ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ე. ხინთიბიძე

 

ისევ ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის შესახებ

 

ჟურნალ ქართველოლოგის უახლეს ნომერში (#27) გამოქვეყნდა ჩემი კომენტარი ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი ვარაუდის სახით იყო გამოქვეყნებული, როგორც ჩანს, ჩემს თვალსაზრისს უფრო მეტი არგუმენტირება სჭირდებოდა და იმის უფრო მკაფიოდ გამოკვეთაც, რომ ჩემი თვალსაზრისით, ეს ვარა­უდი ერთი და არა ერთადერთი შესაძლებელი გააზრებაა ამ კონტექსტისა. ალბათ იმის კონსტატირებაც საჭირო იყო, რომ ჩემი თვალსაზრისი 1248-ე სტროფის არარუსთველურად მიჩნევის შესაძლებლობაზე იმას არ ნიშნავს, რომ მე მისი ტექსტიდან ამოღების მომხრე ვიყო. საქმე ისაა, რომ პოემის ტექსტის პუბლიკაციაში იმგვარი ცვლილების შეტანა, რასაც ხელნაწერები (ან რომელიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერი) მხარს არ უჭერს, მე არ მიმაჩნია გამართელბულად. მაგრამ რუსთველოლოგიური ტრადიცია პოემის რომელიმე სტრო­ფის არარუსთველურობის მტკიცებისას, თითქმის ყველა შემთხვევაში, ვეფხისტყაოსნის ტექსტის სათანადო კორექტი­რე­ბასაც გულისხმობდა. ამიტომ იყო საჭირო, ამ კონკრე­ტუ­ლი სტროფის შემთხვევაშიც საგანგებოდ დაფიქსირება ტექსტის პუბლიკაციის პრინცი­პებზე ჩემი თვალსაზრისისა. ამ გარემოებამ განაპირობა, რომ ვეფხის­ტყაოსნის 1248 სტროფ­ზე ამ კომენტარის თაობაზე ჩემმა სტუდენტმა, სოფიო დვალიშვილმა, იმის შესაძლებ­ლო­ბაზე მიმითითა, რომ ამ სტროფისეული ქაჯების დახასიათება წინა სტროფში ნახსენებ ქაჯეთში მცხოვრებ „გრძების მცოდნელ კაცთა“ ხელოვნების რუსთველისეული ახსნა-განმარტება შეიძლება იყოს.

დიახ! განსახილველ ეპიზოდში, იმით გაკვირვებულ ავთანდილს, რომ ნესტან-დარეჯანი ქაჯებს უფლისწულის საცოლედ ჰყავთ შეპყრობილი („მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს ქალსა?!“), ფატმანმა უმალ უპასუხა: „არ ქაჯნია, კაცნიაო, მიჰნდობიან კლდესა სალსა“ (1246); და იქვე აუხსნა:

 

  „ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი

  კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი.“ (1247)

 

მომდევნო 1248-ე სტროფი, რა თქმა უნდა, განმარ­ტებაა აქ ნახსენები – „კაცნი, გრძებისა მცოდნელნი“-ს, ახსნაა იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ამ კაცთა „გრძნების ცოდნა“. მაგრამ საკითხავი ისაა, თუ ვის ეკუთვნის ეს ახსნა-განმარტება – რუსთველს, თუ ...

მე ვფიქრობ, არაა გამორიცხული, რომ ეს საკამათო სტროფი ინტერპოლატორის დანართი იყოს. ამის დაშვები­სათვის იმპულსს შემდეგი გარემოებანი მაძლევს:

იმის დაზუსტებას, თუ როგორ ვლინდება ქაჯეთის კაცთა „გრძნების მცოდნელობა“, რუსთველი ფატმანის პირით იქვე, 1247-ე სტროფშივე აზუსტებს:

 

„... ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი;

მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებული“. (1247)

 

ამის ბუნებრივი დასრულებაა, ჩემი აზრით, მომდევნო რუსთველური სტროფი (1249):

 

„ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,

თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“.

