ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
კორნელია ჰორნი
ვერნერ სეიბტი ნაშრომში, რომელშიც განხილულია ქართული ანბანის შექმნის ადგილი, თარიღი და მიზეზები [1], საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელსაც ქრისტიანობა V საუკუნის დასაწყისში აწყდებოდა და რის გამოც ბევრი ქართველი, რომლებსაც სურდათ ქრისტიანული სარწმუნოებისადმი თავისუფალი თაყვანისცემა, იძულებული ხდებოდა სამშობლო დაეტოვებინა და საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. წყაროების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი სირიისა და პალესტინის წმინდა ადგილებში მიემგზავრებოდა როგორც პილიგრიმ–მომლოცველი. არცთუ იშვიათად ეს ადამიანები ადგებოდნენ ასკეტური ცხოვრების გზას და დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდნენ სამშობლოსგან შორს. სამონასტრო საქმის შესწავლის შემდეგ ქართულენოვანი ბერები საკუთარ მონასტრებს აფუძნებდნენ. ალბათ ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი პირველი ქართველი პილიგრიმთაგანი წმინდა მიწაზე იყო პეტრე იბერი. მისი მაგალითი, როგორც სეიბტი აღნიშნავს, ადასტურებს, რომ ამგვარი, განდეგილებად ქცეული პილიგრიმები საქართველოს წარჩინებული ოჯახების წარმომადგენლებიც იყვნენ. სეიბტის ეჭვი პეტრეს ცხოვრების შესახებ არსებული სირიული და ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძვლიანობის შესახებ ეყრდნობოდა ჯერაც გადაუჭრელ პრობლემას, რომლის მიხედვითაც გაურკვეველია, პეტრე ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო, თუ მხოლოდ წარჩინებული ოჯახის შვილი[2]. ქვემოთ მოყვანილი შენიშვნები მიზნად ისახავს ამ ეჭვის შეფასებას. პეტრე იბერის სირიული და ქართული ცხოვრებანი, რომლებიც იკვლევენ პეტრეს გენეალოგიას, რამდენჯერმე უკვე გახდა განხილვის საგანი. კამათში ჩართულნი იყვნენ ხოსე მარკვართი[3], პოლ პიტერსი[4], კირილ თუმანოვი[5], ბერნარდ ფლუსინი [6] და ამ სტატიის ავტორი[7]. მაშინ როცა პიტერსსა და თუმანოვს ეჭვი შეაქვთ პეტრე იბერის მეფური წარმოშობის თეორიაში, მარკვართი, ფლუსინი და ჰორნი მიიჩნევენ, რომ პეტრე იბერის სირიული ცხოვრების ავტორი დაეყრდნობოდა თვითმხილველების მონათხრობს და, მათ შორის, თავად პეტრეს მოგონებებს. ამდენად, დასახელებული წყაროებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ პეტრე ყოფილიყო იბერიის სამეფო ოჯახის წევრი. ამ პრობლემის შესწავლისთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ განსხვავებული მონაცემები, რომელიც შეიცავს ტექსტურ მტკიცებულებებს შემდეგი ნაშრომებიდან: პეტრე იბერის ქართული ცხოვრება, ქართლის ისტორია, პეტრე იბერის სირიული ცხოვრება. (ეს უკანასკნელი, შესაძლოა, იოანე რუფუსის მიერ შეიქმნა თავდაპირველად ბერძნულ ენაზე და შემდეგ ითარგმნა სირიულად), პლერიფორიები, ასევე ეპიგრაფული წარწერები V ან VI საუკუნის ბირ ელ-ქათის ქართული წარწერების კომპლექსის სახით. პეტრე იბერის ქართული ცხოვრება მიეკუთვნება გვიანდელი პერიოდის ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს და ცნობილია