ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 ლელა ხაჩიძე

 რომანოზ მელოდოსი და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში

 

ჰიმნოგრაფიის ისტორიაში რომანოზ მელოდოსს გა­მო­რ­­ჩეული ადგილი უჭირავს. ის ითვლება ბიზანტიური ჰიმ­ნოგრაფიის მამამთავრად, რომლის შემოქმედებამ უდი­დესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ქრისტი­ანული პოე­­ზიის განვითარებაზე. რომანოზ მელოდოსის ცხოვ­რე­ბა­სა და შემოქმედებას მიეძღვნა მრავალი პუბლიკაცია და გა­მო­კვლევა.

ჯერ კიდევ 1903 წელს ცნობილი ბიზანტოლოგი ̶ კ. კრუმ­ბახერი წერდა: „რომანოზი, შესაძლოა, ყველაზე დი­დი პოეტი აღმოჩნდეს მომავალში“ [8, s. 336]. შემდგომმა კვლევამ დაადასტურა დიდი მეცნიერის ეს ვარაუდი. რო­მანოზ მელოდოსის შემოქმედების მკვლე­ვარების ̶ პ. მაა­სისა და ს. ტრიპანისის შეფასებით: „ის მართლაც ყველაზე დი­­დი ქრისტიანი პოეტია“ [12, გვ. 3].

რომანოზს მოღვაწეობა მოუხდა სამი იმპერატორის - ანასტასი I-ის, იუსტინე I-ის და იუსტინიანე დიდის პე­რი­ო­დში. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია მითი­თე­ბული, მის შემოქმედებაში ასახულია იმ ეპოქი­სა­თვის დამახა­სია­თე­­ბელი მწვავე დოგმატურ-პოლემიკური პრობ­ლემები [19, გვ. 177-178].

რომანოზის სახელს უკავშირდება ახალი პოეტური ფორ­­მის ̶ კონტაკიონის შემოტანა და დამკვიდრება ბიზან­ტი­ურ ჰიმნოგრაფიაში.

კონტაკიონი შეიცავს 18-დან 30-მდე ან ზოგჯერ მეტ ტროპარს, რომლებიც სტრუქტურულად ერთმანეთის მსგავ­სია. ტროპარი შედგება სხვადასხვა რაოდენობის (3-დან 30-მდე) სტრიქონისგან. იგი იწყება მოკლე ტროპარით, რო­მე­ლიც მეტრულად დამოუკიდებელია მისგან. ესაა ე. წ. პრო­ომიონიანკუკულიონი  ̶  ერთგვარი შესავალი, რომელ­შიც გადმოცემულია საგალობლის შექმნის მიზანი. ყოველ ტრო­პარს აქვს რეფრენი. კონტაკიონი, როგორც წესი, შეი­ცავს სხვა­­­დასხვა ტიპის აკროსტიქს [9].

რომანოზს შეუქმნია 1000-ზე მეტი საგალობელი. აქე­­დან ჩვენამდე მოღწეული 89 (სრული ან ფრაგმენტული სა­ხით), მათგან 79-ს ავტორის სახელი აკროსტიქში აქვს აღ­ბეჭდილი [5, გვ. 20].

რომანოზის შემოქმედება, როგორც ჩანს, ადრევე ითა­რგმნა ქართულად. ქართულ სამეცნიერო ლიტერატუ­რა­ში განხილულია მისი შემოქმედების ცალკეული სა­კითხები. ამ­ის მიუხედავად, რომანოზ მელოდოსის საგა­ლობ­ლების ქარ­თული თარგმანები დღემდე სრულად გამო­ვ­ლენილი და შეს­წავლილი არ არის.

როგორც კვლევამ გვიჩვენა, რომანოზის მიერ შემო­ღე­­ბული პოეტური ფორმის (კონტაკიონი ანუ იბაკონი) ტი­პის საგალობლები ქართულ ჰიმნოგრაფიაში უკვე VII ს-დან ჩნდება. უძველეს ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულ­ში  ̶ იერუსალიმის ლექციონარში ავტორის სახელ­წა­უ­წერ­ლად შესული იბაკონი გვხვდება არქაულ ლიტურ­გიკულ გან­გებაზე ̶ ვნების შვიდეულში [3]. ამავე ტიპის საგა­ლობლები სახელწაუწერლადაა შესული ახალი ტიპის იად­გარებსა [15] და Sin-5 (1052 წ.)/Sin-75 (XI ს.) ხელ­ნაწერებში.

