ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ელგუჯა ხინთიბიძე

 

ვეფხისტყაოსნის გზა ევროპისაკენ და ინგლისური საისტორიო წყაროები

 

ჩემს ძიებას იმის თაობაზე, რომ ვეფხისტყაოსნის ფაბულა სიუჟეტურ წყაროდ ყოფილა გამოყენებული XVII ს-ის დასაწყისის ინგლისურ დრამატურგიაში,საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულ უცხოელ ჰუმანიტართაგან ერთ-ერთმა პირველმა ინგლისელმა მწერალმა და მეცნიერმა ანტონი ანდერსონმა მიაქცია ყურადღება[1]. მან ჩვენი პირველი შეხვედრისა და საუბრისას მითხრა: სადღაც წამიკითხავს, ანტონი შერლის სპარსეთის სამეფო კარზე შაჰ-აბასის ორი ქრისტიანი ცოლი ეხმარებოდაო. ეს აზრი 2018 წლის ნოემბერში ლონდონში სამეფო სააზიო საზოგადოებაში ჩემი წიგნის (Medieval Georgian Romance “The Man in a Panther-Skin” and Shakes­peare’s Late Dramaturgy) პრეზენტაციაზეც გაიმეორა. სად უნდა ამოეკითხა ჩემს ინგლისელ კოლეგას ეს აზრი? ემყარება ეს ცნობა რაიმე პირველწყაროს თუ მხოლოდ ვარაუდია? ვინ უნდა ყოფილიყო ეს ორი ქრისტიანი ცოლი? ქართველები ხომ არ იყვნენ? ძველი ქართული ტრადიციით, ქართველ პატარძალთა სამზითვო საბარგულში ერთი უმთავრესი ხომ ვეფხისტყაოსანი იყო!

აქტიური კვლევა ამ კითხვების პასუხისა გასული წლის დასასრულიდან დავიწყე ჩემს სტუდენტებთან და თანამშრომ­ლებთან ერთად. მე და ჩემმა დოქტორანტმა ნინო ჯიღაურმა მივაგენით, რომ ბრიტანეთის „ნაციონალური ბიოგრაფიის ლექსიკონში“ შეტანილ ანტონი შერლისადმი მიძღვნილ სტატიაში იკითხება: შაჰ აბასის ორი ფავორიტი ცოლი ქრისტიანები იყვნენ და მათ უზრუნველყვეს შერლის ძალზე საიმედო მიღება. მან აგრეთვე მოიპოვა კეთილგანწყობა არმიის მთავარსარდლის ალავერდი-ბეგისა; და მას მირზას, ანუ პრინცის წოდებაც მიანიჭეს. (“The two favourite wives of Shah Abbas were Christians and they procured for Shirley a very promising reception. He won, too, the regard of Aly-verd Beg, the chief of the army, and the rank of mirza, or prince, was conferred upon him”) [4].

ჩემი შემდგომი ძიებანი გავაგრძელე ანტონი შერლის ბიოგრაფიის ამ სტატიაში დამოწმებული ლიტერატურის შესწავლით. დამოწმებული ლიტერატურა, თავის მხრივ შერლის სპარსული ვოიაჟის მიმომხილველ სხვა სტატიებზეც მიმანიშნებდა. ამ ლიტერატურიდან ჩემ წინაშე დასმული კითხვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა გენერალი ბრიჯის სტატია შერლების ოჯახზე, რომელიც სამეფო სააზიო საზოგადოების ჟურნალში 1841 წელს გამოქვეყნდა: Major-General Briggs, “A Short Account of the Sherley Family”:The Journal of the Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland, Vol. 6, #1 (1841), pp. 77-104. ირკვევა, რომ ანტონი შერლის დამხმარე შაჰის ქრისტიანი ცოლები იყვნენ ქართველები.

ცნობები შაჰის ფავორიტი ორი ქართველი ქრისტიანი ცოლის თაობაზე XVIII ს-ის ინგლისური უნივერსალური ისტორიის ტომებშიცაა დამოწმებული [8]. გასარკვევი ის რჩენობდა, თუ რა საისტორიო წყაროს ემყარებოდა შერლის სპარსეთში მოგზაურობის მიმოხილვისას XVIII და XIX ს-ის ინგლისურ ლიტერატურაში გავრცელებული თვალსაზისი, რომ XVI ს-ის ინგლისელთა ექსპედიციას სპარსეთში შაჰის ორი ქრისტიანი ქართველი ცოლი უწყობდა ხელს. ინგლი­სური საისტორიო მიმოხილვები ამ საკითხზე მსჯელობისას ტომას ჰერბერტს, შაჰ აბასის სამეფო კარზე ინგლისის ატაშეს, იმოწმებენ.

ტომას ჰერბერტს XVII ს-ში ორი წიგნი აქვს გამოქვეყნებული სპარსეთის შესახებ. ამ თვალსაზრისით, საგანგებოდ შევისწავლე აგრეთვე 1613 წელს ლონდონში დასტამბული სერ ანტონი შერლის წიგნი მისი სპარსეთში მოგზაურობის თაობაზე [9]. შაჰის ქართველი ცოლების შესახებ ამ პირველწყა­როებში დამოწმებული ფაქტები მეტ-ნაკლებად ერთმანეთთან თანხმობაში აღმოჩნდა. სეფიანთა სამეფო კარზე ქართველთა კვალის შესწავლის თვალსაზ­რისით ამ პირველწყაროების დეტალური მიმოხილვა საჭიროდ მივიჩნიე.

ანტონი შერლი შაჰ-აბასის ქართველი ქრისტიანი ცოლების შესახებ. სერ ანტონი შერლი XVI-XVII სს-ის ცნობილი ინგლისელი დიპლომატი და მოგზაურია. 1598 წლის დამლევს იგი 26-კაციანი დელეგაციით შაჰ-აბასის სამეფო კარს ეწვია. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ინიციატივა სეფიანთა სამეფო კარზე თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების განწყობის შესაქმნელად. იგი 6 თვეს დარჩა სპარსეთში. შემდეგ კი შაჰის ელჩის რანგში ევროპის მრავალ ქვეყანას ეწვია. შერლი ინგლისში ვერ დაბრუნდა, რადგანაც მისი დიპლომატიური მისია სპარსეთში დედოფალ ელისაბედ პირველთან არ იყო შეთანხმებული; ხოლო მისი სპონსორი და მხარდამჭერი გრაფები დედოფ­ლის წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს და უმკაცრესად დასაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის გარდაცვა­ლების შემდეგ ინგლისის საშინაო პოლიტიკის კურსი რადიკალურად შეიცვალა, შერლიმ ინგლისში დაბრუნების უფლება ვერ მოიპოვა. ანტონი შერლი მრავალი ენის მცოდ­ნე, უაღრესად განათლებული და ერუდირებული პიროვ­ნება იყო. მას და მის სპონსორ გრაფებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ინგლისის სამეფო თეატრალურ დასთან. XIX ს-ის ერთი ინგლისელი ავტორის აზრით, იგი ლიტერატურულ სიუჟეტებს აწვდიდა ლონდონის თეატრა­ლურ დასებს და, უფრო მეტიც, ამ ავტორის გაზვიადებული თვალსაზრისით, შექსპირის შემოქმედების ბოლო პერიოდის პიესების თავდა­პირ­ველი მონახაზები შერლის კალამს უნდა ეკუთვნოდეს [11].

