ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ავთანდილ ნიკოლეიშვილი

ახალი დეტალები ქართული ემიგრაციის ისტორიიდან


საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დამკვიდრებული დიქტატორული მმართველობითი რეჟიმისაგან თავის დახსნის მიზნით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა დიდი ნაწილის მოღვაწეობის უმთავრეს სფეროს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად წარმართული პოლიტიკური, კულტურულ-საზოგადოებრივი და შემოქმედებითი საქმიანობა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ქართული ემიგრაციის ისტორიასთან დაკავშირებულ დოკუმენტთა მნიშვნელოვანი ნაწილის ძნელად ხელმისაწვდომობის გამო, ეს ისტორია სასურველ დონეზე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და ბევრი რამ ამ მიმართულებით სამომავლოდაა მოსაძიებელ-გამოსაკვლევი.

აღნიშნული ხარვეზის შესავსებად უაღრესად საინტერესოა ჩვენში დღესდღეობით თითქმის სრულიად უცნობი ემიგრანტი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – ლადო არველაძის ცხოვრება და შემოქმედება. ამ ნიჭიერი ბელეტრისტისა და გულმხურვალე მამულიშვილის საქმიანობა და შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღესდღეობით არათუ ფართო საზოგადოებისთვისაა სრულიად უცნობი, არამედ თვით სპეციალისტებისთვისაც კი.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ რუსუდან კობახიძის ცნობით, ლ. არველაძის საზოგადოებრივი და ლიტერატურული ღვაწლის მეცნიერული შესწავლით სიცოცხლის ბოლო წლებში ქართული ემიგრაციის ისტორიის ცნობილი მკვლევარი გურამ შარაძე დაინტერესებულა. სწორედ მას მოუძიებია და ჩამოუტანია თბილისში, ნიუ-იორკსა და პარიზში გამოცემული მისი რამდენიმე საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი წიგნი, რომელთა ცალკე კრებულად გამოცემასაც გეგმავდა, მაგრამ სიცოცხლის ტრაგიკულად დასრულების გამო ამის გაკეთება აღარ დასცალდა.

ლ. არველაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან ქართული ემიგრაციის მუზეუმში დღესდღეობით საბეჭდ მანქანაზე აკრებილი ოთხი წიგნია დაცული: ესენია: 1. მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის, წიგნი III და IV, პარიზი, 1963 წ. 2. მოთხრობები, ნიუ-იორკი, 1964 წ. 3. პატარა მოთხრობები, ნიუ-იორკი, 1965 წ. 4. მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის, წიგნი IV, ნიუ-იორკი, 1966 წ. სამწუხაროდ, გარდა დასახელებული წიგნებისა, ლ. არველაძესთან დაკავშირებით არსებულ სხვა მასალას საქართველოში ჯერ-ჯერობით ვერსად მივაკვლიე.

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ლ. არველაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბევრი დეტალი დღესდღეობით სრულიად უცნობია. მართალია, თავის მოგონებათა წიგნში – „მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის” მწერალი საკმაოდ დაწვრილებით მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების ამბავს, მაგრამ რადგანაც ამ წიგნების პირველი და მეორე ნაწილი ჯერ-ჯერობით ხელმიუწვდომელია, ლ. არველაძის ბიოგრაფიის ადრინდელი პერიოდის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. უფრო მეტიც, ჩვენთვის დღესდღეობით ისიც კი არაა გარკვეული, სად და როდის დაიბადა იგი.

ლ. არველაძის მოგონებათა ზემოთ ხსენებული წიგნი მწერლის დროინდელ ეპოქალურ მოვლენათა მხატვრულ მატიანედაც შეიძლება მივიჩნიოთ. მასში ავტორი არა მარტო თავისი ბიოგრაფიის შთამბეჭდავ ეპიზოდებს გვიამბობს, არამედ მოვლენათა ეროვნული პოზიციებიდან განმსჯელ-შემფასებლის როლშიც ხშირად გვევლინება ხოლმე.

ლ. არველაძე დაბადებული უნდა იყოს 1920-იანი წლების მიჯნაზე იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. იგი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაუწვევიათ არმიაში. სევასტოპოლთან მოწინააღმდეგის ალყაში მოქცეული მწერალი და მისი თანამებრძოლები, რომელთა დიდ ნაწილს ქართველები წარმოადგენდნენ, 1942 წლის 6 ივლისს ტყვედ ჩაბარდნენ გერმანელებს. ლ. არველაძის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა ერთადერთი გონივრული გამოსავალი იყო იმ სასოწარმკვეთი მდგომარეობიდან, რომელშიც, მაშინ სიკვდილისათვის განწირული ეს ადამიანები აღმოჩნდნენ.

