ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
გაგა შურღაია
ბერნარდე ნეაპოლელისეული ხელნაწერების კვალდაკვალ
2007 წ.-ის ზაფხულში თბილისში, აკადემიკოს ელენე მეტრეველის ანოტირებულ ბიობიბლიოგრაფიაზე მუშაობისას, აწ განსვენებულმა პროფესორმა ვალერი სილოგავამ გამაცნო მის მიერ იმხანად აღმოჩენილი „ქართლის ცხოვრების“, კერძოდ, ჟამთააღმწერლის ე. წ. „ასწლოვანი მატიანის“ ორფურცლიანი უძველესი ფრაგმენტი (H-1076), რომელიც თავდაპირველად ქართლში XVII ს.-ის 70-იან წწ.-ში ნამყოფ იტალიელ ბერს, ანტონიო ჩოფის ეკუთვნოდა და საქართველოში მიხეილ თამარაშვილს ნეაპოლის ახლოს მდებარე დაბა ტორე დელ გრეკოს ფრანცისკელი კაპუცინი ბერების მონასტრიდან ჩამოეტანა. ბატონმა ვალერიმ შემომთავაზა, იტალიაში დაბრუნებისას მომეძია ზემოაღნიშნული ფრაგმენტის დანარჩენი ნაწილი. მიხეილ თამარაშვილის ცნობით, საკვლევი ფრაგმენტი მთლიანად 40 გვერდისგან შედგებოდა. იტალიაში დაბრუნებისას დავიწყე ხელნაწერის ძიება. აღმოჩნდა, რომ ტორე დელ გრეკოს ფრანცისკელ კაპუცინ ბერთა მონასტერი დაუხურავთ, ხოლო მისი წიგნსაცავის ნაწილი ამავე დაბის მუნიციპალური ბიბლიოთეკისთვის გადაუციათ. 2008 წ.-ის თებერვალში ვეწვიე ტორე დელ გრეკოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკას და პირადად გავეცანი კაპუცინთა მონასტრისეულ წიგნებს, რომლებიც დაახლოებით სამ ათას ნაბეჭდ ტომს შეიცავს. მათი უმეტესი ნაწილი XVI-XVII სს.-შია დასტამბული. იმჟამად ამ წიგნებიდან ორი ათასი ერთეული სპეციალურად გამოყოფილ სათავსში ინახებოდა, რომელთგან მხოლოდ 956 ტომი იყო კატალოგიზებული, დანარჩენი წიგნები და ხელნაწერების ფრაგმენტები კი უწესრიგოდ ეყარა სხვა სათავსში. სათითაოდ გადავათვალიერე თითოეული მათგანი. იმედი მქონდა, რომელიმე ტომში მაინც წავაწყდებოდი ჩვენთვის საინტერესო ხელნაწერს. სამწუხაროდ, ყველა მცდელობა ამაო გამოდგა: არსად ჩანდა არათუ ჟამთააღმწერლის თხზულების ფრაგმენტი, არამედ – თვით მონასტრის არქივიც. ამან მაფიქრებინა, მონასტრის დახურვის შემდეგ ხელნაწერები კაპუცინთა ორდენის ცენტრალურ ისტორიულ არქივში ხომ არ გადაიტანეს-მეთქი. ტორელ კაპუცინთა არქივის ძიებისას დასახმარებლად მივმართე კაპუცინთა ისტორიის ინსტიტუტს, რომელიც რომში მდებარეობს. ინსტიტუტის არქივის არქივარიუსმა, მამა ალექსანდრე ჰოროვსკიმ, 2008 წ.-ის 4 მაისის ელბარათით მაცნობა შემდეგი: „შევისწავლე ჩვენი [ორდენის] საერთო არქივი, მაგრამ აქ არ აღმოჩნდა ბერნარდე მარია ნეაპოლელის [ანუ ანტონიო ჩოფის – გ. შ.] ხელნაწერი მასალები. საქართველოში [წარგზავნილი კათოლიკური] მისიისადმი მიძღვნილ სექციაში გვაქვს მხოლოდ იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც პროპაგანდა ფიდეს არქივში ინახება. ადვილი შესაძლებელია, ტორე დელ გრეკოს მონასტრის არქივი XIX საუკუნეში – ნაპოლეონის [დროს], ანდა [მის] შემდგომ პერიოდში გაუქმებულიყო. იტალიაში კაპუცინების პროვინციათა არქივების XIX საუკუნემდელი დოკუმენტები მილანის პროვინციის არქივში