ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ნინო მეგენეიშვილი

 

ქართულ ხელნაწერებში დაცული ცნობები ფერარა-ფლორენციის კრებაზე

 

ბ. ორბელიშვილის „გრდემლი“ ვრცელი ანტიკათო­ლი­კური პოლემიკური თხზულება, ტრაქტატია. ის XVIII ს-ის პოლიტიკური და სოციალური შინაარსის ლიტერატურული პროდუქტია.ლიტერატურული, კულტურული, სამეცნიერო მიმართულების შემოქმედებითი პროცესები, გარკვეულ­წი­ლად, დამოკიდებულია ეპოქალურ პროცესებთან, პოლი­ტი­კურ, სოციალურ, ეკონომიკურ შინაარსთან და კონტექსთან, რაც ხშირად სხვადასხვა თემატური მიმარ­თუ­ლების ჩამოყა­ლი­ბების მოკარნახეა. ასე შეიქმნა ლიტერა­ტურული ჟანრები სხვადასხვა დროსა და ვითარე­ბაში. ანტიკათოლიკური თხზულებების მომრავლებასაც XVIII ს-ის ქართულ მწერლო­ბაში თავისი იდეოლოგიური და პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა.

XV ს-ში, 1453 წ-ს, ბიზანტიის იმპერია დასრულდა, შესაბამისად, დასრულდა მისი კულტურული და იდეოლო­გიური გავლენა დანარჩენ მარლთმადიდებელ სამყაროზე. ბიზანტიური გავლენების დემონტაჟი შესამჩნევი იყო ბევრად ადრე, როცა დაიწყო იმპერიული ძლიერების რყევა. კოსტანტინეპოლის დაცემა იყო სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდესი ტრაგედია, პოლიტიკური გაუგებრო­ბების თუ გარჩევის  შედეგი. პოლიტიკური მარცხი ერთი დღის ტრაგიკული დასასრული არაა, მას აქვს წინაპირობები, განვითარების ეტაპი და მიზეზი. კოსტანტინეპოლის დაცემა მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ მაშინდელი თურქეთის იმპერიის მასშტაბების სწრაფ გაფართოებას. 1430 წელს, ფლორენცია-ფერარას კრებამდე ცოტა ხნით ადრე, თურქებმა დაიპყრეს და შესაბამისად, ბიზანტიის იმპერიამ დაკარგა მნიშვნელოვანი ქალაქი – თესალონიკი. თურქეთს უკვე დაპყრობილი აქვს ბიზანტიის მოსაზღვრე ქვეყნები-სერბეთი და ბულგარეთი (XIVს.-ის ბოლო – XV ს.-ის დასაწ­ყისი), 1396 წელს ძლიეს ჯვაროსნებს ნიკოპოლისთან. ამ დროს ხდება ერთი საყურადღებო ფაქტი, თემურ-ლენგის ჯარი ანკარასთან ამარცხებს ოსმანთა არმიას. ეს მოვლენა სიცოცხლეს უხანგრძლივებს კოსტანტინოპოლს და შესაბა­მი­სად, ბიზანტიის იმპერიას ათეული წლებით და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს კონსოლიდაციის უკანას­კნელ შანსს, საშუალებას აძლევს. ერთი რამ ცხადი იყო, კოსტანტინო­პო­ლის მოსალოდნელი ტრაგედიის, საფრთხის ხსნა თურქული აგრესიისგან ბიზანტიის იმპერიის ძალებს აღემატებოდა და კოალიციური ერთობის გარეშე შეუძლე­ბელი იყო. თუმცა საკითხავია, რამდენად შესაძლებელი და სასურველი აღმოჩნდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანული სამყაროსთვის პოლიტიკური თუ უნიტარული ერთობა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ფლორენციის კრებას წინ უძღვოდა ბაზელისა და კოსტანტინეპოლის კრებები, ანუ შიდა საეკლესიო მსეჯლობა, პოლემიკა არსებულ პრობლემებზე.

როგორც ცნობილია, ეს კრება ჩატარდა ეტაპობრივად – 1438-39 წლებში ფერარაში, 1439-1442 წლებში ფლორენ­ციაში და დასრულდა რომში 1442-1445 წლებში. როგორც არაერთი მკვლევარი (ი. უშიკიშვილი, ე. მამისთვალაშვილი, ა.პოგოდინი და სხვა) [10: 18; 4: 251; 7: 20] აღნიშნავს: „ფლო­რენ­ციის კრების შესახებ წყაროები არც ისე ბევრია. ფერარა-ფლორენციის კრების ქმედებები, რომელიც ლათინურ და ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა – დაკარგულია“ [7: 20]. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე კრებას ესწრებოდნენ როგორც ყოვლად უსამღვდელოესნი, ისე მაღალი საერო იერარქიის პირნიც. დაკარგული თუ დამალული წყაროები სხვადასხვაგვარი  მსჯელობისა და ვარაუდის საფუძველს იძლევა. ფაქტია, საეკლესიო კრებაზე მსჯელობის ძირითადი თემა – თეოლოგიურ-დოგმატური საკითხები – არსებული პოლიტიკური მოცემულობის სარჩული იყო.

