ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
კონსტანტინე ლერნერი ქართული ნახირი – აქადური naxiru
1. ასურულ ლურსმულ წარწერებში სულ ცოტა ძვ. წ. აღ. XI საუკუნიდან ხშირად გვხდება უცნობი ზღვის ცხოველი, რომელზეც ასურეთის მეფეები ნადირობენ ან რომელსაც ძღვნად იღებენ. ამ ცხოველს წარწერები naxiru-ს უწოდებენ. კერძოდ, ტიგლათპილისერ I-ის ერთ-ერთ წარწერაში ვკითხულობთ: „მე ვილაშქრე ლებანონის მთებში. მე მოვკვეთე და წამოვიღე კედარის ძელები ან და ადად ღვთაებათა ტაძრისათვის. მე გავაგრძელე გზა ამურრუ ქვეყანამდე და მივიღე ხარკი ბიბლოსის, სიდონისა და არადის ქვეყნებიდან. მე მოვკალი ზღვაში naxiru, რომელსაც ზღვის ცხენს ეძახიან“[2, წარწერა № 82]. მეორე წარწერის თანახმად, ტიგლათპილისერს ამ naxiru-ს ქანდაკებაც კი გაუკეთებია: „ამურრუ ქვეყნის დიდ ზღვაში (იგულისხმება ხმელთაშუა ზღვა) მე მოვკალი შუბით naxiru, რომელსაც ზღვის ცხენს უწოდებენ. მე დავამზადე naxiru-ს ბაზალტის ორი ქანდაკება და დავაყენე (ისინი) ჩემი სამეფო შესასვლელის მარჯვნივ და მარცხნივ”[2, წარწერა № 103]. იგივე ზღვის ბინადარი ნახსენებია ტიგლათპილისერის სხვა წარწერებში[2, წარწერა № 91, № 132]. Naxiru გვხვდება ასურეთის სხვა მეფეების წარწერებშიც, თუმცა ძვ. წ. აღ.-ის IX საუკუნეში ის უკვე არა „ზღვის ცხენად“ , არამედ ზოგადად „ზღვის ცხოველად“ იწოდება: „მე შევქმენი naxiru-ს ორი ქანდაკება და დავდგი მათ კარებთან“ [2, აშურ–ბელ–კალა–ს წარწერა, იქვე № 250]; ან კიდევ - „მე ვილაშქრე ლებანონის მთებში და დიდ ზღვამდე მივიწიე. იმ დროს მე მივიღე ორი naxiru, რომელნიც ზღვის ცხოველები არიან“[2, აშურ–ნასირ–აპლი მე–2, იქვე, წარწერა № 597]. 2. უნდა აღინიშნოს, რომ ძველ ასურულ ბარელიეფებში ამ ცხოველის იდენტიფიკაცია დღემდე ვერ ხერხდება, მაშინ როდესაც აქადური ენის ფუნდამენტალური ლექსიკონი ამ სიტყვის არამართებულ და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებას გვთავაზობს: „1. წვრილი თევზი. 2. გველეშაპი“[3, I: 137]. სავსებით ნათელია, რომ ეს არ შეიძლება იყოს თანამედროვე ბიოლოგიურ ნომენკლატურაში ცნობილი „ზღვის ცხენი“ ანუ პატარა ზომის თევზი, რომლის სიგრძე 10 სმ-ს არ აღემატება (შდრ. მაგ., Hippocampus [5]). საერთოდ ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე წვრილი თევზი, რომელზეც მეფე ნადირობს (შუბით ჰკლავს) და რომელიც მეფეს ძღვნად შეიძლება მიართვან. ძნელი წარმოსადგენია აგრეთვე, რომ ასურეთის მეფე შუბით გველეშაპზე ნადირობდეს, ისიც ხმელთაშუა ზღვაში... აქ, უდავოდ, იგულისხმება რაღაც ცხოველი, რომელიც ზღვისპირა