ინახება, [ხოლო] სხვა მასალები გაბნეულია [იტალიის] სახელმწიფო, ანდა პარიზის არქივებში“. არქივარიუსის პასუხმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საკვლევ ხელნაწერთა მოსაძიებლად საჭირო იყო თვით მონასტრის ისტორიის საფუძვლიანი შესწავლა და ანტონიო ჩოფის პიროვნების იდენტიფიკაცია, მით უფრო, რომ საქართველოში მისი ყოფნის დრო პირდაპირ ემთხვევა ქართველი საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ბერნარდე ნეაპოლელის ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობის პერიოდს. ამ მიმართებით ჩემ მიერ დღემდე ჩატარებულმა კვლევა-ძიებამ შემდეგ დასკვნებამდე მიმიყვანა: I. დაბა ტორე დელ გრეკო პირველად 1019 წლის 23 მაისით დათარიღებულ ეტრატში იხსენიება. 1568 წელს ტორე დელ გრეკოს მუნიციპალიტეტმა ტორელი მოქალაქეების: ტომაზო კუჩინიელოსა და ფერდინანდო ბრანკაჩოსაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და საჩუქრად გადასცა კაპუცინ ბერებს, რომლებმაც 1574 წელს აქ მონასტერი და ხარების ეკლესია ააშენეს. სავანემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მარტო ტორე დელ გრეკოს, არამედ, საზოგადოდ, მთელი სამხრეთ იტალიის კულტურულ ცხოვრებასა და კათოლიკური ეკლესიის სამისიონერო მოღვაწეობაში. 1861 წელს რომის პაპის სახელმწიფოს დაცემისა და იტალიის გაერთიანების შემდეგ მონასტრების დახურვის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, კაპუცინ ბერთა მონასტერი ოფიციალურად გაუქმდა, შენობა კი 1867 წელს ტორე დელ გრეკოს მერიის გამგებლობაში გადავიდა. მერიამ იგი იმავე წელს გადასცა წმინდა სამების სახელობის უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს, რომელსაც ალკანტარელი ფრანცისკელი მონაზვნები კი არ მეურვეობდნენ, როგორც მკვლევრებს აქამდე მიაჩნდათ, არამედ – წმინდა ფრანცისკ ასიზელის სტიგმატების სახელობის ორდენის ფრანცისკელი მონაზვნები, რომლებიც ამ მისიას 1872 წ.-ის 23 დეკემბრიდან ასრულებდნენ. არც ერთ სტიგმატელ მონაზონს არ ჰქონდა პედაგოგის დიპლომი. ამიტომ მოგვიანებით, 1879 წ.-ის 11 სექტემბერს, იმდროინდელი განათლების კანონმდებლობის შესაბამისად, ორდენს ჩამოერთვა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარზე მზრუნველობის უფლება. ასე გახდნენ თავშესაფრის ახალი მეურვეები ალკანტარელი ფრანცისკელი მონაზვნები, რომლებიც მას 1976-1977 სასწავლო წ.-ის ბოლომდე პატრონობდნენ; II. ტორე დელ გრეკოს მონასტერში მოღვაწეობდა ანტონიო ჩოფი, იგივე ჩოფო (1628 - 2.02.1707), რომელიც 1628 წელს დაიბადა ნეაპოლში, ხოლო 1653 წ.-ის 14 იანვარს ბერად აღიკვეცა ბერნარდე მარიას სახელით. დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ სწორედ ეს არის ქართველი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბერნარდე ნეაპოლელი, რომელიც, როგორც მისიონერი, 1670-1677 წწ.