ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის მიჯნაზე: სიყვარული შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანსა და კრეტიენ დე ტრუას არტურის ციკლის რომანებში
კრეტიენ დე ტრუა და შოთა რუსთაველი დაახლოებით ერთ პერიოდში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, მათ ნაწარმოებებშიც გარკვეული მსგავსება არსებობს – აქედან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანია რუსთაველის ვეფხისტყაოსნისა და კრეტიენ დე ტრუას რომანებში ასახული სიყვარულის თემის განხილვა. ზემოაღნიშნული ნაწარმოებების დეტალური შესწავლის შედეგები ამყარებს არსებულ აზრს, რომ ორივე პოეტისათვის სიყვარულის სათანადო გამოვლინება ზუსტად ქორწინება იყო და არა ადიულტერი. თუმცა ტექსტებში აღწერილი სიყვარულის თემის უფრო დეტალური შესწავლის შედეგად გამოჩნდა მათ შორის არსებული განსხვავებებიც. კრეტიენის რომანებში დაქორწინებული წყვილები აძლიერებენ თავიანთ სიყვარულს წონასწორობის დამყარებით საკუთარ პირად სიყვარულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, ხოლო ადიულტერი უარყოფით მოვლენადაა მიჩნეული. ავთანდილის სახით რუსთაველი აღწერს ისეთ გმირს, რომელიც თავიდანვე რაციონალურად აზროვნებს, მოქმედებს და რომლის სიყვარულიც ეჭვს არ იწვევს. მას შეუძლია ემოციური კონტროლის შენარჩუნება ანუ თინათინთან დაშორებისას წუხილთან და სასოწარკვეთილებასთან საკუთარი ძალებით გამკლავება. პოემაში მისი როლი მხოლოდ ნესტანის პოვნით არ შემოიფარგლება, მისი მიზანია ტარიელის შინაგანი ღირსების აღდგენა. კრეტიენისგან განსხვავებით, რუსთაველი თავის პოემაში უფრო მეტად ავითარებს მეგობრობა-სიყვარულის გრძნობას მამრობით გმირებს შორის. ავთანდილსა და ტარიელს შორის არსებული სიყვარულის ანალიზის შედეგად დადგინდა მისი გარკვეული მსგავსება დიდებულებს შორის არსებულ მეგობრობის ნეოპლატონისეულ კონცეფციასთან, რომელიც შუა საუკუნეების დასავლეთში განვითარდა. ამ ორი პოეტის ხედვებს შორის მკვეთრი მსგავსება არსებობს, მაგრამ არსებული განსხვავებები იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოღვაწეობდნენ. საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, რუსთაველი, კრეტიენ დე ტრუა, ქორწინება, მეგობრობა, გამაკეთილშობილებელი სიყვარული კატეგორია: კვლევები ავტორები: სალი ნიუველი
საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ – თანამედროვე ქართული ფილოლოგიური სკოლის სავიზიტო ბარათი
როგორც მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონფერენციებისა თუ სემინარების უმთავრესი მიზანია არა მარტო სამეცნიერო სფეროში მიღწეული წარმატებების წარმოჩენა და კოლეგათათვის გაზიარება, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის კონტაქტების გაფართოება, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების დაგეგმვა. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქართული ლიტერატურის კვლევა თანამედროვე ფილოლოგიური სტანდარტების კონტექსტში, რაც გულისხმობს ლიტერატურული პროცესის ინტერპრეტაციას ფართო ლიტერატურულ – ესთეტიკურ ჭრილში, ზოგად – ლიტერატურული პროცესისა და შესაბამისი კულტურული მოდელების გათვალისწინებით. ამ მიზნით 2007 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირმა რატიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რაც ერთ–ერთი ოპტიმალური საშუალებაა უცხოეთის მსგავსი პროფილის სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და საუნივერსიტეტო სივრცეებთან ურთიერთობის დამყარებისა. მსგავსი სამეცნიერო ფორუმები ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ჩართვას საერთაშორისო ლიტერატურულ კვლევებში, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ეხმარება და აჩქარებს ქართული ფილოლოგიური სკოლის მსოფლიო ჰუმანიტარულ პროცესებში ინტეგრირებას. საკვანძო სიტყვები:ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები კატეგორია: კვლევები ავტორები: ნუგეშა გაგნიძე
გრიგოლ რობაქიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობა (პრომეთეს ნაშიერნი)
