ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





სალი ნიუველი

აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის მიჯნაზე:

სიყვარული შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანსა და კრეტიენ დე ტრუას არტურის ციკლის რომანებში


შოთა რუსთაველის პოემის თითქმის დასაწყისშივე მეფე როსტევანი, ავთანდილი და მეფის თანმხლები პირები ხვდებიან წყლის პირას მჯდარ, მტირალ ტარიელს. ტარიელი არ პასუხობს მეფის შიკრიკს შეკითხვაზე და ხოცავს იმ ხალხს, რომლთაც მისი მეფესთან ძალით მიყვანა სურთ. ეს ეპიზოდი გამაოგნებელი და ამაღელვებელია კრეტიენ დე ტრუას შემოქმედების მცოდნე დასავლელი მკითხველისთვის, რადგანაც იგი ძალიან ჰგავს ერთ ეპიზოდს რომანიდან პერსევალი [6, გვ. 432-436]. კრეტიენის რომანის გმირი რაინდი ღრმად ჩაფიქრებული ჭვრეტს თოვლზე სამი სისხლის წვეთს, რომლებიც მას მისი შეყვარებულის ვარდისფერ ღაწვებს აგონებენ და ვერ გაიგონებს არტურის შიკრიკის, საგრემორის, ხმას, რომელსაც მისი მეფე არტურთან მიცილება სურს. უფრო მეტიც, პერსევალი მძიმედ დაჭრის სერ ქეის, რომელიც მეორე ადამიანია, ვინც მასთან გამოგზავნეს. რუსთაველის პოემის შემდგომი თავების გაცნობის შემდეგ მკითხველი აცნობიერებს, რომ მიუხედავად ბევრი მსგავსებისა აღმოსავლურ და დასავლურ რომანებს შორის, რუსთაველის მიერ მოთხრობილი ამბავი ძალიან განსხვავებულია. წინამდებარე ნაშრომის მიზანია მათში არსებული საერთო თვალთახედვისა და განსხვავებების ბუნების დადგენა.

მკითხველი ადვილად დაინახავს მსგავსებას რუსთაველის პოემასა და კრეტიენის რომანების გმირი-შეყვარებული წყვილების საქციელს შორის. კრეტიენისა და რუსთაველის რომანების მიჯნურები სიყვარულის მსგავს ნიშნებს ავლენენ: კაცებიც და ქალებიც ადიდებენ სატრფოების სილამაზეს; დარდობენ, ფითრდებიან და გოდებენ, იგლეჯენ თავზე თმას ან ტანზე ტანისამოსს, იხოკავენ სახეს. აღმოსავლელი და დასავლელი შეყვარებულები ერთნაირად იტანჯებიან, თავიანთ მონოლოგებში მოსთქვამენ ბედის სისასტიკეზე, როდესაც ეჭვქვეშ აყენებენ ორმხრივ სიყვარულს და მაშინაც, როდესაც შორს არიან შეყვარებულისაგან. ისინი იძირებიან ილუზიებში, გული მისდით და ჭკუიდან გადადიან კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მკითხველს სიყვარულის ეს მახასიათებლები შეიძლება გადაჭარბებულად ეჩვენებოდეს, ისინი რეალურად ასახავენ მათი გრძნობის უზარმაზარ ძალასა და თვით გმირის სიძლიერეს [2, გვ. 223; 4, გვ. 242]. პერსევალიდან ზემოთ მოცემული სცენის გარდა, აღნიშვნის ღირსია ლანსელოტის საკუთარი ილუზიებიც. „მახვილის ხიდისკენ“ მიმავალ გზაზე იგი ღრმად ჩაეფლობა ოცნებებში გვინევერაზე, რომელსაც „დაავიწყდა იგი; ლანსელოტი არ იყო დარწმუნებული საკუთარ არსებობაში; მას არც საკუთარი სახელის გახსენება შეეძლო...“ [6, გვ. 216]. როდესაც სხვა რაინდი მას ცხენიდან მდინარეში ჩამოაგდებს, მხოლოდ მაშინ, ცივ წყალში ჩავარდნისას, მოეგება იგი გონს. ტარიელი სამი დღით ჰკარგავს გონებას, როდესაც პირველად დაინახავს ნესტან-დარეჯანს; ხოლო პოემის დასაწყისში, როდესაც მას მკითხველი პირველად ხედავს, იგი სასოწარკვეთილების უკანასკნელ ფაზაშია - მას აღარაფერი ძალუძს, გარდა ნადირივით ხეტიალისა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსება ავტორების იმ საერთო წარმოდგენაში მდგომარეობს, რომ სიყვარული სათანადოდ ქორწინებაში აღსრულდება [7, გვ.6; 11, გვ.8; 10, გვ.187]. ამ თვალთახედვის ერთ-ერთი მიმანიშნებელია კრეტიენის მიერ მიჯნურთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების აღწერა. ნაწარმოებებში ერეკი და ენიდა და ივეინი ძირითადი აქცენტი კეთდება ისეთი დაქორწინებული წყვილების შესახებ, რომლებთანაც, ქორწინების შემდეგ, დაირღვა წონასწორობა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის. ერეკი და ენიდა ისე იყვნენ შეპყრობილნი საკუთარი სიყვარულით, რომ საერთოდ დაავიწყდათ სამეფო კარი: „ერეკი ისე იყო შეყვარებული, რომ აღარ ახსოვდა რაინდის მოვალეობები, არც შეჯიბრებებში მონაწილეობდა... მას მხოლოდ მისი შეყვარებულის კოცნა და ხვევნა აინტერესებდა; სხვა სიამოვნებას იგი არ ეძებდა“ [6, გვ. 67]. მიუხედავად იმისა, რომ ენიდას ერეკის გაბრაზების ეშინოდა, მაინც უთხრა, რომ მთელი სამეფო კარი მათ კარჩაკეტილობაზე საუბრობდა: „ადრე ყველა იმას ამბობდა, რომ მთელს მსოფლიოში თქვენზე მამაცი რაინდი არ მოიძებნება. ახლა კი ყველა ლაჩარს გიწოდებთ...

ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მე მყავხართ დაპყრობილი და ამიტომ თქვენ ყველაფრისადმი ინტერესს კარგავთ“ [6, გვ. 68]. ერეკის რამდენიმე რისკიანმა წამოწყებამ ენიდას მისდამი ნდობაც განაახლა და ენიდას სიყვარულშიც ხელახლა დაარწმუნა; რომანის ბოლო ეპიზოდში – ლხინი სამეფო კარზე – კრეტიენ დე ტრუა გვიჩვენებს, რომ დაქორწინებული წყვილის სიყვარული პირადულიც არის და იმავდროულად საზოგადოებასაც ეკუთვნის [6, გვ. 107-15]. ეს ეპიზოდი შედარებულია ერეკისა და ენიდას ქორწინების საწყის პერიოდს, როდესაც ისინი მხოლოდ ერთმანეთით იყვნენ დაინტერესებულნი. ერთ ქალბატონს, რომლის სახელიც არ არის მითითებული, თავისი შეყვარებული მაბოაგრენი მუდმივად ბაღში ჰყავს გამოკეტილი, მას იგი მხოლოდ თავისთვის ემეტება. მაბოაგრენის დამარცხების შემდეგ, წყდება ამ ქალბატონის – მისდა სამწუხაროდ – კონტროლიც მასზე. ეს წყვილიც მიიღებს იგივე გაკვეთილს, რასაც ერეკი და ენიდა: საზოგადოებისგან განდგომა მავნებელია [11, გვ. 27].

საპირისპირო ხდება რომანში ივეინი; იგი იმდენად ერთგულია სარაინდო საქმიანობისა, რომ სრულიად უგულვებელჰყოფს ლაოდინს. გავაინი არწმუნებს ივეინს, მიატოვოს ცოლი, ლაუდინი, და წაჰყვეს მეფე არტურის რაინდებს შეჯიბრებებზე, რათა საკუთარი სახელი შეინარჩუნოს. ლაოდინი თანხმდება, ოღონდ იმ პირობით, რომ ივეინს იგი ემახსოვრება და ერთ წელიწადში დაუბრუნდება. ივეინი ვერ შეასრულებს ამ პირობას; მაშინ ლაოდინის მოახლე ქალი ლუნეტი სამეფო კარზე საჯაროდ დაჰგმობს მას. მთხრობელი გვიყვება: „მან თქვა, რომ მისმა ქალბატონმა მოკითხვა დააბარა მეფესთან, მის უდიდებულესობა გავაინთან, ყველასთან, მაგრამ არა ივეინთან – იმ მატყუარასთან, იმ ცრუპენტელასთან, იმ მოღალატესთან“ [6, გვ. 329]. შეშლილობის პერიოდის შემდეგ ივეინი ცდილობს თავისი საქციელის გამოსყიდვას საგმირო საქმიანობით, რაც უფრო ღირებულია, ვიდრე შეჯიბრებებში მონაწილეობა. მხოლოდ ბოლო მომენტში ლუნეტის გადარჩენამ აღადგინა ლაუდინის კეთილგანწობა ივეინის მიმართ. ასე რომ, ორივე ნაწარმოები - ერეკი და ენიდა და რაინდი ლომით: ივეინი - მიგვითითებს, რომ ქორწინებაში დაცული უნდა იყოს წონასწორობა პირად სიყვარულსა და სასახლის კარის წინაშე არსებულ მოვალეობებს შორის.

იგივე დაპირისპირებაა ნაჩვენები რომანში კლიჟე. კრეტიენ დე ტრუა მოგვითხრობს ალექსანდრესა და სორედამორზე, რომელთაც არ შეუძლიათ ერთმანეთს გაუმხილონ საკუთარი გრძნობების შესახებ მანამ, სანამ არტურის დედოფალი (რომლის სახელიც არ არის ნახსენები) არ ითამაშებს შუამავლის როლს და არ ურჩევს დაქორწინებას: „თქვენ ორივე ძალზე სულელურად იქცევით, როდესაც თქვენს აზრებს არ ამჟღავნებთ, რადგანაც მათი დამალვით თქვენ ერთმანეთის სიკვდილს გამოიწვევთ და იქნებით სიყვარულის მკვლელები. ახლა გთხოვთ, ერთმანეთის ბატონობისკენ და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისაკენ კი ნუ ისწრაფვით, არამედ ღირსეულად შეუერთდით ერთმანეთს – დაქორწინდით. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში თქვენი სიყვარული დიდ დროს გაუძლებს“ [6, გვ. 150].

თუმცა, მათი ვაჟიშვილის კლიჟესა და მისი სატრფოს ფენისის სიყვარულის ისტორია ტრისტანის სიტუაციას დაემსგავსა. აშკარაა, რომ შეყვარებულებს არ შეუძლიათ ამ სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა, რადგანაც ფენისი იმპერატორ ალისის მეუღლეა. ამიტომ, ისინი ფენისის გეგმას ახორციელებენ: მოახდენენ სიკვდილის იმიტაციას და ფარულად ცხოვრობენ ერთად. მათი საიდუმლო სახლი ეზოიანი კოშკია, მიწისქვეშა სამალავი ოთახით [6, გვ. 191]. მეტაფორულად ისინი სამარეში არიან. კოშკის ეზოსა და ოთახის იზოლირებულობა მკითხველს ახსენებს ერეკისა და ენიდას ეპიზოდს – ლხინი სამეფო კარზე – სადაც კედლებს შიგნით მოქცეული ბაღი იგივე სამარის ხატს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ რომანის დასასრული ლხინით მთავრდება, კერძოდ კი, კლიჟესა და ცოცხალი ფენისის ქორწილით, ავტორის ბოლო სიტყვები გმობს მათ საქციელს: „ამის (ფენისის საქციელის) შემდეგ ყველა იმპერატორს ეშინოდა ცოლის ღალატის, როდესაც იხსენებდნენ როგორ უღალატა ფენისმა ალისს... მას იგი ჩაკეტილი ჰყავს ყოველ დღე ოთახში... არცერთ მამაკაცს არა აქვს მასთან შესვლის უფლება გარდა იმ მამაკაცებისა, რომლებიც ბავშვობიდან ცვედანები არიან...” [6, გვ. 205].

ლანსელოტის ისტორიაც ღალატის დაგმობის თემას აძლიერებს, თუკი ამ ამბის ბოლო ეპიზოდს გავაანალიზებთ. გმირი აქაც კოშკშია ჩაკეტილი: „კედლის ასაშენებლად ქვის მასალა საზღვაო გზით გადმოიტანეს და კოშკის აშენებას ორ თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა. კოშკს ჰქონდა სქელი, მყარი კედლები, ის განიერი და მაღალი იყო. როდესაც მისი მშენებლობა დამთავრდა, მილეგანტმა მიაყვანინა იქ ლანსელოტი და ჩაკეტა კოშკში“ [6, გვ. 282]. განმარტოებული ბაღებისა და კოშკების მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ლანსელოტის დატყვევებასაც იგივე ინტერპრეტაცია მივცეთ. მიუღებელია ქორწინება, რომელიც არღვევს ბალანსს საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას შორის და იზოლირება, რომელსაც ადიულტერი გვავალებს, ხოლო ეს ფაქტი კი მიუთითებს იმაზე, რომ კრეტიენი გმობს სიყვარულს ქორწინების მიღმა.