ქართულ ხელნაწერ ფონდში დაცულია ხელნაწერები, რომლებშიც აღწერილია და ასახული ფლორენცია-ფერა­რას კრება. ძირითადად ეს ხელნაწერები ანტიკათო­ლიკური პოლემიკური შინაარსისაა და ყველა მათგანი XVIII ს-ით თარიღდება, მანამდე ქართულ მწერლობაში ანტიპაპისტური შინაარსის ერთი ნათარგმნი თხზულების – ევსტრატი ნიკიე­ლის „მოსაÃსენებელი შემოკლებული, თუ ოდეს ჰრომნი და ეკლესიაÁ მათი, და რაÁსთÂს საღმრთოთა აღმოსავლისა ეკლესიათაგან განიჭრნეს“ – არ ჩანს. თხზულება დაცულია არსენ ვაჩეს-ძე-ს დოგმატიკონში, რომელიც XII-XIII სს.-ს განეკუთვნება. კ.კეკელიძე კი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული თხზულება მოგვიანებით უნდა დაემატებინათ ხელნაწე­რის­თვის. რატომ თვლის კ.კეკელიძე, რომ ევსტათი ნიკიელი თხზულება დოგმატიკურ-პოლემიკურ თხზულებას შემდეგ უნდა დართვოდა, გაურკვეველია, რადგან აქ მინიშნებაც კი არ არის აღნიშნულ კრებაზე. ფაქტია, გვიანი შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში ანტიპაპისტური განწყობა განსაკუთ­რებით თვალშისაცემია.

ფლორენციის შეუმგარი თანხმობა და კოსტანტინე­პო­ლის ტრაგედია აისახა ყველა მართლმადიდებელი სახელმწი­ფოს მომავალზე პოზიტიური და ნეგატიური შედეგებით. საქართველოსთვის ეს შედეგი იყო ტრაგიკული, მოგეხსენებათ, XV ს-ში, 1490 წელს, ფერარას კრების შემდგომ საქართველოს სახელმწიფოს რღვევა ოფიციალუ­რად გაფორმდა და ის ოთხ სახელმწიფო ერთეულად – ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხე-ჯავახე­თის სამთავროდ – დაიშალა. საქართველო დარჩა პოლი­ტიკური და სტრატეგიული პარტნიორის გარეშე მუსლი­მანურ სახელმწიფოთა ალყაში. გადარჩენის გზა გადიოდა ან ჩრდილოეთისკენ, ან დასავლეთისკენ. ამან მოამძლავრა და მოამრავლა ჩვენში დასავლეთის მისიონე­რული შემოდინება.

პრობლემის არსი არა მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ კრიზისშია, არამედ კონკრეტული პრობლემის მასშტაბებში. როცა აღარ არსებობს საქართველოს პირველი პოლიტიკური და იდეოლოგიური მოკავშირე – ბიზანტია, როცა ეკონომიკურ-სოციალურ სივრცეში მსოფლიო უახლოვდება ახალ ფორმაციას – კაპიტალიზმს, ასევე ევრო­პა ხდება პოლიტიკური მოკარნახე მსოფლიო წესრიგის, სახელმწიფოთა გეოსტრატეგიული დატვირთვა, მნიშვნე­ლო­ბა სხვაგვარი ყურადღების არეალში ექცევა, სხვადასხვა­გვარი დისკუსიის, განსჯის, მიღწეული შედეგებისა და მიზნების გადასინჯვის მიზეზი ხდება. იწყება გავლენების გაფართოება, პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგან­­მანათლებლო ურთიერთობების ახალ სტანდარტზე აყვანა, ახალი მეთოდების, სტრატეგიის, აქტივობების ჩამოყალიბება.

დასავლეთის დაინტერესება საქართველოთი და ამიერკავკასიით გაცილებით ადრე, XIII ს-დან ცხოველდება და მისი მასშტაბები ფართოვდება შემდგომ საუკუნეებში. XVII საუკუნე კათოლიციზმის ზეობის ხანა იყო საქართველოში, მომრავლდა კათოლიკე მრევლი და ვიზიტორი, რასაც ხაზგასმით აღნიშნავს მიხეილ თამარაშვილიც. [3: 297]. არსებული პოლიტიკური კრიზისი მისი პროგრესირების ნაყოფიერ საფუძველს ქმნიდა, ამას ემატებოდა ევროპული კაპიტალის შემოდნება მისიონერული მოღვაწეობის გასაძლიერებლად. საქართველო მათ მოსვლაში ურჯუ–ლო მტრების წინააღმდეგ მოკავშირე სტატეგიულ პარტნიორს ხედავდა, დასავლელი მისიონერების, მათი მომყოლ მოგზაურებისთვის კი ეს იყო მზარდი ეკონომიკური პროცესე­ბისთვის საჭირო ბაზრისკენ მიმავალი მოკლე, იაფი და შედარებით უსაფრთხო გზა. ევროპელი მისიონერები, მოგზაურები ან ადგილზე, საქართველოში, სწავლობდენენ ქართულს, ან უკვე ქართული ენის ცოდნით ჩამოდიოდნენ. ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია კი იყო ადგილობრივი მოსახლეობიდან შეერჩიათ და მოემზადებინათ კადრები, რომლებიც შემდგომში მათი საქმის გამგრძელებლები იქნებოდნენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში გაზრდიდა, აამაღლებდა ნდობას ახალი იდეოლოგიის, პოლიტიკური მიმართულების მიმართ [6: 135]. ოპონენტი მხარეების ერთ-ერთი მთავარი „იარაღი“, „ძალა“ არის მასების ინფორმი­რება, იდეოლოგიური მობილიზება ანუ მოსახლეობის სოლი­დური ნაწილის „თანადგომა, თანამზრახველობა“, ამისთვის უმოკლესი გზა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, გადიოდა ერთმორწუნე მრევლის მომრავლებაზე.

