ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ზაზა ხინთიბიძე 

კლასიკური ტრადიციის პაროდირებული ალუზია,

როგორც კომპოზიციური ფუნქცია რუსთველის ვეფხისტყაოსანში

 

ქართულ ლიტერატურაში და კერძოდ, რუსთველის ვეფხისტყაოსანში ანტიკურობის რეცეფციის კვლევის ისტორია უკვე არაერთ ათწლეულს ითვლის [იხილე: 1; 3, გვ. 46-49, გვ. 182-195, გვ. 306-337, გვ. 376-473, გვ. 550-581; 8; 7]. უკანასკნელ ხანებში "ვეფხისტყაოსანში" გამოვლენილი იქნა კლასიკური ტრადიციის რეცეფციის ახალი შემთხვევები[იხ. 5; 9].

წინამდებარე სტატიის ძირითადი მიზანი ვეფხისტყაოსნის ტექსტში, ჩემი დაკვირვებით, არსებული ანტიკურობის ალუზიის კიდევ ერთი შემთხვევის გამოვლენა და გაანალიზებაა, რომელზეც რუსთველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე ყურადღება არ გამახვილებულა. რეცეფციის ეს შემთხვევა, ჩემი აზრით, ფიქსირდება ქაჯეთის ციხის აღების წინ გამართული გმირთა თათბირის ამსახველ ეპიზოდში. კერძოდ კი, ფრიდონის, თუ ასე შეიძლება ითქვას, შემაჯამებელ სიტყვაში, რომლითაც ის იწონებს ციხის აღების ტარიელისეულ გეგმას.

რეცეფციის განსახილველი შემთხვევა ვეფხისტყაოსანში აქამდე დაფიქსირებული დანარჩენი შემთხვევებისაგან თავისი უდაოდ პაროდიული ფორმით გამოირჩევა. კერძოდ კი, ფრიდონი ტარიელს ხუმრობით ეუბნება, რომ ნანობს, თუ რატომ აჩუქა მას წლების წინ თავისი „ჯადოსნური“ ცხენი, რომელიც უსწრაფესია და ახლა ტარიელს და არა თავად ფრიდონს, მის უწინდელ მფლობელს, დაეხმარება ქაჯეთის ციხის აღებაში[4, სტრფ. 1398-1399]:

„ფრიდონ უთხრა: “შემიგნია, გაგიგია, ვიცი მე, რა:
მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა;
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა”.
ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბართა ესოდენთა.

ამას ზედა გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვაბრძენთა,
ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,
გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა“.

საქმე ისაა, რომ ბრძოლის ტარიელისეული გეგმით წარმართვის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, ციხეში პირველი ის გმირი შეჭრილიყო და ქაჯეთის აღების პატივიც მასვე ხვდომოდა წილად, ვისაც უფრო მარდი ცხენი ჰყავდა[4, სტრფ. 1398-1399]:

„მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:
გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,
სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები;
მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.

ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“.

ვფიქრობ, აშკარაა ის გარემოება, რომ იუმორით ჭარბად გაჯერებულ თავის მიმართვაში ტარიელისადმი ფრიდონი ყურადღებას ამახვილებს ციხის აღების ტარიელისეული გეგმის მხოლოდ ერთ – პირველ ნაწილზე და ჩქმალავს მის მეორე ნაწილს. კერძოდ, ტარიელის ვარაუდით, სამი გმირიდან მხოლოდ ერთი მოასწრებდა ციხის კარების დახურვამდე შიგნით შეჭრას და ამდენად, ამ გმირს, ფაქტობრივად, ეულად მებრძოლს მოუწევდა მტრის დამარცხება და ქაჯეთის აღება. თავისი ხუმრობით კი ფრიდონი საქმეს იმგვარად წარმოაჩენს, რომ ციხის ასაღებად, თითქოს, საკმარისი იყო მხოლოდ სწრაფი ცხენის ყოლა, რომლის საშუალებითაც გმირი ციხის შიგნით აღმოჩნდებოდა. ყველაფერი დანარჩენი კი, მათ შორის მტრის დამარცხებაც, სრულიად უმნიშვნელო იყო და მასზე არც ღირდა ყურადღების გამახვილება. ამგვარი გზით კი, როგორც ცნობილია, „რეალურად“ მხოლოდ ერთი ციხის - ტროის აღება გახდა შესაძლებელი: ხის ცხენის წყალობით ციხის შიგნით აღმოჩენილი ბერძნები ღამით თავს დაესხნენ მძინარე ტროელებს და ფაქტობრივად, უბრძოლველად დაამარცხეს მოწინააღმდეგე. ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ, კლასიკური ტრადიციის თანახმად, ხის ცხენი, რომლის საშუალებითაც აქაველებმა აიღეს ტროა, ტროელებმა აღიქვეს მოწინააღმდეგის მიერ მათთვის და ღმერთებისათვის დატოვებულ საჩუქრად (აქედან მომდინარეობს, როგორც ცნობილია, ფრთიანი ფრაზა – დანაელთა საჩუქარი). ფრიდონის მიმართვაშიც ტარიელისადმი ხაზგასმულია, რომ ის ნანობს, თუ რატომ აჩუქა თავისი ცხენი მეგობარს. ამდენად, ვფიქრობ, ნათელი უნდა იყოს, რომ ნაჩუქარი „ჯადოსნური“ ცხენის საშუალებით ციხის აღება ანტიკურობის და კერძოდ, ჰომეროსის ეპოსის თუნდაც ზედაპირულად მცოდნეშიც კი შეიძლება იწვევდეს მხოლოდ ერთი სახის ასოციაციას: ესაა კლასიკური ტრადიციიდან საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული ფაქტი – „ნაჩუქარი“ ხის ცხენის საშუალებით ბერძნების მიერ ტროის აღება.