რომანოზ მელოდოსის შემოქმედების და მისი საგა­ლო­ბ­ლების ქართული თარგმანების შესწავლისათვის განსა­კუ­თრებულ მნიშვნელობის აღმოჩნდა უნივერსალური ლი­ტუ­რგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული მარხვანი, რომე­ლიც შედგენილია საქართველოს გამორჩეული მოღვაწისა და მთარგმნელის, საქართველოსა და საბერძ­ნეთის ეკლე­სიე­ბის წმინდანის ̶ გიორგი მთაწმინ­დელის (ათონელის) მიერ XI ს-ის შუა წლებში. ეს ხელნაწერი  ̶  Paris. Georgica 5, რომელიც ავტოგრაფული მნიშვნელობის მქონეა, დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში [10, გვ. 59-74].

ამ ხელნაწერისათვის, როგორც გიორგი ათონელის შე­მოქმედებისათვის საერთოდ, დამახასიათებელია დიდი სი­­ზუს­ტე საგალობლებისათვის ავტორების მითითებასა და მათი პირვანდელი სახით აღდგენაში. უზარმაზარ ჰიმნო­გრა­ფიულ რეპერტუარში, ხელნაწერთა დიდი რაოდენობისა და ჩვენებების პირობებში, დროთა განმავ­ლობაში დაკარ­გუ­ლი და დავიწყებული ავტორების გამოსავ­ლენად გაწეუ­ლი დი­დი შრომა გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის ერთ-ერ­თი უმთავრესი თავისებურებაა. ამისი არაერთი მა­გა­ლი­თი გამოავლინა მის მიერ შედგენილი თუენის და მარხვანის შესწავლამ [10, გვ. 69-72; 2, გვ. 18].

მის მიერ შედგენილ მარხვანში ხშირად ავტორები მითითებულია არა მხოლოდ კონკრეტულ საგალობ­ლებ­თან, არამედ კომპილაციური საგალობლების ცალკეულ მო­ნა­­კ­ვეთებთანაც. ამის საშუალებას მას აძლევდა, ერთი მხრივ, ძველი ქართული თარგმანების, მეორე მხრივ, მისი თა­­ნამედროვე ბერძნული წყაროების სრულყოფილი ცოდნა.

გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მარხვანი გაცი­ლებით ვრცელია, ვიდრე მისი თანამედროვე ბერძნუ­ლი ტრიო­დიონები. ბერძნული და სლავური მარხვანების არსე­ბულ პუბლიკაციებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნო­ბილ ბერძნულ-სლავურ ხელნაწერებ­თან შედარება ცხად­ყოფს, რომ ესაა უნიკალური კრებული, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა საბერძნეთსა და საქართველოში. ამას ადას­ტუ­რებს თავად გიორგი მთაწმინდელის ანდერძები, რომ­ლე­ბითაც ნათელი ხდება მისი მთარგმნელობითი მუშაობის პრინ­ციპები, სტილი და მეთოდოლოგია. მოვი­ტანთ ერთ-ერთ ანდერძს: „ვინაჲთგან კულა სახიერებამან ღმრთისამან ღირს-მყო მე, გლახაკი გიორგი ხუცეს-მონაზონი, მარხვათა და ზატიკთა სრულებით თარგმნად და წიგნი შეჰმზადა, გან­მანათ­ლებელი კათოლიკე ეკლესიისაჲ, რომელ ჭეშმა­რი­ტად სწორი ამისი არცა ბერძენთა თანაღა იპოვების, არცა ქარ­თ­ველთა, მაშა შეუძლებელ იყო ჩუენგან ნაკლულე­ვე­ნებისა რაჲსმე დატეობაჲ ...“

გიორგი ათონელის რედაქციის მარხვანში, ავტო­რებ­ზე მითითებებით, დაცულია 14 ბიზანტიელი ჰიმნო­გრაფის მრა­­ვალ­რიცხოვანი საგალობლები [10, გვ. 72-73], მათ შორი­საა რომანოზ მელოდოსი.

Paris-5 ხელნაწერში დაცულ გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მარხვანში რომანოზის სახელით შესული აღ­მოჩნდა 9 მცირე ფორმის საგალობელი. ყველა მათგანთან მიწერილია იბაკონი. რომანოზის იბაკონი დადებულია შემ­დეგ დღეებზე:

ყველიერის კვირიაკე, პირველი პარასკევი, მეოთხე ხუთ­შაბათი, დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი, დიდი ოთხ­­შაბათი, დიდი ხუთშაბათი, დიდი პარასკევი და დიდი შა­ბათი. გიორგი ათონელის მუშაობის წესის თანახმად, ყვე­ლა მათგანის დასაწყისთან მიწერილია ავტორი.

