ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
მაია ბარნაველი სახარებისეული „მკალისა“ და „ველური თაფლის“ განმარტებისათვის (მკალი, რომელი არს დანაკისკუდი, თაფლი ველური - მელაღრია)
სახარებაში იოვანე ნათლისმცემლის შესახებ ვკითხულობთ, რომ საკვებად ჰქონდა „მკალი და თაფლი ველური“: „ხოლო საზრდელად მისა [იოვანეს] იყო მკალი და თაფლი ველური“ [14; მათე 3,4,], MT. ἡ δε τροφὴ ην αυτοῦ ἀκριδες και μελι αγριον / „და ჭამდა [იოვანე] მკალსა და თაფლსა ველურსა“ [14; მარკ. 1,6] / MK. ἐσθιων ἀκρίδας και μελι αγριον. ἀκρὶς, გენ. ἀκρίδος არის მწერი-კალია, ხოლო აკრის / ἄκρις, აკრიოს/ιος (ἡ) არის მწვერვალი, წვეროს ზედა ნაწილი. ბიბლიურ ენციკლოპედიებსა თუ ლექსიკონებში ამ სიტყვის განმარტება არის ცალსახად, როგორც მწერი-კალია, რასაც ზოგჯერ მოჰყვება ხოლმე განმარტება, რომ არსებობს ტრადიცია და ზოგიერთი დღემდე იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს იყო არა მწერი, არამედ მცენარე. ასეთივე მდგომარეობაა ველურ თაფლთან დაკავშირებით-რომ ესეც არის მცენარე, თუმცა ხშირად ძველ განმმარტებლებთან, მაგალითად, თეოფილაქტე ბულგარელთან, ის ველური ფუტკრების თაფლად მიიჩნევა. ჩვენ შევეცდებით ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე, ამ სიტყვათა ეტიმოლოგიაზე (როგორც ქართულის, ასევე ბერძნულის) დაყრდნობით მოვიტანოთ არგუმენტები, რომ იოვანე ნათლისმცემლის საკვები -ვგულისხმობთ როგორც მკალს, ასევე ველურ თაფლს - მცენარეული იყო: მოვიშველიებთ ძველ ქართულ ხელნაწერებში დაცულ მასალებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი დიდი ლექსიკოგრაფის - სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონს, თანამედროვე კვლევებს. უკვე ჩვ. წ. პირველი საუკუნეებიდანვე დაიწყო ამ სიტყვების განმარტება, კომენტირება. რადგან იოვანეს შესახებ თავად იესო ამბობს, რომ არც ჭამდა და არც სვამდა [14, მათე, 11, 18;], რომ იყო დედის ნაშობთაგან უზესთაესი, მეორე ელია, წინასწარმეტყველებზე უფრო დიდი, რომლისაგან „სასუფეველი იიძულების“ [14, მათე, 11, 12;]. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი იყო იმთავითვე, რომ იგი ცხოველური საკვებით საზრდოობდა. წმინდა მამები განმარტავდნენ, თუ რა იგულისხმება სიტყვებში „მკალი და თაფლი ველური“. ადრეულ საუკუნეებშივე ბერნულიდან (თუ სხვა ენიდან) ნათარგმნ და ორიგინალურ ქართულ ხელნაწერებში-იქნება ეს განმარტებები, ცხოვრებანი, ჰომილიები, ეგზეგეტიკური და მეტაფრასული ხასიათის ნაწარმოებები, ხშირად არის განმარტებული და დაკონკრეტებული მათი რაობა. ქართულ ორიგინალურ აგიოგრაფიულ ტექსტში „ცხორებაჲ პეტრე ქართველისაჲ“ (პეტრე იბერი მეხუთე საუკუნის ქართველი მოღვაწეა, ნეოპლატონური სკოლის ფუძემდებელი) [16; გვ. 213-263] ერთ-ერთი მოწაფე ყვება, რომ მიუახლოვდა სხვა მოწაფეებთან ერთად მამა ესაიას სენაკს და მოესმათ საუბარი, როცა შევიდნენ და ვერავინ იხილეს წმ. მამის გარდა, ჰკითხეს, ვის ესაუბრებოდა და მან უპასუხა: „ დიდი იოვანე წინამორბედი და ნათლისმცემელი მოვიდა და მეტყოდა, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა მოვიდეთ და განვიყვანოთ სული შენი“. ხოლო მე ვკითხე დიდსა იოვანეს, „რასა სჭამდი, იყოფებოდე რაჲ უდაბნოს?