რუსთაველის გმირებისათვისაც ქორწინება შესაფერისი საცავია მათი სიყვარულისათვის [7, გვ. 6]. ავთანდილს თინათინი საჯაროდ ნანახი ჰყავდა მანამდეც და მას უხარია, რომ იგი დედოფალი გახდება, რადგანაც მისი ნახვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. მისმა სილამაზემ მოხიბლა და „ნახის ცეცხლი განუახლდის, წყულული გახდის უფრო წყლულად“[სტ. 42]. საკუთარი სიყვარული მათ თავიდანვე აღიარეს. როდესაც თინათინმა ავთანდილს დაავალა, ტარიელის საძებნელად წასულიყო, ის სიყვარულშიც გამოუტყდა: „აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია, და შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია“. ის ავალებს ავთანდილს მოძებნოს ტარიელი და, სანამ ავთანდილი დაიწყებდეს სამწლიან ძიებას, ორივენი ერთმანეთს სიყვარულს შეჰფიცავენ.

ამის მსგავსია ტარიელის და ნესტანის სიყვარულის პირველი გამოცხადება. მართალია, ორივე ფარსადანის გაზრდილი იყო, ისინი ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, იმ დროისთვის მაინც, როდესაც მათ ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს. ტარიელმა დაინახა ის, როდესაც ნესტანის სახლში ასმათმა გადასწია ფარდაგი, რათა მიეღო დურაჯები, რომლებიც ფარსადანმა ქალიშვილს მიუტანა. ეს ის მომენტია, როდესაც ტარიელი სამი დღის განმავლობაში გულწასული იყო. თინათინის მსგავსად, ნესტანიც სიყვარულში უტყდება სატრფოს მისი დაბნედის შემდეგ დაწერილ წერილში: „ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ... შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია“ [სტ. 379-381]. ტარიელი დაემორჩილა მის ბრძანებას, შეეწყვიტა ტირილი და წასულიყო ხატაელებთან საბრძოლველად. მათ ერთმანეთს სიყვარული შეჰფიცეს, როცა ტარიელი დაბრუნდა ომიდან. რუსთაველის პოემაში გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ მიუთითებს, რომ ავტორს იგივე აზრი აქვს ამ საკითხზე, რაც კრეტიენს.

მართალია, მკითხველი ხედავს ორ ავტორს შორის არსებულ ამ მსგავსებებს, მაგრამ განსხვავებებიც საკმაოდ ბევრია. ისეა, თითქოს მკითხველი რღვევის ხაზზე იდგეს, სადაც ტექტონიკური ფილები ოდნავაა წანაცვლებული ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით. ორი მხარე ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს. სიყვარულის განვითარება ერთ მნიშვნელოვან სხვაობას გამოავლენს კრეტიენსა და რუსთაველს შორის.

ერეკ და ენიდაში და ივეინში კრეტიენი აღწერს სტრესულ ქორწინებას, უპირველეს ყოვლისა, იმ დისბალანსის გამო, რომელიც არსებობს შეყვარებულთა პირად სიყვარულსა და მათ საჯარო მოვალეობებს შორის. ამ დისბალანსის გამოსწორება, ღირსეული მოქმედებების მეშვეობით, თხრობის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალაა. რამდენადაც რუსთაველის წყვილები თავიდანვე აცხადებენ თავიანთი სიყვარულის შესახებ, არ არსებობს სასიყვარულო სამკუთხედი, როგორც კრეტიენის ლანსელოტის და კლიჟეს შემთხვევაში და ამის ნაცვლად, თხრობა კონცენტრირებულია ნესტანის და ტარიელის ხელახლა შეყრაზე [4, გვ. 243].

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ორ პოეტს შორის, არის ისეთი პერსონაჟის არსებობა, რომელიც თავიდანვე რაციონალურად ფიქრობს და მოქმედებს, კრეტიენის წყვილებისგან განსხვავებით, რომელთა სიყვარული გაუწონასწორებელია, ან ადიულტერს წარმოადგენს. ავთანდილის თვითკონტროლის ხარისხი განხილულია რამდენიმე მეცნიერის მიერ. ელგუჯა ხინთიბიძე აღნიშნავს, რომ ავთანდილის პერსონაჟს საფუძვლად უდევს არისტოტელეს „საშუალოს“ ცნება, რაც „შუა საუკუნეების ლიტერატურისთვის შეყვარებულის აბსოლუტურად ახალ ტიპს წარმოადგენს“, მისი ემოციების მოთოკვის უნარის გამო. ასეთი კონტროლი მას საშუალებას აძლევს იმოქმედოს საკუთარი ნების მიხედვით და არა ქცევის იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც მისგან მოელიან [8, გვ. 41; 9, გვ. 268-9, 294]. კულემანს ბეინენი ასევე აღიარებს ამგვარ თვითკონტროლს, როდესაც იგი ინდოელი პერსონაჟების – ფარსადანის, ტარიელის და ნესტანის – იმპულსურობას მიჯნავს არაბი პერსონაჟების – როსტევანის, ავთანდილის და თინათინის – რაციონალური აზროვნებისგან [2, გვ. 221].

რაინდული ლიტერატურის სხვა შეყვარებულების მსგავსად ავთანდილს ახასიათებს ისეთი ნიშნები, როგორიცაა ტირილი და ბედზე ჩივილი. მის მიერ ემოციების კონტროლი ნაჩვენებია იმით, თუ რამდენად ხშირად იკავებს ის ნეგატიურ ემოციებს. ამის მკაფიო მაგალითია მისი შეხვედრა ასმათთან, როდესაც ის ტარიელის ადგილსამყოფელს იპოვნის. მისი პირველი გეგმა ლოგიკურად იწყება: „რათგან ისი (ტარიელი) არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა–ჟლეტად, და ანუ მოჰვკლავ, ანუ მომკლავს, დაიმალვის მეტის-მეტად“[სტ. 217]. ამგვარად, ის იცდის, სანამ ტარიელი ისევ წავა, რათა მან ასმათთან საუბარი შესძლოს. აქ გეგმა აირევა: როდესაც ასმათი მიუახლოვდება, ის დაიჭერს მას და ცდილობს ძალით მიიღოს მისგან ინფორმაცია, იმდენად, რომ ყელზე დანასაც კი მიაბჯენს. ბოლოს ის დანებდება და საკუთარ თავს ეუბნება: „არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა, სხვასა რასმე მოგონება სჯობს, საქმისა გამორჩევა“[სტ. 244]. ამ დროს მისი ტირილით და სიტყვებით გამოჩნდება, რომ ის თავადაც შეყვარებულია და ასმათი ამას გაიგებს; მათ შეუძლიათ ისაუბრონ, რამდენადაც ორივე იტანჯება. ავთანდილის თვითკონტროლი ნათლად გამოჩნდება, როდესაც ის მიდის ფრიდონთან შესახვედრად, ცას შესტირის იმის გამო, რომ არც თინათინთანაც და არც ტარიელთან არ შეუძლია იყოს. თუმცა, ის დაასრულებს ტირილს სიტყვებით: „თუ დავრჩეო, ესე მიჯობს – სიცოცხლისა იტყვის თუსა – ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა (თინათინის), ნუ ვიზახი მიწყივ უსა“. [სტ. 967]. მისი ტანჯვა არ დამთავრებულა, მაგრამ მას გზის გაგრძელება შეუძლია. დარდის მიუხედავად, ინარჩუნებს თვითკონტროლს და ამით ამცირებს საკუთარ დარდს.

