ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
თემურ თოდუა სურიონ-ვანის მფარველი ღვთაება
ვანის ძველი ქალაქი ანტიკურ ეპოქაში „სურიონ“-ად იწოდებოდა [3, გვ. 223; 7, გვ. 124-128]. ვანის ნაქალაქარზე არაერთი მნიშველოვანი არტეფაქტებია აღმოჩენილი. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქალაქის კარიბჭის კედელზე ვერტიკალურად ამოკაწრული წარწერა: „გევედრები მეუფეო – ქალღმერთო“ [1, გვ. 52]. წარწერა პალეოგრაფიულად ძვ. წ. IV-IIIსს-ით თარიღდება და საქართველოში დღემდე აღმოჩენილ უძველეს ლაპიდარულ ბერძნულ წარწერად ითვლება [2, გვ. 148]. იგი მრავალმხრივ საყურადღებოა. აღნიშნული წარწერა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო სურიონელთა - ვანის მოქალაქეთა რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ, არამედ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ზოგადად, ძველი კოლხეთის საზოგადოების იდეოლოგიისთვისაც. მკვლევართა აზრით, ქალღვთაება უნდა ყოფილიყო სურიონ-ვანის მფარველი [4, გვ. 199-200], რაც სავსებით მართებულია, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი არსობრივად რომელ ქალღვთაებასთან ასოცირდება სურიონელთა - ვანის მოქალაქეთა. ამ მხრივ, გარკვეული პასუხი შეიძლება გაგვცეს ვანშივე აღმოჩენილმა ძვ. წ. Iს-ის ე. წ. ლოტოსის გამოსახულებიანმა ანონიმურმა მონეტებმა [5, გვ. 32-33]. ამ მონეტების ტოპოგრაფია, ვფიქრობთ, ასოცირდება დედამიწის „ქალღვთაებასთან“, რომელიც ეპიკლესის – „მეუფის“ ქვეშ იმალება; ამავე დროს, ავერსული ტიპი ისიდას კულტზე მიუთითებს. მკვლევართა განმარტებით, ეს ატრიბუტიკა კოლხური ქალღვთაებისთვისაა დამახასიათებელი. კოლხები მას ტრადიციულად თაყვანს სცემდნენ [6, გვ. 124]. ამასთანავე, პონტოს სამეფოში, სადაც ამ დროს კოლხეთი შედიოდა, პოპულარული იყო კულტების სინკრეტიზაცია - ისიდას აფროდიტესთან აიგივებდნენ, ხოლო მცირე აზიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში მეუფის სახით აფროდიტეს მიაგებდნენ პატივს [8, გვ. 24-25]. აღსანიშნავია ისიც, რომ პონტოს სამეფოში აფროდიტეს თაყვანს სცემდნენ, როგორც ირანულ ანაჰიტას და მა-კიბელას ან დიდი დედის კულტთან აიგივებდნენ და ის შინაარსობრივად ეგვიპტურ ისიდას უახლოვდებოდა [9, გვ. 157-180]. ელინისტურ ეპოქაში კი ნაყოფიერების ღვთაებების ელინური ატრიბუტიკა ახლოს დგას ისიდასა და ოსირისის კულტებთან [10, გვ. 25]. რამდენადაც ვანში აფროდიტეს სახელზე ტაძარი იყო აღმართული, ხოლო პონტოს სამეფოში ზევსი პუილეოსის ერთ-ერთ ჰიპოსტასად პილონი ითვლებოდა, რომლის ქალური მეწყვილე იყო დემეტრა პალაია და ელევსინური წრის დანარჩენი ქალღვთაებები [11, გვ. 471-475], მაშინ სურიონ-ვანის მფარველი ღვთაება ბუნების ქალღმერთის სიმბოლურ გამოსახულებად შეიძლება მივიჩნიოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვანის მფარველი ღვთაების კოლხური სახელი „სურია” ყოფილიყო. შესაძლოა, ქალაქსაც მისი სახელი ეწოდა, ისევე როგორც ათენს ათენასაგან, ან ფასისს ფასიანელი ქალღმერთისაგან. რაც შეეხება ვანის ქალაქის ძველი სახელწოდების – „სურიონის“ ეტიმოლოგიას, ვფიქრობთ, ისიც ფასისის მსგავსად წყალს უნდა უკავშირდებოდეს. „სურიონის“ ფუძე „სურ“, ისევე როგორც „ფას“ ქართველურ ენებში – სუ, სუმუა, ფსე, ფსუმა, სუამთ, მოსმურობა, სურუ - წყლისა და მასთან დაკავშირებულ ცნებებს გამოხატავენ. თუ ეს ასეა, მაშინ „ანასსა სური“, იგივე აფროდიტე, შესაძლოა, ბუნების ერთ-ერთი არსებითი კომპონენტის - წყლის, მდინარის ქალღვთაება ყოფილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ სურიონ-ვანში, ქალაქის შესასვლელშივე, ისევე როგორც ფასისში, სურიონ-ვანის მფარველი ქალღმერთის ქანდაკება ყოფილა აღმართული (Arr., PPE, 9)[1, გვ. 61-62]. ამგვარი ტოპოგრაფია კი მხოლოდ კოლხური პანთეონისთვის იყო დამახასიათებელი და უჩვეულო – ბერძნული სამყაროსათვის. თუმცა თვალსაჩინოა ელინური და კოლხური საკრალური სამშენებლო ტრადიციებისა თუ რელიგიური სინკრეტიზაციის პროცესი.
გამოყენებული ლიტერატურა |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|