ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ – თანამედროვე ქართული ფილოლოგიური სკოლის სავიზიტო ბარათი
როგორც მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონფერენციებისა თუ სემინარების უმთავრესი მიზანია არა მარტო სამეცნიერო სფეროში მიღწეული წარმატებების წარმოჩენა და კოლეგათათვის გაზიარება, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის კონტაქტების გაფართოება, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების დაგეგმვა. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობის პრიორიტეტს წარმოადგენს ქართული ლიტერატურის კვლევა თანამედროვე ფილოლოგიური სტანდარტების კონტექსტში, რაც გულისხმობს ლიტერატურული პროცესის ინტერპრეტაციას ფართო ლიტერატურულ – ესთეტიკურ ჭრილში, ზოგად – ლიტერატურული პროცესისა და შესაბამისი კულტურული მოდელების გათვალისწინებით. ამ მიზნით 2007 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ირმა რატიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რაც ერთ–ერთი ოპტიმალური საშუალებაა უცხოეთის მსგავსი პროფილის სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და საუნივერსიტეტო სივრცეებთან ურთიერთობის დამყარებისა. მსგავსი სამეცნიერო ფორუმები ხელს უწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ჩართვას საერთაშორისო ლიტერატურულ კვლევებში, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ეხმარება და აჩქარებს ქართული ფილოლოგიური სკოლის მსოფლიო ჰუმანიტარულ პროცესებში ინტეგრირებას. პირველ სიმპოზიუმს (2007წ.) პირობითად ექსპერიმენტულიც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ლიტერატურის ინსტიტუტის მხრიდან ეს იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი, პირველი მცდელობა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე გასვლისა. სიმპოზიუმის თემატიკაც იყო საკმაოდ ფართო და მოიცავდა ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის სხვადასხვა მიმართულებას (მედიევისტიკა; თანამედროვე ლიტერატურული პროცესები; ინტერკულტურული კომუნიკაციები; ლიტერატურის თეორია, ფოლკლორი). სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდები თემებზე: ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაცია; პოსტმოდერნიზმი. შეიძლება ითქვას, რომ „ექსპერიმენტმა“ გაამართლა: სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 79–მა მომხსენებელმა, როგორც თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (ქუთაისი, გორი, სიღნაღი), ისე იერუსალიმის, სიეტლის, ვარშავის, გრანადის, სანკტ–პეტერბურგის, ბაქოს, ერევნის სამეცნიერო ცენტრებიდან. ეს იყო ერთგვარი სტიმული სიმპოზიუმის ორგანიზატორებისთვის, დაეგეგმათ არა მარტო მომდევნო წლის სამეცნიერო ფორუმის ჩატარება, არამედ ღონისძიება ყოველწლიური გაეხადათ. მომდევნო სიმპოზიუმი 2008 წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო (ბოლო წლებია, სიმპოზიუმი სექტემბრის ბოლო ოთხშაბათს იხსნება, რაც ერთგვარ ტრადიციად იქცა), მაგრამ აგვისტოში საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ღონისძიების ჩატარება რამდენიმე თვით გადაიდო. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, სამეცნიერო ფორუმი მაინც შედგა (დეკემბრის თვეში) და მის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მკვლევრებმა ბულგარეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, კიპროსიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, რომელთა საქართველოში ჩამოსვლაც ფორუმის ორგანიზატორებმა, სამეცნიერო ინტერესების გარდა, კოლეგიალობის, სოლიდარობისა და მძიმე წუთებში თანადგომის გამოხატულებადაც მიიჩნიეს. სასექციო მუშაობის პარალელურად (მედიევისტიკა; ტექსტის კომპარატივისტული ანალიზი და კულტურის ტიპოლოგია; ინტერკულტურული კომუნიკაციები; მითოსი, რიტუალი, სიმბოლო; თანამედროვე ლიტერატურული პროცესები; რომანის საზღვრები; ტექსტი და მკითხველი) სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა თემატური სამეცნიერო კონფერენცია – „სულხან-საბა ორბელიანი და ქართული ევროპეიზმი. ლიტერატურა, კულტურა, ცნობიერება“, რომელიც გამოჩენილი ქართველი მწერლის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის სულხან–საბა ორბელიანის დაბადებიდან 350–ე წლისთავს მიეძღვნა, ასევე გაიმართა ორი მრგვალი მაგიდა თემებზე: მხატვრული სახის ფუნქციური მოდელები ტექსტში და XX საუკუნის 20-30-იანი წლების ლიტერატურული პროცესები. 2009 წლიდან სამეცნიერო ფორუმმა თემატური ხასიათი შეიძინა და სიმპოზიუმის პირველ თემად გამოცხადდა „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე-20 საუკუნის გამოცდილება“. შეიძლება ითქვას, რომ 2009 წლის სიმპოზიუმი იქცა ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი სკოლის ერთგვარ გარღვევად საერთაშორისო ასპარეზზე: გამოცხადებულმა თემამ 200-ზე მეტი მეცნიერის დაინტერესება გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; შეირჩა 134 მკვლევრის მოხსენება, აქედან, 69 განაცხადი უცხოეთიდან, როგორც პოსტ-საბჭოთა და პოსტ-სოციალისტური, ისე სხვა ქვეყნებიდან. სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა მრგვალი მაგიდის სხდომები, პრეზენტაციები, ინტერაქტივები. სამეცნიერო შედეგი, გამოქვეყნებული მასალების სახით, იმდენად მნიშვნელოვანი და საყურადღებო აღმოჩნდა, რომ ლიტერატურის ინსტიტუტმა, პირველად პოსტსაბჭოური რეალობის ისტორიაში, მიიღო საგამომცემლო წინადადება ძალზე პრესტიჟული ინგლისური საგამომცემლო სახლისგან – Cambridge Scholars Publishing. გამომცემლობის სარედაქციო საბჭომ შეარჩია მისთვის საინტერესო სტატიები და 2012 წელს, ინგლისურ ენაზე, ინგლისში, გამოიცა სიმპოზიუმის მასალების რჩეული კრებული პროფესორ ირმა რატიანის რედაქტორობით. წიგნში 22-ზე მეტი ქართველი ავტორის სტატია მოხვდა, რამაც, ცხადია, საგრძნობლად გაზარდა ქართველ მეცნიერთა ნაშრომების კითხვადობა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. 2009 წლიდან მოყოლებული, სიმპოზიუმი, ტრადიციულად, თემატურია და ყოველწლიურად მუშაობს წინასწარ გამოცხადებული თემატიკის ფარგლებში, რომელიც, სამეცნიერო ფორუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვლევის საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. მაგ. მე–4 და მე–5 საერთაშორისო სიმპოზიუმები მიეძღვნა ქართველი კლასიკოსების, აკაკი წერეთლისა (2010წ.) და ვაჟა–ფშაველას (2011წ) საიუბილეო თარიღებს: 2010 წელს საქართველოში ფართოდ აღინიშნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170–ე წლისთავი, 2011 წელი კი იუნესკოს მიერ ვაჟა–ფშაველას წლად გამოცხადდა მწერლის დაბადების 150–ე წლისთავთან დაკავშირებით. შესაბამისად, განისაზღვრა ორივე სიმპოზიუმის თემატიკა: „კლასიკური რეალიზმის ეპოქა. მე–19 საუკუნის კულტურული და ლიტერატურული ტენდენციები“ (2010 წლის ოქტომბერი) და „მითოსური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება“ (2011 წლის სექტემბერი). საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე სიმპოზიუმზე საგანგებო