რამდენადაც მთელი პასაჟის ფარგლებში რუსთველის მიერ რამდენჯერმეა ხაზგასმული, რომ ფრიდონის სიტყვები ხუმრობითაა თქმული, რაც ტარიელსა და ავთანდილში საპასუხო სიცილს იწვევს, ჩემი აზრით, განსახილველ ეპიზოდში ფიქსირდება ანტიკურობის რეცეფციის არა მხოლოდ კიდევ ერთი, „მორიგი“ შემთხვევა ვეფხისტყაოსანში, არამედ კლასიკური ტრადიციის ალუზია პაროდიის ფორმით. მაგრამ აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ჰომეროსის ეპოსის რუსთველისეული ალუზია განეკუთვნება პაროდიის არა მწვავე, სარკაზმის შემცველ, სატირულ ტიპს, არამედ მის მეორე ნაირსახეობას, რომლისთვისაც ნიშანდობლივია მსუბუქი, უწყინარი იუმორი. სხვაგვარი ტიპის ხუმრობით, პოემის რეალიებიდან გამომდინარე, ფრიდონი ტარიელს ვერც მიმართავდა.

ანალოგიურია, სავარაუდოდ, რუსთველის დამოკიდებულებაც ჰომეროსის ეპოსისადმი. ამდენად, ამ შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ ერთი გენიალური ხელოვანის მიერ ეპიკური ტრადიციის სათავეში მდგარი მეორე, საყოველთაოდ აღიარებული ეპიკოსისადმი ერთგვარი „შეხმიანების“, მიმართვის სურვილი: ჰომეროსის ეპოსის გადაკვრით, მინიშნებით მოხსენიება ანუ ალუზია, მაგრამ – პაროდირებული ფორმით. თუმცა, პაროდირებული ალუზიის რუსთველის მიერ შერჩეული ფორმა ანტიკური პროტოტიპისადმი მის (რუსთველის) უდაოდ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ავლენს.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა უნდა ყოფილიყო ალუზიის სწორედ პაროდირებული ფორმით განხორციელების მიზეზი ვეფხისტყაოსნის ამ კონკრეტულ სცენაში, რასაც ანალოგი არ ეძებნება პოემის არც ერთ სხვა ეპიზოდში? ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, რუსთველისათვის ჰომეროსის ეპოსის პაროდია თვითმიზნურია, თუ იუმორი მას რაიმე კონკრეტული კომპოზიციური ჩანაფიქრისათვის აქვს გამოყენებული?

