ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ნუგეშა გაგნიძე გრიგოლ რობაქიძის გერმანულენოვანი მემკვიდრეობა (პრომეთეს ნაშიერნი)
მე-20 საუკუნის 90-იან წლებიდან, მას შემდეგ, რაც გრიგოლ რობაქიძის ხელახალი აღმოჩენა მოხდა, მეცნიერ-მკვლევრები და ლიტერატურის კრიტიკოსები ბევრს კამათობენ მისი შემოქმედების შესახებ. საყურადღებოა ემიგრაციის პერიოდში გერმანიასა და შვეიცარიაში დაწერილი ნაწარმოებები, რომელთა ნაწილი მხოლოდ ახლახანს, მწერლის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, იხილა მკითხველმა. რობაქიძის შემოქმედებით დაინტერესებული საზოგადოება კვლავ ახალი აღმოჩენების მოლოდინშია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ნაწარმოებების მოძიება ახალ პერსპექტივებს სთავაზობს მეცნიერებს მისი შემოქმედების კვლევის საქმეში. ანტიკური თემები, მოტივები და მხატვრული სახეები დიდ როლს თამაშობს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში. უფრო მეტიც, იგი თავად გრძნობდა თავს ანტიკური ცივილიზაციის მემკვიდრედ. მის ნაშრომებში კარგადაა შერწყმული ერთმანეთთან უძველესი მითები, ქართული ლიტერატურული ტრადიცია და მწერლის თანადროული ლიტერატურულ-ესთეტიკური და ფილოსოფიური მიმდინარეობანი, რაც მწერლის მხატვრულ-პოეტურ სამყაროს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. საყოველთაოდ ცნობილია გრიგოლ რობაქიძის ესეები და წერილები ფრიდრიხ ნიცშეს გამო, დიონისოს კულტი და საქართველო, ერის სული და შემოქმედება, მზის ხანა ქართველთა. მისი საგაზეთო პუბლიკაცია პრომეთეს ნაშიერნი კი ქართველი მკითხველისათვის უცნობია. ეს ესე მხოლოდ ერთხელ გამოქვეყნდა 1942 წლის 26 აგვისტოს ბრიუსელის გაზეთში (N236). ამ წერილის შესახებ რობაქიძე აღნიშნავს გულნადებში, რომელიც მან 1947 წელს მისწერა ქართველ მწერლებს. ამავე პერიოდში, 1947 წლის შემოდგომაზე, მან გერმანელ მწერლებსაც მიმართა მსგავსი წერილით – ჩემი ახსნა-განმარტება („Meine Erklärung“ ). მასში რობაქიძე ცდილობს ახსნას, თუ რატომ დაწერა წიგნები ჰიტლერსა და მუსოლინიზე, და, ასევე, ცდილობს თავიდან აიცდინოს ბრალდება იმის შესახებ, რომ იგი ნაციონალ-სოციალიზის იდეოლოგიას ემსახურებოდა და რომ ნაცისტთა დაკვეთებს ასრულებდა. უფრო კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით გულნადებშია ნათქვამი: ომის ხანა. 1. მთხოვდნენ რადიოთი მელაპარაკნა. ავიცილე – სხვადასხვა მოსაზრებით; გერმანიის ლაშქარი მიადგა კავკსიონს. ბრიუსელის ერთმა გაზეთმა – გერმანულ ენაზე გამოდიოდა – მომმართა: წერილები მიმეწოდებინა კავკასიაზე. მივაწოდე – სილუეტი: „საქართველო და ჯვაროსნები“, „ივანე ორბელიანი“, „პრომეთეს ნაშიერნი“, „წმინდა მთები“, „იმამ შამილ“ (უკანასკნელი შემდეგ არაბულად გამოვიდა ერთს ჟურნალში). ხედავთ, პოლიტიკური „აქცენტი“, რომელსაც ალბათ ელოდნენ, ავიცდინე [8]; ცხადია, გერმანიიდან შვეიცარიაში ემიგრირებულ ქართველ მწერალს ზუსტად არ ახსოვდა გაზეთების ნომერები, რომლებშიც