წარმოვადგენთ ამ საგალობელთა ნუსხას Paris-5 ხელ­­­ნაწერის მიხედვით:

  1. ყველიერისა კვირიაკესა. ადამის ექსორიობაჲ. იბაკო­ნი. ჴმაჲ დ გუერდი. არა დააკლდისავ[ე]. - უსწავლელთა მასწავლელო...“ 42r
  2. პირველი პარასკევი. იბაკონი. ჴმაჲ დ გუერდი. არა დააკლდი... ტექსტი ძალიან დაზიანებულია. 57r*
  3. მეოთხესა ხუთშაბათსა. მწუხრი. ჴმაჲ დ. ედემნი. - რომელი აჰმაღლდი ჯუარსა ზედა...“ 110v-111r
  4. დიდსა ორშაბათსა. იბაკონი. [ჴმაჲ] დ გუერდი. არა დააკლდი. ̶ საჲდუმლოთა ვნებათა შენთა მგა­ლო­ბელნი, ქრისტე...“ 191r
  5. დიდსა სამშაბათსა. იბაკონი. [ჴმაჲ] დ გუერდი. ედემთანი.  ̶  მესმა რაჲ იგავი იგი საღმრთოჲ ...“ 195v
  6. დიდსა ოთხშაბათსა. იბაკონი. ჴმაჲ გ გუერდი. მჯდომარე. ̶ ქრისტე, რომელმან ცრემლნი მე­ძა­ვისანი...” 198 r
  7. დიდსა ხუთშაბათსა. იბაკონი. [ჴმაჲ ] გ გუერდი. არა დააკლდისა.  ̶  მიიღო პური ჴელითა...“ 202r
  8. დიდსა პარასკევსა. იბაკონი. ჴმაჲ დ გუერდი. ედემთა ზედა.  ̶  იხილა რაჲ გლოვაჲ ქალწულისაჲ...“ 207 r
  9. დიდსა შაბათსა. იბაკონი. ჴმაჲ გ გუერდი. მჯდო­მარენი.  ̶  რომელმან დაჰჴშნა უფსკრულნი, მკუდრად იხილვების...“ 208v

გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მარხვანში და­ცუ­­ლი ამ საგალობლების შედარებამ წინადროინდელ ქარ­თულ ხელნაწერებთან ნათელყო, რომ ზოგიერთი მათგანი გვხვდე­ბა წინადროინდელ ქართულ კრებულებ­შიც, ოღონდ გან­სხვავებული თარგმანით: ასე მაგ. გიორგი მთაწმინ­დე­ლის მარხვანში მეოთხე ხუთშაბათს დადებულია იბაკო­ნი, რო­მელიც განსხვავებულია წინადროინდელ  ̶  კერძოდ, Sin-5 (1052წ.)[1] ხელნაწერში დაცული თარგმა­ნისაგან. Sin-5 ხელ­ნა­წერში საგალობელი ავტორ­წაუწერ­ლადაა შესული. უც­ნო­ბია მისი მთარგმნელის ვინაობა.

მოვიტანთ ამ საგალობლის I ტროპარის ქართულ თარ­გ­მანებს Paris-5 და Sin-5 ხელნაწერების მიხედვით:

Paris-5

რომელი აჰმაჰღლდი ჯუარსა ზედა,

წყალობითა შენითა თანამკჳდრითურთ დაიცევ სოფელი,

 რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი, უფალო,

და მოანიჭე

მშჳდობაჲ ქალაქთა და დაბათა

და უდაბნოთა და შეჭურენ ჯუარითა შენითა და მოჰმადლე მეფესა

ძლევაჲ მტერთა მიმართ მეფესა ჩუენსა მორწმუნესა

და საძლეველ მტერთა და საჭურველ მშჳდობისა ექმენინ ცხოველსმყოფელი

ჯუარი შენი ძლიერი

და ერი და ეკლესიაჲ შენი დაიფარენ, მხოლოო,

რომელსა გაქუს დიდი წყალობაჲ.

Sin-5

რომელი აჰმაღლდი ჯუარსა ზედა ნებსით თჳსით,

წყალობითა შენითა დაიცევ სოფელი თანამკჳდრითურთ,

რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი წმიდა შენი,

მეუფეო, მოჰმადლე მშჳდობაჲ

ქალაქთა, უდაბნოთა და დაბათა,

შეჭურენ ჯუარითა შენითა მოანიჭე ძლევაჲ მტერთა მიმართ მორწმუნესა საჭურველ მშჳდობისა და საძლეველ მტერთა ექმენ

ცხოველსმყოფელი ჯუარი შენი

და ერი შენი დაიცევ,

მხოლოო, რომელსა გაქუს დიდი წყალობაჲ

როგორც ჩანს, გიორგი მთაწმინდელი იცნობს, ით­ვა­­ლისწინებს და აზუსტებს წინადროინდელ თარგმანს. მას ცვლი­­ლება შეაქვს მეტრული საზომშიც, რამაც, შესაძლოა, გა­­­ნა­­პირობა კიდეც ტექსტოლოგიური სხვაობა.