როგორც უკვე აღვნიშნე, პაროდიის საფუძველს წარმოადგენს ფრიდონის მიერ ქაჯეთის ასაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭება ტარიელის ცხენის სისწრაფისათვის და არა გმირის ბრძოლისუნარიანობისათვის. ამით კი ხის ცხენით ტროის აღების ასოციაციის გამოწვევასთან ერთად წინასწარ ესმის ხაზი იმ გარემოებას, რომ ქაჯეთის ბედი უკვე გადაწყვეტილია! გარდაუვალი დაცემისაგან მას ვერაფერი იხსნის, ისევე როგორც ეს მოხდა ტროის შემთხვევაში. ამდენად, რაკი მსმენელისა თუ მკითხველისათვის წინასწარაა ცნობილი ბრძოლის შედეგი, ქაჯეთის ციხის დალაშქრვის ეპიზოდის „დრამატულობის“ ხარისხი მკვეთრადაა შემცირებული და კომპოზიციური თვალსაზრისით, ის უკვე ვეღარ თამაშობს მთელი პოემის მასშტაბით საკვანძო ან უმჯობესია ითქვას, გადამწყვეტი ადგილის როლს. არა და, იდეურ-მსოფლმხედველობითი თვალსაზრისით, თითქოს, სწორედ აქ ხდება საბოლოოდ კეთილისაგან ბოროტის ძლევა, რაც რუსთველის მიერ საგანგებოდაა აღნიშნული: „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“ [4, სტრფ. 1414, 2]. მაგრამ საწინააღმდეგოზე მეტყველებს პოემის კიდევ ერთი ეპიზოდიც. კერძოდ, ავთანდილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები ფატმანისადმი: „წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსულა შარშანდელი,/ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი“ [4, სტრფ. 1307, 3-4]. აქაც რუსთველი სრულიად არაორაზროვნად გააცხადებს, რომ ქაჯეთის ციხე ტარიელის მიერ აუცილებლად იქნება დალაშქრული. ამდენად, როგორც ირკვევა, რუსთველის კომპოზიციური ჩანაფიქრის თანახმად, ბოროტება საბოლოოდ მარცხდება და სიკეთე იმარჯვებს არა ქაჯეთის ციხიდან ნესტანის გამოხსნის შემდეგ, არამედ არაბეთში, სადაც ბოროტებაზე საბოლოოდ იმარჯვებს სიკეთე – სიყვარული: ერთდროულად ტარიელთან და ნესტანთან ერთად სამეფო ტახტზე ადიან ახალჯვარდაწერილი ავთანდილი და თინათინი [შეადარე: 3, გვ. 85; 2]. როგორც რუსთველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზისაა შენიშნული, რუსთველის მხატვრული ჩანაფიქრით, მთელი პოემის სიუჟეტური კვანძი საბოლოოდ იხსნება და ამდენად, ვეფხისტყაოსანიც სრულდება სწორედ არაბეთში გმირების დაბრუნების ეპიზოდით, რაც რუსთველის მიერ მეფე როსტევანის სიტყვებითაა საგანგებოდ აღნიშნული: „ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არწახდომა“ [4, სტრფ. 1539, 4; 3, გვ. 83; 6; 10].

ამგვარად, როგორც ირკვევა, თავისი ზემოაღნიშნული კომპოზიციური ჩანაფიქრის რეალიზაციის პროცესში რუსთველი ერთ-ერთ საშუალებად იყენებს კლასიკური ტრადიციის, კერძოდ, ჰომეროსის ეპოსის, პაროდირებული ფორმით ალუზიას. ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ ძირითადი სიუჟეტური კვანძი "ვეფხისტყაოსანში", როგორც ეს საზოგადოდ ხდება ეპიკურსა და დრამატულ კომპოზიციებში, სრულიად ბუნებრივია, რომ პოემის ბოლოს იხსნება. კერძოდ, სამივე გმირის არაბეთში მისვლის, როსტევან მეფისა და ტარიელის „შერიგებისა“ და ავთანდილის და თინათინის ქორწილის ამსახველ ფინალურ ეპიზოდში. მაგრამ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტისათვის ისეთი საკვანძო ეპიზოდის შემდეგ, როგორიცაა ქაჯეთის ციხის აღება და ტარიელის მიერ ნესტანის ტყვეობიდან გამოხსნა, როგორც ეს რუსთველოლოგიურ გამოკვლევებში არაერთგზისაა შენიშნული, პოემა ვეღარ იწვევს მის მსმენელსა თუ მკითხველში იმგვარსავე მძაფრ და შეუნელებელ ინტერესს, როგორსაც ის იწვევდა ამ ადგილამდე. ვფიქრობ, შეუძლებელია, რომ ეს გარემოება ვერ შეემჩნია თავად პოემის ავტორსაც, რომელიც ეპიკური სიუჟეტის კომპოზიციური ორგანიზაციის პრინციპების საფუძვლიანი მცოდნეა და მათ თაობაზე საგანგებოდ მსჯელობს თავისი პოემის პროლოგში წარმოდგენილ პოეტიკურ კონცეფციაში [4, სტრფ. 12-17; დაწვრ. იხ. 6; 10; 9]. ამდენად, სწორედ ამ „მოულოდნელად“ წარმოქმნილი კომპოზიციური სირთულის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღვნიშნე, რუსთველი, ჩემი აზრით, მიზანმიმართულად ამცირებს ქაჯეთის ციხის აღების ამსახველი ეპიზოდის დრამატულობის ხარისხს. ამ კომპოზიციური ჩანაფიქრის განსახორციელებლად პოეტი, როგორც ჩანს, რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ საშუალებას იყენებს:

1) ქაჯეთის ციხის აღებამდე „დიდი ხნით ადრე“ ავთანდილი ფატმანთან საუბრისას წინასწარ გააცხადებს მომავალი ბრძოლის შედეგს: ტარიელი აუცილებლად დახოცავს ქაჯებს [7, სტრფ. 1307, 3-4 – იხ. ზემოთ]. ამით კი, უდოდ, შენელებულია მსმენელის/მკითხველის ინტერესი მომავალი ბრძოლისადმი;

2) ვეფხისტყაოსანში კომპოზიციურად არაძირითადი ამბები მაქსიმალურად მოკლედ არის ასახული და ამასთანავე, ისინი არც ბოლომდეა გადმოცემული. თავისი პოეტური მეტყველების ამგვარ თავისებურებას ანუ სიუჟეტის კომპოზიციური ორგანიზაციის ამ, უდაოდ, ორიგინალურ პრინციპს, ჩემი აზრით, რუსთველი ვეფხისტყაოსნის პროლოგში თეორიულადაც აყალიბებს და თანაც არაერთგზის [დაწვრილებით იხ. 6; 10; 9]. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ პოემის სხვა კომპოზიციურად არაძირითადი ამბების მსგავსად ქაჯეთის ციხის აღებაც, უფრო ზუსტად კი – საკუთრივ ციხის აღების პროცესი, პოეტის მიერ საკმაოდ „მოკლედ“ არის გადმოცემული, კერძოდ, მხოლოდ ცხრა სტროფით [4, სტრფ. 1405-1413], რომელთაგან უშუალოდ ბრძოლის ამსახველი მხოლოდ ოთხია [4, სტრფ. 1407-1410]. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, მაინც ის გარემოებაა, რომ ქაჯეთის ციხის აღება რუსთველის მიერ პოემის ცალკე თავადაც კი არ არის გამოყოფილი და ის ტარიელის თათბირის ამსახველი თავის – თათბირი ტარიელისა შემადგენელი რამდენიმე ნაწილიდან მხოლოდ ერთ-ერთია. დაბოლოს, პოემის სხვა კომპოზიციურად არაძირითადი ამბების მსგავსად პოეტის მიერ არც ქაჯეთის ციხის აღების ამბავია „ბოლომდე“ გადმოცემული. კერძოდ კი, მსმენელისა თუ მკითხველისათვის ბოლომდე უცნობი რჩება, რა ბედი ეწია ქაჯეთის ციხეში გმირების მიერ დატოვებულ ფრიდონის სამოც მეომარს [4, სტრფ. 1421, 1] ბრძოლის დროს იქ არ მყოფი ქაჯების ძირითადი ძალების დაბრუნების შემდეგ;

3) ამაღლებული განწყობა და სიხარული, რომელიც გამოიწვია პოემის გმირებში ქაჯებზე გამარჯვებამ და ნესტანის გათავისუფლებამ, რასაც მსმენელისა თუ მკითხველისათვის მთელი პოემის ძირითადი სიუჟეტური კვანძის გახსნის ილუზია შეიძლებოდა შეექმნა, პოეტის მიერ, ვფიქრობ, მიზანმიმართულადაა გაფერმკრთალებული იმ გარემოების საგანგებოდ აღნიშვნით, რომ სამასი მულღაზანზარელი მებრძოლიდან ციხის აღების დროს ასორმოცი დახოცილიყო, რაც ფრიდონს დიდად ამწუხრებს [4, სტრფ. 1419, 1-2]. იმ გარემოების გათვალისწინების გარეშე, რომ განსახილველი პასაჟი მართლაც ზემოთ ჩემ მიერ აღნიშნული კონკრეტული კომპოზიციური ჩანაფიქრის განხორციელებისთვისაა ხელშემწყობი, ვფიქრობ, ძნელია აიხსნას, ამ მთლიანობაში მაჟორული ჟღერადობის მქონე ეპიზოდში რატომ შეაქვს რუსთველს, უდაოდ მიზანმიმართულად, მინორული განწყობილება;

