ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





კითხვები ქართული ბიბლიის თარგმანის მომდინარეობის შესახებ

 

moქართული ქრისტიანული კულტურა - სამწერლობო კულტურა, სამწერლობო ენა, ცნებითი სისტემა, ლიტერატურული ფორმა და ა.შ. ბიბლიის თარგმანიდან იღებს სათავეს. ამდენად, იმის ცოდნა, თუ რა ენიდან, სად, რა წრეში და როდის ითარგმნა ბიბლია ქართულად, თავისთავად ბევრი სხვა ზოგადი და კონკრეტული საკითხის გარკვევის საშუალებას მოგვცემს რელიგიის, კულტურის, ისტორიის, ენის ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროში. ქართულ ბიბლიის ფილოლოგიური თვალსაზრისით კვლევაც, ცხადია, თარგმანის მომდინარეობის გარკვევით იწყება. უამისოდ აბსოლუტურად შეუძლებელია ბიბლიის ტექსტის დადგენა, ტექსტის ისტორიის კვლევა, მისი თარგმანის (//ების) ხასიათზე ლაპარაკი და ეგზეგეტიკური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის კომენტარი. ბიბლიის ქართული თარგმანის დედნის იდენტიფიცირება თავად ამ დედანთან დაკავშირებული პრობლემების შესასწავლადაც არის საინტერესო: საინტერესოა იმის გასარკვევად, თუ რამდენად განაპირობებდა წმინდა წერილის თარგმანის ლეგიტიმაციას მისი დედანი, რომელი ტექსტუალური ფორმა იყო დომინანტური ეკლესიაში მაშინ, როცა წმიდა წერილის ქართულად თარგმნა ხორციელდებოდა, როგორი იყო მისი ტექსტუალური თავისებურება, რა სემანტიკური ნიუანსების მატარებელი იყო იგი - მისი ლექსიკა და ფრაზეოლოგია, რამდენად გასაგები იყო მისი ახალი და უცხო ელემენტები სხვა რელიგიური შეხედულებებისა და სხვა სტრუქტურის ენის მქონე ერისთვის. კონკრეტული დედნის გარკვევის გარეშე შეუძლებელი იქნება ასევე ქართული თარგმანის გამოყენება შუა საუკუნეების თარგმანის ფენომენის, ანდა ენის ემანსიპაციასთან დაკავშირებული კვლევებისათვის.

 


საკვანძო სიტყვები:ბიბლია, ბიბლიის თარგმანები კატეგორია: კვლევები ავტორები: ანა ხარანაული


შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები და ''ვეფხისტყაოსანი''

 

შექსპირის შემოქმედებაში გამოყოფილია სამი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული პერიოდი, რომლებსაც თავისთავადი, სპეციფიკური მახასიათებელი აქვთ. პირველი - დაახლოებით 1601 წლამდე: რენესანსული იდეალები, ოპტიმიზმი, უპირატესად ძლიერი, სიცოცხლის მოყვარე და ხალისით სავსე პერსონაჟთა გარემო. მეორე პერიოდი - დაახლოებით 1608 წლამდე: ცხოვრებისეულ უსამართლობასთან სიკეთისა და სამართლიანობის დიადი იდეალების შეჯახება; წუხილი და მძაფრი განცდა ადამიანური უმწეობისა. მესამე პერიოდი - ალბათ 1608 წლიდან: ოცნებისეული სამყაროს შექმნა; ცხოვრებისეული, რეალური დრამატიზმის ირეალური, ფანტაზიური განვითარება ბედნიერი დასასრულით.

შექსპირის ბოლო პერიოდის პიესებში ჩანს რემინისცენციები ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბიდან, რომელიც უშუალო ლიტერატურული წყაროა შექსპირის და მისი თანამედროვეების სამი პიესისა: ციმბელინი, ფილასტერი, მეფე და არა მეფე.

 


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ციმბელინი, პერიკლე, ზამთრის ზღაპარი, ქარიშხალი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


თეოფანიის კომპოზიცია X-XI საუკუნეების ქართული ტაძრების ფასადებზე

 

წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლის საფასადო დეკორის ანალიზი მათი სტილისტური და შინაარსობრივი ასპექტით: განხილულია პირველი და მეორე ათასწლეულების მიჯნაზე შექმნილი ჯოისუბნის, ნიკორწმინდის და სვეტიცხოვლის ტაძრების რელიეფები, რომლებიც თეოფანიის, უფლის მეორედ მოსვლის თემისადმია მიძღვნილი.

