ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ნინო პოპიაშვილი

 

ქართული ჰაგიოგრაფიის ჟანრული შედგენილობა და პარადიგმული სისტემა

 

ქართული მწერლობა მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ქმნის, რომელსაც წინ ფოლკლორული და მითოსური აზროვ­ნება და მსოფლმხედველობა უძღვის. უძველეს მითოსურ კულტურას განაპირობებდა წარმართული პანთეონის სისტემა, რომელიც ანტიკური პერიოდის ქართულ ისტორიასა და ფოლკლორში დასტურდება: მზისა და მთვარის ღვთაებები, ცეცხლის ღმერთი, მიჯაჭვული გმირი, ფიზიკურად ძლიერი გმირის ესთეტიკა, ქალი-ღვთაებები და სხვ. მითოსური შრეები და აზროვნების წესი როგორც მრავალფეროვან ქართულ ფოლკლორში, ისე ქართულ ლიტერატურაში და არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ ქრისტიანულის მომდევნო პერიოდის ქართულ ლიტერატურაში, მრავალგან ვლინდება. ლიტერა­ტუ­რული ტრადიციები და ლიტერატურული ენა ხშირად ხანგრძლი­ვი პერიოდის განმავლობაში ზეპირსიტყვიერების სახით არსებობს [7, 200-201]. უძველესი ქართული თხზულებები ამჟღავნებს მხატვრული ტექსტის ფორმის, შინაარსისა და ენობრივი გამომსახველობის მთლიანობას. „პირველივე ქართუ­ლი წერილობითი ძეგლები ახალი წელთაღრიცხვის V საუკუ­ნი­დან მკაცრად სტანდარტიზებულ ენაზეა შექმნილი. სტანდარ­ტი­ზა­ცია დამახასიათებელია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში შექმნილ წერილობითი ძეგლებისთვის“ [6, 63]. იმ დროისათვის, რომელი პერიოდიდანაც ქართული ლიტერა­ტუ­რუ­ლი ძეგლები მოგვეპოვება, ქართული ენა უკვე ჩამოყა­ლი­ბებული სამწერლო ენაა, რომელშიც სრულფასოვნად აისახება მხატვრული სახეები, ლიტერატურული არქეტიპები და მოდელები.

ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უშუალო კავშირშია ქართული ლიტერატურის განვითა­რებასთან. ის ფაქტი, რომ უძველესი ქართული ლიტერატურის ძეგლები უკვე ამჟღავნებს ენობრივი და ლიტერატურული ნორმების სტრუქტუ­რულობას, მიანიშნებს, რომ ქართული მწიგნობრული ენა უძველეს ხანაში ფორმირდებოდა. „ქართული მწიგნობრობა თავიდანვე, უძველეს ნაშთებში, წინ გვიშლის განვითარებულს სალიტერატურო ენას. ცხადია, საეკლესიო მწიგნობრობას არ შეუქმნია იგი. სალიტერატურო ქართული ენა ქრისტიანობამდის ადრე გადამუშავებული უნდა ყოფილიყო და ქრისტიანულ მწიგნობრობას იგი მხოლოდ თავისთვის საინტერესო ნაწილში განუვითარებია“ [11, 1938].

ქართული ლიტერატურის მაღალი განვითარება შესაძ­ლოა ქართული ენის საერთაშორისო ენებთან ღრმა კავშირის შედეგი იყოს [8, 1993]. ლიტერატურის ისტორიის ევროპულ კვლევებში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღნიშნავდნენ, რომ ქართულ ლიტერატურას მჭიდრო კავშირი ჰქონდა დასავ­ლეთისა და აღმოსავლეთის ლიტერატურებთან, მათ შორის, უძველეს პერიოდსა და ადრეულ შუასაუკუნეებში, ბერძნულ ლიტერატურასთან. 1859 წელს გერმანიაში გამოქვეყნებული უნივერსალური ლექსიკონში აღნიშნულია: „ქართული ლიტერა­ტურა საკმაოდ მდიდარია, თუმცა მის განვითარებაში მრავალი გავლენა შეიმჩნევა ბიზანტიური, ბერძნული, შემდეგ კი სომხური, სპარსული, ისევე როგორც ახალი დროის დასავლეთის ლიტე­რატურისა. მეცნიერება და პოეტური ხელოვნება საქარ­თველოში ძალზედ თაყვანცემულია, ისევე, როგორც ბიზანტიურ სათავა­დოებში, ქართველ თავადთა და აზნაურთა შორის საპატიოდ ითვლებოდა ლიტერატურული საქმიანობა“ [3, 209-210].

ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობები მრავალ ასპექტში გამოიხატებოდა: როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ, სოციალურ და, ბუნებრივია, ლიტერატურულ კავშირებში. „ბიზანტიურ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობას მრავალ­საუ­კუნოვანი ისტორია აქვს. ქართული ლიტერატურა და კულტურა V საუკუნიდან დაწყებული ბიზანტიის იმპერიის დამხობამდე ვითარდებოდა დიდ ბიზანტიურ მწერლობასთან მჭიდრო კონტაქტში. ბერძნული ენიდან ქართულზე ინტენსი­ურად ითარგმნებოდა ბიზანტიური ლიტერატურის საუკეთესო ნაწილი“ [15, 7]. აღნიშნული ურთიერთობები აისახა ჰაგიოგრა­ფიაზეც, როგორც მყარი სტრუქტურისა და მოდელის ლიტერა­ტურაზე, რომლის ტრანსლირება, თარგმნა, მათ შორის, სიტყვასიტყვითი, ან თავისუფალი თარგმნა, რედაქტირება, შემოკ­ლება და განვრცობა არ არღვევდა ჰაგიოგრაფიულ ნორმებს, რადგან ჰაგიოგრაფიული ჟანრის მოდელები უცვლე­ლად გადადიოდა ენიდან ენაში, მოკლე რედაქციიდან ვრცელ რედაქციაში და პირიქით. ლიტერატურული ურთიერთობების ამგვარი მაგალითები მრავლად მოიპოვება ქართულ-ბერძნულ ჰაგიოგრაფიაში, მათ შორის, თარგმანების ნაწილში, რომელთა ორიგინალები დაკარგულია და მხოლოდ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაშია შემორჩენილი.

ქართული ლიტერატურის პირველი ტექსტები დასრულე­ბული ლიტერატურული ნაწარმოებებია, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სტრუქტურა, ასახვის თავისებურებები, მოდელები და პარადიგმები, რაც ჰაგიოგრაფიული დარგის ძირითად პრინციპებს იცავს და ასახავს. ჰაგიოგრაფიული მოდელის კვლევისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰაგიოგრაფიაში როგორც მოდელები, ისე მწერლის ენა არის სტანდარტიზებული და ნორმირებული, რადგან დადგენილი და ნორმირებულია როგორც სიუჟეტური განვითარება, ისე – ენობრივი გამომ­სახ­ველობა. მასში კონკრეტული ფორმული­რებებით, სტერეო­ტიპებად ქცეული ენობრივი კლიშეებით ვითარდება თხზულების სიუჟეტური ხაზი და ასევე იკვეთება მთავარი გმირის სახე. ჰაგიოგრაფიის სტანდარტიზებული ენა ემსახურება ჰაგიოგრა­ფიული მოდელების ასახვას, თუმცა მხატვრული, ანუ პოეტური გამომსახველობის ენა არის სრულიად ინდივიდუ­ალური და თავისუფალი, მათ შორის, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში.

