ სამყაროში გვირგვინებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა, ისინი ძირითადად შეჯიბრებებში (სპორტული, ლიტერატურული, მუსიკალური) გამარჯვებულთა დასაჯილდოებლად გამოიყენებოდა. გვირგვინს გადასცემდნენ ღვინის სმაში გამარჯვებულს და სხვა. ის დაკავშირებული ჩანს დაკრძალვის რიტუალთან, კლასიკურ, შემდეგ ელინისტურ და რომაულ ხანაში. სამგლოვიარო გვირგვინის ხასიათის გარკვევისას ფიქრობ­დნენ, რომ ერთი მხრივ ცოცხალი გვირგვინი კარგ სურნელებას აფრქვევდა მიცვალებულთან, მეორე მხრივ გვირგვინი, როგორც გამარჯვების ნიშანი, აგრძელებდა მიცვალებულის ტრიუმფს სიცოცხლის შემდეგ. სამგლო­ვი­ა­რო გვირგვინები ოქროსგან მზადდებოდა და სხვადასხვა ფოთლების იმიტაციას (ზეთისხილის, მუხის, დაფნის, ნია­ხუ­რის, ვაზის) იყო. არის შემთხვევები, როდესაც ფოთლებთან ერთად გვირგვინს ნაყოფიც ამკობთ [7, გვ. 59-63].

სამგლოვიარო გვირგვინის სამარხში ჩატანების შემთხვევები დასავლეთ საქართველოში ელინისტურ ხანაში (ძვ.წ. IV-II საუკუნეები) გვხვდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში გვიანანტიკურ ხანაში იწყება (ახ.წ. I-IV საუკუნეები). სამგლოვიარო გვირგვინები ურბნისის სამაროვანზე რვა შემთხვევაში დასტურდება (NN 231, 215, 189, 191, 193, 216, 170, 51).

სამგლოვიარო გვირგვინები მრავლად არის აღმოჩენილი გვიანატიკური ხანის ძეგლებზე არმაზისხევში, ბერსუმა ერისთავის სამარხში, სადაც გვირგვინს მუხის და ნიახურის ფოთლები შეადგენს [1, გვ. 49], ბაიათხევის N32-ე, 33-სამარხში [3, გვ. 97-134, სურ. 1030-1046] და სხვა. ჩამოთვლილთაგან  არც ერთი ჰგავს ფორმით ურბნულს, რომელთაც ძირითადად რომბის ფორმა აქვთ (ტაბ. III,4). მათი ანალოგი მხოლოდ ფაიუმის პორტრეტებზე გამოსახული სამგლოვიარო გვირგვინებია. პორტრეტები თარიღდება ახ.წ. II საუკუნის პირველი ნახევრით ან ამავე საუკუნის შუა ხანებით [9, გვ. 103-108, ტაბ. III, V].

აქვე უნდა ითქვას, რომ სამგლოვიარო გვირგვინების შემცველი სამარხებიდან სამში (N189, 193, N216, 215) ბაგისსაფარი ფირფიტებიც აღმოჩნდა. ბაგისსაფარი საქარ­თვე­ლოში, წინწყაროსა და ყანჩაეთის ელინისტური ხანით დათარიღებულ კომპლექსებში გვხვდება [2, გვ. 15-19]. მოგვიანებით მსგავსი ფირფიტები გვიანანტიკური ხანის სამარხებშიც (მცხეთა, კლდეეთი) დადასტურდა. ჩანს მათი სამარხში ჩაყოლება ელინისტური ტრადიციაა, რომელიც გრძელდება ახ.წ. I-II საუკუნეებშიც. 

სამკაული. პირადი სამკაული სამარხეული ინვენტარის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომლებიც სხვადასხვა ლითონისგანაა (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, რკინა) დამზადებული და ძირითადად წარმოდგენილია საყურეების, მძივების, საკიდებისა და ბეჭდების სახით. მათ შორის ძალზე მცირეა ძვირფასი ლითონის სამკაული. ისინი ფორმით ტიპურია ამ პერიოდისთვის. სხვადახვა ქვის (სარდიონი, გიშერი), მინისა და ლითონის მძივები მეტ მრავალ­ფეროვნებას მატებს სამარხეულ ინვენტარს (ტაბ. III, 5).

