ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





სალომე სანიკიძე

 

შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსნის ორი ტაეპის ანალიზი

ინგლისურ თარგმანებთან მიმართებაში

 

 

შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ერთიანი კვლევის აუცილებელი პირობაა პოემის მაქსიმალურად მართებული ინტერპრეტაცია მეცნიერულ ანალიზზე დაყრდნობით. ნებისმიერი მხატვრული ტექსტის შინაარსის მეცნიერული შესწავლის გვერდით, მისი ინტერპრეტაციის უტყუარ ფაქტად რჩება ნაწარმოების თარგმანი. ჩვენც, სწორედ აღნიშნული მიდგომის გათვალისწინებით, შევეცდებით, წარმოგიდგინოთ რუსთველისეული ერთი სტროფის ორი ტაეპის ანალიზი ინგლისურენოვან თარგმანებთან მიმართებაში.

განსახილველად გთავაზობთ პოემის 1492-ე სტროფს, საკუთრივ, მის პირველ ორ ტაეპს:

„ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,

ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს.

თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს“ [6, გვ.310]

ჩვენი არჩევანი შემდეგი ფაქტორით არის განპირობებული: აღნიშნულ პწკარებში გამოხატული მოსაზრება რუსთველის ქმნილების ერთ-ერთ საფუძველს, როგორც ნეოპლატონისტური მოძღვრების გამოხატულებას წარმოადგენს. საყურადღებოა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა საფუძვლიანად იცოდა არა მხოლოდ ნეოპლატონური ტრადიცია, არამედ ბიბლია და ყურანი, აღმოსავლეთის მამათა წერილები, სუფიზმის მისტიციზმი, რაც გამოვლენილია მის მიერ სუფიზმის თემების ასახვაშიც (სწორედ ღმერთისადმი მისტიკური სიყვარული იყო გაიდეალებული არაბულ სუფიზმში, რომელსაც რუსთველის მიჯნურობის თეორიის ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის [8, გვ.402].

ნეოპლატონიზმი, როგორც ფილოსოფიური მოძღვრება, ქართულ აზროვნებაში თავდაპირველად ნეოპლატონიზმის პირველი გადამამუშავებლის, ფსევდო-დიონისეს ნაშრომებით არის წარმოდგენილი, ხოლო შემდგომ განვითარებას იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში ჰპოვებს. რუსთველის პოემაში მოხსენიებული დივნოსი, შალვა ნუცუბიძის მტკიცებით, გახლავთ V საუკუნის ქართველი მოაზროვნე პეტრე იბერი, არეოპაგეტული წიგნების ავტორი [11, გვ.6-7], იგივე ფსევდო-დიონისე არეოპაგელი.

რუსთველის პოემა ამქვეყნიური სიყვარულის აპოთეოზია და სიკეთის გამოხატულების ძირითად ფორმას აქ სწორედ ამქვეყნიური, მაგრამ, ამავე დროს, ღვთაებრივ სიმაღლემდე აყვანილი სიყვარული წარმოადგენს, სადაც სიყვარულის ობიექტი – ადამიანია. თეზას ადამიანის გაღმერთების შესახებ, ანუ თეორიას ე. წ. „თეოზისზე“, სწორედ პეტრე იბერთან – ფსევდო-დიონისესთან ვხვდებით, რომელიც იძლევა, როგორც ღმერთის გაადამიანურების, ასევე ადამიანის გაღმერთების შესაძლებლობის საფუძველს [11, გვ.86-87]. პეტრე იბერის „პირდაპირი გზა სიკეთისკენ“ წარმოადგენდა ანტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მიღწევას, ხოლო სიკეთის იდეა - არსებობის ერთიანობისა და ერთადერთობის გამომხატველ არსს, რისი გასაღებიც ნეოპლატონისტებმა აღმოაჩინეს და რასაც ასახავს რუსთველი ჩვენთვის საინტერესო ტაეპში „...ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს“, ე.ი. უფლისგან მოვლენილია მხოლოდ კეთილი, რაც თანხვედრაშია ბიბლიურ დაბადებასთან: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი...“ [2, გვ.7], რაც, სწორედ სიკეთის, კეთილი ადამიანის დაბადებას გულისხმობს.