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ასახვის თავისებურებების შესახებ ქართულ სამეცნიერო სივრცეში მრავალმხრივი შეხედუ­ლებები არსებობს. ამ მხრივ აღსანიშნავია კ. კეკელიძის, ალ. ბარამიძის, ლ. მენაბდის, ე. ხინთიბიძის, რ. სირაძის, რ. ბარა­მიძის, გ. ფარულავას, ლ. გრიგოლაშვილის, ბ. კილანავას, ს. სი­გუას, დ. მენაბდის, მ. ელბაქიძის, გ. ალიბეგაშვილის, ი. ამირ­ხანაშვილის, ლ. გრიგოლაშვილის, ნ. სულავას, ხ. ზარიძის, ნ. გონ­ჯი­ლაშვილის, ს. მეტრეველის, გ. კუჭუხიძისა და სხვათა ნაშრომები.

კ. კეკელიძის აზრით, „ქართული აგიოგრაფია დასაწყის პერიოდში უმთავრესად პალესტინაში დამუშავებულა. ეს ჩანს, პირველ ყოვლისა, იქიდან, რომ ძველ აგიოგრაფიულ ძეგლებში ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე მინეოლოგიური ტიპი ან რიგი წმიდანთა ხსენების დალაგება-შეწყობისა, სახელდობრ – იერუსალიმურ-პალესტინური. მერე, ჩვენ დრომდე შენახულა ეგრეთ წოდებული პალესტინის პატერიკის თარგმანი“ [10, 1980]. იერუსალიმურ-პალესტინური ლიტურგიკული და საღვთისმეტყ­ველო წიგნები უადრესია და წინ უძღვის ბიზანტიურ და რომაულ საეკლესიო და საღვთისმსახურებო ტიპიკონებს. ქართული ჰაგიოგრაფიის მოდელთან მიმართებით აღნიშნულია აგრეთვე, რომ „ლიტერატურული მოდელი, რაც ქართულმა სასულიერო მწერლობამ შექმნა, თავისებურია, სათანადო მსოფლაღქმის სპეციფიკით გაშუქებული [14, 4]. ჰაგიოგრაფიის მკვლევარი ხ. ზარი­ძე აღნიშნავს: „ჰაგიოგრაფიის მკვლევართაგან დიდი ხანია მიღებულია თვალსაზრისი, რომ ამ ჟანრში პიროვნება არ აისა­ხე­ბოდა. მისთვის იყო ზოგადი სახე სპეციფიურად გააზ­რებული ადამიანისა“ [9, 15]. ჰაგიოგრაფია, როგორც მყარი მოდელის სისტემა „ხდება ტრაფარეტული“, იქმნება სტილის­ტური სამკაუ­ლები, რომლებიც შტამპად იქცევა [16, 162]. ჰაგიოგრა­ფიას ენიჭება „უტილიტარული ფუნქცია“ [4, 8]. ჰაგიოგ­რაფიული პერსონაჟების შემთხვევაში კი ვხვდებით „შემცი­რე­ბულ ინდივი­დუ­ალობას“ [1, 51], სადაც თითქმის შეუძლებელია ადამიანის სახის შეგრძნება, გმირების აღსას­რულიც კი ამაღლებული და ჰეროიკულია.

ჰაგიოგრაფიული გმირის ასახვისას ძირითადი აქცენტები გადატანილია არა ინდივიდუალობაზე, არამედ საერთო სქემაზე, „ადამიანის იმდროინდელი იდეალის შესაბამისი გმირის სახეში“ [13, 101],  ერთ შემთხვევაში, ჰაგიოგრაფიული თხზულების გმირი ქრისტიანი იყო, ბავშვობიდანვე „მოშიში ღმრთისაი“ (იაკობ ცურტაველი), ან, უფრო მეტიც, „საშოითგან დედისაით შეწირულ ღმერთსა“ (გიორგი მერჩულე). მეორე შემთხვევაში კი, გმირს ეთნიკურ ქართველობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, კონფესიურად კი „სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელ“ (იოანე საბანისძე) იყო, ანუ იმ სარწმუნოებას წარმოადგენდა, რომელიც იმ პერიოდისათვის საქართველოში დაპირისპირებული იყო ქრისტიანობასთან. სარწმუნოებასთან ერთად, იგულისხმება ეთნიკური ფაქტორიც. შესაბამისად, ხაზგასასმელია, რომ პერსონაჟის ასახვის მსგავსი მოდელი ითვალისწინებდა სარწმუნოებრივ და ეთნიკურ დაპირისპირებას. მოდელის განვი­თა­რების შემდგომი ეტაპის მიხედვით, პერსონაჟი უარყოფს თავის რელიგიას, მას აწამებენ ქრისტიანობისათვის და ქართული ეკლესია წმინდანად შერაცხავს. „თუ პარალელურად განვიხილავთ ქრისტიანულ წმინდანებს, შევამჩნევთ, რომ არსე­ბობს ერთიანი და თანმიმდევრული პარადიგმა. ტრადი­ციული ჯაჭვის დასაწყისში ადრეული ქრისტიანობის მოწამეების ცხოვრება შედგება ბიბლიური მოწამეების, უპირველეს ყოვლისა, ნაზარეთელი იესოს მისწრაფებებისა და ბედისწერის შესაბამისად“ [2, 35].

ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის მოდელზე მსჯელობისას ძირითადად გამოიყენებოდა ორგვარი დეფი­ნიცია: „მარტვილოლოგია“, ანუ „წამებანი“ და „წმინდანთა ცხოვრება“, ანუ „ცხოვრებანი“. აღნიშნული პარადიგმა შეიძლება შემდეგნაირად გამოისახოს:

 

 

ქართული ჰაგიოგრაფიის მოდელის კვლევისას მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ეთნიკური, რელიგიური და გენდერული საკითხების განხილვაც. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც „ცხოვრებანის“, ისე „წამებანის“ მთავარი გმირები ეთნიკურად ქართველებიც არიან და უცხოელებიც. მაგალითად, ქართველები არიან ილარიონ ქართველი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე და ექვთიმე მთაწმინ­დელები, გიორგი მაწმინდელი და სხვ. ხოლო უცხოელებს შორის შეიძლება დავასახელოთ წმინდა ნინო, ევსტათი მცხეთელი, ცამეტი ასურელი მამა, აბო თბილელი და სხვ. აღნიშნული კი გრაფიკულად ასე შეიძლება გამოვსახოთ:

 

 

გენდერული ნიშნით დაჯგუფების შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჰაგიოგრაფიაში, როგორც „ცხოვრებათა“, ისე „წამებათა“ ჟანრებში, აღწერილია ქალ და მამაკაც წმინდანთა და მარტვილთა ცხოვრება და მარტვილობა. ამასთან, გენდერული და ეთნიკური ჯგუფების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ქართული ჰაგიოგრაფიის როგორც „ცხოვრებათა“, ისე „წამებათა“ ჟანრებზე.  

მარტვილოლოგიურ ჟანრში შესაძლებელია ვიმსჯელოთ გმირის ეთნიკური კუთვნილებაზე, ასევე, კონფესიურ საკითხზე, კერძოდ, დაბადებით ქრისტიანებზე და სხვა სარწმუნოებიდან ახლადმონათლულ გმირებზე.

ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების ერთი ნაწილის პერსონაჟები პროზელიტები არიან. მათ შორის, ნაწილი ეთნიკურად ქართველია (კოლაელი ყრმები), ნაწილი კი, უცხოელი. მაგალითად, რაჟდენ პირველმოწამე სპარსია, ასევე, ევსტათი მცხეთელი სპარსია, აბო თბილელი – არაბი. პროზელიტთა შესახებ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შექმნისას ავტორთა მოტივაცია ორმხრივად არის ხაზგასასმელი: ერთი მხრივ, მოწამეთა ცხოვრების აღწერა მნიშვნელოვანია ქრისტი­ა­ნული თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, უცხოელ პროზელიტთა სარწმუნეობრივი ღვაწლის აღწერა მნიშვნელო­ვანია სწორედ ეროვნული, ნაციონალური თვალსაზრისითაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული ჰაგიოგრაფიის უცხოელი პროზელიტები, რომლებიც მოწამეები არიან, სწორედ იმ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნიან, რომლებიც აწამებენ გმირს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პროზელიტიზმის ეს სახე, უცხოელის, სხვა ეთნოსის პროზელტიზმი და მეწამეობრივი აღსასრული, ქრისტიანულ სარწმუნოებაში ძალზე იშვიათია და ამას ქმნის ქართული პოლიტიკური გარემო. როგორც ცნობილია, ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს რომის იმპერია სამხრეთ კავკასიის მიმართულებით გაფართოვდა, დასავლეთ საქართველოსთან, მაშინდელ ეგრისის სამეფოსთან დადო ზავი და დაიმორჩილა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო, ანუ იბერიის სამეფო, რომის იმპერიის ვასალი იყო მის დასუსტებამდე, ხოლო შემდგომ, სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცა. IV საუკუნეში, სადაც სპარსელებმა გააუქმეს მეფობა და მმართველებად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. „რომის ექსპანსიას აღმოსავლეთისაკენ სასანური ირანის იმპერია ვერ შეურიგდებოდა, IV-ს-ის მეორე ნახევრიდან იგი თანდათან ძლიერდება და უტევს რომს, რომელიც უკან იხევს. 60-იან წლებში მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება IV-ს-ის ბოლოს ზავით გაფორმდა, რომლის შედეგად სადემარკაციო ხაზი იქნა გავლებული ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ იმპერიას შორის, სამხრეთ კავკასიასაც შეეხო. სომხეთის დიდი ნაწილი ირანის მფლობელობაში გადავიდა. ქართლის სამეფოც ორად იქნა მათ შორის გაყოფილი და შემდგომშიც აღმოსავლეთ საქართველოში გავლენის სფეროთა განაწილებისათვის ბრძოლა არ შეწყვეტილა სასანური ირანის არაბთაგან საბოლოო დამხობამდე“ [12, 3].

