ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.






VF"ვეფხისტყაოსნის" გერმანულენოვან თარგმანთა და გამოცემათა დაწვრილებითი ჩამონათვალი მოცემულია წიგნებში: კავკასიის ხალხთა ლიტერატურები (Die Literaturen der Völker Kaukasiens) [4] და ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში [6]. ამჯერად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ პოემის პოეტურ და პროზაულ თარგმანებზე, რომლებშიც ტექსტი სრულად ან თითქმის სრულადაა გადათარგმნილი გერმანულ ენაზე:

მთარგმნელი დაბეჭდილია ჟურნალში წიგნის ფორმით ადგილი

არტურ ლაისტი - 1889  გერმანია
ჰუგო ჰუპერტი - 1955 გერმანია
რუთ ნოიკომი - 1974 შვეიცარია
მიხეილ წერეთელი 1975 საფრანგეთი
ჰერმან ბუდენზიგი 1970-1972 (ჟურნალში) 1976 საქართველო
მარია პრიტვიცი - 2005 საქართველო
2011 გერმანია

სანამ ა. ლაისტი მოჰკიდებდა ხელს რუსთველის თხზულების თარგმნას, მსოფლიო ლიტერატურის ამ ქართულ ძეგლთან მიახლოება სცადეს დასავლეში ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ ბერტა და არტურ ფონ ზუტნერები. 1884 წელს, საქართველოში თავიანთი ცხრაწლიანი ცხოვრებისა და მოგზაურობის დროს, მათ დაიწყეს ვეფხისტყაოსნის თარგმნა. რადგანაც არტური ქართულ სასაუბრო ენას ცოტაოდენ ფლობდა, ხოლო ბერტა კი რუსულს სწავლობდა, მათ ვერ შეძლეს „ვეფხისტყავის“, როგორც ბერტა ფონ ზუტნერი უწოდებდა ამ თხზულებას, თარგმანის დასრულება.

„სამშობლოში დაბრუნება ჩვენ მაისისათვის გვქონდა განზრახული, იქამდე კიდევ სამი თვე იყო. ეს დრო გვინდოდა, მიგვეძღვნა სამუშაოსთვის, რომლის შესრულებაც გვთხოვა ჩემი ქმრის მეგობარმა, თბილისელმა ჟურნალისტმა. საქმე ეხებოდა ქართული ჰეროიკული ეპოსის, შოთა რუსთველის „ვეფხისტყავის“ თარგმნას ფრანგულ და რუსულ ენებზე. რამდენადაც ჩვენ ქართული ენა არ ვიცოდით, სამუშაო შემდეგნაირად უნდა შეგვესრულებინა: ბატონ „მ“-ს (რომლის სახელიც აღარ მახსოვს დასაწყისი ბგერის გარდა) ორიგინალზე დაყრდნობით სიტყვასიტყვით უნდა გადმოეცა ჩვენთვის თხზულება ფრანგულად, რომელსაც ის არასრულფასოვნად ფლობდა, რაც შემდგომში ჩვენ გამართული ფრანგულით უნდა გვეთარგმნა... იმისათვის, რომ მშვიდად გვემუშავა, ჩვენ მივიღეთ მისი წინადადება გადავსახლებულიყავით სამეგრელოს ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში, სადაც მისი მამა მღვდლად მსახურობდა და პატარა სახლი ჰქონდა, რომელშიც მცირე გასამრჯელოს ფასად დაგვაბინავა. ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლო რეგულარულად, სადილამდე ორი საათით ადრე და შემდეგ, გვემუშავა „ვეფხისტყავზე“. ჩვენი თარგმანი არ დაიბეჭდა, მაგრამ ჩვენ არ დაგვნანებია დრო, რომელიც ამ სამუშაოსთვის დავხარჯეთ, რადგან ამის წყალობით, ჩვენი აღფრთოვანებული ქართველი პატრიოტის ნაამბობითა და შენიშვნებით, ჭეშმარიტად ჩავწვდით არსს, ისტორიასა და ხალხის სულს, მომხიბლავ ქვეყანას, სადაც ამდენი წელი გავატარეთ...“ [8, გვ. 190, 194].