დაიწყო და მომრავლდა კათოლიკური შინაარსის ლიტერატურა ბეჭდური და ხელნაწერი წიგნების სახით. ქართულ ხელნაწერ ფონდებში ინახება პაპისტური შინაარსის-ლიტურგიკული, ბიბლიოლოგიური, თეოლოგი­ური და სხვა-უამრავი ლიტერატურა (მისსალი, ტიბიკონი, ლოცვანი, გალობანი, სახარება, საკითხავები ბიბლიიდან, ჰომილეტიკური კრებული, კატეხიზმო, კონდაკი, ქადაგებანი და სხვა). მისიონერთა მოღვაწეობამ ქართულ მწერლობაზე გავლენა ვერ მოახდინა, თუ არ ჩავთვლით სულხან-საბას „სამოთხის კარს“. სხვა ორიგინალური კათოლიკური შინა­არ­სის თხზულება ქართულად არ დაწერილა. სულხან-საბა ორბელიანს თავის „სიტყვის კონაში“ შეუტანია ერთი კათოლიკური დოგმატის განმარტება, „განსაწმედელი რომელ არს სალხინებელი, სადა არს მონანულთა, ცოდ­ვილ­თა სულთა სამყოფი“[8: 139]სულხან-საბას, როგორც იმ დროს მოღვაწე სხვა ელიტარული ფიგურებს, საინტერესო პოლიტიკური ბიოგრაფია ჰქონდათ. მათი გადაწყვეტი­ლებები დღესაც საკამათოა, ეს იყო ჭეშმარიტი რწმენა თუ სავალდებულო პოლიტიკური ხარკი. 

გარდა ამისა აღსანიშნავია ერთი დეტალიც, ხელნაწერი, მაშინ, როცა არ იყო მედია საშუალებები, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება იყო. საზოგადოება შედგება სხვადასხვა სოციალური ფენის, იერარქიული სტატუსისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებისგან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ქვეყანაში დროებით ჩამოსული სტუმრებისაგან. მწერლის საუბრის ადრესატი იყო არა მარტო მისი ლიტერატურული ოპონენტი, არამედ საზოგადოება, ამიტომაც თხზულების დაწერისას ავტორი ითვალისწინებდა ჭრელი საზოგადოების განსხვავებულ გემოვნებასა და პრეტენზიებს და ის ცდილობდა, თხზულებაში ყველა სიტყვა, ფრაზა, მოსაზრება, არგუმენტი ყოფილიყო რაფინირებული, კორექტული, აკადემიური. ამ კონტექსტში საინტერესოა ანტონ კათალი­კოსის მოსაზრება. ის „წყობილსიტყვაობაში“ წერდა: „არ მომწყინდება თქუენთან საუბარი, ჰოი ქართველნო, სიბრძნის შემყვარებელნო! ვალდებულება მაქვს ნიჭად თქვენს მიმართ – შრომად, საუბრად, წერად...“ [2: 287]

საომარ ვითარებას ახასიათებს ერთი სირთულე, მოსახ­ლეობას ზუსტად უნდა აუხსნა გარდაუვალი მსხვერ­პლისოჯახის წევრის, ძმის, ქმრის, შვილის, ნათესავის, მეგობრის, მეზობლის და ა.შ. – მოსალოდნელი გარდაცვა­ლების მიზეზი, მიზანი და ისტორიული მნიშვნელობა. თუმცა ქართველები, როგორც თ. კრუსინსკი წერდა „მუდამ იჩენენ პირმტკიცობას, მტერთა ზედა ერთობას... ერთსულოვნებას მაშინ იჩენენ, როცა საქმე ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ეხება“ [5: 13]. ამიტომაც უფრო რთული ასახსნელია საზოგადოებისთვის ის საფრთხე და აქედან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში შემოდის სრული ჰუმანურობით, ლიბერალური იდეოლოგიით, ყოველგვარი ძალმომრეობის გარეშე.სწორედ ეს გახდა ქართულ მწერლობაში ანტიკათოლიკური პოლემიკური თხზულებების მომრავლების მიზეზი.

უპირველესად უნდა აღინიშნოს თხზულება „ფლორენ­ციის კრება“. ეს თხზულება არ არის პოლემიკური შინაარსის, ის კრების დეტალურ აღწერას წარმოადგენს და სულთან მურადის, ბიზანტიის იმპერატორის იოანე პალეოლოღოსის და რომის პაპის ევგენი IV-ის პერიოდს ასახავს. არაფერია ნათქვამი მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, მხოლოდ აღნიშნუ­ლია, რომ „არა შეერთდენ ეკლესიისანი ამათ თანა, არამედ არა ენებათ ერთობა მათ თანა და შეიქმნა განყოფილება ურთიერთას“ [13: 10r] და ბერძნები იმედგაც­რუ­ებულნი დაბრუნდნენ კოსტანტინეპოლში. ხელნაწერის შინაარსიის მიუხედავად არსობრივად, თემატურად და იდეოლოგიურად ის ახლოსაა ანტიკათოლიკური განწყობის ლიტერატუ­რასთან. შემორჩენილია ხელნაწერის ორი ნუსხა: 1. A-1443 და 2. Q-1391. თხზულება გამოცემული არაა, ის დამუშავე­ბული, მომზადებული და გადაცემულია გამოსაცე­მად ჩემს მიერ. ორივე ხელნაწერი თარიღდება მე-18 საუკუნით. ხელნაწერები წარმოადგენს ცალკე თხზულებას, ისინი არ არის რომელიმე კრებულის ნაწილი, ორივე ხელნაწერი შესრულებულია მხედრული დამწერლობით. თხზულების ავტორი ან ჩამწერი  შესაძლოა იყოს ვინმე ევგენიოსი, თხზულებაში არის ერთი ფრაზა: „ევგენიოს, მონა ღვთისა, ამის საქმისათვის ვწერ, რათა მტკიცედ იყოს, დიდსა ღმერთსა ჭეშმარიტად ვმადლობდეთ“ [13:10v; 14: 6v]. გაურკვევლია, ეს ვინმე „ევგენიოსი“ ესწრებოდა კრებას, თუ შემდეგ მონათხრობის ან წყაროების საფუძველზე აღწერა კრების მიმდინარეობა. ტექსტი უნდა იყოს თარგმნილი ბერძნულიდან მოგვიანებით, რადგან ორივე ხელნაწერში კოსტანტინეპოლი მოხსენიებულია სტამბოლად: „ვიდრე ვენედი­კამდის და შეწევნასაც, ვიდრემდის სტამბოლსა მიბრძან­დეთ“ [13: 8v; 14: 51v], ეს კი 1453 წლამდე შეუძლებელი იყო, ოფიციალურად სახელიც ქალაქისთვის კოსტანტინეპოლის დაცემისთანავე არ შეუცვლიათ, ამდენად თხზულება ცოტა მოგვიანებით უნდა თარგმნილიყო.