ნეოპლატონიზმის სწავლებაც სამყაროს ერთიანობის შესახებ გულისხმობდა ღმერთის და ადამიანის გაიგივებას და ბოროტების უგულებელყოფას, რადგან ბოროტება ცალკე, როგორც სუბსტანცია, არ არსებობს, ბოროტება სიკეთის ნაკლებობაა, რაც საანალიზო ტექსტის ძირითად არსს წარმოადგენს. სწორედ ეს გახლავთ საანალიზო ტაეპების ძირითადი იდეა, რომელშიც პირდაპირ იკითხება ნეოპლატონიზმის მოძღვრების დედააზრი. „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მსოფლმხედველობას ზოგადად, აშკარად ეტყობა როგორც ანტიკური ფილოსოფიის (პლატონის, არისტოტელეს), ასევე ნეოპლატონური (ფსევდო დიონისე არეოპაგელის) თეოსოფიის ღრმად გააზრება [9, გვ.55].

წინამდებარე სტატიის მიზანია, გავაანალიზოთ რუსთველის ზემოთ წარმოდგენილი ორი ტაეპი იმ ინგლისურ თარგმანებთან შეპირისპირებით, რომელიც შეასრულეს მარჯორი უორდროპმა (პირველი გამოცემა თარიღდება 1912 წ.), ვენერა ურუშაძემ (პირველად გამოიცა 1968 წ.), რობერტ სტივენსონმა (თარგმანის გამოცემის თარიღი: 1977 წ.), ქეთრინ ვივიანმა (გამოიცა: 1977 წ.), და ლინ კოფინმა (2015 წ).

მხატვრული ლიტერატურა ჩვეულებრივ თავის ენობრივ საზღვრებშია მოქცეული და თარგმანის გარეშე შეუძლებელია მისი გაცნობა დანარჩენი სამყაროსათვის. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსთველის სწორად შემეცნებასა და თარგმნას უცხოურ ენებზე, განსაკუთრებით, ინგლისურ ენაზე, რომელიც მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. პოემის ყველა ინგლისურენოვანი თარგმანი ძირითადად ეყრდნობა კვლევას, რომელიც მისი შესრულების დროისთვის იყო მოპოვებული რუსთველოლოგიაში. რუსთველოლოგია კი, როგორც ცნობილია, სათავეს იღებს ვახტანგ VI-დან, რომელმაც შეისწავლა და 1712 წელს გამოსცა პოემა. საუკუნის შემდგომ, პოემის ცალკეული სტროფებისა და ლექსიკის განმარტებები უკვე თეიმურაზ ბატონიშვილმა შემოგვთავაზა. დღეს ჩვენ ძირითადად ვეყრდნობით 1951 და 1957 წლების გამოცემებს ალ. ბარამიძის, კ. კეკელიძისა და ა. შანიძის რედაქციით [6], აგრეთვე პოემის გამოცემას ნ. ნათაძის განმარტებებით, კომენტარებითა და ბოლო სიტყვით [7].

პოემის ინგლისურენოვან თარგმანებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ საერთაშორისო ასპარეზზე გატანისას არსებითად მნიშვნელოვანია რუსთველის მიერ პოემაში გატარებული ფილოსოფიური მოსაზრებების სიღრმისეული ასახვა, რაც, როგორც აღმოჩნდება, ყოველთვის სათანადოდ არ არის რეალიზებული თარგმანში.

ევროპელ მკითხველს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე სრულყოფილი წარმოდგენა ინგლისელი ქალის, მარჯორი სკოტ უორდროპის მიერ შესრულებულმა თარგმანმა შეუქმნა, რომელიც პირველად გამოიცა ინგლისში, 1912 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ. თარგმანს წინ უძღვის მარჯორის ძმის, ცნობილი დიპლომატისა და მკვლევარის, ოლივერ უორდროპის ვრცელი წინასიტყვაობა (წინასიტყვაობა, კომენტარებთან და დანართებთან ერთად პირველ გამოცემას ო. უორდროპმა დაურთო, თუმცა არ შეიძლება იგი მარტო ოლივერს ეკუთვნოდეს. მარჯორი უორდროპი ტექსტის თარგმნის დროს თვითონვე აკეთებდა სქოლიოებს და საჭოჭმანო საკითხებზე სქოლიოში თავის მოსაზრებას გამოთქვამდა „ვეფხისტყაოსნის“ ამა თუ იმ სტროფის გამო. უორდროპისეული თარგმანის კომენტარები მკვლევართა განხილვის საგანი არ გამხდარა, თუმცა ისინი ბევრ საინტერესო დაკვირვებას შეიცავენ „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით [1, გვ.11]), რომელსაც რუსთველზე დაწერილ ნაშრომთაგან ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევენ მკვლევარები (იხ.: თ. სახოკიას, ა. გაწერელიასა და ს. ცაიშვილის შრომები).