უკვე ბევრი ქართველი გერმანისტი, გერმანელი ქართველოლოგი და საქართველოთი დაინტერესებული პირი ეცადა, მოეძებნა მაშინ შესრულებული თარგმანი, მაგრამ ყველა ცდა ამაო აღმოჩნდა. ასე რომ, ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ ამ თარგმანის შესახებ გამოთქმული მოსაზრებებით, რომლებიც მოცემულია თვით ბერტა ფონ ზუტნერის, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატის, მემუარებსა და 1885 წელს ქართულ პერიოდულ გამოცემებში, („კავკაზი“, „დროება“ და „ივერია“) გამოქვეყნებულ არტურ ფონ ზუტნერის სტატიებში.

ამგვარად, რუსთველის პოემის გერმანელი მკითხველისათვის აღმოჩენის პატივი ეკუთვნის არტურ ლაისტს, ევროპაში თითქმის სრულიად უცნობს, მაგრამ ქართულიდან და სომხურიდან მრავალრიცხოვანი თარგმანების წყალობით კავკასიაში დიდად დაფასებულ პიროვნებას. უნივერსიტეტში სწავლის დროს მან გაიცნო ფრიდრიხ ბოდენშტედტი, რომელიც იყო რუსული, სპარსული და თურქულენოვანი პოეზიის პოპულარიზატორი, რომელმაც დააინტერესა იგი აღმოსავლეთით, განსაკუთრებით კი სომხეთითა და საქართველოთი. ლაისტი პირველად საქართველოს 1884 წელს ესტუმრა. 1887 წელს კი გამოიცა წიგნი – საქართველოს პოეტები (Georgische Dichter), რომლის 150-ე გვერდზე გამოქვეყნდა თერთმეტი ქართველი პოეტის (უპირატესად მე-19 საუკუნის) 57 ლექსი, ასევე ხალხური სიმღერები. 1889 წ. ამას რუსთველის ვეფხისტყაოსანი მოჰყვა. ეს თარგმანი არ შეიცავდა პოემის პროლოგსა და ეპილოგს, ტექსტის ზოგიერთ ადგილას იყო ხარვეზებიც, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი იყო ის, რომ მთარგმნელმა უარი თქვა ვეფხისტყაოსნის ტრადიციულ ოთხსტრიქონიან სტროფზე, შეცვალა მეტრიკა, რიტმი და რითმა (იგი იყენებდა ჯვარედინ რითმას და თავისუფალ იამბს). იმის მიუხედავად, რომ ამგვარი გამარტივებული თარგმანით გერმანელი მკითხველისთვის ძნელია რუსთველის თხზულების სრულფასოვანი გააზრება, ამ თარგმანის მნიშვნელობა მაინც ფასდაუდებელია.

იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული. (33-[1])
ლაისტის თარგმანში ეს ნაწყვეტი ასე ჟღერს:

Ein König lebte im Arabierlande,
Mit Namen Rostewan, dem Gott, der Herr
Noch reiches Glück verlieh´n zum hohen Stande.
Leutselig, von erhabnem Sinn war er,
Mildthätig auch, gerecht und klug im Rate,
Herr einer ungeheuren Kriegerschar,
Ein Feldherr, der nicht seines Gleichen hatte
Und auch als Redner anzuhören war.
Ein Kind war seiner Ehe nur entsprossen,
Nur eine Tochter, die ein Licht der Welt,
Von solchem Schönheitsglanze war umflossen,
Dass sie dem Sonnenkreis schien beigesellt.
Wer sie nur sah, verlor bald alle Sinne,
Sie nahm die Seele ihm, Herz und Verstand.
Zu singen ihrer Schönheit Lob beginne
Ein Weiser nur, der zehnfach sprachgewandt!