A-1443 ხელნაწერი სრულყოფილია, მინაწერის მიხედ­ვით ხელნაწერი ეკუთვნოდა იერონიმე ალექსიევს: „წიგნი ესე ეკუთვნის კოლლეუსკი სეკრეტარს იერონიმე ალექსიევს“[13: 1r]. ხელნაწერის ყდაზე არის მინაწერი: „არქიმანდრიტის ტარასისა, პაპიჩემის ნაწერი მე მეკუთვნის“ [13: ხელნაწერის ყდა]. ამ მინაწერის მიხედვით ხელნაწერი ეკუთვნოდა ტარასი არქიმანდრიტის პაპას. ტარასი იყო ცნობილი მწიგნობრების ოჯახიდან, მათ შორის იყო ალექსი მესხიშვილი და თელავის აკადემიის რექტორი დავითი.

ხელნაწერს აქვს წინასწარმეტყველური შინაარსის მინაწერიც: [ამონარიდი ტექსტიდან იხილეთ დანართი 1]. ტექსტი შეიცავს იმ შედეგების შეხსენებას ან ერთგვარ გაფრთხილებას, რაც მოჰყვებოდა თურქთა მოსალოდნელ ექსპანსიას.

ხელნაწერის 1r-ზე არის შვიდი საეკლესიო კრების ცხრილი, თუ სად, როდის ჩატარდა კრება, ვინ იყო ხელმწი­ფე, პაპა, პატრიარქები, რომელი მწვალებლობის წინააღ­მდეგ იყო კრება მოწვეული, რამდენი მამა ესწრებოდა და რამდენი კანონი იქნა მიღებული. ცხრილში არის გარკვეული უზუსტობა მსოფლიო კრებების თარიღებთან დაკავშირებით.

მეორე ნუსხა, Q-1391, თავ-ბოლო ნაკლულია. ხელნაწერის ის ნაწილი, სადაც საუბარია კრების დაწყებასა და ფინალურ ნაწილზე, დაკარგულია. ხელნაწერის თანადროული პაგინაციის მიხედვით, რომელიც შემორჩე­ნილია ზედა მარჯვენა კუთხეში, არაბული ასოებით „6“ [14: 1r], მას დასაწყისში აკლია ხუთი ფურცელი. ხელნაწერი შეცავს 61 ფურცელს, სავარაუდოდ, ბოლოშიც უნდა აკლგეს 5 ფურცელი. დასახელებულ ხელნაწერებში არაფერია ნათქვამი მთარგმნელზე, გადამწერსა და გადაწერის ადგილზე.

ფლორენციის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილე­ბებისა და განხიული თეოლოგიურ-დოგმატური საკითხების საპასუხოდ დაუწერია ბესარიონ ორბელიშვილს „გრდემ­ლიც“, როგორც თვითონაც ამბობს; „ამათ ყოველთათÂს სიტყÂსგებაჲ თითოეულად ქუÀმორე ურცელესად აღგÂწერიეს, რომელი ცხადად საცნაურ ჰყოფს ყოველსავე“. [12: 14v] დღემდე გამოცემულია ერთი ხელნაწერის S-3269-ში დაცული ტექსტი. ეს არ არის აკადემიური გამოცემა, კრიტიკული ტექსტი. არსებობს თხზულების 12 ნუსხა. ჩვენ სტატიაში ვისარგებლეთ A-119-ით, რომელიც გადაწერა ტიმოთე გაბაშვილმა და რომელსაც მ. ქავთრია მიიჩნევდა ვრცელ ავტოგრაფიულ ნუსხად. როგორც აღვნიშნეთ, ფლორენციის კრების აქტების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი, ბესარიონი კი თხზულებაში ასახელებს არსებულ „ვრცელ და უნაკლულო მოსახსენებელს“ და დეტალურად პასუხობს ოპონენტებს: [იხილეთ დანართი 2.]. სამწუხაროდ, დღეს არსებულ ქართულ წერილობით წყაროებში ბესარიონის დასახელე­ბული ცნობები არ იძებნება.