ავთანდილის და ტარიელის მეგობრული სიყვარული ერთმანეთის მიმართ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა კრეტიენის რომანებისგან, რომლებიც კონცენტრირებულია კაცსა და ქალს შორის სიყვარულზე. კრეტიენის ნაწარმოებებში არაფერია ნათქვამი ისეთი კავშირის შესახებ, როგორიც ავთანდილს და ტარიელს შორისაა, ასევე საერთოდ არაა ხაზგასმული ნაწარმოებში მეგობრობა.

კრეტიენის რომანებში რაინდებს შორის არის მეგობრობა და ამხანაგობა. თუმცა, ამ რომანებში ყველაზე ახლოსაა მეგობრობის მაგალითი გუივრეს და ერეკს შორის. ერეკის მიერ ორთაბრძოლაში დამარცხებული გუივრე პირდება, რომ ის ერეკის დასახმარებლად მოვა, როცა არ უნდა დასჭირდეს მას: „მათ ერთმანეთს აკოცეს და გადაეხვივნენ. ასეთი სასტიკი ბრძოლის შემდეგ დაშორება ასეთი მეგობრული არასოდეს ყოფილა, თითეულმა, სიყვარულით და დიდსულოვნებით მოიჭრა პერანგიდან განიერი ზოლი და ერთმანეთს ჭრილობები შეუხვიეს“ [6, გვ. 85].

ეს ორი რაინდი ერთმანეთს მაშინ ხვდება, როდესაც ერეკი სიკვდილის პირასაა. როდესაც გაიგებს ერეკის სიკვდილს, გუივრე წავა, რომ მისი ცხედარი ჩამოასვენოს, რათა პატივით დაკრძალოს იგი. თუმცა, ერეკი არ მომკვდარა. როდესაც ის დაინახავს, რომ გუივრე მას უახლოვდება, ვერ იცნობს და შეებრძოლება. ჩაერევა ენიდა და გუივრე მიხვდება, რომ იგი მეგობარს ებრძოლება. ერეკი აპატიებს შეცდომას და გუივრე და მისი თანმხლებნი იქვე დარჩებიან ერეკის და ენიდას დასაცავად და მათთვის საჭმლის საშოვნელად. მეორე დღეს, როდესაც მეგობრები დაისვენებენ, გუივრეის წაიყვანს მათ ახლომდებარე ერთ–ერთ საკუთარ ციხე–კოშკში ერეკის და ენიდას გამოჯანმრთელებამდე. როდესაც წყვილი მზად იქნება დატოვოს მეფე არტურის კარი, გუივრე თან ეახლება მათ, მეგობრობის ნიშნად[6, გვ. 97-102]. მართალია, ეს ნამდვილად წარმოადგენს დიდი მეგობრობის მაგალითს, კრეტიენი არ აქცევს ამ მეგობრობას სიუჟეტის საკვანძო მომენტად. ფაქტობრივად, ნაწარმოების კულმინაციაა ლხინი სამეფო კარზე.

ვეფხისტყაოსანში მეგობრობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე კრეტიენის ნაწარმოებებში. ავთანდილმა სამი წელი მოანდომა ტარიელის ძებნას, სანამ ისინი დამეგობრდებოდნენ და შემდეგ ერთი წელი დასჭირდა ნესტანის ადგილსამყოფელის საპოვნელად. გმირების მეგობრობა წარმოადგენს პოემის გადამწყვეტ მომენტს, რამდენადაც ავთანდილის მოქმედებები სცილდება დედოფლის მორჩილების ფარგლებს და საკუთარი არჩევანით ის მხარდაჭერას უწევს მეგობარს, თინათინის თანხმობით [8, გვ. 41; 4, გვ. 240-1]. მართალია, ავთანდილმა უკვე მისცა დაბრუნების პირობა ტარიელს, ის მაინც იღებს თინათინის თანხმობას: „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა. ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა“ [სტ.708].

ავთანდილის როლი ამ სიტუაციაში არის ტარიელის გამოყვანა მისი უფუნქციო მდგომარეობიდან, ნესტანის პოვნის საშუალებით. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვახსენდება ერეკი სამეფო კარზე ლხინის ეპიზოდში. პოემაში ამ მომენტისთვის ერეკმა არამარტო დაამყარა წონასწორობა პირად სიყვარულს და საჯარო სიყვარულს შორის საკუთარ ქორწინებაში, არამედ ახლა უკვე შეუძლია ასევე გააწონასწოროს მაბოაგრენის და მისი შეყვარებულის ურთიერთობაც. ამის საპირისპიროდ, ავთანდილს უკვე აქვს ასეთი წონასწორობა საკუთარი თავის კონტოლის უნარის წყალობით. მას სურს თინათინთან დარჩენა და დარდობს მისგან სიშორეს, მაგრამ იღებს ტარიელის მოძებნისა და შემდეგ ნესტანის პოვნის გადაწყვეტილებას.

რუსთაველის ორ გმირს შორის განსხვავება აღწერილია როგორც არისტოტელეს ლოგიკის, ასევე ნეოპლატონზმის აზროვნების იერარქიის მიხედვით [3]. ეს იერარქია ავთანდილს ადამიანის დონეზე აყენებს, ხოლო არისტოტელეს რაციონალობის მიხედვით, ტარიელი ამჟღავნებს ცხოველის თვისებებს, რამდენადაც მხოლოდ აღქმას ეყრდნობა. ვეფხის ტყავში მას შეუძლია მხოლოდ ნადირობა, იმისათვის, რომ საკუთარი თავი და ასმათი არჩინოს. ჯიქი (ლეოპარდი), როგორც ზოგჯერ თარგმნიან ცხოველის სახელს რუსთაველის პოემის სათაურში [3], იდენტიფიცირებულია ადამიანის ქცევასთან, პოზიტიურად, მაგალითად, ბრძოლაში თუ ნადირობისას მისი კეთილშობილების და სიძლიერის გამო. თუმცა, ტარიელის დისფუნქციური განწირულობა ველზე ნადირობისას აშკარად ნეგატიურია.