 

ამ ორ სტროფთა შორისაა ჩართული ის საკამათო სტროფი; რომელიც „გრძნების მცოდნე“ კაცთა შესაძლებ­ლობებზე, ჩემი აზრით, გადაჭარბებულ თვალსაზრისს ავითარებს:

 

„იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,

ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,

ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,

სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათლობენ.“ (1248)

 

ზემოთ ციტირებული დასკვნითი აზრი ქაჯთა რაობა-ვინაობაზე („თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი“ – 1249), რომელიც ბუნებრივი და შესაფერისი დასასრულია ქაჯთა ფატმანისეული დახასიათებისა („ყოველთა კაცთა...“ – 1247), არაბუნებრივი და შეუფერებელი დასკვნაა 1248-ე სტროფისა („წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს – დღესა ბნელად იქმან..“).

ვეფხისტყაოსნის ქაჯეთი არ არის უხორცო, ან ბოროტ სულიერი არსებებით დასახელებული ქვეყანა. ფატმანი გარკვევით ამბობს „თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორცი­ელთანი“. მათი განმასხავვებელი ჩვეულებრივ ადამიანთაგან ჩვეულებრივზე აღმატებული მეომრობაა („ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი“), მათი დაუმარცხებლობაა („მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმილნი, დაწბილე­ბულნი“). ასე რომ, რუსთველი ვეფხისტყაოსნის ქაჯეთს არ მიიჩნევს ქაჯების ქვეყნად. პოეტისეული აღწერით, ესაა საბრძოლო ხელოვნებით აღმატებული, სალ კლდეებში გამაგრებული კაცთა კრებული, რომელთაც სწორედ ამის გამო ქაჯნი შეარქვეს სხვებმა – მათ ირგვლივ მცხოვრებ­ლებმა: „ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი“.

ნათქვამი იმგვარად არ უნდა გავიგოთ, რომ ვეფხის­ტყაოსნის ქაჯეთი რეალურად, ისტორიული გეოგრა­ფიის დონეზე არსებული ქვეყნის საფუძველზე მოიაზრა რუსთველმა (როგორც არც თუ იშვიათად იყო თქმული წინა საუკუნის რუსთველოლოგიურ სტატიებში), მსგავსად პოემი­სე­ული ინდოეთის, არაბეთის, ხვარაზმეთისა. ამის ვარაუდისთვის პოემაში არავითარი მინიშნება არ არის. პირიქით კი ჩანს – ფატმანი ამბობს, ამა და ამ თვისებათა გამო უწოდებენ გარეშემო მკვიდრნი ქაჯეთს ამ სახელსო (1249). ვეფხის­ტყაოსნის ქაჯეთი რუსთველი­სეული მხატვრუ­ლი ფანტაზიით მოაზრებული ციხე-ქალაქია, რომელთა მკვიდრთ – ადამიანებს – ქაჯები შეარქვეს მათი მიუწვდომ­ლობის, განსაკუთრებული მეომრობის და დაუმარცხებ­ლობის გამო. ტოპონიმ ქაჯეთის ამგვარი მეტაფორული და პირობითი გააზრებით შერქმევის ტრადიცია ქართულ სინამდვილეში არსებობდა. ეს დასტურ­დება როგორც საქართველოს თანამედროვე გეოგრაფიის, ასევე ისტორი­ული წყაროებით დადასტუ­რებული ტოპონი­მებით. ესაა რუსთველის მხატვრუ­ლი ფანტაზიის საფუძველი.

რუსთველი ერთმანეთისაგან განასხვავებს ქაჯებს და პოემისეული ქაჯეთის მცხოვრებთ. პოემაში ნათლადაა გამოკვეთილი აზრი, რომ ქაჯები უხორცო არსებანი არიან. ამიტომ არის ავთანდილი გაკვირვებული – „მაგრა ქაჯნი უხორცოი რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!“ ფატმანის პასუხი ქაჯთა უხორცო არსებებად წარმოდგენას კი არ უარყოფს, არამედ პირიქით: ქაჯეთის მკვიდრთ, ქაჯთაგან განსხვავებით, კაცებს, ჩვეულებრივ ამქვეყნიურ (ხორციელ) ქმნილებებს („ჩვენებრვე ხორციელანი“) უწოდებს: „არ ქაჯნია, კაცნიაო“.

ქაჯეთის მკვიდრნი ფატმანის დახასიათებით, არიან ჩვეულებრივი კაცები, მხოლოდ უმამაცესი მეომრები და „გრძნე­ბისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებული“, რაც დამატებით კომენტარს საჭიროებს.

„კაცნი, გრძნებისა მცოდნენი“ ქაჯეთის უძლეველობის ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. ამიტომაა, რომ ყოველნი გრძნების მცოდნენი წაუყვანია დულარდუხტ მეფეს შორეულ მოგზაურობაში.