რუსთველის თხზულების შემდეგი გერმანულენოვანი თარგმანი ეკუთვნის ჰუგო ჰუპერტს (1902-1982). რამდენადაც ამ თარგმანის თაობაზე ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ („პოეტთა შეჯიბრება“), აქ მხოლოდ რამდენიმე ფაქტის აღნიშვნით შემოვიფარგლებით. ამ ახალ თარგმანს საფუძველი 1950 წ. ჩაეყარა. თვით ჰუპერტის თქმით, იმ პერიოდში უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარემ მიხეილ კვესელავამ საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ალექსანდრე ფადეევის თანდასწრებით შესთავაზა ავსტრიელ პოეტს ვეფხისტყაოსნის „ინტერნაციონალიზაცია“, პოემის თარგმნა მისი ფორმის დაურღვევლად. ჰუპერტი, რომელმაც არ იცოდა ქართული, ამოცანის შესრულებისას სარგებლობდა რუსული ბწკარედული თარგმანით. სამუშაო მასალის დიდი მოცულობის გამო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების 30 წლისთავისათვის (1951 წ.) არ მოხერხდა ყველა (1671) სტროფის მკაცრად გარითმული სახით თარგმნა.

მხოლოდ 28-თვიანი დაძაბული შრომის შედეგად მომზადდა გარითმული ტექსტი, რომელიც მონაცვლეობით იქმნებოდა საქართველოში, მოსკოვსა და საბჭოთა ბალტიისპირეთში. ბერლინის გამომცემლობამ Rütten & Loening სთხოვა „საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოებას“ პოემის გერმანულ ენაზე თარგმნილი ტექსტი და დაბეჭდა ის 1954 წელს. ამგვარად თხზულება მისაწვდომი გახდა მკითხველთა ფართო წრისათვის და მალე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება. პრესა აქებდა თარგმანს, როგორც “შესანიშნავ ლიტერატურულ მიღწევას, როგორც ქართული ეროვნული ეპოსის პირველ სრულფასოვან გადატანას ერთ-ერთ ევროპულ ენაზე (თუ არ ჩავთვლით მრავალრიცხოვან რუსულ თარგმანებს), რომელიც, ა. ენდლერის აზრით, დღემდე ყველაზე ძლიერ და უბადლო თარგმანად ითვლება გერმანულენოვან თარგმანთა შორის [5, გვ. 157]. „ვეფხისტყაოსნის“ ჰუპერტისეული თარგმანი ოთხჯერ გამოიცა.

ზემოთ ციტირებული ნაწყვეტი ჰუპერტის თარგმანში შემდეგი სახითაა:
Einst war König in Arabien Rostewan, ein hochgeweihter,
huldvoll edler Fürst, beflügelt von der Heermacht seiner Streiter,
mild, gerecht, voll Großmut war er, seinem Staat ein kluger Leiter,
unerreicht als kühner Kriegsmann und beredt wie kaum ein zweiter.

Keinen Sohn besaß der König, hatte nur ein einzig Kind,
eine Tochter, sterngleich strahlend und wie Frühlingssonne lind.
Ganz betört war, wer sie ansah, wurde ruhlos, wurde blind.
Preisen könnten sie nur Worte, wie sie Weisen dienstbar sind.

შვეიცარიაში რუსთველის თხზულება 1974 წელს გამოიცა გამომცემლობაში: Manesse Bibliothek der Weltliteratur სახელწოდებით – ადამიანი პანტერის ტყავში (Der Mann im Pantherfell). ეს არის რუთ ნოიკომის პროზაული თარგმანი. ბოლოსიტყვაობაში იგი მიუთითებს თარგმანის ასეთი ფორმის არჩევის მიზეზს: „საბაბად შეიძლება დასახელდეს ბევრი მიზეზი, მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ქართული და გერმანული ენების სტრუქტურები ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რაც ძალზე აძნელებს რუსთველის ლექსის მუსიკალობისა და რიტმის რეპროდუქციას, ნაწარმოების შინაარსის თუნდაც მიახლოებით ზუსტად გადმოცემასთან ერთად”.

ამავე ბოლოსიტყვაობაში მოთხრობილია ამ თარგმანის შექმნის ისტორია. თარგმანზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1958 წ. ქართული ენის მასწავლებელთან, კიტა ჩხენკელთან ერთად. დაწყებული სამუშაო მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ ნოიკომმა მარტო გააგრძელა. გოეთეს რჩევის კვალდაკვალ, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია გახსნა ჭეშმარიტად ღრმა და ძირეულად მნიშვნელოვანი; მოიცვა ჭეშმარიტად არსებითი და მამოძრავებელი, ის, რაც რჩება პოეზიისგან, როცა მას პროზად თარგმნიან. თავის პროზაულ თარგმანში რუთ ნოიკომმა ამ მიზანს უდავოდ მიაღწია.

