ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





კონცეფცია

 

რას ემსახურება ჟურნალი, რომელი დარგებია მასში წარმოდგენილი
ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი "ქართველოლოგი" იქნება ახალი ტიპის სამეცნიერო გამოცემა, რომლის მიზანია, გამოავლინოს და გამოაქვეყნოს უახლესი სამეცნიერო მიღწევები საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველოლოგიურ სამეცნიერო კვლევებს როგორც საკუთრივ საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით და  ხელმისაწვდომი გახადოს ისინი მსოფლიოს ჰუმანიტარული სამეცნიერო წრეებისათვის და ქართველოლოგიით დაინტერესებული ცალკეული პიროვნებებისათვის. ჟურნალში წარმოდგენილი იქნება ქართველოლოგიის ყველა დარგი, რომელიც შუასაუკუნეების, ახალი  და თანამედროვე ქართული კულტურის, ენის და საქართველოს ისტორიის შესწავლას ემსახურება. კერძოდ, საქართველოს ისტორიის, ქართული ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის და სხვა სფეროები.

რამდენად გამართლებულია საქართველოში მისი გამოცემა
ჟურნალი ”ქართველოლოგი” ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის და ფონდის ბაზაზე ბეჭდური სახით  1993 წლიდან გამოდის და ვრცელდება საერთაშორისო ქართველოლოგიურ ცენტრებში. ჟურნალმა უკვე შემოიკრიბა თავის ირგვლივ ქართველოლოგიის პრობლემატიკით დაინტერესებულ მეცნიერთა დიდი ჯგუფი, რომლებიც ამ ჟურნალის საშუალებით თავიანთ გამოკვლევებს ქართველოლოგიის სხვადასხვა სფეროში მისაწვდომს ხდიან საერთაშორისო და საკუთრივ საქართველოს სამეცნიერო წრეებისათვის.  ქართველოლოგიის საერთაშორისო მეცნიერების ერთი უმთავრესი ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია და მასთან არსებული ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” ამ ელექტრონული ჟურნალის საშუალებით ხელს  შეუწყობს ქართველოლოგიური მეცნიერების საერთაშორისო დონეზე გატანას.

სახელწოდების მიზანშეწონილობა და  გამოცემის პერიოდულობა
ჟურნალის სახელწოდება ”ქართველოლოგი” (The Kartvelologist – Jurnal of Georgian Studies), უკვე დამკვიდრებული საქართველოში და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, წინამდებარე ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის სათაურად დარჩება და მისი პერიოდულობა განისაზღვრება ყოველწლიურად ორი  გამოცემით.