ამ საკითხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემად გამოიკვეთა სვეტიცხოვლის ფასადების სიუჟეტური ინტერპრეტაციის თემა, რადგანაც, როგორც ცნობილია, მცხეთის საკათედრო ტაძარი მრავალგზისაა გადაკეთებული, ხოლო მისი შემამკობელი დეკორატიული ელემენტები - ადგილნაცვალი. ამრიგად, მათ სიუჟეტურ ინტერპრეტაციასთან ერთად, სტატიაში მოცემულია ასევე ამ რელიეფების პირველსახის ნაწილობრივი აღდგენის და არსუკიძისეული ნაგებობის ფასადების რეკონსტრუქციის ცდა.

ქართული ნიმუშები განხილულია ასევე შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპის ფართო კულტურულ კონტექსტში.

 


საკვანძო სიტყვები:თეოფანიის კომპოზიცია, რელიეფი, საფასადო დეკორი, სვეტიცხოველი, ნიკორწმინდა კატეგორია: კვლევები ავტორები: ნინო სილაგაძე


ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი "ნაპოლეონ" და მისი მიმართება ბაირონის ''ნაპოლეონის" ციკლის ლექსებთან

 

ნ. ბარათაშვილი უაღრესად ნაციონალური პოეტია, მისი ლირიკული სამყარო ეხმაურება ზოგადსაკაცობრიო აზრებს. თავისი შემოქმედების არსით, იგი დგას ისეთ რუს და ევროპელ შემოქმედთა გვერდით, როგორებიც არიან: ბაირონი, შელი, მუსიე, ლამარტანი, ჰიუგო, ჰაინე, პუშკინი, ლერმონტოვი, მიცკევიჩი და სხვანი. ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი ევროპაში რომანტიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, როგორც ჩვენში ნიკოლოზ ბარათაშვილი. 1815-1816 წლებში ბაირონი წერს ნაპოლეონის ციკლის ლექსებს. ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობაში იგი არაერთხელ გვესაუბრება ნაპოლეონზე. 1838 წელს ნ. ბარათაშვილი წერს ლექსს ნაპოლეონ. ლექსი ლირიკული მონოლოგის სახითაა დაწერილი და გვიხატავს ნაპოლეონის შთამბეჭდავ, ძლევამოსილ სახეს. ნაპოლეონის სახე მსოფლიო ლიტერატურაში იქცა სახე-იდეად, რომელიც ევროპულ ცნობიერებაში ძირითადად დაკავშირებულია ყოველივე ახალთან და პროგრესულთან. ნ. ბარათაშვილი თვისი ლექსით ნაპოლეონ უერთდება დასავლეთ-ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციას და კიდევ უფრო სრულყოფს ნაპოლეონის ციკლის ლექსთა რიგს.

 


საკვანძო სიტყვები:ბაირონი, ბარათაშვილი, ნაპოლეონი, მსოფლიო პოეზია კატეგორია: კვლევები ავტორები: ეკა ვარდოშვილი


ქცევის გრამატიკული კატეგორია ქართულში და ''საუღლებელი პრეფიქსები'' შუმერულში: შეპირისპირებითი ანალიზი

 

ნაშრომის მიზანია, ერთმანეთს შეუდაროს და შეუპრისპიროს ქართული ენის ქცევის გრამატიკული კატეგორია და შუმერულ ენაში ე. წ. „საუღლებელი პრეფიქსებით“ გამოხატული გრამატიკული მნიშვნელობები როგორც მორფოლოგიური, ასევე სინტაქსური და სემანტიკური თვალსაზრისით.

თეორიული ანალიზი და აღწერა დაფუძნებულია როგორც ფუნქციონალისტური მიმდინარეობების – დამოკიდებულებათა გრამატიკა, როლურ-რეფერენციული გრამატიკა, ფუნქციური ტიპოლოგია და ენათმეცნიერების საბაზისო თეორია, ასევე არატრანსფომრაციული გენერატივისტული მიმდინარეობების ძირითად დებულებებზე, მაგრამ დასკვნა და შედეგების განზოგადება ძირითადად გამიზნულია ფუნქციური ტიპოლოგიისათვის.