მიჩნეულია, რომ შერლი აშკარად აჭარბებს საკუთარი პიროვნების ღირსებისა და დამსახურების აღწერისას 1613 წელს ლონდონში დასტამბულ წიგნში, რომელიც სპარსეთში მის მოგზაურობას შეეხება. მაგრამ ამავე დროს იგი შაჰის სამეფო კარის ამბების თვითმხილველია და გადმოგვცემს საისტორიო ფაქტებს იმ ვერსიით, რომელიც იმდროინდელი სამეფო კარის ელიტარულ წრეებში ცირკულირებდა. არაა სავარაუდო, რომ შერლი რაიმეს მოიგონებდა, ან გადააჭარბებდა იმ ფაქტების გადმოცემისას, რამელთაც მის ღირსებასა და მოღვაწეობასთან კავშირი არ ჰქონდათ.

ანტონი შერლი შაჰ-აბასის ცოლთაგან საუბრობს მხოლოდ ორზე, ორივე ქრისტიანზე და ორივე ქართველზე. პირველი მათგანი, შერლის მონათხრობის მიხედვით, ქართლის მეფის სიმონის ქალიშვილია. იგი წერს: შაჰ-აბასმა ცოლად მოითხოვა სიმონ ხანის ქალიშვილი, ქართველთა ერთი პრინცესა, რომელიც უკვე მზად იყო იმგვარი სიყვარულისთვის, როგორიც მოეთხოვებოდა. ცოტა უფრო ქვემოთ ავტორი უბრუნდება ამ ამბავს: დედოფალი ჩამოვი­და, მას საპატიოდ მოაცილებდა 2000 ცხენოსანი და მისი ძმა უფლისწული ბირეიკი (Byraike Myrza). ქორწილი მალე გაიმართა. ორივე მხარემ სათანადო ცერემონიები მოაწყო. ღმერთმა ორივე მათგანს ბედნიერება მიანიჭა: ერთ წელზე უფრო ნაკლებ დროში მათ მისცა მშვენიერი პრინცი უფლისწული სოფი (Sophir Mirza), რომელიც ახლაც ცოცხალია. [9, გვ. 44-45]

შაჰის მეორე ქართველი ცოლის ამბავს შერლი პირველის გარდაცვალებას უკავშირებს. შაჰის ცხოვრების რამდენიმე შემდგომი ეპიზოდის გადმოცემის შემდეგ, იგი აღწერს აბასის რამდენიმედღიან სტუმრობას ერთ-ერთი ხანის სამფლობელოში, სადაც ნადირობით ცდილობდა მოწყენილობის განქარვებას [9, გვ. 57]: მეფე ნადირობით ატარებდა დროს რვა თუ ათი დღის მანძილზე, მაგრამ უცებ სასწრაფოდ დატოვა იქაურობა მისი ცოლის დაღუპვის ამბის გამო, რომელიც გარდაიცვალა უეცარი და ძლიერი ავად­მყოფობით. შაჰი დაბრუნდა ისპაჰანში, სადაც რამდენიმე დღე მწუხარებაში გაატარა, დიდი დანაკარგის გამო. შემდეგ გაგზავნა მაცნე ალექსანდრესთან, ქართველთა სხვა ხანთან, მისი ქალიშვილის მოთხოვნით; იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს ის ურთიერთობა, რაც შეიძლებოდა გამქრალიყო დედოფ­ლის გარდაცვალების გამო. ამ დავალებით წავიდა შაჰ-თამაზ ყულიბეგი (Xa-Tamas Coolibeague), რომელიც რამდენიმე თვეში ქალბატონით დაბრუნდა.

ამგვარად, ანტონი შერლი თავის სპარსეთში მოგზაურობის ვრცელ მიმოხილვაში ახსენებს შაჰ-აბასის მხოლოდ ორ ცოლს – ორ ქართველ ქრისტიან პრინცესას – მეფის ასულებს, სპარსეთის სამეფო კარის ტიტულატურით ქართველი ხანების ასულებს. XVIII და XIX სს-ის ინგლისური ისტორიოგრაფია რომ შაჰის სწორედ ამ ორ ქართველ ქრისტიან ცოლს მიიჩნევს სეფიანთა კარზე შერლის ხელშემწყობად, იქიდანაც ჩანს, რომ ეს ისტორიოგრაფიული წყაროები ინგლისელი დიპლომატის ხელისშემწყობლებად სწორედ შაჰის იმ ორ ცოლს ასახელებენ, რომლებზეც შერლი საუბრობს თავის წიგნში (ქართლის მეფის სიმონის/სიმონ ხანის და კახეთის მეფის ალექსან­დრეს/ ისკანდერ ხანის ასულებს). უფრო მეტიც, ისიც ჩანს, რომ ეს ისტორიოგრაფიული მიმოხილვები არ ეყრდნობიან ანტონი შერლის (ან მხოლოდ ანტონი შერლის) ცნობებს. ისინი ამ ქართველ ასულთა სახელებსაც ახსენებენ და მათი შვილების თავგადასავლებსაც მოგვითხრობენ.

 

ინგლისური ისტორიოგრაფია შერლის დამხმარე შაჰის ქრისტიანი ცოლების შესახებ. შაჰ-აბასის ფავო­რიტი ქრისტიანი ცოლების შერლისადმი დახმარებაზე შერლების ოჯახის ისტორიის მიმოხილვაში საუბრობს შერლების გვარის უფრო გვიანდელი წარმომადგენელი ეველინ ფილიპ შირლი (Shirley Evelyn Philip – 1812-1882): “სერ ანტონი შერლის კეთილგან­წყო­ბილი მიღება კაზბინში (Kazveen), იმ პერიოდის სპარსეთის შაჰის – შაჰ-აბას დიდის მიერ გენერალ-მაიორის ბრიჯსის მიერ შერლის ოჯახზე მის საინტერესო მოგონებაში მიჩნეულია იმ გავლენის შედეგად, რომელსაც ფლობდნენ სახელგანთქმული მონარქის სამეფო კარზე ქალბატონები (მისი ორი ფავორიტი ცოლი ქრისტიანი იყო)“ [10, გვ. 19].