მისი გრძელი და მოკლე ვარიანტი. ამ ტექსტის ზოგიერთი ფენა-პლასტი შეიძლება ეხმიანებოდეს ჰაგიოგრაფის მიერ პეტრე იბერის ცხოვრების ადრეული ვარიანტიდან ამოღებულ ინფორმაციას, რომელიც ბერძნულ ენაზე შეიქმნა ზაქარია რიტორის მიერ V საუკუნის მიწურულსა და VI საუკუნის დასაწყისში. შესაბამისად, ცხოვრების ეს ვარიანტი ითარგმნა სირიულად. არც ბერძნულსა და არც სირიულ ტექსტს არ მოუღწევია ჩვენამდე, გარდა სირიული ტექსტის ბოლო ხაზებისა. თუმცა არსებობს აზრი, რომ ზაქარიას მიერ შექმნილი პეტრე იბერის ცხოვრება შესაძლებელია შესულიყო პეტრე იბერის ქართულ ცხოვრებაში როგორც მისი ერთ-ერთი ნაწილი. ნაშრომის საფუძვლიანი კვლევა ცხადჰყოფს, რომ ასევე შესაძლებელია, პეტრე იბერის ქართული ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოადგენდეს პეტრე იბერის სხვა ცხოვრების, კერძოდ, იოანე რუფუსის პეტრე იბერის სირიული ცხოვრების გადამუშავებულ ვერსიას. სრულიად შესაძლებელია, პეტრე იბერის ქართულ ცხოვრებაში რუფუსის გადამუშავებულ ტექსტთან გვაქვს საქმე, და მასში ძირითადად წაშლილია ანტი–ქალკედონიური კვალი[8]. სანამ არ მოხერხდება ზაქარიასეული პეტრე იბერის სირიული ცხოვრების შემორჩენილი რამდენიმე ბოლო ხაზის გარდა დამატებითი ტექსტობრივი მასალის გამოვლენა, რთული იქნება იმის მტკიცება, რომ პეტრე იბერის ქართული ცხოვრება უშუალო კავშირშია ზაქარიას ტექსტთან. პეტრე იბერის ქართული ცხოვრება მის გვიანდელ, საბოლოო რედაქტირებას სულ მცირე, რამდენიმე პლასტში ამჟღავნებს. კერძოდ, იმის გამო, რომ მეორე თავში ტექსტში ნახსენებია ნიკეტას დავით პაფლაღონი, იგი შეიძლება X საუკუნით დათარიღდეს. ტექსტის სხვა ელემენტები იმავე თავში ცხადყოფენ, რომ იგი XI საუკუნის რედაქტირების შედეგია. ეს ჩანს, მაგალითად, იმ ტრადიციების კომბინირებულ აღწერაში, რომლებიც უკავშირდება ანდრია მოციქულის მისიონერულ ქმედებებს ლაზებთან და ნინოს მიერ იბერიაში ქრისტიანობის გავრცელებას[9]. დავიდ მარშალ ლანგის თვალსაზრისით, პეტრე იბერის ქართული ცხოვრება, ამჟამინდელი სახით, უკეთეს შემთხვევაში, წარმოადგენს XIII საუკუნის ტექსტის რედაქციას[10]. პეტრე იბერის ქართული ცხოვრებისათვის პეტრეს წარმომავლობა ქართველთა მეფის ოჯახიდან უეჭველი ფაქტია. მოკლე და გრძელი ვერსიების სათაურშივე, რომლებსაც ნიკო მარმა გაუკეთა რედაქტირება, პირდაპირ განცხადებულია, რომ პეტრე არის „ძე ქართველთა მეფისაი“[11]. პირველი პარაგრაფის პირველივე წინადადებაში ორივე ვერსია ასევე აღწერს პეტრეს როგორც „რომელი-იგი აღმოსცენდა ძირთაგან სამეუფოთა და საღმრთოთა“. ორივე ვერსიის მეორე თავში მოთხრობილია მეფე ვარაზ-ბაკურის შესახებ, რომელიც მოიხსენიება მეოთხე მეფედ მეფე მირიანის შემდეგ და რომელსაც ანგელოზთან შეხვედრის დროს ეცნობა, რომ თუმცა მასსა და მის ცოლს მემკვიდრე არ ჰყავდათ, მალე ვაჟი შეეძინებოდათ. ვაჟს, რომელიც ამ მოვლენიდან მალე დაიბადა, სახელად მურვანი დაარქვეს. პეტრე იბერის ქართული ცხოვრების ტრადიციის მიხედვით, სწორედ ეს მურვანი, რომელიც გახლდათ ვარაზ-ბაკურისა და მისი მეუღლის მემკვიდრე და, ამდენად, მეფური