ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





უარყოფის გამოხატვის ენობრივი საშუალებები ქართველურ ენებში

 

სტატია ეძღვნება ლინგვისტიკის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს - უარყოფის გამოხატვის ენობრივ საშუალებებს ქართველურ ენებში. ამ ტიპის კვლევა ტიპოლოგიური თვალსაზრისით პირველადაა ჩატარებუ­ლი: ძველი და ახალი ქართულისა და უმწერლობო ქართველური ენების მასალების მიხედვით გამოყოფილი და გაანალიზებულია უარყოფითი ნაცვალსახელებისა და ზმნიზედების გრამატიკული მოდელები, ყურადღება გამახვილებულია ორმაგი უარყოფის გამოხატვასა და მასთან დაკავშირებულ ნორმალიზაციის საკითხებზეც. კორპუსული და ბე­ჭდური ტექსტების ემპირიული მასალა დამუშავებულია დიაქრონიულ და სინქრონიულ ჭრილში კვლევის აღწერით-სტატისტიკური და ისტორიულ-შედარებითიმეთოდების გამოყენებით. დადგენილია უარ­ყოფის გამომხატველი ენობრივი საშუალებების გამოყე­ნების სიხშირეც. კვლევის შედეგების შედარება-შეჯერებით გამოვლენილია საერთო­ქართველური კანონ­ზომი­ერებანი და თითოეული ქართველური ენის სპეციფიკა ამ თვალსაზრისით. 


საკვანძო სიტყვები:ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური, უარყოფა, კატეგორია, ნაწილაკი, მორფოლოგია, მოდელი, ნაცვალსახელი კატეგორია: კვლევები ავტორები: რამაზ ქურდაძე, დარეჯან თვალთვაძე, მაია ლომია, ქეთევან მარგიანი-სუბარი, რუსუდან ზექალაშვილი


სტეფანე პირველმოწამე და ქართული ქრისტიანული კულტურა

 

stephaneსტეფანე პირველმოწამე ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წმინდანია. მის სახელზე საუკუნეების მანძილზე აიგო უამრავი ტაძარი ქრისტიანულ ქვეყნებში. წმ. სტეფანეს მიეძღვნა მრავალრიცხოვანი ფრესკები, მხატვრული ტილოები, საგალობლები, ქადაგებები. როგორც ირკვევა, ამ გამორჩეულ წმინდანს გამორჩეული პატივი მიაგო საქართველომაც. სტეფანე პირველმოწამის სახელზე საქართველოში აგებულია არაერთი ტაძარი. მათ შორისაა მტკვრისა და არაგვის შესაყართან აგებული ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. წმ. სტეფანეს სახელობისაა ურბნისის და ხირსის ტაძრები, აგებული ასურელი მამების მიერ.

წმ. სტეფანეს ფრესკული გამოსახულებები გვხვდება ატენის სიონში, წრომში, ვარძიაში, ნაკიფარში…სწორედ სტეფანე პირველმოწამეს უკავშირდება ცნობილი ტოპონიმი – „სტეფანწმინდა“.

სტეფანე პირველმოწამე საქართველოს ეკლესიასა და ძველ ქართულ მწერლობაში უძველესი დროიდან მოიხსენიება. წმ. სტეფანეს ხსენება და მისდამი მიძღვნილი საგალობლები შესულია ქართულ ენაზე შემონახულ უძველეს ლიტურგიკულ წიგნებში – იერუსალიმის ლექ­ციო­ნარსა და უძველეს იადგარშიწმ. სტეფანესადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს X ს-ის ქართველი მწერალი – სტეფანე სანანოისძე – ჭყონდიდელი. მას ეკუთვნის წმ. სტეფანე პირველ­მოწამისადმი მიძღვნილი საგალობელი. მასვე უთარ­გმნია ბერძნულიდან გრიგოლ ნოსელის წმ. სტეფანესადმი მიძღვნილი ჰომილია.


საკვანძო სიტყვები:სტეფანე პირველმოწამე, სტეფანე სანანოისძე – ჭყონდიდელი, ქართული აგიოგრაფია კატეგორია: კვლევები ავტორები: ლელა ხაჩიძე


იოანე სინელის სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების მნიშვნელობა ბიზანტიური და ქართული ფილოლოგიისთვის

 

kibeსათნოებათა კიბე შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და პოპულარული ზნეობრივი სახელმძღვანელოა. მასში გაერთიანებულია ქრისტიანული ეთიკური პრინციპები სისტემურად ჩამოყალიბებული ფორმით, გამოკვეთილი აქცენ­ტებითა და ღრმად თეოლოგიური მსჯელობებით. მართალია, კიბის სიმბო­ლოს, სულიერი პროგრესის შინაარსით, აქტიურად იყე­ნებდნენ სხვა ავტორებიც: ფილონ ალექსანდრიელი, სირიელი მამები, გრიგოლ ნოსელი, მაგრამ იოანე სინელმა პირველმა მოგვცა სულიერი აღმასვლის მასშტა­ბური და სრულყოფილი სურათი [11, გვ. 22-23]. სწორედ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც გამოარჩევს სათნოებათა კიბეს ამ ჟანრის ლიტერატურაში. კიდევ ერთ სპეციფიკურ მახასია­თებელს წარმოადგენს სათნოებათაკიბის ფსიქოლო­გიური შინა­არსი - კლემაქსში ჩანს დახვეწილი, ღრმა ფსიქოლო­გიზმი, ადამიანთა ბუნების, მათი შინაგანი მდგომარე­ობის საუცხოო ცოდნა [3]. იოანე სინელი ხშირად არიდებს თავს მკითხველისთვის დეტალური ინსტრუქ­ციების მიცემას იმის შესახებ, თუ რა ჭამოს, როდის და რამდენი, რა დრო გამოჰყოს ძილისთვის, რა სიხშირით არის საჭირო ლოცვა, რა ფორმულები უნდა გამოიყენოს მლოცველმა და სხვა. მისი ინტერესია არა გარეგნული, ფორმალურად გამოხატული ასკეტიზმი, არამედ მორჩი­ლება და გულის სიწმინდე [19].


