ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





თემატიკა

 

ჟურნალის თემატიკა და ძირითადი რუბრიკები:
1. ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში. ამ რუბრიკის ქვეშ ჟურნალის ყოველ ნომერში გამოქვეყნდება ქართველი ავტორის რომელიმე ნაწარმოები, ან ნაწყვეტი მისი ნაწარმოებიდან პარალელური, დღეისათვის უკვე არსებული ინგლისური მხატვრული თარგმანით. ამ რუბრიკის დანიშნულებაა როგორც ქართული ლიტერტურული ძეგლების პოპულარიზაცია ევროპელ მკითხველებში, ასევე ქართული ენის უცხოელ შემსწავლელთათვის ქართული ტექსტის მიწოდება პარალელური ინგლისური თარგმანით.

2. ქართველოლოგიური ქრონიკა. ამ რუბრიკის ქვეშ წარმოდგენილი იქნება ქართველოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით უკანასკნელი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა (მიმოხილვა ქართველოლოგიური სიმპოზიუმის, ან მნიშვნელოვანი კონფერენციებისა, ცნობები საზაფხულო სკოლის ჩატარებაზე და  სხვ.), ან საინფორმაციო ცნობები  ქართველოლოგიის დარგში ახლადგამოვლენილ  მნიშვნელოვან ფაქტებზე. 

3. ცნობილი ქართველოლოგები. ამ რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებული იქნება წინა საუკუნეების ცნობილი ან თანამედროვე უცხოელი ქართველოლოგების მეცნიერული შემოქმედების მიმოხილვა ან მათი ქართველოლოგიური ნაშრომების ბიბლიოგრაფია, ან მისალმებები მათ საიუბილეო თაღირებთან დაკავშირებით.

4. მოგონებები ქართველოლოგებზე.  ამ რუბრიკით გამოქვეყნდება  მოგონებები ცნობილ უცხოელ თუ ქართველ ქართველოლოგებზე, ან უმნიშვნელოვანეს ფაქტებზე ქართვლოლოგიური მეცნიერებების ისტორიიდან.

5. საენციკლოპედიო მიმოხილვა. ამ რუბრიკაში შევა ქართველოლოგიური მეცნიერებების ცალკეული დარგის ან ქვედარგის გარკვეული შემაჯამებლურ-მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მკითხველს სრულ ინფორმაციას აძლევს ქართველოლოგიის გარკვეული მიმართულების, ან გარკვეული დარგის შესწავლის მდგომარეობაზე.

6. ერთი უმთავრესი რუბრიკა, რომლიც ჟურნალის ყველა ნომერში განთავსდება, იქნება სამეცნიერო თემატიკა. ამ რუბრიკის ქვეშ მოთავსებული იქნება სწორედ ის მეცნიერული გამოკვლევები, რომლებიც ქართველოლოგიის ცალკეულ დარგში ახალ საკითხებს ან ცნობილი პრობლემების ახლებურ ინტერპრეტაციას გვაწვდის. ეს რუბრიკა თავის მხრივ დაყოფილ იქნება სხვადასხვა მიმართულებებად ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის მიხედვით. მაგ: სამეცნიერო თემატიკა - რუსთველოლოგია; სამეცნიერო თემატიკა - ქართველური ენები; სამეცნიერო თემატიკა - ქართული ხელოვნება და სხვა.

ჟურნალის ყველა ნომერში იქნება აგრეთვე რუბრიკა ავტორები. მასში მკითხველი იხილავს ჟურნალის ამ ნომრის ყველა ავტორზე მოკლე ცნობებს მათი აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ, საკონტაქტო დეტალებითურთ.

ჟურნალის თითოეულ ნომერში ზემოთ ჩამოთვლილი რუბრიკებიდან რამდენიმე (და არა ყველა) იქნება წარმოდგენილი. ზოგი რუბრიკა შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში ჟურნალს მომავალში დაემატოს.