“ და მან მრქუა მე, ვითარმედ: „მწუანეთაგან და მცენარეთა და თივათაგან იყო საზრდელი ჩემი...“ [16, ტ. IIგვ. 253- 254] ისიდორე პელუსიელი (IV-V) მე-5 და 132-ე ეპისტოლეებში , რომლებიც ეძღვნება იოვანე ნათლისმცემელს, წერდა, რომ ის უბრალოდ ცხოვრობდა, ბალახის თავით და ფოთლებით იკვებებოდა, მარხულობდა. ბერძნული ტექსტი: 02 «Ισιδορε Πελυσιοταε Περί τῆς τοῦ Προδρόμου, καὶ περὶ ἀσκήσεως Εἰ οἱ θεοῖ χρησμοὶ σημαίνουσι τὴν ἀκριδειαν, περιττὴ ἡ περίεργος ζήτησις τοῖς νουνεχῶς τουτους ἀναγινώσκουσιν. Εἰ τοίνυν καὶ βρώματα καὶ ἐσθήματα τῆς κατὰ θεὸν τελείας ἀσκήσεως ἐν Ἰωάννῃ τῷ βαπτιστῇ ἐπαιδεύζημεν, Φριξὶ μὲν, εἰ οἶον τε, πρὸς σκέπην ἀρκέσθησόμεθα, ἀκρέμοσι δὲ βοτανῶν καὶ φύλλων πρὸς ὀλίγην τροφὴν καὶ ἀπέρριττον. Εἰ δὲ ταῦτα, δι’ ἀσθένειαν μείζονα, τύπος ἡμῖν ἔστω χρείας ἀπάσης καὶ τελεώσεως, ἡ τοῦ προεστῶτος δοκιμασία καὶ κέλευσις [25, col. 183, 184] Τί εἰσιν αἰ ακρίδες, καὶ τὸ μέλι τὸ ἄγριον, οἷς ὁ Βαπτιστὴς Ἰωάννης ἐτρέφετο. Ἁι ακρίδες, αἷς Ἰωάννης ἐτρέφετο, οὐ ζωά εἰσιν ὥς τινες ἀμαζῶς, κανθάροις ἀπεοικότα. Μὴ γένοιτο. Ἄλλ’ ἀκρέμονες βοτανων ἤ φυτῶν. Οὔτε δὲ πόα τίς ἐστι πάλιν τὸ μέλι (τὸ) ἄγριον. Δι’ ὧν τήν ὑπερβαλλουσαν κάκωσιν ἐπεδείκνυτο Ἰωάννης, οὐκ ἐνδείᾳ μόνη, ἀλλὰ καὶ τραχύτητι πᾶσαν ὄρεξιν πικραίνων τοῦ σωματος». [25, col. 270]. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი (+ 1107) ამგვარად განმარტავს ამ სიტყვებს: „ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური“ - ზოგნი ამბობენ „მკალი ბალახიაო, რომელსაც „მელაგრიასაც უწოდებენ, ხოლო ზოგიერთები მასში კაკალს ან ველურ ნაყოფებს გულისხმობენ. ველური თაფლი კი ის თაფლია, რომელსაც გარკვეული ფუტკრები ამზადებენ და ხეებსა და კლდეებში იპოვება“[6,გვ.32]. // «Ἡ δέ τροφὴ αυτοῦ ἦν ἀκρίδες, καὶ μέλι αγριον.» Τινές λέγουσι βοτανας εἶναι τὰς ἀκρίδας, ἅς καὶ μελαγρα καλουσι τινές δὲ, τὰ ἀκρόδρυα ἤτοι ὀπώρας ἀγρίας• μέλι δὲ ἄγριον, τὸ ὑπὸ ἀγρίων μελισσῶν γεωργουμενον, ἐν δένδροις εὐρισκομενον καὶ πέτραις.» [6, col. 173] ბერძნული ἀκρὶς, ἀκρίδος ჩვენამდე მოღწეული (IX საუკუნით დათარიღებული ხელნაწერებიდან მოყოლებული, რომლებიც გაცილებით უფრო ადრეა ნათარგმნი, მხოლოდ ჩვენამდე მოაღწია მეცხრე საუკუნიდან დაწყებული დ შემდეგი პერიოდის ხელნაწერებით) ძველ ქართულ თარგმანებში გადმოდის როგორც მკალი, დანაკისკუდი, მწუერვალი მდელოჲსა, მწუანვილი მდელოჲსა, ან განმარტებად მკალს ახლავს ეს ჩამოთვლილი სიტყვები და μέλι ἄγριον - როგორც თაფლი ველური//ველისა//მდელოჲსა//მელაგრია//მელაღრია//წყაროჲ მცენარისა მისგან წყლისა, რამეთუ უნაყოფოსა ადგილსა ესევითარი სიტკბოებაჲ აღმოცენდა-ამისთვის ეწოდა თაფლ ველურ. თითოეულ მათგანზე ცალკე შევჩერდებით: იოვანე ოქროპირისეულად [9, გვ, 79-82; 11, გვ. 50-51] მიჩნეულ ნათლისღებისადმი მიძღვნილ საკითხავში [9, გვ, 79-82; 11, გვ. 50-51], რომელიც ფსევდოოქროპირის [17, გვ. 51] აღმოჩნდა ნათქვამია: მწუანვილსა//მწუანვილთა მდელოჲსათა და ველურისა თაფლისა მჭამელი//თაფლსა ველურსა მჭამელი/ წინამორბედი სულიერითა მით ქადაგებითა აღძრავს ეკლესიათა ღმრთისათა“..; // «ἐνταῦθα ὁ ἐν ἀκρίσι καὶ μὲλιτι τραφεὶς Ἴωάννης, τοῖς ἐρημικοῖς κηρύγμασι, μάλλον δὲ πνευματικοῖς, τὰς Ἐκκλησίας κινήσας.» [24, col. 489-492] მეტაფრასულ „ზაქარიას დადუმებაში“ [15, გვ. 395] ვკითხულობთ: „განცხადებულად ყოველსავე შინა ვჰპოებთ იოანნეს თანა მსგავსებასა ელიაჲსსა, რამეთუ: იგი მთასა შინა მკჳდრობდა, ხოლო ესე - უდაბნოთა შინა, მას ყორანნი ზრდიდეს, ხოლო ესე ჭამდა მწუერვალებსა მდელოთასა“. // «ἐκεῖνον κόρακες ἔτρεφον, καὶ οὗτος ἀκριδας βοτανῶν ἤσθιεν.» [23, col 786-787]. სინური მრავალთავის საკითხავში [9, გვ. 208] ვკითხულობთ: მკალისმჭამელი იგი [იოვანე] და თაფლისა ველურისაჲ // ὁ ἀκρίδας εκ βοτανῶν ἠσθιῶν καὶ μέλι ἄγριον». [24 ,col. 761 -764]. კლარჯული მრავალთავის (XI ს.) ერთ საკითხავში (საკითხავი საიდუმლოთა დაფარულთაგანი, „შობაჲ იოვანე ნათლისმცემლისაჲ, ჴხსენებაჲ, ელისაბეთისი“) [7, გვ. 358] განმარტებულია: მკალი იგი, რომელ არს დანაკისკუდი, თაფლ ველურ - არს წყაროჲ მცენარისაგან მისგან წყლისა, რამეთუ უნაყოფოსა ადგილსა ესევითარი სიტკბოებაჲ აღმოსცენდა- ამისთვის ეწოდა თაფლ ველურ“. კლარჯული მრავალთავის სხვა საკითხავში: „შენ გეტყჳ, დანაკისკუდო, მოიდრიკე თავი შენი ნაყოფითურთ ქუეყნად და განძღენ მამა-დედანი ესე ჩემნი! და მეყსეულად მოდრკა იგი.“ საინტერესოა, მერე რა ბედი ეწია ამ დანაკისკუდს: „და რომელნი იყვნენ მთათა და უდაბნოთა განშორებულნი კაცნი, აქუნდე მათ საზრდელად. შენ უკუე, დანაკისკუდო, მიიცვალე აწ პირველსავე ადგილსა შენსა! - მაშინ აღდგა დანაკისკუდი იგი წინაშე ჩუენსა და მიიცვალა სამოთხედ“ [7, გვ. 423-425]. „მამათა ცხორებანის“ (XI ს. ხელნაწ.) ტექსტში: „..და იყო საჭმლად ჩუენდა თივაჲ ველური, რომელ არს ცხენის-ფაფარი [8, გვ. 168]; „...და ვითარ ვერსადა პოვეს ძირი მელაღრიაჲსაჲ უდაბნოსა მას შინა, მაშინ შეჰვედრა ღმერთსა ჴორცთა საჴმარისათჳს [8, გვ. 247]; „...ველი იყო მახლობელად და დანაკისკუდოანნი// დანაკისკუდოანი უღუაწად მდგომარენი მცირედ [8, 33]; „..და აქუნდა დანკისკუდთაგანცა მცირედ საზრდელი“ [8, 34]; „..და იყო საზრდელი მისი მდელოთაგან... არარაჲ ჭამოდის, გარნა პური ხოლო და დანაკისკუდი და წყალი სუმად“.[8, გვ. 312]; „განვიდა კრებად მდელოჲსა მის..[8, 278]“; „..და დაამკჳდრნა [ჯერასიმემ] იგინი [ახალმონაზონნი] ქუაბსა და დაუდვა მათ რჩული, რაჲთა თითოეული მათი თჳსსა ხუთ დღე კჳრიაკესა შინა და არარაჲ ჭამოდის, გარნა პური ხოლო და დანაკისკუდი და წყალი სუმად“. [8, გვ. 312]; „...სხუაჲ არარაჲ აქუნდა, გარნა ველურისა თაფლისა ძირი და ლერწმისა გული. და ჭამელ მთეულთა მათ და განძღეს.“ [8, გვ. 63]; „...საჭმლად მათა იყო მდელოჲ“ [8, გვ. 151]; „... მეყსეულად დაჰამდა და დატკბა მხალი იგი..“[8, გვ. 247]; „..