ეს სტატიები გამოქვეყნდა. მაგრამ ცნობილია, რომ გერმანიის ლაშქარი 1942 წლის აგვისტოში მოადგა კავკასიონს. მარგრეტ შუხარდის დახმარებთ შესაძლებელი გახდა ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკაში ბრიუსელის გაზეთის პოვნა, რომლის სხვადასხვა ნომერში რობაქიძის ესეები შემდეგი თანმიმდევრობით დაიბეჭდა: საქართველო და ჯვაროსნები (Kaukasus-Silhouetten:I. „Georgien und die Kreuzzüge“, Brüsseler Zeitung, Nr. 215, 5. August 1942) ივანე ორბელიანი („Iwane, der georgische Hagen“: Silhouetten des Kaukasus (II), Brüsseler Zeitung, Nr. 221, 11. August 1942), პრომეთეს ნაშიერნი („Das Geschlecht des Prometheus“: Kaukasus Silhouetten (III), Brüsseler Zeitung, Nr. 236, 26. August 1942) იმამ შამილ („Freiheitskämpfer Imam Schamil“: Kaukasus Silhouetten (IV), Nr. 259, 18. September 1942), წმინდა მთები („Berge sind die Heime der Götter“: Kaukasus Silhouetten (V), Brüsseler Zeitung,Nr. 274, 3. Oktober 1942). ორი მათგანი - ივანე, ქართველი ჰაგენი („Iwane, der georgische Hagen“: Silhouetten des Kaukasus (II) და თავისუფლებისათვის მებრძოლი იმამ შამილი („Freiheitskämpfer Imam Schamil“: Kaukasus Silhouetten (IV) მეორედ გამოქვეყნდა წიგნში გრიგოლ რობაქიძე (1880-1962). ქართველი მწერალი ორ ენასა და კულტურას შორის [3, გვ. 241-249]. რობაქიძე მართებულად მიუთითებს გულნადებში იმის შესახებ, რომ ზემოთ დასახელებული ნაშრომები პოლიტიკური სტატიები არაა. მათში არც ომის პროპაგანდა ჩანს და არც ნაციონალ-სოციალიზმის იმპულსები იგრძნობა. ავტორი ირჩევს ისტორიულ და მითოლოგიურ თემებს და ცდილობს მკითხველს მისი სამშობლო, საქართველო გააცნოს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ესეები არ დაიბეჭდებოდა, ისინი ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიის შესაბამისი რომ არ ყოფილიყო. რობაქიძის მესამე კავკასიური სილუეტი პრომეთეს ნაშიერნი („Das Geschlecht von Prometheus“) დაიბეჭდა ბრიუსელის გაზეთში 1942 წლის 26 აგვისტოს. მისი მთავარი თემაა თავისუფალი ადამიანი და მისი საქმიანობა. პრომეთე ერთ-ერთი საყვარელი მხატვრული სახეა ქართველებისათვის და არც რობაქიძეა გამონაკლისი, როცა მას მიმართავს. მის ქართველ პროტოტიპს ამირანს არა ერთი ქართველი ავტორის შემოქმედებაში ვხვდებით ანტიკურობიდან დღემდე. განსაკუთრებით საყურაღებია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, რომელშიც ამირანის მოტივი განსაკუთრებულ ჟღერადობას იძენს. იგი კიდევ უფრო პოპულარული გახდა მე-19-20 საუკუნეებში. ამირანი, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი, გვხვდება ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაკტიონისა და შოთა ნიშნიანიძის შემოქმედებაში. გრიგოლ რობაქიძე პრომეთეს თემას ახლებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და ცდილობს ახსნას, თუ ვინ არიან პრომეთეს ნაშიერნი. ქართველი