ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





სონეტის დამკვიდრების ეტაპები საქართველოში

 

სტატიაში დახასიათებულია იმ ეტაპების თავისებურება, რაც სონეტის დამკვიდრებას ახლდა საქართველოში. ევროპულ კულტურულ სივრცეს მოწყვეტილ ქვეყანას თითქმის მთელი XIX ს. დასჭირდა ამ მყარი სალექსო ფორმის პარამეტრების (საზომი, სტროფიკა, რითმა) კანონიზაციისათვის; თუმცა პირველი ორიგინალური სონეტი ქართულ ენაზე 1859 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. XX ს. 10-იანი წლების ქართული სააზროვნო სივრცე და ცისფერყანწელების ჯგუფი სონეტს უნივერსალურ სიმბოლოდ მიიჩნევს, ამიტომ განსაკუთრებით პოპულარული ხდება იგი. ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში იკრძალება სონეტის ფორმა, რომელიც კვლავ აღორძინდა ცისფერყანწელთა რეაბილიტაციის შემდეგ. XX ს. 80-იანი წლებში, ერთი მხრივ, სონეტის ისტორიისა და თეორიის პრობლემების კვლევის გაღრმავებამ და, მეორე მხროვ, ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებამ კვლავ არნახული პოპულარობა შესძინა საქართველოში ამ ევროპულ მყარ სალექსო ფორმას. 


საკვანძო სიტყვები:სონეტი, მყარი სალექსო ფორმა, სიმბოლო კატეგორია: კვლევები ავტორები: თამარ ბარბაქაძე


გავლენები თუ ლიტერატურული ურთიერთობანი XIX საუკუნის I ნახევრის ქართულ ლიტერატურულ პროცესში

 

XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა ევროპული ან რუსული ნაწარმოების არა მხოლოდ თარგმნა, არამედ მისი გადმოქართულება, მიბაძვა. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს  დროის შესაფერის გემოვნებასთან, არ ჩამორჩენის სურვილთან და არა უბრალო გადმოღებასთან. ნაშრომის ერთ-ერთი ამოცანა იმ ლიტერატურულ ურთიერთობათა წარმოჩენაცაა, რომლებიც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესის დროს მიმდინარეობდა და რომლებმაც ხელი შეუწყვეს ქართული ლიტერატურის განვითარებას როგორც თემატურად და ჟანრობრივად, ასევე ნაწარმოების სტრუქტურის ფორმათა გამრავალფეროვნების თვალსაზრისით.


საკვანძო სიტყვები:XIX საუკუნე, თარგმანი, მიბაძვა, ლიტერატურული ურთიერთობა კატეგორია: კვლევები ავტორები: თამარ შარაბიძე


კლასიკური ტრადიციის პაროდირებული ალუზია, როგორც კომპოზიციური ფუნქცია რუსთველის "ვეფხისტყაოსანში"

 

სტატიის პირველ ნაწილში გამოვლენილია ანტიკურობის რეცეფციის ახალი შემთხვევა რუსთველის ვეფხისტყაოსანში. სტატიის ავტორის აზრით, პოემის თავში – „თათბირი ტარიელისა“ ფიქსირდება კლასიკური ტრადიციის, კერძოდ, ჰომეროსისეული ტროას ხის ცხენის პაროდირებული ალუზიის შემთხვევა. სტატიის მეორე ნაწილში ზემოაღნიშნული ალუზიის კომპოზიციური ფუნქციაა გაანალიზებული.  

* * *
ქართულ ლიტერატურაში და კერძოდ, რუსთველის "ვეფხისტყაოსანში" ანტიკურობის რეცეფციის კვლევის ისტორია უკვე არაერთ ათწლეულს ითვლის [იხ.: 1; 3, გვ. 46-49, გვ. 182-195, გვ. 306-337, გვ. 376-473, გვ. 550-581; 8; 7]. უკანასკნელ ხანებში "ვეფხისტყაოსანში" გამოვლენილი იქნა კლასიკური ტრადიციის რეცეფციის ახალი შემთხვევები [იხ. 5; 9].

წინამდებარე სტატიის ძირითადი მიზანი "ვეფხისტყაოსნის" ტექსტში, ჩემი დაკვირვებით, არსებული ანტიკურობის ალუზიის კიდევ ერთი შემთხვევის გამოვლენა და გაანალიზებაა, რომელზეც რუსთველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე ყურადღება არ გამახვილებულა. რეცეფციის ეს შემთხვევა, ჩემი აზრით, ფიქსირდება ქაჯეთის ციხის აღების წინ გამართული გმირთა თათბირის ამსახველ ეპიზოდში. კერძოდ კი, ფრიდონის, თუ ასე შეიძლება ითქვას, შემაჯამებელ სიტყვაში, რომლითაც ის იწონებს ციხის აღების ტარიელისეულ გეგმას.


საკვანძო სიტყვები:ვეფხისტყაოსანი, ჰომეროსი, ტროას ხის ცხენი, პაროდირებული ალუზია, ეპიკური კომპოზიცია. კატეგორია: კვლევები ავტორები: ზაზა ხინთიბიძე


გზის კონცეპტი გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგის ნარატიულ სივრცეში

ამ ნაშრომში განხილულია გზის კონცეპტი გრიგოლ რობაქიძის რომანში გველის პერანგი. სტატიაში შესწავლილია გზის კონცეპტის სიუჟეტის წარმომქმნელი როლი. ასევე, განსაზღვრულია გზის კონცეფცია ამ ნაწარმოების ნარატიულ სტრუქტურაში.