და ჭამდა იგი [წმ. კვირიაკოზ] ძირსა მელაღრიისასა //მელაღრისასა და ლერწმისა გულსა [8, გვ. 248]. გელათურ ხელნაწერში ვკითხულობთ: „არცა სართულსა, არცა ცხედარსა, არცა ტაბლასა, არცა სხუასა ესევითართაგანსა მოქენე იყო. არა თერძვიდა მიწასა, არცა აპებდა ორნატთა, არცა ოფლითა პირისაჲთა.. ჭამდა პურსა, არამედ ხეთა ვიდრემე მწუერვალნი იყვნენ მისდა საზრდელ“. [14, 563v] // 5: «οὐ κλίνης, οὐ τραπέζης, οὐκ ἄλλου τῶν τοιύτων οὐδενὸς ἐδειτο, οὐ γῆν ἤροσεν, οὐκ αὔλακα ἔτεμεν, οὐκ ἐκ ἱδρωτι προσωπον, ἄρτον ἔφαγεν, ἀλλὰ δενδρων μὲν ἀκρίδες αὐτῷ ἡ τροφή» [21, 384-400] „და ვითარცა უღონო იყვნეს საზრდელისაგან და არაჲ აქუნდა, ვინაჲ საჭიროსა ბუნებისასა ნუგეშინის იცენ, რამეთუ არცაღა თაფლ ველური იყო უდაბნოსა მას, რომელი-იგი კმა-იყო საზრდელად მათდა [16, გვ. 461] // «Ἀπορούμενοι τοίνυν παραμυθήσονται οὐδὲ γὰρ [οὐδὲ] μελάγρια κατὰ τὴν ἔρημον πεφύκει» [22, col. 929]. „...ძირითა თაფლ ველურისაჲთა და მწუერვალთა ლერწამთაჲთა იზარდებოდა” [16, გვ. 462] //»καὶ πέντα παρ’ αὐτῇ διαγαγῶν ἕτη, ῥίζας τε μελαγρίων καὶ ἀκρέμονας [ἀκρεμόνας2] καλάμων προσίετο» [22, col. 932]. „გამოვიდის იგი [იოვანე ეპისკოპოსი] ქუაბით თჳსით და მიმოვალნ უდაბნოსა და კრებნ მელაღრიასა, რომელ არს თაფლი ველისაჲ, საჭმელი მეუდაბნოეთაჲ“ [11, 278] საინტერესოა, რომ ველური თაფლის ასეთსავე განმარტებას გვაძლევს „განძთა ქუაბი“: „ხოლო იოვანე იყო უდაბნოთა იორდანისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და იყო მისა საჭმელად მკალი და თაფლი ველისაჲ, [მკალი], რომელი არს გული მცენარე ფინიკისაჲ, რამეთუ ვითარცა სულიერი იზარდების თავსა ხისასა, და თაფლი, რომელ არს ცხენის ფაფარი და ბერძულად ეწოდების მელაღრიო.“[ 4, გვ. 163] როგორც ვხედავთ, ამ ბოლო ორ მაგალითში ნახსენებია თაფლი ველისაჲ და არა - ველური. ეს მაგალითია, რომ ვაჩვენოთ ქართულ ენაში ველისა და ველური სინონიმებია და ნაწარმოებია სიტყვიდან „ველი“, ბოლოსართ -„ურ“-ის დართვით. თვითონ ველი ნიშნავს მინდორს, უტყეო ადგილს. ასე განმარტავს მას სულხან-საბა ორბელიანი: „მინდორი - ველი უმცროსი, მცირე ველი, უტყეო ადგილი“ [10]; „ველური“ დღევანდელ ქართულშიც გარეული ანუ არაკულტივირებული მცენარის აღმნიშვნელია (ველური, გარეული ცხოველი ნიშნავს არამოშინაურებულ, ტყეში და ველზე ბინადარ ცხოველს), ველური// მინდვრის//გარეული. ეტიმოლოგიურად ბერძნ. აგროს-ს- აგარაკი, სოფელი, ..ყანა, ველი, მაღნარი, მტილი, [1, გვ. 54] ასევე უკავშირდება სიტყვა აგრიოს - ველური, ველის, გარეული. ძვ. ქართულში დასტურდება მცენარეთა დასახელება: ველური ზეთისხილი, „ველის-ყრდელი“ (მცენარე), „შროშანნი ველისანი“ [14, მათე, 6, 28] // τὰ κρίνα τοῦ ἀγροῦ. ველური გრიკი//გრიკი ველისაჲ [2, იერ. 17, 6 გვ. 2612 ], (საბას αგანმარტებით, იგივე მთის ჟოლო [10]) //– ἀγριομυρίκη ἡ. ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ//ველისაჲ [2, ფსალ. 49, 10, გვ. 1897] //: «ὅτι ἐμά ἐστι πάντα τὰ θηρία τοῦ ἀγροῦ» ; ველური ლეღვი დაჰნერგიან (ექუსთა დღეთაჲ)..[1, გვ. 52] ბერძნ. τὰς ἀγρίας συκᾶς παραφυτεύουσι [20, გვ. 55]; ვირი ველური - კანჯარი, საბას განმარტებით [10]. როგორც ვხედავთ ამ ნიმუშებიდან ἀγρός, ὁ - თუ ის ნათესაობით ბრუნვაში - გენეტივში დგას და ἄγριος,α,ον ქართულად თარგმნილია როგორც ველური, ველის, გარეული, მაღნარის. მაგალითად, ველი შუენიერი [12, გვ. 342]; ნადირნი ველისანი [12, გვ. 342] (ცხადია, აქ „ველის ნადირი“ გარეულ ანუ ველურ ნადირს ნიშნავს ისევე, როგორც მცენარე ველური//ველისა//მდელოჲსა აღნიშნავს მინდვრის ანუ ველურ//არაკულტივირებულ მცენარეს (//ყვავილს). მაგ.: „არიან