ფლორენციის კრებაზე, პოლიტიკური ქვეტექსტის მიუხედავად, სწორედ თეოლოგირი შინაარსის კამათი წარიმართა და ბესარიონს განხილულ თეოლოგიურ-დოგმა­ტურ საკითხებზე შესაძლოა ნაკლები უზუსტობა მოსდიოდა, მაგრამ საკამათოა ერთი ისტორიული ფაქტია, ის აღნიშნავს, რომ „ხოლო აღმოსავლეთისა ეკლესიანი და ოთხნივე საპატრიაქონი, დიდი რუსეთი და ჩუენ ქართველნი მასვე და ერთსა სარწმუნოებასა ზედა ვჰგიეთ შეურყეველსა და შეუცვალებელსა მოციქულთა მართლმოცემულსა და შვიდთა მსოფლიოთა კრებათა მიერ დამტკიცებულსა“ [12: 14v-15r]. ბესარიონის აზრით, უნიას „შეურყეველი“ წინააღ­მდე­გობა გაუწია ოთხმა ეკლესიამ, მათ შორის რუსეთმაც. საკამათო სწორედ „დიდი რუსეთის“ „პრინციპული“ პოზიციის ხაზგასმაა აღნიშნულ კრებაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიყდეს, რომ თხზულება XVIII ს-შია დაწერილი, როცა მუსლიმანურ ალყაში მოცეული საქართველო „დიდი რუსეთის“ იმედად რჩებოდა. „გრდემლი“ 38 თავისგან შედგება, პირველი თავი, ანუ შესავალი არის იმ მიზეზთა ახსნა, რამაც აიძულა დუმილის დარღვევა. შესავალში ის იხსენებს შვიდ საეკლე­სიო კრებას და მათი მოწვევის მიზეზებს და ფლორენციის კრებას მერვე საეკლესიო კრებას უწოდებს. ამდენად მისთვის დასავლეთის ეკლესიის საფრთხე იმ ერეტიკოსთა საფრთხეს უტოლდება, რაც შვიდი საეკლესიო კრების მიზეზი გახდა. სწორედ ამ კრებებზე მიღებული დოგმების უგულებელ­ყოფაში დებს ბრალს ის პაპისტებს. ბესარიონს ძირითადი არგუმენტები მოჰყავს წმინდა წრილებიდან. ფლორენციის კრებაზე შეკრებილნიც ბიბლიური ციტატებით ამყარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს. თუმცა, ზოგჯერ მისი არგუმენტაია არასერიოზულია, მაგალითად ის აღნიშნავს, რომ ლათინებს ახასიათებთ პირუტყვის, განსაკუთრებით ძაღლის შეყვანა ტაძარში და ამის დამადასტურებლად იშველიებს ფრაზას „მსმენია“: „ესე ყოველივე მსმენია და მრავალთა თვალით მხილველთა და სარწმუნოთა კაცთა მიერუწყებულ არს ჩემდა“ [12: 183r] და ოპონენტებს მეექვსე კრების გადაწყვეტილებით პასუხობს „ხოლო მეექუსის კრებისა კანონთა შინა მოიხსენებს ესრეთ, ვითარმედ დაღაცათუ ძნელ არს და უკადრებელ სახლთა მიმართ ღმრთისათა შელვა პირუტყვთა“ [12: 183r]. ამგვარი საკითხი ვერ იქნებოდა ფლორენციის კრების განსახილველი, იქ, სავარაუ­დოდ, ასეთ დეტალებზე  ვერავინ მოიცლიდა და არც თავად ბესარიონი იყო ბრიყვი მსგავსი არგუმენტებით ემსჯელა, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, პოლემიკოსის ადრესატი იყო მისი ლიტერატურული ოპონენტიც და მის აუდიტორიას შეადგენს ე.წ. უბრალო საზოგადოებაც, რომელსაც ცოტა „პოპულისტური“ თხრობაც ხიბლავს. 

ბესარიონ ორბელიშვილის თხზულება კი, როგორც თვითონაც ამბობს, წარმოადგენს პასუხს კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე: „ამ ყველაფერზე პასუხი დეტალურად აღვწერე, რომელიც ცხადად გახდის ყოველსავეს“ [12: 14v]. ანუ ბესარიონი აღწერს არა კრების დეტალებს, არამედ მის არსობრივ ნაწილს. ცნობილია, რომ ფლორენციის კრების აქტების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი, ამდენად უცნობია, რომელ წყაროზე დაყრდნობით გასცა მან პასუხი პაპისტებს, რას გულისხმობდა, როცა წერდა „ვითარცა წერილ არს მაშინდელთა მოსახსენებელთა შინა ვრცელად“ [12: 12v], თუ მისი საინფორმაციო საყრდენი მხოლოდ პადრე ფრანჩისკო ბოლონიელი იყო, ან ბესარიონი ინფორმაციით დამკვეთმა მოამარაგა, რადგან ის წერს: „ნებით არა აღვსწერეთ...“ [12: 12v], ვისი ნება იყო ტრაქტატის შექმნა, უცნობია, იქნებ ეს „ნება“ მრევლის წინაშე ვალდებულება იყო, რადგან ამ დროს ბესარიონი ავტორიტეტული საეკლესიო მოღვაწე და დიდი მწიგნობარია და ის შემდგომ ქართული ეკლესიის მწყემსმთავარიც გახდება, ფაქტი კი ისაა, გრდემ­ლი როგორც წყარო, თუ რა შინაარსის თეოლო­გიური, დოგმატური დისკუსია მიმდინარეობა ე.წ. მერვე – ფლორენ­ციის – კრებაზე, წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობისაა.

