ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ელგუჯა ხინთიბიძე იმოჯენი (Imogen) თუ ინოჯენი (Innogen) (შექსპირის ციმბელინის ოქსფორდული გამოცემის ერთი კონიექტურის შესახებ)
საკითხის დასმისათვის. უკანასკნელი ათწლეულის ჩემი სამეცნიერო ინტერესი უპირატესად ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის XVII საუკუნის ინგლისურ დრამატურგიაში სიუჟეტურ წყაროდ გამოყენების გამოვლენასა და არგუმენტირებაში გამოიკვეთა. ამ კვლევა–ძიების დღევანდელ ეტაპზე ნესტანისა და ტარიელის ვეფხისტყაოსნისეული რომანის შექსპირის ციმბელინში თემატურ და სიუჟეტურ წყაროდ გამოყენების არგუმენტირებამ ინგლისური პიესის ქალი პროტაგონისტის – იმოჯენის და მისი რუსთველისეული პროტოტიპის – ნესტანის მხატვრული სახეების ურთიერთმიმართებაზე დამაფიქრა.ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაში ციმბელინის გარშემო შექმნილმა სამეცნიერო ლიტერატურამ იმთავითვე ამ პერსონაჟის სახელის პრობლემა გამოკვეთა. ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა მთელი საუკუნის უწინარეს მსჯელობდა ამ პრობლემაზე [18] და მიუთითებდა, რომ შექსპირის თხზულებათა პირველი სრული კრებულის გამოცემაში (First Folio, 1623 წ.) დამკვიდრებული სახელის Imogen-ის უწინარეს ამ პერსონაჟის სახელს შექსპიროლოგიური დოკუმენტები სხვაგვარი ფორმით (Innogen) იმოწმებენ. ამ პრობლემამ ჩემი ყურადღება მიიპყრო იმოჯენისა და ნესტანის მხატვრული სახეების პარალელების შესწავლის თვალსაზრისითაც. პრობლემის არსი. ფიქრობენ, რომ სახელი იმოჯენი (Imogen), რომელიც ინგლისურ ონომასტიკაში სხვადასხვა ფორმით გვხდება (Imogen, Imogene, Imogine, Imogenia, Imojean, Imojeen, Emogen, Emogene), ირლანდიური და კელტური წარმოშობისაა; იგი კელტური სახელიდან - Innogen უნდა იყოს ნაწარმოები. ეს უკანასკნელი კი გალიური Inghean (გოგონა, ქალიშვილი) ფორმიდან უნდა მომდინარეობდესო. მიჩნეულია ასევე, რომ ამ სახელმა (Imogen) რაღაც შინაარსობრივი გააზრება შეიძინა შექსპირის პიესაში ციმბელინი; აგრეთვე ვალტერ სკოტის XIX საუკუნის მეორე ათეულში შექმნილ ნოველაში „The Heart of Midlothian“. შექსპირის ციმბელინის პერსონაჟის სახელი Imogen-ი რომ იმ საისტორიო ქრონიკებიდან იღებს სათავეს, რომლის ბაზაზეცაა შექმნილი ეს პიესა, ამაზე XVIII საუკუნეში იყო მითითებული (Malone, Variorum, vol. I, 1778). მართლაც, მიჩნეულია, რომ ბრიტანეთის მეფე ციმბელინის ამბავს შექსპირი იცნობს რაფაელ ჰოლინშედის ქრონიკებიდან, რომელიც XVI საუკუნეში რამდენიმეჯერ იყო გამოქვეყნებული (1577წ., 1587წ.). ამავე ისტორიით, ბრიტანეთის მეფე ბრუტის (Brute) ცოლს, ბრიტანეთის ისტორიულ დედოფალს, სახელად ერქვა Innogen-ი. ციმბელინის ტექსტის ერთ-ერთი პირველი მეცნიერ-კომენტატორი და გამომცემელი Horace Howard Furness-ი ეთანხმება Malone-ის აზრს, რომ შექსპირს შესაძლებელია სახელი Innogen-ი ციმბელინში გადმოეტანა ჰოლინშედის ქრონიკებიდან, მით უმეტეს, რომ იგი ამავე ფორმით (Innogen) შექსპირის სხვა პიესაშიც (აურზაური არაფრის გამო) დასტურდება. ის ფაქტიცაა დამოწმებული, რომ, მოღწეული ჩანაწერების მიხედვით, ციმბელინის თეატრალური წარმოდგენის ყველაზე ძველი მხილველი (1611 წელი) სიმონ ფორმანი (Simon Forman) ამ პერსონაჟს Innogen-ის სახელით მოიხსენიებს. გამომცემელ-კომენტატორი მიიჩნევს, რომ ციმბელინის პირველ ბეჭდურ გამოცემაში, ე. წ. პირველ ფოლიოში, შეცდომაა, რომელიც იმის მიერ უნდა იყოს