ტარიელის შეტაკება ხვად ლომთან და ძუ ვეფხვთან უჩვენებს მის იერარქიულ ადგილს. პოემის ამ მომენტამდე ის ვეფხვის ტყავს ატარებდა, რამდენადაც ის მას ნესტანს აგონებდა: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს“[სტ.659]. ის ამ შეტაკებაში ვეფხვს იმდენად თანაუგრძნობს – როგორც შეყვარებულს, რომ კლავს ლომს. ის მოელის, რომ ვეფხვი ისეთივე კეთილგანწყობას გამოიჩენს მის მიმართ, როგორიც მან გამოიჩინა, მაგრამ ვეფხვმა ის ლამის სიცოცხლეს გამოასალმა. ვეფხვი მას ნესტანს აგონებს, ხოლო ლომის თავდასხმა ვეფხვზე და ვეფხვის თავდასხმა მასზე მას გაახსენებს, როგორ გაბრაზებულები დაშორდნენ ერთმანეთს. აქ ის ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია პოემის მანძილზე, სიკვდილის პირას და სიკვდილის მსურველი. ავთანდილი მას ეკამათება „მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ? ვისთვის ჰკვდები ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“ [სტ. 856]. ხანგრძლივი კამათის შემდეგ ავთანდილი რამდენადმე დაამშვიდებს ტარიელს, მხოლოდ როდესაც ცხენზე შესვამს და მშვიდად ესაუბრება, როდესაც ისინი ნელა ბრუნდებიან გამოქვაბულში. როდესაც ავთანდილი საბოლოოდ აცნობებს მას ნესტანის ადგილსამყოფელის შესახებ, ტარიელის კეთილშობილი ბუნება თავს იჩენს და თავად კისრულობს ნესტანის დახსნას. კიდევ უფრო გასაოცარია მისი როლის ცვლილება პოემის ბოლოს, როდესაც ყველა არაბეთს ბრუნდება. რამდენადაც ავთანდილი ნესტანის საძებრად გაემართა, როსტევანის აკრძალვის მიუხედავად, მას ერიდება როსტევანთან მისვლა და თინათინის ხელის თხოვნა. აქ ტარიელი ჩაერევა, „ბრძნად ნაკაზმი“ სიტყვებით, რათა აცნობოს როსტევანს ავთანდილის და თინათინის სიყვარულის შესახებ და მუხლზე დაიჩოქებს და სთხოვს მათი დაქორწინების ნებას. მისი შუამდგომლობა გაჭრის და როსტევანი შეასრულებს მის თხოვნას. მეცნიერების კომენტარის მიხედვით, ორი გმირის დიდი მეგობრობა აღემატება შეყვარებულებს შორის სიყვარულის გრძნობას [7, გვ. 12; 8, გვ. 42]. როგორც წესი, მეგობრობა განიხილება, როგორც გამაკეთილშობილებელი გრძნობა, რომლის წყალობითაც ადამიანი სცილდება საკუთარი თავის სიყვარულის ფარგლებს და მიემართება სხვების სიყვარულის და მთლიანად საზოგადოების სიყვარულისკენ [4, გვ. 240-1]. მეგობრობის ცნების საფუძველია ქართული ძმობის გრძნობა, ქრისტიანული ახლობლის სიყვარულის გრძნობა და არისტოტელეს სწავლება [9, გვ. 274]. თუმცა, მეგობრებს შორის სიყვარულის გრძნობა ტექსტში აღიარებულია, მაგრამ არაა გაანალიზებული. ამ თვალსაზრისით, ასეთი კვლევა შეიძლება სასარგებლო იყოს იმის დასადგენად, არის თუ არა რუსთაველის პოემაში მეგობრობა შუა საუკუნეების დასავლურ ლიტერატურაში აღწერილი მეგობრობის ანალოგიური.

დასავლურ ლიტერატურაში კურტუაზული სიყვარულის ცნებების განხილვისას, დაიანა ფერელი მნიშვნელოვან საკითხს წამოჭრის:

პოემის პროლოგში... რუსთაველი საკუთარ თავს სიმბოლურად დედოფალზე შეყვარებულად წარმოადგენს. დედოფალი, რომელსაც ის ხოტბას ასხამს, დაქორწინებულია. პროლოგში ის დედოფლის მეუღლესაც აერთიანებს, თუმცა, მისი გაღმერთება დედოფლისკენაა მიმართული. შექმნა რუსთაველმა კურტუაზული სიყვარულის პოლიტიკური ვერსია, როგორც ეს დედოფალ ელისაბედ პირველის კარზე ხდებოდა? ის არ ითხოვს საპასუხო გრძნობებს. მისი გრძნობები დედოფლისთვის პატივის მისაგებადაა განკუთვნილი [7, გვ. 59-60].

ჩემი პასუხი იქნება „დიახ“, მის სიტყვაზე „პოლიტიკური“ და „ალბათ“ – სიტყვაზე „შექმნა“. ენა და მოქმედებები ავთანდილს და ტარიელს შორის და ენა, რომლითაც ის მიმართავს თამარს შესავალში, გარკვეულ მსგავსებებს ავლენს ენასა და მოქმედებებთან დასავლეთში. გამაკეთილშობილებელი სიყვარულის ცნება შუა საუკუნეების დასავლეთის კულტურის პოლიტიკურ, სქოლასტიკურ, რელიგიურ და ლიტერატურულ არენაზე, ზუსტად ის თემაა, რომელსაც შეეხება სტეფან იაგერის გამაკეთილშობილებელი სიყვარული.

იაგერის აზრით, დასავლური საზოგადოებები, ანტიკურ ხანაში და ადრექრისტიანულ პერიოდში, ამას აღიქვამდნენ, როგორც ეთიკურ საკითხს, რომელიც სიყვარულს/მეგობრობას განაპირობებდა [10, გვ. 27-9]. შარლემანის დროისთვის, სიყვარულის ენა ასევე იყო კეთილშობილ მამაკაცებს შორის მეგობრობის ენა; ის ეროტიკული იყო, ან, ყოველ შემთხვევაში ეროტიკულად ჟღერდა, თუმცა, ეროტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა [10, გვ. 22].