სექციები მიეძღვნა აღნიშნულ მწერალთა შემოქმედებით მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს (აკაკი წერეთელი. ეპოქა და შემოქმედი; ვაჟა–ფშაველა. ეპოქა და შემოქმედი), ამავდროულად კი, ფორუმში მონაწილეობის მსურველებს ორგანიზატორებმა შესთავაზეს უფრო ფართო თემებიც: მაგ. ლიტერატურული პროცესების ტიპოლოგიური ანალიზი და კრიტიკის ძირითადი ტენდენციები, ნაციონალური ლიტერატურები და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი, მითისქმნადობა და მხატვრულ სახეთა სისტემა, კავკასიური მითოლოგია და ქართული ფოლკლორი; უნივერსალური არქეტიპები და ნაციონალური მითები; მითოლოგიური დისკურსი და კულტურის ტიპოლოგია და ა.შ. მსგავსი ტიპის ფორუმი ჩატარდა 2012 წელსაც: სიმპოზიუმი მიეძღვნა ვეფხისტყაოსნის პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს. საგანგებო სექციის – შოთა რუსთაველი და მისი პოემა – პარალელურად ამჯერადაც მონაწილეებს შესთავაზეს გაფართოებული თემატიკა, რომელიც, საიუბილეო თარიღიდან გამომდინარე, ძირითადად, მედიევისტიკის აქტუალურ პრობლემებს დაეთმო (შუასაუკუნეების ლიტერატურული ჟანრები, შუასაუკუნეების სასულიერო ლიტერატურა, შუა საუკუნეები: ეპოქა და კულტურული ტენდენციები, შუასაუკუნეების ლიტერატურული ტრადიცია – აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპული და ნაციონალური კონტექსტების ურთიერთმიმართების პრობლემა, შუასაუკუნეების ლიტერატურა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი). სექციათა ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ სიმპოზიუმის მიზანი თანამედროვე მედიევისტიკის საკვანძო პრობლემატიკის გაცნობასთან ერთად იყო ვეფხისტყაოსნის რეცეფცია ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე დონის გათვალისწინებით და მისი ადგილის წარმოჩენა მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში (რაც სიმპოზიუმის ინტერნაციონალური შემადგენლობიდან გამომდინარე, ამ ძეგლის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის კიდევ ერთ ცდად უნდა აღვიქვათ). ამავე მიზანს ემსახურებოდა სიმპოზიუმის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდა თემაზე: ვეფხისტყაოსნის თარგმანები, რომელსაც ქართველ მეცნიერებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ბევრი უცხოელი სტუმარი დაესწრო. ამგვარი დაინტერესება იმ გარემოებით უნდა აიხსნას, რომ რუსთველის პოემა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი, აქედან გამომდინარე, სწორედ ვეფხისტყაოსანია ქართული ლიტერატურის ერთგვარი „სავიზიტო ბარათი“ საზღვარგარეთ. მრგვალი მაგიდის მონაწილენი ერთსულოვანნი იყვნენ იმის აღიარებისას, რომ რუსთველის პოემის არაერთი, მართლაც და ღირებული თარგმანის არსებობის მიუხედავად, საჭიროა ახალი თარგმანები, რომლებიც 21–ე საუკუნის მკითხველისთვის იქნება განკუთვნილი და სულ სხვა სიღრმით დაანახებს მათ ქართული შუასაუკუნეების ამ უმნიშვნელოვანეს ქმნილებას. არანაკლებ აქტუალური იყო მომდევნო, 2013 წელს ჩატარებული სიმპოზიუმის თემატიკაც: „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა (მე-20 საუკუნის გამოცდილება)“. სიმპოზიუმის თემის ინტერპრეტაციულ პრეამბულაში საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ირმა რატიანი წერდა: „ემიგრაცია წითელ ზოლად გასდევს მე-20 საუკუნის ისტორიას, ცნობილს ხვადასხვა ხანგრძლივი თუ ხანმოკლე რეჟიმებითა და დიქტატურებით. ემიგრაციას მე-20 საუკუნის ბევრი გენიალური მწერალი (მათ შორის ქართველიც) ემსხვერპლა: ისინი გაექცნენ რეჟიმებს, რათა დისტანციიდან დაენახათ სამშობლოში მიმდინარე მტკივნეული პროცესები, ეთქვათ სიმართლე და დანაშაულებრივი დიქტატურებისაკენ მიეპყროთ მსოფლიოს ინტელექტუალური ძალების ყურადღება. როგორია ემიგრანტი ავტორების მწერლობა, პუბლიცისტიკა და კრიტიკა? როგორია მათ მიერ შორიდან აღქმული მიტოვებული სამშობლო და „იქ“ მიმდინარე პროცესები? რომელ ლიტერატურულ ჟანრებსა და გამოსახვის ფორმებს იყენებენ ისინი? რამდენად განსაზღვრავს მხოლოდ გეოგრაფიული ლოკაცია ან მხოლოდ ლინგვისტური მოდელი მწერლის ნაციონალურ იდენტობას? საცხოვრებელი ადგილისა და ენობრივი მოდელის შეცვლასთან ერთად იქცევა თუ არა მწერალი ნაციონალური ლიტერატურის წარმომადგენლად?“. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა იყო მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმის მიზანი. საკითხის აქტუალურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2013 წლის სამეცნიერო ფორუმი გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით: მასში მონაწილეობა მიიღო 168 მეცნიერმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია, ისრაელი, თურქეთი, ირანი, ერაყი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლიტვა, ლატვია, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი). სექციებზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ემიგრანტული მწერლობა – ალტერნატიული ლიტერატურული დისკურსი; ემიგრანტული მწერლობა – ლიტერატურული ჟანრები და მხატვრული მოდელები; ემიგრანტული მწერლობა – ინტეგრაცია და ადაპტაცია; ემიგრანტული პუბლიცისტიკა და კრიტიკა; ემიგრანტი მწერლების ენისა და სტილის პრობლემები; ქართულენოვანი ლიტერატურა უცხოენოვან გარემოში (ისრაელის სექცია). განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მრგვალმა მაგიდამ თემაზე: „ლიტერატურა საზღვრის სხვადასხვა მხარეს“, რომელსაც დაესწრო არაერთი მეცნიერი როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი იყო დისკუსიაში მონაწილე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ვინაიდან ეს ადამიანები უშუალო მომსწრენი იყვნენ ტოტალიტარული რეჟიმისა, რომელმაც ბევრ მათ თანამემამულეს აიძულა სამშობლოს დატოვება და დროებით, ზოგ შემთხვევაში კი სამუდამოდ, უცხო ქვეყანაში გახიზვნა. სასიხარულოა, რომ 2013 წლის სიმპოზიუმის მასალების დაბეჭდვის სურვილი კვლავაც გამოთქვა Cambridge Scholars Pubalishing-მა. სარედაქციო საბჭომ უკვე შეარჩია რჩეული მასალები, დაწყებულია თარგმანის პროცესი და კრებული 2015 წელს გამოიცემა (რედაქტორი - პროფესორი ირმა რატიანი). არანაკლებ აქტუალურ თემას მიეძღვნა წლეულს, 2014 წელს, ჩატარებული სიმპოზიუმი: „ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი“. ეს თემა განსაკუთრებული განხილვის საგანია სოციოლოგთა, კულტუროლოგთა და პოლიტოლოგთა წრეებში. არსებობს საკითხისადმი ორგვარი მიდგომა: ერთნი ფიქრობენ, რომ გლობალიზაცია გააღრმავებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის ე.