ხაზარნი კაც ველურ“; [12, გვ.342 ] მაგრამ: „შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან“ [12, გვ. 342] . სულხან საბას ლექსიკონში [10] გვაქვს ასევე თაფლი ველურის განმარტებაც: „ესე არს ხე, რომელსა ლათინურად ჰრქვიან ერიკა, ურთხლსა ჰგავს. მისის ხილისა და ხისაგან თაფლივით ჩამოეწვეთების, ვიეთნი მანანადაც უჴმობენ. იგი არს თაფლი ველური“ ურთხლი კი ასე აქვს განმარტებული დიდ ქართველ ლექსიკოგრაფს: „(ხე) ძელი ულპოლველი, უთხოვარი, საჯი“ [10]. როგორც ვნახეთ, ველური თაფლი ცალსახად მცენარედ აქვს მიჩნეული სულხან-საბას. სწორედ ასევე, მცენარედ მიიჩნევს მკვლევარი რეჰავ რუბინი მელაგრიას და აკონკრეტებს, რა სახის მცენარეა თავის სტატიაში „The Melagria: On Anchorites and Edible Roots in Judean Desert“. [28, გვ. 347-352] ამ სიტყვას თვლის ცალსახად მცენარის აღმნიშვნელად და გვთავაზობს საკუთარ არგუმენტებს, რა მცენარე უნდა ყოფილიყო ეს ძველ მეუდაბნოე მამათა ცხოვრებაში აღწერილი მათი საკვები. ის მიიჩნევს, რომ ეს იყო ასფოდელი, ლათინურად ასპოდელუს (asphodelus), რომელიც უხვადაა იუდეის უდაბნოში. ვნახოთ მკალის განმარტებასთან დაკავშირებით რა სურათი გვაქვს. სულხან-საბა ორბელიანს დიდხანს უმუშავია სიტყვა „მკალის“ განმარტებაზე. უფრო ადრეულ ხელნაწერში (აღნიშნულია ლიტერით - E) წერდა, რომ ეს იყო „მწვერვალი მდელოთა“ და მიწერილი ჰქონდა - ნათლისმცემელი - რაც მიგვანიშნებს, რომ ნათლისმცემელთან კონტექსტში ეს სიტყვა განმარტებული ჰქონდა როგორც მცენარე, ხოლო უფრო გვიანდელ ნუსხებში (ZA) ამგვარად შეცვალა ეს განმარტება: „მკალი (მარკ., 1, 6) ნათლისმცემელი რომელ მკალსა ჭამდა, რომელიმე იტყვიან, მწვერვალსა მდელოთასა ჭამდაო, მაგრამ ტყუილია, მართალი მკალი იყო, რომელსაც არაბნი დღესაც ჭამენ, მოგრძეა, ფრინავს; ხოლო ცოტა უფრო ადრინდელ ნუსხებში (Cab) დამატებულია: „ელინურმა და ლათინურმა ლექსიკონმაც მართალი მკალი დაამტკიცა და არა მწვერვალი მდელოსა“ [10]. ვნახოთ, როგორ განმარტა ქართველმა ლექსიკოლოგმა სიტყვა „დანაკისკუდი“ - როგორც ხშირად, მკალის პარალელურად, ან მკალის განმარტებად გადმოაქვთ სიტყვა აკრის (ἀκρις) ჩვენს მთარგმნელ სასულიერო მოღვაწეებს: „დანაკისკუდი - (ხე) ფინიკი, თავის მხრივ, ფინიკი ასე აქვს განმარტებული სულხან-საბას: „(ხე) ბერძულია, ქართულად დანაკისკუდი და ვალანოს ჰქვიან“ [10]. მართლაც, ბიბლიაში, „გამოსლვათა წიგნში“, ბერძნული ფინიკი გადმოტანილია ქართულად როგორც დანაკისკუდი: “.. იყო მუნ ათორმეტი წყაროჲ წყალთაჲ და სამეოცდაათი ხე დანაკისკუდისაჲ//დანაკისკუდთა..“ [2, გვ. 226] შესაბამისი ბერნულია: «καὶ ἤσαν ἤσαν ἐκεῖ δωδεκα πεγαὶ ὑδάτων καὶ ἐβδομήκοντα στελέχη φοινίκων•»[18, Exodus, 15, 27]. საკითხის უკეთ წარმოსაჩენად მოვიძიეთ მასალები ასევე ბერძნულ-ქართულ დოკუმენტირებულ ლექსიკონში [1, ტ. 5, გვ. 461], და ვნახეთ, რომ ეს ბერძნ. სიტყვა (ფინიკი) ქართულად გადმოდის როგორც ფინიკი, დანაკისკუდი-რაც ამტკიცებს, რომ,როგორც ზემოთ უკვე ვაჩვენეთ, ეს ორი სიტყვა სინონიმებია: Φοινίκη,ης, ἡ-ფინიკი, [2, I ეზრა, 2, 13], დანაკისკუდოვანი (ქუეყანა) [2, გამოსვლ., 16, 35); φοίνιξ, ικος, ὁ ფინიკი, დანაკისკუდი; ... ); φοίνικες - ხენი დანაკისკუდისანი [2, ეზეკ. 40,26]. საბასეულ ამ განმარტებას მხარს უმაგრებს ერთი ნაწყვეტი „მამათა ცხოვრებიდან“, სადაც ნათქვამია, რომ დანაკისკუდის ფოთლებისგან კალათს წნავდა წმ. მამა. მართლაც, ფინიკის პალმას აქვს ამისათვის ვარგისი ფოთლები: „...