გრიგოლ რობაქიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობით დიდი ხანია დაინტერესებულია საზოგადოება. ახალი აღმოჩენებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ნაწარმოებების მოძიება ახალ პერსპექტივებს სთავაზობს მეცნიერებსა და ლიტერატურის კრიტიკოსებს მისი შემოქმედების კვლევის საქმეში. 1942 წელს ბრიუსელის გაზეთის სხვადასხვა ნომერში დაბეჭდილი რობაქიძის ხუთი საგაზეთო პუბლიკაცია, საერთო სახელწოდებით კავკასიის სილუეტები, ქართველი მკითხველისათვის უცნობია. მათ შესახებ ავტორი აღნიშნავს წერილში გულნადები, რომელიც მან 1947 წელს მისწერა ქართველ მწერლებს. როგორც თავად მიუთითებს, მეორე მსოფლიო ომის მძვინვარე წლებში მან შეძლო ამ სტატიებში „პოლიტიკური აქცენტების“ თავიდან აცილება. კავკასიური სილუეტის პრომეთეს ნაშიერნი („Das Geschlecht von Prometheus“, 26. 08. 1942) მთავარი თემაა თავისუფალი ადამიანი და მისი საქმიანობა. მასში რობაქიძე ვრცლად მოუთხრობს გერმანიის მიერ ოკუპირებული ბელგიის მოსახლეობასა და გერმანულენოვან მკითხველს ეპიზოდებს საქართველოს ისტორიიდან და აცნობს მათ კავკასიაში მცხოვრები თავისუფლების მოყვარეერების ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესახებ. რობაქიძის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მისი ნაწარმოებების მეშვეობით გასული საუკუნის 30-40-იანი წლებში ევროპამ ხელახლა აღმოეჩინა პრომეთეს ქვეყანა. რობაქიძის პრომეთესათვის დამახასიათებელი ამბივალენტურობა – თავისუფლებისათვის მებრძოლი და მკრეხელი – შეიძლება ამავდროულად ემიგრანტი მწერლის მდგომარეობასაც მივუსადაგოთ ორ ფრონტს შორის. ისიც პრომეთეს იმ ნაშიერთ განეკუთვნება, რომელთათვის შველა არსაიდან ჩანს. სწორედ ამ ამბივალენტურობის გამო მკვიდრდება რობაქიძის შემოქმედების სხვადასხვაგვარი შეფასება როგორც ქართულ და გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში. ყოველი აღმოჩენა კი შესაძლებლობას იძლევა ახალი დასკვნების გასაკეთებლად. საკვანძო სიტყვები:კავკასია, გრიგოლ რობაქიძე, პრომეთე, თავისუფლება. კატეგორია: კვლევები ავტორები: ნუგეშა გაგნიძე
სურიონ-ვანის მფარველი ღვთაება:
ვანის ძველი ქალაქი ანტიკურ ეპოქაში Anassa Souri „სურიონ“-ად იწოდებოდა [3, გვ. 223; 7, გვ. 124-128]. ვანის ნაქალაქარზე არაერთი მნიშველოვანი არტეფაქტებია აღმოჩენილი. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქალაქის კარიბჭის კედელზე ვერტიკალურად ამოკაწრული წარწერა: Ar[aomai[w Anas]s[a – „გევედრები მეუფეო – ქალღმერთო“ [1, გვ. 52]. წარწერა პალეოგრაფიულად ძვ. წ. IV-IIIსს-ით თარიღდება და საქართველოში დღემდე აღმოჩენილ უძველეს ლაპიდარულ ბერძნულ წარწერად ითვლება [2, გვ. 148]. იგი მრავალმხრივ საყურადღებოა. აღნიშნული წარწერა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო სურიონელთა - ვანის მოქალაქეთა რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ, არამედ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ზოგადად, ძველი კოლხეთის საზოგადოების იდეოლოგიისთვისაც. საკვანძო სიტყვები:ვანი, სურიონი, აფროდიტე, ქალღვთაება, ანასა, კოლხეთი, სინკრეტიზაცია კატეგორია: კვლევები ავტორები: თემურ თოდუა
იმოჯენი (Imogen) თუ ინოჯენი (Innogen) (შექსპირის ციმბელინის ოქსფორდული გამოცემის ერთი კონიექტურის შესახებ)
უკანასკნელი ათწლეულის რუსთველოლოგიური მეცნიერების ერთი უმთავრესი სიახლე – იმის გამოვლენა, რომ ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავი სიუჟეტურ წყაროდაა გამოყენებული XVII საუკუნის დასაწყისის დიდ ინგლისურ დრამატურგიაში – ჟურნალ „ქართველოლოგის“ პუბლიკაციების პერმანენტულ საკითხად იქცა („ქართველოლოგი“ №14; 15; 16; 19; 20). ამ პუბლიკაციებში გამოკვეთილმა ერთმა თეზამ, ვეფხისტყაოსნის ნესტან–დარეჯანისა და შექსპირის ციმბელინის მთავარი პერსონაჟის მხატვრული სახეების პარალელების კვლევამ იმ სიმბოლიკაზე დამაფიქრა, რომელსაც დიდი ინგლისელი დრამატურგი ზოგიერთ შემთხვევაში თავის პერსონათა სახელების შერჩევისას მიმართავდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ციმბელინის პროტაგონისტის, მეფის ერთადერთი ასულის იმოჯენის სახელი. ამ სახელის სიმბოლური დატვირთვის ინტერპრეტირებას და თხზულების ზოგიერთ გამოცემაში სახელ იმოჯენის სხვა ფორმით – ინოჯენით შეცვლის მიზანშეწონილობის კვლევას ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი. საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ციმბელინი, იმოჯენი, ინოჯენი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე
ქართული ნახირი – აქადური naxiru
წინამდებარე სტატიაში ავტორი ცდილობს გამოავლინოს ასურულ წყაროებში არაერთგზის დაფიქსირებული სიტყვის naxiru მნიშვნელობა, რომელიც მიემართებოდა გარკვეული სახის ცხოველს, თუმცაღა ამ სიტყვის ზუსტი იდენტიფიკაცია აქამდე არ ხერხდებოდა. სხვადასხვა არგუმენტის მოხმობით, მათ შორის, ქართული ნახირის ანალოგიით ავტორი ასკვნის, რომ აღნიშნული სიტყვა ასურულ წყაროებში აღნიშნავდა ზღვის ძროხას. საკვანძო სიტყვები:naxiru, ნახირი, ზღვის ძროხა, ზღვის ცხენი, ასურული წყაროები. კატეგორია: კვლევები ავტორები: კონსტანტინე ლერნერი |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|