საკვანძო სიტყვები:სათნოებათა კიბე, იოანე სინელი კატეგორია: კვლევები ავტორები: ირმა მაკარაძე


"ვეფხისტყაოსნის" სტროფული კომენტარები: ვის იმოწმებს და რატომ იმოწმებს რუსთველი?

 

ნაშრომში კომენტირებულია ვეფხისტყაოსნის ერთი ტაეპი, რომელიც რუსთველოლოგიურ ლიტერა­ტურაში მრავალგზისი განხილვის საგანია: „ამ საქმესა მემოწმების დიონოსი, ბრძენი ეზროს“. გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ რუსთველი იმოწმებს ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ღმერთს ეროსს. ხელნაწერთა ვარიანტების საფუძველზე მიჩნეულია, რომ ამ სტროფის გამოქვეყნებული ვარიანტი არაა რუსთველისეული. 


საკვანძო სიტყვები:რუსთველი, პლატონი, დიონოსი, დევანოსი ეროსი, „ნადიმი“. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


"ვეფხისტყაოსნის" სტროფული კომენტარები: შაირობის რუსთველური თეორიის შეჯამება

 

ვეფხისტყაოსნის პროლოგის მე-17 სტროფის ახლებურად განმარტების საჭიროება ორი გარემოებითაა განპირობებული: 1) დაზუსტებას, ფაქტობრივად კი, გადახედვას საჭიროებს განსახილველი სტროფის ნ. მარისეული ინტერპრეტაცია, რომელიც მომდევნო ხანების რუსთველოლოგიამ გაიზიარა, რათა როგორმე აეხსნა ის მოჩვენებითი აზრობრივი წინააღმდეგობა, რომელიც, თითქოს, არსებობს მეჩვიდმეტე და მეთორმეტე სტროფების მეოთხე ტაეპთა მეორე და პირველ ნახევარკარედებს (17.4ბ-სა და 12.4ა-ს) შორის; 2) მე-17 სტროფის ფარგლებში შეინიშნება სხვადასხვა სახის რამდენიმე საკმაოდ რთულად ასახსნელი თავისებურება, რომლებიც, ამდენად, განმარტებას საჭიროებენ. აღნიშნული მიმართულებით კვლევამ გამოავლინა, რომ მე-17 სტროფი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, არამც თუ ვერ ჩაითვლება გვიანდელ ინტერპოლაციად, რის შესახებ მოსაზრებაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ რუსთველო­ლოგიურ ნაშრომშია გამოთქმული, არამედ ის ამთლიანებს და აჯამებს რუსთველის მთელ ესთეტიკურ ნააზრევს, რომელიც შაირობის თეორიის ამსახველ ექვსივე სტროფში (12-17) ვეფხისტყაოსნის ავტორის მიერ ერთიანი დისკურ­სის სახითაა გაცხადებული.


საკვანძო სიტყვები:რუსთველი, „ვეფხისტყაოსანი“, პროლოგი, შაირობა, არისტოტელე, პოეტიკის თეორია. კატეგორია: კვლევები ავტორები: ზაზა ხინთიბიძე


ბრინჯაოს ხანის კრატერი აწყურიდან

 

თუ აწყურში გათხრილ ორივე ქვაყრილიანი სამარხისა და სოფ. ოთაში გათხრილ ამავე პერიოდის სამარხეულ ინვენტარს გავაანალიზებთ, აშკარა გახდება, რომ „თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის“ მომდევნო ეტაპზე სამცხეში არსებობს თვისებრივად რამდენადმე განსხვავებული კულტურა, რომელშიც შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, მაგრამ ჩნდება ახალიც, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარი ინვენტარით ხასიათდება: ნაირგვარი კერამიკა (როგორც ამიერკავკასიისათვის ტრადიციული, ისე ანატოლიურის ანალოგიური, აგრეთვე „კანთაროსისებრი“ კერამიკა და სხვა), ბრინჯაოს სატევრები, სამაჯურები, რამოდენიმე სახის საკინძი, ბრინჯაოს გარსაკრავები, ბრინჯაოს ფირფიტები, ბრინჯაოს დისკოები, ბრინჯაოს ქანდაკება, ბრინჯაოს საკისრე რგოლები, ორთითა, ობსიდიანის და კაჟის ისრის პირები, სარდიონის მძივები, რელიეფური დეკორით შემკული ოქროს გარსაკრავები, ოქროს შუბლსაკრავი, ოქროს დისკოები). ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ გარდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოსა და თიხის ნაწარმისა, ამ კულტურისათვის დამახასიათებელი ატრიბუტია ოქროს სამკაული (შეად. აგრეთვე სოფ. ზველის – ასპინძის რაიონი - მასალა), რომლის ერთი ნაწილი ალუვიური ოქროსაგანაა დამზადებული.


საკვანძო სიტყვები:აწყურის გათხრები, შუაბრინჯაოს ხანა, კრატერი, სამცხის მიკროკულტურა კატეგორია: კვლევები ავტორები: ვახტანგ ლიჩელი