ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ჰაიატე სოტომე რომანტიკოსების გეოპოეტური სტრატეგიები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში
ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, „სარჩობელაზედ“ და ა. შ. XIX საუკუნის ქართული რეალიზმის შედევრად გვევლინება, რომლებითაც ილია აკრიტიკებს იმდროინდელ ქართულ რეალობას, განსაკუთრებით რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს კოლონიზაციას. ამ კრიტიკის მეშვეობით ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებას ცდილობს. თუმცა, თუ დაწვრილებით განვიხილავთ, რასაკვირველია, ლიტერატურის ისტორია მკვეთრად გამოხატულ ორ ̶ რომანტიზმისა და რეალიზმის ხანად არ იყოფა და უფრო ჭრელი გრადაციაა. ილიას შემთხვევაშიც ასეა: ის ქართულ ლიტერატურაში რეალიზმისადმი ახალ დამოკიდებულებას ნერგავს, მაგრამ ამავდროულად ქართული რომანტიზმის კანონიერი მემკვიდრეცაა. რუსული ორიენტალიზმის შესწავლის პროცესში ერთ-ერთი ეტაპი რომანტიზმის ხანაა, როდესაც კავკასიაზე ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები იწერება. მკვლევარი ლეიტონი თავის წიგნში რომანტიკოსებიდან პუშკინის, ლერმონტოვისა და ბესტუჟევ-მარლინსკის ნაწარმოებებს ირჩევს და აანალიზებს ამ მწერლების მიერ კავკასიის ორიენტალისტურ ხედვას. ჰარშა რემისა და ზაზა შათირიშვილის თვალსაზრისით [8], ქართველი რომანტიკოსები რუსული რომანტიკული ლიტერატურიდან ითვისებენ ამა თუ იმ თემატიკას სხვადასხვა სტრატეგიებით. ილია კი, როგორც რომანტიზმის მემკვიდრე, რომანტიკოსების ამ სტრატეგიას თავისი მიზნებისთვის ცვლის და იყენებს. სტატიაში ილიას სტრატეგიას იმდროინდელი კოლონიური ვითარების კონტექსტიდან ვაანალიზებთ. პირველ რიგში, შევეხოთ იმას, თუ რას აცხადებს ილია თავის სადებიუტო კრიტიკულ წერილში „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვა ძის ერისთავის მიერ კაზლოვისშეშლილის თარგმანზედა“ (ცნობილია, რომ ამ წერილით დაიწყო ე.წ. „მამათა და შვილთა ბრძოლა“). ამ შემთხვევაში მამების თაობა რომანტიკოსია, თუმცა, ილია მამებს რომანტიზმის გამო არ სდებს ბრალს. მისი აზრით, შალვა ერისთავის „შეშლილის“ თარგმანი იმიტომ არ ვარგა, რომ: ა) კოზლოვს პოეტური ტალანტი არ აქვს: „ზოგიერთნი რუსნი ხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა ვხედავთ“ [4, გვ. 5], და მაშასადამე, მის ლექსში „სუყველგან თითქმის, დაძალებული, ე. ი. ძალად მოყვანილი გრძნობაა. ძალად მოყვანილი ცრემლი სასაცილოა, საზიზღარი და არა სამწუხარო დასანახავად“ [5, გვ. 5-6]. ამიტომაც, მისივე აზრით, თარგმნის ერთ-ერთი მიზანი ̶ უცხო კულტურისა და ლიტერატურის გაცნობა ̶ შეუსრულებელი დარჩა, ვინაიდან კოზლოვის სენტიმენტალური სტილი მოძველებულია იმდროინდელი ქართული საზოგადოებისთვისაც და მისი გაცნობა არ იყო საჭირო. ბ) ერისთავის თარგმანიც უხარისხოა: „ასეთი რამ არის, რომ შთამომავლობას უნდა გადასცეს კაცმა, რათა გამოუთქმელ სიცუდის მაგალითად სახეში