ერთ-ერთ მის საყვარელ მაგალითში, იაგერს მოყავს მეთორმეტე საუკუნის ბოლოსა და მეცამეტე საუკუნის დასაწყისის ჟამთააღმწერელის, როჯერ ჰოვედონელის ციტატა, რომელიც შეეხებოდა ურთიერთობას რიჩარდსა და ფილიპს შორის, შატორუშში ფრანგების მიერ ინგლისელების ალყის დასრულებისას:

„რიჩარდი, აკვიტანიის ჰერცოგი, ინგლისის მეფის ვაჟი, დარჩა საფრანგეთის მეფე ფილიპთან, რომელმიც მას ისეთ პატივს სცემდა, რომ ისინი ყოველდღე ერთ სუფრასთან ჭამდნენ, ერთი თეფშიდან და საწოლებიც ვერ აშორებდა მათ ღამით. და საფრანგეთის მეფეს ის ისე უყვარდა, როგორც საკუთარი სული; და მათ ერთმანეთი ისე უყვარდათ, რომ ინგლისის მეფე გაოცებული იყო მათ შორის ძლიერი სიყვარულით და უკვირდა, თუ რას ნიშნავდა ეს“[10, გვ. 11-12]. 

იაგერის განმარტებით, მართალია ამ პასაჟის მიხედვით, თანამედროვე მკითხველმა შეიძლება ამ ორი კაცის სექსუალურ ორიენტაციაზე აიღოს ეჭვი; მაგრამ რამდენადაც ისტორიული დოკუმენტი, რომელიც მათ შორის ურთიერთობას აღწერს, საჯარო ხასიათისაა, მას სწორად გაიგებდნენ იმ დროს, როგორც მეგობრობის გადაჭარბებულად ხატოვან აღწერას და არა ჰომოსექსუალობას. შემდგომ, იაგერი განმარტავს, რომ ინგლისის მეფე „გაოცებულია“ ამ მეგობრობით: როგორ ზეგავლენას ახდენს ის ომზე, არ ჩათვალონ, რომ მის ვაჟს და საფრანგეთის მეფეს შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ [10, გვ. 12].

იაგერი, მის ანალიზში, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა ციცერონის De Amicitia, რამდენადაც ბერძენ ფილოსოფოსებს დასავლეთში მეცამეტე საუკუნემდე არ იცნობდნენ; თუმცა, მას მოჰყავს ციტატა არისტოტელეს ნიკომაქეს ეთიკიდან:

„კარგი ადამიანების მეგობრობა კარგია. ის მუდმივად იზრდება მჭიდრო ურთიერთობის მეშვეობით. და როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მეგობრები იზრდებიან, ეთიკური ღირებულებების თვალსაზრისით. ესაა მოქმედებების მეგობრობა და ურთიერთსრულყოფა. რამდენადაც თითოეულ მათგანს უყალიბდება შესანიშნავი თვისებები, რომლებიც მოსწონს მას მის მეგობარში, იღებენ რა ისინი ერთმანეთს, როგორც მაგალითს“[10, გვ. 27].

მეგობრობა, არისტოკრატულ დონეზე, ეს იყო ქცევა, რომელიც სცნობდა ძლევამოსილი პიროვნების ღირსებას და კეთილშობილებას, მოწიწებით, რაც გამოიხატებოდა ეროტიკული ენით. ეროტიკული ენა აკეთილშობილებდა პიროვნებას, რომელსაც ხოტბას ასხამდნენ: „ის უჩვენებს ღირსებას, ამაღლებს მდგომარეობას და აერთიანებს პოლიტიკურ მხარდაჭერას“ [10, გვ. 19]. ის განსხვავდება ქრისტიანული გულმოწყალებისგან (Christian Caritas), „მსგავსთა მიმართ სოციალური მოვალეობისგან“, რომელიც თანაარსებობდა ციცერონისეულ მეგობრობასთან ერთად[10, გვ. 31].

ვეფხისტყაოსანში სამი მაგალითი უჩვენებს მეგობრობის იაგერისეულ ანალიზთან მსგავსებას: ავთანდილს და ტარიელს, როგორც მეგობრებს შორის არსებული სიყვარული, რუსთაველის ურთიერთობა თამარ მეფესთან, და ეპიზოდი ავთანდილს და ფატმანს შორის.

არისტოტელეს სწავლება უფრო ზუსტად განმარტავს ავთანდილის და ტარიელის ერთმანეთის მიმართ სიყვარულის ხასიათს, ვიდრე მეგობრის დახმარების სურვილი ან სიკეთის სოციალური აქტი. ტარიელის დისფუნქციური მდგომარეობის მიუხედავად, მისი შინაგანი ღირსება და კეთილშობილება აღიარებულია ენით, რომელიც აკეთილშობილებს მას. მთხრობელი ამას პირველად მაშინ ახსენებს, როდესაც ორი გმირი ერთმანეთს შეხვდება „ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად“ [სტ. 283]. ავთანდილი მიმართავს მას „ლომო და გმირო ტარიელ“ [სტ. 287]. და მათი მოქმედება რიჩარდის და ფილიპის მქომედებების მსგავსია „მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდეს... ყელი ყელსა გარდააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს“ [სტ. 284]. ასეთი ენა და ქცევა, რომლითაც მთელი პოემაა გამსჭვალული, მეცნიერების უმეტესობის მიერ განსაზღვრულია, როგორც კურტუაზული სიყვარულის მეტისმეტად ხატოვანი ენის მახასიათებელი. იაგერი დაგვეთანხმება, რამდენადაც ის განსაზღვრავდა კურტუაზულ სიყვარულს, როგორც კეთილშობილი ადამიანების ქცევას სამეფო კარზე და არა წესების კრებულს: თუ რა არის ან არ არის კურტუაზიული სიყვარული [10, გვ. 82]. მისი ანალიზი უჩვენებს ამ სიყვარულის ევოლუციას ანტიკური ხანიდან დასავლურ შუა საუკუნეებამდე და მას შემდეგაც კი.

იაგერი განსაზღვრავს, რომ მეგობრობის გამაკეთილშობილებელ სიყვარულში ქალი ჩაერთო, როგორც „გამაკეთილშობილებელი სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მონაწილე“ მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნეში, როგორც „არსებითი და მტკივნეული ცვლილება“[10, გვ. 82]. ქალის ჩართვით, კაცების მეგობრობის ეროტიკული ენა/არაეროტიკული მნიშვნელობა მამაკაცთა მეგობრობით განვითარდა და მოიცვა კაცების და ქალების ურთიერთობების სექსუალური შინაარსიც. ამავე დროს, მან შეინარჩუნა სიყვარულის, როგორც „მანერების და ღირსების სკოლის“ და ასევე სიყვარულის, როგორც „ამაღელვებელი და პრესტიჟის მიმნიჭებელი ძალის“ უფრო ძველი ტრადიციები“ [10, გვ. 82].