ზოგიერთი ზემოდასახეულებული თეორიისათვის აუცილებელია ტრადიციული სინტაქსური ფუნქციების (ქვემდებარის, პირდაპირი და ირიბი დამატებების და ა. შ.) გამორკვევა არა მარტო მორფოლოგიური მარკირების მიხედვით (პირის, რიცხვისა და სქესის/კლასის გამომხატველი მაჩვენებლები ზმნაში, ბრუნვის მაჩვენებელი სახელურ ფრაზაში და ა. შ.), არამედ სინტაქსური ქცევითი მახასიათებლებით (code and behavioural properties), მაგრამ სტატიის მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელია თავი ავარიდოთ სინტაქსური ფუნქციების გამორკვევას და შუმეროლოგიური ტრადიციის გათვალისწინებთი დადგენილად მივიჩნიოთ სემანტიკური როლებისა და სინტაქსური ფუნქციების შესატყვისობა პროტოტიპურ შემთხვევებში. ორვალენტიანი გარდამავალი ზმნა (მაგ., „კლავს“) აგენსსა და პაციენსს სინტაქსურად გამოხატავს, შესაბამისად, ქვემდებარისა და პირდაპირი დამატების საშუალებით, სამვალენტიანი გარდამავალი ზმნა (მაგ., „მიცემა“) – აგენსს, თემასა და რეციპიენტს, შესაბამისად, ქვემდებარის, პირდაპირი დამატებისა და ირიბი დამატების სახით, ერთვალენტიანი გარდაუვალი ზმნა (მაგ., „სვლა“) მასთან დაკავშირებულ ერთადერთ სემანტიკურ როლს გამოხატავს ქვემდებარის სახით. მიუხედავად ამისა, შესაბამის ადგილებში წარმოვადგენთ თან მივუთითებთ როგორც თანამედროვე, ასევე ტრადიციულ შუმეროლოგიურ და ქართველოლოგიურ გრამატიკულ ლიტერატურას.


საკვანძო სიტყვები:ქართული ენა, შუმერული ენა, ვნებითი გვარი, საშუალი გვარი, აპლიკატივი, ლოკატივი, რეფლექსივი, სინტაქსური ფუნქციები კატეგორია: კვლევები ავტორები: ზურაბ ბარათაშვილი


„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ახალი რუსული თარგმანი

 

grigol xanZTeli1999 წელს პარიზში გამოცემულ რუსულენოვან ჟურნალ „სიმბოლოს (Символ) 42-ე ნომერში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ახალი რუსული თარგმანი გამოქვეყნდა, რომლის ავტორი ლატვიაში მოღვაწე ქართველი, დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი, გახლავთ. იმავე „სიმბოლოს“ სხვადასხვა ნომერში სხვადასხვა დროს მისივე თარგმნილი გიორგი მთაწმინდელის „იოანე და ეფთვიმე ათონელების ცხოვრება”, გიორგი მცირის „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“, „ევსტათი მცხეთელის წამება“, „აბო თბილელის წამება“, „შუშანიკის წამება“, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“, ჟამთააღმწერლის ისტორია და სხვ. თხზულებები დაიბეჭდა.

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების რუსული თარგმანი ქართული ტექსტის პირველ გამოცემასაც ახლდა და ის თხზულების პირველმა გამომცემელმა შეასრულა. წინამდებარე სტატია ამ ორი თარგმანის ერთგვარი შეპირისპირების მცდელობაა იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს თარგმანის პროცესისთვის არჩეული მეთოდი; მოთხოვნები, რომლებსაც მთარგმნელი საკუთარ ნაშრომს უყენებს; ან რა არის თითოეული თარგმანის სპეციფიკა და როგორია თითოეულის მიმართება დედანთან.

 


საკვანძო სიტყვები:ქართული ჰაგიოგრაფია, ქართული ლიტერატურა თარგმანებში, იოსებ ზეთეიშვილი კატეგორია: კვლევები ავტორები: სოფიო გულიაშვილი