სპარსელი რაჟდენ პირველმოწამისა და ევსტათი მცხეთელის მარტვილოლოგიური აღსასრულის დროს, ქართლი სპარსელების გავლენის ქვეშ არის. არაბი აბოს მოწამეობრივი აღსასრულის დროს კი ქართლში მეფობა მოშლილია, არაბი ამირა განაგებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას. ქართლში ქრისტიანობა დამკვიდრებულია, ეკლესია-მონასტრები ფუნქციონირებს, ნათლობა ნებადართულია და არ ისჯება. ამავდროულად, ვინაიდან ქართლი გაქრისტიანებულია, პროზელიტიზმის საჭიროება არ დგას, თუმცა ქართლის პოლიტიკური ვითარების გამო, რადგან შიდა პოლიტიკურ მართვას სპარსელები და, შემდგომ, არაბები ხელმძღვანელობენ, უცხოელის, მათ შორის, მათი ეთნოსის წარმომადგენლის მიერ სარწმუნოების შეცვლა, ანუ პროზელიტიზმი, დასჯის მიზეზი ხდება, ხოლო ჰაგიოგრაფი ავტორისათვის კი – წმინდანის მოწამეობრივი აღსასრულის აღწერის მიზეზი. ვფიქრობთ, სწორედ ამ მიზნების გამო იქმნება უცხოელ პროზელიტთა შესახებ ჰაგიოგრაფიული თხზულებები, სადაც პერსონაჟის განზოგადება ხდება ჰაგიოგრაფიული მოდელის პარადიგმაში, რაც უცხოელი ეთნოსის პერსონაჟის ასახვის მოდელის შექმნას განაპირობებს. ეს არის დამატებითი პარადიგმა, ქრისტიანობის დამკვიდრების, ჰაგიოგრაფიული ჟანრის დამკვიდრებისა და განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც პროზელიტიზმის საჭიროება განპირობებულია არა ქრისტი­ანო­ბის გავრცელებისათვის, არამედ ქრისტიანობის შენარჩუნე­ბისათვის. ამასთან, პროზელტიზმი, როგორც ფაქტი, აღინიშნება უცხოელი ეთნოსის, მათ შორის, ქართლში მმართველი ძალის წარმომადგენლებს შორის, რასაც დამატებითი პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ასევე, ლიტერატურული მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობთ, პროზელიტიზმის ეს თავისებურება შესაძლებელია ქართული ჰაგიოგრაფიის ნაციონალურ თავისებურებადაც დასახელდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ჰაგიოგრაფიაში დასაწყისიდანვე აისახე­ბოდა ქართული, ნაციონალური პრობლემატიკა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფია, როგორც უნივერსალური მოდელი, თავის თავში მოიაზრებს და შეიცავს ნაციონალურ შემადგენელსაც, „ეროვნული ისტორიზმის“ პრინციპს, [5, 10], რაც ნაციონალურ ისტორიაში, კულტურულ მემკვიდრეობაში, ტრადიციაშია ასახული და ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში დამატებითი ან შემავსებელი ფუნქციები აქვს. კ. კეკელიძე ქართულ ჰაგიოგრაფიაში ნაციონალური შემადგენლის არსებო­ბას მე-8, მე-10 საუკუნიდან აღნიშნავს და ამ პერიოდს „ეროვნულ ხანას“ უწოდებს. ქართულ ჰაგიოგრა­ფიულ, ასევე, ეკლესიურ და ზოგადად, ქრისტიანულ პრაქტიკაში ვხვდებით ნაციონალურ ელემენტებს, განვითარდა ორიგინა­ლური მწერლობა, შემუშავდა ნაციონალური ჰაგიოგ­რაფია, დაინერგა ქართველ წმინდანთა ხსენების დღეები, დაწესდა „წმინდა ქართული დღესასწაულები ეროვნული წმინდანებისა და სხვადასხვა ეროვნული თარიღის აღსანიშ­ნავად. ახალი დღესას­წაულები ასახულია კალენდრებსა და ლექციონარ-კანონებში“ [15, 96]. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ქრისტიანული სტანდარტიზაცია და მოდელები შენარჩუნებულია როგორც ჰაგიოგრაფიის, ისე საეკლესიო ღვისმსახურების პირობებშიც.

 მარტვილოლოგიურ ჰაგიოგრაფიაზე დაკვირვება აჩვე­ნებს, რომ ოპოზიციური წყვილი: გმირი და ანტიგმირი სქემატიზებული და ნორმირებული სახეებია. აღნიშნული სქემა სრულიად საერთოა წამებათა ჟანრის თხზულებებისათვის, თუმცა თემატური საკითხები, როგორიცაა გმირის ეროვნება, ან განსხვავებული სარწმუნოება, ჰაგიოგრაფიულ მოდელს ავსებს დამატებითი კომპონენტებით, ზოგ შემთხვევაში კი, ცვლის პარადიგმას და ამძაფრებს არსებულ მოდელს ექსპრესიული ელემენტებით.

როგორც აღინიშნა, მარტვილოლოგიური ჟანრი შედგება ორი ძირითადი თემატური ჟანრისაგან: დაბადებით ქრისტიანი და პროზელიტი, ორივე თემატური ჟანრი, თავის მხრივ, მოიცავს ეთნიკურობის მიხედვით ორ თემატურ ჟანრს: ქართველი მოწამე და უცხოელი მოწამე, ასევე, პროზელიტის შემთხვევაში, ქართველი პროზელიტი მოწამე და უცხოელი პროზელიტი მოწამე. აღნიშნული მოდელები შესაძლებელია გრაფიკულად ასე გამოისახოს:

დასკვნის სახით უნდა ითქვას შემდეგი: ქართული ჰაგიოგრაფია შესაძლებელია დავაჯგუფოთ როგორც ჟანრობ­რივი და თემატური პარადიგმების გათვალისწინებით, როგორებიცაა „ცხოვრებანი“ და „წამებანი“, ასევე ეთნიკური, რელიგიურ-კონფესიური და გენდერული ასპექტების მიხედვით. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ჟანრობრივი და თემატური შედგენილობა იცნობს როგორც ზოგადჰაგიოგრაფიულ, ისე ეროვნულ თემებსა და მოტივებს. ქართულ ჰაგიოგრაფიაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ იგი, როგორც ჩვენამდე მოღწეული ქართული ლიტერატურის დასაწყისი, ასახავს ფოლკლორული და მითოსური მსოფლმხედველობის თავისებურებებს, ასევე, ენობრივი ნორმების განვითარებასა და სტანარტიზაციას, ამასთან ერთად, ქართულ ჰაგიოგრაფიაში ასახულია აღმოსავ­ლეთ და ბიზანტიურ ადრექრისტიანულ ლიტერატუ­რასთან ურთიერთობის გამოცდილება, ჰაგიოგრა­ფიული პარადიგმული სისტემის ზოგადქრისტიანული და ნაციონალური მოდელები. მათ შორის, უცხოელთა პროზელიტიზმის ასახვის თავისებუ­რებები, რომელიც ქმნის ჰაგიოგრაფიის არსებულ მოდელში ნაციონალურ თავისებუ­რებას და ემყარება სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას.

ბიბლიოგრაფია:

  1. Aland, B.,  Literarische Konstituierung von Identifikationsfiguren in der Antike, hrsg. von Barbara Aland, 2003.
  2. Galley, S., Jüdische und christliche Heilige — Ein Vergleich. Zeitschrift Für Religions – Und Geistesgeschichte, 57 (1), 2005. s. 29-47: www.jstor.org/stable/23898707
  3. Pierer's Universal-Lexikon, Band 7. Altenburg 1859
  4. ამირხანაშვილი ი., „აგიოგრაფიის სტილის საკითხები (თეორიული შენიშვნები)“, სჯანი, #13, 212,  გვ. 8-14
  5. ამირხანაშვილი ი., „სიტუაციის კომპოზიცია აგიოგრაფიაში“, სჯანი, #12. 2011, გვ. 9-15
  6. ბოლქვაძე თ., „ენის სტანდარტიზაცია და დიალექტები“. კრებულში: ქართველური მემკვიდრეობა VII, 2003, გვ. 63-72
  7. გამყრელიძე თ., წერის ანბანური სისტემა და ძველი ქარ­თუ­ლი დამწერლობა – ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა, თბ. 1990
  8. გორეზიანი რ., ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბების პრობ­ლემა, თბ. 1993
  9. ზარიძე ხ., „ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინნა“, გაზ. ლიტე­რა­­ტურული საქართველო, თბ. 1985, 14. 06
  10. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლტიერატურის ისტორია, გამომც. „მეცნიერება“, თბ. 1980
  11. მარი ნ., „ქართული ენათმეცნიერებაში“ (ლექცია წაკი­თხული პარიზში, აღმოსავლურ ცოცხალ ენათა ნაციონა­ლურ სკოლაში), გამოაქვეყნეს ი. მეგრელიძემ და ალ. ღლონტმა, თსუ შრომები, VI, პირველი სერია, საზოგადოებათმეცნიერებანი, თბ. 1938
  12. მუსხელიშვილი დ., ჯაფარიძე ო., მელიქიშვილი გ., აფა­ქი­ძე ა., ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., სამსონაძე მ., ასათიანი ნ., ჯამბურია გ., ოთხმეზური გ., ნათმელაძე მ., ბენდიანიშვილი ალ., დაუშვილი ალ., საქართველოს ისტორია, ტ. 2. გამომც. პალიტ­რა L, თბ. 2012
  13. სირაძე რ., ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვ­ნების საკითხები, თბ. 1975
  14. ფარულავა გ., მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქარ­თულ პროზაში, თბ. 1982
  15. ხინთიბიძე ე., ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთი­ერ­­თობები, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1969
  16. ხინთიბიძე ე., ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების ისტო­რი­­ისთვის, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1982