ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ლიტერატურული პარალელები: გალაკტიონ ტაბიძე და ლუის დე კამოენსი

 

სტატიაში გაანალიზებულია გალაკტიონ ტაბიძის მიმართების ხასიათი პორტუგალიური მწერლობის უმნიშვნელოვანეს წარმომადგებელთან – ლუის დე კამოენსთან. გალაკტიონის დღიურებისა და ნაწარმოებთა ავტოგრაფების შესწავლამ  ცხადყო ქართველი პოეტის ინტერესი პორტუგალიური ლიტერატურისადმი, კონკრეტულად, გაირკვა, რომ გ. ტაბიძის ორი ლექსი („ახმაურდეს“, „ინიესა“) პორტუგალიური ლიტერატურის კლასიკოსის ლუის დე კამოენსის პოემიდან – „ლუზიადებიდან“ – მიღებული შემოქმედებითი იმპულსის შედეგად არის შექმნილი და ქართველი პოეტი თავის სათქმელს კამოენსის სტრიქონებზე, პორტუგალიურ ლიტერატურასა და კულტურაზე ალუზიით გამოხატავს.

გალაკტიონის ნაწარმოებების ლუის დე კამოენსის „ლუზიადებთან“ გენეტიკური კავშირის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქართულ და პორტუგალიურ ლიტერატურათა შორის ამგვარი სიახლოვე, მსგავსი მიმართება დღემდე შენიშნული არ ყოფილა.

 


საკვანძო სიტყვები:გალაკტიონი, კამიენსი, ლუზიადები კატეგორია: კვლევები ავტორები: ნათია სიხარულიძე


„ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ წყაროთა საკითხისათვის

 

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ ბერძნული ტექსტის ავტორობის საკითხი უკვე  მრავალი ათეული წლის განმავლობაში შუა საუკუნეების მკვლევართა დაუცხრომელი ინტერესის საგანია. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ კვლევებში ტექსტის ავტორად, შესაბამისი არგუმენტაციით, ასახელებდნენ შუა საუკუნეების სხვადასხვა ავტორიტეტულ მოღვაწეს: იოანე დამსკელს, იოანე სინელს, ეფთვიმე ათონელს, უცნობ საბაწმინდელ ბერ იოანეს და სხვა. საკითხის შესწავლის ისტორია რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

თანამედროვე ეტაპზე თვალსაზრისი ექვთიმე ათონელის ავტორობის თაობაზე ძირითადად გაზიარებულია, მაგრამ ერთი დაზუსტებით: ექვთიმე არის მთარგმნელი ტექსტის, რომელიც შემდგომ გადაუმუშავებია სხვა მწერალს: ერთი აზრით, თავად სვიმეონ მეტაფრასტს (კ. კეკელიძე), რომელიც მეტაფრასტული სტილის ფუძემდებლად  მიიჩნევა, სხვა აზრით კი,  მისი სკოლიდან გამოსულ რომელიმე მწერალს (დ. ლანგი).

ვფიქრობთ, საკითხის შესწავლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ წყაროების შესწავლა, მეორე მხრივ კი, ამ წყაროების დამუშავების პროცესში ბერძნული ტექსტის ავტორის მიერ გამოვლენილი სპეციფიკის ექვთიმე ათონელის მთარგმნელობით მეთოდითან შედარება.

 


საკვანძო სიტყვები:შუასაუკუნეები, მედიევისტიკა, ვარლაამისა და იოასაფის ისტორია, ექვთიმე ათონელი, წყაროები კატეგორია: კვლევები ავტორები: ირმა მაკარაძე


კოლხეთის უძველესი ოქრო – კულტურული წინაპირობა და საერთაშორისო კონტექსტი

 

საქართველოში უძველეს ოქროს ნივთებს ვხვდებით მის აღმოსავლეთ ნაწილში,  ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით დათარიღებულ  ადრეყორღანულ კულტურაში. შუა ბრინჯაოს ხანის ე. წ. თრიალეთის ბრწყივალე ყორღანების კულტურაში (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანები) ოქრომჭედლობა დიდ აღმავლობას აღწევს. ამ კულტურის დაცემის შემდეგ კი, გვიანბრინჯაოს ხანაში, იგი გარკვეულ დეგრადაციას განიცდის და  მისი აყვავების მომდევნო ფაზა, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში, საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხური კულტურიის წიაღში შეინიშნება.

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს მიმოიხილოს ის ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ფონი, რომლის წიაღშიც ჩამოყალიბდა პირველი ათასწლეულის პირველი ნახვერის  კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები.

 


საკვანძო სიტყვები:კოლხეთი, უძველესი ოქრო კატეგორია: კვლევები ავტორები: ნინო ქობალია


დიდი სიახლე ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ

 

წინამდებარე გამოკვლევაში განხილულია დანი­ელი ბიზანტინისტის ქრისტიან ჰეგელის სტატია “ეფთვიმე ათონელი, ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელი და მეტაფრასტი?“, გამოქვეყ­ნებული პარიზში, 2019 წელს. სტატია ქართველოლოგიური მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. მასში შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის დიდი წარმომად­გენლის ეფთვიმე ათონელის შემოქმედება ბიზანტიური მწერლობის პოზიციიდანაა შეფასებული და ახლებური ნიუანსებია გამოვლენილი ქართული ლიტერატურათ­მცოდნეობისათვის. გამოკვლევის ავტორი წარმოადგენს ახალ თვალსაზრისს ეფთვიმე ათონელის ბარლაამ-რომანის ავტორობის პრობლემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე: იოვანე ათონელის ანდერძი, ბარლაამ-რომანის დათარიღება, თხზულების ლემის იოანე – წმინდა საბას მონასტრის ბერი.

 


საკვანძო სიტყვები:ეფთვიმე ათონელი; იოვანე ათონელის ანდერძი; ბარლაამის ლემის იოვანე; ქრისტიან ჰეგელი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


ეფთვიმე ათონელი, ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელი და მეტაფრასტი?

 

სიტყვა მეტაფრასტი სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის გაჟღერდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე X-XI ს-ის ნაყოფიერ მთარგმნელს, ეფთვიმე  ჰაგიორიტს ეხებოდა, მას ეფთვიმე იბერიელადაც ვიცნობთ (ე.ი. ქართველი, +1028 წ.). იგი განსაკუთრებით ცნობილი მის მიერ ბერძნულ ენაზე თარგმნილი ვარლამ და იოასაფით (ზოგან იოსაფატი) (შემდგომში – ბარლაამი) გახდა.[1] ეფთვიმეს ტექსტებს ზოგჯერ „მეტაფრასტულსაც“ უწოდებ­დნენ მეცნიერები, რომელთაც მხოლოდ მწირი ცოდნა ჰქონდათ იმ ფაქტობრივი მასალისა, რომელსაც დღეს ვფლობთ: ეფთვიმეს ბარლაამი მის თანამედროვე მეტაფრასტულ მენოლოგიონთან (ლიტურგიკული ტექსტე­ბის კორპუსი ათ ტომად, რომელიც 148 წმინდანის ცხოვ­რებას შეიცავს)[2] მრავალ შემთხვევაში ამჟღავნებს ტექსტობრივ მსგავსებას. ბუნებრივია, ეფთვიმე ნამდვილად იყო მეტაფრასტი (μεταφράστε) – „მთარგმნელი“, რომელ­მაც სულ ცოტა 170 ბერძნული ტექსტი მაინც გადმოაქართულა; მაგრამ, იყო იგი აგრეთვე „გადამამუ­შავებელი“, μεταφραστές (მახვილით ბოლო და არა ბოლოს წინა მარცვალზე), მსგავსი სიმეონ მეტაფრასტისა?[3] 



* წინამდებარე ნაშრომი შესრულდა დანიის ნაციონალური კვლევითი ფონდის ხელშეწყობით; გრანტი DNRF102ID.1

[1] ეფთვიმეს ცხოვრების შესახებ, იხ.: R. Volk, Die Schriften des Johannes von Damaskos. 6, 1-2, Historia animae utilis de Barlaam et Ioasaph (PTS 60-1), Berlin 2006, 2009, here 6,1, pp. 1-95; B. Martin Hisard, La vie de Jean et Euthyme et le statut du monastère des Ibères sur l’Athos, REB 49, 1991, pp. 67-142. იმ მეცნიერთა შესახებ, რომლებიც ეფთვიმეს თარგმანებს მეტაფრასულს უწოდებენ, ხოლო მას „მეტაფრასტს“, იხ.: The Balavariani: a tale from the Christian East, transl. by D. M. Lang, with an introd. By I. V. Abuladze, Los Angeles 1966, pp. 38-9; Saint John Damascene, Barlaam and Ioasaph, ინგლისური თარგმანი – C. R. Woodward & H. Mattingly, წინასიტყვაობა – D. M. Lang (Loeb classical library), Cambridge MA 1967, pp. xx-xxi and xxxi; და მიმოხილვა – Volk, op. cit., pp. 59-61.