დაშვებული, ვინც დასაბეჭდად მოამზადა ციმბელინის ტექსტი. ისიცაა მითითებული, რომ სახელი Innogen-ი გარკვეულ მინიშნებას იძლევა სიტყვაზე Innocence, რაც უდანაშაულოს ნიშნავს და კარგად შეესაბამება პიესის პერსონაჟი ქალის თავგადასავალს. მიუხედავად ამისა მეცნიერ-კომენტატორი (Furness) არ მიიჩნევს შესაძლებლად ამ ცნობილი პერსონაჟის ტრადიციით დამკვიდრებული სახელის Imogen-ის პიესის შემდგომ პუბლიკაციებში Innogen-ად შეცვლას [18, გვ. 5-6]. ციმბელინის ტექსტის პუბლიკაციებში სახელ Imogen-ის შეცვლა Innogen-ად მოხდა გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში. იგი Stanley Wells-ისა და Gary Taylor-ის 1986 წლის ოქსფორდულ გამოცემაში განხორციელდა შექსპირის სხვა პერსონაჟთა სახელების მოდიფიცირებასთან ერთად [19]. იმ მოტივით – რომ დამწერლობის თანამედროვე ნორმებით მოდერნიზებულ ტექსტში საკუთარი სახელებიც თანამედროვე ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ მოდერნიზებულ გამოცემას რამდენიმე სხვა გამოცემაც გაჰყვა. მათ შორის საგანგებოდაა აღსანიშნავი იმავე მეცნიერ-გამომცემელთა მიერ შექსპირის თხზულებათა სრული კრებულის ოქსფორდულ სამტომეულში შეტანილი ციმბელინის ტექსტი [4]; ასევე Roger Warren-ის კომენტირებული ოქსფორდული გამოცემა [5]. ოქსფორდის გამოცემის ავტორიტეტით, ციმბელინის ზოგიერთმა მკვლევარმა თავისი ძველი ნარკვევების ახალ პუბლიკაციებში ჩაასწორა იმოჯენის სახელი Innogen-ად [1, გვ. 7]. ამგვარ მოდერნიზებას არ გაჰყვნენ ციმბელინის ტექსტის სხვა გამომცემლები და მეცნიერ-კომენტატორები, მათ შორის აღსანიშნავია John Pitcher-ის კომენტირებული გამოცემა [20]. ოქსფორდელ გამომცემელთა განსხვავებული პოზიცია ციმბელინის მთავარი მოქმედი პირის სახელის ცვლილების თაობაზე სათანადო არგუმენტებითაა მოტივირებული. გამოცემის ავტორები თავიანთ კონიექტურას (ტრადიციული Imogen-ის Innogen-ად შეცვლას) შემდეგი მოსაზრებებით ასაბუთებენ: სახელი Innogen-ი ჰოლინშედის ქრონიკებით დადასტურებულია ციმბელინის შექმნამდე; ფორმა Imogen-ს ძველი წყაროები არ ადასტურებენ. ამ პერსონაჟის სახელად Innogen-ი დამოწმებულია ციმბელინის შექპირის სიცოცხლეში შესრულებული თეატრალური წარმოდგენის მნახველის მიერ (სიმონ ფორმანის 1611 წლის ჩანაწერი). სახელი Innogen-ი სხვა პიესაშიც დასტურდება (1598 წელს დასტამბული აურზაური არაფრის გამო) [28, გვ.604; იხ. 16, გვ. 3]. კონიექტურა Innogen-ის საფუძვლიანობის სამტკიცებლად Roger Warren-ს აქცენტი გადააქვს იმ შეცდომის შესაძლებლობაზე, რომელსაც პირველ ფოლიოში შეტანილი ციმბელინის ტექსტის მომმზადებელი დაუშვებდა (Innogen-ის ორი n შეიძლებოდა წაკითხულიყო როგორც m). ყურადღებაა გამახვილებული აგრეთვე Innogen-ის მსგავსება–მინიშნებაზე სიტყვასთან Innocence – უდანაშაულო. ციმბელინის საკუთარი სახელების ტრადიციული ფორმით წაკითხვას ასაბუთებს John Pitcher-ი[16]. Innogen-ის სასარგებლოდ მოყვანილ არგუმენტებს იგი არასარწმუნოდ მიიჩნევს. კერძოდ შენიშნავს, რომ შექსპირის ციმბელინამდეც დასტურდება ბრიტანელი დედოფლის Innogen-ის სახელის Ymogen-ად წაკითხვა. ხოლო სიმონ ფორმანი შექსპირის პიესების შინაარსების გადმოცემისას სხვა შეცდომებსაც უშვებს. მის მიერ ციმბელინის ქალიშვილის Innogen-ად მოხსენიება ჰოლინშედის ქრონიკების გავლენით უნდა აიხსნას. ციმბელინის პერსონაჟთა სახელებს მკვლევარი იტალიური ენის საფუძველზე განმარტავს. უფრო ზუსტად – იტალიური და ინგლისური