მწერალი არ ღალატობს ეროვნულ ტრადიციას – პრომეთეს (ან ამირანს) წარმოგვიდგენს გმირად, რომელიც ერთ დღეს თავს გაითავისუფლებს და სამშობლოსა და ხალხს მშვიდობასა და ბედნიერებას მოუტანს. პრომეთეს სახეს რობაქიძის შემოქმედებაში პირველად არ ვხვდებით სტატიაში პრომეთეს ნაშიერნი. ჯერ კიდევ 1937 წელს გამოქვეყნებული რომანის მცველნი გრაალისა პირველ თავს პრომეთეული თავდავიწყება („Prometheischer Rausch“) ჰქვია. ამ სათაურით ქართველი ავტორი აღვიძებს ევროპული მკითხველის ინტერესს, რომლისთვისაც პრომეთე კარგადაა ცნობილი როგორც ბერძნული მითოლოგიიდან, ასევე მისი მრავალგვარი ლიტერეტურული ინტერპრეტაციებიდან. პრომეთესა და ქართულ მითოლოგიურ სახეს ამირანს ბევრი საერთო აქვთ. წერილობითი ტექსტები ამირანის შესახებ მხოლოდ მე-18 საუკუნიდან ჩნდება[1]. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რობაქიძეც მეტწილად პრომეთეზე ლაპარაკობს და არა ამირანზე და როცა მას მოიხსენიებს, ყველა შემთხვევაში, არსებითია ის, რომ პრომეთეც და ამირანიც კავკასიონზეა მიჯაჭვული იმის გამო, რომ ადამიანებს დედამიწაზე აკრძალული ცეცხლი ჩამოუტანეს. თუ ზევსის მიერ დასჯილმა პრომეთემ ყოველღიურად უნდა აიტანოს ის, რომ არწივი ღვიძლს უძიძგნის მანამ, ვიდრე ჰერაკლე გაათავისუფლებს, ამირანს გამუდმებით ყვავები აწამებენ. ერთ მშვენიერ დღეს კი იგი თავს გაითავისუფლებს და დადგება ოქროს ხანა ქართველთა. რომანის გრაალის მცველნი პირველივე თავში მთავარი მოქმედი პირი ლევან ორბელიანი წარმოადგენილია როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი. მასში მკითხველ ამოიცნობს პრომეთესეულ ხასიათს. პრომეთე, ქართველი ერის სიმბოლური მხატვრული სახეა. რობაქიძის აზრით, „ტყუილად როდი მიაჯაჭვეს პრომეთე კავკასიონის ქედზე: დღესაც უკორტნის ღვიძლს არწივი“[10, გვ. 6] რომანში გრაალის მცველნი ნაჩვენებია საქართველოს ოქროს ხანაც და საბჭოთა სინამდვილეც. მაგალითებს ქართველი ხალხი შორეულ წარსულში ეძებს და იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სოციალისტური დიქტატურისაგან თავს გაითავისუფლებს. რობაქიძის აზრით, ახალი გრაალი საქართველოში წმინდა ნინოს სასწაულითაა ნაჩვენები, ხოლო გრაალის მცველნი უვლიან და ინახავენ საქართველოს გულს. სწორედ ეს რაინდნი არიან პრომეთეს ნაშიერნი. მათ ნაწარმოებში ფიქტიური სახელები აქვთ. თუმცა თითოეულ მათგანს რეალური პროტოტიპები ჰყავთ. ესენი არიან მწერლები, ხელოვანნი, თეატრსა და კინოში მოღვაწე ადამიანები. მთავარი მოქმედი პირის სახეში ადვილად შეიძლება თავად გრიგოლ რობაქიძის ამოცნობა, ხოლო მრგვალი მაგიდის რაინდნი პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, კოტე მარჯანიშვილი, უშანგი ჩხეიძე და სხვა იმ დროისათვის ძალზედ ცნობილი პიროვნებანი არიან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმისადმი წინააღმდეგობრივად არიან განწყობილნი და „პრომეთეული თავდავიწყებით“ ებრძვიან სოციალისტურ სინამდვილეს . ამ თემას ცოტა სხვაგვარად ამუშავებს რობაქიძე ესეში პრომეთეს ნაშიერნი. მისთვის ჩვეული პათეტიკური წერის მანერითა და სიტუაციების ასახვის პოეტური მეთოდით ვრცლად გვიყვება იგი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების შესახებ, ვიდრე უშუალოდ პრომეთეს შეეხება. კრიტიკულად განწყობილი მკითხველი კი მოუთმენლად ელოდება, როდის დაიწყებს რობაქიძე მთავარ თემაზე მსჯელობას. იბადება კითხვაც, რისთვის ესაჭიროება მას ამ ხანგრძლივი ისტორიების მოყოლა. ამ ვრცელი მსჯელობების დადებითი მხარე ისაა, რომ ავტორი ევროპელ მკითხველს ქართველებსა და კავკასიაში მცხოვრებ სხვა ერებს აცნობს. რობაქიძე ესეს იწყებს იმით, რომ სანსკრიტში სიტყვა სვეხხჰახარი („Swechchhachari“) დამოუკიდებელ, ავტონომიურ ადამიანს ნიშნავს. ეს ის ადამიანია, „რომელიც საკუთარი ნებით მოქმედებს“. ეზოთერიზმის მაჰმადიანი მიმდევარნი მიიჩნევენ, რომ თითოეული ადამიანი საკუთარი კანონით მოქმედებს. ხოლო ქართველი დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანის დასახასათებლად იგი იყენებს სიტყვას თავისთავადი[5] . რობაქიძე ცდილობს იმ სიტყვების ეტიმოლოგიის ახსნას, რომლებიც ზოგადად თავისუფალი ადამიანის მდგომარეობის გამოხატვას ცდილობს. სამაგალითოდ მოჰყავს მას სიტყვა თავისთავადი. ასეთია, მისი აზრით, კავკასიელი, რადგან მას „თავისი შინაგანი სუვერენიტეტი არაჩვეულებრივად გაცნობიერებული აქვს“ (BZ 26.8.1942). გრიგოლ რობაქიძე გერმანულენოვან მკითხველს უხსნის სიტყვა თავისთავადის მნიშვნელობას, რისთვისაც იხსენებს ბავშვობას საქართველოში და ერთ თავადს, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი სამოსი და მანერები ცხადყოფდნენ მფლობელის ძლიერ დათავდაჯერებულ ხასიათს. არაჩვეულებრივად კარგად ჩაცმული თავადის ჩოხა ცოტა გაცვეთილიც კი იყო, მაგრამ მისი მეტად დახვეწილი ქცევისა და მანერების ფონზე ეს ნაკლებ როლს თამაშობდა. აქვე რობაქიძე მიუთითებს, რომ მსგავსი ტანსაცმელი აქვთ კავკასიის სხვა ერებსაც, რომლებიც იმიტომ არიან ღარიბულად ჩაცმულნი, რომ მათ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნისა და ერის მსახურება წარმოადგენს. ისინი გასცემენ ყველაფერს რაც აბადიათ, მხოლოდ ცხენი და იარაღია ის უმთავრესი განძი, რისი გასხვისებაც მათ არ შეუძლიათ. თითოეულ მათგანს სამი განუყრელი თანმხლები პირი ჰყავს, რომლებიც მათი ერთგულნი არიან სიკვდილამდე. რობაქიძის აზრით, თავადთა არაჩვეულებრივ თავდაჯერებას მათი დიდსულოვნება, საბოძვარის გაცემის სიყვარული და ხალხის მსახურება განაპირობებს (BZ 26.8.1942). ასეთი ღრმად სუბიექტური მსჯელობების დროს მწერალი გადაჭარბებით აფასებს მოვლენებსა და ისტორიულ ფაქტებს. კავკასიელ თავადთა და დიდგვარიანთა სიღარიბე გასულ საუკუნეებში მარტო მათი დიდსულოვნებითა და საბოძვარის გულუხვად გაცემით როდი იყო განპირობებული. პატარა კავკასიურ ქვეყნებში მრავალი პრობლემა არსებობდა – გამოწვეული ომებით მტერთა წინააღმდეგ და ადგილობრივ ფეოდალთა შორის. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის უსასრულო ბრძოლებში ნადგურდებოდა ქვეყნები, აქედან გამომდინარე მოსახლეობის სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. ძალაუფლების ნება ხშირად ანადგურებდა ჰუმანურ იდეებს, და ცხადია, კავკასიელ თავადებსაც მხოლოდ საკუთარი ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვა როდი ადარდებდათ. თავადის იდეალური სახე და ქართული ნადიმი განუყოფელია. ამის შესახებ ხშირად წერს რობაქიძე თავის ნაწარმოებებში. პრომეთეს ნაშიერშიც იხსენებს იგი დღესასწაულებს გურიის მთავრების გურიელების სასახლეში. განსაკუთრებით საინტერესოა ახალი წლის მეორე დღე: „ამ დღეს ისინი თავად იყვნენ ყმები და ყმები იყვნენ თავადები“ (BZ 26.8.1942). ქართველი თავადები, მწერლის აზრით, უაღრესად კარგად უვლიან სტუმართმაპინძლობისა და მეგობრობის უძველეს ტრადიციებს. კავკასიელისათვის სტუმართმოყვარეობა მეგობრობაზე უფრო აღმატებულია, და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ქალისა და მამაკაცის სიყვარული. კავკასიელმა არ იცის შიში იმის წინაშე, რაც მას არ მოსწონს, რაც მას „პრომეთესეულ სახიფათო ზონაში“ აგდებს. მისი „ინდივიდუალური მე“ მაქსიმალურად იხარჯება მიზნის მისაღწევად. ამ საკითხებზე მსჯელობისას რობაქიძე ნელ-ნელა უახლოვდება პრომეთეს თემას და იმეორებს რომანში მცველნი გრაალისა, უკვე თქმულს: „შემთხვევითი როდია, რომ პრომეთე, მითის თანახმად კავკასიის კლდეებზეა მიჯაჭვული“[7]. რობაქიძის აზრით, იგი მითიურად განასხეულებს კავკასიელთა სულიერ სახეს. იგი არაა ეგოისტი, მას სურს ადამიანებს ცეცხლი მოუტანოს. ამ დროს ის არ ვარდება ღვთაებივი ჩარჩოდან. მაგრამ, მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი ცეცხლს მოიტაცებს, ხდება თავნება, გმირი, რომელიც უბრალოდ ცეცხლს იტაცებს. იგი აღარაა მსხვერპლი, როგორც ეს „რიგვედას“ „ცეცხლის მბრძანებლებშია“ ნაჩვენები (BZ 26.8.1942). პრომეთეს მხატვრულ სახეში რობაქიძე განასხეულებს კავკასიელის ზოგად სახეს, რომელშიც ღვთაებრივი და ადამანური ჰარმონიულადაა შერწყმული. მის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. პრომეთეს მსგავსი კავკასიელის ამბივალენტური სახე, ერთი მხრივ, უკომპრომისო მებრძოლია თავისუფლებისათვის, მეორე მხრივ კი, მკრეხელია. მითის თანახმად ზევსის არწივი პრომეთეს ღვიძლს უძიძგნის. ამასთან დაკავშირებით რობაქიძე რომანში მცველნი გრაალისა მიუთითებს, რომ ღვიძლი ქართულ ენაში სიფხიზლეს უკავშირდება, ისევე როგორც ნაღველი – სევდასა და სასოწარკვეთილებას. სიფხიზლე და სასოწარკვეთილება ერთმანეთთან კავშირშია, სევდის ადგილიც სადღაც მათ შორისაა, კერძოდ კი ნაღვლის გვერდით. შემთხვევითი არ უნდა იყოს რობაქიძისა და ნიცშეს შეხედულებათა მსგავსება თავისუფალი ნების კარნახით მოქმედ ნახევრადღმერთთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია ქართველი მწერლის განსაკუთრებული პატივისცემა გერმანელი ფილოსოფიურად მოაზროვნე მწერლისადმი. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რობაქიძე ნიცშეს თავისებურ ინტერპრეტირებას ახდენს, მაგრამ მის სახელს ნაშრომში პრომეთეს ნაშიერნი არსად ასახელებს. რობაქიძე თავდაპირველად აღწერს ჰაჯი-მურატის ბრძოლას რუსების მხარეს, ხოლო შემდეგ იგი წარმოდგენილია როგორც შამილის თანამებრძოლი, თუმცა იმამ შამილი ბოლომდე არ ენდობოდა მას, რადგან ჰაჯი-მურატს კვლავ რუსეთისაკენ მიუწევდა გული. საბოლოოდ კი იგი ტრაგიკულად დაიღუპა ამ ორ ფრონტზე ბრძოლაში. ესეში პრომეთეს ნაშიერნი რობაქიძეს ჰაჯი-მურატი წარმიდგენილი ჰყავს, როგორც პრომეთეული თავნებობის მსხვერპლი. კავკასიელთა მეხსიერებაში ჰაჯი-მურატი და იმამ შამილი ცოცხლობენ როგორც გმირები, რადგან კავკასიელისათვის გმირი საკუთარი ნებით მოქმედი ადამიანია, რომლის მიზანს თავისუფლების მოპოვება და სამშობლოსათვის ბრძოლა წარმოადგენს. მწერლის აზრით, ხალხს ესმის მისი გმირების გულისთქმა ისე, რომ მათ თავნებობასა და შეუდარებელ სიმამაცეს სიმღერებში უკვდავყოფს. ქართველთა დახასიათებისას რობაქიძე დავითის მემატიანეს სიტყვებს იხსენებს, რომ „მოდგმა ქართველთა თავითგანვე ‚ორგულია თვისთა უფალთა მიმართო“. ეს არის არა „თავისებურება“ ქართველთა, არამედ საფრთხე. ზუსტად იმავეს იმეორებს იგი 1952 წელს ჟენევაში დაწერილ ესეში რა უნდა აგონდებოდეს ქართველს: აქ მარხია “საფრთხე” ყოველგვარი “თვისებისა”. გენია, მაგალითად ცეცხლია. თუ ცეცხლს მასალა არ მიეც, იგი, არაბთა სიტყვით, თავის თავს შესჭამს: დაიფერფლება. გენია ვითარცა “თვისება”, რასაკვირველია, ფერფლი არაა; ხოლო გაფერფვლა მოელის მას როგორც “საფრთხე”, თუ მოვლა მოაკლდა[9, გვ. 42-47]. არა თავისებურებას, არამედ პრომეთეულ საფრთხეს უკავშირებს გროგოლ რობაქიძე საქართველოს ისტორიულ განვითარებას. მისი აზრით, სწორედ ეს არის „შინაგანი მიზეზი“ საქართველოს იმპერიის დაცემისა. იგი არ ასახელებს ეპოქას, როცა ამ ფაქტის შესახებ წერს, მაგრამ, ცხადია, იგი საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაზე ლაპარაკობს. ამაზე მიუთითებს, ასევე, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ციტირებაც. რობაქიძის აზრით, ქართველები „in der verborgenen Schicht des völkischen Seins sich ihrer Gefahr bewußt sind“ (BZ 26.8.1942).„Völkisches Sein“, გმირის მორალი, საგმირო საქმენი და სხვა მრავალი სიტყვა, თუ ტერმინი, რომლებიც ნაციონალ-სოციალიზმის პათეტიკურ ლექსიკას განეკუთვნება, განსაკუთრებით თვალშისაცემია როგორც წერილში პრომეთეს ნაშიერნი, ასევე, საერთოდ, მის შემოქმედებაში. თუმცა იგი მათ სხვა მიზნით იყენებს – სურს კავკასიელის იდენტობას მრავალგზის გაუსვას ხაზი და უჩვენოს ევროპელ მკითხველს ის ფასეულობები, რომლებითაც კავკასიის მცირე ერები არსებობენ. პრომეთეს ქართული პროტოტიპის – ამირანის – შესახებ რობაქიძე მხოლოდ სტატიის ბოლოს წერს. იგი მკითხველს ამირანის თქმულებას მოუთხრობს, თუ როგორ ლოკავენ შავი და თეთრი