ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ევროპეიზაციის პროცესი საქართველოში XIX საუკუნიდან იწყება; ძირითადად ეს პროცესი გამოიხატება ქრისტიანულ სააზროვნო სივრცეში დაბრუნებით, რასაც ხელს უწყობს ის ლიტერატურული ურთიერთობანი, რომელიც ამ პერიოდში ქვეყანაში ჩამოყალიბდა. ეს იყო სწრაფვა ევროპული კულტურისაკენ რუსული კულტურის გავლით. ეს სწრაფვა ქმნის იმ იდენტობათა მაგალითებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ქართულ-რუსულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. ქართველი მწერლები განიცდიან რუსული და ევროპული მწერლობის გავლენას, მაგრამ ეს გავლენა ძირითადად გარეგნული მხრით და ფორმით გამოიხატება, რასაც ისინი უფარდებენ ჩვენი მწერლობის ტრადიციულ ხასიათს. ქართველი მწერლების მიზანია ქართულ ნიადაგზე გადმოიტანონ ყოველივე ის, რაც უფრო თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია ახლადგაცნობილ ევროპულსა და რუსულ ლიტერატურაში, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონია მშობლიურ მწერლობაში. ეს არის მისწრაფება, გაამდიდრონ თავიანთი ქვეყანა, ლიტერატურა და არა ის, რომ გახდნენ უბრალო გადმომტანები.

მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი მოღვაწეები რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნიან ლომონოსოვის, კარამზინის, ბესტუჟევ-მარლინსკის, რილეევის, ოდოევსკის, გრიბოედოვის, პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვათა ნაწარმოებებს; მთარგმნელობით მუშაობას ეწევიან ჩვენი გამოჩენილი მწერლები: ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, ს. რაზმაძე, მ. თუმანიშვილი, ვ. ორბელიანი, გ. ერისთავი და სხვები. სწორედ მათი მეშვეობით ხდება იმ ლიტერატურული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელთაც სიახლე შემოაქვს ქართულ ლიტერატურულ აზროვნებაში.