გენერალი ბრიჯსი თავის „შერლის ოჯახის მოკლე ცნობარში“ წერს: „სერ ანტონი შერლისა და მისი კომპანიის ასეთი კეთილგანწყობილი მიღება სპარსეთში შეიძლება აიხსნას შაჰ-აბასის ტოლერანტული დამოკიდებულებით ქრისტიანობის მიმართ, რაც ალბათ მონარქის კარზე მყოფი ქალების გავლენით ხდებოდა. ამ გარემოებას სერ ტომას ჰერბერტი განსაკუთრებულად აღწერს. მათი გავლენის იმაზე დიდი საბუთი რა უნდა იყოს, რომ ქართველები მეფის ხელ­დასხმით იღებდნენ ისეთ ტიტულებს, როგორიცაა ხანი და მირზა – ტიტულებს, რომელთა მინიჭებაც მკაცრადაა შეზღუ­დული მუსულმანთა მიერ.‘შაჰ-აბასს ჰყავდა ბევრი ცოლი, რომელთა შვილების განათლებაზე ზრუნვა და ხარჯები არ იყო შეზღუდული. შაჰს რომ უყვარდა, მათ შორის გამორ­ჩე­ულები იყვნენ: ისმაილი (Ismael), ტოფი მირზა (Tophy Mirza), ყოდაბუნდა სულთანი (Kodabunda Sultan) და იმან ყული (Iman Kooly). პირველი ორი ჰყავდა სიმონ ხანის (Simon Khan) ქალიშვილის გორდინასგან (Gordina); ხოლო შემდეგი ორი სკანდა მირზას (Scanda Mirza) ქალიშვილის მართასგან. ორივე ცოლი იყო ქართველი, ორივე ქრისტიანი და მისთვის ორივე ძალიან ძვირფასი; რადგან, როგორც ჩანს, სწორედ მათთან მოიპოვა მან ამქვეყნიური ბედნიერება’ ’’ [2, გვ. 88].

შაჰ-აბასის ქართველი ცოლებისა და მათი შვილების შესახებ ჩემ მიერ ზემოთ დამოწმებული XVII ს-ის უნივერ­სა­ლური ისტორიაც იმავე ფაქტებს აფიქსირებს და იქაც პირველწყაროდ ტომას ჰერბერტია დამოწმებული. მბობა შაჰის მუხანათობით იწყება საკუთარი შვილების მიმართ; ხოლო შემდეგ გრძელდება: „ჰერბერტი, რომელიც სპარსეთ­ში მოგზაურობდა შაჰ-აბასის მეფობის პერიოდში, ამ ამბებს განსაკუთრებულად აღწერს. იგი ამბობს, რომ შაჰს ჰყავდა ოთხი ვაჟი: უფროსი ისმაილი (Ismaeli), სოფი მირზა (Sofi Mirza), ყოდაბანდა სულთანი (Kodabanda Sultan) და ემანღოლი (Emangoli). პირველი ორი სიმონ ხანის (Simon Khan) ქალიშვილის გორდინას (Gordina) შობილი იყო. მომდევნო ორი სკანდერ მირზას (Scander Mirza) ქალიშვილი მართასი (Martha). ორივენი იყვნენ ქართველი ქრისტიანები. ისმაილი, რომელმაც შური აღძრა სამხედრო ხელოვნე­ბისადმი თავისი მისწრაფებით, მოწამლეს. სოფი მირზა (რომელიც ოლარიუსის მიხედვით არის საფი – Safi, ან სეფი – Sefi). მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იყო განდიდებული, შეთქმულების გამოაშკარავების გამო ჩამოიშორეს და ცემით მოაკვლევინეს კაპიჯებს (Kapiji). ემანღოლი (ან იმამ ყული – Imam Kuli), იყო რა ნაწინას­წარ­მეტყველები, რომ დიდხანს არ იცოცხლებდა, იზრდებოდა მამის სისასტიკის შიშით და მელანქოლიით გარდაიცვალა. ხოდაბუნდა სულთანი, რომელსაც ეწოდა სოფი, ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი ვაჟი, იყო დიდი ნიჭით დაჯილდოებული უფლისწული. მან თავი გამოიჩინა მრავალ ბრძოლაში და მამამისი მისით ამაყობდა, ხოლო ხალხი აღფრთოვანებული იყო. მაგრამ მისმა ასეთმა პოპულარობამ აბასს მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ იგი გაენადგურებინა“ [8, გვ. 443].

ტომას ჰერბერტი შაჰ-აბასის ქართველი ქრისტი­ანი ცოლებისა და მათი შვილების შესახებ. ტომას ჰერ­ბერტი, რომელსაც შაჰ-აბასის ქართველ ცოლებსა და მათ შვილებზე საუბრისას ინგლისური საისტორიო მწერ­ლობა ეყრდნობა, XVII ს-ის ინგლისის სამეფო კარზე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეა. იგი აბასის ცხოვრების ბოლო წლებში სეფიანთა სამეფო კარზე ინგლისისატაშე იყო და ამდენად მისი ცნობები უაღრესად მნიშვნელოვანი პირველ­წყაროა სეფიანთა სპარსეთის ისტორიის შესასწავლად.

ტომას ჰერბერტი სპარსეთის ისტორიის თაობაზე ორი წიგნის ავტორია.ერთი მათგანია – „სპარსეთის მონარქიის აღწერა“, რომელსაც მე ლონდონის 1634 წლის გამოცემით გავეცანი. მასში ქართულ-სპარსულ ურთიერთობებზე საგანგებო ქვეთავია, სათაურით „ქრისტიან ქართველთა ბოლოდროინდელი ტრაგიკული ისტორია“ [7, გვ. 72-82], რომელშიც უმთავრესად კახეთის მეფის ალექსანდრეს, მისი ვაჟის კონსტანტინეს და შემდეგ თეიმურაზის დროინდელი საქართველოს ისტორიის მძიმე პერიოდზეა საუბარი. ჩვენთვის ამჯერად საინტერესო საკითხზე – სპარსეთის შაჰის ქართველ ცოლებზე – წიგნში ცნობები არ გვხვდება. მეორე წიგნი – „მოგზაურობა სპარსეთში“ ჰერბერტისეული გადამუშავებებით ინგლისში მისივე სიცოცხლეში ოთხჯერ დაისტამბა: 1634, 1638, 1665 და 1677 წლებში. 1928 წელს ლონდონში სერ ვილიამ ფოსტერმა ჰერბერტის უკანას­კნელი 1677 გამოცემის მიხედვით განახორციელა წიგნის კრიტიკული გამოცემა – შესავლით, შენიშვნებითა და მცირე შემოკლებით. გამომცემლის შენიშვნით, მან შეუბრა­ლებ­ლად ამოიღო (ruthlessly excised) ჰერბერტი­სე­ული აღწერები ისეთი ადგილებისა, სადაც იგი არ ყოფილა, ასევე მის მიერ მოხმობილი სხვა ავტორთა აზრები და სხვა, მისი აზრით, არა საისტორიო ღირებულების მრავალი პასაჟი [6, გვ. XII]. მე ხელთა მაქვს ამ კრიტიკული ტექსტის 2014 წლის გამოცემა, რომლის 160-167-ე გვერდებზე შაჰის ქართველი ქრისტიანი ცოლების და მათი შვილების ამბავი იკითხება. იგი ამგვარად იწყება (ამ მბობის სწორედ დასაწყისი არის მრავალგზის ციტირებული ინგლისურ საისტორიო მწერლობაში):

