ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
პიტერ სკინერი
„დაკარგული” ქვეყანა - რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე ნაკლებ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში?
ა) რატომ არის საქართველოს ისტორია და კულტურა ასე მცირედ ცნობილი ინგლისურად მოლაპარაკე მსოფლიოში? უმთავრესი პრობლემა ქვეყნის ადგილმდებარეობა გახლავთ: საქართველო მდებარეობს კონსტანტინოპოლის იქით, ევროპის ჩვენეული ხელოვნური საზღვრის მიღმა. ამავედროულად, ჩვენთვის საქართველო არც ახლო აღმოსავლეთთან არ ასოცირდება. ურთიერთობას აძნელებს ქართული ენაც – თავისი რთული დამწერლობით, შესაბამისად, ნაკლებად ხელმისაწვდომია ლიტერატურაც. ამ ყველაფერთან ერთად, საქართველო, მოზაიკის მსგავსად, მუდმივად იცვლის თავის პოლიტიკურ ერთეულებს, რითაც კიდევ უფრო ბრკოლდება ქვეყნის შემეცნება. ამ მხრივ რელიგიაც ვერ გვიწყობს ხელს, რადგან მხოლოდ სპეციალისტი თუ ხედავს კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმის მიღმა ქართულ მართლმადიდებლურ კულტურას. საქართველო ჩვენთვის (1990 წლამე მაინც) შეიძლება ჩაითვალოს „ისტორიის შვილობილად”, ჩვენ იგი წარმოგვიდგებოდა ქვეტექსტად სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის ტერიტორიებისა, რაც, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო და ინტელექტუალურად შეზღუდული თვალსაზრისი, მაგრამ ეს ხომ რეალობაა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ უგულებელყოფა მცირე ქვეყნების ისტორიის თანამდევია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ჯერ არ აუმუშავებია შეთანხმებული პროგრამა, რომლითაც ითარგმნება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და ლიტერატურული ნაშრომები (ან მათი ნაწილი მაინც) ინგლისურ ენაზე. უცხოელები, როგორც ვხედავთ, ამას არ აპირებენ, რის მიზეზადაც მთარგმნელთა სიმცირეს ასახელებენ, საამისოდ დიდი თანხებიცაა საჭირო და არც მარკეტინგზე ზრუნავს ვინმე. მაშასადამე, ჩვენ მხოლოდ იმის იმედი გვრჩება, რომ მთავრობა დააფინანსებს სამეცნიერო და მთარგმნელობითი სამუშაოების პროგრამას, რომელსაც ქართველი სწავლულები და მთარგმნელები აღასრულებენ. ამით საქართველოს ისტორია მსოფლიო სარბიელზე უფრო სრულად წარმოჩინდება. (ბ) საქართველოს შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა. რა მასალები მოგვეპოვება ინგლისურ ენაზე? რა დონისა და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი ჩვენთვის? ნაციონალურ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მეცნიერულ წიგნებსა და ჟურნალებში სხვა, უფრო სპეციფიკური მასალებიც მოიპოვება. ესენია: რ. ტომსონის თარგმანი „ქართლის ცხოვრებისა“ (I-VI ნაწილები), „ბედი ქართლისა“ (რედაქტორები: კ. და ნ. სალიები). ასევე არსებობს რამდენიმე ქართული პოემისა და მოთხრობის თარგმანი. (გ) პრობლემის გადაჭრის მცდელობა; ერთი მწერლის თვალსაზრისი (გ) რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ითარგმნოს ძირითადი წიგნები? დღევანდელ ვიზუალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ეკრანიზირებულია, წიგნი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ფერად რუკებს. ქვეყნის ისტორია უნდა წარმოგვიდგეს არა მხოლოდ თხრობის საშუალებით, არამედ მოვლენებიც სხვადასხვა ვიზუალური საშუალებით უნდა დაგვანახოს. ეს შეიძლება მოხდეს რუკებით ან ძველი ჩანახატებით, რაც სათანადო წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს. ასევე აუცილებლად გვჭირდება ქრონოლოგიები, გენეალოგიები და ბიბლიოგრაფიები (რომლებშიც მითითება იქნება როგორც ქართულ, ასევე არსებულ ინგლისურ წყაროებზე). თუ გვსურს, საქართველოს ისტორია მკითხველს ფართო კონტექსტში შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ წიგნის გაყიდვა-პოპულარიზაციას, საჭირო იქნება გამოიცეს სერიები წიგნებისა, რომლებიც უცხოელებს გააცნობენ ქართულ კულტურას, უფრო ფართოდ დაანახებენ ქართული კულტურის სიღრმეს. მაგალითად, რამდენიმე მცირე მოცულობის წიგნი ქართულ პოეზიაზე, რელიგიაზე, არქიტექტურაზე, ქართველ მოგზაურებზე (სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში, თეიმურაზ ბატონიშვილის მოგზაურობა), ციხე-სიმაგრეებსა და საბრძოლო ხელოვნებაზე, ასევე წიგნები კულინარიასა და ღვინოზე. ამგვარი სპეციალური სერიები დიდად წასწევენ წინ ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში ქართული კულტურის დანერგვის საქმეს. წიგნების ყველა სერია პუპულარიზებას უნდა უწევდეს წინა სერიებს და ეს იქნება ერთგვარი რეკლამაც ამ სახის ლიტერატურისა. სამწუხაროდ, ძალიან მცირეა ამ სახის ნაშრომები, ჩვენ არ გვაქვს მსგავსი თემატური სერიები და რაც კიდევ უფრო დასანანია – არ გაგვაჩნია არანაირი წყაროები, რომლებიც ასეთი წიგნების მოძიებაში დაგვეხმარებოდა. საქართველოს მდიდარი და გავლენიანი კულტურის ისტორია, რომელიც თავისთავადია, განუმეორებელი და არა მეზობელი ქვეყნებისგან შეთვისებული, იყო და არის უნიკალურად ქართული. მონასტრები და სამწერლო-საგანმანათლებლო კერები ათონის მთაზე, სინას მთაზე, სირიაში, ასევე იერუსალიმსა და ბულგარეთში – ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია. ურთიერთობანი ბიზანტიასთან, მონაწილეობა ჯვაროსნულ ომებში, ელჩობა ევროპის სამეფოებში, მეწინავე როლების აღსრულება სპარსეთსა და რუსეთში – ეს ქართული კულტურის უნიკალურობის ნაწილია, რაც ძალიან მცირედ არის ცნობილი. დიახაც, ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურა ამჟღავნებს იმ ღრმა სიმდიდრეებს, რაც თითოეულ კულტურაში იმალება. ჩვენ გვაქვს „ვეფხისტყაოსნის” თარგმანი ვ. უორდროპის (1912), ვ. ურუშაძის (1968), კ. ვივიანის (1877) და რ.სტივენსონისა (1977), მაგრამ ისინი ნაკლებად არის ცნობილი. დონალდ რეიფილდი (იხ. ზემოთ) გვაძლებს ბევრ ბრწყინვალე თარგმანს ქართული პოეზიიდან, პოემებს მთლიანი სახით - იშვიათად, გასაგები მიზეზების გამო. ქართული პოეზია (Georgian Poetry, 2004), გამომცემელ ბადრი შარვაძის შენიშვნებით, წარმოგვიდგენს სრულ თარგმანებს (დ. რეიფილდის), სადაც არის 125 ქართული პოემა, მაგრამ ამ წიგნის მოპოვება ფიზიკურად შეუძლებელია. პროზის ფრონტზე შემთხვევით შეიძლება გადააწყდე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას” (1955, მოსკოვი) და გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელას” (1981), რომლის მხოლოდ პირველი ნაწილია ნათარგმნი. ვიცით, რომ არსებობს უორდროპის ქართული ხალხური მითების თარგმანი (Georgian Folk Tales), მაგრამ ამ წიგნის შოვნაც შეუძლებელია. მხატვრობა, არქიტექტურა, დეკორაცია და სამზარეულო ბევრად კარგად არის წარმოჩენილი, თუნდაც მხოლოდ თბილისში მოგზაური ტურისტისთვის. მაგრამ ჩვენ მაინც გვაკლია ფიროსმანი, გუდიაშვილი, გამრეკელი, იშხნელი… ეს მცირედი ჩამონათვალია. თბილისში, მართალია, უხვადაა წიგნები ეკლესია – მონასტრებსა და მათ არქიტექტურაზე, მაგრამ თითქმის არ იშოვება ნაშრომები ციხე-სიმაგრეებსა და ციხე-დარბაზებზე. ქართულ სტამბებში დაბეჭდილი წიგნის ხარისხი და გამოცემის დონე მაღალია. მაგალითად, თბილისის, მცხეთის და ქუთაისის სერიები, ანდა ძველი ქართული ქალაქებისა და სოფლების სერიები; საქართველოს ნაციონალური ტურიზმის სააგენტოს გამოცემები და რამდენიმე წიგნი ქართულ სამზარეულოზე, ქსოვილებსა და ღვინოზე… მაგრამ როგორ უნდა მიაკვლიოს ადამიანმა ამ წიგნებს? საზღვრგარეთ ეს თითქმის შეუძლებელია, თუ საქართველოში არ ჩახვალ და არ იყიდი! ***
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|