წ. „საქმიან“ და „მომხმარებლურ“ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს კულტურათა დაახლოებას და საერთაშორისო ურთიერთობების გაღმავებას (რასაც, ბუნებრივია, მოჰყვება ნაციონალურ კულტურათა პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით), მეორენი, სკეპტიკოსები კი, ეჭვის თვალით უყურებენ ამ პროცესებს და მიაჩნიათ, რომ გლობალიზაციას შედეგად მოჰყვება ნაციონალურ კულტურათა „შევიწროება“ და მათი ინტერნაციონალურ კულტურად გადაქცევა (რაც, თავის მხრივ, კაცობრიობის ადაპტაციური პოტენციალის დაქვეითებას გამოიწვევს). რომელი გზაა სწორი? სად გადის ზღვარი? სწორედ ამ საკითხების შესახებ მსჯელობას მიეძღვნა მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის ფარგლებში მუშაობდა შემდეგი სექციები: გლობალიზაცია და კულტურული ინტეგრაციის პრობლემა; ნაციონალური ლიტერატურული კანონი და კულტურული გლობალიზაციის მექანიზმები; Weltliteratur და ნაციონალური ლიტერატურების საკითხი; ლიტერატურა საზღვრებს გარეშე? – Pro et Contra. სასექციო მუშაობის პარალელურად გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „თარგმანის კომუნიკაციური ფუნქცია კულტურული გლობალიზაციის პროცესში“, ასევე დიალოგი თემაზე: „ლიტერატურული ცენზურა – „შავი ხვრელი“ გლობალურ სივრცეში“, რომელსაც უმასპინძლა აზერბაიჯანის კომპარატივისტული ლიტერატურის ასოციაციამ. სიმპოზიუმის ფარგლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ცნობილმა კომპარატივისტმა დევიდ დამროშმა წაიკითხა საჯარო ლექცია (დავაზუსტებ სათაურს და ჩავწერ), რომელსაც ფართო დისკუსია მოჰყვა, მით უფრო, რომ დარბაზში ქართველ მეცნიერებთან ერთად იყო ბევრი ისეთი ეროვნების წარმომადგენელი (მაკედონელი, რუმინელი, სლოვენიელი და სხვ.), რომელთა ნაციონალური ლიტერატურის პოპულარიზაციას სწორედ ენობრივი ბარიერი უშლის ხელს... რვა წლის განმავლობაში რვა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარება მისი ორგანიზატორებისათვის გარკვეულ გამოცდილებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა და ამავდროულად, მომავალი პერსპექტივების ჭვრეტის საუკეთესო რაკურსი. რა მიღწევებზე შეგვიძლია საუბარი ამ წლების გადასახედიდან? პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ პირველი სიმპოზიუმიდან მოყოლებული დღემდე საგრძნობლად გაფართოვდა სამეცნიერო ფორუმის გეოგრაფიული ფარგლები. რვა წლის განმავლობაში სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა მეცნიერებმა, როგორებიცაა: დევიდ დამროში, მაიკლ ლონგი, მერი ჩაილდსი, დოდონა კიზირია აშშ–დან, დევიდ ჟაკი, ჯენიფერ უოლესი დიდი ბრიტანეთიდან, ალექსანდრ სტროევი საფრანგეთიდან, რუდოლფ კროიტნერი გერმანიიდან, ანდრეი შიშკინი იტალიიდან, იორდან ლუცკანოვი, ირინა პერიანოვა ბულგარეთიდან, რიჟარდ ზაიაჩკოვსკი, ვიესნა მონდ კოზლოვსკა პოლონეთიდან, ენდრიუ გუდსპიდი მაკედონიიდან, მარკო იუვანი, მარიან დოვიკი სლოვენიიდან, რუბენ ენოქი ისრაელიდან, მუზაფერ ქირი, ვუსალ ჩელები თურქეთიდან, ჯანოლახ ქარიმი, მარზიე იახაპური ირანიდან, რუტა ბრუზგენე, იურატე ლანდზბერგიტე, ელიანა ბაკუტიტე ლიტვიდან, ალექსეი ჩაგინი, კაზბეკ სულტანოვი, კლარა შარაფადინა, მარია ჩერნიაკი, ლუდმილა ბორისი, ირინა ალექსეევა, ალმირა კაზიევა რუსეთიდან, თამარა გუნდოროვა, ლუდმილა გრიციკი, რომან ძიკი უკრაინიდან, ანატოლი ანდრეევი ბელორუსიდან, ავეტიკ ისააკიანი, ტიგრან სიმიანი სომხეთიდან, რაჰილია გაიბულაევა, ფლორა ნაჯი, ფიკრეტ რზაევი აზერბაიჯანიდან, მილანა ლაზარიდი ყირგიზეთიდან, ჟანა ტოლიზბაევა, ჟანდოს სმაგულოვი, გულბანუ შარიპოვა ყაზახეთიდან და ა.