ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში

 

თანამედროვე ქართულში შემასმენელი ზმნა ზოგჯერ კავშირებით კილოში დგას პირობით დამოკიდებულ წინადადებაში, რომელსაც ახლავს კავშირი თუ. ამგვარი კონსტრუქციის გამოყენება სემანტიკური და პრაგმატიკული ფაქტორებით არის განპირობებული. იგი შესაძლებელია ორ შემთხვევაში: (ა) როცა მოსაუბრე პირი აცხადებს, რომ პირობითი წინადადების შინაარსი მართალი არ არის; (ბ) როცა მთავარი წინადადება მეორე პირის მიმართ ბრძანებას გამოხატავს.


საკვანძო სიტყვები:პირობითი წინადადება, კავშირი, კავშირებითი კილო, ბრძანება კატეგორია: კვლევები ავტორები: იასუჰირო კოჯიმა
ალექსანდრე მაკედონელის რომანი როგორც "მოქცევაი ქართლისას" ქრონიკის ერთ-ერთი წყარო

 

AMძველი ებრაული რომანი ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ლეგენდარული გადმოღებით ასახავს პომპეუსის კავკასიურ ლაშქრობას იმის მიხედვით, თუ როგორაა ეს უკანასკნელი აღწერილი აპიანეს „რომის ისტორიაში“ და დიონ კასიუსის „რომის ისტორიაში“. II-III საუკუნეების ებრაულ თხზულებაში პომპეუსის ლაშქრობა იბერიაში – ალექსანდრე მაკედონელის აფრიქი–ს ქვეყანაში ლაშქრობად არის წარმოსახული. ქართულ მატიანეებში ეს კონტამინაცია ალექსანდრეს იბერიაში ლაშქრობის ამბავად არის წარმოდგენილი. აქედან მომდინარეობს აგრეთვე აზო– სა და არიკ მეფეების სახელებიც.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ებრაული რომანის ანონიმურმა ავტორმა ქართლისა და ეგრისის ქართული სახელწოდებაც იცის, თუმცა ეს გეოგრაფიული სახელები ბერძნულ და რომაულ წყაროებში არ გვხდება.

 


საკვანძო სიტყვები:იბერია, ქართლი, აზონი, არტაგი კატეგორია: კვლევები ავტორები: კონსტანტინე ლერნერი
ფესახის აგადა („პასქის ლეგენდა“) და მისი მნიშვნელობა ქართველოლოგიისათვის

 

ასეული წლების განმავლობაში ქართველ ებრაელთა სამეტყველო ენაზე შეიქმნა წმინდა წიგნებისა და ლოცვების ზეპირი თარგმანები, რომლებიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას და რომელმაც ზეპირივე გზით ჩვენამდე მოაღწია. მათ შორის არის ებრაელთათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ტექსტი ფესახის აგადა, რომელიც ეგვიპტიდან ებრაელთა სასწაულებრივი გამოხსნის ამბავს მოგვითხრობს და ამ აქტისადმი მიძღვნილი დღესასწაულის – ფესახის (პასქის) პირველ ღამეს (დიასპორაში – მეორე ღამესაც) იკითხება სპეციალურად მოწყობილ საზეიმო „წყობაზე”.   

როგორც წესი, აგადას წმინდა ენაზე კითხულობდნენ, მაგრამ ათასეული წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრების პირობებში ებრაელთა დიდ ნაწილს დაავიწყდა ებრაული და არ ესმოდა ტექსტი. ამიტომ ქართველ ებრაელთა სულიერმა მოძღვრებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ქართულად ეთარგმნათ იგი. ქართველ ებრაელთა შორის, სავარაუდებელია, არსებობდა აკრძალვა რელიგიურ წიგნთა ქართულად წერისა, ამიტომ თარგმანი ზეპირად შესრულდა.

უკანასკნელ დრომდე ქართველ ებრაელთა თარგმანი აგადისა მეცნიერთა წრეებისათვის არ ყოფილა ცნობილი (ისევე, როგორც სხვა ტრადიციული თარგმანები). ჩვენ პირველად მოვამზადეთ გამოსაცემად ტექსტი სამ ვარიანტად.  ორი მათგანი ჩავიწერეთ რაბინ აბრამ გაგულაშვილისაგან და ბატონ შალომ ჩიკვაშვილისაგან, რომელიც თავის დროზე ცნობილ ქუთაისელ რაბინთა მოწაფე იყო. მესამე ვარიანტი კი ეყრდნობა წინა საუკუნის 50-60-იან წლებში იატაკქვეშ (ე.წ. „სამიზდატის”) მანქანაზე გადაბეჭდილ ტექსტს.

