ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





კორნელია ჰორნი, რობერტ ფენიქსი

 

წყაროები წმინდა მიწაზე ქართველების მოღვაწეობის შესახებ:

პეტრე იბერის ცხოვრების სირიული ტექსტის ინგლისური თარგმანი

 

წიგნში ცენტრალური ადგილი ეთმობა ქართველი სასულიერო მოღვაწის – პეტრე იბერის ბიოგრაფიის უძველეს ვერსიას.

პეტრე იბერი დაიბადა ჩვენი წელთაღრიცხვის 413 ან 417 წელს ამჟამინდელი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში – იბერიაში, სამეფო ოჯახში. პეტრე იბერის ცხოვრებიდან ჩანს, რომ იგი გამოირჩეოდა, როგორც წმინდა ადგილების მომლოცველი, ბერი, ეპისკოპოსი და ანტიქალკედონური მოძრაობის მხარდამჭერი ქრისტიანების წინამძღოლი პალესტინაში.

პეტრე იბერის ცხოვრების სირიული ვერსია მოგვითხრობს მის წარმომავლობაზე საქართველოდან, ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახიდან; მისი ბავშვობისა და ყრმობის წლებზე, მოგზაურობებით საქართველოდან კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე და ბიზანტიის დედაქალაქიდან მის გამგზავრებებზე იერუსალიმსა და ეგვიპტეში და სირია-პალესტინაში. მისი ცხოვრების მოწიფულობის წლები სირია-პალესტინასა და ეგვიპტეში, აღსავსე მრავალფეროვანი მოვლენებით, მოიცავდა სხვადასხვა სახის სასწაულებს და შეხვედრებს არა მხოლოდ წმიდა მამებსა და დედებთან, არამედ თანამედროვე ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტის, იორდანიისა და ლიბანის იმჟამინდელი მოსახლეობის ფართო ფენებთანაც. პეტრეს ბიოგრაფიიდან ცხადად გამოსჭვივის საზრუნავი ამქვეყნიურ სამყაროსთან განშორებისა და მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტისათვის წარმართული ასკეტური ბრძოლისა, რაც გამოიხატებოდა მის სურვილში, გასცლოდა და გამიჯნოდა სახელმწიფო და საეკლესიო საქმიანობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს. ეს ჰაგიოგრაფიული ხასიათის ცხოვრება პეტრე იბერს წარმოგვიჩენს, როგორც ამა სოფლის მუხლჩაუხრელ მგზავრს, და უფრო მეტიც, – ვითარცა ლტოლვილს, თავდაპირველად თეოდოსიოს II-ის კონსტანტინეპოლის სასახლის კარიდან იერუსალიმში, ხოლო შემდგომად ამისა – იერუსალიმის მომქანცველი, ქალაქური ცხოვრებიდან ღაზის უფრო შორეულ მხარეებში, რათა თავი დაეღწია დედოფალი ევდოკიას გავლენისა და სამომავლო თხოვნებისაგან; მათ შორის, რომ დათანხმებოდა მოსალოდნელ კურთხევას მაიუმის ეპისკოპოსად. პეტრე იბერს საკუთარი სიცოცხლეც კი დაუყენებია საფრთხის ქვეშ, როდესაც უარს აცხადებდა ევქარისტიული რიტუალის აღსრულებაზე, ვიდრე მისივე სამწყსოს წევრები ცეცხლზე დაწვით არ დაემუქრნენ. ყოველივე ამქვეყნიურისაგან ამგვარი გაცლა კიდევ უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს პეტრე იბერის, როგორც მომლოცველისა და ამა სოფლის მუხლჩაუხრელი მგზავრის, ყოფა-ცხოვრებას. თავის ასკეტურ საძმოსთან ერთად იგი მზრუნველობას არ აკლებდა და შვებასა და ნუგეშს განაცდევინებდა იმ უთვისტომოთ, რომლებიც პოლიტიკური ძალაუფლების მიღმა აღმოჩნდნენ და რომლებიც თავიანთ თავს იმპერიის არათანმიმდევრული საეკლესიო პოლიტიკის საწინააღმდეგო მხარეს დატყვევებულად მოიაზრებდნენ. განსახილველი წიგნი სრულდება კიდევ ერთი, შედარებით უფრო მოკლე, ტექსტით, რომელში წარმოჩენილი ორი პიროვნებაც ბიზანტიური ეპოქის პალესტინაში ანტიქალკედონური მოძრაობის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერები იყვნენ. კერძოდ, ამ ტექსტში მოთხრობილია იერუსალიმის პირველი ანტიქალკედონი ეპისკოპოსის, თეოდოსიოსის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ და აგრეთვე ჩართულია „ბერთა მამის” მეტსახელით ცნობილ რომანოზთან დაკავშირებული ამბავი. პეტრე იბერის ცხოვრება, ისევე როგორც ტექსტის მთელი ის მონაკვეთი, რომელშიც ასახულია თეოდოსიოსის აღსასრული მასში ჩართული რომანოზ ბერის ამბითურთ, თავიდან ერთ თხზულებად უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებული.