არამედ პარეხსა ერთსა წევნ ერთსა ფსჳათსა და ძაძასა და მიიღოს ფურცელი დანაკისკუდისაჲ განმგებლისა მისგან ლავრისა და შექმნის ორმეოცდაათი სფჳრიდი და მიითუალის იგი ქსენოდაქარსა.“ [8, გვ. 86]; ფინიკის და დანაკისკუდის პარალელური ხმარება და ფინიკის გადმოტანა, როგორც დანაკისკუდის: „მიიღიან საჴმარი მის კჳრიაკისაჲ პური და ფინიკი და კოკითა წყალი..“ [8, გვ 313] «τῃ Κυριακῇ δείλης τὸ ἀνάλωμα τῆς ἐβδομάδος λαμβάνων, ἄρτους καὶ φοίνικας καὶ ἐν κιλικήσιον ὕδατος...» [22, გვ, 177]; „..არარაჲ ჭამოდის, გარნა პური ხოლო და დანაკისკუდი და წყალი სუმად..[8, გვ. 312 ] // «μεδενὸς ἐτέρου μεταλαμβάνοντα, πλὴν ἄρτου καὶ ὕδατος καὶ φοινίκων». [22, გვ. 176]. იმ აზრის გასამყარებლად, რომ იოვანე ნათლისმცემელი მცენარით მომარხულე იყო, შეიძლება მოვიხმოთ მის შემდგომ მოღვაწე მეუდაბნოე მამების მაგალითი, რომლებიც მცენარეულ საკვებს იყენებდნენ: ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და ლიტერატურაშიც აღწერილია, რომ წმინდა მამები ერთმანეთს ბაძავდნენ ცხოვრების წესით, მარხვით, და, რა თქმა უნდა, მიბაძავდნენ ნათლისმცემელს. ჩვენთვის ცნობილი არცერთი ცხოვრება თუ მოღვაწეობა არ აღწერს წმ. მამათა მიერ ცხოველური საკვების მიღებას. მოვიყვანთ რამდენიმე ნიმუშს ადრეული საუკუნეების ქართული ორიგინალური აგიოგრაფიიდანაც: დიდი ქართველი სულიერი მოღვაწის გრიგოლ ხანცთელის (IX ს.) ცხოვრებაში ვკითხულობთ: „მამასა გრიგოლს სწადოდა მარტოდ დაყუდებაჲ, რამეთუ ესმოდა ანგელოზებრივი ცხორებაჲ მარტოდ მყოფთაჲ მათ სივრცესა შინა უდაბნოჲსასა, რომელნი-იგი იზარდებოდეს მძოვართა სახედ მწუანვილითა და ხილითა, ხოლო რომელნიმე მცირედითა პურითა. .“ [16, ტ. I, გვ. 253] ასევე დიდი ქართველი მამის, ათონზე მოღვაწე გიორგი (XI ს.) მთაწმიდელი, როგორც მის ცხოვრებაში არის ორგან აღნიშნული, იჯმნა (ანუ უარყო, განაგდო) სრულიად ღვინისაგან და წუელისა, და ჰმოსიედ სამოსლად მისა ქუეშე ძაძაჲ ფიცხელი...“ [16, ტ. II, გვ. 199), „.ძაძაჲ შეემოსა და უჴამლოჲ და თავ-ღია, უღჳნო და უწუელოჲ ვიდოდა გზასა და იწროსა, რამეთუ დღესა შინა ერთგზის მიიღის პური და წყალი.“ [16, ტ. II, გვ. 188). სულხან-საბა განმარტავს: „წუელი(წველი CD) (ბალ.) (7, 4 მათე) წველი არს ძირთაგან ვიდრე ჴუვილამდე. ხოლო ჴუვილი იგი თავ-წარსხმული ოდენ. ნ. ნაწუელარი; ნაწუელარი (ნაწუჱლარი ZAb, (ნაწუჱრალი Aa, ნაწვერალი CqDE), ყანის ჩალა მონამკალიZA (ბალ.), ყანის ჩალა BCD (ბალ.) ჩვენი აზრით, სწორედ მონამკალისგანაა (სიტყვა ნაწვერალიც უკავშირდება წვერს, ანუ ბალახის თავს, წვეროს) ნაწარმოები სიტყვა მკალი, უკავშირდება „მკა“-ს და სავარაუდოა, რომ იოვანე ნათლისმცემელი იკვებებოდა მცენარეთა ზედა ნაწილით, წვეროებით, მდელოთა მწვერვალით-მართლაც მკის დროს იჭრება სწორედ მიწისგან უფრო დაშორებული ნაწილი ბალახისა თუ მცენარის. ვფიქრობ, მკალი საუკუნეების წინ იყო ორმაგი მნიშვნელობის: 1. ბალახი, 2. კალია, მაგრამ შემდეგ დარჩა მხოლოდ კალიის მნიშვნელობით. კალიას თანამედროვე ქართულშიც ორმაგი მნიშვნელობა აქვს: მწერის გარდა ის მცენარეს აღნიშნავს. ეს არის უდაბნოს ბალახი, რომელიც აღწერილი აქვს აკად. ნიკო კეცხოველს და შეტანილია ალ. მაყაშვილის „ბოტანიკურ ლექსიკონში“: „კალია-Salsola crassa, солянка мясистая..