ფუძეების შეერთება-შერწყმით (Iachimo, Philario, Pisanio, Belarius). ამის კვალდაკვალ, სახელ Imogen-შიც იგი იტალიური imaggine-ის (სახე, შესახედაობა, წარმოსახვა, სახეობრივ–ალეგორიული გამოხატვა) გაინგლისურებული ფორმის მნიშვნელობას ხედავს: სახე, მსგავსება, გამოსახვა. ამის საფუძველზე იგი ასკვნის, რომ ციმბელინის პრინცესის სახელი Imogen-ი შექსპირისეულია; მიუხედავად იმისა, იგი დრამატურგმა თვითონ შექმნა Innogen-ის საფუძველზე, თუ უკანასკნელის ინგლისურად უკვე არსებული ფორმა Ymogen-ი აიღო. მკვლევარის (John Pitcher) დასკვნით სახელი Imogen-ი იმას გვეუბნება, რომ პრინცესა ციმბელინში წარმოდგენილია ანუ დახატულია სხვადასხვა სიტუაციაში – ზოგჯერ კარგში, ზოგჯერ ცუდში – მის ირგვლივ მყოფი ადამიანების მიერ (“In Cymbeline, the Princess is imagined or pictured in various ways – some good, others bad – by the men around her, and her name tells us this”[16, p. 8]). უფრო ნათლად განსამარტავად მკვლევარი აკვირდება იაკიმოს მონათხრობს იმის თაობაზე, თუ როგორ აღწერა პოსტუმუსმა საკუთარი მეუღლე რომში თანატოლების შეხვედრაზე, ე.წ. სანაძლეოს სცენაში: მან დაიწყო აღწერა საკუთარი ქალბატონის სურათისა, რომელიც თავისავე ენით იყო შექმნილი და შემდეგ ჩადო მასში გონება („He began His mistress’ picture, which by his tongue being made, And then a mind put in’t“ – V.5. 175-16)[20, p. 117]. მკვლევარის აზრით, სახელ Imogen-ში წარმოსახვა თუ წარმოდგენა იმავე აზრის შემცველია, რა მნიშვნელობითაც გამოვლინდება იგი პიესაში („The significance of imagine in Imogen is of course the same of how the name functions in the play“ [16, p. 8]). კონიექტურის არამიზანშეწონილობა ნათქვამი იმგვარად არ უნდა გავიგოთ, თითქოს მე კონიექტურის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყველა შემთხვევაში. თუ კონიექტურას პრინციპული სიახლე არ შეაქვს ნაწარმოების მხატვრულ, იდეურ და თემატურ სტრუქტურაში და სარწმუნოდაა დასაბუთებული, მაშინ იგი შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად. მაგრამ ციმბელინის შემთხვევაში Imogen-ის Innogen-ად ჩანაცვლების არგუმენტირება, ვფიქრობ, რომ სარწმუნოდ არ უნდა იქნას მიჩნეული. ამ ჩანაცვლების წინააღმდეგ ბევრი არგუმენტია მოხმობილი. ეს, რა თქმა უნდა, არ მეტყველებს იმაზე, რომ საკითხის შემდგომ განხილვას წერტილი დაესვას. მაგრამ ეს მეტყველებს იმაზე, რომ შექსპირის ციმბელინის პუბლიკაციაში პრინცესა იმოჯენის სახელი ინოჯენით არ უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, მე ვგულისხმობ იმ პუბლიკაციებს, რომლებსაც დიდი ინგლისელი დრამატურგის თხზულების გამოცემის პრეტენზია აქვთ, თორემ შექსპირის ციმბელინი, როგორც სცენარი თეატრალური წარმოდგენისათვის, სცენარისტის თუ რეჟისორის ინტერესებიდან გამომდინარე, მრავალგვარი კორექტირების თუ გადამუშავების ობიექტი შეიძლება გახდეს. Imogen/Innogen-ის თაობაზე სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობამ, ამ შენაცვლების მიზანშეუწონლობის თაობაზე ორიოდე მოსაზრება გამომიკვეთა და მინდა მათზე შევჩერდე (თუმცა არაა გამორიცხული, რომ ამგვარივე თვალსაზრისი უკვე იყოს გამოთქმული იმ გამოკვლევებში, რომლებსაც მე არ ვიცნობ). არგუმენტირება იმისა, რომ შექსპირისეულ ორიგინალში ბრიტანეთის სამეფო კარის პრინცესის სახელი Innogen-ი იქნებოდა, ძირითადად ვარაუდებზე და შესაძლებლობებზეა დამყარებული. მაგალითად: შექსპირისეულ ორიგინალში სავარაუდო Innogen-ის Imogen-ად შეცვლა, როგორც ვარაუდობენ ე. წ. პირველ ფოლიოში მოხდა, რამდენადაც ასოთამწყობებმა თუ დასაბეჭდად გადაცემული ტექსტის მომმზადებელმა ხელნაწერის წაკითხვისას დაუშვეს შეცდომა (ორი n წაიკითხეს როგორც m). მიჩნეულია, რომ ასოთამწყობი იყო ორი. ერთი მათგანი (პირობითად B) გამოცდილი იყო, მეორე (პირობითად E) გამოუცდელი. ასოთამწყობთა შესაძლებელი შეცდომა ამგვარადაა გააზრებული: რამდენადაც პირველი მათგანი გამოცდილი იყო და მთელი ფოლიოს ნახევარი მის მიერ იყო აწყობილი, იგი შეიძლებოდა ნაკლებად ყურადღებიანი ყოფილიყო; მეორე მათგანი კი, ამ ფოლიოს ასოთამწყობთა შორის ყველაზე ნაკლებად გამოცდილი, ალბათ ახალბედა იყო. ეს მსჯელობა მხოლოდ შესაძლებელ ვარიანტს გვთავაზობს; იგი მხოლოდ ვარაუდია. ამავე ფაქტებიდან საწინააღმდეგო ვარაუდის დაშვებაც შეიძლება, თანაც ისეთივე წარმატებით, როგორიც ეს უკანასკნელია: რადგანაც პირველი ასოთამწყობი გამოცდილი იყო, იგი ალბათ შეცდომას არ დაუშვებდა; რადგანაც მეორე მათგანი ახალბედა იყო, იგი ალბათ საქმეს ყურადღებით მოეკიდებოდა. უფრო დასაშვებადაა მიჩნეული, რომ შეცდომა ციმბელინის პრინცესის სახელის ამოკითხვაში ასოთამწყობთათვის გადაცემული ტექსტის მომზადებისას იქნებოდა დაშვებული, ტექსტის მომმზადებლად, ასევე ვარაუდით, ითვლება Ralph Crane-ი, რომელიც იყო სამეფო თეატრალური დასის პროფესიონალი გადამწერი (“Crane was a professional scribe known to have worked for the King’s Men”)[26]. ამ გადამწერის პროფესიული საქმიანობა შესწავლილია. მითითებულია, რომ მას ტექსტში ზოგჯერ შეჰქონდა სხვადასხვა ტიპის ცვლილებები; მაგრამ არაა შენიშნული, რომ მას ეშლებოდა ასოთა ამოკითხვა (უფრო კონკრეტულად, ორ n-ს რომ m-ად კითხულობდა). რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაა ვივარაუდოთ, რომ Crane-ი შექსპირის ხელნაწერში Innogen-ს წაიკითხავდა Imogen-ად. მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ Crane, როგორც სამეფო თეატრალური დასის მსახიობთათვის ტექსტების პროფესიონალი გადამწერი, შექსპირის ხელნაწერში ასოებს სწორად ამოიკითხავდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სახელი (Imogen) პიესის ტექსტში მრავალგზისაა განმეორებული; ხოლო, სახელი Innogen-ი მაშინ უკვე ცნობილი იყო როგორც შექსპირის სხვა პიესიდან (აურზაური არაფრის გამო), ასევე, და უპირატესად, ისტორიული წყაროებიდან (ჰოლინშედი). ნაცნობ სახელს პროფესიონალი სახელად უცნობ ფორმას არ ჩაუნაცვლებდა. სიმონ ფორმანის მიერ პრინცესის სახელად Innogen-ის მოხსენიება, როგორც მკვლევართა მიერ შენიშნულია, ჰოლინშედის ქრონიკების გავლენით უნდა აიხსნას (მე დავაზუსტებდი: იმ ისტორიული მეხსიერებით, რომ ოდესღაც ბრიტანელთა დედოფალს Innogen-ი ერქვა). პიესა ხომ ბრიტანეთის ისტორიული მეფის – ციმბელინის ამბავს ეხება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმონ ფორმანს, როცა თავის მოგონებას წერდა, ციმბელინის ბეჭდური ტექსტი წინ არ ედო. მოგონება სცენიდან მოსმენილზეა აგებული[იხ. 3, გვ. 377–339]. ხოლო სცენიდან პრინცესის სახელი არც თუ ხშირად იქნებოდა გაჟღერებული. პიესის მოქმედ პირთა მეტყველებაში იგი იშვიათად თუ ისმის. ასე რომ, კონიექტურა საეჭვო არგუმენტებზეა დამყარებული; ამიტომ არ არის მიზანშეწონილი მისი ტექსტში შეტანა. ამ საკითხზე მსჯელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ შექსპირი ციმბელინში