ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უცხოელ სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერებთან ერთად „სკოლის“ მონაწილეები იყვნენ ქართველი სტუდენტებიც. ეს ინოვაცია - საზაფხულო სკოლის მუშაობის პერიოდში უცხოელ და ქართველ სტუდენტთა და სკოლის ქართველ ახალგაზრდა თანამშრომელთა ერთად ყოფნა როგორც სამუშაო, ასევე დასვენების დღეებში: ერთად სადილი, ლანჩი, ერთად გართობა, კინო, თეატრი, კონცერტები, გამოფენები, ექსპედიციები და მოგზაურობები - უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართველ სტუდენტთა საერთაშორისო სასწავლო ცენტრებთან და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრებთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები:ქართველოლოგია, ქართული ენა, სეზონური სკოლა, საზაფხულო სკოლა კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: სოფიო გულიაშვილი „ვეფხისტყაოსნის“ ორი ტაეპის ანალიზი ინგლისურ თარგმანებთან მიმართებაში
შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსნის ტექსტის შესწავლა, პირველ ყოვლისა, მისი შინაარსის მაქსიმალურად მართებულ ინტერპრეტაციას გულისხმობს. ტექსტის შინაარსის მეცნიერულ შესწავლასთან ერთად, მისი ინტერპრეტაციის უტყუარ ფაქტად რჩება ასევე ნაწარმოების თარგმანი, რაც თარგმანის კრიტიკული ანალიზის საჭიროებას განაპირობებს. ვეფხისტყაოსნის თარგმანები ძირითადად ეყრდნობა კვლე–ვას, რომელიც მისი შესრულების დროისთვის არის მოპოვებული რუსთველოლოგიაში. პირველი რუსთველოლოგი, ვახტანგ მეექვსე, აცხადებდა, რომ მასზე ბევრად ადრე, მრავალნი ცდილან პოემის „თარგმანებას“, ანუ განმარტებას, ე. ი. მის ეთიკურ-ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია პოემის თარგმანების ჭრილში განხილვამდე ისეთი საკითხების დადგენა, რომელთა გარკვევას რუსთველოლოგები საუკუნეების მანძილზე წარმოებული კვლევებით ცდილობდნენ და ცდილობენ დღემდე, და ცხადია, რომ ამა თუ იმ უცხოური თარგმანის სიავკარგის განსაზღვრა მხოლოდ ქართული ტექსტის მნიშვნელობისა თუ განმარტების დადგენის საფუძველზე არის შესაძლებელი. სტატიაში განვიხილავთ ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი საფუძვლის, ნეოპლატონიზმის მოძღვრების ასახვას პოემაში, ერთი სტროფის მაგალითზე. ნეოპლატონიზმის სწავლება სამყაროს ერთიანობის შესახებ გულისხმობდა ღმერთის და ადამიანის გაიგივებას, და ბოროტების, როგორც სუბსტანციის, არ არსებობის აღიარებას, რაც საანალიზო ტექსტის ძირითად არსს წარმოადგენს.
საკვანძო სიტყვები:დივნოსი (დიონისე არეოპაგელი), ნეოპლატონიზმი, ვეფხისტყაოსანი, რუსთველის პოემის ინგლისურენოვანი თარგმანები კატეგორია: კვლევები ავტორები: სალომე სანიკიძე გამოხმაურება ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფიის შესახებ (“Medieval Georgian Romance The Man in a Panther-Skin and Shakespeare’s Late Plays”, ამსტერდამი, 2018)
შოთა რუსთაველი ქართველთათვის იყო ის, რაც ბიბლია და შექსპირი – ინგლისურენოვანი ერებისთვის: წყარო აფორიზმების, ანდაზების და სამაგალითო ქცევისა. ამასთან ერთად ელგუჯა ხინთიბიძე აჩვენებს რუსთველის გავლენას ინგლისურ ლიტერატურაზე. მონოგრაფიაში მკითხველი იპოვის ლიტერატურული შეხვედრების ცალკეულ შემთხვევათა გასაოცარ ანალიზს.