„გრდემლი“ 38 თავისგან შედგება, პირველი თავი, ანუ შესავალი არის იმ მიზეზთა ახსნა, რამაც აიძულა მას დუმილის დარღვევა. შესავალში ის ახსენებს შვიდ საეკლე­სიო კრებას, მათი მოწვევის მიზეზებს და ფლორენციის კრებას მერვე საეკლესიო კრებას უწოდებს. ამდენად მისთვის დასავლეთის ეკლესიასთან უნია იმ ერეტიკოსთა საფრთხეს უტოლდება, როგორც შვიდ საეკლესიო კრებაზე დაგმობილ ერეტიკოსთა. სწორედ ამ კრებებზე მიღებული დოგმების უგულებელყოფაში დებს ბრალს ის პაპისტებს. ბესარიონის თხზულება სწრაფად გადაიწერა და დღეს ჩვენამდე მოღწეულია მისი თორმეტი ნუსხა.

გრდემლის არსობროვ გაგრძელებას წარმოადგენს ანტონ კათალიკოსის მზამეტყველება – აქ მე-3 თავში ცალკე, მე-17 ნაწილად, არის გამოყოფილი ლათინთა მიმართ პასუხი. ძირითადად ეს შეეხება წმინდა ზიარების საიდუმლოს. ანტონი არგუმენტაციისთვის  წმინდა წერილებიდან იყენებს იმავე თავებს, რომელსაც ბესარიონ ორბელიშვილი: ანტონი: „მიიღეთ და ჰსჭამეთ ესე არს Ãორცი ჩემი, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა, და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და ჰთქუა: ჰსუთ ამისგან ყოველთა ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა“ (მათე 26, 26-28) [1: 524], ბესარიონი: „მიიღეთ და ჭამეთ ესე არს „Ãორცი ჩუენი თქუენთÁს განტეხილი მისატევებელად ცოდვათა, მერმე მოიღო სასუმელი და აკურთხა და მისცა მათ და თქუჲ: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა“(მათე 26, 26) [12; 148r]; ანტონი: „მოვედით და ჭამეთ პური ჩემი და სუთ ღვინოÁ, რომელი განგიმზადეთ თქვენ“ (წიგნი იგავთა 9,1) [1: 524], ბესარიონი: „სიბრძნემან იშენა თავისა თვისისა სახლი და ქუÀშე შეუდგნა მას შვიდნი სუეტნი და დაუკლა თვისი იგი საკლველი და განაზავა ტაკუკთა თვისი იგი ღვინოÁ და განუმზადა თვისი იგი ტაბლა და წარავლინნა თვისნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა მათ ზედა და ჰქუა: მოვედით, და ჭამეთ პური ჩუÀნი და სუთ ღვინო, რომელი განგიმზადე და დაუტევეთ უგუნურებაÁ და სცხონდეთ“(წიგნი იგავთა 9,1) [12: 144v]; ანტონი: „უკეთუ არა ჰსჭამოთ Ãორცი ძისა კაცისა და ჰსუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაÁ თავთა შორის თქვენთა; ხოლო რომელი ჰსჭამდეს Ãორცსა ჩემსა იგი ჩემთა დადგრომილ-არს და მე მისთანა“ (იოანე 6, 53-56) [1: 524]; ბესარიონი: „ამენ, ამენ გეტყÂ თქუენ: უკეთუ არა სჭამოთ Ãორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაÁ თავთა შორის თქუენთა, ხოლო რომელი ჭამდეს Ãორცსა ჩუენსა და სუმიდეს სისხლსა ჩუენსა, აქუნდეს ცხოვრებაÁ საუკუნო და მე აღვადგინო უკანასკნელსა მას დღესა, რამეთუ Ãორცი ჩუენი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. და რომელი ჭამდეს Ãორცსა ჩუენსა და სუმიდეს სისხლსა ჩუენსა, იგი ჩემთა დადგრომილ არს, და მე მისთა“(იოანე 6, 53) [12: 148v]; ანტონი: „გამო-ღაი-ცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგანი ჰსჭამენ და სასმელისა მისგანი ჰსუნ“ (ა კორინ­­თელთა, 11, 28 ) [1: 524], ბესარიონი: „გამო-ღაიადენო კაცად კაცადმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამეონ და სასუმლისა მისგანი სუნ“ (I კორინთელთა, 11, 27) [12; 154r]. ანტონ კათალიკოსი „მზამეტყველების“ ანტიკათო­ლიკურ პოლემიკურ ნაწილს სწორედ ფლორენციის კრების მნიშვნელობის მიმოხილვით იწყებს და ამთავრებს.

შუა საუკუნეებში და შემდგომ პერიოდშიც შესაძლოა, საკამათო ან მისაღები იყო დასავლური პოლიტიკური ღირებულებები, მაგრამ ის, რაც საფრთხეს უქმნიდა ქართულ კულტურულ ფასეულობებსა და ერის თვითმყოფადობას უყურადღებოდ არ და ვერ დარჩებოდა ქართველი მოღვაწეების მხრიდან. კ.კეკელიძე აღნიშნავდა, ბ. ორბე­ლიშვილს „გრდემლი“ დაუწერია იმ დროს თბილისში მყოფ ლათინთა მოძღვრის ფრანცისკო ბოლონიელის კაფუცინის დახმარებით, მსგავსი მოსაზრება ჰქონდა პ. კარბელაშ­ვილსაც, ეს კი ადასტურებს განსხვავებული შეხედულებების ოპონენტთა ჯანსაღ პოლემიკას და როგორც ერთმანეთის კულტურული ღირებულებების პატივისცემას, ასევე პრობლე­მის აღიარებასაც. მ. ქავთარია აღნიშნავს: „იგი (იგულისხმება ანტიკათოლიკური თხზულება „გრდემლი“ და გარეჯში შექმნილი ლიტერატურა) უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის თხზულებაცაა, რომელმაც შეასრულა თვალ­სა­­ჩი­ნო როლი ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორი­აში და ეროვნული თვითშეგნების დაცვა-განვითარების საქმეში“. [11:111]ფაქტია, ფლორენციის კრება იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა არა მარტო ქრისტიანული სამყაროსთვის, მან  შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური წესრიგი, მათ შორის საქართველოსიც. ეს აისახა ქართულ  რეალობაზეც და ლიტერატულ ცხოვრებაზეც.

