ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის (1844-1854) "კავკასიური პოლიტიკის" შეფასება როგორც ქართულ, ისე რუსულ წყაროებსა თუ ლიტერატურაში დიამეტრულად განსხვავებულია - უაღრესად პოზიტიურიდან (დ. ყიფიანი, ა. წერეთელი, მ. შჩერბინინი, მ. მაკიევსკი-ზუბოკი, ა. ჯორჯაძე, მ. თამარაშვილი, შ. ამირეჯიბი, ს. ყუბანეიშვილი...) უკიდურესად ნეგატიურამდე (ნ. ავალიშვილი, მ. კატკოვი, ვახტ. კოტეტიშვილი, ლ. ასათიანი, გ. აბზიანიძე, რ. ჩხეიძე, ნ. ვახანია...). საკითხის სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მ. ვორონცოვი კავკასიაში ჩამოვიდა საფუძვლიანად გააზრებული რეფორმისტული გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს (ზოგადად - კავკასიის) პოლიტიკურ-ეკონომიკურ შერწყმას რუსეთის იმპერიაში და ამასთანავე, ევროპეიზაციის გზით ქართული კულტურის აღორძინებას. მეფისნაცვლის ამ გეგმის პრაქტიკულმა განხორციელებამ 1840-1850 წწ. საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, მისი ინტენსიური და შეუქცევადი ევროპეიზაცია, გამოიწვია. ვორონცოვის ხელშეწყობითა და ქართველ მოღვაწეთა განმსაზღვრელი მნიშვნელობის მონაწილეობით გაშლილმა მიზანმიმართულმა და გეგმაზომიერმა კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკამ წარმოშვა პროცესი, რომელიც 1860-იან წწ. ი. ჭავჭავაძის (ზოგადად - "თერგდალეულთა") მიერ ახალი დროის მოთხოვნათა შესაფერისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობრივ და ლიტერატურულ პრინციპებზე დაფუძნებული ეროვნული იდეოლოგიის შექმნითა და დამკვიდრებით დასრულდა.
საკვანძო სიტყვები:ვორონცოვი, „კავკასიური პოლიტიკა“, ევროპეიზაცია, „თერგდალეულები“ კატეგორია: კვლევები ავტორები: თამაზ ჯოლოგუა
უძველესი ქართული გალობა "წმიდა კოლაელ ყრმათა წამებაში"
„წმიდა კოლაელ ყრმათა წამების” შექმნის თარიღის განსაზღვრა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ყოველთვის ბადებდა აზრთა სხვადასხვაობას. უკანასკნელი პერიოდის ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პოპულარული ხდება თვალსაზრისი, რომ „წმიდა კოლაელ ყრმათა წამება” დაწერილია სწორედ II-III საუკუნეებში. ამ მოსაზრების სასარგებლოდ წინამდებარე სტატიაში ვამტკიცებთ, რომ ყრმათა სპეტაკი სამოსლით შემოსვა, მათი წყალში ჩაფვლა, ნათლობისას მოძღვრის მიერ იმპროვიზირებული გალობის წარმოთქმა დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო II-III საუკუნეების საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის. ძნელია განვსაზღვროთ, "წამების" ტექსტში ჩართული გალობა ნათარგმნია რომელიმე ენიდან, თუ ავტორი მას იმპროვიზაციით წარმოთქვამს. ერთი რამ ცხადია, რომ მთარგმნელი ქართული ენის ბუნებას და ქართულ გარემოში დამკვიდრებულ იმჟამინდელ ლექსთწყობისა და გალობის, ან წარმართული ჰიმნის ფორმას უნდა დაყრდნობოდა. ფაქტია, რომ გალობას რიტმული ხასიათი აქვს. ჩვენ ის ტაეპებად დავყავით. როგორც "წმინდა კოლაელ ყრმათა წამების" ავტორი შენიშნავს, მოსანათლ ყრმებს არ უშვებდნენ ეკლესიაში, მაშასადამე, სოფელ კოლაში მდგარ ეკლესიას ჰქონდა სენაკის ფორმა და მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა სტოა, ანუ კათაკმეველთა გასაჩერებელი ადგილი. ჩვენი აზრით, ამას ადგილი უნდა ჰქონოდა II-III საუკუნეებში.