აგადის ტექსტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საზოგადოდ წმინდა წიგნების და ლოცვების თარგმანებისა და ებრაელთა ენებისა და მეტყველების შესწავლისათვის, ისე ქართული ფილოლოგიისათვის, რამდენადაც ფაქტიურად ეს არის საუკუნეების სიღრმიდან ჩვენამდე მოღწეული ცოცხალი ტექსტი, რომელიც მდიდარ მონაცემებს გვაწვდის როგორც ქართული მთარგმნელობითი სკოლების ისტორიის შესასწავლად, ისე (და კიდევ უფრო მეტად) ქართული ენის ისტორიისა და ისტორიული დიალექტოლოგიის კვლევისათვის, რამდენადაც ამ ტექსტის მეშვეობით შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ენაში მიმდინარე პროცესებს, ცვლილებათა დინამიკას, ენობრივ პლასტებს (მაგალითად, სახელთა ბრუნებას, მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობას, ნაწევარს, სინტაქსურ თავისებურებებს და ასე შემდეგ). განსაკუთრებით საინტერესოა მდიდარი ლექსიკა წინამდებარე თარგმანისა. 


საკვანძო სიტყვები:ფესახი, პასქა, ებრაელთა ენები კატეგორია: კვლევები ავტორები: რეუვენ ენოხი
შაირობის რუსთველური თეორიის მიმართებისათვის ანტიკურ ტრადიციასთან


APწინამდებარე გამოკვლევის ძირითადი მიზანია, დასაბუთებული იქნეს რუსთველოლოგიურ კვლევებთან მიმართებით გამოთქმული ახალი თვალსაზრისი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ვეფხისტყაოსნის პროლოგისეული შაირობის თეორია მიჩნეულია რუსთველის ორიგინალურ პოეტიკურ-ესთეტიკური და იმავდროულად, ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის კონცეფციად. რაში მდგომარეობს შაირობის რუსთველური თეორიის ინოვაციურობა? სტატიის თანახმად, იმაში, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორის მიერ საზოგადოდ პოეზია - ე.ი., როგორც შაირობა ანუ პოეტის მიერ თავისი მხატვრული ნაწარმოების შექმნისა და მასთან მსმენელის / მკითხველის ზიარების პროცესი, ისე შაირი ანუ ამ პროცესის შედეგი, საკუთრივ პოეტური ქმნილება, - გამოცხადებულია, ერთი მხრივ, პოეტიკურ-ესთეტიკური, ხოლო, მეორე მხრივ, ეთიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისით, სიკეთედ (“კარგი”), რამდენადაც ის არის, ეთიკურ-ფილოსოფიური თვალსაზრისით: უპირველეს ყოვლისა, 1) სიბრძნის ნაყოფი, 2) ღვთაებრივი, 3) ღვთაებრივად გონებითშესამეცნებელი, 4) მსმენელთათვის დიდად სასარგებლო, და, ამასთანავე, 5) [პოეზიის] მოსმენისათვის გამოსადეგი ადამიანისათვის ამქვეყნადაც სასიამოვნო; ხოლო, პოეტიკურ-ესთეტიკური თვალსაზრისით: 1) მოკლედ თქმული, 2) გრძელი სიტყვა. სტატიის ავტორის დასკვნით, შაირობის რუსთველური თეორიის მეთოდოლოგიური წყაროებია: პლატონის სახელმწიფო (X, 607d), არისტოტელეს პოეტიკა (I, 1447a 9-10; XXVI, 1462b 18) და ნიკომაქეს ეთიკა, კერძოდ, მისი VIII და X წიგნები.