პეტრე იბერის ცხოვრება იოანე რუფუსის მიერ ბერძნულად დაიწერა, თუმცა ჩვენამდე ამ ჰაგიოგრაფიული ხასიათის ცხოვრების მხოლოდ სირიულენოვანმა ვერსიამ მოაღწია. იოანე რუფუსი პეტრე იბერისა და მისი წრის თანამედროვე იყო. სამწუხაროდ, მის შესახებ ჩვენთვის ძალზედ ცოტა რამაა ცნობილი. პეტრე იბერის ცხოვრების გარდა იოანე რუფუსი, სავარაუდოდ, ავტორია ოდნავ მოგვიანებით შექმნილი თხზულებისა, რომლის სათაურიცაა პლეროფორია. ესაა მოკლე, აპოფთეგმების მაგვარი მოთხრობების კრებული, რომლის მოქმედი პირები არიან პეტრე იბერი და როგორც პალესტინაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ანტიქალკედონური მოძრაობის სხვა წევრები. ამ მოთხრობათაგან მრავალში წინა პლანზეა წამოწეული ხილვებსა და სასწაულებთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი ასპექტები, რომლებიც დამახასიათებელი იყო V საუკუნის ანტიქალკედონური მოძრაობისათვის. განსახილველი თხზულების კომენტარებიან ინგლისურ თარგმანთან ერთად ჰორნისა და ფენიქსის მიერ გამოსაცემად მზადდება სირიული ტექსტის ხელმეორე რედაქცია.

განსახილველი ნაშრომის წინასიტყვაობა მკითხველის ყურადღებას ამახვილებს პეტრე იბერის ეპოქისათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ და რელიგიურ ტენდენციებზე, აგრეთვე – მის როლზე ქრისტოლოგიურ დაპირისპირებებში. იგი იწყება IV საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე VI საუკუნის დამდეგამდე პერიოდის საქართველოს წარდგენით, რის შემდეგაც გაანალიზებულია ქრისტოლოგიური ხასიათის დაპირისპირებები და მათი არსი V საუკუნის პალესტინაში. შემდგომ ამისა განხილულია ცნობილი ასკეტების მოღვაწეობა პალესტინაში და იქაური სამონასტრო ცხოვრების ძირითადი ცენტრები; აგრეთვე თხზულების ჟანრული კუთვნილების საკითხი და მისი სტრუქტურის რიტორიკული ხასიათი; დაბოლოს – ტექსტის გამომცემელთათვის ცნობილი ძირითადი ხელნაწერები.

განსახილველი წიგნის გამოქვეყნებით კიდევ უფრო იზრდება იმ სამეცნიერო და არასპეციალური ნაშრომების რიცხვი, რომლებიც ანტიკური ეპოქის პალესტინის სამონასტრო ცხოვრებას შეისწავლიან. პეტრე იბერის ცხოვრების სირიული ვერსიის ინგლისური თარგმანის პირველად განხორციელებული გამოცემა, გვიანანტიკური პერიოდის პალესტინის, კერძოდ, ქრისტიანთათვის წმინდა მიწად მისი გადაქცევის საკითხის კვლევის თვალსაზრისით, ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი წყაროა. ამასთანავე, ნაშრომი განსაკუთრებით ღირებულია ქართული ლიტერატურისა და ისტორიისთვის, რადგანაც ის, როგორც პირველწყარო, ეპიგრაფიკულ წარწერებში, ჰაგიოგრაფიულ თხზულებებსა და ისტორიულ წყაროებში საქართველოსა და ბიზანტიური ეპოქის პალესტინის ურთიერთობების თაობაზე არსებული მონაცემების სრულად გააზრების საშუალებას იძლევა.

პეტრე იბერი და მისი მიმდევრები თავიანთ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევდნენ. ქრისტიანობის მათთვის მისაღები მიმდინარეობის უპირველესი დამახასიათებელი ნიშანი კონსერვატიულობაა, რაც იესო ქრისტესთან მიმართებით უარყოფს როგორც ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებსა და სხვა ინოვაციური ხასიათის დიოფიზიტურ განმარტებებს, ისე იმის გააზრების ყოველგვარ მცდელობას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ღმერთის ინკარნაციული სიტყვის „ერთბუნოვნება”, როგორც ეს ფიქსირდება მონოფიზიტურ განმარტებებში, რომლებიც აღწერილია ევტიქეს, ანდა შემდგომ ხანებში – იულიანე ჰალიკარნასელის მიერ. მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულება იმაზეა მიმანიშნებელი, რომ მათ, ვინც არ იზიარებდნენ იესო ქრისტესთან მიმართებით ქალკედონის საეკლესიო კრებაზე მიღებულ ტერმინოლოგიურ სახეცვლილებებს, ადვილად ვერც პალესტინაში ეძებნებოდათ ადგილი – სპეციფიკური დოგმატური მოვალეობებითა და მისწრაფებებით ზღუდეშემოვლებულ სივრცეში. ეს კი, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ისტორია იმისა, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენდა დოგმატიზმი სამონასტრო თემის თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესზე V-VI საუკუნეების სირია-პალესტინაში და მის ფარგლებს გარეთ, შესაძლებელია ყოფილიყო მრავალმხრივი, ვიდრე ხშირად არის ნავარაუდევი. განსახილველი ნაშრომი საშუალებას იძლევა, პეტრე იბერის ცხოვრების სირიული ვერსია ხელმისაწვდომი გახდეს მკითხველთა უფრო ფართო წრისათვის, რაც პეტრე იბერისა და მისი გარემოცვის სათანადოდ შესაფასებლად წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

ცხოვრების სირიული ვერსია ნათლად წარმოაჩენს პეტრე იბერის ანტიქალკედონურ განწყობილებებსა და მისწრაფებებს, მაგრამ, პეტრე იბერის ცხოვრების ქართული ვერსიის თანახმად, ის ქრისტიანობის ქალკედონური მიმართულების წარმომადგენლია. არქაულ ხანაში წმინდა მიწის ქართველ მომლოცველთა შორის უმნიშვნელოვანესის – პეტრე იბერის ცხოვრების ამსახველ ამ ორ წყაროს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებათა საფუძვლიანი შესწავლა კვლავინდებურად აქტუალურ საკვლევ თემად რჩება.