-ში იმყოფებოდა საქართველოში. მან საუცხოოდ შეისწავლა ქართული ენა და ქართულ და იტალიურ ენებზე უნიკალური მასალები დაგვიტოვა იმდროინდელი საქართველოს შესახებ. მისი მიმოწერა მოწმობს, რომ მას არც ნეაპოლში დაბრუნების (1677 წ.) და არც კაპუცინთა ორდენის ნეაპოლის პროვინციის წინამძღვრად არჩევის (1686 წ.) შემდეგაც გაუწყვეტია კონტაქტები ჩვენს ქვეყანაში მყოფ თავის სულიერ შვილებთან და ახლობელ-მეგობრებთან; III. 1896 წელს კაპუცინთა მონასტრის წიგნსაცავის უდიდესი ნაწილი (ტორელი ისტორიკოსის, ფრანჩესკო კასტალდისეული კატალოგის მიხედვით – 2.649 ნაბეჭდი წიგნი) ჯერ ტორე დელ გრეკოს მერიაში, ხოლო შემდეგ კომუნალურ ბიბლიოთეკაში გადაიტანეს. რაც შეეხება ბერნარდე ნეაპოლელის ქართულ ხელნაწერებს, ისინი, როგორც კაპუცინთა წიგნსაცავის ყველაზე ძვირფასი ნაწილი, ალკანტარელ დედათა იღუმენის ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს. მერიამ, იტალიის ეროვნული განათლების სამინისტროს 1935 წ.-ის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს ხელნაწერები 1936 წ.-ის 7 თებერვალს შესანახად მიაბარა ნეაპოლის ეროვნულ სამეფო ბიბლიოთეკას (დღევანდელი ნეაპოლის ეროვნული ბიბლიოთეკა), სადაც დღემდე დაცულია შიფრით „XX.122“; IV. ქართველმა საზოგადოებამ ტორე დელ გრეკოს ქართულ ხელნაწერთა არსებობის შესახებ 1896 წელს შეიტყო, როდესაც ცნობილმა ავსტრიელმა ქართველოლოგმა, ჰუგო შუხარდტმა ჟურნალ „ივერიაში“ გამოაქვეყნა მის მიერ იმავე წელს გერმანულ გაზეთ „Allgemeinen Zei¬tung”-ის დამატებაში დასტამბული სტატიის „ტორე დელ გრეკოს ქართული ხელნაწერები“ ქართული რედაქცია. ჩვენი საზოგადოებისათვის, ასევე, ცნობილია ზემოაღნიშნულ ხელნაწერთა მიხეილ თამარაშვილისეული ჩამონათვალიც, რომელიც მოგვიანებით შედგა. სამაგიეროდ, დღემდე უცნობია ამ ხელნაწერთა როგორც ჰ. შუხარდტამდელი, ისე – მიხ. თამარაშვილის შემდგომ შედგენილი მოკლე აღწერილობები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საკვლევ ხელნაწერებთან დაკავშირებული ბუნდოვანი საკითხების გასარკვევად; V. პირველი ცნობები ბერნარდე ნეაპოლელის თხზულებების შესახებ დაცულია ემანუელ ნეაპოლელის მიერ XVIII ს.-ის შუა ხანებში დაწერილ და დღემდე გამოუქვეყნებელ ნაშრომში „ისტორიულ-ქრონოლოგიური ცნობები ნეაპოლის პროვინციის უმცროს კაპუცინ ძმათა შესახებ“, თუმცა, სპეციალისტებმა ამ თხზულებების შესახებ პირველად 1873 წელს კაპუცინთა ორდენის ისტორიკოსის, როკო და ჩეზინალეს წყალობით შეიტყვეს. მისი „კაპუცინთა მისიის ისტორიის“ მესამე ტომში საგანგებო ყურადღება ეთმობა ბერნარდე ნეაპოლელს, აღნიშნულია მისი განსწავლულობა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში, მოთხრობილია მისი ნაყოფიერი სამისიონერო მოღვაწეობის შესახებ და დასახელებულია მის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი, თარგმნილი ან, უბრალოდ, გადანუსხული შვიდი თხზულება. ამ ორი ისტორიკოსის ცნობებს ემყარება კაპუცინი ბერის, აპოლინარე ვალენსელის 1886 წელს დასტამბული წიგნი „ნეაპოლის პროვინციის კაპუცინ ძმათა ბიბლიოთეკა“, სადაც დასახელებულია საკვლევ ხელნაწერთა