 


საკვანძო სიტყვები:პოეზიის რუსთველისეური დეფინიცია, კარგი / სიკეთე, ანტიკური პოეტიკური კონცეფციები, მეთოდოლოგიური წყაროები, ნიკომაქეს ეთიკა კატეგორია: კვლევები ავტორები: ზაზა ხინთიბიძე
კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები

 

CLძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის კოლხურ კულტურაში უკვე ჩანს აღმოსავლური იმპულსები, რაც, როგორც ცნობილია, ჰასანლუს ტიპის სატევრების სახითაა დადასტურებული (თ. მიქელაძე). ასეთივე იმპულსები ჩანს სამხრეთ საქართველოში, სადაც ძვ. წ. VII-VI საუკუნეების სამარხებში (მზეთამზე) მიკვლეულია კალმეიერის 31-35 (ნეო-ბაბილუნური) ჯგუფისათვის ტიპური სატევარი, რომელიც ლურისტანში ჩანს დამზადებული. ამავე შესაძლებლობას უსვამს ხაზს საწვივე რგოლების სამარხში ჩაყოლების ფაქტიც, რაც გარდა საქართველოში ცნობილი სამაროვნებისა, დადასტურებულია, აგრეთვე, ლურისტანშიც. აქემენიდურ ხანაში კოლხეთის თანამედროვე ტერიტორია ორ ნაწილადაა გაყოფილი - საკუთრივ კოლხეთის სამეფოს ტერიტორია მდ. რიონის სამხრეთით (გ. მელიქიშვილი), რომელიც მთლიანად ბერძნულ სამყაროზეა ადრესირებული  და შიდა კოლხეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად ორიენტირებულია აქემენიდურ სამყაროზე (ო. ლორთქიფანიძე), რის გამოც სწორედ აქ არის კონცენტრირებული აქემენიდური  (ან “აქემენიდიზირებული”) იმპორტი და ტრადიციები. თუმცა, უფრო დასავლეთით, სოფ. ჩიბათში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს აქემენიდური ლაგამი, რომლის შესრულების მხატვრული დონე სრულიად განსაკუთრებულია (ძვ. წ. V-IV სს-ბი). აქემენიდური ინტერესების დასავლეთი საზღვარი კავკასიაში არის საირხე-ვანი-აწყური-მდ. ჭოროხის აუზის შემაერთებელი ხაზი. სუსტი აქემენიდური ტრადიციები შენარჩუნებულია ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნის ვანში. ხოლო ძვ.წ. III საუკუნიდან მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე  დასტურდება (გარდა ელინიზირებული ქალაქებისა - ვანი, ეშერა) ასევე საკმაოდ სუსტი ელინისტური გავლენა.


საკვანძო სიტყვები:კოლხეთი, მზეთამზე, ლურისტანი, აქემენიდები, ჩიბათი კატეგორია: კვლევები ავტორები: ვახტანგ ლიჩელი
უძველესი ქართული გალობა "წმიდა კოლაელ ყრმათა წამებაში"

 

MK„წმიდა კოლაელ ყრმათა წამების” შექმნის თარიღის განსაზღვრა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ყოველთვის ბადებდა აზრთა სხვადასხვაობას. უკანასკნელი პერიოდის ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული ხდება თვალსაზრისი, რომ „წმიდა კოლაელ ყრმათა წამება” დაწერილია სწორედ II-III საუკუნეებში. ამ მოსაზრების სასარგებლოდ წინამდებარე სტატიაში ვამტკიცებთ, რომ ყრმათა სპეტაკი სამოსლით შემოსვა, მათი წყალში ჩაფვლა, ნათლობისას მოძღვრის მიერ იმპროვიზირებული გალობის წარმოთქმა დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო II-III საუკუნეების საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის. ძნელია განვსაზღვროთ,  "წამების" ტექსტში ჩართული გალობა ნათარგმნია რომელიმე ენიდან, თუ ავტორი მას იმპროვიზაციით წარმოთქვამს. ერთი რამ ცხადია, რომ მთარგმნელი ქართული ენის ბუნებას და ქართულ გარემოში დამკვიდრებულ  იმჟამინდელ ლექსთწყობისა და გალობის, ან წარმართული ჰიმნის ფორმას უნდა დაყრდნობოდა. ფაქტია, რომ გალობას რიტმული ხასიათი აქვს. ჩვენ ის ტაეპებად დავყავით. როგორც "წმინდა კოლაელ ყრმათა წამების" ავტორი შენიშნავს, მოსანათლ ყრმებს არ უშვებდნენ ეკლესიაში, მაშასადამე, სოფელ კოლაში მდგარ ეკლესიას ჰქონდა სენაკის ფორმა და მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა სტოა, ანუ კათაკმეველთა გასაჩერებელი ადგილი. ჩვენი აზრით, ამას ადგილი   უნდა ჰქონოდა II-III საუკუნეებში.

 


საკვანძო სიტყვები:გალობა, ,,წმინდა კოლაელ ყრმათა წამება” კატეგორია: კვლევები ავტორები: ია გრიგალაშვილი