ცნობილია, რომ ალ. ჭავჭავაძე თარგმნიდა ფრანგულიდან, რუსულიდან და სპარსულიდან. რუსეთის სამეფო კართან ახლოს მყოფი პოეტი გაეცნო ევროპულ და კერძოდ, ფრანგულ ლიტერატურას, მაგრამ არა რომანტიკულს, არამედ კლასიცისტურს. იმ დროს სასახლეში და, საერთოდ მაღალ წრეებში, ჯერ კიდევ ფრანგული ენა, ფრანგი კლასიცისტები და განმანათლებლები იყვნენ მოდაში. ალ. ჭავჭავაძეს ფრანგულიდან უთარგმნია ლაფონტენის იგავ-არაკები, ვოლტერის - „აღსარება”, „ტაქტიკა”, ტრაგედიები – „ალზირა” და „ზაირა”; რასინის – „ესთერი”, „ფედრა”; კორნელის - „სინნა”; ჰიუგოს – „მეფე რომ ვიყო”. რუსულიდან პოეტი თარგმნის პუშკინს და ოდოევსკის. ალ. ჭავჭავაძის თარგმანები ახლოსაა ორიგინალებთან როგორც შინაარსით, ასევე მხატვრული ფორმებით. ავტორი ყოველთვის ახერხებს შესაბამისი ფორმის გამოძებნას. საინტერესოა ერთი მომენტიც, თარგმანზე მუშაობის პერიოდში პოეტს სურვილი უჩნდება მიბაძვის და იქმნება თითქმის ორიგინალური ლექსი, რომლის სალექსო ფორმა, ზომა ან სიუჟეტია ქართული ლიტერატურისთვის ახალი და მასზე ეფუძნება პოეტის განცდები (ორიგინალური და არა ნასესხები). ცნობილია, რომ ალ. ჭავჭავაძის ლექსი „როს ვჭვრეტ” დაწერილია ვოლტერის ლექსის – “Am – me de Boufflers” გავლენით. „ძვირფასო საყვარელო” კი ჟუკოვსკის ლექსის - “Песня (с французского)“ – მიბაძვაა. “Песня“ არ არის ჟუკოვსკის ორიგინალური ლექსი. იგი პირველად დაიბეჭდა ჟურნალში “Вестник Европы“ სათაურით “На голос Je t'aime tant...“. პოეტს მხედველობაში ჰქონია ფრანგი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის ფილიპ-ფრანსუა-ნაზარ ფაბრ დე-ეგლანტანის ლექსი, რომელიც შემდეგ გადაუკეთებია ჟ. პ. გარას, პარიზის კონსერვატორიის პროფესორს, რომელმაც 1802 წელს იმოგზაურა პეტერბურგში და დიდი პოპულარობა მოიპოვა თავისი რომანსებით. საკუთრივ ეს რომანსი “Je t'aim tant...” თავის ალბომში ჩაუწერია პუშკინს და დიდხანს მის საკუთარ ლექსად მიაჩნდათ. იგივე რომანსი გადაუწერია რილეევსაც ჟუკოვსკის “Песня“-სთან ერთად. ჟუკოვსკის ლექსი მიჰყვება არა გარას რომანს, რომელიც სულ 24 ტაეპია, არამედ ეგლანტანის 40-ტაეპიან ლექსს, ხოლო ალ. ჭავჭავაძის „ძვირფასო საყვარელო” არის არა ჟუკოვსკისა და ეგლანტანის ლექსების თარგმანი, არამედ გარას რომანსის თარგმანი. ასე ხვდება ფრანგული სიუჟეტი, რომელიც თითქმის ანალოგიურია აღმოსავლური პოეზიის სატრფიალო სიუჟეტისა, ქართულ ლექსში და ქართველი მთარგმნელი ცდილობს რუსული თარგმანის გვერდის ავლით, მაგრამ მაინც ფრანგულ-რუსულ-ქართული ურთიერთობის გავლენით, დაამკვიდროს ის ემოციები (მისთვის ნაცნობი და მისაღები) ქართულ პოეზიაში.

ფრანგულიდან არის აგრეთვე ნათარგმნი ლექსები – „შენ ნარგიზი ახალი ხარ” („მემთვრალისადმი”), რომლის ავტორი ამჟამად უცნობია და „ანაკრეონტული”, რომელიც ბერძნული ლექსის ერთ-ერთი ფრანგული თარგმანიდან არის შესრულებული.

ალ. ჭავჭავაძის თარგმანები რუსული ენიდან თემატიკის გარდა ლექსთწყობის მხრივაც გვაძლევენ მცირეოდენ სიახლეს. პოეტმა თარგმნა ლექსი „ფერსა ბნელს, ფერსა შავს”. იგი იძულებული გამხდარა ახალი ზომა, ახალი მეტრი გამოენახა რუსული ლექსისთვის, ხოლო პუშკინის „პეტრე ბაგრატიონისათვის” და „სპილენძის მხედრის” თარგმანის დროს შემოეტანა ურითმო ლექსი, ე. წ. თეთრი ლექსი, რომელიც მიუღებელია წინა პერიოდის (აღორძინების ხანის) ქართული პოეზიისათვის.