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც მარჯორი უორდროპმა პირველად დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე თარგმნა, რუსთველოლოგიურ მეცნიერებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ახსნილი და დასაბუთებული პოემასთან დაკავშირებული საკითხების მთელი წყება, არ იყო გადაწყვეტილი ამ ეროვნული ეპოსის მხატვრული მეტაფორების, რითმის, რიტმის, მსოფლმხედველობის და ჟანრული სპეციფიკის კომპლექსური პრობლემები. სწორედ ამიტომ, ოლივერ უორდროპს, ბრიტანელ დიპლომატს, გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, მისი დის, მარჯორი უორდროპის თარგმანი მიაჩნდა კიბის საფეხურის იმ ქვად, რომელიც სხვებს გაუადვილებდა რუსთველის ტექსტის სწორ ინტერპრეტაციას და ხელს შეუწყობდა მეთორმეტე საუკუნის ამ ძეგლით დაინტერესებას ევროპაში [12, გვ.14]. ეს მართლაც ასე მოხდა, რადგან მარჯორი უორდროპმა დაძლია რუსთველის ენობრივი ფენომენი, როდესაც გულდასმით შეისწავლა ქართული ენა და სწორი ორიენტაცია და გეზი მისცა შემდგომში პოემის რუსულ და ევროპულ ენებზე მთარგმნელებს, რაც, რასაკვირველია, მთარგმნელის მიერ გაწეულ უდიდეს ღვაწლზე მეტყველებს.

ზოგადად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მ. უორდროპი დიდი მთარგმნელობითი ოსტატობის გამოყენებით და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ახერხებს დედნის შინაარსობრივი ქარგის გადატანას თარგმანში.

აი, როგორია საანალიზო ტაეპების მ. უორდროპისეული თარგმანი:

ორიგინალი                                                 

№1. თარგმანი  მ. უორდროპისა

ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

This hidden thing Divnos the sage reveals:

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს...

God sends good, He creates no evil…[12, გვ. 329]

მ. უორდროპი „ამ საქმესა დაფარულსა“ შემდეგნაირად თარგმნის: „this hidden thing“, რაც ქართულად სიტყვა­სიტყვით ნიშნავს: „ეს დაფარული საქმე“, რაც მის სწორ მიგნებად მიგვაჩნია, მით უმეტეს, რომ მთარგმნელს სიტყვა „საქმე“ ადეკვატურად გადააქვს თარგმანში.

დიონისეს სახელიც „დივნოს“ მთარგმნელს შეუცვლე­ლად აქვს შენარჩუნებული და, შესაბამისად, იცავს საკუთარი სახელის უთარგმნელობის პრინციპს, განსხვავებით დანარჩენი მთარგმნელებისგან, რომლებიც, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, დივნოსის, ე.ი. დიონისეს, ვინაობას დაუფარავად ამცნობენ მკითხველს.

მეორე ტაეპის შემთხვევაშიც, მ. უორდროპი სრული სიზუსტით ასახავს დედნისეულ აზრს თარგმანში და შესაბამისად გადმოსცემს დიონისეს დამოკიდებულებას სიკეთისა და ბოროტების მიმართ, რაც თანხვედრაშია თარგმანმცოდნეობის თანამედროვე მეთოდოლოგიასთან, საკუთრივ, როდესაც დედანი და თარგმნილი ტექსტი მინიმუმ ოთხი სახის ინფორმაციის (შინაარსობრივ-ფაქტობრივი, შინაარსობრივ-კონცეპტუალური, ქვე-ტექსტური და შინაარსობრივ-ხატობრივი) გამოყოფისა და რეალიზაციის თვალსაზრისით ფასდება [4, გვ.288].