4) დაბოლოს, ციხის აღების წინ გამართული თათბირის შემდეგ მეგობრისადმი ხუმრობით თქმულ სიტყვებში ფრიდონი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ მის მიერ ნაჩუქარი „ჯადოსნური“ ცხენის საშუალებით შეძლებს ტარიელი აუცილებლად და თანაც, სრულიად უპრობლემოდ დალაშქროს ქაჯეთის ციხე, რასაც თავადაც მოახერხებდა, წლების წინ მეგობრისათვის ეს საოცარი ცხენი რომ არ ეჩუქებინა (დაწვრ. იხ. ზემოთ). როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ნათელი უნდა იყოს, რომ აღნიშნულ პასაჟში რუსთველი მიმართავს კლასიკური ტრადიციის ალუზიას. კერძოდ, პოეტი გადაკვრით მიანიშნებს ხის ცხენით ტროის აღების საყოველთაოდ ცნობილ ლიტერატურულ ფაქტზე, რის შედეგადაც მკვეთრად მცირდება ვეფხისტყაოსნის ამ ერთ-ერთი სიუჟეტურად საკვანძო ეპიზოდის დრამატულობის ხარისხი და ამდენად, მთლიანობაში ის (ეპიზოდი) ვეღარ იძენს იმ გადაჭარბებულ კომპოზიციურ ფუნქციას, რომელიც პოეტის სურვილის საწინააღმდეგოდ შეიძლებოდა შეეძინა: მსმენელის/მკითხველის მოლოდინიცა და ინტერესიც შენელებულია, რადგანაც მისთვის წინასწარვე ხდება ნათელი, რომ ტროის მსგავსად ქაჯეთის ციხეც აუცილებლად იქნება აღებული. და უფრო მეტიც! ის გარემოება, რომ ფრიდონის სიტყვები ტარიელისადმი ხუმრობითაა თქმული (ის „ნანობს“, თუ რატომ აჩუქა მეგობარს თავისი „ჯადოსნური“ ცხენი), ანუ ის გარემოება, რომ ხის ცხენით ტროის აღების ალუზიის პროცესში რუსთველი მიმართავს სწორედ პაროდირების ფორმას, ვფიქრობ, უკვე საბოლოოდ ხდის შეუძლებელს, რომ ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდმა მსმენელსა თუ მკითხველში მთელი პოემის ძირითადი სიუჟეტური კვანძის გახსნის შეგრძნება გამოიწვიოს, რაც, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო კიდეც რუსთველის ერთ-ერთი ძირითადი კომპოზიციური მიზანი ვეფხისტყაოსნის ამ კონკრეტული მონაკვეთის შექმნის პროცესში.

 

მითითებული ლიტერატურა:
1. ასათიანი, ვ., ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში, თბილისი 1996.
2. ზარიძე, ხ., „ბრძენი დივნოს გააცხადებს...“, ლიტერატურული ძიებანი, N 19, 1998, 216-228.
3. ხინთიბიძე, ე., ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო, თბილისი 2009.
4. რუსთველი, შოთა, ვეფხისტყაოსანი, გამომცემლობა ”მეცნიერება”, თბილისი 1988.
5. Chintibidse, S., Ein Fall der Rezeption von Homers Odyssee in Rustvelis Vepxistqaosani, Georgica, Aachen, Shaker Verlag N28, 2005, 167-182.
6. Chintibidse, S., Über Aristoteles' "Homerische Einheit" und die dramatisch-strukturelle Einheit von Rustvelis Vepxistqaosani (Tradition und Innovation), Georgica, Aachen, Shaker Verlag, N31, 2009, 120-131.
7. Gordesiani, R., Georgien, Der Neue Pauly, Enzyklopädie der Antike. Rezeptions und Wissenschaftsgeschichte, Hrsg. H. Schneider, Stuttgart, Weimar 1996, N14, 133-134.
8. Khintibidze, E., Reference to Plato in The Man in the Panther’s Skin and its World View Purport,The Kartvelologist, N12, Tbilisi 2005, 66-82.
9. Khintibidze, Z., Towards the Relation of Rustaveli’s Poetic Theory to the Classical Tradition, The Kartvelologist, N17 (2), Tbilisi 2012, 119-137/ http://kartvelologi.tsu.ge, N2.
10. Khintibidze Z., Aristotle’s Conception of the Artistic Unity of Homer’s Epic and Rustaveli’s The Man in the Panther’s Skin,The Kartvelologist, N15, Tbilisi 2009, 78-98.