ევროპულ-რუსულ-ქართული ურთიერთობები, რომლებიც სესხება, გადაღება, მიბაძვაში გამოიხატება, დამახასიათებელია მთელი მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობისთვის და არა მარტო ქართულისათვის. რუსული მწერლობა ბაძავს ევროპულს, ხოლო ქართული – ორივეს. ამგვარი ურთიერთობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია გრ. ორბელიანის „სადღეგრძელო” და ვ. ჟუკოვსკის „მომღერალი რუს მეომართა ბანაკში”. დოკუმენტურადაა ცნობილი, რომ „სადღეგრძელოს” წერის პროცესში გრ. ორბელიანი დიდ ინტერესს იჩენდა ვ. ჟუკოვსკის „მომღერლისადმი”. ამჟამად უკვე ფაქტია, რომ ვ. ჟუკოვსკის „მომღერალს” გარკვეული გავლენა მოუხდენია გრ. ორბელიანის პოემაზე. ეს გავლენა არის როგორც ფორმალურ-კომპოზიციური ხასიათის, ასევე თემატურ-შინაარსობრივი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟუკოვსკის პოემაც არ არის აბსოლუტურად ორიგინალური ნაწარმოები. რუს პოეტზეც გავლენა მოუხდენია ინგლისელ მწერალ თომას გრეის ნაწარმოებს “The Bard”. ამ მსგავსებაზე ქართველ მკვლევართაგან პირველად ალ. ხახანაშვილმა მიუთითა[5, გვ. 187]. გავლენის აღნიშნული მაგალითი ცხადყოფს, როგორ გადმოდის უსიუჟეტო პოემის სტრუქტურა ევროპულიდან რუსულ ლიტერატურაში და შემდგომ ქართულში. თემატურად სამივე ნაწარმოები პატრიოტული ხასიათისაა და ერთმანეთს მისდევს, მაგრამ იმდენად თავისებურად აქვს თითოეულ პოეტს მსგავსი შინაარსისა და არქიტექტონიკის ნაწარმოებები დამუშავებული, რომ ჟუკოვსკის პოემაცა და გრ. ორბელიანის „სადღეგრძელოც” სავსებით ორიგინალურად უნდა მივიჩნიოთ. მათში მოჩანს შემოქმედი სავსებით დამოუკიდებელი პოეტური წარმოსახვით. მათი მისწრაფება და ტკივილი ღრმადაა განცდილი და ეროვნულ ნიადაგზეა აღმოცენებული. ორივე მწერალს – გრ. ორბელიანსაც და ჟუკოვსკისაც შეეფერება თვით ჟუკოვსკის ნათქვამი საკუთარ თავზე: “У меня почти все чужое, или по поводу чужого - и все, однако, мое“[1, გვ. 68]. აღსანიშნავია ისიც, რომ გრ. ორბელიანის ერთ-ერთი პირველი ლექსი „აღსარება”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1832 წლის შეთქმულთა წრეში, წარმოადგენს ცნობილი დეკაბრისტი პოეტის კონდრატი რილეევის დაუმთავრებელი ნაწარმოების „ნალივაიკოს” ერთ-ერთი თავის („ნალივაიკოს აღსარება”) მიბაძვასა და გადმოქართულებას. გრ. ორბელიანი ცვლის რილეევის ლექსის შინაარსს. „აღსარების” ლირიკული პერსონაჟი თვითონ ავტორია, ნაცვლად რილეევის პოემის გმირისა, უკრაინელ პატრიოტ ნალივაიკოსი. მოქმედების ადგილი, სადაც გმირი წარმოთქვამს თავის აღსარებას, გადატანილია ვარშავიდან მცხეთაში; ივერიელთა მტრებად კი გამოყვანილნი არიან „ლეკი, ოსმალი და სპარსი”. ლირიკულ მონოლოგში ნამდვილი მიმართებები შენიღბულია ისტორიული სახელებით. მიუხედავად ამისა, ლექსი ძალზე გამჭვირვალეა, მასში საუბარია არა წარსულზე, არამედ აწმყოზე. ამ მიბაძვაშიც, რომელშიც ფრაზეოლოგიური პარალელებიც კი დასტურდება თავის დედანთან მიმართებაში, საქმე გვაქვს არა სიუჟეტისა და შინაარსის გადმოღებასთან, არამედ ფორმის - ორივე ნაწარმოები წარმოადგენს აღსარების სახით გადმოცემულ პატრიოტი გმირის სულიერ განცდებს („აღსარების” ლირიკული გმირის განცდები კი უშუალოდ გრ. ორბელიანის განცდებია და არა უკრაინელი ნალივაიკოსი).