გემა-ინტალიო. სამაროვანზე აღმოჩენილი ბეჭდების ნაწი­ლი გლიპტიკურ[2] ძეგლებს მიეკუთვნება. ისინი წარმო­ადგენს სხვადასხვა ლითონის ბეჭედში (ვერცხლი, ბრინჯაო, რკინა) ჩასმულ ქვებს (სარდიონი, გრანატი, ამეთვისტო, ქალცე­დო­ნი, აქატი, იასპი), რომლებზეც ამოკვეთილია მითოლოგიური სიუჟეტები, ღვთაებები, ცხოველთა და ფრინველთა სამყარო (ტაბ. III, 1). მსგავსი ტიპის ბეჭდები წარჩინებული ფენის წარმომადგენელთა პირადი საკუთრება იყო. სამაროვანზე აღმოჩენილია 133 ერთეული გლიპტიკური ძეგლი, რომელ­თა უმეტესობა იმპორტულია და ადასტურებს ახ. წ. აღ. I-III საუკუნეებში იმდროინდელი ქალაქის მოსახლეობის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კონტაქტებს რომაულ და ახლო აღმოსავლური სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებთან [8, გვ. 5-20]. 

სარკე. სარკე, ჰიგიენური და კოსმეტიკური არტეფაქტი, სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული მასალით (ობსიდიანი, ბრინჯაო, სპილენძი, ოქრო, ვერცხლი) მზადდებოდა და ძირითადად სამარხებიდან მომდინარეობს. დგინდება, რომ სარკის აღმოჩენა შედარებით მდიდრული სამარხებისთვისაა დამახასიათებელი [6, გვ. 145]. ურბნისშიც, სარკის შემცველი სამარხების უმეტესობა იმპორტული ინვენტარით გამოირჩევა (სამარხები NN9, 20, 49, 57, 73, 96, 125, 172, 193, 205, 218, 230). აქ ბრინჯაოს ცხრა და ვერცხლის სამი სარკე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ N20 სამარხის სარკეს სახელურებიც ჰქონია (ტაბ. III,3).  

მონეტა – ქარონის ობოლი. ტერმინი „ქარონის ობოლი“ დაკავშირებულია ბერძნულ მითოლოგიასთან. ქარონი იყო მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოში საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები. სწორედ ამ მითს უკავშირდება ანტიკური ხანის სამარხებში მიცვალებულის პირში ან ხელში აღმოჩენილი მონეტები. ურბნისის სამაროვნის თორმეტ სამარხშია მონეტა (51, 142, 178, 189, 193, 207, 208, 215, 231, 243, 258, 273). მათგან ცხრა შემთხვევაში მიცვალებულს მონეტა პირში ედო. მონეტები ოქტავიანე ავგუსტუსის და არტაბან II-ისაა(გოტარზე). ავგუსტეს დენარები ძვ.წ. აღ. 27 - ახ. წ. აღ. 14 წლებში, ხოლო არტაბან II-ის მონეტები ახ.წ. 10-38 წლებში იჭრებოდა და თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში მიმოიქცეოდა (ტაბ. III,2). 

სტილოსი. სამაროვნის რამდენიმე სამარხში (N14, 22, 54, 234, 263, 269) ძვლის ღეროვანი ნივთები აღმოჩნდა. ისინი შესაძლოა სტილოსები (საწერი ინსტრუმენტი) ყოფილიყო. ის წარმოადგენს ძვლის ღეროს, რომლის ერთი ბოლო წვრილია მეორე ბოლო კი შემსხვილებული და ბრტყელი (ტაბ. III,6). სტილოსების აღმოჩენის ფაქტი ხშირია ანტიკური ხანის ძეგლებზე. ჩანს ისინი საკმაოდ ფართოდ ვრცელდება ამ პერიოდში. ურბნისის სტილოსების ანალოგები აღმჩენი­ლია დედოფლის გორაზე და ახ.წ. I საუკუნის შუა ხანებით თარიღდება [14, გვ. 101, cat. 99-100].

ურბნისის სამაროვნის შესახებ წარმოდგენილი ზოგადი სურათი გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. გამოჩნდა, რომ სამაროვანი დაკრძალ­ვის წესით (ხის ძელებით შემოფარგლული ორმოსამარხი, მიცვალებული ზურგზე დაკრძალული თავით აღმოსავ­ლეთით, სანელსაცხებლეების სიუხვე) და ზოგიერთი სხვა ნიშნით მკვეთრად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართვე­ლოს თანადროული სამაროვნებისაგან.