ვეფხისტყაოსნის (Der Ritter im Panterfell) გერმანული თარგმანი, რომელიც 1975 წ. პარიზში გამოიცა, პროზაული ფორმისაა. მიხეილ წერეთელმა (1878-1965) , ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, სკურპულოზურად, სიტყვასიტყვით გადაიტანა ქართული ტექსტი გერმანულ ენაზე. საქართველოში ძალზე მწირი ცნობები იყო ამ მთარგმნელზე. ქართულ ენციკლოპედიაში არაა მისი დაბადების ზუსტი თარიღი, რომ არაფერი ვთქვათ მისი ცხოვრების გზაზე. თუმცა ფრიდრიხ ვილჰელმის (ახლა ჰუმბოლდტის) უნივერსიტეტის არქივში და ბერლინის სხვა არქივებშიც ვრცელი დოკუმენტური მასალა არსებობს. წერეთელი სწავლობდა საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, ენებსა და ჟურნალისტიკას კიევში, პარიზში, ლონდონსა და ჟენევაში. პოლიტიკური კარიერის შემდეგ (მუშაობა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტში და ელჩობა სტოკჰოლმში), 1933 წ. ის ლექციათა კურსს კითხულობდა ბერლინის უნივერსიტეტში, 1936 წლიდან კი ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი იყო. წერეთელი, ბევრი სხვა ქართველი ემიგრანტის მსგავსად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა მიუნხენში, სადაც გარდაიცვალა 1965 წ. 1975 წელს პარიზში გამოცემული თარგმანი 1949 წელს იყო დასრულებული. სამწუხაროდ, მისი გამოცემა მ. წერეთლის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. მხოლოდ ნინო სალიამ, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის ცნობილმა წარმომადგენელმა, გამოსცა ის მეცნიერ-მთარგმნელის გარდაცვალების მეათე წლისთავზე. გამოცემის წინასიტყვაობაში იგი მადლობას უხდის იულიუს ასფალგს და ჰუპერტ კაუფჰოლდს, რომლებმაც ტექსტი საფუძვლიანად შეასწორეს. ქართველი ლიტერატურათმცოდნეები ა. ბარამიძე, დ. ლაშქარაძე და ჯ. გაგნიძე მიუთითებდნენ ინტერპრეტაციის გარკვეულ პრობლემებზე ამ თარგმანში. გთავაზობთ ზემოთ ციტირებულ ნაწყვეტს მ. წერეთლის პწკარედიდან:

Es war in Arabien König Rostewan, glückbegnadet von Gott,
Erhaben, freigebig, bescheiden, Gebieter vieler Ritter und Vasallen,
Gerecht und barmherzig, glorreich und weise,
Ein unvergleichlicher Kämpe (und) selbst ein glänzender Redner.

Kein anderes Kind hatte der König, wohl nur eine einzige Tochter,-
Ein Gestirn, das die Welt erleuchtete, ein Glied in den Sonnenscharen.
Denen, die sie schauten, nahm sie das Herz,die Gedanken und die Seele.-
Ein Weiser sollte sie preisen und eine viel* mal verhundertfachte Zunge!