“, [3] სასტამბოდ მოამზადა და წინასიტყვაობა დაურთო გ. ნახუცრიშვილმა. ასევე გერმანულ-ქართულ და ქართულ-გერმანულ ბოტანიკურ ლექსიკონში [5] ვკითხულობთ: კალია - n. 1. Salsola cali Kalisalzkraut, n. Zalzkraut, n. და ლექსიკონის გერმანულ-ქართულ ნაწილში Zalzcraut – 1. Salsola cali- კალია, 2. Glaux maritima-რძებალახა. ზემოთმოყვანილ ნიმუშები ადასტურებს, რომ, როგორც მკალის ექვივალენტად წერია დანაკისკუდი, მწუერვალი მდელოჲსა, მწუანვილი მდელოჲსა, ან განმარტებად ახლავს ეს სიტყვები, ასევე ველური თაფლსაც ზოგჯერ ჰომილიათა თუ ცხოვრებათა ბერძენი ავტორები და, შესაბამისად ადრეული საუკუნეებიდანვე მოყოლებული ქართველი მთარგმნელი წმინდა მამები - დაურთავენ ხოლმე განმარტებას, რა არის ეს ველური თაფლი- მელაგრია (ძველი ბერძნული წაკითხვით, გამოთქმით)// მელაღრია - ბიზანტიურ ხანაში „გ“ იკითხება როგორც „ღ“ და შესაბამისად გადმოაქვს ის ქართველ მთარგმნელს. თავად სიტყვა მელაგრია არის მიღებული ორი ბერძნული სიტყვის შერწყმის შედეგად: მელი აგრიონ// μέλι ἄγριον ლამპეს ლექსიკონი გვთავაზობს სიტყვა μελάγριον, τό-სთვის განმარტებას- ბალახი, მცენარე, რომელიც აღმოჩენილია უდაბნოში: a herb found in the desert [22, p. 840], სოფოკლესის რომანული და ბიზანტიური ხანის ბერძნულ ლექსიკონში ასეთი განმარტებაა ამ სიტყვის: μέλι, ιτο, τὸ - αγριον – honey-dew, upon the leaves of certain trees. რაც ქართულად ნიშნავს: თაფლის ცვარი, თაფლის წვეთი ზოგიერთ (//განსაზღვრულ) ხეთა ფოთლებზე [19, გვ. 742]. ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ მელაგრია იგივე ბერძნული μελάγριον ქართულად არის მელაღრია, მელაგრია, რომელიც ცალსახად მცენარის მნიშვნელობითაა და არასოდეს ნიშნავს ველური ფუტკრის „თაფლს“. მოყვანილ მაგალითებზე დაყრდნობით და მოცემული ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ იოანე ნათლისმცემელი ბალახის თავებით და მცენარეებით იკვებებოდა - სახარებაში ხსენებული „მკალი“ და „თაფლი ველური“ მცენარეებია.
ბიბლიოგრაფია: 1. ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი. (სიმონ ყაუხჩიშვილის საერთო რედაქციით), ტ. I. „ლოგოსი“, თბ., 2002 2. ბიბლია/ძველი აღთქმა. კრიტიკულად დადგენილი ტექსტი ყველა ხელნაწერის მიხედვით 2 ტომად. კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკადემიური გამოცემა, თბ, 2017 , 3. ბოტანიკური ლექსიკონი. (ა. მაყაშვილი, მესამე გამოცემა), „მეცნიერება“, თბ. 1991 4. „განძთა ქვაბი“, ძველი ქართული აპოკრიფული ლიტერატურის ძეგლები, (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ციალა ქურციკიძემ), თბ.,2007. 5. გერმანულ-ქართული ქართულ - გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი. (შემდგენელი არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე), თბ., 2007; / Deutch-Georgisches Georgish-Deutches Botansches Worterbuch, (verfabt von Archimandriten Lazarus (Gagnidze), Tbilissi – 2007 6. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, მათეს სახარების კომენტარები, (ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო გვანცა კოპლატაძემ), „საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა“, თბ., 2005 7. კლარჯული მრავალთავი (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა), „მეცნიერება“, თბ., 1991 8. მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის XI ს-ის ქართული ხელნაწერი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა), „ თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ. 1075 9. სინური მრავალთავი 864 წლისა, (აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით), თბ. 1959, 10. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ორ ტომად, „მერანი“, თბ. 1991 11. უდაბნოს მრავალთავი, (აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით), „თსუ გამომცემლობა“, 1994 12. ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი, ტ.I, (ნარგიზა გოგუაძის, ზურაბ სარჯველაძისა და მზექალა შანიძის რედაქციით), „არტანუჯი“ თბ., 2007 13. ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია, (ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ივანე იმნაიშვილმა), თსუ, თბ., 1979 14. ქუთ. 1 (ხელნაწერი), ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი 15. ძველი მეტაფრასული კრებულები/სექტემბრის საკითხავები/, (ძველი ქართული მწერლობის ძეგლები VII) (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა,კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ). „მეცნიერება“, თბ., 1886 16. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ.I, 1965, ტ. II, (ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით), თბ. 1967 17. Aldama, A., Repertorium Pseudochrysostomicum, Paris, 1965, n. 289 18. Bible, Exodus, 15, 27. https://www.academic-bible.com/en/online-bibles/septuagint-lxx/read-the-bible-text/ 19. Greek Lexicon of The Roman and Byzantine Periods, vol.II, (From BC. 146 to A.D. 1100) By E. A. Sophocles, “Charles Scriber’s sons”, New York, 190013. “Menologii Anonimi Byzantini saeculi X“, Basilius Latysev, Petropoli 1911 (16) 20. Basilius Latysev, Menologii Anonimi Byzantini saeculi X, Petropoli 1911 21. Παπαδοπούλου-Κεραμέως, Α., Ανάλεκτα Ιεροσολυμιτικής σταχυολογίας, ή, συλλογή ανεκδότων και σπανίων ελληνικών συγγραφών περί των κατά την Εώαν ορθοδόξων εκκλησιών και μάλιστα της των Παλαιστινών, Τομος Δ, 1897. 22. Patristic Greek Lexicon, edited by G.W. H. Lampe, D.D., At the “Clarendon Press”, Oxford, 1961 23. PG. t. 50 (Edited by J.P.Migne), Paris, 1862 24. PG. t. 59 (Edited by J.P.Migne), Paris, 1862 25. PG. t. 78 (Edited by J.P.Migne), Paris, 1864 26. PG. t. 115 (Edited by J.P.Migne), Paris, 1899 27. PG. t. 123 (Edited by J.P.Migne), Paris, 1864 28. Rehav Rubin, Liber Annuus, “Brepols Publishers Online”, 2002, pp. 347-352 (30)
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|