ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





„დაკარგული” ქვეყანა - რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე ნაკლებ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში?


GC2013 წლის ნოემბერში ჟურნალ „ქართველოლოგის“ რედაქციას წერილი მოსწერა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა არქეოლოგმა ლევან კიკნაძემ, გაგვაცნო ამერიკელი ისტორიკოსი პიტერ სკინერი, რომლის ილუსტრირებული წიგნი საქართველოს ისტორიაზე მზადდებოდა გამოსაცემად. თან შემოგვთავაზა გამოსაქვეყნებლად პიტერ სკინერის სტატია და გვაუწყა ავტორის გულისტკივილი იმის თაობაზე, რომ ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ძალზე ცოტაა ცნობილი საქართველოს ისტორიაზე და არც სათანადო ლიტერატურაა ხელმისაწვდომი. მე, ჩემი მხრივ, ვაუწყე ბატონ პიტერს, რომ ჩვენში ინგლისურ ენაზე უკანასკნელ წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნი გამოიცა და საზღვარგარეთელმა ქართველოლოგებმაც სქელტანიანი მონოგრაფიები გამოაქვეყნეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე საქართველოს ისტორიის შესახებ. მაგრამ ამავე დროს მისი წერილის გამოქვეყნება, სათანადო ექსპერტიზის შემდეგ, აუცილებლად მივიჩნიეთ. სტატიაში ჩანს დიდი სიყვარული და აღფრთოვანება  საქართველოს მდიდარი კულტურით და ხანგრძლივი გმირული ისტორიით. მაგრამ, ამასთან ერთად, გულისტკივილიც იმის შესახებ, რომ ინგლისურ ენაზე ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა იბეჭდება და რაც დაბეჭდილია, არაა ხელმისაწვდომი ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.

ვფიქრობ, ქართულმა სამეცნიერო წრეებმა და კულტურის მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ ამერიკელი მკვლევარის შენიშვნები. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენ მიმართ თანაგრძნობითა და გულისტკივილით გამოთქმული შენიშვნების მოსმენა, შემდეგ - მათი გააზრება და გამოსასწორებლის, რაც შეიძლება მალე, გამოსწორება.

სტატიას ვაქვეყნებთ პარალელური ქართული თარგმანით, რომელიც შეასრულა ბატონმა ლევან კიკნაძემ.

 

რედაქტორი


საკვანძო სიტყვები:საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, პიტერ სკინერი. კატეგორია: კვლევები ავტორები: პიტერ სკინერი


რუსთაველის თხზულების დღეისათვის არსებული გერმანული თარგმანები

 

VFსანამ ა. ლაისტი მოჰკიდებდა ხელს რუსთველის თხზულების თარგმნას, მსოფლიო ლიტერატურის ამ ქართულ ძეგლთან მიახლოება სცადეს დასავლეში ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ ბერტა და არტურ ფონ ზუტნერები. 1884 წელს, საქართველოში თავიანთი ცხრაწლიანი ცხოვრებისა და მოგზაურობის დროს, მათ დაიწყეს ვეფხისტყაოსნის თარგმნა. რადგანაც არტური ქართულ სასაუბრო ენას ცოტაოდენ ფლობდა, ხოლო ბერტა კი რუსულს სწავლობდა, მათ ვერ შეძლეს „ვეფხისტყავის“, როგორც ბერტა ფონ ზუტნერი უწოდებდა ამ თხზულებას, თარგმანის დასრულება.