წარმოშობისა, გაემგზავრა პალესტინაში, გახდა ბერი და სახელად იწოდა პეტრედ. პეტრე იბერის ქართულ ცხოვრების გარდა პეტრეს მეფურ წარმომავლობაზე საუბარია ქართულ ისტორიოგრაფიაშიც, კერძოდ, ქრონიკებში, რომელიც ცნობილია, როგორც ქართლის ცხოვრება. ეს ტექსტი პეტრეს მეფური წარმოშობის უფრო გართულებულ სურათს გვიხატავს. ერთ–ერთი პრობლემა სათავეს იღებს ქართლის ცხოვრებაში ვარაზ-ბაკურის წინააღმდეგობრივი დახასიათებიდან [12]. ნარატივი, რომელიც ვარაზ-ბაკურს გვისახავს როგორც ძლიერ ქრისტიან მეფეს, ასევე გვაცნობს მას როგორც მურვანის, შემდგომ პეტრე იბერად წოდებულის, მამას. ტექსტის იმ მონაკვეთის მიხედვით, რომელიც ვარაზ-ბაკურს უარყოფით პიროვნებად ახასიათებს, მას ორი ცოლისაგან სამი ვაჟი ჰყავდა და არც ერთ მათგანი არ იყო პეტრე იბერი. ის ტრადიციაც კი, რომელიც ვარაზ–ბაკურს მურვან/პეტრეს მამად წარმოგვიჩენს, არ არის დაზღვეული გაუგებრობებისგან, რამდენადაც მკითხველი ადვილად ამჩნევს, რომ პეტრე იბერის ცხოვრებასთან დაკავშირებული ორი ამბავი, ამ შემთხვევაში, მიყოლებითაა განლაგებული. პრაქტიკულად, პეტრეს როგორც ვარაზ-ბაკურის ძის ამბავი ორჯერ არის მონათხრობი და არც ერთი მათგანი არ სვამს კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა მურვან/პეტრე მეფური წარმოშობის. ორივე მათგანი პეტრეს ცხოვრების სხვადასხვა ფაქტებს განსხვავებული ხაზგასმით წარმოგვიდგენს, რაც ჩვენი დღევანდელი კვლევის საკითხს არ წარმოადგენს. საბოლოოდ, ქართლის ცხოვრება ვარაზ-ბაკურისა და მისი შთამომავლობის სამ განსხვავებულ ტრადიციას გვთავაზობს, ან ორ განსხვავებულ ტრადიციას, რომელთაგანაც ერთი, ორი ვარიანტით არის წარმოდგენილი. ქართლის ცხოვრების მიხედვით ვარაზ-ბაკურის წარმოჩენა როგორც მურვან/პეტრეს მამისა და პეტრე იბერის ქართული ცხოვრებაში ასახული ტრადიციის ურთიერთმიმართებისა და ქრონოლოგიური დამოკიდებულების განსაზღვრა ის საკითხია, რომელიც მოითხოვს უფრო დეტალურ განხილვას ცალკე კვლევაში. პეტრე იბერის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას პეტრე იბერის სირიულ ცხოვრებაშიც ვხვდებით, რომელიც იოანე რუფუსთან ასოცირდება[13]. ეს ტექსტი ბერძნულ ენაზე შეიქმნა გვიანი მეხუთე საუკუნის პალესტინაში. პეტრე იბერის სირიული ცხოვრება,მსგავსად სხვა ტექსტისა, რომელიც ასევე შეთხზულია იოანე რუფუსის მიერ და წარმოადგენს აპოფთეგმების მსგავს მოთხრობების კრებულს სახელწოდებით Plerophoriae, პეტრე იბერის როგორც V საუკუნის პალესტინაში ანტი–კალკედონიური მოძრაობის ლიდერის და მისი უახლოესი თანამებრძოლების შესახებ, პეტრეს ქართულ სახელად მოიხსენიებს ნაბარნუგიოსს (Nabarnugios)[14]. ეს კი, ცხადია, ეწინააღმდეგება პეტრე იბერის ქართულ ცხოვრებაში მოყვანილ ცნობებს. თუმცა ორივე ტექსტი ადასტურებს, რომ სახელი პეტრე, რომლითაც იგი ფართოდ გახდა ცნობილი, მას ეწოდა პალესტინაში, ბერად აღკვეცის დროს. რუფუსის პეტრე იბერის სირიული ცხოვრების მიხედვით, ნაბარნუგიოს/პეტრე იყო იბერიელთა მეფის, ბოსმარიოსის (II) შვილი, ხოლო დედას სახელად ერქვა ბაკურდუხტი (Bakurduktia). მამის მხრივ, მისი პაპა