რუსთაველის შესავალი, სადაც ის თამარს ასხამს ხოტბას, ამჟღავნებს მისთვის სიყვარულის სიტყვებით მიმართვის უფრო ძველ ტრადიციას:
„ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ–შიმშერისა, – მეფისა მზის თამარისა, ღაწვ–ბადახშ, თმა–გიშერისა, - მას, არა ვიცი, შევჰკადრო, შესხმა ხოტბისა შე-რისა” [სტ. 3].

,,მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი; დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი: ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი“[სტ. 8].

რუსთაველი დედოფალს იმავე ენით მიმართავს, რა ენითაც საუბრობენ ავთანდილი და ტარიელი და ასევე ყოველი შეყვარებული ახსენებს მისი სიყვარულის საგანს. შესავალი წარმოადგენს საჯარო განცხადებას, რომელიც გათვალისწინებულია თამარის ღირსების აღიარების და მისი პრესტიჟის ამაღლებისთვის; ის არაა საჯაროდ განცხადებული სიყვარულის პრივატული აღიარება. ის პოლიტიკური ხასიათისაა, რამდენადაც განსაზღვრავს რუსთაველის, როგორ ქვეშევრდომის ადგილს თამარის კარზე, ასახავს მეგობრობის ანტიკურ ცნებას, როგორც იაგერი აღწერს დასავლურ ტრადიციას.

ავთანდილის სექსუალური ურთიერთობა ფატმანთან წარმოადგენს სამი გამორჩეული მომენტის ილუსტრაციას, როგორც აღწერს იაგერი: კაცის და ქალის სექსუალური სიყვარული, გამაკეთილშობილებელი სიყვარული/მეგობრობა კაცებს შორის და გულმოწყალებას. პირველი, როდესაც ავთანდილს ფატმანი სიყვარულს შესთავაზებს, ის ზიზღით პასუხობს და ფიქრობს: „რაცა მინდა, არა მაქვს, მაქვს რაცა, არ მომინდების“[სტ. 1094]. მისი სიყვარული თინათინია და არა ფატმანი. მისი არჩევანი, მიიღოს ფატმანის წინადადება, განპირობებულია მხოლოდ ნესტანის შესახებ ინფორმაციის მიღების იმედით, რაციონალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც საფუძლად მისი მეგობრის, ტარიელის მიმართ მისი კეთილშობილი სიყვარული უდევს. რამდენადაც ფატმანი ვაჭრის ცოლია და ხშირად მისი არყოფნისას მოქმედებს, ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია იმისათვის, რომ რაიმე ამბავი გაიგოს ნესტანის შესახებ. და ამგვარად, მან „სწორი გადაწყვეტილება მიიღო რთულ სიტუაციაში“ [5, გვ. 176]. მაგრამ როდესაც ის შეასრულებს ქალის სურვილს და მოკლავს ჭაშნაგირს, ის მოქმედებს ადამიანური სიკეთის გრძნობიდან – გულმოწყალებიდან – გამომდინარე [9, გვ. 44]. ქალმა მას უთხრა „მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით“ [სტ. 1107]. ავთანდილის გრძნობა ფატმანის მიმართ განსხვავდება როგორც სიყვარულისგან, რომელსაც ის თინათინის მიმართ გრძნობს, ასევე იმ გრძნობისგან, რომელიც მას ტარიელის მიმართ აქვს.

რუსთაველმა კურტუაზული სიყვარულის მართლაც ის პოლიტიკური ვერსია შექმნა, როგორიც ფერელს აინტერესებს? არსებობს ორი შესაძლებლობა, რომელთაგან პირველია ის, რომ ქართულ მწერლობაში არებობდა გამაკეთილშობილებელი სიყვარულის ცნება, რომლის ანალოგიურიც იპოვნა იაგერმა დასავლურ მწერლობაში. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე საჭიროა უფრო უკეთ იქნას შესწავლილი რუსთაველამდე არსებული ქართული მწერლობა. თუმცა, ასეთი იყო, ა.გ. ბარამიძის მიხედვით, „მხოლოდ საეკლესიო და რელიგიური ლიტერატურა“[1, გვ. 221]. ამას გარდა, რუსთაველი იცნობდა ნეოპლატონურ ნაშრომებს, რომლებიც წინა საუკუნეში თარგმნა ეფრემ მცირემ და იოანე პეტრიწმა[7, გვ. 47; 9, გვ. 265-6], ისევე, როგორც არისტოტელეს, რომელიც პეტრიწმა თარგმნა[9, გვ. 265]. ეს, როგორც ჩანს, გამორიცხავს კურტუაზული სიყვარულის ხასიათის ნაწარმოებების არსებობას რუსთაველამდე და დაადასტურებს მოსაზრებას, რომ მან შექმნა პოლიტიკური კურტუაზული სიყვარულის ტიპი.

მეორე შესაძლებლობაა, რომ რუსთაველი იცნობდა დასავლურ მწერლობას. კრეტიენის შემოქმედებას საფუძვლად ედო ლათინური მწერლობა. კლიჟეს პროლოგში პოეტი აცხადებს, რომ მან თარგმნა ოვიდიუსის სიყვარულის წამალი და სიყვარულის მეცნიერება და ასევე მხარზე კბენა, ოვიდიუსის მეტამორფოზების, მე-6 წიგნიდან. ამ ნაშრომების ხელნაწერები ნაპოვნი არაა, თუკი ისინი მართლაც არსებობდა ოდესმე; თუმცა, მისი განცხადება, რომ მან ისინი თარგმნა, აშკარად მიანიშნებს, რომ ის მათ იცნობდა. მეტამორფოზებიდან „ოფოფის“, „მერცხლის“ და „ბულბულის“ თარგმანები შესაძლოა მისი იყოს, ალეგორიული ტრაქტატის მეტამორფოზების XIII საუკუნის ხელნაწერიდან. თუმცა, ეს დაუდგენელია[6, გვ.3-4]. ოვიდიუსის გარდა, ის აშკარად იცნობდა ბოეთიუს მარტიანუს კაპელას და მაკრობიუსს [8, გვ.40; 15, გვ.42-25]. მისი მფარველების, მარი დე შამპანის და ფილიპის თარიღების გათვალისწინებით. სავარაუდოდ, კრეტიენის რომანები დაწერილია დაახლოებით 1160-1190 წლებში[6, გვ.4-5].

მეცნიერები თანხმდებიან, რომ რუსთაველის ლიტერატურულ ცოდნას საფუძვლად ედო აღმოსავლური ლიტერატურა და კულტურა და არა ლათინური [7, გვ. 48; 8, 262-65; 3]. ის იცნობდა გურგანის ვისრამიანს, ნიზამის ლეილა და მაჯნუნს და ფირდოუსის შაჰ–ნამეს, რამდენადაც ისინი მის პოემაშია ნახსენები[7, გვ. 11; 13, გვ. xiv-xix]. რაც შეეხება იმას, იცნობდა თუ არა რუსთაველი კრეტიენის რომანებს ან დასავლურ კურტუაზულ ლიტერატურას ზოგადად, მეცნიერებს არ დაუდგენიათ პირდაპირი კავშირი. ორ მწერალს შორის მსგავსებების ყველაზე ზუსტი ახსნა გამოთქმულია ფრაზებით, როგორიცაა „საერთო კულტურული ფონი“[3] და „ურთიერთშერევა“ ვაჭრობის და ომის მეშვეობით[12, გვ. 25-6]. მართალია, არ აღმოუჩენიათ პირდაპირი დამოკიდებულება აღმოსავლეთსა და დასავლეთში კურტუაზულ სიყვარულს შორის; ფერელის ვარაუდით, კურტუაზული სიყვარული შესაძლოა გავრცელებულიყო მეთორმეტე საუკუნეში და ასკვნის, რომ რუსთაველის პოემა ეყრდნობა ნეოპლატონიზმს, რომელიც გავრცელებული იყო როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთშიც[7, გვ. 4, 57].

და ბოლოს, მრავალი ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია კურტუაზულ სიყვარულთან, ჩანს როგორც კრეტიენის, ასევე რუსთაველის ნაშრომებში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ორივე პოეტი დარწმუნებულია, რომ კაცს და ქალს შორის ეროტიკული სიყვარული სათანადო ადგილს პოულობს ქორწინებაში. თუმცა, მნიშვნელოვანია სიყვარულის აღწერებს შორის არსებული განსხვავებები. კრეტიენის აზრით, შეყვარებულებმა საკუთარი გზა უნდა იპოვნონ იმისათვის, რომ ქორწინებაში გააწონასწორონ მათი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება, ან მათ დაგმობენ ადიულტერისთვის. მეორეს მხრივ, რუსთაველი მკითხველს წარმოუდგენს ავთანდილს, რომელიც უკვე არის წონასწორობის, გონიერების და თვითკონტროლის მაგალითი, მას შეუძლია საკუთარი ნეგატიური ფიქრების კორექტირება, როდესაც მას იმედი ეწურება და ის ტარიელს კვლავაც ღირსების და კეთილშობილების მდგომარეობას დაუბრუნებს. გმირების მეგობრობა აშკარად მნიშნელოვანია და მას, სავარაუდოდ, საფუძვლად უდევს გამაკეთილშობილებელი სიყვარულის/მეგობრობის ცნება, რომელიც კაცების ღირსებას და კეთილშობილებას სცნობს და რომელიც, შუა საუკუნეების დასავლეთში გამოიხატება ეროტიკული ენით, ეროტიკული მნიშვნელობის გარეშე.

კრეტიენისა და რუსთაველს შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები გვიჩვენებს, რომ ეს ორი ავტორი რღვევის ხაზთან ხვდება, სადაც ზუსტად იმდენი მსგავსება და განსხვავებების სიმრავლეა ორივე მხარეს, რომ შესაძლებელი ხდება გაგრძელდეს სამეცნიერო დიალოგი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Baramidze, A.G. “A Georgian Perspective.” The Lord of the Panther-Skin. Trans. H. H. Stevenson. Albany, NY: SUNY, 1977. 221-40.
2. Beynen, G. Koolemans. “Adultery and Death in Shota Rustaveli’s The Man in the Panther Skin.” Courtly Arts and the Art of Courtliness. Selected Papers from the Eleventh Triennial Congress of the International Courtly Literature Society. Eds. Keith Busby, Christopher Kleinhenz. Cambridge: D. S. Brewer, 2006. 219-36.
3. Beynen, G. Koolemans (Bert). “Neoplatonic or Aristotelian: Arabs and Indians as Philosophical Entities in Shota Rustaveli’s The Man in the Panther Skin.” The Kartvelologist. http://kartvelologi.tsu.ge/index.php/en/journal/inner/17. Accessed August 6, 2014.
4. Beynen, G. Koolemans. “Shota Rustaveli and the Structure of Courtly Love.” The Court and Cultural Diversity: Selected Papers from the Eighth Triennial Congress of the International Courtly Literature Society. Eds. Evelyn Mullally, John Thompson. Cambridge: D. S. Brewer, 1997. 239-48.
5. Beynen, G. Koolemans. “Violence and Communication in Shota Rustaveli’s The Lord of the Panther-Skin.” iolence in Medieval Courtly Literature: A Casebook. Ed. Albrecht Classen. New York: Routledge, 2004. 169-86.
6. Chrétien de Troyes. Arthurian Romances. Trans. William W. Kibler. Erec and Enide trans. Carleton W. Carroll. London: Penguin, 1991.
7. Farrell, Dianne Ecklund. “Courtly Love in the Caucasus: Rustaveli’s Georgian Epic, The Knight in the Panther Skin.” The Carl Beck Papers in Russian and East European Studies. No. 2205. Accessed August 2, 2014.
8. Khintibidze, Elguja. “Lancelot and Avtandil.” The Kartvelologist: Journal of Georgian Studies 9 (Autumn 2002). 30-46.
9. Khintibidze, Elguja. Medieval and Renaissance Trends in Rustaveli’s “vephkistkaosani” (“The Man in the Panther’s Skin”). Tbilisi, 1993. English extended summary pp. 262-95.
10. Jaeger, C. Stephen. Ennobling Love: In Search of a Lost Sensibility. Philadelphia: University of Pennsylvania, 1999.
11. Noble, Peter S. Love and Marriage in Chrétien de Troyes. Cardiff: University of Wales, 1982.
12. Rustaveli, Shota. The Knight in the Panther Skin. Trans. Katharine Vivian. London: The Folio Society, 1977.
13. Rustaveli, Shota. The Lord of the Panther Skin. Trans. R. H. Stevenson. Albany, NY: SUNY, 1977.
14. რუსთაველი შოთა, ვეფხისტყაოსანი, I, ტექსტი და ვარიანტები (ა. შანიძისა და ა. ბარამიძის რედაქციით), თბილისი 1966
15. Uitti, Karl, with Michelle A. Freeman. Chrétien de Troyes Revisited. Twayne’s World Authors Series Revisited: French Literature. New York: Twayne, 1995.