ჰქონდეთ მომავალს მწერლებს. თარგმანი ̶ როგორც თარგმანი ხომ არ ვარგა, ენა უფრო უვარგესი აქვს თავად ერისთავს“ [5, გვ. 10]. ერისთავის ნათარგმნი დამრღვევია იმ ენისა, რომელსაც რუსთაველი, ალ. ჭავჭავაძე და ბარათაშვილი ქმნიდნენ. აქედან გასაგებია, რომ ილიას კრიტიკა არ მიემართება მთლიანად რომანტიზმს, არამედ კოზლოვის პოემისა და თარგმანის ხარისხს. აქ რომანტიზმი ლიტერატურის ისეთ მიმართულებადაა გაგებული, რომელიც რუსთაველისეული ქართულის მემკვიდრეა. ზ. შათირიშვილი ფიქრობს, რომ XIX ს-ის 60-70 წლებში ვეფხისტყაოსანი ქართული ლიტერატურის ნაციონალურ ნარატივად იქცა [3, გვ. 4]. საყურადღებოა, რომ არა მარტო რუსთაველი, არამედ რომანტიკოსი პოეტებიც ქართული კანონიკის წიაღში ჩნდებიან. ილიას რომანტიზმისადმი დამოკიდებულებაზე ჯერ კიდევ პავლე ინგოროყვა მსჯელობს: „ახალი ქართული მწერლობიდან ილია დიდად აფასებდა XIX საუკუნის I ნახევრის პოეტებს ̶ ალექსანდრე ჭავჭავაძესა და გრიგოლ ორბელიანს. განსაკუთრებით გრიგოლ ორბელიანის „ღრმა ეროვნული პოეზია“ ადრიდანვე ყოფილა ილიას სიყვარულის საგანი“ [1, გვ. 231]. გრ. ორბელიანისადმი ასეთი დამოკიდებულება, ინგოროყვას თქმით, ილიას ადრინდელი, ახალგაზრდობის პერიოდის პროზაულ და პოეტურ ნაწარმოებებშიც (მაგ. „აჩრდილში“) შეიმჩნევა. დასასრულს, მკვლევარი ასკვნის, რომ „ნათესაობა და მემკვიდრეობითი კავშირი მათ შორის უდავოა“ [1, გვ. 237]. თუმცა, დამატებით შენიშნავს, რომ „ეს ნათესაობა არ სცილდება გარკვეულ ფარგლებს. გრ. ორბელიანის პოეზია, ჯერ ერთი, განუზომლად უფრო ვიწრო დიაპაზონისაა, რაც მთავარია, აქ ჩვენ გვაქვს ორი სხვადასხვა ეპოქა, ორი სხვადასხვა სამყარო. ილიამ ჯერ კიდევ „აჩრდილში“ სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგია, ახალი სამოქმედო პროგრამა დაუსახა ხალხს, ახალი შინაარსით აავსო ის შემოქმედებითი პატრიოტიზმის სული, რომელიც წინა თაობის პოეზიიდან მემკვიდრეობით მიიღო“ [1, გვ. 237-238]. თუკი, როგორც მკვლევარი ამბობს, ილიამ წინა თაობის მემკვიდრეობით ქართული ეროვნული ლიტერატურა მაღალ დონეზე აიყვანა, ჩნდება კითხვა ̶ როგორ მოახერხა ეს? რას ნიშნავს „მაღალი დონე“ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ̶ „სხვა ეპოქისა და სამყაროს“ ̶ კონტექსტში? ყურადღება მივაქციოთ „მგზავრის წერილებს“, რომელშიც ისევე, როგორც „აჩრდილში“, გრ. ორბელიანთან კავშირი ჩანს. თხზულებაში ლექსიდან „საღამო გამოსალმებისა“ და პოემა „სადღეგრძელოდან“ ნაწყვეტებია ციტირებული. დაწვრილებით განვიხილოთ, როგორ გამოიყენა ილიამ ორბელიანის ეს პოეტური ნაწარმოებები. თხზულების მეორე თავში, როდესაც მგზავრი ვლადიკავკასს ტოვებს და სამშობლოსკენ ̶ საქართველოსკენ იზამს პირს, მას ხვდება თერგი. სწორედ აქ გვახსენებს ავტორი გრ. ორბელიანის ლექსს („საღამო გამოსალმებისა“): „ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ არის, რომელზედაც ჩვენს პოეტს უთქვამს: „თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“... იქ ისე დამდოვრებულა, ისე მიმკვდარა, თითქო ან როზგ-ქვეშ არის გატარებულიო, ან დიდი ჩინი მიუღიაო. მაგრამ იქნება თერგი იქ ეგრე იმიტომ მიჩუნებულა, რომ მობანე კლდენი გვერდთ არ ახლავს, ის კლდენი, რომლის: „კლდოვანთა გულთა ღრუბელნი შავადა ზედ დასწოლიან და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან“ [4, გვ. 248-249]. როგორც ინგოროყვა ამბობს, ორბელიანისადმი ილიას დამოკიდებულება აქედანაც აშკარად ჩანს; იგი მის შემოქმედებას კარგად იცნობს და დიდად აფასებს. თუმცა თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ ეს ციტატები სხვადასხვა დატვირთვითაა გამოყენებული და მხოლოდ პატივისცემით არაა განპირობებული. ამ დატვირთვის განხილვისას საყურადღებოა, რემისა და შათირიშვილის მიერ გაანალიზებული ქართველ რომანტიკოსთა სტრატეგია. მათი თქმით, ქართველ რომანტიკოსთა სტრატეგია, რომელიც რუსეთის მიერ კოლონიურ მდგომარეობას ითვალისწინებს, ძირითადად სამი ტიპისაა. ეს ტიპები ძირითადად კოლონიურ მდგომარეობაში არსებული ტრიქოტომიის ̶ „რუსეთი/საქართველო/ჩრდილოეთ კავკასია“ ̶ ცვლილებაა რომანტიკოსთა პოემებში. პირველი ტიპის მაგალითად სტატიის ავტორები ალ. ჭავჭავაძის ლექს „კავკასიას“ ირჩევენ და წერენ, რომ პოეტი იმდროინდელი რუსული ლიტერატურის სხვადასხვა პოეტური ნაწარმოებიდან იღებს მასალას და ლექსს ქმნის ერთგვარ ნაკრებად. თუმცა, ეს რუსული ლიტერატურის უბრალო მიბაძვა არაა ̶ პოეტი გარკვეულ დეტალებს ცვლის. მაგალითად, როცა რუსი პოეტები ცარიზმს განადიდებენ, იყენებენ ორ ღერძს ̶ ვერტიკალურსა და ჰორიზონტალურს. ჰორიზონტალური ღერძი პანორამული პერსპექტივაა, რომელიც იმპერიის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების სიფართოვეს გულისხმობს, ხოლო ვერტიკალური კი მწვერვალის სიმაღლეა, რაც მეფე-ცარის სიდიადეს გულისხმობს. მკვლევრების აზრით, პოეტი ვერტიკალურ ღერძთან შედარებით ჰორიზონტალურზე გამოკვეთილად არ წერს. ამიტომ, „ვერტიკალური და ჰორიზონტალური ღერძები ერთმანეთთან კონფლიქტად ბოლომდე რჩება, რაც პოეტისა და პოემის რუსეთის იმპერიასთან მთლიანად გაიგივება-იდენტიფიცირებას უშლის ხელს“ [8, გვ. 13]. აქ დაპყრობილი ერები არ იხატება ჰორიზონტალზე, ეს გულისხმობს, რომ ჩრდილოეთ კავკასია უკვე დაპყრობილია. სტატიის ავტორები ასკვნიან, რომ „ლექსი დასაწყისისთვის იღებს ტრიქოტომიას „რუსეთი/საქართველო/ჩრდილოეთ კავკასია,“ რათა რუსეთს ეფექტურად დააპყრობინოს ჩრდილოეთ კავკასია და შთაანთქმევინოს საქართველო“ [8, გვ. 13]. რაც შეეხება ქართველ რომანტიკოსთა სტრატეგიის მეორე ტიპს, აქ ტრიქოტომიური სქემიდან „რუსეთი“ ქრება და ტრიქოტომია დიქოტომიით ̶ „საქართველო/ჩრდილოეთ კავკასია“ ̶ იცვლება. ეს ბარათაშვილის ლექსის „ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა წელსა 1844-სა“ შემთხვევაა, რომელიც გვახსენებს იმ დროს, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებელია და ლექსში ერეკლე II-ის ხმაც ჟღერს. სინამდვილეში ამ ლექსის დაწერისას, XIX