 

დანართი

1. „ქ. ესენი ესრეთ ეწერა დიდის კოსტანტინეს საფლავზე, რომელიცა თარგმნა ამა სასოებისა პატრიარქის კოსტანტინეპოლისა მასწავლელმან. პირველსა ინდიკტი­ონსა მეფობა ისმაელისი, რომელ არს მოჰმედ, უნდა რომე დათრგუნოს ნათესავი პალეოლოღოსი და დაიპყრას შვიდნი სამთავრონი და იმეფოს იმან გარეთ ნათეავნი დიდ ფრიად, დათრგუნოს და ჭალაკნი აღაოÃროს, ვიდრე ექსინო პონტომდე და რვას ინდიკტიონსა მრავალი საზღვარი იპყრას, პელოპონისი დაიპყრას და ცხრას ინდიკტიონსა სამხრეთის კერძო აღილაშქროს და ათას ინდიკტიონს დაიპყრას დალმატელნი და ებრძოლნენ დიდად და რომელთამე ავნებს და მსგავსნი სიმრავლითა, ვითა ფურცელნი გამრავლდეს ზღვასა ზედან და Ãმელითაც იბრძოლონ და ისმაილნი დათრგუნოს და ამათგანმა იმეფოს მცირედ ჟამ და ეგრეთვე წითელმან ნათესავმან ყოვლითა ძალითა მისითა ისმაილი დათრგუნოს და ის შვიდნი სამთავრონი ამათ დაიპყრან მისის შემკობილებითÁ, მაშინ შეიქმნას ბრძოლა ფრიად დიდ დიდი, ვიდრე მეხუთედ ჟამადმდე და Ãმა ისმეს სამგზის: „დეგით, დეგით შიშით“  და მსწრაფლ მოხედეთ მარჯვნივ კერძო და პოოთ კაცი შვენიერი, საკვირველი, რომელი ესე მიიღეთ, ჩვენთაგანი არს, ეს იჩინეთ მეუფედ და ამას რა მიიღებთ ნებასა ჩემსა იქმთ.

ქ. ჟამსა კოსტანტინეს მეფობისასა, რომელიცა ესე ზემორები აღიწერა საფლავსა მისსა მეფობადმდე იოანე პალეოლოღოსა, რომელნი თარგმნა ბერძენმა გენადიოს, არს წელნი ქრისტეს აქეთ ათას ას ერთი. და ქრისტეს აქეთ მიცვალებადმე კოსტანტინესა წელნი სამას ოცდაცხრა“. [13: 10v].

2. „ოდეს მეფÁ იგი ბერძენთა და პატრიაქი კოსტანტინე­პოლისა წარვიდა, ეს იტალიას დასავლეთისა მყოფთა და პაპასა, რაჲთა თანა შემწე ეყვნეს მტერთა ზედა, ხოლო მათ ღქუეს, რაჲთა სარწმონოებაჲ პირველი უარყონ და აღიარონ სარწმუნოებაჲ მათი და მაშინღა შეეწივნენ მტერთა ზედა.

ხოლო ბერძენთა არა თავს იდვეს ესე, არამედ აღირჩიეს სიკუდილი, ვიდრე იოტა ერთი არა რქაჲ ერთი სარწმუნოებისაგან მამათა მიერ მოცემულსა შეცვალებად და დაკლებად ანუ შემატებად და ესრეთ განიყარნეს და განეშორნეს ურთიერთარს ბერძენნი და ჰრომნი, ვითარცა წერილ არს მაშინდელთა მოსაíსენებელთა შინა ვრცელად და უნაკლულიოდ, ხოლო ჩუენ ნებსით არა აღვსწერეთ, რაჲთა არა სიმრავლე წერილისა იქმნას.

მაშინ შეკრიბეს ერთად დასავლეთისა იგი კერძონი დ ქმნეს კრებჲ ფილორენციას და უწოდეს მერვედ კრებად და დაÃსნეს წესნი და კანონი მოციქულთანი და მამათა მიერ მოცემულნი საზღუარნი და ყოველივე წინააღმდგომი თქვეს და ქმნეს და ვითარცა ენებათ, ეგრეთ დაამტკიცეს.