და ბებია იყვნენ ბოსმარიოსი (Bosmarios) (I), ივერიის მეფე და ოსდუქტია (Osduktia). დედის მხრივ, პეტრეს პაპისა და ბებიის სახელებია ბაკური, რომელიც, რუფუსის ხელთ არსებული ცნობით, იყო იბერიელების პირველი ქრისტიანი მეფე და დუქტია (Duktia)[15]. რუფუსი ასევე ახსენებს, ბაკურის ძმას, არსილიოსს (Arsilings), რომელიც საქართველოს ტახტს იყოფდა. ამ გენეალოგიური კვლევის ძლიერი ჰაგიოგრაფიული მახასიათებლები უკვე აღიარებულია ადრინდელ კვლევებში. პეტრე იბერის სირიული ცხოვრება პეტრეს ოჯახის რამდენიმე წევრს გვისახავს როგორც უკიდურესად ღვთისმოსავ ხალხს. ამასთანავე, ტექსტი ასევე არ ერიდება უფრო პრობლემური საოჯახო ცხოვრების დეტალების გამომჟღავნებასაც, მაგალითად იმას, რომ პეტრეს მამას ხარჭა ესვა, რომელთანაც მას ქალიშვილი შეეძინა. ასევე საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა დაბალი სოციალური წრის ადამიანების შესახებ მსჯელობას. მაგალითად, პეტრეს ძიძას და საჯალაბოს სხვა წევრებს. პეტრეს ძიძა ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომლის სახელიც უნდა ეხსენებინათ პეტრეს მონასტერში, პალესტინაში. ამგვარ, უკიდურესად ინტიმურ დეტალებს, რომლებიც გაკვრით ან საერთოდ არ ეხებიან პეტრეს ადგილს სამეფო დინასტიაში, მკითხველი მიჰყავს აზრამდე, რომ პეტრე იბერის სირიული ცხოვრების ავტორი გარკვეულ ინფორმაციას მაინც ფლობდა მისი პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ, რომლებიც თავად პეტრე იბერს უნდა გაემხილა მისთვის. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კომენტარი პეტრეს მეფური წარმოშობის შესახებ, ამ ტექსტში, მართლაც ასახავს ქართველი ბერის ჭეშმარიტ, პირად მოგონებებს. ქართლის ცხოვრებაში ასახული ტრადიციის მიხედვით, ბაკური იყო პეტრეს დიდი ბაბუა მამის მხრიდან, ხოლო პეტრე იბერის სირიული ცხოვრების მიხედვით, ბაკური წარმოდგენილია როგორც პეტრეს ბაბუა დედის მხრიდან. პეტრეს ნათესავების ზუსტი სახელებისა და თაობრივი მუხლებისა და ურთიერთობების განსხვავებული აღწერის მიუხედავად, სირიული და ქართული ჰაგიოგრაფიული ტრადიციები, ისევე როგორც ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში ასახული ტრადიცია, ცალსახად ერთ აზრზე დგანან, რომლის მიხედვით, ნაბარნუგიოსი/მურვანი/პეტრე პირდაპირი შთამომავალი იყო მეფისა, და არა მხოლოდ არისტოკრატიული, მაგრამ არა სამეფო გვარის წარმომადგენელი. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ დამატებითი ინფორმაცია პეტრე იბერიელის შესახებ შეიძლება მოვიპოვოთ პალესტინაში გათხრების შედეგად XX საუკუნეში ნაპოვნ ეპიგრაფში. იუდეის უდაბნოში წარმოებული გათხრების დროს ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები ბირ ელ-ქათში (Bir el-Qut), ხირბეთ სიკატ ალ-გჰაამის (Khirbet Siyar al-Ghanan) საიახლოვეს, ბეთლემთან და მონასტერი მეექვსე საუკუნით დაათარიღა[16]. მონასტერში აღმოჩენილია მოზაიკური იატაკის ნაწილი, ოთხი ქართული წარწერა, ერთი მთლიანი სახით და სამი – ნაწილობრივ დაზიანებული[17]. სრულად შემორჩენილი წარწერა VI საუკუნეს