„შაჰ აბასს სხვადასხვა ცოლისაგან ჰყავდა ბევრი შვილი, რომელთა განათლებაზე არც ზრუნავასა და არც ფულს არ ზოგავდნენ. უფრო მეტად საიმედონი იყვნენ ისმაილი (Ismael), სოფი-მირზა (Soffy-Mirza), ყოდაბუნდა სულთან (Codabanda-Sultan), და ემანღოლი (Emangoly), ოთხი ახალგაზრდა მამაცი პრინცი. პირველი ორი იყო გორდინას (Gordina) შვილი, სიმონ ხანის ქალიშვილის; მომდევნო ორი მართას შვილები იყვნენ, სკანდერ მირზას ქალიშვილის; ორივე ქართველი, ორივე ქრისტიანი. პირველი ქალბატონი ჩამოიყვანა ქურჩიკი-ხანმა (Kurchiki-cawn), მეორე შაჰ-თამაზ-ყულიბეგმა (Shaw-Tamas-Coolibeg). ორივენი იყვნენ სპარსელები, ორივე ფავორიტები. ყველა მათგანი ისეთი ძვირფასი იყო აბასისთვის, ჩანდა, რომ მაშინ მას ჰქონდა ამქვეყნიური ბედნიერების ელექსირი: მისი ცოლები იყვნენ შეუდარებელი სილამაზისა; მისი ფავორიტები, ჭეშმარიტად ერთგულები. ვაჟები მისი ხასიათის, პოლიტიკისა და სიმტკიცის მსგავსები იყვნენ – რაც ერთდროულად სიამოვნებას ანიჭებდა, როგორც ხანში შესულ მეფეს, ასევე ომისმოყვარულ სპარსელებს’’.

შემდგომ ჰერბერტი ყვება შაჰის შურზე და მუხანათობაზე თავისი ვაჟების მიმართ: ისმაილი და სეფი მირზა, ეჭვიანი მამის სურვილით, 19 წლის ასაკში დაიღუპნენ (რომელთაგან პირველი თავისი სამხედრო ხელოვნებით აღაფრთოვანებდა ხალხს; ხოლო მეორე სამეფო კარის ერთგული სამსახურის გამო უკვე დაწინაურებული იყო). ემანღოლი ღრმა და მწუხარე მელანქოლიამ შეიწირა. რომლის მიზეზი, ერთი მხრივ, მისთვის ჰოროსკოპით ნაწინასწარმეტყველი მძიმე ხვედრი იყო; ხოლო, მეორე მხრივ, შიში მამის მოღალატეობრივი ხასიათისადმი.

შემდეგ კი ჰერბერტი დაწვრილებით გადმოსცემს ხოდაბუნდა სულთნის (რომელსაც შემდგომში სეფფი ეწოდა) ტრაგიკულ ამბავს. მან დიდი სიფრთხილით და ერთგუ­ლე­­ბით მოიპოვა აბასის სიყვარული და ხალხის დიდი პატივისცემა; ხოლო გამბედაობით, გამოცდილებით და სამხედრო ხელოვნებით დაიმსახურა მთელი აღმოსავ­ლეთის აღიარება და პატივისცემა. ეჭვიანმა და შურიანმა მამამ ჯერ მისი აღმზრდელი დასაჯა სიკვდილით, ხოლო მის გადასარჩენად მოსულ შვილს, უგონოდ დაჭრილს, თვალები დასთხარა. დაბრმავებული სეფფი ვერ შეურიგდა თავის ბედს. მამისაგან ნამემკვიდრევი მუხანათობა გამოიჩინა: დაახრჩო საკუთარი ქალიშვილი ფატიმა, რათა შური ეძია აბასზე (ხანშიშესულ აბასს საოცარი სიყვარულით უყვარდა ეს შვილიშვილი) და შემდეგ თავი მოიკლა.

ამ ამბებს ჰერბერტი საკუთარი ემოციითა და ფილო­სოფიური წიაღსვლებით ვრცლად ყვება.

ტომას ჰერბერტის ცნობები შაჰ-აბასის ცხოვრების ბოლო პერიოდზე მნიშვნელოვან პირველწყაროდ ითვლება. იგი დამოწმებულია შაჰის კარზე ქართული კვალის შემსწავ­ლელ ისტორიკოსთა მიერაც, მაგრამ დამოწმებულია მისი მხოლოდ ერთი წიგნი (A Description of the Persian Monarchy) [14, გვ. 10; 17, გვ. 105; 18, გვ. 82]; ხოლო ტომას ჰერბერტის Travels in Persia-ზე მითითებას ამ საკითხისადმი მიძღვნილ ქართულ სამეცნიერო კვლევებში მე ვერ მივაგენი. ვიმედოვნებ, რომ ზემოთ მითითებულ პირველწყაროებში დაცული ცნობები შაჰ-აბას პირველის ორი ქრისტიანი ქართველი ცოლის შვილებზე, ქართველ ისტორიკოსთა შემდგომი კრიტიკული შესწავლის საგანი გახდება: მოხდება ამ ვერსიის დეტალური შეჯერება შაჰის შვილების შესახებ სპარსულ, ქართულ, სომხურ და სხვა ენებზე დაცული პირველ­წყაროების ვერსიებთან. ამჯერად მე მინდა დავუბრუნდე ჩემი საკვლევი პრობლემის ძირითად თემას.

 

კომენტარები ინგლისურ პირველწყაროებზე. ინგლი­სუ­რი ისტორიოგ­რაფიის და პირელწყაროების ზემოთ ციტირებული ცნობები სეფიანთა ირანის კარზე ქართული კვალის თაობაზე ჩვენს მეცნიერებაში გავრცელებულ თვალსაზრისებთნ შედარებით არა მხოლოდ სიახლეებს, არამედ სხვაობებსაც აფიქსირებს.

ქართულ ინსტორიოგრაფიაში პოპულარული თვალ­საზ­რისით, შაჰ-აბასის ცოლთაგან ოთხი მათგანი იყო ქართველი, ესენი იყვნენ: ანდუყაფარ ამილახორის და თამარი, სიმონ მეფის და ფახრიმჯან-ბეგუმ, თეიმურაზ მეფის და ელენე, ლუარსაბ მეფის და ლელა [21, გვ. 198; 17, გვ. 109]. ინგლისური ისტორიოგრაფიის ცნობა ქართული მეცნიერების პოპულარულ თვალსაზრისთან თანხმობაში არაა. ეს გარემოება ამ ცნობათა კრიტიკულ ანალიზს საჭიროებს, ამ მიმართულებით რამდენიმე გარემოებას მინდა მივაქციო ყურადღება.