XX საუკუნის მეორე ნახევარში „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა დაიწყო ვენერა ურუშაძემ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული პოეზიის არაერთი ნიმუშის ინგლისურად ამეტყველების საქმეში. მისი თარგმანი პირველად 1968 წელს გამოსცა თბილისში გამომცემლობამ „საბჭოთა საქართველო“. თარგმანს წინ უძღვოდა მთარგმნელის წინასიტყვაობა და ცნობილი ინგლისელი  ქართველოლოგის, დ. მ. ლანგის შესავალი წერილი, წიგნის რედაქტორები კი კევინ ქროსლი-ჰოლანდი და ნიკო ყიასაშვილი იყვნენ [14].

ამ ახალი საქმის წამოწყებას ობიექტური საფუძველი ჰქონდა: როგორც ვენერა ურუშაძის თარგმანის რედაქტორი, კევინ ქროსლი-ჰოლანდი მიუთითებდა, მ. უორდროპისეული თარგმანის ეგზემპლარები კანტიკუნტად იყო შემორჩენილი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისურ ენაში მომხდარი ცვლილებებიც ახალი თარგმანის საჭიროებას განაპირობებდა [1, გვ.31].

თავად ვ. ურუშაძეც აღნიშნავდა, რომ სწორედ მ. უორდროპის თარგმანი წარმოადგენდა მისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს პოემის თარგმნის მეტად რთულ საქმეში [14, გვ. 8].

წარმოგიდგენთ საანალიზო სტროფს ვ. ურუშაძის თარგმანში:

ორიგინალი                                                 

№2. თარგმანი  ვ. ურუშაძისა

ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

Dionysious the sage has revealed the following wisdom to us:

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს...

God is the giver of good and not the creator of evil……[14, გვ.1498]

ვ. ურუშაძის თარგმანში პირველი ტაეპი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, დაახლოებულია დედანთან, თუმცა, ავტორისეული აზრისგან განსხვავებით, რომელსაც დიონისე არეოპაგელის მოძღვრება სამარადისოდ მიუჩნევია („გააცხადებს...“), თარგმანში დიონისე არეოპაგელის მოძღვრება არა განუსაზღვრელ დროში, არამედ უკვე წარსულის ქმედებად წარმოგვიდგება (revealed: გააცხადა, დაადგინა, გამოავლინა). აქვე ვხვდებით მთარგმნელისეულ ჩანართებს: მაგ. „following wisdom(შემდეგი სიბრძნე), რაც საერთოდ არ გვაქვს დედანში. ისიც საყურადღებოა, რომ ურუშაძეს რუსთველისეული „ამ საქმესა“ გადმოაქვს როგორც the following wisdom, რაც ქართულად სიტყვასიტყვით ნიშნავს „შემდეგი სიბრძნე“.

მეორე ტაეპის შემთხვევაში, ვ. ურუშაძე უფრო მეტად უახლოვდება დედანს და არ არღვევს დიონისე არეოპაგელის დამოკიდებულებას სიკეთისა და ბოროტების მიმართ, გამოხატულს რუსთველის მიერ, რაც, რასაკვირველია, კონკრეტული ტაეპების თარგმანის სასიკეთოდ მეტყველებს.

მთარგმნელი ცდილობს, დაიცვას რუსთველის ხაზი შინაარსობრივი თვალსაზრისით და დაუახლოვოს თარგმნილი ტექსტი ორიგინალს. გარკვეული სიტყვების დამატებით კი ცდილობს მეტი ექსპრესიულობა და დინამიზმი შესძინოს თარგმანს შინაარსობრივი ცვლილების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული ფილოსოფიური მოძღვრების დედაარსს ასახავს და, რასაკვირველია, თარგმანის დადებით მხარეს წარმოადგენს.

XX საუკუნეში პოემა აგრეთვე თარგმნა ინგლისელმა ქართველოლოგმა, რობერტ სტივენსონმა, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ საკუთარი ვერსიისთვის არჩევანი პროზაულ ფორმაზე შეაჩერა [1, გვ.10]. რ. სტივენსონი თითქმის 25 წელი თარგმნიდა პოემას და მისი თარგმანი 1977 წელს გამოსცა იუნესკომ, ამერიკაში [3, გვ. 152]. რ. სტივენსონმა „ვეფხისტყაოსნის“ მისეულ თარგმანს თან დაურთო ძალზედ საინტერესო გამოკვლევა, რომელშიც, სხვადასხვა საკითხთან ერთად, მკითხველს შესთავაზა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის დროს წამოჭრილი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის პასუხებიც.