„სამშობლოში დაბრუნება ჩვენ მაისისათვის გვქონდა განზრახული, იქამდე კიდევ სამი თვე იყო. ეს დრო გვინდოდა, მიგვეძღვნა სამუშაოსთვის, რომლის შესრულებაც გვთხოვა ჩემი ქმრის მეგობარმა, თბილისელმა ჟურნალისტმა. საქმე ეხებოდა ქართული ჰეროიკული ეპოსის, შოთა რუსთველის „ვეფხისტყავის“ თარგმნას ფრანგულ და რუსულ ენებზე. რამდენადაც ჩვენ ქართული ენა არ ვიცოდით, სამუშაო შემდეგნაირად უნდა შეგვესრულებინა: ბატონ „მ“-ს (რომლის სახელიც აღარ მახსოვს დასაწყისი ბგერის გარდა) ორიგინალზე დაყრდნობით სიტყვასიტყვით უნდა გადმოეცა ჩვენთვის თხზულება ფრანგულად, რომელსაც ის არასრულფასოვნად ფლობდა, რაც შემდგომში ჩვენ გამართული ფრანგულით უნდა გვეთარგმნა... იმისათვის, რომ მშვიდად გვემუშავა, ჩვენ მივიღეთ მისი წინადადება გადავსახლებულიყავით სამეგრელოს ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში, სადაც მისი მამა მღვდლად მსახურობდა და პატარა სახლი ჰქონდა, რომელშიც მცირე გასამრჯელოს ფასად დაგვაბინავა. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო რეგულარულად, სადილამდე ორი საათით ადრე და შემდეგ, გვემუშავა „ვეფხისტყავზე“. ჩვენი თარგმანი არ დაიბეჭდა, მაგრამ ჩვენ არ დაგვნანებია დრო, რომელიც ამ სამუშაოსთვის დავხარჯეთ, რადგან ამის წყალობით, ჩვენი აღფრთოვანებული ქართველი პატრიოტის ნაამბობითა და შენიშვნებით, ჭეშმარიტად ჩავწვდით არსს, ისტორიასა და ხალხის სულს, მომხიბლავ ქვეყანას, სადაც ამდენი წელი გავატარეთ...“ [8, გვ. 190, 194].

 


საკვანძო სიტყვები:რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, გერმანულენოვანი თარგმანები. კატეგორია: კვლევები ავტორები: შტეფი ხოტივარი-იუნგერი


ახალი დეტალები ქართული ემიგრაციის ისტორიიდან

 

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დამკვიდრებული დიქტატორული მმართველობითი რეჟიმისაგან თავის დახსნის მიზნით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა დიდი ნაწილის მოღვაწეობის უმთავრეს სფეროს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად წარმართული პოლიტიკური, კულტურულ-საზოგადოებრივი და შემოქმედებითი საქმიანობა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ქართული ემიგრაციის ისტორიასთან დაკავშირებულ დოკუმენტთა მნიშვნელოვანი ნაწილის ძნელად ხელმისაწვდომობის გამო, ეს ისტორია სასურველ დონეზე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და ბევრი რამ ამ მიმართულებით სამომავლოდაა მოსაძიებელ-გამოსაკვლევი.

აღნიშნული ხარვეზის შესავსებად საინტერესოა ჩვენში დღესდღეობით თითქმის სრულიად უცნობი ემიგრანტი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ლადო არველაძის ცხოვრება და შემოქმედება. ლ. არველაძის ნაწარმოებთაგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში ნიუ-იორკში გამოცემული სამი ხელნაწერი წიგნია დაცული: 1. მოთხრობები (1964); 2. პატარა მოთხრობები (1965) და 3. მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის (მოგონებები), წიგნი IV (1966).

ლ. არველაძის შემოქმედებითი ენერგია ყველაზე მეტად მის მოთხრობებში გამოვლინდა. ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ თვალსაზრისითაც იძენს, რომ სხვა ქართველ ემიგრანტ მწერალთა ლიტერატურული შესაძლებლობანი უპირატესად  პოეზიასა და პუბლიცისტიკაში წარმოჩინდა.

გარდა მხატვრული ნაწარმოებებისა, ქართულ ემიგრანტულ პრესაში ლ. არველაძე პუბლიცისტურ წერილებსაც აქვეყნებდა. საქართველოს ისტორიული და თანადროული ყოფისადმი მიძღვნილ ამ წერილებში ეროვნული თვალთახედვითაა გააზრებული ქართული ყოფის ბევრი საჭირბოროტო საკითხი. 