სამარხეული ინვენტარი არ გამოირჩევა განსაკუთ­რებული სიმდიდრით. ჩანს ის საზოგადოების საშუალო ფენას ეკუთვნოდა, რომელთათვისაც ხელმისაწ­ვდომი იყო ფუფუნების ისეთი ნივთები, როგორიცაა მინისა და თიხის სანელსაცხებლეები, გლიპტიკური ნიმუშები, მონეტები, რომელთა აღმოჩენა მიუთითებს გვიანანტიკურ ხანაში იბერიის მჭიდრო კონტაქტებზე ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებსა, პართიასა და რომთან.

იმპორტული ნივთები კარგად არის შესწავლილი და მათი ქრონოლოგია მეტ-ნაკლებად დაზუსტებულია, რაც შესაძლებლობას იძლევა დათარიღდეს მათი თანმხლები არქეოლოგიური მასალა და გარკვეულწილად დაზუსტდეს სამარხების თარიღი, რაც სხვა თანადრული ძეგლების თარიღების დაზუსტების შესაძლებლობასაც მოგვცემს. 

ახალი აღმოჩენების შუქზე (დედოფლის გორა, ჟინვალი, ბაიათხევი და სხვ.) ურბნისის სამაროვნის შესწავლა კვლავ დღის წესრიგში დგას. მისი გამოქვეყნება და თითოეული სამარხის არქეოლოგიური კონტექსტით შესწავ­ლა გააფართოვებს ცოდნას გვიანანტიკურ ხანაში ურბნისში მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე იმდროინდელ ანტიკურ სამყაროში.

 

ბიბლიოგრაფია

  1. აფაქიძე, ა., გობეჯიშვილი, გ., კალანდაძე, ა., ლომთა­თიძე, გ., მცხეთა – არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ. I, საქარ­თვე­ლოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბ. 1955
  2. გაგოშიძე, ი., ადრეანტიკური ხანის ძეგლები ქსნის ხეობიდან, მეცნიერება, თბ. 1964
  3. ნიკოლაიშვილი, ვ., გიუნაშვილი, გ., მცხეთა არქეო­ლო­გიური კვლევა-ძიების შედეგები, ბაიათხევი, ტ. X, მეცნიერება, თბ. 1960
  4. საგინაშვილი, მ., ურბნისის სამაროვნის მინის ჭურჭელი, მეცნიერება, თბ. 1970
  5. ჩიხლაძე, ვ., წინაქრისტიანული ხანის ჟინვალის სამარო­ვანი, მწიგნობარი, თბ. 2015
  6. ჭანიშვილი, თ., სარკე საქართველოს არქეოლოგიური ძეგლე­ბიდან: „იბერია-კოლხეთი“, N14 (რედ. გ. გამყრე­ლიძე), საქარ­თველოს ეროვნული მუზეუმი, თბ. 2018
  7. ჭყონია, ა., ოქროს სამკაულები ვანის ნაქალაქარიდან, ვანი ტ. VI, მეცნიერება, თბ. 1981
  8. ჯავახიშვილი, ქ., ურბნისის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები, მეცნიერება, თბ. 1972
  9. Стрелков, А., Фаюмский портрет, “Academia”, Москва 1936
  10. Anderson-Stojanović, V.R.,The chronology and function of ceramic unguentaria: “American  Journal of  Archaeology“ (ed. Kleiner F.S.) vol. 91, N1, Archaeological Institute of America, Boston 1987
  11. Cappelletto, E., Hallvard, I., New acquisitions from the Hellenistic-Roman-Byzantine east necropolis of Hierapolis in Phrygia: The Unguentaria: “Rei Cretariæ Romanæ Favtorvm" (ed. Viegas, K.,), 44, Bonn 2016
  12. Chanisvili, T., Pottery,LocalPottery, The excavations of the palace at Dedoplis Gora and the Romaninfluence in the Cauca­sian kingdom of Iberia, Iberia and Rome, Langenweißbach 2008
  13. Furtwängler, A., Gagoshidze, I., Löhr, H., Ludvig, N., (eds), The excavations of the palace at Dedoplis Gora and the Roman influence in the Caucasian kingdom of Iberia, Iberia and Rome, Langenweißbach 2008
  14. Gagoshidze, I., Bone Objects, Instruments, The excavations of the palace at Dedoplis Gora and the Roman influence in the Caucasian kingdom of Iberia, Iberia and Rome, Langenweißbach 2008


[1] ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი

[2] გლიპტიკა – ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე მხატვრული ჭრის ხელოხნება.