ანალოგიური მდგომარეობაა რომანოზის სხვა საგა­ლობ­­ლებთან დაკავშირებითაც.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ათო­­ნელის რედაქციის მარხვანში შესული რომანოზის იბა­კო­­ნების ქართული თარგმანები თავად გიორგი მთაწ­მინ­დელს ეკუთვნის. როგორც ჩანს, სწორედ მის სახელს უკავ­ში­რდება რომანოზ მელოდოსის საგალობ­ლების სისტე­მა­ტუ­რად შე­მოტანა ქართულ მარხვანში.

ყურადღებას იმსახურებს Paris-5-ში შესული რომა­ნოზის ამ საგალობლების სტრუქტურა. სამეცნიერო ლიტე­რა­ტურაში აღნიშნულია, რომ დროთა განმავლობაში მიმ­დი­ნარეობდა კონტაკიონების მოცულობის შემცირება. ამის მა­გა­ლითია პატმოსის კონტაკარიონი, რომელიც ერთ-ერთი უძ­ველესი და გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ხელ­ნა­წერია რომანოზის შემოქმედების შესასწავლად. რომანოზ მე­ლოდოსის შემოქმედების ცნობილი მკვლევარი და გამომ­ცე­მელი ̶ გროსდიდიე დე მატონი ხელნაწერს XI ს-ით ათა­რიღებს [5, გვ. 70]. ეს ხელნაწერი საგანგებოდ შეისწავლეს თ. არენცენმა და დ. კროგერმა [1]. მათი დაკვირვებით, რო­მა­ნოზ მელოდოსის კონტაკიონების ტროპარების შემცირება იწყება X ს-დან. პატმოსის კონტაკა­რი­ონ­შიც რომანოზის სა­გალობლები შემცირებული სახითაა წარმოდგენილი. რომა­ნოზის ვრცელი კონტაკი­ონების მოცულობის შემცირებას პრა­ქ­­ტიკული ლიტურგიკული დანიშნულება უნდა ჰქო­ნო­და.­

აღსანიშნავია, რომ ქართულ ხელნაწერებში, კერძოდ, გიორგი ათონელის რედაქციის მარხვანში, აგრეთვე Sin-5 (1052 წ) / Sin-75 (XI ს.) ხელნაწერებსა და სინური კო­ლე­ქ­ციის დიდიადგარებში კონტაკიონების ევოლუციის სწო­რედ ეს პერიოდია ასახული.

რომანოზი საგალობლებს წერდა საეკლესიო კალენ­დრის მიხედვით, დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და წმინ­დანებზე. რომანოზის კონტაკიონებს გიორგი მთაწმინ­დე­ლის რედაქციის მარხვანში შესაბამისი ლიტურ­გიკულიკონ­ტექსტი აქვს მოძებნილი, რაც ბერძნული მარხვანებიდან უნდა მომდინარეობდეს; ასე მაგალითად, გიორგი მთაწმინ­დე­ლის რედაქციის მარხვანში ყველიერის კვირიაკეზე და­დე­­­ბუ­ლია ქვემოთ განხილული იბაკონი, რომელიც ეძ­ღვ­ნება ადამის ექსორიობას. საგალობელში დიდი დრამა­ტი­ზ­მითაა წარმოდგენილი ადამის განდევნა სამოთხიდან.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეს საგალობელი გიორ­გი მთაწმინდელის რედაქციის მარხვანში დადებულია ყვე­ლიერის კვირიაკეზე  ̶  უშუალოდ დიდმარხვის დაწყე­ბის წინ, რაც მორწმუნეს შეახსენებს ცოდვით დაცემის ტრა­გე­­დიის შედეგებს. დიდმარხვის მეოთხე ხუთშაბათს არის გან­წესებული რომანოზ მელოდოსის ჯვრის თემაზე შექმ­ნი­ლი საგალობელი, რადგან ეს შვიდეული ეძღვნება ჯვრის თაყვანისცემას. ანალოგიური მდგომარეობაა რომანოზის სხვა საგალობლებთან დაკავშირებითაც.

ამჯერად წარმოვადგენთ გიორგი მთაწმინდელის ავ­ტო­გრაფული მნიშვნელობის Paris-5 ხელნაწერში შესულ რო­­­მანოზის პირველ საგალობელს  ̶  იბაკონი, რომელიც ყვე­ლიერის კვირიაკეზეა დადებული და ეძღვნება ადამის ექსო­რიობას. საგალობლის დასაწყისთან მითითებულია ავ­ტო­რი  ̶  რომ[ანოზ]. საგალობელი შედგება 7 ტროპარი­საგან.