[2] ბერძნულ „ბარლაამსა“ და ბერძნულ ჰაგიოგრაფიულ /მეტაფრასტულ ტექსტებს შორის კავშირი ადრევე იყო შენიშნული, თუმცა არა ნათელი გააზრებით; მაგალითად იხ. შეჯამება ნაშრომისა D. M. Lang, St. Euthymious the Georgian and the Barlaam and Ioasaph Romance, Bulletin of the School of Oriental and African studies 17, 1955, pp. 306-25, უპირატესად pp. 323-5. მეტაფრასტულ მენოლოგიონისა და სიმეონ მეტაფრასტის შესახებ, იხ.: see A. Ehrhard, Überlieferung und Bestand der hagiographischen und homiletishen Literatur der griechischen Kirche (TU 50-2), Leipzig – Berlin 1936-52, ასევე, Ch. Høgel, Symeon Metaphrastes: rewriting and canonization, København 2002.

[3] სიტყვაში მახვილის პოზიციით გამოწვეული განსხვავების შესახებ μεταφράστης “მთარგმნელი” და μεταφραστής, სიმეონ ლოგოთეტისთვის შერქმეული სახელი, იხ.: Ν. Τομαδακης [N. Tomadakes], Εις Συμεώνα τòν Μεταφραστήν, EEBS 23, 1953, pp. 113-38, გვ.115-6. ეფთვიმეს მიერ ნათარგმნი ლიტერატურის შესახებ, რომელიც კ. კეკელიძემ აღწერა, იხ.: M. Tarchnisvili, Die Anfänge der schriftstellerischen Tätigkeit des Hl. Euthymius und der Aufstand von Bardas Skleros, Oriens Christianus 38, 1954, pp. 113-24, გვ. 115, და Volk, Die Schriften. 6, 1 (ციტირებულია n. 1 [სქოლიოს ნუმერაცია – ე.ხ.]), p. 81.


საკვანძო სიტყვები:მეტარასტი, ეფთვიმე ათონელი, ბარლაამ რომანი კატეგორია: კვლევები ავტორები: კრისტიან ჰეგელი


ანთროპონიმთა ტრანსფორმაციის ტიპოლოგია „ვარლაამისა და იოსაფის ისტორიის“ არაბულ, ქართულ და ბერძნულ რედაქციებში

 

ანთროპონიმები – ადამიანთა საკუთარი სახელები ლინგვოკულტუროლოგიური კვლევის საგანია, რადგანაც მათში აისახება სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ ეთნოსის კულტურული და სოციალური კონტექსტი. ანთროპონიმები სხვადასხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია ეთნოსის რელიგიური, თუ მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენებით, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ამა თუ იმ კულტურაში. შუა საუკუნეების ქართული საზოგადოებისთვის კულტურულად რელევანტურია ანთროპონიმებში  ბიბლიური და უფრო სუსტად მითოლოგიური მიმართებების ასახვა, რადგანაც ამ ეპოქაში ქართული  კულტურული იდენტობა შეპირობებულია სწორედ ქრისტიანული რელიგიით.  ამ თვალსაზრისით წინამდებარე კვლევაში შესწავლილი იქნება შუა საუკუნეების ერთერთი პოპულარული თხზულების „ბალავარიანის“ ანთროპონიმები, მათი მიმართება ერთი მხრივ, ქართული ტექსტის წყაროსთან - არაბულ Kitāb Bilawhar wa-Būd̠āsaf  („წიგნი ბილავჰარისა და ბუდასაფისა“) და მეორე მხრივ, თხზულების ბერძნულ თარგმანთან (რომელიც მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით,  ქართულიდან თარგმნილად მიიჩნევა).

კვლევაში გამოყენებულია კომპარატივისტული მეთოდი („ბალავარიანის“ არაბულ-ქართულ-ბერძნული ტექსტების საკუთარ სახელთა შედარებითი ანალიზი), დესკრიფციული მეთოდი, კოგნიტურ- კონცეპტუალური ანალიზის მეთოდი (ასოციაციების კვლევა), ლინგვო კულტუროლოგიური ანალიზი.


საკვანძო სიტყვები:ვარლაამისა და იოსაფის ისტორია, ექვთიმე ათონელი კატეგორია: კვლევები ავტორები: ირმა მაკარაძე