ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





„ცნობიერების ნაკადი“ და ოთარ ჭილაძის რომანები

 

CCოთარ ჭილაძე იმ ქართველ მწერალთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც მე-20 საუკუნის ინტერდისციპლინარულ გარემოში ლიტერატურული ნაწარმოების რეალობის, პერსონაჟების ხასიათებისა და საკუთარი მსოფლმხედველობის უკეთ წარმოსაჩენად პროზა არაერთ თეორიასა თუ მოძღვრებაზე დაყრდნობით განავითარეს. შესაბამისად, ჭილაძის რომანებში ჩანს მე-20 საუკუნის ლიტერატურისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ძირითადი ტენდენცია, იქნება ეს მკვეთრად გამოხატული მითოლოგიზმი თუ რემითოლოგიზაცია, ლათინო-ამერიკული პროზისთვის ნიშანდობლივი “მაგიური რეალიზმის” ელემენტები, ღრმა ფსიქოლოგიზმი - ადამიანის სულიერ სამყაროს ამოცნობის მცდელობა, რის წარმოჩენასაც მწერალი ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ გუსტავ იუნგის სიღრმის ფსიქოლოგიის თეორიების გათვალისწინებით ახერხებს, თუ ახალი ისტორული პროზის ჟანრში მუშაობა. აქვე უნდა დავასახელოთ წერის მანერის თავისებურებაც – თხრობა სუბიექტური პერსპექტივიდან და პერიოდულად “ცნობიერების ნაკადის” ტექნიკის მეშვეობით პერსონაჟის არა მხოლოდ ცნობიერში, არამედ არაცნობიერში ჩაღრმავების მცდელობაც.  


საკვანძო სიტყვები:არაცნობიერი, შინაგანი მონოლოგი, ასოციაციური აზროვნება, სულიერი სამყარო, წერის ტექნიკა. კატეგორია: კვლევები ავტორები: თამარ გეგეშიძე


ქართული ჰიმნოგრაფია

 

სტატია ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპებს, სკოლებს და მისი კვლევის ისტორიას წარმოაჩენს რამდენიმე მიმართულებით: ფორმის, მუსიკის, საღვთისმეტყველო, ლიტერატურულ-ისტორიული, სიმბოლურ-სახეობრივი და იდეოლოგიური თვალსაზრისით. გამოყოფილია პალესტინურ-სინური, ტაო-კლარჯეთის, ათონის, გელათის, შიომღვიმის, დავით გარეჯისა და მცხეთის საკათალიკოსოს, კერძოდ ანტონ კათოლიკოსის, საღვთისმეტყველო-ჰიმნოგრაფიული სკოლები, რომელთაც განსაზღვრეს ჰიმნოგრაფიის განვითარების ეტაპები, დონე და მიმართულებები საქართველოში. ქართული ჰიმნოგრაფია თავისი თემატიკით, მსოფლმხედველობით, სახისმეტყველებით ბიზანტიურთან მჭიდრო კავშირში იყო, რის გამოც იგი ბიზანტიური სამგალობლო კულტურის კონტექსტშია გააზრებული. წარმოდგენილია ქართული და ბიზანტიური საგალობლის მუსიკალურობისა და პოეტიკის განსხვავება, რაც ქართული გალობის მრავალხმიანობასა და საგალობლის ფორმის ორიგინალობაში გამოვლინდა. სტატია სახავს ქართული და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ისტორიისა და თეორიის საკითხების ახალი თვალთახედვით კვლევის პერსპექტივებსაც.

 


საკვანძო სიტყვები:ქართული ჰიმნოგრაფია, უძველესი იადგარი, ტაო-კლარჯეთის ჰიმნოგრაფიული სკოლა, ათონის ჰიმნოგრაფიული სკოლა კატეგორია: კვლევები ავტორები: ნესტან სულავა


ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფია

 

სტატიაში განხილულია ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარების ძირითადი ეტაპები მე-19 საუკუნიდან დღემდე. ვრცლადაა მიმოხილული უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემული დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ტომეული და მისი ონლაინ-ვერსია, აგრეთვე 2006 წელს ლონდონში, გამომცემლობა „გარნეტის“ მიერ გამოცემული დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი დონალდ რეიფილდის საერთო რედაქტორობით.


საკვანძო სიტყვები:ინგლისურ-ქართული სიტყვარი, სასწავლო ლექსიკონი, სემანტიკური ასიმეტრია. კატეგორია: კვლევები ავტორები: თინათინ მარგალიტაძე


იოანე მინჩხი – X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი

 

სტატიაში განხილულია X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის – იოანე მინჩხის შემოქმედების ძირითადი ასპექტები.