გთავაზობთ საანალიზო სტროფს რ. სტივენსონისეულ თარგმანში:

ორიგინალი                                                  

№3. თარგმანი  რ. სტივენსონისა

ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

Denys the wise has revealed this arcane truth to us:

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს...

God sends good, and good only; evil is not his creation ... [13, გვ.179]

რ. სტივენსონს „დივნოსი“ თარგმანში შემდეგი სახით გადმოუცია: Denys, რაც განსხვავდება ყველა სხვა მთარგმნელის ვერსიისაგან. ამ არჩევანის საფუძველს ბერძნულ-რომაული სახელისაგან (დიონისე) წარმოქმნილი სახელი დენნისი ან დენის (Dennys, Dennis, Denis) უნდა წარმოადგენდეს, რაც კონკრეტული სახელის თანამედროვე ინტერპრეტაციად გვესახება თარგმანში.

რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო საკითხს, საკუთრივ, ნეოპლატონისტურ მოძღვრებას, მის თარგმანში არ არის დაკარგული საანალიზო ტაეპების ძირითადი აზრი.

რუსთველის პოემის თარგმანებს შორის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ინგლისელი მწერლისა და მთარგმნელის, ქეთრინ ვივიანის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ვარიანტი. ქ. ვივიანისეული თარგმანის სახით ჩვენი კლასიკოსის უკვე მეოთხე თარგმანი შეემატა ინგლისურენოვან სამყაროს. ფრიად სამაგალითოა, რომ ქ. ვივიანმა შეისწავლა ქართული ენა და პოემის თარგმანი ქართველ რუსთველოლოგებთან (ს. სერებრიაკოვი, მ. კარბელაშვილი, მ. გიგინეიშვილი და სხვ.) მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა [1, გვ.69]. 1972 წელს ის საგანგებოდ ეწვია თბილისს და ქართველი მეცნიერების დახმარებით დახვეწა და შეასწორა კიდეც საკუთარი თარგმანი, რომელიც 1977 წელს გამოიცა ფოლიოს საზოგადოების (Folio Society) მიერ ლონდონში. ცნობილია, რომ მას დიდი დახმარება აღმოუჩინა აკადემიკოსმა ალ. ბარამიძემ, რომელმაც საუკეთესო პირობები შეუქმნა მთარგმნელს ტექსტის ურთულესი ადგილების გასაგებად.

ქ. ვივიანის თარგმანი, მისი წინამორბედი მთარგმნელებისგან განსხვავებით, პოემის პოპულარული გარდათქმაა და მის მიერ შესრულებული ვერსია, ფაქტობრივად, პოემის გარკვეულწილად შემოკლებულ ვარიანტს წარმოადგენს. თავად მთარგმნელიც აცხადებს, რომ  ეს არის პოემის „თავისუფალი პროზაული თარგმანი“, რაც გარკვეულწილად ხსნის მთარგმნელის მიერ ზოგიერთი პასაჟის გამოტოვებას თარგმანში. რაც შეეხება საანალიზო სტროფს, ეს სტროფიც ქ. ვივიანთან გამოტოვებულია და, ამდენად, ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმსჯელოთ, თუ როგორ გაიგო ქ. ვივიანმა ნეოპლატონიზმის იდეის შემცველი სტროფი დედანში.

2015 წელს, თბილისში გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ უახლესი თარგმანი, შესრულებული ამერიკელი პოეტისა და მთარგმნელის, ლინ კოფინის მიერ. თარგმანის გამომცემლის, ნ. ალხაზიშვილის თანახმად, ტექსტი თარგმნილია პოემის 1966 წლის გამოცემის მიხედვით, რომლიც რედაქცია ეკუთვნით ი. აბაშიძეს, ა. ბარამიძეს, პ. ინგოროყვას, ა. შანიძესა და გ. წერეთელს.ნ. ალხაზიშვილის ცნობით, ტექსტი შემდგომ შედარებულია ნ. ნათაძის ზემოაღნიშნულ სასკოლო გამოცემასთან. პროლოგის თარგმანი შესრულებულია გ. ჯოხაძის პწკარედის მიხედვით, ხოლო დანარჩენი ტექსტის თარგმანის საფუძველს დ. კიზირიას პწკარედი წარმოადგენს. გამომცემლის განცხადებით, თარგმანში გათვალისწინებულია, როგორც ნ. ნათაძის, ასევე ლ. გიგინეიშვილის შენიშვნები [13, გვ.358], რომელმაც ბოლოთქმა დაურთო ხსენებულ თარგმანს.