„ყოვლი მცოდნენი გრძნებისა მას თანა წაუტანია,

მით რომე გზა საჭიროა, მტერნი საომრად მზანია.“ (1241)

ქაჯეთის ქალაქის მცველად მეფეს ყველაზე უფრო მამაცი მოყმეები დაუტოვებია: „ქვე დაუყრია მოყმენი, ვინც უფრო გულოვანია“ (1241).

ამ მონაცემთა გათვალისწინებით კი უფრო სრულ­ყოფილი ცოდნა გვაქვს პოემის ქაჯეთზე: ქაჯეთის მკვიდრნი ჩეულებრივი ადამიანები არიან, ძალზე მამაცი და ძნელად საბრძოლველნი, რომელნიც მიუწვდომელ კლდოვნ ადგი­ლას ცხოვრობენ. ამიტომ სხვა ქვეყნების მკვიდრთა შეარქვეს მათ სამყოფელს ქაჯეთი. ქაჯეთის მკვიდრთა შორის არიან „გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვ­ნებულნი“.

დულარდუხტ მეფის მხლებელი „გრძნების მცოდნე­ლიც“ არ არიან უხორცო ქაჯები, ისინიც „კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი“ არიან, და­ხელოვნებულნი ისეთ ხელოვნებაში, რომელიც სხვათათვის უცნობია. ამიტომ არიან ისინი საიმედო და საჭირო თანამგზავრნი შორეულ მოგზაურობაში.

რა არის ეს საიდუმლო ხელოვნება, რომელიც „გრძნე­ბის მცოდნელებმა“იციან, პოემაში არ ჩანს. მაგრამ, რადგანაც პოემაში ამაზე არავითარი მინიშნება არაა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ხელოვნება თუ ხელოვნებანი რაღაც სასწაულებრივია. უფრო მეტიც, პოემაში ჩანს ერთი „გრძნების მცოდნის“ მოქმედებანი. ეს არის ნესტანის მამიდა დავარი. „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი“ (332). ამიტომ მოიხსენიებს მას ქაჯად ასმათი, დავარის მიერ ნესტანის უმოწყალოდ დასჯის ამბის მბობისას: „ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა...“; და იქვე აგრძელებს: „ვინ გრძებითა ცაცა იცის“ (578). დავარის გრძნება, პოემის მიხედვით, არის სიბრძნე, განსწავლულობა. სწორედ ამიტომაც მისცა მეფემ მას აღსაზრდელად ნესტან-დარეჯანი: „მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი“ (332). ისიც შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ დავარის გრძნება ვარსკვლავთმეტყველების სიბრძნეა ე.წ. ასტროლოგიური სიბრძნეა („გრძნებითა ცაცა იცის“); თუ ეს სიტყვები უფრო ზოგადი ხატოვანი გამოთქმა არაა, საზოგადოდ ყველაფრის ცოდნაზე მიმათითებელი. უფრო მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ პოემისეული ნარატივის თანახმად, დავარის სიბრძნე არ არის რაიმე საიდუმლო, ჯადოსნური, მაგიური სიბრძნე (ამ შემთხვევაში მას არ გამოეპარებოდა ნესტანისა და ტარიელის შეთქმულების ამბავი და  მეფე ფარსადანის ფიცსაც სხვაგვარად აუვლიდა გვერდს). მისი აღზრდილი ნესტანი უაღრესად გონიერი, უაღრესად შემართული და მიზნისკენ მიმართული ქალია; თუმცა მაგიურ ხერხებს ვერ იყენებს შექმნილ სიტუაციათაგან თავის დასაღწევად. თვითონ დავარი – უმკაცრესი, დაუნ­დობელი პიროვნებაა. ეს მონაცემები კი შეესაბამება ქაჯეთის მკვიდრთა ფატმანისეულ დახასიათებას.