იოანე მინჩხის შემოქმედება მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში. მისი შემოქმედების კვლევისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი უცნობი მემკვიდრეობა – 77 საგალობელი, რომლებიც გამოვლენილ იქნა ჩვენ მიერ. მათი შესწავლის შემდეგ ახლებურად გამოიკვეთა იოანე მინჩხის ადგილი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, აგრეთვე ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიის დონე და შესაძლებლობები.მინჩხის საგალობლები ჰიმნოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. ტრადიციის ერთგულებასთან ერთად, მათთვის დამახასიათებელია დიდი ორიგინალურობაც. ამ ორი ფაქტორის შერწყმა იოანე მინჩხის შემოქმედებას მეტად შთამბეჭდავს ხდის.

გაირკვა ისიც, რომ იოანე მინჩხი იყო შემდგენელი I ქართული “მარხვანისა”, რომელიც საფუძვლად დაედო ამ უმნიშვნელოვანესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის შემდგომ განვითარებას. მინჩხის სახელს უკავშირდება მთელი რიგი ახალი, ორიგინალური საზომების შემოტანა ქართულ ჰიმნოგრაფიაში. იოანე მინჩხის განსაკუთრებულ ადგილს ქართული ეკლესიისა და მწერლობის ისტორიაში ადასტურებს საქართველოს ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტი, ქართული და ბიზანტიური მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე სწავლული – გიორგი ათონელი.


საკვანძო სიტყვები:იოანე მინჩხი, ქართული მარხვანები კატეგორია: კვლევები ავტორები: ლელა ხაჩიძე


რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" და შექსპირის "ციმბელინი"

 

CMBწინამდებარე სტატია უშუალო გაგრძელებაა ჟურნალ „ქართველოლოგის“ წინა ნომერში გამოქვეყნებული გამოკვლევისა „ვეფხისტყაოსანი - შექსპირის ლიტერატურული წყარო“. სტატიაში გაანალიზებულია  შექსპირის ციმბელინის სიუჟეტის თემატური და კომპოზიციური შეხვედრები ნესტანისა და ტარიელის ვეფხისტყაოსნისეულ ამბავთან.  სტატიის ერთი  ნაწილი ეძღვნება   ვარაუდებს ციმბელინის შექმნის და თეატრალურ სცენაზე გამოჩენის თაობაზე; ვარაუდებს იმ საკითხზე, რომელიც შექსპიროლოგიურ ლიტერატურაში ბუნდოვნადაა მიჩნეული. 


საკვანძო სიტყვები:რუსთველი, შექსპირი, ბომონტი და ფლეტჩერი, „ვეფხისტყაოსანი“, „ციმბელინი“, „ფილასტერი“. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


იკონოგრაფიის გზით გაცხადებული და დამკვიდრებული წმინდანის სახელი

 

არც ერთ ძველ ქართულ წყაროში, IX საუკუნიდან XIX ს-ის 30-იან წლებამდე, იერუსალიმიდან მცხეთაში კვართის ჩამომტანი ელიოზის დის სახელი „სიდონია” არ იხსენება. სხვადასხვა ეპოქის  კედლის მხატვრობაში (IX-XIII, XVII-XIX სს.) მინიატიურებსა და ხატებზე წარმოდგენილ ცხოველმყოფელი სვეტის აღმართვა-ამაღლების სცენაში, არც XVII-XVIII ს.ს-ის კათალიკოსთა საბეჭდავებზე და ვახტანგ VI-ის დროშაზე „სიდონია” არსად არაა გამოსახული. XIX ს-ში გამოცემულ „წმ. ნინოს ცხოვრების” მოთხრობებში, ძირითადად, ელიოზის და „სიდონიად” იწოდება, როგორც ქართველთათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. თეიმურაზ ბაგრატიონის თხზულებაში „ისტორია დაწყებითგან ივერიისა...” ცხრამეტი საუკუნის მანძილზე პირველად ვხვდებით კვართის მიმრქმელი ელიოზის დის სახელს  „სიდონიას”. მ. საბინინის „საქართველოს სამოთხეში” მოთავსებულ ნიკოლოზ გულაბერისძის „საკითხავში” ელიოზის დის სახელთან ფრჩხილებში მოთავსებულმა „სიდონიამ”, აგრეთვე ხატის „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის დიდებაში” ელიოზის დის სახელის აღნიშვნამ უდიდესი როლი ითამაშა ელიოზის დის „სიდონიას” სახელის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებაში. 


საკვანძო სიტყვები:სიდონია, თეიმურაზ ბაგრატიონი, მ. საბინინი კატეგორია: კვლევები ავტორები: ნანა გონჯილაშვილი