ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა“ და იოანე პეტრიწის „განმარტებათა“ სომხური თარგმანი

 

პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ და იოანე პეტრიწის „განმარტებები“ ქართული ენიდან სომხურ ენაზე ითარგმნა 1248 წელს სამხრეთ საქართველოში მოღვაწე ქალკედონიტი ბერის, სიმეონ პღინძაჰანქეცის მიერ. სომხურ სამეცნიერო ლიტარატურაში გამოთქმულია გარკვეული ეჭვები სომხური თარგმანის ქართულიდან წარმომავლობის შესახებ. ქართული და სომხური ტექსტების ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური შესწავლით უცილობლად დგინდება, რომ სომხური ტექსტი ქართულიდან არის შესრულებული. მთელი რიგი ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, სომხურ თარგმანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროკლეს „კავშირნისა“ და იოანე პეტრიწის „განმარტებათა“ ქართული ტექსტის შესწავლის საქმეში. 

 


საკვანძო სიტყვები:დიადოხოსი, პეტრიწი, ამელახოსი, კავშირნი ღვთისმეტყველებითნი კატეგორია: კვლევები ავტორები: მაია რაფავა


ჰიმნი თბილისის აღების შესახებ ვარდას კრებულიდან

 

TBგანსახილველი ჰიმნი მოიპოვება მხოლოდ ერთი ეგზემპლარის სახით ვარდას - Wardā‘ōnītā-ს კოლექციაში - ყველაზე დიდ აღმოსავლეთ სირიულ ჰიმნოლოგიურ კოლექციაში, რომელიც შეიცავს ორასზე მეტ ჰიმნს, რომელიც დღემდე გამოიყენება აღმოსავლეთის საეკლესიო პრაქტიკაში (ე.წ. ნესტორიანულში). ჰიმნი გვხვდება კოლექციის მხოლოდ ერთ ხელნაწერში, სახელდობრ Add. 1983-ში, რომელიც დათარიღებულია ჩვენი წ.აღ-ით 1550 წელს, fol. 181r, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

თბილისზე ჰიმნის კომპოზიცია ტიპურია „კატასტროფული“ ჰიმნებისათვის, რომელიც მიეწრება გივარგის ვარდას  (XIII ს.). მისი ძირითადი ნაწილი შედგება უცხოელი დამპყრობლების მიერ ქალაქში გამოწვეული ნგრევისა და საშინელების ძალიან დეტალური და შოკისმომგვრელი ნატურალისტური აღწერებისაგან. საშინელი ნგრევა და ხოცვა-ჟლეტა ავტორის ეჭვს იწვევს ღმერთის სამართლიანობაში, რასაც იგი გამოხატავს მისთვის (ღმერთისთვის)  უპასუხოდ დარჩენილი კითხვების დასმაში (სტროფები 50-55). დასასრულ, მართალი ღმერთი კიცხავს ავტორს და უხსნის მას ღვთაებრივ ნებას, ე.ი. ადამიანებს ამოწმებს, სანამ ისინი გადავლენ მუდმივი სიცოცხლის სამყაროში(სტროფები 56-61).  ასეთ სტრუქტურას ვხვდებით აგრეთე რამდენიმე სხვა ჰიმნში, რომლებსაც უარდას მიაწერენ. საბოლოო დამგმობისა და მამხილებლის როლი სხვადასხვა ჰიმნში შეიძლება შეასრულოს სხვადასხვა რაიმემ, როგორიცაა ღმერთის სამართლიანობა, ავტორის გონება ან ვინმე სხვა. ამგვარად, ამ ეპოქის ჰიმნი შეიძლება ჩაითვალოს აპოლოგეტურად.

ჰიმნის ისტორიული კონტექსტი განსაკუთრებით საინტერესოა. იგი აღწერს 1220-1221 წლების მოვლენებს, ეს არის პერიოდი, როდესაც რამდენიმე დამპყრობელმა ხელყო ქართველი ხალხი. ეს ამბები აღიწერა არაბულ, სპარსულ, სომხურ და ქართულ წყაროებში. ამიტომაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელთანაც ჰიმნის შედარება შეიძლება.


საკვანძო სიტყვები:სირიული ჰიმნოგრაფია, ვარდას კოლექცია (Warda collection) , ჰიმნი თბილისზე. კატეგორია: კვლევები ავტორები: ანტონ პრიტულა


ვეფხისტყაოსანი – შექსპირის ლიტერატურული წყარო

 

Imogenწინამდებარე გამოკვლევა არის პირველი პუბლიკაცია იმ კვლევა–ძიებისა, რომლის შედეგად გამოვლინდა ძალზე მნიშვნელოვანი სიახლე  როგორც რუსთველოლოგიის დარგში, ასევე ინგლისურ ლიტერატურათმცოდნეობაში: რუსთველის ვეფხისტყაოსანი  არის ლიტერატურული წყარო შექსპირის პიესა ციმბელინის.