პოემაში გრძნების მცოდნე ორი სხვა პერსონაჟიც ჩანს. მაგრამ ისინი უკვე „გრძნებით სავსენი“ არიან. ისინი ფატმანის მსახურებია. მათი მეშვეობით გაიგო ფატმანმა ნესტანის ადგილ-სამყოფელი ქაჯეთში: „მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა... მოვახსენ, ქაჯეთს გავგზავნენ...“ (1238). ამ „გრძნებით სავსე“ მონებს პოე­­ტი უკვე გრძნეულებს უწოდებს. ავთანდილმა ქაჯეთის ციხეში ჩაკეტილ ნესტანთან კომუნიკაციისათვის იგივე „გრძნებით სავსე“ მონა გააგზავნინა და მას „გრძნეული“ უწოდა: „მომ­გვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული“ (1267). რუსთველი „გრძნეულებს“ უწოდებს კიდევ იმ ორ მონას, რომლებსაც დავარის მიერ დაევალათ ნესტანის გადაკარგვა „მუნ, სადა ზღვისა ჭიპია“ (584). სწორედ მათ მოიხსენიებს ნესტანი „გრძნეულებად“. ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილში იგი ფატმანს სწერდა: „შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა“ (1286) და ტარიელსაც აცნობებდა: „ფატმან წამგვარა გრძნეულთა“ (1298).

უმთავრესი, რაც პოემისეულ „გრძნების მცოდნეთა“ და „გრძნეულთა“ ქმედებებიდან ჩანს ის არის, რომ ისინი არ არიან „უხორცო ქაჯები“, მოჩვენებათა მსგავსი ჯადოქრები და სხვა. ისინი მიწიერი ადამიანები არიან: ზოგნი სამეფო წარმოშობის (დავარი), ზოგნი ძალზე შეუხედავნი („წამოდგეს ორნი მონანიო, პირითა მით ქაჯებითა“ (583)), ზოგნიც (უპირატესად გრძნეულნი) – შავკანიანი ზანგები („მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი“ – 1268; „ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი“ – 1129). პოემაში უპირატესად მათი გრძნეულების რაობაზე, ან ხერხებზეცაა მინიშნებული. ისინი გრძნების მცოდნენი არიან (578; 1241), გრძნებით „გახელოვნებულნი“ (1247). ეს გრძნება ზოგჯერ სიბრძნეში, მეცნიერებაში განსწავლულობაა; კერძოდ, დავარის შემთხვევაში – ვარსკვლავთმეტყველებაში განსწავლულობა („ვინ გრძნებითა ცაცა იცის“ – 578). უფრო ხშირად კი – რაღაც საიდუმლო ცოდნა, უცნობი ხერხები („უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა“ – 1238). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტიპურია შუასაუკუნეებისთვის, ამ საიდუმლო ხელოვნებას, უცნობ ხერხებს შუასაუკუნეების ელფერი აქვს. ამიტომაა იგი უცნობი, საიდუმლო. მიუხე­და­ვად ამისა, თითქოს მაინც იგრძნობა ახალი, მომავალი ეპოქის მაჯისცემა – მითითება, მინიშნება იარაღზე თუ წამალ­ზე, რომლის ძალითაც ხდება სასწაულებრივი ქმედება: „მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისვა ზედა ტანსა“ – 1276 (უმრავლეს ხელნაწერთა ვარიანტით: „წამოისხა ზედა ტანსა“). უმთავრესი ის არის, რომ ამ საიდუმლო ხერხებით მოქმედნი არ არიან უხორცო ქმნილებანი, რომლებიც არაბუ­ნებრივი, არაადამიანური ძალით, სპირიტუალური საკვირვე­ლით („სწადდეს – დღესა ბნელად იქმან, სწადდეს – ბნელსა ანათლობენ“ – 1248) მოქმედებენ. ისინი ადამიანები, კაცნი არიან („ორთა კაცთა, ტანთა შავთა...“ – 1129; „წამოდ­გეს ორნი მონანი...“ – 583), რომლებიც უცნობი ხერხით, მოხერ­ხებით მოქმედებენ („უჩინოდ მივლენ, წამოვლენ მათითა ხელოვნებითა“ – 1238).

და ბოლოს, ვეფხისტყაოსნის გრძნეულნი, რომ არ ფლობენ რაღაც სასწაულებრივ, არაადამიანურ და არაამ­ქვეყნიურ ძალას („...მტერა თვალთა დაუბრმობენ, ქართა აღსძრვენ საშინელთა...“ – 1248), ეს თვალნათლივ ჩანს მათ პოემისეულ ქმედებებში. ფრიდონის სამეფოში ნესტანის მცველი გრძნეული მონები ფრიდონის ცხენის აჩქარებულმა ხმამ ისე დააფრთხო, რომ წამიერად გაეცალნენ ნაპირს, სასწრაფოდ ზღვას შეაფარეს თავი. ფატმანის ბაღში ფარულად შემოსული იგივე გრძნეულები, ნესტანის გაყიდვაზე რომ ვერ დაითანხმეს, ფატმანის ოთხმა მსახურმა მონამ ისე ადვილად დახოცეს, რომ მათ ხელის განძრევაც ვერ მოახერხეს.