ეკუთვნის. რადგანაც პირველ და მეორე წარწერაში მოხსენებულია წმინდა თეოდორე [17], შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეორე წარწერა VI საუკუნით თარიღდება. ორ ნაწილობრივ შემორჩენილ წარწერაში ნახსენებია სახელები მაროვანი და ბოურზნი (Marowan and Bowrzn) (წარწერა 2). რომელიც იშიფრება როგორც მურვან, ბუზმარ ან ბოსმარიოს და ბაკურ, რაც ემთხვევა პეტრე იბერის ქართულ სახელს, რომლითაც იგი მოიხსენიება პეტრე იბერის ქართულ ცხოვრებაში, მისი მამის - ბოსმარიოსი და დედის მხრიდან პაპის - ბაკური სახელებს, როგორც საუბარია პეტრე იბერის სირიულ ცხოვრებაში. მაშინ როდესაც სახელი ბაკური (Bakowr) ადვილად იკითხება, სახელიდან მაროუვან, მხოლოდ მარ{ოუა}ნ არის შემორჩენილი მოზაიკაში და სახელიდან ბოურზნ (Bowrzn), იკითხება მხოლოდ ბო[]რზნ (Bo[]rzn). ფლუსინთან აშკარად იკვეთება პეტრეს გენეალოგიის დეტალების შესახებ ინფორმაციის რეკონსტრუქციის მეთოდოლოგიური სირთულე, რადგანაც ეს მოითხოვს სირიული და ქართული ცხოვრებების, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების დაკავშირებას. შთამბეჭდავია, რომ ეს წარწერები მკითხველს სამ სახელს აწვდიან, რომლებიც, სხვადასხვა რედაქციით, დაკავშირებულია პეტრე იბერის ოჯახის ისტორიასთან. მეორე მხრივ, წინააღმდეგობა სირიულ და ქართულ ჰაგიოგრაფიულ მასალას შორის პეტრეს ქართულ სახელთან დაკავშირებით, გამორიცხავს ერთ-ერთს და გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ბირ ელ-ქათის ეპიგრაფული მასალა მართლაც ძლიერი საბუთია პეტრეს გენეალოგიის ზუსტი დეტალების დასადგენად. შესაძლებელია, გამოსავალი მდგომარეობდეს ინფორმაციის საპირისპირო ინტერპრეტაციის მცდელობაში. შესაძლოა მოზაიკური წარწერები სწორად ასახელებენ პეტრეს ქართულ სახელს, ისევე როგორც მამამისისა და ბაბუის სახელებს. ამ შემთხვევაში, იოანე რუფუსს თავის პლერიფორიებსა და პეტრე იბერის ცხოვრებაში შეიძლება შეცდომით ეჩვენებინა პეტრეს ქართული სახელი, მაგრამ მისი გენეალოგიის დეტალებს სწორად აღნუსხავდა. საპირისპიროდ, პეტრე იბერის ქართული ცხოვრება და ქართლის ცხოვრება პეტრეს ქართულ სახელს სწორად წარმოაჩენს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომლებიც ცდება პეტრეს გენეალოგიის მიმართ უბრალო ინტერესს და შეიძლება ემყარებოდეს უფრო ღრმა პოლიტიკურ ინტერესებს, მისი გენეალოგია გადაიწერა და წარმოჩინდა განსხვავებულ დინასტიურ კონტექსტში. ბირ ელ-ქატის ქართული წარწერები არ გვეუბნებიან, რომ მურვან/პეტრე მხოლოდ არისტოკრატიული და არამეფური წარმოშობის იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლე სრულად არასოდეს გამოვლინდება, არც ეპიგრაფული, არც ისტორიული და არც ჰაგიოგრაფიული მასალა გვაძლევს სერიოზული ეჭვის საფუძველს იმის შესახებ, რომ პეტრე ნამდვილად მეფისწული იყო, და არა მხოლოდ არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი. ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია იმ სამეფო ოჯახის ზუსტ კონტურს ასახავს, რომელშიც იგი დაიბადა.
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|