საუკუნეში, საქართველო უკვე დაპყრობილია რუსეთის იმპერიის მიერ, მაშასადამე, ის, რაც ამ ლექსსა და სხვა პოეტურ ნაწარმოებებში („ბედი ქართლისა“ და „საფლავი მეფის ირაკლისა“) აისახა, ანაქრონისტული წარმოსახვაა და მეორე სტრატეგიას კარგად ადასტურებს. „რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობაში მონაწილეობით ქართველები მხოლოდ წარსული ტრავმების და ზიანისთვის ანგარიშის გასწორებას კი არ ითხოვდნენ, არამედ იმ პოლიტიკურ კონტექსტსაც აღადგენდნენ, რომელშიც ეს ზიანი მიადგათ“ [8, გვ. 17]. აქ საქართველო დაპყრობის სუბიექტია და არა ობიექტი, როგორც ეს პირველი ტიპის შემთხვევაში გვქონდა. მესამე ტიპი კი უკვე დიქოტომიაც აღარ არის: ბარათაშვილის „მერანში“ აღინიშნება სტრატეგია, რომელშიც არც „რუსეთი,“ არც „ჩრდილოეთ კავკასია“ აღარაა. მკვლევრების აზრით, „მერანი“ ბარათაშვილის ბიძის ილია ორბელიანის დატყვევების ერთგვარი გამოძახილი და რეაგირება მომხდარზე კი არის, მაგრამ მისი წაკითხვა ამ რეალური კონტექსტის გარეშეც შეიძლება. ზემოთ განხილული ნაწარმოებების საპირისპიროდ, „მერანი“ არსად ეხება ისტორიას, ან გეოგრაფიას ̶ მათ შორის საქართველოსაც. ასეთი უტოპისტური დამოკიდებულებით, „პოეტის მიზანი იმ „ბედის სამზღვრის“ გადალახვაა, რომელიც მას მშობლიურ მიწას აბამს. რეალური სამყარო კი გაურბის პოემის გაუცხოების სტრატეგიას, იღებს რა საკუთარ თავზე ლირიკული გმირის დაკრძალვასა და დატირებას, რომელსაც ჩვეულებრივ, გმირის ნათესავები აღასრულებენ“ [8, გვ. 21]. ეს უდროო-უადგილო უტოპისტური სტრატეგია პოლონელ პოეტ მიცკევიჩსა და რუს პოეტ ლერმონტოვთან შედარებითაც კი უნიკალურიაო. აი, ასე ხედავენ ზემოხსენებული მკვლევრები ქართველი რომანტიკოსების „გეოპოეტურ“ სტრატეგიას. ახლა ამ ასპექტით გავარკვიოთ, რომელ ტიპს ეკუთვნის „მგზავრის წერილებში“ ციტირებული გრ. ორბელიანის პოეტური ნაწარმოებები. ლექსი „საღამო გამოსალმებისა“, ალ. ჭავჭავაძის ლექს „კავკასიასთან“ შედარებით, პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ კითხვებს არ სვამს. მაგალითად, ალ. ჭავჭავაძის ლექსში ნახსენებია „მამაცი ციციშვილი“, რომელიც პუშკინის „კავკასიის ტყვის“ ეპილოგში აღწერილ რუს გენერლებს ენაცვლება და ქართველ მკითხველს ანუგეშებს. ორბელიანის ლექსში ამგვარი ცხადი სურათი არ გვაქვს. მაგრამ ჩვენთვის უფრო საყურადღებოა ლექსში დახატული კავკასიონის მთების, ტყის, თერგისა და კლდის სურათი. მათ შორის ყაზბეგის მთის სიმაღლეცაა, რომელიც ვერტიკალურ ღერძადაა ნაგულისხმევი რუსი პოეტების ნაწარმოებებში, ხოლო მრისხანე თერგი აღმოსავლური სიველურის სიმბოლოა [9, გვ. 50-51] და საზღვარიც, რომელიც რუსეთსა და კავკასიას ყოფს[1] [6, გვ. 150]. ალ. ჭავჭავაძის ლექს „კავკასიაშიც“ ასე ვკითხულობთ: „შეიწრებულმან თერგმან კრძალვით იცნო საზღვარი“. როგორც რემი და შათირიშვილი მიგვითითებენ, ალ. ჭავჭავაძე ამ მხრივაც რუსული რომანტიზმის მემკვიდრეა და ორბელიანიც, რადგანაც მის ლექსში გამოყენებულია