გზა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გველის პერანგის ნარატიულ სამყაროში. რომანის მთავარი გმირი არის ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი არჩიბალდ მეკეში. იგი მოგზაურობს ევროპაში, რუსეთში და ირანში. პროტაგონისტის მთავარი გზა  გადაჭიმულია ირანის ზეგანზე. გზა გადაიყვანს მთავარ გმირს მისი ფიზიკური სამყაროდან მეტაფიზიკურ სამყაროში.


საკვანძო სიტყვები:გზის კონცეპტი, მეტაფიზიკური სივრცე, დრო, გრიგოლ რობაქიძე, გველის პერანგი კატეგორია: კვლევები ავტორები: ვიოლეტა ავეტისიანი


ხედვა მდინარე აკამპსისის ბიზანტიური ნაპირიდან (ნაპირის მხრიდან)

 

ცნობილი ბიზანტინისტის, ბიზანტინოლოგიის ხელშეწყობის ასოციაციის პრეზიდენტის ანტონი ბრაიერის წინამდებარე ინგლისური სტატია პირველად გამოქვეყნდა ამსტერდამში 1991 წელს,  როგორც შესავალი  ქართლის ცხოვრების ერთი ქვეთავის ინგლისური თარგმანისა. ინგლისური თარგმანი XIII საუკუნის უცნობი ქართველი ავტორის  ლაშა გიორგის დროინდელი ქრონიკისა შესრულებულია  საქართველოს მეგობრის, ვეფხისტყაოსნის ინგლისურად მთარგმნელის, ჩვენი ჟურნალის ერთი უცხოელი ავტორის, აწ განსვენებული ქეთრინ ვივიანის მიერ (The Georgian Chronicle. The Period of Giorgi Lasha. Translated by Katharine Vivian. Adolf M. Hakkert Publisher. Amsterdam 1996). ამ წიგნის შესავალში ინგლისელი ბიზანტინისტი, ანტონი ბრაიერი, შუასაუკუნეების ქართულ ისტორიოგრაფიას მიმოიხილავს უაღრესად ფართო ერუდიციით, პარალელებით ძველ ბიზანტიელ და ევროპელ ქრონისტებთან, საისტორიო მწერლობის ფარული ნიუანსების სიღრმისეული ანალიზით. სტატიაში ერთდროულად ჩანს  დიდი სიმპათია ქართველი მემატიანეებისადმი და კრიტიკული ანალიზი პანეგირიკოს-ქრონისტთა მონათხრობისა. ვფიქრობთ, ამ ნარკვევის გაცნობა საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთათვის სასარგებლოცაა და აუცილებელიც. სტატიის ქართულ თარგმანზე მუშაობდა ჩვენი ჟურნალის თანარედაქტორი არიანე ჭანტურია.  აქ წარმოდგენილი ქართული თარგმანი შესრულებულია ლევან გიგინეიშვილის მიერ. სტატიის სამეცნიერო აპარატი თან ერთვის ინგლისურ დედანს.


საკვანძო სიტყვები:ქეთრინ ვივიანი, ქართული ისტორიოგრაფია, ბიზანტიური ისტორიოგრაფია. კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონი ბრაიერი


პეტრე იბერის იბერიის სამეფო ოჯახიდან წარმომავლობის ისტორიული დასაბუთების თაობაზე

ვერნერ სეიბტი ნაშრომში, რომელშიც განხილულია ქართული ანბანის შექმნის ადგილი, თარიღი და მიზეზები[1], საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელსაც ქრისტიანობა V საუკუნის დასაწყისში აწყდებოდა და რის გამოც ბევრი ქართველი, რომლებსაც სურდათ ქრისტიანული სარწმუნოებისადმი თავისუფალი თაყვანისცემა, იძულებული ხდებოდა სამშობლო დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. წყაროების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი სირიისა და პალესტინის წმინდა ადგილებში მიემგზავრებოდა როგორც პილიგრიმ–მომლოცველი. არცთუ იშვიათად ეს ადამიანები ადგებოდნენ ასკეტური ცხოვრების გზას და დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ სამშობლოსგან შორს.

სამონასტრო საქმის შესწავლის შემდეგ ქართულენოვანი ბერები საკუთარ მონასტრებს აფუძნებდნენ. ალბათ ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი პირველი ქართველი პილიგრიმთაგანი წმინდა მიწაზე იყო პეტრე იბერი. მისი მაგალითი, როგორც სეიბტი აღნიშნავს, ადასტურებს, რომ ამგვარი, განდეგილებად ქცეული პილიგრიმები საქართველოს წარჩინებული ოჯახების წარმომადგენლებიც იყვნენ. სეიბტის ეჭვი პეტრეს ცხოვრების შესახებ არსებული სირიული და ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძვლიანობის შესახებ ეყრდნობოდა ჯერაც გადაუჭრელ პრობლემას, რომლის მიხედვითაც გაურკვეველია, პეტრე ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო, თუ მხოლოდ წარჩინებული ოჯახის შვილი.


საკვანძო სიტყვები:პეტრე იბერი, იოანე რუფუსი, გენეალოგია კატეგორია: კვლევები ავტორები: კორნელია ჰორნი