 

42r [ყველიერისა] კჳრიაკესა. ადამისექსორიობაჲ.მაჲგუერდი.

ძლ. არაჲ დააკლდისავ[ე]

 

 „სწავლელთა მასწავლელო

და სიბრძნისა მომცემელო

და გლახაკთა ჴელის ამპყრობელო, ქრისტე,

განამტკიცე და განაბრძნვე გული ჩემი

და მომეც მე სიტყუაჲ,

სიტყუაო ღმრთისაო,

რაჲთა ლმობიერად გიღაღადებდე:

„ჵ მრავალმოწყალეო,

შემიწყალე მე, დაცემული ესე“!

 

ინაშე სამოთხესა მას

ფუფუნებისასა დაჯდა

ადამ ოდესმე და მწარედ გოდებდა

და ჴელითა იცემდა მკერდსა თჳსსა,

დაილტობვოდა იგი

ღუარითა ცრემლთაჲთა

და ლმობილი ტკივნეულად იტყოდა:

„ვაჲმე საწყალობელსა,

შემიწყალე, ქრისტე, მრავალმოწყალე“!

 

ხილა რაჲ ანგელოზი

ჭენებით მდევნელი ადამ,

რომელმან საღმრთოჲსა მის სამოთხისა

და მტილისა კარი რისხვით განავლო

და დაჰკრძალა იგი,

სიმწარით სულ-ითქუნა

დიდად, სიღრმით გულისაჲთ და ღაღად-ყო:

„ ჵ მრავალმოწყალეო,

შემიწყალე დაცემული ესე“!

 

ემ თანა იგლოვდ, წმიდაო

და შუენიერო სამოთხეო,

რომელი ესე დავგლახაკენ შენგან,

ვითარცა ურჩი დამბადებელისა

და რტოთა და ნერგთა

და ფურცელთა შენთა

ძრვითა და ჴმითა ევედრე შემოქმედსა,

რაჲთა კუალად განმიღოს

და შემიწყალოს დაცემული ესე“!

 

|რღარა ვიყნოს ყუავილთა      42v

მათ შენთა სურნელებასა,

არამედ ეკალთა და კუროჲსთავთა

აღმომიცენებს მე რისხვით ქუეყანაჲ,

ჵ სამოთხეო,

ყოლად ბრწყინვალეო,

ღირსთა მათ ურჩებისა ჩემისათა,

ჵ მრავალმოწყალეო,

შემიწყალე დაცემული ესე“!

 

წ გულისჴმა - ვყავ ნაყოფი

მწარეთა ურჩებათა ჩემთაჲ,

აწ ვცან, რაჲ იგი მიბრძანა უფალმან

უბადრუკსა ამას და საწყალობელსა,

ვითარმედ „უკუეთუ

ურჩ მექმნე, სიკუდილი

გეუფლოს და განიჴადო სამოთხით“.

ჵ მრავალმოწყალ[ეო,

შემიწყალე დაცემული ესე!]

 

ამოთხეო დიდებულო,

ყოლადწმიდაო, შუენიერო

და საწადელო, ადამისთჳს დასხმულო

და ევაჲს მიერ ურჩებითა დაჴშულო,

ვითარმე გტიროდით

შენგან უცხოქმნილნი

და სიკუდილსა და ხრწნილებასა მიცემულნი?

ჵ მრავალმოწყალეო,

შეგჳწყალენ დაცემულნი ესე!

 

რომანოზის შემოქმედების ბოლოდროინდელი მეც­ნი­ე­­­რული გამოცემა ეკუთვნის გროსდიდიე დე მატონს. ამ გა­­­­მო­ცემაში თავმოყრილია რომანოზის სახელით დღეისა­თ­ვის ცნობილი საგალობლების ავთენტური ტექსტები [4].

აღნიშნული საგალობელი ამ პუბლიკაციაში შეტანი­ლი არ არის იმის გამო, რომ რომანოზი არ ითვლებოდა მის ავ­ტორად. ეს საგალობელი არ არის შესული პ. მაასისა და ს. ტრიპანისის ნაშრომშიც [12].

აღნიშნული კონტაკიონის ტექსტი გამოქვეყნებულია პ. მაასის მიერ სათაურით დაკარგულისამოთხე [11, ss. 18-20]. ამ გამოცემაში კონტაკიონი ანონიმურია.

პ. მაასის გამოცემაში საგალობელი აკროსტიქულია და 23 ტროპარისგან შედგება. პირველი ტროპარი წარ­მოა­დ­გენს პროომიონს და ის აკროსტიქში არ შედის.