პოემის თარგმანი შესრულებულია პოეტური ფორმის მიცემის მცდელობით. პოემაში ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც თარგმანში პოემის ინფორმატულობა დარღვეულია სხვადასხვა ასპექტით, იქნება ეს ფაქტობრივი, კონცეპტუალური, ქვეტექსტური, თუ ხატობრივი პარამეტრი. სამწუხარო ფაქტია, რომ ლინ კოფინი არ ფლობს ქართულ ენას და შესაძლებელია, ესეც იყო ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი პოემის ტექსტის მართებული წვდომისა. ასევე აშკარაა, რომ ის არ ითვალისწინებს წინამორბედი მთარგმნელების წარმატებულ ინტერპრე­ტაციებს და, ამდენად, მასთან რუსთველო­ლოგიური მიღწევები და მიგნებები არ არის სათანადოდ გაზიარებული. თარგმანის ხარვეზებზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს სწორედ ჩვენთვის საინტერესო, საანალიზო სტროფი:

ორიგინალი                                                  

№5. თარგმანი  ლ. კოფინისა 

ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

This hidden truth was revealed to us by Dionysus, the wise

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს...

God creates only good; He lets no evil in the world arise…[15, გვ. 318]


როგორც უკვე ითქვა, რუსთველთან დიონისეს დამოკიდებულება სიკეთისა და ბოროტების მიმართ, მარადიულობას უკავშირდება. რაც შეეხება ლინ კოფინს, ის ქართულ, დედნისეულ სიტყვას „გააცხადებს“, წარსულ დროში გადმოსცემს, რაც ავიწროებს ნეოპლატონისტური მოძღვრების სიღრმეს, გადმოცემულს რუსთველის მიერ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვ. ურუშაძის და ლ. კოფინის მიერ შესრულებული ჩვენთვის საინტერესო პწკარების თარგმანები ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ორიგინალთან: Dionysious the sage has revealed the following wisdom to us – ვკითხულობთ ვ. ურუშაძესთან, ლ. კოფინთან კი იგივე პწკარის თარგმანს შემდეგი ინტერპრეტაციით ვხვდებით:This hidden truth was revealed to us by Dionysus, the wise, რას სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება ქართულად: „ეს დაფარული ჭეშმარიტება გაცხადებული იყო ჩვენთვის დიონისე ბრძენის მიერ“.

რაც შეეხება მეორე ტაეპს, აქ მთარგმნელი რუსთველის ტექსტის შესაბამისად, აწმყო განუსაზღვრელ დროში გადმოსცემს დიონისე არეოპაგელის დამოკიდებულებას სიკეთისა და ბოროტების მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ტაეპის ძირითადი შინაარსი ნეოპლატონიზმის მოძღვრების ირგვლივ, უხეშად არის დარღვეული თარგმანში. თუ დედანში ვკითხულობთ: „...და ბოროტსა არ დაბადებს“, ინგლისური თარგმანი he lets no evil in the world arise (უფალი არ დაუშვებს ქვეყანაზე ბოროტების აღმოცენებას) არა მხოლოდ შეუსაბამობაშია ზემოთ განხილულ ნეოპლატონისტურ მოძღვრებასთან სიკეთისა და ბოროტების შესახებ, არამედ, უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას. ინგლისურენოვან მკითხველს ამ პწკარის წაკითხვისას გაუჩნდება შეკითხვა: თუ უფალი არ უშვებს ბოროტების აღმოცენებას, მაშ რატომ არსებობს ბოროტება დედამიწაზე? აი, ასე შეიქმნა გაუმართლებელი შინაარსი ინგლისურ თარგმანში.