საკვანძო სიტყვები:გალობა, ,,წმინდა კოლაელ ყრმათა წამება” კატეგორია: კვლევები ავტორები: ია გრიგალაშვილი
ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი (მოკლე მიმოხილვა)
ქართული ლექსის გენეზისი წინაქრისტიანულ ხანას უკავშირდება. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში ფიქსირებული რითმა და მეტრი კი უფრო ადრეა გამოვლენილი, ვიდრე ინდოევროპულ ლექსში. ქართული ლექსის ისტორია ოთხ რეფორმატორს იცნობს: შოთა რუსთაველს, დავით გურამიშვილს, ნიკოლოზ ბარათაშვილსა და გალაკტიონ ტაბიძეს. აღმოსავლური და ევროპული მყარი სალექსო ფორმები (იამბიკო, მუხამბაზი, სონეტი და ა. შ.) აითვისა ქართულმა ლექსმა, თუმცა მის ძირითად საზომებად მაინც დამკვიდრებულია: შაირი (4444, 3535), შავთელური (55/55), ბესიკური (5/4/5) და სხვ. პირველი ქართული ლექსმცოდნეობითი ტრაქტატი მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკი. ლექსის სწავლის წიგნი“ (1731 წ.) დღემდე ინარჩუნებს არა მარტო ისტორიულ, არამედ თეორიულ ღირებულებას ქართული ლექსის ბუნების განსაზღვრის დროს. XX ს. I ნახევარში ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ ლექსმცოდნეობაში სერგი გორგაძის „ქართული ლექსით“ (1930), ხოლო XX ს. II ნახევარში — აკაკი გაწერელიას „ქართული კლასიკური ლექსით“ (1953); XXI ს. დამდეგი კი აღინიშნა აკაკი ხინთიბიძის მონოგრაფიით „ქართული ლექსის ისტორია და თეორია“ (2009). ქართული ლექსის სამეცნიერო კვლევის გზაზე დღემდე უმთავრეს საკითხად რჩება ეროვნული ვერსიფიკაციის (ლექსწყობის) ბუნების დადგენა: ქართული ენის ფონოლოგიური სისტემის ორიგინალურობის გამო იგი მთლიანად არც სილაბურია და არც სილაბურ-ტონური, ამიტომაც ჭირს მისი ჩაკეტვა ლექსწყობის რომელიმე ცნობილ სისტემაში.
საკვანძო სიტყვები:რითმა, მეტრი, სილაბურობა, სილაბურტონურობა კატეგორია: კვლევები ავტორები: თამარ ბარბაქაძე
ამაზონთა სახელდების საკითხისათვის [ეტიმოლოგიური ძიება]
„ამაზონ“ ფუძეში, ვფიქრობთ, რომ ქართული ენის კვალი იკითხება, რომელიც რამდენიმე საყურადღებო არგუმენტითაა შეპირობებული; კერძოდ, მნიშვნელოვანია აპიანეს (II ს.) ცნობა იმის შესახებ, რომ „მეომარ ქალებს იქაური ბარბაროსები საერთოდ ამაძონებს უწოდებდნენ“, რაც მიანიშნებს ამ სახელდების არაბერძნულ წარმოშობაზე. ამასთან, სახელურ ფუძეში ჭანური -ონ აფიქსი უნდა გამოვყოთ, რომელსაც დიაქრონიულად ქონა-ყოლისა და მსგავს საგანთა სიმრავლის გამოხატვის ფუნქციები ჰქონდა. ჰეროდოტეს ცნობის მიხედვითაც, ამაზონთა სკვითური დასახელება „ოჲორპატა“ რთული შედგენილობის სიტყვა მოჩანს და ის ელინურად ითარგნებოდა, როგორც „კაცთმკვლელები“. ამათგან „ოჲორ“ აღნიშნავდა „მამაკაცს“ (//მამაცს), ხოლო „პატა“ მოკვლას“ [ჰეროდოტე]. ვფიქრობთ, რომ სკვითური რთული ფუძის პირველი სეგმენტი ქართული „[მ]ამაც“ ფუძის ერთგვარ კალკს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც ქართველური ენების გავლენით შეიძლებოდა გაჩენილიყო სკვითურ ენაში. გამომდინარე ნათქვამიდან, მიგვაჩნია, რომ ლექსემა „ამაზონ-[ი]“ თავისი წარმოშობით ქართველურია და მასში წინაპოზიციური „მ“ თანხმოვანი, სავარაუდოდ, ბერძნულენოვან სამყაროში სიტყვის სემანტიკური დატვირთვის არცოდნის გამო დაიკარგებოდა; ანუ ქართული *მამაც-ონ-[ი] ბერძნულ ენაში *ამაც-ონ ამაზ-ონ//ამაძ-ონ ვარიანტებს მოგვცემდა; ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა მამაცთა (აქ: მამაც ქალთა) ერთობლიობა, მათი ლაშქარი. საკვანძო სიტყვები:ამაზონები, ბერძნულ-ბიზანტიური წყაროები, ქართველური ტომები. კატეგორია: კვლევები ავტორები: ინგა სანიკიძე
სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის
სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში არქეოლოგიური კულტურების გავრცელების ფარგლები ძვ. წ. III ათასწლეულიდან ტრადიციულია და იგი თითქმის ზუსტად თავსდება აღმოსავლეთ საქართველოს თანამედროვე საზღვრებში. ეს გასათვალისწინებელი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნოკულტურული პრობლემების ძიების დროს. საკვანძო სიტყვები:მტკვარ-არაქსის კულტურა, ბედენის კულტურა, თრიალეთის კულტურა, ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურა კატეგორია: კვლევები ავტორები: კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური
რომელი ენიდანაა თარგმნილი საქმე მოციქულთას ქართული ვერსია?
ქართული ბიბლიური ტექსტების წარმომავლობის საკითხი დღესაც ქართველოლოგიურ მეცნიერებათა ერთ-ერთ კარდინალურ პრობლემად რჩება. თუ რომელი ენიდან იყო თარგმნილი ბიბლიურ წიგნთა უძველესი ქართული რედაქციები, ამ საკითხს, არა კომპლექსურად, მაგრამ ცალკეულ წიგნთა თუ რედაქციათა მაგალითზე, ბევრი ქართველი თუ უცხოელი მკვლევარი შეხებია. ევროპულ აღმოსავლეთმცოდნეობაში და ნაწილობრივ ქართველ ფილოლოგთა წრეშიც თანდათანობით ის აზრი გახდა პოპულარული, რომელიც ნ. მარის, ი. მოლიტორის, რ. ბლეიკის, ი. ასფალგის და კიდევ სხვათა მიერ ჩატარებული კონკრეტული ძეგლების ანალიზის საფუძველზე ქართულ ბიბლიურ წიგნთა უძველეს თარგმანებს სომხური ენიდან შესრულებულად თვლის. უკანასკნელ ათწლეულებში ქართულ მეცნიერებაში ამ შეხედულების ალტერნატიული თვალსაზრისი გამოიკვეთა, რომელიც ბიბლიური წიგნების თავდაპირველ ქართულ რედაქციებს უპირატესად ბერძნულ დედნებს უკავშირებს და სომხურის კვალს შემდგომი ეპოქის გადამუშავებად მიიჩნევს. ეს თვალსაზრისი ეფუძნება შუასაუკუნეების საქართველოში დამკვიდრებულ აზრს, უძველესი ქართული თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტერმინოლოგიის ფაქტებს, ბიბლიური ტექსტების ხანმეტური ფრაგმენტების უახლეს ფილოლოგიურ ანალიზს, სომხურ-ქართული საეკლესიო და კულტურული ურთიერთობების ისტორიული პროცესის მონაცემებს (იხ.: ხინთიბიძე ე., ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში, თბ. 2003, გვ. 217-220) (See: Khintibidze E., Georgian Literature in European Scholarship, Amsterdam 2001, pp. 191-194). ამ პრობლემას ეხება ბერნარ უტიეს წინამდებარე ნარკვევი, რომელიც კონკრეტულად საქმე მოციქულთას უძველესი ქართული რედაქციის სომხურიდან მომდინარეობის თვალსაზრისს კრიტიკულად განიხილავს და დაასკვნის: ”ზუსტი არ ჩანს პროფ. გარიტისა და ევროპაში ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ საქმე მოციქულთა თარგმნილია სომხურიდან.” რედაქტორი საკვანძო სიტყვები:ქართული ბიბლიური ტექსტები კატეგორია: კვლევები ავტორები: ბერნარ უტიე |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|