წყლებში ბალახობს და სახარბიელო ნადავლად ითვლება. და თუ ეს ასეა, მაშინ წარწერებში ნახსენებ „ზღვის ცხენს“ კარგად ესატყვისება ამგვარი „ცხენის“ ბერძნული მითოლოგიური გაგება: მას ორი წინა კიდური ჰქონია, სხეული კი თევზისა ან დელფინის მსგავსი კუდით მთავრდება (შდრ., Hippocampus [5]). მაშასადამე, ასურული წარწერების naxiru აშკარად ზღვის ძროხის რომელიღაც სახეობაა და ამ ცხოველზე ნადირობა ზღვისპირა წყლებში სავსებით გასაგები ჩანს. რუსულ ბიოლოგიურ ნომენკლატურაში ის ცნობილია როგორც «корова Стеллера», რომელიც ჯერ კიდე XVIII ს.-ში შორეული აღმოსავლეთის სანაპიროზე ბინადრობდა, მაგრამ ნადირობის შედეგად მოისპო. სავსებით შესაძლებელია, რომ ძველ დროს ის ხმელთაშუა ზღვაშიც ბინადრობდა, კერძოდ, ლებანონის წყლებში. ამ ჯიშის ცხოველი ეხლაც ცნობილია წითელ ზღვაში. 3) ამავე დროს ქართული ნახირი – „მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯოგი“[1]- გვაფიქრებს, რომ ასურულ წარწერებში ძვ. წ. აღ. II ათასწლეულიდან მოყოლებული ამ სიტყვის დადასტურებული მნიშვნელობა (ზღვის ცხენი, ზღვის ცხოველი) ამ ფუძის გადატანით მნიშვნელობას წარმოადგენს. ამოსავლად კი ის, ან ამავე ძირის სიტყვა ხმელეთის პირუტყვს (ხარს ან ძროხას, ან სულაც ორივეს ერთად - მსხვილფეხა საქონელს) აღნიშნავდა. ამ დაშვებას ამაგრებს პირუტყვის ღვთაების შუმერული სახელი: ლა-ხარ-უ. შუმერული მითის თანახმად, „უზენაესს ღმერთს, ენლილს, ორი უმცროსი ღვთაება შეუქმნია – პირუტყვის ღვთაება ლა–ხარუ და მარცვლეულის ღვთაება აშან, რათა ღმერთებს სანოვაგე და სამოსელი ჰქონოდათ“[4, გვ. 21-22]. 4) ამ ჩვენ ვარაუდს მხარს უჭერს აგრეთვე ზოგიერთი მთის იბერიულ-კავკასიური ენის ჩვენებაც, მაგ., რუთულური - наьхир (nehir) – „მსხვილფეხა საქონლის ჯოგი“ ან კიდევ нахчир - „კრაზანა, ბზიკი“ ან სულაც ბუზანკალი – „საქონლის მკბენარი ფრთოსანი მწერი“[1]; ხუნძურში გვაქვს нахирбан – „მეჯოგე, მენახირე“; და ჩეჩნურში კი – нахарт – „შემოსავალი“ (საქონელთან დაკავშირებული გარიგება?). და თუ გავითვალისწინებთ, რომ ძვ. წ. აღ-ის XI საუკუნის წარწერებში ჩვენთვის საინტერესო სიტყვა უკვე გადატანით მნიშვნელობითაა დაფიქსირებული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიური ნასესხობა ამ შუმერულ-აკადური ლექსიკური ერთეულის ამოსავალ მნიშვნელობას ინახავს. და ამდენად კავკასიურ (ან პროტო-კავკასიურ) ენათა ახლო აღმოსავლურ კულტურულ-ენობრივ სამყაროსთან კონტაქტი სულ ცოტა ძვ. წ. აღ.-ის II ათასწლეულის მეორე ნახევარში უნდა ვივარაუდოთ.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|