ასე რომ, ვეფხისტყაოსნის  არც ქაჯეთის მკვიდრნი, არც მათ შრის „გრძნების მცოდნენი“, არც „სრულად მცოდნენი გრძნებისა“, ანუ გრძნეულები არ არიან უხორცო ქაჯები, ეშმაკეული ქმნილებანი, არაამქვეყნიური სასწაულის ჩამდენნი („ქართა აღსძვრენ საშინელთა..., წყალსა წმიდად დააშრობენ,... დღესა ბნელად იქმან,... ბნელსა ანათლობენ“). ეს გარემოება ვეფხისტყაოსნის მსოფლმხედველობითი პოზიციითაც დასტურდება: პოემის სიუჟეტის ფილოსოფიური ქვეტექსტი ისაა, რომ ღმერთს არ შეუქმნია არაამქვეყნიური ფარული არსი, ეშმა, უხორცნო ქაჯნი. ამიტომ ვვარაუდობ მე, რომ პოემის 1248-ე სტროფი, რომელიც ქაჯეთის სამეფოს მკვიდრთ არაადამიანური, მოჩვენებითი სპირიტუალური არსებების ქმედებების მოქმედებად მიიჩნევს, რუსთველი­სე­უ­ლი არ უნდა იყოს. სავარაუდოა, რომ იგი ინტერპოლატორის დანართი იყოს, რომელმაც შეავსო ფატმანისეული ქაჯეთის მკვიდრთა დახასიათება. საკუთარი აზრით განმარტა ის გრძნება, რომლის მფლობელადაც თვლიდა ქაჯეთის მკვიდრთ ფატმანი. განმარტა მან (ინტერპოლატორმა) ქაჯე­თის მკვიდრთა გრძნება ქაჯების თაობაზე ხალხში გავრცე­ლებული ზოგადი წარმოდგენის საფუძველზე.

ასე რომ, ვეფხისტყაოსანში დასტურდება არსებობა ქაჯის რაობის თაობაზე ზოგადი წარმოდგენისა ანუ ხალხში გავრცელებული თვალსაზრისისა – ქაჯების, როგორც ბოროტი სულების, არსებობის თაობაზე. („მიკვირს, ქაჯნი უხორცონი“...; „არ ქაჯნია, კაცნიაო...“). მაგრამ პოემაში არ დასტურდება ქაჯების (ზღაპრულ-ფანტასტიკური არსებების), როგორც პერსონაჟების, ან საზოგადოდ სულიერი ქმნილე­ბების რაიმე სახით არსებობა.

ნათქვამს ისიც უნდა დაემატოს, რომ პოემის სიტყვათხმარებაში „ქაჯი“ სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება: ქაჯი – უხორცო ქმნილებაა, რომელთა თაობაზე ხალხში გავრცელებულია წარმოდგენა, როგორც ბოროტ და საკვირველებათა მოქმედ სულიერ ქმნილებებზე („ქაჯი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?“ – 1245; და სხვა). ქაჯთა რაობაზე ამგვარი წარმოდგენა, ან ამ წარმოდ­გენათაგან ზოგიერთი თვისება გამოიყენება პოემისეულ სიტყვათხმარებაში გარკვეულ თვისებათა თუ ნიშანთა დასახა­სიათებლად, ზოგჯერ შედარების, ზოგჯერ მეტაფორის სახით. მაგალითად: „ვითა ქაჯი დაგვემალე...“ (290); „პირითა მით ქაჯებითა“ (583).

პოემაში ქაჯი ეწოდება აგრეთვე ვეფხისტყაოს­ნი­სეული ქაჯეთის ციხე-ქალაქის ყველა მკვიდრს (რამდენადაც, როგორც ზემოთ განვმარტეთ, მათი მიუწვდომლობისა და დაუმარცხებლობის გამო შეარქვეს ამ ქალაქს ქაჯეთი): „ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია“ (1242); „მოსრულანა ქაჯნი შინა?“ (1273). ზოგჯერ ქაჯი ეწოდება ამ ქალაქსა თუ ქვეყანაში გარკვეული ხნით მცხოვრებსაც, კერძოდ დავარს, რომელიც ქაჯეთში იყო გათხოვილი: „მან უამბო დავარ ქაჯსა“ (578).