პ. მაასის აზრით, ბერძნულ ენაზე შექმნილი ამ ერთ-ერთი უძველესი საგალობლის უცნობი ავტორი რომანოზზე ად­რე მოღვაწეობდა.

ამ საგალობლის ქართული, გიორგი ათონელის მიერ შესრულებული თარგმანი, შემცირებულია და 7 ტროპარს შე­ი­­ცავს. ქართულ თარგმანსა და პ. მაასის მიერ გამოცემულ ტექსტს შორის საერთოა პირველი 7 ტროპარი, რომლის ბერ­ძნული ორიგინალი გამოქვეყნებულია პ. მაასის მიერ[2] [14].

აღნიშნული კონტაკიონი მიჩნეულია რომანოზისა და მი­სი სკოლის ერთ-ერთ „უძველეს წინაპრად“ [11; 7, გვ.14]. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ს. ყაუხჩი­შვი­ლ­­მა გამოაქვეყნა საგალობლის I ტროპარის ̶ პროომიონის მის მიერ ახალ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი [7, გვ. 149].

გიორგი ათონელის რედაქციის მარხვანში დაცულია ამ საგალობლის ქართული თარგმანი და დასახელებულია ავ­ტორი  ̶  რომანოზ მელოდოსი.

საგალობლის გიორგი ათონელის მიერ შესრულე­ბუ­ლი თარგმანის შედარება პ. მაასის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტთან მოწმობს, რომ მსგავსება აშკარაა, მაგრამ ეს არაა ამ ტექსტის ზუსტი, სიტყვასიტყვითი თარგმანი.[3] ქართულ თარგმანში საგალობლის ტროპარები შედარებით უფრო ვრცე­­ლი და მხატვრულად სრულ­ყოფილია. როგორც ჩანს, გიორ­გი ათონელს ხელთ ჰქონდა სწორედ ამგვარი ბერძ­ნუ­ლი ორიგინალი. ეს უნდა იყოს XI ს-ის შუახანების (40-იანი წლე­ბის) ბიზანტიური ტრადიციის ასახვა. ამავე ტრა­დიციას უნდა ასახავდეს საგალობლის სტრუქტურა და მეტ­რული სა­ზო­მი.

საგალობლის I ტროპარი, ეჭვგარეშეა, პროომიონს ანუ­ შესავალ სტროფს წარმოადგენს, რასაც მოწმობს შემ­დე­გი: 1) ბოლო ორი სტრიქონი, მცირეოდენი განსხვავებით, მე­ო­რდება დანარჩენ ტროპარებში; 2) პროომიონი გან­სხვა­ვებული ში­ნაარსისაა. იწყება მაცხოვრისადმი ვედრე­ბით, სადაც ით­ხოვს „სიტყვის მინიჭებას“ ̶ შთაგონებას საგა­ლობ­ლის შეთხზვისთვის.

საგალობელში რომანოზისთვის დამახასიათებელი დრა­­­­მა­ტიზმითაა წარმოდგენილი ადამის განდევნა სამოთ­ხი­დან. გლოვას კიდევ უფრო ამძაფრებს „ჭენებით მდევნე­ლი ანგელოზი“’, რომელმაც დაუხშო და „დაჰკრძა­ლა“ სა­მოთ­­­ხის კარი.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია რომანო­ზის საგალობლებისთვის დამახასიათებელი დიალოგური ფორ­მა. ასეა ამ საგალობელშიც. საგალობლის IV ტროპარში ადამი მიმართავს სამოთხეს და ევედრება შველას. ეს სა­გა­ლობლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მონაკვეთია.

შემდგომი (V) ტროპარიც სამოთხისადმი მიმართვას წარმოადგენს და აქვე შემოდის წმინდა წერილის თემა. შდრ.: დაბადება 3, 18: „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგი­ცე­ნებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა“ [14, გვ. 52].

საგალობლის მომდევნო (VI) ტროპარშიც წმინდა წე­რილის შესაბამისი მონაკვეთის პერიფრაზია მოცემული: შდრ.: დაბადება 2, 17: „ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კე­თი­ლისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რო­მელსა დღისა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ [14, გვ. 5].

კონტაკიონებისთვის დამახასიათებელი რეფრენი სა­გა­­ლობ­ლის ყოველ ტროპარში მეორდება.

საინტერესოა, რომ საგალობლის უკანასკნელ ტრო­პარ­­ში ხდება განზოგადება და გამოხატულია ვედრება არა ოდენ ადამის, არამედ ადამის მოდგმის სახელით.