ბუნების სურათის ტიპური რომანტიკული წარმოსახვა, რომელიც პოლიტიკური და იმპერიალისტური მნიშვნელობითაა გამსჭვალული რუსი და ქართველი პოეტების მიერ. თანაც, ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ლექსში „საღამო გამოსალმებისა“, ისევე როგორც „კავკასიაში“, ბუნების ფონზე ადგილობრივი ხალხი არსად იხატება და ბოლოს კი მარტო „გუშაგის ხმა“ ესმის. სწორედ ლექსის ეს ასახვა უპირისპირდება „მგზავრის წერილების“ იმ ეპიზოდს, რომ მგზავრი ადგილობრივს ̶ ლელთ ღუნიას ̶ უსმენს.[2] ასეთი კონტექსტუალური გაგებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ორბელიანის ლექსი „საღამო გამოსალმებისა“, ან ამ ლექსის ბუნების წარმოსახვა მაინც, რომანტიკოსების სტრატეგიის პირველ ტიპს ეკუთვნის. როგორც აღვნიშნეთ, მრისხანე თერგი აღმოსავლური სიველურის სიმბოლოა და თანაც „მგზავრის წერილებში“ ილიას (ან მგზავრს) ბაირონს აგონებს. თუმცა ილია სხვა ადგილას, სადაც ორბელიანის სტროფებია ციტირებული, თერგის ამ სიმბოლურ წარმოსახვას ცვლის: „ჩვენი დამთხვეული თერგი ვლადიკავკასთან ის თერგი აღარ არის...“ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ აქ თერგი იმიტომაა „ჩვენი“, რომ მგზავრი საქართველოსკენ მიდის და ლარსთან „გარემო ბუნებას ჩემის ქვეყნის ფერი ემატებოდა და თერგს შფოთვა და ღელვა“. სამშობლოს ფერი და თერგის შფოთვა-ღელვა ამ წინადადებაში ერთნაირადაა აღწერილი. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ თერგის შფოთვა აქ ქართველობის სინონიმადაა გამოყენებული. თუმცა ეს შფოთვა თერგს ვლადიკავკასთან ეკარგება და ჩუმდება, როგორც „როზგქვეშგატარებული, ან დიდჩინმიღებული“. თუ თერგი კავკასიასა და რუსეთს საზღვრადაა დასახული რუსული ლიტერატურის ტრადიციაში, მაშინ ვლადიკავკასი ისეთი ქალაქია, რომელიც მდებარეობს „აქეთ“ (რუსეთიდან რომ შევხედოთ) ̶ რუსეთის მხარეს. ეს „მგზავრის წერილებშიც“ შეიმჩნევა: „ამ ყოფით განვშორდი ვლადიკავკასს და პირი ჩემის ქვეყნისაკენ ვქენი. თერგის ხიდი ისე გამოვიარე...“ მგზავრი აქ ხიდზე გადასვლით ჩამოდის კავკასიაში და მანამდე კი რუსეთში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, ეს სურათი ისე შეიძლება გავიგოთ, რომ შეშფოთებული ქართველობა გაჩუმებულია ვლადიკავკასთან, ე.ი. რუსეთში, რაც საქართველოს გარუსებასაც შეიძლება ნიშნავდეს. რასაკვირველია, „როგზქვეშგატარებული ან დიდჩინმიღებული“ თერგის მეტაფორა ორბელიანისა და მამების თაობის და, ზოგადად, კოლონიური ვითარების მკაცრი კრიტიკაა, რაც ნიშნავს იმას, რომ კოლონიზებული ხალხი კოლონიზაციას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ იღებს და აღიარებს. ამ თვალსაზრისით თუ წავიკითხავთ, შეიძლება ითქვას, რომ ილიას ეს კრიტიკა ორბელიანის „გეოპოეტურ“ ტრიქოტომიას მიემართება. გრ. ორბელიანის ლექსში, ალ. ჭავჭავაძის „კავკასიისგან“ განსხვავებით, პეიზაჟის ცქერისას სუბიექტი არის პირველი პირი „მე“. რემი და შათირიშვილი მიგვითითებენ, რომ ალ. ჭავჭავაძესთან სუბიექტი მხოლოდ ლექსის ბოლოს ჩანს, როცა ნახსენებია პრომეთე. „როგორც ეთნოგრაფიული დეტალის გამოტოვება, ისე მნიშვნელოვანია არყოფნა ჭავჭავაძესთან რომანტიკული ლირიკული გმირისა, რომელიც ბუნების განდიდებას შეიძლება დაემოწმოს და მოიხიბლოს. იმის მიუხედავად, რომ ადამიანური სუბიექტის კვალი ჩანს მითითებაში „გარდმოაგდებს ზვავებად, სცემენ ყურსა და თვალსა,“ ვერ ვუპასუხებთ შეკითხვას, „ვინ ნახულობს ან უსმენს?