ის გარემოება, რომ ვეფხისტყაოსანი  სიუჟტურ წყაროდ  იყო გამოყენებული XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისურ დრამატურგიაში, კერძოდ, ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესებში (მეფე და არა მეფე;  ფილასტერი) ჩემს ადრინდელ გამოკვლევებში იყო გამოვლენილი. ამ საკითხის შემდგომმა კვლევამ მე მიმიყვანა ახალ დასკვნებამდე. საქმე ისაა, რომ ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყო შენიშნული ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერის  სიუჟეტური, თემატური და იდეური მსგავსება შექსპირის ციმბელინთან.  ამ პრობლემის თანამედროვე მკვლევართა დაკვირვებით, ეს მსგავსებანი საერთო ლიტერატურული წყაროდან უნდა მომდინარეობდეს. ჩემმა  მიგნებამ, რომ ფილასტერის  სიუჟტური წყარო ვეფხისტყაოსნია, რაც ინგლისური ლიტერატურათმცოდნეობისათვის აქამდე უცნობი  იყო, შექსპირის ციმბელინის ვეფხისტყაოსანთან    დამოკიდებულების კვლევის საჭიროებაზე მიმანიშნა. აღმოჩნდა, რომ ინგლისურ ლიტერატუტულ კრიტიკაში ციმბელინსა და ფილასტერს  შორის შენიშნული ყველა მსგავსების საერთო წყარო რუსთველისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავია. უფრო მეტიც, შექსპირისა და ბომონტ–ფლეტჩერის ამ ორი პიესის მსგავსი პასაჟების ერთმანეთს შორის გამოვლენილი ნიუანსური  განსხვავებები ისევ ვეფხისტყაოსანთან ამყარებს კავშირს. ჟურნალ „ქართველოლოგის“ ამ ნომერში ქვეყნდება  გამოკვლევის მხოლოდ პირველი ნაწილი. 


საკვანძო სიტყვები:რუსთველი, შექსპირი, ბომონტი და ფლეტჩერი, ვეფხისტყაოსანი, ციმბელინი, ფილასტერი. კატეგორია: კვლევები ავტორები: ელგუჯა ხინთიბიძე


იოანე პეტრიწის ენა

 

იოანე პეტრიწის ენის სპეციფიკას, მის სტილს ქმნის ერთობლიობა იმ თავისებურებებისა, რომლებიც:

1. რთული ფილოსოფიური, მაღალი აზროვნებითი კეტეგორიების გადმოცემის საჭიროებითაა გამოწვეული: ფილოსოფიური ცნებების სიმრავლე და მათი გამომხატველი ახალი ტერმინების სიუხვე, რთული სინტაქსური კონსტრუქციები.
2. ბერძნული ენისა და ბერძნული დედნის გავლენა ტერმინების კომპოზიციასა და წინადადების წყობაზე.
3. ინდივიდუალური სტილის თავისებურებანი, რაც ვლინდება ენის სინონიმურ საშუალებათა თავისებურ შერჩევასა და წინადადების თავისებურ წყობაში.
4. ხოლო, მისი “განმარტების” სასაუბრო სტილის განმსაზღვრელი ფაქტორია ამ თხზულების სასწავლო დანიშნულება: იგი მოსწავლეთა, მსმენელთათვისაა გამიზნული.

თავისებურებათა მთელი ეს კომპლექსი ქმნის იოანე პეტრიწის თვითმყოფად სტილს.

 


საკვანძო სიტყვები:იოანე პეტრიწი, პროკლე დიადოხოსი, გელათის ფილოსოფიური სკოლა კატეგორია: კვლევები ავტორები: დამანა მელიქიშვილი


იოანე პეტრიწი და მისი ფილოსოფიურ-თეოლოგიური პროექტი

 

theსტატიაში განხილულია იოანე პეტრიწის უნიკალური როლი შუა საუკუნეების საქართველოში ფილოსოფიური ტრადიციის დამკვიდრების საქმეში. ნაჩვენებია მისი მცდელობა – შეექმნა ქართული ფილოსოფიური ენა და გაედო ხიდი (ერთმანეთისთვის მოერგო) ორ – ბიბლიურ–გამოცხადებით და ფილოსოფიურ (პლატონურ) ტრადიციებს შორის. აქცენტირებულია ის პრობლემები, რასაც აწყდებოდა ამ პროექტის განხორციელების პროცესში, ამასთანავე განხილულია მიზეზები, რის გამოც ავიწროებდა იმ პერიოდის ორთოდოქსული ეკლესია იოანე პეტრიწს.


საკვანძო სიტყვები:იოანე პეტრიწი, ნეოპლატონიზმი, ფილოსოფია, ქრისტიანობა. კატეგორია: კვლევები ავტორები: ლევან გიგინეიშვილი


ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი

 

ვაჟა-ფშაველას ლირიკაში შეინიშნება ორი, ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში დღემდე ნაკლებად წარმოჩენილი მოტივი, რომელიც ეხმიანება ზოგადსაკაცობრიო  საკითხებს. ლექსი "ბნელეთი" იმეორებს  სიკვდილის როკვის (Dance Macabre) - ევროპული იკონოგრაფიის, ფერწერისა და სიტყვიერების  ალეგორიულ სიუჟეტს. პარალელის გავლებას აიოლებს მკვდართა ფერხული და ცოცხალთა გაქვავება; ასევე ხელიხელჩაკიდებულ მკვდართა მსვლელობა.

საინტერესოა პოეზიის თამაშებრივი ბუნება ვაჟა–ფშაველას ლირიკაში. სტატიაში საუბარია ფშავ–ხევსურულ ფოლკლორსა და პოეტის შემოქმედებას შორის არსებულ პარალელებზე როგორებიცაა: მონორითმიანობა, გაბჭობა, გაბაასების ფორმა, პოეზიის თამაშებრივი ბუნება და სხვა.  


საკვანძო სიტყვები:ვაჟა-ფშაველა; თამაში; სიკვდილი კატეგორია: კვლევები ავტორები: ლინდა ციცქიშვილი