ძაღლები იმ ჯაჭვს განუწყვეტლივ, რომლითაც ტიტანი კავკასიის კლდეზეა მიჯაჭვული. იმ წამს, როცა იგი ისე თხელდება, რომ ამირანს უკვე მისი გაწყვეტა შეუძლია, ხდება საოცრება, იგი კვლავ მთელდება. იმ დროს, როცა ამირანს უკვე შეუძლია თავი გაითავისუფლოს, მჭედლები ახალ ჯაჭვს ჭედენ. ამდენად, ამირანი კვლავ კლდეზე მიჯაჭვული რჩება. სრულიად საქართველო ამ მოვლენას ვნების კვირის ხუთშაბათს უკავშირებს. თქმულება საკულტო სახეს იღებს, ხოლო მჭედელთა ჩაქუჩების ხმა სიმბოლურ ხასიათს ატარებს(BZ 26.8.1942). რობაქიძე თავის სტატიას ასრულებს სიტყვებით, რომ თქმულება პრომეთეს შესახებ შეიძლება ერთგვარი გაფრთხილებაც იყოს ქართველებისადმი, რომელთა პრომეთეული თავნებობა უსაზღვროა („Mahnend und zugleich wegweisend leuchtend dieser tiefsinnige Brauch in der prometheischen Gefahrenzone des georgischen Seins“. BZ 26.8.1942). რობაქიძის სტატიის პრომეთეს ნაშიერნი კითხვისას იბადება შეკითხვა, როგორ გაბედა ავტორმა მეორე მსოფლიო ომის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებულ ბელგიაში ისეთი სტატიის დაწერა და გამოქვეყნება, რომელშიც უმთავრესი აქცენტები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზეა გაკეთებული?` როგორც დავინახეთ, მას ნამდვილად არ დაუწერია პოლიტიკური სტატია, რომელიც ნაციონალ-სოციალისტებს შესაძლოა პროპაგანდისათვის გამოსდგომოდათ. ის ირჩევს ცნობილ თემას პრომეთეს შესახებ და ამუშავებს მითოლოგიურ მასალას, რასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები: პირველ რიგში, იგი კავშირშია საქართველოს ისტორიასთან, და რადგან გერმანულენოვანმა მკითხველმა თითქმის არაფერი იცის ამ ქვეყნის შესახებ, თქმულების რობაქიძისეული ინტერპრეტაციის შემდეგ უსათუოდ სიმპათიურად განეწყობა მისადმი. მაგრამ, ყველაზე არსებითია ის, რომ სტრიქონებს შორის ნათლად იკვეთება სურვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა, რასაც ყველა დაპყრობილი ქვეყანა საჭიროებდა მეორე მსოფლიო ომის უძიმეს წლებში. მედლის მეორე მხარეს რობაქიძისერთგვარი სიმპათიაც იკვეთება გერმანული ჯარებისადმი, რომლებიც კავკასიას მიუახლოვდნენ. ეს, თითქოს, ერთგვარი შანსი იყო მისი სამშობლოს სოციალისტური რეჟიმისაგან გათავისუფლებისათვის. ის ამბივალენტურობა, რაც რობაქიძისეულ პრომეთეს სახეს ახასიათებს – თავისუფლებისათვის მებრძოლი და მკრეხელი ამავდროულად – შეიძლება რობაქიძის მდგომარეობასაც მივუსადაგოთ ორ ფრონტს შორის. მასში ჩანს ემიგრანტი მწერლის ბედი, რომელიც, ასევე, პრომეთეს იმ ნაშიერთ განეკუთვნება, რომელთათვის შველა არსაიდან ჩანს. სწორედ ამ ამბივალენტურობის გამო მკვიდრდება რობაქიძის შემოქმედების სხვადასხვაგვარი შეფასება როგორც ქართულ და გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურაში. ყოველი ახალი აღმოჩენა კი შესაძლებლობას იძლევა ახალი, კონკრეტული დასკვენების გასაკეთებლად.
გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|