შაჰის ქართველ ცოლთა თაობაზე სხვადასხვა პირველწყაროს განსხვავებული თვალსაზრისი მოულოდ­ნელი არ არის. არაქართველი ავტორები, მათ შორის თვით სპარსელი, ამ ქალთა სახელებს სხვადასხვა სოციალური და რელიგიური თუ კულტურული წრეებიდან ეცნობოდნენ. ისიც ბუნებრივია, რომ სპარსულ გარემოში შერქმეული რამდენიმე სახელიდან ამ საკითხით არა საგანგებოდ დაინტერესებული ავტორები მხოლოდ ზოგიერთ სახელს ახსენებენ. ქართული წყაროები კი ქართველ პატარძლებს უპირატესად მათთვის საქართველოში შერქმეული სახელებით იცნობენ.

როგორც ქართულის, ასევე უცხოური სასიტორიო წყაროებით ცნობილია, რომ შაჰ-აბასის მამის მოჰამედ ხუდაბანდას მოთხოვნით ქართლის მეფე სიმონმა და კახეთის მეფე ალექსანდრემ თავიანთი ქალიშვილები სპარსეთში გაგზავნეს, რომლებიც უფლისწულს ჰამზა მირზას შერთეს ცოლებად [20, გვ. 271; 13, გვ. 99; 19, გვ. 42; 15, გვ. 47]. იგი 1587 წელს გარდაიცვალა და აბასი მალე გამეფდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუსლიმანური ტრადიციით, არაა იშვიათი, როცა ძმა ცოლად ირთავს გარდაცვლილი ძმის ქვრივს. ჰამზა მირზას ერთ-ერთ ქვრივს (Olgan Pasha Khanum) შაჰის ცოლთა ჩამონათვალში ასახელებს ვიკიპე­დიის ინგლისურენოვანი სტატია შაჰ-აბასზე [1].

ქართული საისტორიო წყაროებისაგან განსხვავებით ინგლისურენოვანი ვიკიპედიის იგივე სტატია შაჰის ქართველ ცოლთა შორის ასახელებს ქართლის მეფის ბაგრატ VII ქალიშვილს Fakhri-Jahan Khanum და კახეთის ფეიქარ ხანის ქალიშვილს ფატიმა სულთან ბეგუმს Fatima Sultan Begum (alias Peri Lala, nèe Tinatin, daughter of Peykar Khan of Kakheti). ეს მოანცემები შაჰ-აბასზე ვიკიპედიის ქართულ­ენოვან სტატიაშიც დასტურდება. ფატიმა სულთან ბეგუმის მამად, ქართული ტრადიციის თანახმად, ქართლის მეფე გიორგი X არის მოხსენიებული [12].

ინგლისური ისტორიოგრაფიის ცნობები შაჰ-აბასის ქართველ ცოლებზე ქართულ მეცნიერებაში გაჟღერებული ფაქტებისგან განსხვავებით ერთ საყურადღებო ფაქტსაც შეიცავენ: სიმონ მეფის და ალექსანდრე მეფის ქალიშვილებს – შაჰ-აბასის ცოლებს ხაზგასმით და დაბეჯითებით შაჰის ქრისტიან ცოლებს უწოდებენ. არაა სავარაუდო, რომ ეს გარემოება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ ისინი (ქართველი პატარძლები) წარმოშობით ქრისტიანები იყვნენ. ვფიქრობ, ეს კატეგორიული ხაზგასმა მათ ქრისტიანობაზე იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი შაჰთან დაქორწინების შემდეგაც ქრისტიანებად დარჩნენ; რაც აშკარად მოულოდნელია საერთო ფონზე – სეფიანთა სამეფო კარის სამსახურში შესულ თუ შაჰების ცოლთა საკრებულოში მყოფ წარმოშობით ქრისტიანთა ფონზე – ისინი, როგორც წესი, გამაჰმადიანებულნი იყვნენ (გამონაკლისები ყოველთვის არსებობდა). ინგლისური პირველწყაროების კატეგორიული მითითება ამ ქალთა ქრისტიანობაზე აშკარად გააზრებული და ფაქტობრივი მნიშვნელობის განცხადებაა. ტომას ჰერბერტი აბასის ქრისტიანი ცოლების ეპიზოდში ახსენებს შაჰის ორ გამაჰმადიანებულ დიდ მოხელეს - ქურჩიკი-ხანდსა და შაჰ-თამაზ-ყულიბეგს და ორივეს სპარსელს უწოდებს, თითქოს კონტრასტულად იქვე ნახსენები ორი ქართველი ქრისტიანი ცოლისა („...[პატარძლები] ორივე ქართველი, ორივე ქრისტიანი. პირველი ქალბატონი ჩამოიყვანა ქურჩიკი-ხანმა, მეორე - შაჰ-თამაზ-ყულიბეგმა, ორივენი იყვნენ სპარსელები“). შაჰ-თამაზ-ყულიბეგი წარმოშობით ქართველი იყო, შაჰის კარზე გამაჰმადიანებული [9, გვ. 73].

ქრისტიანი ცოლების შერთვა და მათთვის ქრისტიანობის შენარჩუნება შაჰ-აბასის პოლიტიკის და სახელმწიფოებრივი სტრატეგიის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც შაჰი ევროპელ მონარქებთან ერთად თურქეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას ცდილობდა. იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რომის პაპისთვის ქრისტიანობისადმი თავისი სიმპათია მოეჩვენებინა. ამაზე მრავალი ფაქტი მეტყველებს. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ინგლისელ მოგზაურთა დიდი ჯგუფის მიღება შაჰის კარზე და ანტონი შერლის ჩანაწერები შაჰის ქართველ ქრისტიან ცოლებზე. შაჰმა ანტონი შერლი 1599 წლის მაისში სპარსეთის ელჩის რანგში ევროპაში გაგზავნა. წერილები გაატანა რომის პაპთან და ევროპის ბევრ მონარქთან და დიდ გრაფთან თუ ჰერცოგთან. წერილებთან ერთად შერლის დიპლომატური ნუსხაც მიჰქონდა, რომელშიც აქცენტი სწორედ შაჰის ქრისტიანთა მიმართ კეთილ და შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე იყო გადატანილი. ამის ერთ-ერთი საბუთი კი იყო ქართველი მეფის სიმონ-ხანის ქალიშვილის ცოლად შერთვა შაჰის მიერ [3, გვ. 78; 16, გვ. 200]. კარმელიტთა ქრონიკის (The Chronicle of the Carmelits). იგივე კრებული ინახავს ცნობას იმის თაობაზე, რომ პაპი კლიმენტი VIII 1601 წლის თებერვალში წერილს უგზავნის შაჰ-აბასის ქრისტიან მეუღლეს, უწოდებს მას „ქრისტეს მიერ საყვარელ დას“, შეახსენებს მას სიტყვებს პავლე მოციქულის ეპისტოლედან, რომ წარმართი მეუღლე განწმენდილია მორწმუნე მეუღლისგან და მოუწოდებს შაჰის კარზე ქრისტიანული რწმენის სამსახურისაკენ [13, გვ. 103].