Paris-5 ხელნაწერში საგალობელი მოიხსენიება, რო­გორც იბაკონი და დადებულია IV დამხმარე ხმაზე  ̶  ჴმაჲ დ გუერდი. მითითებულია ძლისპირიც: “არა დააკ­ლდისავ[ე]...“

საინტერესოა, რომ გიორგი მთაწმინდელის რედაქ­ცი­ის მარხვანში დაცულ რომანოზის სხვა იბაკონებ­თანაც ხში­რად მითითებულია იგივე ხმა (ჴმაჲ დ გუერდი) და იგივე („არაჲ დააკლდი“) ძლისპირი.

როგორც წესი, გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარ­ხვანში რომანოზის სახელით წარწერილი საგალობ­ლე­ბის  ̶  იბაკონების დასაწყისებთან მითითებულია ძლის­პი­­რე­ბი. ეს გარემოება ყურადღებას იქცევს იმ თვალსაზ­რისით, რომ რომანოზის მოღვაწეობის დროისათვის ძლის­პირ-დას­დებლის შესატყვისობაზე დამყარებული საზომი ჯერ არ არ­სე­ბობდა.

დღეისათვის ძნელია იმის თქმა, როდის და ვის მიერ მოხდა რომანოზის კონტაკიონების ამ ახალი წესის მი­ხედ­ვით „გამართვა“. საგულისხმოა, რომ პატმოსისკონტა­კა­რიონ­ში, რომელიც აგრეთვე XI ს-ით თარიღდება, რომა­ნო­ზის კონტაკიონები ამავე წესით  ̶ ძლისპირთა საზო­მე­ბზეა გაწყობილი [1] ისევე, როგორც გიორგი ათონელის რე­დაქ­ციის მარხვანში.

როგორც წინადროინდელ ხელნაწერებთან შედარე­ბამ ცხადყო, რომანოზის კონტაკიონების „გამართვა“ ახალი წე­­სის მიხედვით  ̶  ძლისპირებზე დადება  ̶  ქართულ ჰიმ­ნო­გ­­­რა­ფიაში პირველად სწორედ გიორგი მთაწმიდელის რე­დაქ­ციის ხელნაწერებში დასტურდება.

საგალობელთა რიტმულ-მელოდიური საზომების ზუს­­­ტად დაცვა, რაც დიდ სირთულეებთან იყო დაკავში­რე­ბუ­ლი, გიორგი ათონელის მუშაობის მეთოდის კიდევ ერთი თავისებურება და ღირსებაა. როგორც გაირკვა, მას სა­გან­გებო სამუშაო ჩაუტარებია მარხვანში შესული ქართველი ავ­ტორის ̶ იოანე მინჩხის საგალობლების ტექსტე­ბისა და რიტ­­მული განკვეთის ნიშნების დადგენის თვალსაზრისით [10, გვ. 79].

როგორც ჩანს, ასეთივე სამუშაო ჩაუტარებია მას მარხ­ვანში შესული ბერძნულიდან თარგმნილი მრავალ­რიცხოვანი საგალობლების ქართულ თარგმანებთან დაკავ­შირებითაც. ამის მაგალითია რომანოზ მელოდოსის განხი­ლული საგალობელი. საგალობლის დასაწყისთან, წესი­სამებრ, მითითებულია ძლისპირი  ̶  „არაჲ დააკლდისავ[ე]“; საგალობლის 7-ვე ტროპარში სწორადაა დასმული რიტ­მუ­ლი განკვეთის ნიშნები და დაცულია საზომი. ამ საზომს ექ­ვემდებარება არა მხოლოდ იკოსები, არამედ შესავალი ტრო­პარიც ̶ პროომიონი, რომელსაც, ჩვეულებრივ, კონტა­კიო­ნებში განსხვავებული საზომი აქვს.

ამრიგად, რომანოზ მელოდოსის ამ საგალობლის გიორგი ათონელის მიერ შესრულებული თარგმანი საყუ­რად­ღებოა მისი რიტმულ-მელოდიური საზომის დადგენის კვლევის თვალსაზრისითაც.

რომანოზ მელოდოსის ეს საგალობელი შესულია ბერძ­­ნული და სლავური მარხვანების არსებულ პუბლიკა­ციებშიც [18, გვ. 105; 20, с. 140-141]. საგალობელი აქაც ყველიერის კვირიაკეზეა დადებული, ოღონდ წარმოდგე­ნილია არა ცალკე, არამედ ჩართულია ამ დღეზე განწე­სე­ბული ქრისტეფორე პროტოსიკრიტის ჰიმნოგრა­ფიული კა­ნ­ო­ნ­ის VI ოდის შემდეგ.