ყველაზე დიდი გავლენა ევროპული ლიტერატურისა XIX საუკუნის I ნახევარში გრ. რჩეულიშვილმა განიცადა. მასვე ეკუთვნის უდიდესი მცდელობა ახლებური, ქართული თემატიკისგან განსხვავებული სიუჟეტის, ქართულ ნიადაგზე დანერგვისა. თუ მანამდე ქართული ლიტერატურა თარგმანისა და მიბაძვების პროცესში დასავლეთ ევროპისა და რუსული ლიტერატურისაგან ითვისებდა ძირითადად ფორმებს (ურითმო ლექსი, უსიუჟეტო პოემა, აღსარება), გრ.რჩეულიშვილმა ევროპელი მწერლებისაგან პირდაპირ სიუჟეტი აიღო და მიუსადაგა ის ქართულ გარემოსა და ყოფას. ეს სიუჟეტები განსხვავდებოდა ქართულ მწერლობაში დამკვიდრებული პატრიოტული შინაარსის სიუჟეტებისაგან, თუმცა არც ამ გრძნობას გამორიცხავდა. სიახლე ხასიათის მრავალფეროვნების ჩვენებასა და გმირის განცდის ფსიქოლოგიურ ბუნებაში გამოიხატებოდა, რომელზედაც აგებული იყო მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებისეული ინტრიგები. გრ. რჩეულიშვილის პროზას იმთავითვე ცივად შეხვდა ქართული კრიტიკა და მის ავტორს პლაგიატორის სახელი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

კრიტიკოსმა ჯუმბერ ჭუმბურიძემ გამოიკვლია, რომ მოთხრობა „ანუკა ბატონიშვილი” გრ. რჩეულიშვილს გადმოუკეთებია იტალიელი მწერლის იტალო ფიორენტინოს ისტორიული რომანიდან „იზაბელა ორსინი”. ქართველ მწერალს ამ რომანიდან არა მარტო სიუჟეტი უსესხებია, არამედ რამდენიმე პასაჟი პირდაპირ გადმოუტანია; ტექსტობრივად მსგავსია ნაწილი დიალოგებისაც. გრ. რჩეულიშვილი აღებულ სიუჟეტს, რომელიც XVI საუკუნის იტალიის ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა, „ქართლის ცხოვრების” ამავე პერიოდის ისტორიულ ამბებს უსადაგებდა, მაგრამ საქართველოს ისტორიული სინამდვილე არ აძლევდა საბაბს იმ გარყვნილების წარმოჩენისა, რაც დამახასიათებელი იყო ფეოდალური იტალიისთვის. რაც მთავარია, იგი ქართველ მკითხველ საზოგადოებას უწევდა ანგარიშს. მიუხედავად ამისა, მას მაინც აუმხედრდა ამ საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც უსიამოვნოდ განაცვიფრა ქართული პროზისათვის უჩვეულო პასაჟებმა. ერთი რამ კი მაინც უდავოა, მწერალმა შეძლო უცხო სიუჟეტი ქართული სინამდვილისათვის შეეფარდებინა და ქართველი მკითხველიც შეეგუებინა იმ აზრისათვის, რომ იგივე სიუჟეტის არსებობა ქართული სინამდვილისთვისაც არ შეიძლება იყოს იშვიათი გამონაკლისი.

თავისი მეორე მოთხრობის „თამარ ბატონიშვილის” სიუჟეტს გრ. რჩეულიშვილი სესხულობს ალ. დიუმა მამის რომანიდან „ორი დიანა”, თუმცა მოქმედების გარკვეული განვითარების შემდეგ ქართული სიუჟეტი სულ სხვა გზით ვითარდება. იგი ხან მწერლის ფანტაზიასა და ხან „ქართლის ცხოვრებას” მიჰყვება კვალდაკვალ. რაც შეეხება გრ. რჩეულიშვილის სხვა მოთხრობებს - „ლუნატიკი” და „შეშლილი”, მათ შესახებაც აღნიშნული იყო კრიტიკულ ლიტერატურაში, რომ ისინიც გადმოკეთებულია, თუმცა მათი წყაროების გამორკვევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. გრ. რჩეულიშვილის სახელით გამოქვეყნებულ თხზულებათაგან მხოლოდ „ქვრივის ლიმონები” გადაურჩა ბრალდებას და იგი თავიდანვე ორიგინალურ ნაწარმოებად მიიჩნიეს (თუმცა სიუჟეტის უჩვეულობა აქაც თვალსაჩინოა), დანარჩენი ნაწარმოებები მწერალმა თარგმანის სახით გამოაქვეყნა.