“ ̶ ეს ზუსტად ის შეკითხვაა, რომლის პასუხიც დერჟავინის პოემის რიტორიკული საფუძველია, გრაფ ჟუბოვს მიემართება აპოსტროფის სერიაში და იწყება სიტყვებით „შენ ნახე“ (ты зрел)“ [8, გვ. 11]. თუკი ეს ალ. ჭავჭავაძისეული ცვლილებაა რუსული ლიტერატურიდან, მაშინ ორბელიანი ზემოხსენებულ რუსულ ლიტერატურასთან მეტად ახლოსაა: ლექსში აღდგა რომანტიკული ლირიკული გმირი, რომელიც ნახულობს იმპერიალიზმითა და ორიენტალიზმით „გამსჭვალულ“ გაპეიზაჟებულ ბუნებას. მაშინ გადაჭარბება არ იქნება იმის თქმა, რომ ლექსს „საღამო გამოსალმებისა“ მეტნაკლებად აქვს რუსული კოლონიური ლიტერატურის ხასიათი. სწორედ ამ კოლონიურ და გეოპოეტურ სქემას ეკამათება ილია „მგზავრის წერილებში“ გრ. ორბელიანის ლექსის ირონიულად მოხმობით. ლექსი „სადღეგრძელო“ კი მეორე ტიპს ეკუთვნის ̶ დიქოტომიურ გეოპოეტიკას „საქართველო/ჩრდილოეთ კავკასია“. აქ ჩანან საქართველოს ისტორიული გმირები ̶ ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავითი, თამარი და ა.შ. ̶ რომელთა პოვნაც ილიას „აჩრდილში“ სურს და რომლებიც სხვადასხვა დროის საქართველოს მტრებს ებრძოდნენ. მაშასადამე, გეოპოეტური დიქოტომიური სტრატეგია მათი სახითაცაა განხორციელებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლექსშიც არსებობს ბუნების „გაპეიზაჟებული“ რომანტიკული სურათები, როგორიც ლექსში „საღამო გამოსალმებისა“: სად მთანი ყინვის გვირგვინით არიან ცადმდე ასულნი და მდინარენი ზახილით ზვირთის ზვირთებზე მსროლელნი; უფსკრულნი - ჩაბნელებულნი, კლდენი - თვალ-გადუწვდენელნი, სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი. სად ველნი, ფერით ზურმუხტნი, ნაზადა აღმწვანდებიან, მათზე კასკასით წყარონი გახარებულნი მორბიან; მათ სიკამკამეს ყვავილნი თავ-დახრით განცვიფრდებიან; გულს მათი ხილვა უხარის, თვალთ კვალად ენატრებიან; [2, გვ. 88] ზემოთ მოყვანილი სტრიქონების შემდეგ გვხვდება ის სტროფები, რომლებიც ილიას „მგზავრის წერილებში“ მოჰყავს: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?“ საქმე ისაა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრიქონებში ვხედავთ რომანტიკულ სურათს[3], ილია ციტატაში არ გულისხმობს ისეთ ირონიას, როგორსაც ლექსის „საღამო გამოსალმებისა“ ციტირებისას. ეს იმიტომაცაა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნების სურათი „სადღეგრძელოში“ რუსული და ქართული რომანტიზმის ერთგვარი მემკვიდრეა, ორბელიანი ამ სტროფით („სხვა...