შ. სიმპოზიუმის ინტერნაციონალური ხასიათი განაპირობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის კონტაქტების გაფართოებას, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების პერსპექტივას. მაგალითად, სლოვენიელი მეცნიერის მარიან დოვიკის ჩამოსვლას საქართველოში შედეგად მოჰყვა პირველი ერთობლივი, ქართულ–სლოვენიური პროექტის განხორციელება: 2013 წელს ქართული პროზის ანთოლოგია – „ლომფერი მწვერვალები“ – გამოიცა ლუბლიანაში (Vrhovi levjih barv), რის შედეგადაც სლოვენიელი მკითხველი გაეცნო მე-20 საუკუნის ქართველი მწერლების კონსტანტინე გამსახურდიას, ლეო ქიაჩელის, მიხეილ ჯავახიშვილის, რევაზ ინანიშვილის, თამაზ ბიბილურის, გურამ დოჩანაშვილის, გურამ რჩეულიშვილის პროზის საუკეთესო ნიმუშებს; უკრაინაში განხორციელდა ვეფხისტყაოსნის საიუბილეო ორენოვანი ქართულ-უკრაინული გამოცემა. ამ წლების განმავლობაში ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა შეიძინა ბევრი ერთგული მეგობარი, ქართულმა ლიტერატურამ კი - არაერთი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი. მაგალითად, ბულგარელმა მეცნიერმა, იორდან ლუცკანოვმა, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ყველა საერთაშორისო სიმპოზიუმში იღებს მონაწილეობას, ისე შეიყვარა საქართველო და ქართული ლიტერატურა, რომ 2014 წელს საგანგებოდ, სამი თვით ჩამოვიდა საქართველოში ქართული ენის შესასწავლად და ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსის მოსასმენად, რათა მომავალში შეძლოს ქართული მწერლობის ღრმა და საფუძვლიანი კვლევა. სიეტლის უნივერსიტეტის პროფესორი მერი ჩაილდსიც 2007 წლიდან, ინსტიტუში გამართული სიმპოზიუმის წყალობით, დაინტერესდა ქართველოლოგიური კვლევებით და მე–5 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, 2011 წელს, არა მარტო წაიკითხა მოხსენება ვაჟა–ფშაველას შესახებ, არამედ საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა მწერლის მოთხრობის, შვლის ნუკრის ნაამბობის საკუთარი თარგმანი. ამჟამად მერი ჩაილდსი (რომელმაც მე–8 საერთაშორისო სიმპოზიუმზეც წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ქართული ციფრული ტექსტების კოლექცია“) აქტიურად მუშაობს ქართველოლოგიის კუთხით; ის მალე დაასრულებს მუშაობას ოთარ ჭილაძის რომანის გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ინგლისურ თარგმანზე. ქართულ–უკრაინული სამეცნიერო და ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის იღვწის უკრაინაში ქალბატონი ლუდმილა გრიციკი, ქართულ–ყაზახური ლიტერატურული ურთიერთობის ტრადიციების აღდგენას კი ცდილობს ყაზახი მეცნიერი ჟანდოს სმაგულოვი, მზადდება რამდენიმე სამეცნიერო პროექტი აზერბაიჯანული მხარის მონაწილეობით, ღრმავდება სამეცნიერო კონტაქტები საფრანგეთთან, ხოლო 2015 წლის აპრილში, ტეხასის უნივერსიტეტში, პირველად გაიმართება ქართველოლოგიური კონფერენცია, რომელზეც ლიტერატურის ინსტიტუტი მხარდამჭერ ორგანიზაციად იქნება წარმოდგენილი. სამეცნიერო კონტაქტების გაღრმავებასთან ერთად სიმპოზიუმის ერთ-ერთი ქმედითი შედეგია სიმპოზიუმის მასალების, როგორც უმნიშვნელოვანესი კვლევითი და ინფორმაციული ღირებულების პროდუქციის გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე მისი განთავსება ინტერნეტსივრცეში. ფორუმის დიდ საერთაშორისო წარმატებად უნდა აღვიქვათ ის ფაქტი, რომ მე-9 და მე-13 სიმპოზიუმების თემატიკით დაინტერესდა კემბრიჯის მსხვილი გამომცემლობა Cambridge Scholars publishing, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ქართული ფილოლოგიური მეცნიერებისთვის. ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სიმპოზიუმმა „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ უკვე მოიხვეჭა საერთაშორისო ავტორიტეტი და დაიკავა კუთვნილი ნიშა საერთაშორისო ლიტერატურულ კვლევებში. ამ გადასახედიდან კი უფრო მართებული და მიზანმიმართულია მომავლის პერსპექტივების ჭვრეტა.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|