მიუხედავად გრ. რჩეულიშვილის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმისა, რა თქმა უნდა, მას შემოქმედი უნდა ვუწოდოთ და არა პლაგიატორი. XIX საუკუნე (განსაკუთრებით პირველი პერიოდი) იყო ხანა, როდესაც ქართული მწერლობა ცდილობდა, მკითხველისათვის რუსულ-ევროპული კულტურა გაეცნო და ამ მიზნით აწვდიდა მას ახალ საზრდოს თარგმანებისა თუ გადმოკეთებული თხზულებების სახით. იგი ცდილობდა ყოველივე ეს ქართული სინამდვილისათვის შეესაბამებინა და მკითხველს განურჩევლად აძლევდა იმას, რისი მიცემაც შეეძლო. გრ. რჩეულიშვილმა ქართველ მკითხველს მისცა ადამიანთა ის ურთიერთობანი, რომლებიც თუნდაც გრძნობის, ვნების დაუოკებლობასა და ინტრიგაზეა აგებული და საინტერესოა, როგორც ყოველივე აკრძალული, მიუღებელი და თუნდაც ამორალური. ლ. მეგრონი შენიშნავდა: „რომანტიკოსისათვის სიყვარული არა მარტო გადაულახველია, ფატალურიცაა”[4, გვ. 154]. აქედან გასაგებია, რომ ევროპულ რომანტიკულ ლიტერატურაში (ინგლისურის გარდა) გამართლებული იყო ადიულტერის თეორია, რომელიც სრულიად უცხო იყო ქართული მწერლობისათვის, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ იგი ასევე უცხო იყო ქართული ყოფისთვის. ყოველ შემთხვევაში, ქართველი თავადაზნაურობის დიდ ნაწილს ასეთი სიახლე აღიზიანებდა, რადგან საკუთარი წოდებრივი ისტორიის შეურაცხყოფად მიაჩნდა. გრ. რჩეულიშვილს კი, რომელიც ეცნობოდა ევროპულსა და რუსულ ლიტერატურაში მსგავს მოვლენებს, არ ეხამუშებოდა ეს ყოველივე და ცდილობდა ანალოგიურის ჩვენებას ქართულ ნიადაგზე. ამ მხრივ იგი ნოვატორია (მსგავსი ნაბიჯი მან ჯერ კიდევ „მასკარადის შეცდომილების” თარგმნითა და შემდგომ ჟურნალ „ცისკარში” დაბეჭდვით გადადგა).

გრ. რჩეულიშვილის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი სიახლე – „საშინელებათა რომანტიზმის” დანერგვის მცდელობა ქართულ ლიტერატურაში. ამ სახის ნაწარმოები უთუოდ საინტერესო უნდა ყოფილიყო ქართველი მკითხველისათვის, რომელიც საერთოდ არ იცნობდა რომანტიზმის გამოვლენის ამ მხარეს და როგორც დავინახეთ, ევროპული ლიტერატურის ტენდენციები მისთვის უცხო იყო. რომანტიზმის ამგვარი მიმართულება კი ფართოდ იყო გავრცელებული ევროპულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით - გერმანულში და რომელსაც Schauer romantik-ს (“საშინელებათა რომანტიზმს”) უწოდებდნენ. რუსეთში მან “მარლინიზმის” სახელწოდება მიიღო. მისი ჩანასახი ჯერ კიდევ ჟან-პოლ რიხტერის რომანებში იყო მოცემული.