ბუნებრივია, ისმის სხვა კითხვა: თუ ლ. კოფინი, რომელმაც ქართული ენა არ იცის, სარგებლობდა ნ. ნათაძის განმარტებებითა და კომენტარებით, როგორ გაიზიარა, ან გაიზიარა თუ არა მან ნათაძისეული ინტერპრეტაცია? ისმის კიდევ შემდეგი კითხვა: რაიმე ცდომილებას ხომ არ შეიცავდა თავად ნათაძისეული განმარტება ზემოაღნიშნული პწკარისა? გადავამოწმეთ რა ნ. ნათაძესთან ზემოაღნიშნული სტროფის ინტერპრეტაცია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ნ. ნათაძის მიერ ნეოპლატონიზმის იდეის შემცველი რუსთველის ტექსტის სწორ მეცნიერულ წვდომაში. ჩანს, მთარგმნელი არ გაეცნო სიღრმისეულად ნათაძისა და სხვა ქართველ სწავლულთა განმარტებებს და, ასევე, არ გაიზიარა ამ სტრიქონის ის მართებული ინტერპრეტაციები, რომლებიც ასახულია, პირველ ყოვლისა, მ. უორდროპის, ხოლო შემდეგ ვ. ურუშაძისა და რ. სტივენსონის ინგლისურ თარგმანებში.

განხილული თარგმანების კვალდაკვალ, საინტერესოა საანალიზო სტროფის შ. ნუცუბიძისეული რუსულენოვანი თარგმანიც: „Мудрый Дивнос открывает дела скрытого исток: лишь добро являет миру, а не зло раждает бог… ” [10 გვ.330], რადგან მას, როგორც აღიარებულ რუსთველოლოგსა და ფოლოსოფოსს, რასაკვირველია, ზედმიწევნით ზუსტად

აქვს ასახული რუსთველის მიერ გამოხატული ნეოპლატონისტური არსი თარგმანში.

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ საანალიზო სტროფის კონტექსტში, მ. უორდროპის თარგმანი ყველაზე მართებულ ვარიანტს წარმოადგენს, ვ. ურუშაძისა და რ. სტივენსონის თარგმანებიც წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო საანალიზო სტროფის ლ. კოფინისეულ თარგმანში არსებითად დარღვეულია ავტორისეული აზრი. ბუნებრივია, ინგლისურენოვანი მკითხველი დაელოდება ჩვენი საუკუნის უკეთეს ვარიანტს, რათა „ვეფხისტყაოსანმა“ წვლილი შეიტანოს მსოფლიო კულტურის საგანძურში და მეტი სახელი და დიდება მოიხვეჭოს საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ბიბლიოგრაფია

  1. ანდრონიკაშვილი ნ., „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანები. თბ. 1984.
  2. ბიბლია,თბ.2013.
  3. გამსახურდია ზ., „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურ ენაზე. თბ. 1984.
  4. მერაბიშვილი ი., პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა. თბ. 2002.
  5. ნუცუბიძე ქ., შალვანუცუბიძე (ეპოზოდებიცხოვრებიდან).თბ. 1982.
  6. რუსთაველი შ., „ვეფხისტყაოსანი(სარედაქციო კოლეგია: ალ. ბარამიძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე).თბ.1957.
  7. რუსთაველი შ., „ვეფხისტყაოსანი (რედაქტორი ალ. ჭინჭარაული, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, განმარტებანი, კომენტარი და ბოლო სიტყვა დაურთო ნ. ნათაძემ). თბ. 1974.
  8. ხინთიბიძე ე., „ვეფხისტყაოსნის“ იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბ. 2009.
  9. ხინთიბიძე ე., „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში. თბ. 2017.
  10. Руставели Ш., «Витязь в Тигровой Шкуре». Перевод с грузинского Шалва Нуцубидзе. Тб.1957.
  11. Нуцубидзе Ш.,Собрание Сочинеиий, Том V. Тб. 1988.
  12. Rust’haveli Sh., The Man in the Panther’s Skin”, a close rendering from the Georgian, attempted by Marjory Scott Wardrop. Tb. 1966.
  13. Rustaveli Sh., The Lord of the Panther Skin”. Translated by R. H. Stevenson. Alb. 1977.
  14. Rustaveli Sh., “The Knight in the Panther’s Skin”. Translated by V. Urushadze, Tb.1986.
  15. Rustaveli Sh., The Knight in the Panther Skin”. New Translation by Lyn Coffin. Tb. 2015.