დაბოლოს, ინგლისური პირველწყაროების უმთავ­რესი შეუსაბამობა შაჰ-აბასის ქართველ ცოლთა თაობაზე გავრცელებულ თვალსაზრისებთან: ინგლისური პირველწყა­როები შაჰის ქართველ ქრისტიან ცოლებად ასახელებენ სიმონ მეფის და ალექსანდრე მეფის ქალიშ­ვილებს.[2] ქართულ ისტორიოგრაფიაში სიმონ ქართლის მეფისა და ალექსანდრე კახეთის მეფის ქალიშვილები შაჰის ცოლებად არ არიან მოხსენიებულნი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიმონ და ალექსანდრე მეფეს თავიანთი ქალიშვილები ვაჟიშილებთან ერთად სპარსეთში შაჰ-აბასის მამის (მოჰამედ ხუდაბუნდა) მოთხოვნით გაუგზავნიათ, იქ კი ისინი უფლისწულ ჰამზა მირზას ცოლებად განუწესებიათ. ანტონი შერლისა და ტომას ჰერბერტის ქართველი ქრისტიანი ქალიშვილები ჰამზა მირზას ცოლები აშკარად არ არიან. ჰამზა მირზას ერთ ქვრივს – Olgan Pasha Khanum – ინგლისური ვიკიპედია შაჰის ცოლად ასახელებს. შაჰის ქრისტიანი ცოლები ბევრად უფრო ახალგაზრდები არიან. მათ ამბავს შერლი ყვება, როგორც თანამედროვეთა ამბავს (ეს დაახლოებით 1598-1601 წლებია). ამასვე უჭერს მხარს ევროპაში ელჩად გაგზავნილი შერლის (1599 წ.) დიპლომატური ნუსხა, რომელშიც შაჰის ქრისტიან ცოლზეა საუბარი და პაპის 1601 წლის წერილი შაჰ-აბასის ქრისტიანი მეუღლისადმი. და ასევე, ტომას ჰერბერტის სიტყვები, სადაც ავტორი ამ ცოლების კონტექსტში ლაპარაკობს შაჰის ხანშიშესულობაზე.

ტომას ჰერბერტისეული შაჰ-აბასის ქრისტიანი ცოლის – სიმონ მეფის ქალიშვილის გორდინას იდენტიფიცერებას ახდენს ჰერბერტის წიგნის – Travels in Persia-ს გამომცემელი სერ ვილიამ ფოსტერი (1928 წ). შენიშვნებში იგი წერს [5, გვ. 320]: „როგორც ჩანს, ჰერბერტის ‘გორდინა’ უნდა იყოს ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის უმცროსი და თინათინი“. თინათინს აბასის ცოლის – ფატიმა სულთან ბეგუმის ადრინდელ (ქალწულობის პერიოდის) სახელად შაჰ-აბას პირველის ბიოგრაფიულ მიმოხილვაში მოიხსენიებს ინგლისურენოვანი ვიკიპედია. იქვეა მითითებულია მისი სხვა სახელიც (alias Peri Lala) და იგი მიჩნეულია კახეთის ფეიქარ ხანის შვილად. ქართული ვიკიპედიით, ფატიმა სულთან ბეგუმი არის ელენე ბაგრატიონი – ქართლის მეფის გიორგი X-ის ქალიშვილი. იგი უნდა იყოს, ჩემ მიერ ზემოთ  მოხსენიებული ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრე­ბუ­ლი ვერსიით, ლუარსაბ II-ის და ლელა.

გიორგი X-ის ქალიშვილს, ლუარსაბ II-ის უმცროს დას, სეფიანთა სამეფო კარზე რომ სხვა სახელი (ფატიმა სულთან ბეგუმი) შეარქვეს, ეს მოულოდნელი არაა. მაგრამ ძნელია ვარაუდის გამოთქმა იმის თაობაზე, თუ რატომ უწოდა მას ჰერბერტმა გორდინა (რასაც იმეორებენ შერლის ბიოგრაფიის ინგლისელი მიმომხილველებიც). ხომ არ არის ეს სახელი სამეფო კარზე ან შაჰის ცოლთა გარემოცვაში, ან კიდევ სპარსეთის ინგლისურენოვან წრეში, შაჰის ამ ცოლზე მისი ქართველობის მისათითებელად შერქმეული გორგინას მსგავსი მეტსახელის ჰერბერტისეული დამახინჯება (მცდარად მოსმენილი)?

უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომაა სეფიანთა კარზე გიორგი X-ის ქალიშვილი, ლუარსაბ II-ის და, მიჩნეული ქართლის მეფის სიმონ I-ის ქალიშვილად. ეს არაა ჰერბერტისეული შეცდომა. ამ ქალს ანტონი შერლიც სიმონ მეფის ქალიშვილად თვლის (ტომას ჰერბერტის წყარო კი მხოლოდ ანტონი შერლის წიგნი არ არის. მას აშკარად სხვა და უხვი ცნობები აქვს აბასის ქრისტიან ცოლებზე და მათ შვილებზე).

დასმული საკითხი უმჯობესია ტომას ჰერბერტის ცნობების და მასზე დამყარებული ინგლისური საისტორიო ლიტერატურის კიდევ ერთ, ამავე ტიპის შეუსაბამობასთან ერთად განვიხილოთ. ტომას ჰერბერტი (ისევე როგორც ანტონი შერლი) შაჰის მეორე ქრისტიან ცოლს – მართას ალექსანდრე მეფის ქალიშვილად მიიჩნევს. აბასის ქართველი ცოლი მართა, ჩემ მიერ დამოწმებულ ყველა ჩამონათვალში მიჩნეულია კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის დად, კახეთის მეფის დავით I-ის ქალიშვილად. იგი არის კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის შვილიშვილი. ასევე ინგლისური პირველწყაროების შაჰის ქრისტიანი, ქართველი ცოლი, ჰერბერტისეული გორდინა, არის ქართლის მეფის სიმონის არა შვილი, არამედ შვილიშვილი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს აღრევა მხოლოდ შერლისა და ჰერბერტის შეცდომად ჩაითვალოს. ანტონი შერლის, შაჰ-აბასის მიერ ევროპაში გაგზავნილი ელჩის, დიპლომატურ ნუსხაში აღნიშნულია შაჰის მიერ ცოლად შერთვა ქართველი მეფის სიმონ ხანის ქრისტიანი ქალიშვილისა (კარმელიტთა ქრონიკა) [16, გვ. 200]. უფრო საფიქრებელია, რომ ეს ქართველი პატარძლები – ბაგრატიონთა სახლის პრინცე­სები, რომელთა სეფიანთა კარზე გამოგზავნა აბასმა ქართლის და კახეთის მეფეებს სიმონს და ალექსანდრეს მოსთხოვა და მათაც ეს მოთხოვნა შეასრულეს, სამეფო კარზე, ან სამეფო კარის ზეპირ მითქმა-მოთქმაში ამ მეფეთა შვილებად იქნენ გამოცხადებულნი და წარდგენილნი. ისინი მართლაც მეფის შვილები იყვნენ, მაგრამ არა გამომგზავნი მეფის შვილები, მათი შვილიშვილები[3].

ასე რომ, ინგლისური პირველწყაროების ეს ვერსიაც ახსნადია, მაგრამ შერლისა და ჰერბერტის ნაამბობში სხვა დეტალებიცაა დასაზუსტებელი და კრიტიკულად განსახილ­ველი. შესაძლებელია, რომ შერლი ერთი ქართველი ქრისტიანი საპატარძლოს შაჰის კარზე მიღების თვითმხილ­ველი იყოს, და უფრო სავარაუდოა, რომ მეორე ამბავს იგი გაგონილის მიხედვით ყვებოდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ იგი ზოგიერთი ფაქტის ახსნას საკუთარი ფანტაზიით ახდენდეს[4]. ჰერბერტიც შაჰის სიცოცხლეში სამეფო კართან დაახლოვებულ საზოგადოებაში გავრცელებულ ამბებს ყვება.

 

შაჰის ქართველი ქრისტიანი ცოლები და ვეფხისტყა­ოსნის გზა საქართველოდან ინგლისამდე. XVI-XVII ს-ის მიჯნაზე სეფიანთა სამეფო კარზე ქართული კვალის თაობაზე ზემოთ განხილული ინგლისური პირველწყაროები თვალნათლივ ადასტურებს, რომ ინგლისურ მისიას შაჰ-აბას პირველის სამეფო კარზე XVI ს-ის დასასრულიდან XVII ს-ის 20-იან წლებამდე (ანტონი შერლის დელეგაცია, რობერტ შერლის ოჯახი, ტომას ჰერბერტი) მჭიდრო ურთიერთობა აქვს შაჰ-აბასის გარემოცვის ქართულ წრესთან (ალავერდი ხანი და მისი დიდი ოჯახი, შაჰის ქართველი ცოლები, შაჰ-თამაზ ყულიბეგი, კონსტანტინე მირზა...). ჩემი საგანგებო დაინტერესება ამ საკითხით უკავშირდება იმ გზის ძიებას, რომლითაც უნდა მისულიყო ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი XVII ს-ის დასაწყისის ინგლისის სამეფო თეატრალური დასის დრამატურგებთან. ამ გზის ყველაზე მეტად სარწმუნო ვარაუდი XVI ს-ის დასასრულს სეფიანთა სამეფო კარზე რამდენიმე თვის განმავლობაში მყოფი ინგლისელ მოგზა­ურთა და დიპლომატთა, და უპირველეს ყოვლისა მათი მეთაურის სერ ანტონი შერლის, თანამშრომლობაა შაჰის კარზე მყოფ ქართული წარმოშობის დიდ მოხელეებთან. შერლის მოგზაურობის მიმომხილველი ინგლისური საისტორიო მწერლობა დაბეჯითებით იუწყება, რომ სამეფო კარზე შერლის ხელშემწყობი იყო შაჰის ორი ქართველი ქრისტიანი ცოლი. სწორედ შაჰის ორი ქართველი ქრისტიანი ცოლის შესახებ დიდი სიმპათიით საუბრობს თვით ანტონი შერლი 1613 წელს ლონდონში თავისი მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ წიგნში.

შაჰის ამ ორი ქართველი ქრისტიანი ცოლის და მათი შვილების შესახებ უფრო დაწვრილებით ცნობებს იძლევა სერ ტომას ჰერბერტი, რომელიც ინგლისის სამხედრო ატაშე იყო შაჰ-აბასის სპარსეთში 1627-29 წლებში. ჰერბერტის ცნობები შაჰის ქართველ ცოლებზე იმიტომაცაა მნიშვნე­ლოვანი, რომ უმთავრესი და ამავე დროს უშუალო წყარო ამ ამბების მბობისა არის სერ რობერტ შერლი, ანტონი შერლის ძმა, რომელიც ანტონი შერლის და მისი თანამგზავრების შაჰის კარზე მოღვაწეობის თვითმხილ­ველია. ტომას ჰერბერტი ინგლისიდან სპარსეთში რობერტ შერლისთან და მის ოჯახთან ერთად ჩავიდა. რობერტ შერლისთან ერთად იყო იგი სტუმარი ალავერდი ხანის შვილის იმამ-ყული ხანის დიდი და მრავალდღიანი დღესასწაულისა. ასე რომ, მისი ცნობები და კერძოდ დაინტერესება შაჰის ორი ქართველი ქრიასტიანი ცოლით და მათი შვილებით, სავარაუდოდ შერლების ოჯახის ამბებსაც უკავშირდება.

ამგვარად, სავარაუდოდ, შერლისა და მისი კომპანი­ონების კონსულტანტები და დამხმარეები დიდი ქართული ეროვნული სარაინდო რომანის ვეფხისტყაოსნის  გაცნობისა და მისი ფაბულის ინგლისურად გადამუშავებაში სპარსეთში შაჰის ცოლებად განწესებული ქართველ მეფეთა ასულებიც უნდა ყოფილიყვნენ. საქართველოდან სპარსეთში ახლად ჩამოსულ პატარძლებთან ინგლისელ მოგზაურთა და დიპლო­მატთა ურთიერთობის დადასტურება კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის აღმოსავლეთის საისტორიო ამბებით, ფოლკლორით და ლიტერატურით დაინტერესებულ ინგლი­სელ ინტელექტუალთა მიერ ვეფხისტყაოსნისადმი განსაკუთ­რებულ ყურადღებას და რუსთველის დიდი შემოქმედე­ბისთვის რენესანსული დიდი კულტურისაკენ გზის გახსნის ფაქტს.

ქართველი პატარძლის სამზითვო საბარგულში რომ ვეფხისტყაოსანი ყველაზე უსაფრთხოდ იყო შეფუთული, ამ გადმოცემას ქართველთა ისტორიული მეხსიერება საიმე­დოდ ინახავს. და როცა ეს პატარძლები ქართველ მეფეთა ოჯახებიდან სპარსეთში გადასახვეწად განწესებული პრინცესები (თინათინი და მართა) იყვნენ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათ სათუთად მიჰქონდათ ნესტან-ტარიელისა და თინათინ-ავთანდილის დიდი სიყვარულის ამბით შთაგონებაც.