ამასთან დაკავშირებით, ახასიათებდა რა გერმანული რომანტიზმის გარკვეულ პერიოდს, ლა-ბარტი აღნიშნავდა: „სასწაულებრივი მოქმედებს დღისით-მზისით, იგი ყველგანაა, თვით ჩვენში და ჩვენს ირგვლივ. მაგრამ ის, ვინც ჩასწვდება ამ სასწაულებრივს, გამოდის იმ ნორმებიდან, რომელშიც მომწყვდეულნი არიან საბრალო უსინათლოები – ჩვეულებრივი, „ნორმალური” ადამიანები. საზოგადოება თვლის ასეთ ადამიანს ახირებულად, მანიაკად, ვიზიონერად, საერთოდ არანორმალურ არსებად. აი ასეთი არანორმალური ადამიანების, მათი მოჩვენებების, მათი განცდების აღწერას დაიწყებენ რომანტიკოსები თავიანთ ფანტასტიკურ რომანებსა და ნოველებში”[3, გვ. 95]. მისწრაფება ასეთი „კოშმარული რომანტიზმისადმი“ დამახასიათებელი იყო ფრანგი მწერლებისთვისაც. ლა-ბარტი განასხვავებს იმპრესიონიზმის ოთხ სახეს და წერის ასეთ მანერას იმპრესიონიზმის პირველ, უმარტივეს სახეს განაკუთვნებს. მისი აზრით, ეს არის მისწრაფება მწერლისა „შეაშინოს”, „შეაძრწუნოს მკითხველი”. ეს კოშმარული ჟანრი კუთვნილება გახდა „რომანი-ფელეტონისა. ეჟენ სიუ, დიუმა მამა და მათი მრავალრიცხოვანი მიმდევრები აცოცხლებენ რომანში XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის მელოდრამის „საშინელებებსა” და „ბოროტმოქმედებებს”. რომანტიკოსთა მისწრაფება „შემაძრწუნებელი” სცენებისადმი ვლინდება ლამარტინისა და თვით ჰიუგოს შემოქმედებაშიც.

გრიგოლ რჩეულიშვილის შემოქმედების ანალიზი ცხადყოფს, რომ მწერალი ნაწილობრივ განიცდის ევროპული რომანტიზმის გავლენას; გრიგოლ რჩეულიშვილი პროზაში ძირითადად ფრანგული რომანტიკული სკოლის წარმომადგენლებს მიჰყვება, განსაკუთრებით ე.წ. 30-იანი წლების. ქართველი მწერლებისათვის უცხო იყო ადრეული გერმანული რომანტიზმი, მისთვის დამახასიათებელი განყენებული ესთეტიკითა და მისტიციზმით. მას გრიგოლ რჩეულიშვილზე, შეიძლება ითქვას, არავითარი გავლენა არ მოუხდენია. და საერთოდ, გრიგოლ რჩეულიშვილის ეს მოთხრობა ერთადერთია მთელ XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში, რომელიც „საშინელებათა რომანტიზმს” მიეკუთვნება. მართალია, ეს ნაწარმოები მოთხრობაა, მაგრამ ძალზე წააგავს ვრცელ დეტექტიურ ნოველას. ავტორის მიზანიც მკითხველის სრული დამორჩილებაა, იმდენად სრული, რომ ძნელია ტექსტიდან მოწყვეტა. ამ ყოველივეს ქართველი ავტორი აღწევს როგორც მძაფრი ფანტაზიით, ასევე მოთხრობის კომპოზიციით, რომელიც ნოველისას ემსგავსება. ეს ჟანრი ქართულ მწერლობაში დეტექტივის საფუძველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ XIX საუკუნის ქართულ ლიტარატურაში იგი აღარ განვითარებულა. ის შედარებით უფრო გვიან, XX საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდა ჩვენში. ევროპულ ლიტერატურაში კი XIX საუკუნე ნოველისა და დეტექტიური ჟანრის საუკუნე იყო. ნოველა რომანტიკულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა, განვითარდა და შემდეგ სათავე დაუდო რეალისტურ ნოველასაც.