თერთმეტი საარქივო ერთეული და მოტანილია მეტად საყურადღებო კოდიკოლოგიური მონაცემები მათ შესახებ. აპოლინარე ვალენსელის სია შეიცავს არა მხოლოდ როკო და ჩეზინალეს მიერ დასახელებულ ყველა თხზულებას, არამედ – სხვა ნაწარმოებებსაც, რომლებიც მოთავსებულია ქართულ და იტალიურ ენებზე დაბეჭდილ წიგნებსა და ხელნაწერებში. ჰ. შუხარდტს არ უნახავს აპოლინარე ვალენსელის ნაშრომი. როგორც თავად აღნიშნავს, მან სწორედ როკო და ჩეზინალეს „ისტორიის“ გაცნობის შემდეგ, 1896 წ.-ის გაზაფხულზე მოიკვლია კაპუცინთა მონასტრის არქივის ხელნაწერთა კოლექცია; VI. აპოლინარე ვალენსელის შემდეგ საკვლევი ხელნაწერების ჩამონათვალი შეადგინეს: ჰუგო შუხარდტმა – 1896 წელს (11 დასახელება), მიხეილ თა¬მარაშვილმა – 1902 წელს (13 დასახელება), უცნობმა იტალიელმა არქივარიუსებმა – XIX ს.-ის მეორე ნახევარში (15 დასახელება; სიის პირი თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ალექსანდრე ცაგარლის ფონდში ინახება) და გაეტის ეპარქიის მღვდელმა ვინჩენცო დი დონამ – 1912 წელს (15 დასახელება). ზემოაღნიშნული ხელნაწერებიდან 15 საარქივო ერთეული უწმინდესი სამების სახელობის უპატრონო ბავშვთა თავშესაფრის პრეზიდენტმა ვინჩენცო ბალცანომ და თავშესაფრის მდივანმა ვინჩენცო ავენიამ 1936 წლის 7 თებერვლით დათარიღებული აქტით გადასცეს ნეაპოლის ეროვნული სამეფო ბიბლიოთეკის ოფიციალურ წარმომადგენელს, ბიბლიოგრაფიული სექტორის ხელმძღვანელს, პროფესორ რაფაელე კანტარელას; VII. სხვადასხვა მეცნიერის მიერ შედგენილ ჩამონათვალში სხვადასხვანაირადაა მითითებული ხელნაწერთა რაოდენობა, რაც გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ზოგიერთი მეცნიერი მხოლოდ ქართულ ხელნაწერებს ასახელებს, ზოგიერთი კი – სხვაენოვან ხელნაწერებსაც. ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებას განაპირობებს ისიც, რომ ერთ ხელნაწერში, მაშასადამე, ერთ საარქივო ერთეულში მოთავსებული თხზულებები ცალკე ხელნაწერებადაა დასახელებული. მაგალითად, როგორც მიხეილ თამარაშვილის შემდეგ შედგენილ აღწერილობებზე დაკვირვება გვარწმუნებს, მის მიერ შედგენილ ჩამონათვალში მითითებული „რომანცი ან ქართული ზღაპარი „ბაამა”, „ქართლის ცხოვრება“ და „განთქმული პატარა პოემა რესკარიანისა“ სინამდვილეში ერთ ხელნაწერშია მოთავსებული; VIII. ზოგიერთი უზუსტობის მიუხედავად, 1936 წელს საკვლევი ხელნაწერების ნეაპოლის ეროვნული სამეფო ბიბლიოთეკისათვის გადაცემის აქტისეული ჩამონათვალი ზუსტად ასახავს ხელნაწერთა ამჟამინდელ ვითარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკას მას შემდეგ აღარ მიუღია სხვა ქართული ხელნაწერები და აღარც რომელიმე ხელნაწერი დაკარგულა. ამავე დროს, ზუსტად შეიძლება იმის დადგენაც, თუ რომელი ხელნაწერები დაიკარგა 1886-1936 წლებში. დაკარგულია მხოლოდ ერთი ქართული ხელნაწერი, ანუ ის, რომელიც შეიცავდა „რომანცს ან ქართულ ზღაპარ «ბაამას»“, „ქართლის ცხოვრების“ ზემოაღნიშნულ ფრაგმენტსა და „პატარა პოემა რესკარიანს“; IX. ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შიფრით „XX. 122“ დაცულია შემდეგი მასალები: 1) კარდინალ ბელარმინის „მოკლე კატეხიზმოს“ ბერნარდე ნეაპოლელის მიერ იტალიურიდან შესრულებული ქართული თარგმანი, რომელიც რომში დაიბეჭდა 1681 წელს, 2) ბერნარდე ნეაპოლელის მიერ ჩაწერილი 12 ზღაპარი და ერთი პოემის ფრაგმენტი ქართულად, 3) ერთად შეკრული ორი „ლოცვანი“ სომხურად, რომლებიც რომში დაიბეჭდა 1666-1667 წწ.-ში, 4) ბერნარდე ნეაპოლელის მიერ შედგენილი იტალიურ-ქარ¬თული ლექსიკონი, 5) მის მიერვე ერთ ხელნაწერ წიგნაკში გადანუსხული XVII ს.-ის ისტორიულ პირთა ბარათები, 6) სხვადასხვა პირის რამდენიმე წერილი (შენახვის ცუდი მდგომარეობის გამო რესტავრაციამდე აკრძალულია მათი ნახვა), 7) ბერნარდე ნეაპოლელის მიერ გადანუსხული „პავლენი“ და „სამოციქულონი“, 8) მის მიერვე ქართულ და იტალიურ ენებზე დიალოგის ფორმით შედგენილი თეოლოგიური ტრაქტატი სულიწმიდის მოვლინების შესახებ, 9) სხვადასხვა პირის მიერ ბერნარდე ნეაპოლელისადმი მიწერილი წერილები და მის მიერ იტალიურიდან ქართულად თარგმნილი „რიგი ცხორებისა“, 10) მის მიერვე ასომთავრულსა და მხედრულში ხელის გასაწაფად შესრულებული კალიგრაფიული ნიმუშები: ქართული ანბანი, გრაფემათა ფონოლოგიური მნიშვნელობანი და ასოთა გადაბმანი; 11) კარდინალ ბელარმინის „დიდი კატეხიზმოს“ ბერნარდე ნეაპოლელის მიერ იტალიურიდან შესრულებული ქართული თარგმანი, 12) მის მიერვე იტალიურიდან ქართულად თარგმნილი „კატეხიზმო“, ანუ „საგონებელი საქრისტიანო დღითი დღედ თუემდის“, 13) მის მიერვე იტალიურიდან ქართულად თარგმნილი ფრანცისკ სალესელის (1567-1622) „ფილოტეა“, ანუ „საღვთისმოსავო ცხოვრება“, 14) მის მიერვე შედგენილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, 15) მის მიერვე გადანუსხული „სახარება-ოთხთავი“; X. ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალები წარმოდგენას გვიქმნის იმ მეცნიერთა ვინაობის შესახებაც, ვინც დაინტერესდა საკვლევი ფონდის შესწავლით. უკვე შევადგინე საკვლევ ხელნაწერთა სრული აღწერილობა, რომელიც ახლო მომავალში დაისტამბება იტალიაში. გარდა გარდა ამისა, გადმოვიწერე ბერნარდე ნეაპოლელის მიერ ქართულ და იტალიურ ენებზე დიალოგის ფორმით შედგენილი თეოლოგიური ტრაქტატი სულიწმიდის მოვლინების შესახებ; ამჟამად ვმუშაობ ტექსტის ფილოლოგიურ და თეოლოგიურ კომენტარებზე. ამავე დროს, მივაკვლიე და გამოსაცემად ვამზადებ კაპუცინი ბერის მიერ გადანუსხულ XVII ს.-ის ისტორიული პირების მიმოწერის ზოგიერთ ორიგინალს. რაც შეეხება ჟამთააღმწერლის ე. წ. „ასწლოვანი მატიანის“ უძველეს ფრაგმენტულ ნუსხას, რის გამოც წამოვიწყე კვლევა-ძიება, მას საბოლოოდ მხოლოდ მაშინ ჩავთვლი დაკარგულად, როდესაც გავეცნობი ბერნარდე ნეაპოლელის სრულ ხელნაწერ მასალებს რამდენიმე სხვა არქივსა და ხელნაწერთა კერძო კოლექციაში, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე ვერ მოვახერხე. |
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|