რამეთუ პაპა ჰრომისა ნებითა მათითა თÂნიერ კანონისა  აღამაღლნეს უმეტეს ყოველთა პატრიქთა და ღვთის მაგიერად და მეორედ ქრისტედ აღიარეს ქუეყანასა ზედა; მერმე წმიდისა და თაყუანისაცემელისა სამებისა შორის თქუჱს შერევნა და სული წმიდა მამისა და ძისაგან გამოსვლით აღიარეს, რომელი ესე უცხო არს ქადაგებისაგან წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსლთა მამათასა, რამეთუ არა ოდეს თქმულ არს ესე სარწმუნოებაჲ არცა ერთსა კრებათა შინა, არცა ვის ერთსა წარმართთაგანსა უკადრე­ბიეს ესრეთ თქმად, ვითარცა იგინი აღიარებენ; მერმე წმიდაჲ ნათლისღებაჲ, რომელი წმიდათა მოციქულთა და წმიდათა კრებათა განგვიწესეს სამგზის წყალთა შინა დაფლვითა და მიერ აღმოშობილთა სახლსა ზედა წმიდისა სამებისასა. ესე აღიღეს და მცირედისა წყლისა შეხებითა განაწესეს ნათლისღება მღდელთა მიერ, გინა ერისკაცთა ანუ დედაკაცთა მიერ; მერმე წმიდისაჲ ჟამის-წირვისა საიდუმლო უფოვართა სეფითა შეწირვა დღესა შინა ერთსა ერთისა მღდლისა მიერ მრავალგზის წირვა და საეროთა სახლითა შინა უეკლესიოდ განაწესეს; მერმე ზიარებაჲ ერისკაცთა სხვითა სეფისკურითა, რომლითა დიდებულნი ჟამად არა ეზია­რებიან და სხვითა ლიტონითა ღვინითა, რომელი არა მიახლებულ არს ტრაპეზსა, მით ზიარებაჲ განუწესნეს და ჩვილთა ყრმათა, ვიდრე ათხუთმეტ წლამდე ჟამად არა აზიარებენ; მერმე  განჰყუჱს ჯოჯოხეთი და სხუად სხუად რიგად თქვეს, ერთსა მას საუკუნო უწოდეს, რომელსა შინა შთასრულნი ვერა რომლითა ღონითა, ვერცა ხუაიშნითა წმიდათაჲთა, ვერცა აქედგან მოÃმარებითა, ვერცა რაჲსა ლხინებასა ჰპოებენ და ერთი სხუაჲ არსო ცეცხლისა სატანჯველიო, რომელსა შინა მოსავნი პაპისანი შევლენ მცირედ ჟამად და ადრე განწმედილნი გამოვლენო; ხოლო ლოცვა და საეკლესიო განწესებული ფსალმუნებაჲ სრულიად აღÁოცეს ეკლესიით და წმიდათა მამათა მიერ განწესებული აღიღეს და თვინიერ წირვისა არღარა არს ეკლესიათა მათთა შინა, არცა ფსალმუნებაჲ, არცა საგალობელი, არცა ღამისთევა; და ვითარცა ენებოს და ვითარცა დახუდეს, ეგრეთ აღმართებენ საკურ­თხე­ველთა არა აღმოსავალით განწესებისაებრ წმიდათა მოციქულ­თასა, არამედ გინათუ დასავლეთით კერძო, ანუ სამხრეთით, ანუ ჩრდილოეთით; ხოლო მარხვათა სრულიად დაÃსნეს და მოსპეს და არღარა არს მათ შორის მარხვა ერისკაცთა, არცაღა სამღდელოთა კაცთა შორის, თვინიერ მცირედთა მონაზონთა გარეშე და მათცა უკეთუ იმარხონ თვინიერ Ãორცისა არა რაჲსა სხუასა იმარხუვენ, არამედ უკრძალველად ყოველსავე იÃუმევენ და ურიდად ჭამენ; ხოლო ოთხშაბათსა ჟამადვე არა იმარხუვენ. რომელი განგვიწესეს წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა და მისდა ნაცვლად შობისა იმარხვენ, რომელი არა ოდეს მოცემულ არს ესე ჩუენდა, თვინიერ ერთისა მის დღისა; ია ხოლო დედათა მათთა ჟამსა წიდოვანებისასა და ოდესცა საწოლითა ქმართა მათ თანაშეყოფილ იყვნენ, საკურთხეველთა აღიყვანენ და ზიარებაჲსცა მისცემენ; იბ და ყოველი ერი ოდეს შევიდეს ეკლესიად დიდი, გინათუ მცირე მამანი, გინათუ დედანი თანა შეიყვანენ ძაღლთა და ეკლესიათა არა ჰრიდებენ; იგ და ყოველი ცოდვა მომაკვდინებელი ადვილად შეჰრაცხეს და მას ღამესა, რომელთაცა ვინ ბოროტითა ცოდვითა დაეცეს და შეიგინოს მას დღესა აზიარებან. ესე და ესე ვითარნი წესნი და კანონნი დასცნეს ეკლესიასა შინა და ყოველი საზღუარნი და განწესებაჲ წმიდათა მოციქულთა და შვიდთა მსოფლიოთა კრებაჲთა დაჰÃსნეს და გარდასცვალნეს ... და სხუა რაჲმე წესი შემოიღეს გარეშე საზღვართა მამათასა დღეიდელადვე დღეინ­დე­ლად დღემდე უახლესთა და უახლესთა წესთა შემოიღებენ წინააღმდგომთა შვიდთა კრებაჲთასა.“ [12: 12v-15r].

 

ბიბლიოგრაფია

1.  ანტონ კათალიკოსი, მზამეტყველება, თბ,1892.

2.  ანტონ კათალიკოსი, წყობილსიტყვაობა, თბ. 1980.

3.  თამარაშვილი, მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ. 1902.

4.  მამისთვალაშვილი, ე., ქართველები ფერარა-ფლორენციის კრებაზე (XIII-XV სს.), კადმოსი, თბ. 2016.

5.  პაპაშვილი, მ., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები, თბ. 1992.

6.  პაპაშვილი, მ., საქართველო-რომის ურთიერთობა, თბ. 1995.

7.  პოგოდინი, ა., წმინდა მარკოზ ეფესელი და ფლორენციის უნია, თბ. 2016.

8.  სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვისკონა, თბ. 1966.

9.  ტაბაღუა, ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსა­ცავებში, თბ. 1984.

10.  უშიკიშვილი, ი., სადისერტაციოა ნაშრომი – „ფერარა­ ფლორენციის საეკლესიო კრება და საქართველო“, თბ. 2016.

11.  ქავთარია მ, დავით-გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ. 1965.

12.  A-119

13.  A-1443

14.  Q-1391