“) თავს არიდებს ბუნების სურათის რუსულ იმპერიალისტურ წარმოსახვაში ̶ ანუ პირველ ტიპში ̶ შთანთქმას; გავიხსენოთ, რომ პირველი ტიპი იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასია დასაღუპი ობიექტია, ხოლო საქართველო კი ̶ შთანთქმისა. ამ ლექსში კი საქართველოს ბუნება და ისტორია არასოდეს ჩაინთქმება რუსულ იმპერიაში, რადგანაც ისინი საქართველოს არსებობის საწინდარია. აქედან გამომდინარე, ილია ამ სტროფს არ აძლევს ისეთ ირონიულ მნიშვნელობას, რომლითაც აკრიტიკებს რუსეთის იმპერიალიზმსა და იმ ადამიანებს, ვინც იმპერიალიზმსა და კოლონიალიზმს მიჰყვება. ილია მისი წინამორბედი რომანტიკოსების გეოპოეტურ სტრატეგიებსა და მათ შორის განსხვავებას მწვავედ გრძნობს. იგი მხოლოდ პირველი ტიპის ლექსს („საღამო გამოსალმებისა“) ციტირებს ირონიულად და აკრიტიკებს „მგზავრის წერილებში,“ ხოლო „სადღეგრძელოს“ კი ̶ არა, რადგანაც პირველი ტიპი საქართველოს რუსეთში კოლონიურ შთანთქმასა და მასთან გაიგივებას ნიშნავს, რაც ილიასთვის მიუღებელია. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ილია, როგორც ქართული რომანტიზმის მემკვიდრე[4], რომანტიზმის ეროვნულ ცნობიერებას სტრატეგიულად გარდაქმნის და თავისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის მასალად იყენებს.
ბიბლიოგრაფია
[1] იაპონელი მკვლევარი ნაკამურა მითითებულ სტატიაში ევა ლისინას „ომის წინ ...ზე: ჩეჩნური დღიურს“ ეხება და წერს: „კავკასიის მითოლოგიაში, „აქეთ“ და „იქით“ გამყოფი საზღვრის როლს ტრადიციულად ასრულებს თერგი, რომელიც „დღიურშიც“ აშკარად ითავსებს საზღვრის ფუნქციას.“ სქოლიოში კი ამ ტრადიციის მაგალითად ასახელებს პუშკინის „კავკასიის ტყვესა“ და ტოლსტოის „კაზაკს.“ [2] „მგზავრის წერილებში“ გამოხატული სურათი მაინც რომანტიკულია, მაგრამ ლელთ ღუნიას ასახვა კი უკვე რეალისტურია. ილია ცდილობს ღუნიას დიალექტი ზუსტად დაწეროს, რაც უკვე რეალისტურ დამოკიდებულებას ნიშნავს. [3] მათ შორის საყურადღებოა სტროფი „სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი.“ ეს იმიტომაცაა, რომ: 1) საინტერესოა ის კონტრასტი, რომ ეს ადამიანური ფიგურა, როგორც მკვლევრებმა აღნიშნეს, ალ. ჭავჭავაძის ლექს „კავკასიაში“ არ ჩანს. 2) სურათს „მონადირეს ქვეშ ჰვლენ ღრუბლები“ პოემის მთხრობელი აუცილებლად შორიდან უცქერს. ბუნებრივია, რომ ჩვენ „მონადირეს და მის ქვეშ ღრუბლებს“ ერთდროულად ვერ ვხედავთ, რადგან მონადირე იმდენად პატარაა, რომ ჩვეულებრივი მხედველობით შორიდან ვერ დავინახავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სურათი განხორციელებულია იმ პერსპექტივის გარეშე, როგორსაც რეალიზმი იყენებს (მაგ. ფოტოგრაფიული). [4] ტოლსტოის რომან „კაზაკზე“ ნორიმაცუ ეკამათება ეიხენბაუმის იმ აზრს, რომ რომანი რომანტიზმის პაროდიაა და ფიქრობს, რომ რომანტიზმის „ილუზიისა“ და „სიყალბის“ თვით გამომჟღავნებაც რომანტიზმის სქემაშია [7, გვ. 268-275]. ამ მნიშვნელობითაც, შეიძლება ვთქვათ, „მგზავრის წერილები“ რომანტიკულია.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|