 


საკვანძო სიტყვები:ქართული ემიგრაცია, ლადო არველაძე კატეგორია: კვლევები ავტორები: ავთანდილ ნიკოლეიშვილი


წყაროები წმინდა მიწაზე ქართველების მოღვაწეობის შესახებ: პეტრე იბერის ცხოვრების სირიული ტექსტის ინგლისური თარგმანი

 

2008 წელს ბიბლიური ლიტერატურის საზოგადოებამ გამოსცა რობერტ ფენიქსისა და წინამდებარე  სტრიქონების ავტორის წიგნი იოანე რუფუსი: პეტრე იბერის, თეოდოსიოს იერუსალიმელისა და რომანოზ ბერის ცხოვრებანი.  აღნიშნულ ნაშრომში პირველადაა თავმოყრილი V საუკუნის პალესტინაში ჩასახული ანტიქალკედონური მოძრაობის შესწავლის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ამ სამი თხზულების სირიული ტექსტები და მათი ინგლისურ ენაზე შესრულებული თარგმანი. წინამდებარე სტატიაში მიმოხილულია ეს გამოცემა. 


საკვანძო სიტყვები:იოანე რუფუსი, პეტრე იბერი, სირიული ტექსტები კატეგორია: კვლევები ავტორები: კორნელია ჰორნი; რიბერტ ფენიქსი


"ვეფხისტყაოსნის" სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია

 

ვეფხისტყაოსნის სიყვარულის კონცეფცია შეესაბამება ქრისტიანული ცივილიზაციის გვაინდელი შუასაუკუნეების ეტაპს. იგი თავისი არსით რენესანსულია; ეფუძნება ქრისტიანული მოყვასის სიყვარულის რუსთველისეული ინტერპრეტირების მოდელს და წარმოადგენს შუასაუკუნეებიდან რენესანსულ აზროვნებაზე გარდამავალი ეპოქის მსოფლშეგრძნების პრინციპული მსოფლმხედველობითი თეზის ორიგინალურ ფილოსოფიურ გააზრებას და მხატვრულ ასახვას.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, მოყვასი, სიყვარული, შუასაუკუნეები, რენესანსი კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


ოსკარ უაილდის ინტერტექსტი ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში

 

XX საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურის განახლების პროცესს წინააღმდეგობრივი ხასიათი ჰქონდა და მოიცავდა როგორც ტრადიციის დაძლევას, ასევე, მის გაგრძელებასა და იმავდროულად ევროპული ლიტერატურული გამოცდილების გააზრებასაც. ამ პერიოდის ქართული კულტურის სახის განმსაზღვრელ ნაწილად იქცა მოდერნიზმის ესთეტიკა. კანონზომიერია, რომ საქართველოში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი მწერლები, როგორებიც იყვნენ: უაილდი, მეტერლინკი, მალარმე, ვერლენი, ჰამსუნი და სხვები. ამასთან ერთად ქართველი ხელოვანები უცხოეთში იღებდნენ განათლებას და იქ ეცნობოდნენ არაერთ საყურადღებო ტენდენციას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ცნობილი ქართველი პროზაიკოსის - ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება, რომლის ნაწარმოებების პრობლემატიკა და მხატვრული ინტერპრეტაციის თავისებურებანი განპირობებულია როგორც იმპრესიონისტული ხედვით, ასევე, ეპოქის საერთო განწყობილებით გამოწვეული მრავალი ფაქტორით, რისი ერთ-ერთი დადასტურებაცაა ოსკარ უაილდის ინტერტექსტის არსებობა მწერლის შემოქმედებაში (მომღერალი, პანაშვიდი, ვენერას პირველი ნაბიჯი, მოჰკლეს ღმერთი, შემოქმედი, გულთამხილავის მსჯავრი...).  


საკვანძო სიტყვები:მოდერნიზმი, დემიურგი, ინტერტექსტი, ოსკარ უაილდი, ნიკო ლორთქიფანიძე კატეგორია: კვლევები ავტორები: ნესტან კუტივაძე