რუსთველის პოემის უკანასკნელი სრული თარგმანი გერმანულ ენაზე პოეტურია. ის წერეთლის პწკარედზე დაყრდნობით ჰერმან ბუდენზიგმა შეასრულა, რომელიც არ ფლობდა ქართულ ენას. ბუდენზიგმა მიმართა შაირის არა ადეკვატურ ფორმას, არამედ ჰეგზამეტრს (ექვსტერფიანი დაქტილი). თარგმანის წინასიტყვაობაში, რომელიც ცალკე წიგნად თბილისში 1976 წ. გამოვიდა, ის ასე ასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას: „ჰეგზამეტრი ცნობილია ანტიკური პოემის გერმანულ ენაზე თარგმანებით... კლასიკური პოეზიის გერმა-ნულ ჰეგზამეტრს ახასიათებს გერმანული ენის მოთხოვნების შესაბამისად აწევა და დადაბლება, ნაცვლად ანტიკური ჰეგზამეტრის სიგრძე-სიმოკლისა. ამ გარდაქმნის წყალობით ჰეგზამეტრი შექმნილია გერმანული ენისათვის. ჰეგზამეტრი პოემის ორიგინალთან მაქსიმალური მიახლოების საშუალებას იძლევა. იგი არაა შებორკილი, თავისუფალია ნაწვალები სიტყვათწარმოებისა და ენობრივი ეგზალტაციისაგან და არ ახდენს ენაზე ძალდატანებას“[7, გვ. 11-12].
იმის გამო, რომ ლექსთწყობის მიხედვით არ იქნა დაცული ორიგინალის რითმა და რიტმი, თარგმანი შინაარსობრივად ზუსტია, მაგრამ ნაწარმოების ფორმა და მუსიკალობა იკარგება, თუმცა ზოგიერთი ქართველი მეცნიერი ამ თარგმანს „არსებულთაგან საუკეთესოდ“ მიიჩნევს. თავიანთ დასკვნას ისინი იმით ასაბუთებენ, რომ ბუდენზიგის თარგმანი მნიშვნელოვანწილად ზუსტად გადმოსცემს ქართული ორიგინალის შინაარსს, ვიდრე ჰუპერტის თარგმანი.

„ის გადმოსცემს ტექსტის თითოეულ სიტყვასა და სურათს, იშვიათად თუ გვხვდება რამდენიმე უმნიშვნელო ცდომილება. ჰეგზამეტრის არჩევითა და დახვეწილი ლექსიკის წყალობით იქმნება ისეთი ამაღლებული განწყობა, როგორიც არცერთ ევროპელ მთარგმნელს არ გადმოუტანია“[3, გვ. 130].

ზემოთ მითითებული ნაწყვეტი ბუდენზიგის თარგმანში ასე ჟღერს:
Rostewan war in Arabien König, von Gott wohlbegnadet,
Freigebig, demütig, huldvoll, Herr vieler tapferer Mannen,
Gnädig, gerecht, sieghaft und scharfsinnig weise,
Selber ein unvergleichlicher Krieger, gewandt auch im Reden.
Keinen Erben hatte er, nur eine einzige Tochter,
Ein die Welt erleuchtend Gestirn aus den Scharen der Sonne,
Wer sie ansah, dem nahm sie das Herz, den Verstand und die Seele,
Einen Weisen braucht man zum Lobe und zehntausend Zungen.

მარია პრიტვიცის (1876-1961) მიერ შესრულებული გერმანული თარგმანი რუსთველის პოემისა 2005 და 2011 წლებში გამოიცა.
მართალია, ეს თარგმანი უკვე 1940-1947 გაკეთდა უფაში, მაგრამ ის, თავის დროზე დიდად ნაქები, ხან მეტოქეობის გამო, ხან კი უბრალოდ უყურადღებოდ მიტოვებული 60 წლის განმავლობაში იდო უჯრაში[4]. მას გერმანელმა მეცნიერმა შტეფი ხოტივარი-იუნგერმა მიაკვლია ელგუჯა ხინთიბიძის დახმარებით. მათ რუსთველის ეს თარგმანი თავდაპირველად საქართველოში დაბეჭდეს სამენოვანი (გერმანული, ქართული, რუსული) წინასიტყვაობით, რაც მკვლევართადმი შემდგომი ძიებისაკენ ერთგვარი მოწოდება იყო (პრიტვიცისეული თარგმანის მთარგმნელისეულ ხელნაწერ ვარიანტში ზოგიერთი სტროფის ნაცვლად მათი მდარე ხარისხის ასლები იყო).

მარია პრიტვიცი იყო მთარგმნელი, ბიბლიოთეკარი, მასწავლებელი და მეცნიერ-მუშაკი, რომელიც კარგად ფლობდა რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ და მოლდავურ ენებს, თავს მოლდაველად თვლიდა, მშობლიურ ენად კი რუსულს, თუმც მას გერმანელი წინაპრები ჰყავდა:

მისი მამა იყო ვიქტორ ჰუბერი. მარია ბავშვობიდანვე ლაპარაკობდა გერმანულ ენაზე, რომლის ცოდნაც დრეზდენის ქალთა პირველ გიმნაზიაში გაიღრმავა 1893-1894 წლებში.