პერსონაჟებს უპირატესად სხვა თხზულებებიდან აღებულ სახელებს არქმევს. სახელი Innogen-ი ცნობილი იყო ისტორიული წყაროებით, Imogen-ი კი – უცნობი. ამ მსჯელობაში დღეისათვის უკვე კორექტივია შეტანილი: სახელი Imogen-ი Ymogen-ის ფორმით ინგლისურენოვან ლიტერატურაში უკვე XV საუკუნეშია დადასტურებული: როგორც უკვე ითქვა, მსოფლიო ისტორიის (Polychronicon) ლათინური ტექსტიდან სწორედ ბრიტანეთის მეფის Brute-ის მეუღლის სახელი Innogen-ია უცნობი მთარგმნელის ინგლისურ თარგმანში Ymogen-ად გადმოტანილი [16, გვ.4]. დასმული პრობლემის (Innogen/Imogen) კვლევისას იმ ტენდენციაზე დაკვირვება, რაც ციმბელინში ჩანს პერსონაჟთა საკუთრი სახელების სახელდებისას, აშკარად ყურადსაღებია. ამ ტენდენციაში კი გარკვეული ნიუანსი იკვეთება: შექსპირს ციმბელინში წყაროებიდან ზუსტად (ან მიახლოებით ზუსტად) უმთავრეს შემთხვევებში მხოლოდ ისტორიულ პერსონაჟთა სახელები გადმოაქვს (Cymbeline, Guiderius, Arviragus...). პრინცესა იმოჯენი კი არ არის ისტორიული პიროვნება. ბრიტანულ ქრონიკებში არ ჩანს, რომ მეფე ციმბელინს (Kymbeline//Cimbeline) ქალიშვილი ჰყავდა და მას ის ამბავი გადახდა თავს, რასაც პიესა მოგვითხრობს. იმოჯენის თავგადასავალი შექსპირისეული ფსევდო ისტორიაა. ციმბელინში მეფის ასულის მსგავსი შექსპირისეული (ანუ არაისტორიული) პერსონაჟების სახელები, თუ ისინი სხვა ნაწარმოებიდანაა გადმოტანილი, უპირატესად ფორმაშეცვლილი სახით დასტურდება. ამ თვალსაზრისით საინტერესოა დაკვირვება შექსპირის დროინდელი ინგლისის ერთ ბანალურ ანონიმურ პიესაზე, სიყვარულისა და ბედისწერის იშვიათი ტრიუმფი, რომელსაც შექსპირი იცნობს და ზოგიერთ მკვლევარის (J. M. Nosworthy) აზრით, იგი ციმბელინის ერთი უმთავრესი წყაროა [15, გვ. XXV-XXVI]. ფიქრობენ, რომ ამ ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირის, მეფის ქალიშვილის ფიდელიას (Fidelia) სახელის მოდიფიცირება უნდა იყოს ვაჟად გადაცმული იმოჯენის მიერ თავის სახელად შერჩეული ფიდელი (Fidele). ასეთივე მიმართებაში შეიძლება იყოს ამავე პიესის სასახლიდან გაძევებული და გამოქვაბულში ჩასახლებული ბომელიოს (Bomelio) სახელთან ციმბელინის სასახლიდან გაპარული და გამოქვაბულში დამკვიდრებული ბელარიუსის (Belarius) სახელი. ამავე პიესის პრინცესის სატრფო ვაჟის ჰემარენის (Hermione) სახელს შექსპირი გადაადგილებს და თავის პიესაში ზამთრის ზღაპარი მშვენიერი ქალბატონის სახელად აქცევს [2, გვ. 21]. მიჩნეულია, რომ თავისივე ადრინდელი კომედიის აურზაური არაფრის გამო მთავარი პერსონაჟის ლეონატოს (Leonato) სახელის მოდიფიცირებით შექმნა შექსპირმა პოსტუმუსის ეპითეტი თუ წოდება - ლეონატუსი (Leonatus). ამიტომაცაა ნაკლებ სარწმუნო ვარაუდი, რომ შექსპირი, ამ ტენდენციის საპირისპიროდ, უკვე დამკვიდრებულ სახელ Innogen-ს უცვლელად გადმოიტანდა და დაარქმევდა საკუთარი ფანტაზიით შექმნილ პერსონაჟს. მით უმეტეს, მის მიერ ზემოთ დასახელებული კომედიის მეუღლეების Leonato-ს და Innogen-ის სახელებიდან შექსპირმა ციმბელინის ცოლ-ქმრის წყვილში თუ ერთის სახელი (Leonato) შეცვალა, მეორესაც (Innogen) ალბათ შეცვლიდა. ამგვარად, უნდა ვიფიქროთ, რომ შექსპირი თავის პერსონაჟ ქალთაგან ერთ საუკეთესოს ბრიტანელთა ისტორიული დიდი დედოფლის სახელის (Innogen) ალუზიით არქმევს სახელს (Imogen), მაგრამ ახდენს დედოფლის სახელის კორექციას, ან ამ სახელის ნაკლებად ცნობილ ვარიანტს (Ymogen) ააქტიურებს. ციმბელინის პრინცესის სახელზე