დავუბრუნდეთ ისევ 1248-ე სტროფს. როგორც ზემოთ განვიხილეთ ამ სტროფში დაფიქსირებული წარმოდგენა ქაჯთა რაობაზე არ შეეფერება ფატმანისეულ ქაჯთა ქალაქის მკვიდრთა დახასიათებას. ფატმანი იწყებს და ასრულებს საუბარს ამ ქალაქში მცხოვრებ ხორციელ ადამიანებზე, კაცებზე: „კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი...“ (1247) – „თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორცულანი“ (1249). მათ შორისაა ჩართული 1248-ე სტროფი, რომელშიც ჩამოთვლილი საკვირველი ქმედებანი არ თავსდება ხორციელ კაცთა და მათ შორის არც „გრძნების მცოდნელთა“ შესაძლებლობებში და „უხორცო ქაჯთა“ ქმედებების ხალხში გავრცელებულ წარმოდგენებზე მითითებაა. ამიტომ მიმაჩნია მე, რომ ეს სტროფი, სავარაუდოდ, ინტერპოლატორის დანართი უნდა იყოს, რომელმაც საკუთარი თვალთახედვის მიხედვით განმარტა ის „გრძნებანი“, რომელთა ცოდნა ქაჯეთის მკვიდრთ ექნებოდათ. ამგვარი შევსება, თუ გავრცობა პოემი­სე­ული ამბის, ცალკეული ეპიზოდის, თუ ზოგიერთი საგნის დახასიათებისა საზოგადოდაა დამახასიათებელი შუასაუკუ­ნე­ე­ბის, და კერძოდ ვეფხისტყაოსანის ინტერპოლა­ტორ­თა­თვის. და ეს საქმიანობა იმდროინდელი თვალსაზ­რისით საჭირო საქმედ, ამბის გასრულებად, შევსებად ითვლებოდა და არა ყალბისმქმნელობად.

ჩემეული მსჯელობა ამ სტროფის თაობაზე, მიუხე­დავად იმისა, რომ იგი სარწმუნოდ მიმაჩნია, მაინც ვარაუდია. სარწმუნოდ მიმაჩნია იგი იმიტომ, რომ ეფუძნება ქაჯებსა, გრძნეულებსა და გრძნების მცოდნეთა შესახებ პოემაში გატარებული მწყობრი თვალსაზრისის ინტერპრე­ტაციას. მიუხედავად ამისა, თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ ეს სტროფი შეიძლება მაინც რუსთველს ეკუთვნოდეს. საქმე ისაა, რომ ძველი ეპოქის მოღვაწეები თავიანთ აზრებს საკმაოდ თავისუფლად გამოთქვამდნენ და ყოველთვის არ იზღუდებოდნენ იმაზე ფიქრით, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს გამონათქვამი სხვა ადგილას მათ მიერ ფიქსირებულ თვალ­საზრისს. ეს თავისებურება ანტიკური და შუასაუკუნეების ეპოქათა მკვლევართ შენიშნუ­ლი აქვთ ძველ, ცნობილ ფილოსოფოსთა ნაწერებში. იგი მით უმეტეს შესაძლებელია ახასიათებდეს პოეტ-მოაზროვ­ნეთა შემოქმედებასაც. თუმცა რუსთველის პოეზიაში ამ ტიპის შეუსაბამობანი არ შემინიშნავს.

და ბოლოს, თვალსაზრისი ამ 1248-ე სტროფის არა­რუს­თველურობაზე არ უნდა აისახოს პოემის ტექსტის პუბლიკაციაში. მე ვფიქრობ, რომ კონიექტურა, ანუ ტექსტის გასწორება მეცნიერული ინტერპრეტაციის საფუძველზე (გარდა აშკარა და არაპრინციპული გამონაკლისებისა), თუ მას ხელნაწერები, ან სანდო ხელნაწერით დაცული პირველ­წყარო არ უჭერს მხარს, ნაწარმოების პუბლიკაციაში არ უნდა იქნას შეტანილი. გამოთქმული თვალსაზრისი უნდა დარჩეს მხოლოდ მეცნიერულ კომენტარად. ტექსტში კონიექტურის შეტანით ჩვენ ნაწარმოების ახალ ვარიანტს ვქმნით, რაც ფილოლოგიური მეცნიერების თანამედროვე დონეზე გაუმარ­თლებელია.