საკვანძო სიტყვები:მონოგრაფია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ბერტ ბეინენი პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის მონოგრაფია „შუასაუკუნეების ქართული რომანი ვეფხისტყაოსანი და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“
არაჩვეულებრივი კვლევა (რომელსაც ე. ხინთიბიძემ ბოლო ათი წელი მიუძღვნა), პირველ რიგში, ავლენს საოცარ კავშირს ელიზაბეტ დედოფლისდროინდელ თეატრსა და XII საუკუნის ქართულ დიდ ნაციონალურ ეპიკურ ნაწარმოებს – ვეფხისტყაოსანს შორის. კვლევა ეყრდნობა ზუსტ ტექსტობრივ ანალიზს და შესაბამისად მკაფიოდ წარმოაჩენს ისეთ მნიშვნელოვან მსგავსებებს, როგორიცაა გარემო, თემა, სიუჟეტი, მოქმედება და პერსონაჟი, ეს კი უდაოდ ცდება არქეტიპების უბრალო დამთხვევას და ავლენს ქართული ეპიკის აშკარა ზეგავლენას შექსპირზე, ბომონტსა და ფლეტჩერზე (კერძოდ ციმბელინი, ფილასტერი, მეფე და არა მეფე). ჩნდება ყველაზე საინტერესო შეკითხვა – როგორ მოხდა ყოველივე ეს? როდესაც ე. ხინთიბიძის თეორიებზე სხვებთან საუბრობ, იგი ზოგიერთი მათგანის გაკვირვებას იწვევს (რასაც ვერ დავარქმევდი სკეპტიციზმს). კვლევის შედეგების უკეთ გასააზრებლად, გთავაზობთ სრულიად ახლებულ მიდგომას. ნაშრომის სიღრმისეულ დეტალებსა და მიმართებებზე საუბრის ნაცვლად (ამას მივანდობ პროფ. ხინთიბიძეს), ვფიქრობ, აჯობებს, უფრო ზოგადი სურათი წარმოვადინო არსებული კავშირებისა, რათა საკითხი უჩვეულოდ აღარ მოგეჩვენოთ.
საკვანძო სიტყვები:რუსთველოლოგია, მონოგრაფია, რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ინგლისური დრამატურგია კატეგორია: ქართველოლოგიური ქრონიკა ავტორები: ანტონი ანდერსონი
ტომას ჰერბერტი, მოგზაურობანი სპარსეთში –1627-1629 (ამონარიდი)
შაჰ აბასს სხვადასხვა ცოლისაგან ჰყავდა ბევრი შვილი, რომელთა განათლებაზე არც ზრუნავასა და არც ფულს არ ზოგავდნენ. უფრო მეტად საიმედონი იყვნენ ისმაილი (Ismael), სოფი-მირზა (Soffy-Mirza), ყოდაბუნდა-სულთანი (Codabanda-Sultan) და ემანღოლი (Emangoly) – ოთხი ახალგაზრდა მამაცი პრინცი. პირველი ორი იყო გორდინას (Gordina) შვილი, სიმონ ხანის ქალიშვილის; მომდევნო ორი – მართას, სკანდერ მირზას ქალიშვილის შვილები. ორივე იყო ქართველი, ორივე ქრისტიანი. პირველი ქალბატონი ჩამოიყვანა ქურჩიკი-ხანმა (Kurchiki-cawn), მეორე – შაჰ-თამაზ-ყულიბეგმა (Shaw-Tamas-Coolibeg), ორივენი იყო სპარსელი, ორივე ფავორიტი. ყველა მათგანი ისეთი ძვირფასი იყო აბასისთვის, ჩანდა, რომ მაშინ მას ჰქონდა ამქვეყნიური ბედნიერების ელექსირი. მისი ფავორიტი ცოლები შეუდარებელი სილამაზისა და ჭეშმარიტად ერთგულები იყვნენ; ხოლო ვაჟები მისი ხასიათის, პოლიტიკისა და სიმტკიცის მსგავსნი – რაც ერთდროულად სიამოვნებას ანიჭებდათ როგორც ხანშიშესულ მეფეს, ასევე ომისმოყვარულ სპარსელებს. მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ხდება, ყველაზე კარგი გარემოებანიც კი სწრაფად იცვლებიან და არ არის ისეთი მშვიდი დღეები, რომელთაც ღრუბლების ჩრდილი არ მიადგება. ამრიგად ახალგაზრდა პრინცების გულწრფელობა და სრულყოფილება სწრაფად გაქრა.
საკვანძო სიტყვები:ტომას ჰერბერტი, შაჰ აბასი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: ტომას ჰერბერტი და რა არის ასე სასაცილო? სიცილი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანსა და კრეტიენ დე ტრუას რომანებში
საკონფერენციო მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა ამ პოემებში კარგ და ცუდ საუბარს, მსუბუქად გავაჟღერე მოსაზრება სიცილის შესახებ, ველოდებოდი რა შემდგომში დამსწრე საზოგადოებისაგან საინტერესო ვარაუდებს, რადგანაც ვიცოდი ლიტერატურაში სიცილის ფენომენის არსებობის შესახებ. ჩემს მოსაზრებასთან დაკავშირებით ვარაუდები არ გამოთქმულა, ამან გაუგებრობაშიც კი ჩამაგდო, სანამ არ მივაგენი წყაროებს, რომელიც საკითხის გაანალიზებამდე მიმიყვანდა. წინამდებარე ნაშრომის მიზანია სიცილის ეპიზოდების გააზრება როგორც სიცილის ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევების, ასევე პლატონისა და არისტოტელეს ეთიკური შეხედულებების პერსპექტივიდან. საკვანძო სიტყვები:შოთა რუსთაველი, კრეტიენ დე ტრუა, სიცილი კატეგორია: ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში ავტორები: სალი ნიუველი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|