რუსთველსა და მის ქმნილებას იგი თავისი ქართველი მეგობრების მეშვეობით გაეცნო და მის თარგმანზე ლენინგრადიდან უფაში გადასახლების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომისა და ომის შემდგომ მძიმე წლებში მუშაობდა, რასაც თავად იგი დიდ ბედნიერებად მიიჩნევდა: «Думала ли я, что фортуна даст мне возможность приобщиться к великому труду Руставели, оживившему меня во время утраты многого дорогого мне?` И даст мне ещё раз возможность конкретно послужить возвеличению родины и её культуры?`»[2, გვ. LXXXVI].

მარია პრიტვიცის ეს სიტყვები, რომლებიც შვილისადმია მიმართული, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ღრმა პატივისცემას ქართველი პოეტისადმი, რომელიც მისთვის იყო არა მხოლოდ ისტორიული პიროვნება, არამედ მრჩეველი და ნუგეშისმცემელი ადამიანი. მისი შვილიშვილი ნატალია პრიტვიცი წერს, რომ ამ სიტყვებმა იგი შეძრა: «так как их писала женщина, потерявшая в вихре революции мужа, двоих детей (она так и не узнала ничего про них до конца своей жизни) всё имущество, право проживать на прежнем месте»[2, p. LXXXVI].
ზემოთ მოტანილი ნაწყვეტი მარია პრიტვიცის თარგმანში შემდეგნაირად იკითხება:

Rostevan, Arabiens König, der durch Schicksalsgnad’ geweihte,
Kraftbeschwingt durch seine Heere, ward gepriesen seiner Zeiten;
Schlicht, gerecht und hochbeflissen in des Landes weiser Leitung,
Ein beredter, edler Ritter, weltbekannt in seiner Weisheit.
Sprossen hatt’ der Thronherr keine, außer einem Mädchenkinde,
Das, gestirngleich, hell und leuchtend, sanft war wie die Sonne linde.
An ihr, Sonne aller Sonnen - Herz verlor man und erblindet’,
Nur dem Weisesten ein Loblied ihr zu singen es gelinget.

დასასრულს უნდა ითქვას, რომ რუსთველის ოთხი გერმანული პოეტური თარგმანიდან არც ერთი არ შესრულებულა უშუალოდ ქართულიდან, თარგმანები ყოველთვის პწკარედის ან რუსული თარგმანის მიხედვით იყო შესრულებული.

რუსთველის მთარგმნელთაგან მხოლოდ ჰუგო ჰუპერტმა და მარია პრიტვიცმა შეძლეს ჩასწვდომოდნენ რუსთველის სალექსო ფორმას (შაირს) და ისინი მშვენიერ გერმანულ სტროფებად ჩამოექნათ, რაც დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს გერმანელ მკითხველს, ეხმარება მას ორიგინალის წვდომაში.

მკითხველს ამ მოკლე ციტირებათა საფუძველზე შეუძლია აირჩიოს თავისი „ფავორიტი“, უპირატესობა მიანიჭოს პროზასა თუ ლექსს, ჰეგზამეტრსა თუ შაირს, მუსიკალობასა თუ სიზუსტეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. რუსთაველი, შოთა, „ვეფხისტყაოსანი“, თბილისი 1966 (რედ. ა. შანიძე, ა. ბარამიძე).
2. Штеффи Хотивари-Юнгер, Предисловие, Shota Rustaveli, Der Ritter im Tigerfell (translated by Marie Pritwitz), Tbilisi-Berlin 2005.
3. Baramidse, A., Laschkaradse, D., Gagnidse, Dsh., Die Übertragung des „Mann im Pantherfell“ von Hermann Buddensieg. In: Mickiewicz-Blätter 16 (1971).
4. Chotiwari-Jünger, St., Die Literaturen der Völker Kaukasiens (Neue Über-setzungen und deutschsprachige Bibliographie), Berlin 2003.
5. Endler, Adolf: Zwei Versuche über Georgien zu erzählen, Halle 1976.
6. Khintibidze, E., Georgian Literature in European Scholarship, Amsterdam 2001.
7. Rustaweli, Sch., Der Mann im Pantherfell, Tbilissi 1976.
8. Suttner, B., Lebenserinnerungen, Berlin 1969.