ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ჰაინც ფენრიხი
სტატიაში მიმოხილულია გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა. ჰაინც ფენრიხს ქართველოლოგიის, ძირითადად ქართული ენათმეცნიერების, მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 50 წიგნი და 200–მდე სამეცნიერო ნაშრომი. მის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილია ქართული ლიტერატურისა და ზეპირსიტყვიერების მრავალი ნიმუში. ქართველოლოგიის დარგში მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ჯილდოები და საპატიო წოდებები. იგი იყო დამაარსებელი და უცვლელი რედაქტორი 2006 წლამდე გერმანულენოვანი ჟურნალისა „გეორგიკა“. სტატიას თან ერთვის ჰაინც ფენრიხის მიერ გამოქვეყნებული წიგნებისა და თარგმანების ნუსხა. საკვანძო სიტყვები:ჰაინც ფენრიხი, ქართველოლოგია კატეგორია: ქართველოლოგები ავტორები: ცირა ვარდოსანიძე
კვალი ნათელი – ქეთრინ ვივიანი (1917–2010)
მეოცე საუკუნის ცნობილი ბრიტანელი ქართველოლოგის ქეთრინ ვივიანის სახელი დღეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. სამოცდაათიანი წლებიდან მოკიდებული იგი ქართველებისათვის მეტად ახლობელი და პატივსაცემი ქალბატონი გახლდათ. ქეთრინ ვივიანმა ღირსეულად გააგრძელა თავისი წინამორბედის - მარჯორი უორდროპის საქმე, იტვირთა რა ქართული ლიტერატურის ძეგლების ინგლისურად თარგმნა და მათი მეცნიერულად შესწავლა. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის ინტეგრირების პროცესს. ქეთრინ ვივიანი დაიბადა 1917 წლის ოქტომბერში. 1939 წელს იქორწინა ენტონი ეშტონზე, რომელიც შემდეგ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე გახდა. ქეთრინს დამთავრებული ჰქონდა სორბონის უნივერსიტეტი ფრანგული ცივილიზაციის განხრით. თავდაპირველად იგი ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში ბელგიის საელჩოში მუშაობდა. ომის შემდეგ გააგრძელა ფრანგული და ინგლისური ლიტერატურისა და ფილოსოფიის შესწავლა, თარგმნიდა ფრანგულიდან, წერდა ლექსებსა და პიესებს. მოგვიანებით ქართული ენის სემინარები გაიარა დევიდ მარშალ ლანგის ხელმძღვანელობით ლონდონის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკისა და აფრიკათმცოდნეობის ინსტიტუტში და სამოციანი წლების შუახანებიდან სიცოცხლის ბოლომდე დიდი რუდუნებითა და სიყვარულით ემსახურებოდა ქართველოლოგიის სფეროს.
საკვანძო სიტყვები:ქეთრინ ვივიანი, „ვეფხისტყაოსანი“, „სიბრძნე სიცრუისა“, „ქართული ქრონიკა“. კატეგორია: ქართველოლოგები ავტორები: მარიკა ოძელი
ქართული პოეზიის ანთოლოგია ფრანგულ ენაზე
ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგის, ვეფხისტყაოსნის მთარგმნელის, ჟურნალ „ქართველოლოგის“ რედაქციის ძველი მეგობრის, აწ განსვენებული ქეთრინ ვივიანის წინამდებარე სტატია, გამოქვეყნებული ჟურნალში Revue des Etudes Georgiennes et Caucasiennes (#1), 1982 წელს, რომლის ქართული თარგმანი (მთარგმნელი რუსუდან წულაძე), რედაქტირებული აკაკი ხინთიბიძის მიერ, მთარგმნელისა და რედაქტორის ავტოგრაფის სახით ვიპოვე აწ განსვენებული მეცნიერის (აკაკი ხინთიბიძის) არქივში გადასაცემად გამზადებულ საქაღალდეებში. თარგმანი, როგორც ჩანს, არ გამოქვეყნებულა. აკაკი ხინთიბიძეს, როგორც ქართული ლექსის ცნობილ მკვლევარს, სტატია, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებდა ქეთრინ ვივიანის შენიშვნების გამო ქართული ლექსის მიმართებებზე ფრანგული და ინგლისური ლექსთწყობის სისტემებთან და თავისებურებებთან. გარდა ამ მართლაც ფასეული რემარკებისა, წინამდებარე სტატია ძალზე მნიშვნელოვანია ქეთრინ ვივიანისეული მითითებით ქართული პოეზიისათვის ნიშანდობლივ ფარულ სიღრმეებსა თუ ნიუანსებზე. ამასთან ერთად ერთმანეთისგან გამიჯვნით აკაკის, ვაჟას, გალაქტიონის, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური სიტყვის სიღრმისეულ თავისთავადობაზე. ვფიქრობ, მაღალი პოეტური კულტურის ინგლისელი ინტელიგენტის, მთარგმნელისა და ქართველოლოგის ამ ლიტერატურათმცოდნეობით მიგნებებზე ყურადღების მიქცევა ქართული პოეზიის, როგორც ქართველ ასევე ინგლისურენოვან მკვლევართათვის საჭიროა. რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ქართული ლექსი, აკაკი ხინთიბიძე, სერგი წულაძე, რუსთაველის შეცნობა. კატეგორია: ქართველოლოგები ავტორები: ქეთრინ ვივიანი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|