 

 

ბიბლიოგრაფია

1. Abbas the Great:https://en.wikipedia.org/wiki/Abbas the Great. (გვერდი განახლებულია 2020 წ. 20 ივლისს).

2.  Briggs(Major-General), “A Short Account of the Sherley Family”: The Journal of the Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland, Vol. 6, #1 (1841).

3.  The Chronicle of the Carmelits and Papal mission in Persia XVII-XVIII centuries, v. I. London, 1939.

4.  Dictionary of National Biography, v. 52, Djvu/132, 1897.

5.  Foster W., “Notes”: Tomas Herbert, Travels in Persia, London, 2014.

6.  Herbert Thomas, Travels in Persia. 1627-1629, abridged and edited by Sir William Foster, C.I. E. with and Introduction and Notes, Broadway House, London 2014.

7.  HerbertThomas, A Description of the Persian Monarchy, London 1634.

8.  The Modern Part of a Universal History (from the Earliest Account of Time. Compiled from Original Writers. By the Au­thors of the Antient Part), vol. V, London 1759.

9.  Sherley Anthony, His Relation of his Travels into Persia…, London 1613.

10. Shirley Evelyn Philip, The Sherley Brothers (an historical memoir of the lives of Sir Thomas Sherley, Sir Anthony Sherley, and Sir Robert Sherley, knights.By one of the same house). Chiswick: Press of C. Whittingham 1848.

11. Scott Surtees, William Shakespeare of Stratford-On-Avon. His Epitaph Unearthed, and the Author of the Plays Run to Ground, London 1888.

12. აბას I: https://ka.wikipedia.org/wiki/აბას I (ირანი). (გვერდი დარეგისტრირდა 2019 წლის 19 მარტს).

13. გაბაშვილი ვ., „ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“: მასა­ლები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 31, თბ. 1954.

14. გიორგაძე ბ., „შესავალი“: დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე, XVII ს. (ბ. გიორგაძის გამოცემა), თბ. 1977.

15.მაედა ჰიროტაკე, ქართველები სეფიანთა ირანში, თბ. 2008.

16. პავლიაშვილი ქ., „ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერლები ვატიკან-ირანის დიპლომატიურ ასპარეზზე“: ქართული დიპლომატია, №4, 1997

17. სონღულაშვილი ა., ირანში ქართველთა ნაკვალევზე, თბ. 2005.

18. სტეფნაძე ჯ., „წინასიტყვაობა და შენიშვნები“: ნასროლა ფალსაფი, შაჰ-აბას პირველის ცხოვრება (სპარსულიდან თარგმნა ლ. ჟორჟოლიანმა), თბ., 2003.

19. ფათემი მორთეზა მეჰდი, სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ, თბ. 1982.

20. ჯავახიშვილი ი., ქართველი ერის ისტორია, IV, თბ. 1967.

21. ჯამბურია გ., „ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრო­ბელ­თა წინააღმდეგ XVII საუკუნის პირველ მეოთხედში“: საქართველოს ისტორია (ოთხ ტომად), ტ. III, თბ. 2012.



[1] ინგლისელი პროფესორის ანტონი ანდერსონის მეცნიერული ინტერესის სფერო საქართველოსა და ზოგადად ახლო აღმოსავ­ლეთის შესახებ ევროპული, კერძოდ ინგლისური საისტორიო წყაროების კვლევაა. ამ მიმართულებით იგი ავტორია ორი წიგნისა: Bread and Ashes, a Walk in the Mountains in Georgia; British Travellers to Georgia.

[2]ანტონი შერლისთან – Simon Can და “Alexander, the other Can of Georgians”. ტომას ჰერბერტთან – Simon-cawn და Scander – mirza. სახელი ალექსანდრე სპარსულ ენაში გადადის სკანდერ ან ისკანდერ ფორმით.

[3]ისიც არაა გამორიცხული, რომ ქართლის სამეფო კარიდან პრინცესა ელენეს (ლელას) გაგზავნა სიმონ მეფის ოსმალთა მიერ დატყვევების და მისი შვილის გიორგის გამეფების პერიოდში მოხდა – 1599 წ. და სიმონ მეფის მიერ შაჰთან საპატარძლოდ გაგზავნილი შვილიშვილი შაჰის კარზე უკვე მეფის შვილად ჩავიდა. სავარაუდოდ ამასთან მიახლოებული სიტუაცია შეიძლება ყოფილიყო კახეთის სამეფო კარზე. მართა პატარძლის მამა დავით I კახეთის ოფიციალური მმართველი მეფე იყო 1601-1602 წლებში. მისი მამა ალექსანდრე II ამავე პერიოდშიც ნომინალურად მეფედ ითვლებოდა. ალექსანდრე მეფემ შაჰის საცოლედ შვილიშვილი გაგზავნა, ამავე დროს იგი (საპატარძლო) მეფის (დავით პირვე­ლის) შვილი იყო. ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებასაც: სპარსეთის მბრძანებლის რელიგიური ლოია­ლობის მტკიცების მიზნით ევროპის უმაღლესი ქრისტიანული წრეები (რომის პაპი, ევროპელი მონარქები და დიდი გრაფები) იმთავითვე იყვნენ ინფორმირებულნი შაჰ აბასის მიერ ქართველთა სამეფო კარის ქრისტიანი პრინცესების ცოლად შერთვის თაობაზე. ინგლისური საისტორიო პირველწყაროები (ანტონი შერლი, ტომას ჰერბერტი) მიანიშნებენ, რომ პრინცესა (სიმონ მეფის ასული) სრულიად ახალგაზრდა იყო (Anthony Sherley: he required the daughter of Simon Can, one of the Princes of the Georgians, to wife, which was, with as ready an affection performed, as demanded – მან ცოლად მოითხოვა სიმონ ხანის ქალიშვილი, ქართველთა ერთი პრინცესა, რომელიც უკვე მზად იყო ისეთი სასიყვარულო ურთიერთობის შესასრულებლად, როგორიც მოეთხოვებოდა); ხოლო შაჰი კი – უკვე ხანშიშესული (Thomas Herbert: “his wives were so incomparably beautiful … reciprocally joying the aged King” – მისი მეუღლეები იმგვარი უმაგალითო მშვენიერებით იყვნენ შემკულნი, რომ ხანშიშესული შაჰის საპასუხო სიხარულს იწვევდნენ). ამიტომაც ქართველი მეფეების (სიმონის და ალექსანდრეს) მიერ მათივე ოჯახიდან სარძლოდ გამოგზავნილი პრინცესები უმჯობესი იყო გამოცხადებულნი და წარდგენილნი ყოფილიყვნენ მეფეთა შვილებად და არა შვილიშვილებად. 

[4]მაგალითად, შაჰის მიერ მეორე ქრისტიანი ცოლის თხოვნა პირველის გარდაცვალების გამო.