ბერძნული და სლავური მარხვანების პუბლი­კა­ცი­ებში რომანოზის ეს საგალობელი სახელწაუწერლადაა შე­სუ­­ლი საგალობლის I ტროპართან („უსწავლელთა მასწავ­ლელო და სიბრძნისა მომცემელო...“) მიწერილია კონდაკი, და­­ნარჩენ 4 ტროპართან კი  ̶  იკოსი. განსხვავებაა საგა­ლობ­ლის სტრუქ­ტურაშიც: გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მარხ­ვანში საგალობელი შეიცავს 7 ტროპარს, ბერძნულ და სლავურ მარხვანებში კი ̶ 5-ს, აკლია V და VI ტროპარები („არღარა ვიყნოს ყვავილთა“ და „აწ გულისჴმა ვყავ ნაყოფი“) ისევე, როგორც ბოლოდროინდელ ქართულ „მარხვანში“.

ბერძნული და სლავური მარხვანების არსებული პუბ­­ლი­კაციები ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ქართუ­ლი მარხვანი, ხელნაწერთა გვიანდელ ტრადიციას ემყარება, გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მარხვანი კი შედგენი­ლია XI ს-ში, შავ მთაზე ̶ იმდროინდელი ქრისტიანული კულ­­­ტურის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრში გიორგი მთაწ­მინ­­დელის მიერ, რომელიც, ამავე დროს, ათონზეც მოღვა­წეობდა და ზედმიწევნით იცნობდა მის თანამედროვე ბი­ზან­­ტიურ ტრადიციას.

გიორგი მთაწმინდელის ავტოგრაფული მნიშვნე­ლო­ბის მარხვანის მოწმობით ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ უძველეს ნიმუშად მიჩნეული ამ ანონიმური საგა­ლობ­ლის ავტორი რომანოზ მელოდოსია.

ვფიქრობთ, განხილული საგალობელი კიდევ ერთ­ხელ ნათლად მოწმობს ძველი ქართული თარგმანების მნიშ­ვნელობას თვით ისეთი ცნობილი ავტორის შემოქმე­დების შესწავლისათვის, როგორიცაა რომანოზ მელოდოსი.

 

ბიბლიოგრაფია

1. Arenzen, T. and Krueger D., “Romanos in Manuscript: Some Observations on the Patmos Kontakarion”, Proceedings of the 23rd International Congress of Byzantine Studies, Belgrade 2016

2. გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი), გამოსცა, გამო­კვლევა, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო ლალი ჯღა­მაიამ, თბ. 2007

3. იოანე მინჩხის პოეზია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ლელა ხაჩიძემ,თბ. 1987

4. К. Кекелидзе, Иерусалимский Канонарь, Тб. 1912.

5. Grosdidier de Matons J., Hymnes, Saint Ronamus Melodus,Paris1964

6. Grosdidier de Matons J., Romanos le Melode et les origines de la poésie religiese à Byzance. Paris 1977

7. Карабинов, И., Постная Триодь, СПб. 1910

8.ყაუხჩიშვილი, ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტომი III, ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, თბ. 1973

9. კეკელიძე, კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, I, Tb. 1960

10. Krumbacher, K., Geschichte der byzantinischen Litteratur, MÜnchen 1891

11. Krumbacher, K., Die Akrostichis in der Griechischen Kirchenpoesie,München 1903

12. ხაჩიძე, ლ., ეფრემ მცირის ჰიმნოგრაფიული მემკვიდ­რეობის შესახებ, თბ. 2009

13. Frühbyzantinische Kirchenpoesie, I, Anonyme hymnen des V-VI jahrhunderts, ediert von Dr. Paul Maas, Bonn, 1910

14.Maas, P – Trypanis C,A., Sancti Romani Melodi Cantica, Oxford1963

15. Momina M. und Trunte N., Triodion und Pentekostarion, Bonn 2004

16. მცხეთური ხელნაწერი, I, ტექსტი გამოსაცემად მოამ­ზა­და და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა, თბ. 1981

17. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, I, Tb. 1979

18.Τριωδιον κατανυκτικóν, Rome 1879

19.ტრიოდიონი, რომელარსსამსაგალობელი, ტფ. 1901

20. Триодь Постная, I-II, М. 1975

21.Wellesz E., A History of Byzantine Music and Hymnography, Oxford 1980



[1] Sin-5 ასახავს გიორგი ათონელის წინადროინდელ  ̶  X ს-ის გასულისა ან XI ს-ის დასაწყისის ტრადიციას.

[2] ბერძნული საგალობლის ტექსტი იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვარიანტის ბოლოს (ტექსტი გამოქვეყნებულია შემდეგ გამოცემაში  ̶  Maas, P – Trypanis C, A., Sancti Romani Melodi Cantica, Oxford 1963)

[3] ვგულისხმობთ მათ შორის საერთო 7 ტროპარის ტექსტს.