როგორც ცნობილი მაგალითებიდან დავინახეთ, XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა ევროპული ან რუსული ნაწარმოების არა მხოლოდ თარაგმნა, არამედ მისი გადმოქართულება, მიბაძვა. „ცისკრის” თანამშრომლების უმეტესი ნაწილი ასეთ პრაქტიკას მისდევდა. ისინი საკუთარი სახელით აქვეყნებდნენ არა მარტო გადმოკეთებულ, არამედ თარგმნილ ნაწარმოებებსაც; მაგრამ მოვიდა რა ახალი თაობა თერგდალეულების სახით, მყისვე შენიშნა ქართველი მწერლების ერთი ნაწილის მუშაობის ეს სუსტი მხარე. თერგდალეულებმა დაანახვეს მწერალს ეროვნული ლიტერატურის ნამდვილი ინტერესები და ისიც, თუ რა უნდა მიეწოდებინათ უცხოური მწერლობიდან მკითხველისათვის საავტორო უფლებათა დაცვით. მიუხედავად ამისა, მაინც არ იქნება მართებული ყველა ქართველი მთარგმნელ-გადამომკეთებლის ერთ რიგში დაყენება. ჩვენ მიერ განხილულ მწერალთა გადმოკეთებულ ნაწარმოებებში ჩანს ის „საკუთარი”, რასაც შემოქმედება ჰქვია; მათში ისმის ქართველი მწერლის ხმა, ნიუანსებში მჟღავნდება მისი უნარი, ეს არ არის უცხოურის უბრალო გადმოღება, გადმონერგვა ქართულ ნიადაგზე; აქ მჟღავნდება დროის შესაფერისი გემოვნება, არ ჩამორჩენის სურვილი, სხვისი კარგის შეგრძნების და საკუთარ სულში გადამუშავების ნიჭი, ზოგჯერ საკუთარი დეტალის თუ ნიუანსის მიგნების და დამუშავების ისეთი უნარი, რაც მხოლოდ ჭეშმარიტ ოსტატებს ახასიათებს.

სიუჟეტის სესხება ხშირი მოვლენაა და თავს იჩენს თვით დიდი მწერლების შემოქმედებაშიც. სამართლიანად შენიშნავდა ვ. ჟირმუნსკი, რომ ნამდვილ მწერალთან „სესხება” ყოველთვის დაკავშირებულია „ნასესხების” შემოქმედებით გადამუშავებასთან, რომელშიც განსხვავება არანაკლებ არსებითია, ვიდრე მსგავსება” [2, გვ. 93]. ამჯერად ჩვენი მიზანი მიბაძვების გამართლება არ არის. ჩვენი ამოცანაა, წარმოვაჩინოთ ის ლიტერატურული ურთიერთობანი, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესის დროს მიმდინარეობდა და გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ურთიერთობანი ქართული ლიტერატურის განვითარების, თემატური, ჟანრობრივი და ნაწარმოების სტრუქტურის ფორმათა გამრავალფეროვნების თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვით ლიტერატურულ მიმართულებათა დამკვიდრებაც საქართველოში ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესის შედეგია. ეს მიმართულებებიც ეროვნულ ნიადაგზე მკვიდრდება და მხოლოდ ასახვის თავისებურებით განსხვავდება წინარე ლიტერატურისგან.

 

გამოყენებული ლიტერატურა
1. ჭუმბურიძე, ჯ., მეცხრამეტე საუკუნე (ლიტერატურული ნარკვევები), თსუ 2004.
2. Жирмунский В., „Пушкин и западные литературы“, сбор. Временник Пушкинской Комисии, 3. Академия наук СССР. М.Л., 1937.
3. Ла-Барт Ф. де, Литературное движение на западе, Москва 1912.
4. Мегрон Л., Романтизм и нравы, Москва 1914.
5. Хаханов А., Очерки, Москва 1906.