მსჯელობისას მეცნიერ-კომენტატორები თვლიან, რომ ეს სახელი რაღაცას უნდა მიანიშნებდეს, მასში შექსპირის მხატვრული სტილისათვის მკვეთრად მახასიათებელი ზმური მეტყველების კვალი უნდა იყოს. მართლაც, შექსპირის ბოლო პერიოდის პიესათა არაისტორიული პერსონაჟების მნიშნელოვანი ნაწილის სახელებში რაღაც მინიშნებები ჩანს. ციმბელინშიც იგივე ტენდენცია იკვეთება: Posthumus//posthumous - ნიშნავს სიკვდილის შემდგომს, ან მამის სიკვდილის შემდეგ შობილს; და ციმბელინის პერსონაჟ პოსტუმუსის (Posthumus) ბიოგრაფიაშიც ხედავენ ამ მნიშვნელობას – იგი დაბადებული იყო მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ [17, გვ164]. პოსტუმუსის მოქიშპე პერსონაჟის კლოტენის (Cloten) სახელშიც, clot ძირის საფუძველზე, რეგვენზე, სულელზე მინიშნებას ხედავენ, რასაც ასევე პერსონაჟის ნატურას უსადაგებენ [17, გვ. LIX]. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს პრინციპიცაა მოხმობილი ციმბელინის პრინცესის სახელად Innogen-ის დამკვიდრებისათვის: როგორც ზემოთ მივუთითეთ, Innogen მიმსგავსებულია Innocence-სთან (უდანაშაულო); ხოლო ამ სიტყვის შინაარსი ციმბელინის პრინცესას კი ზუსტად ახასიათებს. ჩემი აზრით, საკითხის ამგვარი ახსნაც კორექტირებას საჭიროებს. ზმურ მეტყველებას, კალამბურს (ანუ pun, quibble-ს, როგორც ამას შექსპიროლოგები უწოდებენ) შექსპირი თავის პიესებში უპირატესად მსმენელზე გარკვეული მინიშნებისათვის იყენებს. კალამბური პიესებში უპირატესად ჰომოგრაფულ-ჰომოფონურია: დაწერილი სიტყვა გამოთქმისას მიანიშნებს რაღაც მნიშვნელობაზე. თეატრში მაყურებელი სმენით აღიქვამს ნაწარმოებს. ამიტომაც პიესებში ერთი სიტყვის დაწერილობით მეორესთან მიმსგავსება ნაკლებად სავარაუდებელია, რომ რაიმეზე იყოს მიმანიშნებელი. შექსპირის უკანასკნელი პერიოდის პიესების საკუთარი სახელები, რომლებშიც მკვლევარები პერსონაჟების პიროვნებებზე მინიშნებას ხედავენ, ისეთ სიტყვებს ან სიტყვათა კომბინაციებს წარმოადგენენ, ან ემსგავსებიან, რომლებშიც შინაარსობრივად პერსონაჟის ხასიათზე, ან მის თავგადასავალზე და სხვ. ჩანს რაღაც მინიშნება. ასე, მაგალითად: Marina (პერიკლეში) – ზღვაში შობილი; Perdita (ზამთრის ზღაპარში) – დაკარგული; Miranda (ქარიშხალში) – უმაღლესი აღფრთოვანება [27]. ამავე რიგისაა ციმბელინის ზემოთ დამოწმებული სახელები (პოსტუმუსი, კლოტენი). ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი – სხვა სახელებიც: Philharmonus, Leonatus, Belarius, Philario [16]. ასე რომ, მსმენელი სცენიდან მოსმენილ სახელს Innogen-ს (ʹιn͵ə.dӡen) წარმოთქმით ვერ მიამსგავსებდა სახელს Innocence (ín͵ə.səns) [9, გვ. 257]; ამდენად, ამ უკანასკნელი სიტყვის მნიშვნელობაზე (უდანაშაულო) მინიშნებად სახელ Innogen-ს ვერ აღიქვამდა. ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა სწორად გრძნობს, რომ ციმბელინის პრინცესის სახელი რაღაცას შეიძლება მიანიშნებდეს, რაღაცას მიუთითებდეს. საქმე ისაა, რომ ამ ნაწარმოების ძირითად, არა ისტორიულ პერსონაჟთა მნიშნელოვანი ნაწილი ზმური მეტყველების, კალამბური პრინციპითაა შერჩეული. თვით პოსტუმუსი, იმოჯენის სატრფო და მეუღლე, შემთხვევით სახელს არ ატარებს: Posthumus-posthumous (სიკვდილის შემდგომი). მოსალოდნელია, რომ მისი წყვილის, პიესის მთავარი მოქმედი პირის, სახელიც რაღაცაზე მიმანიშნებელი იყოს. აქვე მინდა ჩემი თვალსაზრისი გამოვთქვა ნაწარმოებში სახელ პოსტუმუსის ზმურ დატვირთვაზე; ანუ იმაზე, თუ რას შეიძლება მიანიშნებდეს იგი. ჩემი აზრით, სახელი პოსტუმუსი – Posthumus მხოლოდ იმას არ მიანიშნებს, რომ ეს პერსონაჟი მშობლების გარდაცვალების შემდეგაა დაბადებული. ვფიქრობ, რომ შექსპირს უფრო ღრმა ჩანაფიქრი აქვს. პოსტუმუსი მასზე შეყვარებულმა მეუღლემ გამოქვაბულში მის გვერდით მწოლიარე თავმოკვეთილ გვამად იხილა. ფინალურ სცენაში იგი მისთვის სიკვდილის შემდგომ გაცოცხლდა, ანუ თავიდან დაიბადა. პოსტუმუსისათვის, თანახმად საკუთარი სურვილისა, მეუღლე – იმოჯენი მოკლულია, ფინალურ სცენაში იგი მისთვის, ისიც - სიკვდილის შემდგომ, გაცოცხლდა, ანუ თავიდან დაიბადა. მე ვფიქრობ, შექსპირის ხედვაში ეს ნიუანსიც უნდა ყოფილიყო. შექსპირის იმოჯენის მხატვრული სახე ამგვარად, შექსპიროლოგიურ ლიტერატურაში აშკარად გამოკვეთილია, რომ იმოჯენი, როგორც მხატვრული სახე, არ არის რეალური, ცხოვრებისეული პერსონაჟის ამაღლებული, ჰიპერბოლიზებული სახე. იგი მთელი თავისი არსით, მთლიანობით წარმოსახვითია, რეალურის საპირისპიროდ – იდეალურია, შემოქმედებითი ფანტაზიის პროდუქტია. ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა ხედავს, რომ შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები ტრაგიკულ ქარგას მისდევენ, მაგრამ შემდეგ მას მოჰყვება წარმოსახვითი გარემო [11, გვ. 144]; და, რომ კერძოდ ციმბელინში პერსონაჟთა სახეების უმრავლესობა უშუალოდ შექსპირის წარმოსახვისეულია (“... characters are likely directly from Shakespeare’s imagination”)[13]. კერძოდ, იმოჯენის შესახებ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში იყო შენიშნული, რომ იგი, როგორც მხატვრული სახე, არ არის რეალური, იგი არის იდეალიზირებული. თუ შევადარებთ ადრინდელი სენტიმენტალური კომედიების ქალთა სახეებს - როზალინდა (როგორც გენებოთ), ბეატრიჩე (აურზაური არაფრის გამო), პორცია, ვიოლა, მას აკლია ის მახასიათებელი დეტალები და მანერიზმი, რაც რეალურ პერსონას მოგვაგონებდა. ეს სახე მიგვანიშნებს წარმოსახვით შესაძლებლობაზე [25, გვ.139]. იმოჯენის მხატვრული სახე შექსპირის ოცნებისეული სახეა. იგი ფანტაზიით, წარმოსახვით მოაზრებული იდეალური მეუღლეა. ამას ნათლად ხედავს და ადასტურებს ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რასაც ხედავს ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა, იმას უწინარეს გრძნობდა, ხედავდა და ქმნიდა თვითონ შექსპირი. ამიტომ უწოდა მან სახელად ამ პერსონაჟს Imogen-ი. ეს სახელი (Imogen) დღეს წარმოითქმის როგორც ´im.ə. dʒen//´im.ə. dʒin [9, გვ. 248] და ამ გამოთქმაში აშკარად ისმის (ანუ ეს გამოთქმა აშკარად ასოცირდება ფორმასთან) imagine (i´mædʒ.in)[9, გვ. 247], რაც ნიშნავს წარმოსახვას, წარმოდგენას, შექმნას. რომ ამ სახელში (Imogen) წარმოსახვის (imagine) მნიშვნელობა შექსპირის დროსაც ჩანდა, ამაზე სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია [16, გვ. 8]. მე ვფიქრობ, რომ შექსპირი ციმბელინის პრინცესის საკუთარი წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟს, ოცნებისეულ იდეალურ მეუღლეს, სახელად Imogen-ს სწორედ სიმბოლური დატვირთვებით არქმევს და მიანიშნებს პერსონაჟის წარმოსახვითობაზე, ფანტაზიურ არარეალურობაზე, ოცნებისეულ იდიალიზირებაზე. ლიტერატურული გმირის სახელით ამ პერსონაჟის მხატვრულ სახეზე მინიშნებას შექსპირის ეპოქის მაყურებლისათვის და მკითხველისათვის ბევრად უფრო დიდი და პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე თანამედროვე მკითხველს წარმოუდგენია; და ამ მხატვრული ხერხის ღირებულება უფრო დიდი იყო, ვიდრე მას თანამედროვე ესთეტიკური ხედვა აღიქვამს. ციმბელინის ერთი კომენტატორის სიტყვებს თუ გავიმეორებთ: დღეს ჩვენ კალამბურები და სიტყვითი თამაში შეიძლება ცოტა უცნაურად გვეჩვენებოდეს, მაგრამ იმ ეპოქაში ეს სერიოზული რამ იყო (“Puns and playing on names may strike us as a bit strange now, but these were serious things to the Jacobeans”)[17, p. LX]. ამიტომაა, რომ შექსპირის შემოქმედებაში ზმურ მეტყველებას, კალამბურს ასეთი მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამიტომ აქვთ ამავე პრინციპით შერქმეული სახელები ციმბელინის მხატვრულ პერსონაჟებს. ამიტომ მოიაზრება შექსპირის ბოლო პერიოდის ბრწყინვალე პერსონაჟ ქალთა სახელებში რაღაც მინიშნება მათ პიროვნებებზე. და მათ შორის ყველაზე ღრმა მინიშნებას სახელი იმოჯენი ატარებს. სიტყვათა თამაშს, კალამბურს, ზმურ მეტყველებას (pun, quibble), რომ უაღრესად პრინციპული მნიშვნელობა აქვს შექსპირის შემოქმედებაში, ამაზე არაერთგზისაა მითითებული შექსპიროლოგიურ შრომებში და მრავალი გამოკვლევის საგნადაა იგი ქცეული. შენიშნულია, რომ ზოგჯერ გამომცემლები სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ შექსპირის მხატვრული მეტყველების ამ სტილს და ტექსტში ერთი შეხედვით გაუგებარი ადგილების ჩასწორებას ცდილობენ. ამგვარ სიმბოლურ დატვირთვას უფრო ხშირად შექსპირი სიტყვის გამოთქმით სხვა სიტყვასთან დამსგავსებით ახდენს და მწერლის სათქმელი სწორედ იმ მიმსგავსებულ გამოთქმებშია საძიებელი [იხ. 10]. დაბოლოს, ცნობილია, რომ თვით შექსპირი ციმბელინში გამოავლენს და ახსნის ამგვარი ზმური მეტყველების სიმბოლური დატვირთვის პრინციპულ მნიშვნელობას. ფინალურ სცენაში მისანი პოსტუმუსს აუხსნის წინასწარმეტყველების ერთ ფრაზას: „be embraced by a piece of tender air” და განუმარტავს, რომ ლბილი ჰაერი (tender air) ლათინურად არის mollis aer, რაც არის იგივე mulier. mulier კი ინგლისურად ნიშნავს ცოლს. ეს კი შენი ერთგული მეუღლეაო (ციმბელინი V. 5: 444-447). ძირითადი დასკვნები: შორეული პარალელი როგორც შენიშნულია, ვეფხისტყაოსნის მთავარი პერსონაჟი ქალის სახელი – ნესტან-დარეჯანი აღმოსავლურ - არაბულ და სპარსულ ლექსიკაში გარკვეული მნიშვნელობის შემცველ სახელებთან ამყარებს მიმართებას. ნიკო მარი ამ სახელში „უთანასწორო მზეთუნახავის“ მნიშვნელობას ხედავდა: არაბულად მის შესატყვისად ასახელებდა Hussᾱn-αθ (მზეთუნახავი), ხოლო სპარსულად – nēst-andare-ḓahān (არ არის ქვეყანაზე)[12, გვ. 429]. ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობით სამყაროზე ჩემ მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად [31], რუსთველი თავისი იდეალური პერსონაჟებით, რეალურ–ცხოვრებისეულისგან განსხვავებულ ოცნებისეულ, წარმოსახვით სამყაროს ქმნის; რითაც შუასაუკუნეობრივ თეოსოფიაში ადამიანურ ამაღლებულობაზე, სიძლიერესა და ემოციებზე გადააქვს აქცენტი. ამიტომაც, ვფიქრობ, არაა გამორიცხული, რომ, რუსთველის, ისევე როგორც ყველა დიდი შემოქმედის მრავალპლანიანი მხატვრული აზროვნების სტილის გათვალისწინებით, იდეალური პერსონაჟის – ნესტან–დარეჯანის სახელში ქვეყნად არ არსებულის და მზეთუნახავის პარალელურად არა ამქვეყნიურზე, ოცნებისეულზე, ფანტაზიით წარმოსახულ მხატვრულ სახეზე მინიშნებაც დავინახოთ.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|