ტყვეობაში ყოფნის დროს ლ. არველაძე უკრაინის, პოლონეთისა და გერმანიის ტყვეთა ბანაკებში იმყოფებოდა, ომის დამთავრების შემდეგ კი იტალიაში გადავიდა და, მისივე თქმით, „ლუკმაპურის საშოვნელად ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში დაეხეტებოდა“[1, გვ. 23]. იტალიაში ცხოვრების პერიოდში მწერალი იქაურ მანდილოსანზე დაქორწინებულა. როგორც ნიუ-იორკში გივი კობახიძის რედაქტორობით გამოცემულ საინფორმაციო ბიულეტენ „ცნობის ფურცლის“ მეოთხე ნომრიდან ირკვევა, ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ლ. არველაძის მეუღლეს იმდენად საქმიანი და გულთბილი ურთიერთობა დაუმყარებია იქაურ ქართულ დიასპორასთან, რომ 1954 წლის აგვისტოში იგი „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს” წევრადაც კი აურჩევიათ.

იტალიაში ლ. არველაძე, სავარაუდოდ, 40-იანი წლების ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, შემდეგ კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში, გადადის და აქტიურად ერთვება იქაური ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. როგორც ცნობილია, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა 1952 წლის 5 ოქტომბერს ნიუ-იორკში დააარსეს უპარტიო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია „ქართველთა დემოკრატიული კავშირი”, რომელიც იმავე წლის 2 ნოემბერს „გადაუნათლავთ და მისთვის „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო” უწოდებიათ. სახელწოდების შეცვლაში გამგეობა ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ ქართულ პოლიტიკურ მუშაობაში საჭირო იყო ამერიკელთა ჩაბმაც. გარდა ამისა, ახალ სახელწოდებაში აშკარად არის ხაზგასმული „საქართველოს დამოუკიდებლობა“, რაც ახალი ორგანიზაციის სულიერ დედააზრს წარმოადგენდა“ [6, გვ. 155].

დასახელებული ორგანიზაციის საქმიანობაში ლ.არველაძეც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით საგულისხმო ცნობებს გვაწვდის ნიუ-იორკში 1953-1954 წლებში გამოცემული საინფორმაციო ბიულეტენი „ცნობის ფურცელი“. კერძოდ, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ გამგეობას 1953 წლის 27 იანვარს გივი კობახიძის, გრიგოლ დიასამიძის, პავლე კვარაცხელიასა და ლადო არველაძის შემადგენლობით შეუქმნია სარედაქციო კოლეგია, რომლისათვისაც დაუვალებია ხსენებული ორგანიზაციის პერიოდული ორგანოების – ჟურნალ „ჩვენი გზისა“ და საინფორმაციო ბიულეტენ „ცნობის ფურცლის“ გამოცემა[7, #1, 7].

როგორც დასახელებული პერიოდული ორგანოების გაცნობით ვრწმუნდებით, ლ. არველაძე არა მარტო პრაქტიკულად ყოფილა ამ საქმიანობაში ჩართული, არამედ შემოქმედებითადაც და გარდა საკუთარი გვარ-სახელისა, თავის ნაწერებს მათში შემდეგი ფსევდონიმებითაც აქვეყნებდა: „ქაცვია მწყემსი“, „ს. ს,“, „ანჩარი“, „ანი, „დამკვირვებელი“ [6, გვ. 159].

წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობასთან და სარედაქციო საქმიანობაში გამოჩენილ აქტიურობასთან ერთად, ლ. არველაძე „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ საქმიანობაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას, რაც ნათლად დასტურდება იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული მასალებით. მაგალითად, 1954 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, სადაც განვლილი წლის მუშაობა შეაჯამეს, ლ. არველაძე ერთხმად აურჩევიათ „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ შვიდკაციანი გამგეობის წევრად [7, #4, 15], შემდგომში კი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა.

ლ. არველაძე „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ მიერ გამართულ ღონისძიებებშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 46-ე წლისთავისა და 1924 წლის აგვისტოს აჯანყებიდან 29-ე წლისთავის აღსანიშნად 1953 წლის 13 სექტემბერს ნიუ-იორკის პარკ-საიდ-ჰოტელში ჩატარებულ სხდომაზე მთავარ მომხსენებლად სწორედ ის გამოსულა. მომხსენებელს იმდენად საინტერესოდ და საფუძვლიანად წარმოუჩენია ილიას მამულიშვილური ღვაწლი და შემოქმედება, რომ სხდომის მონაწილეებს მოხსენების წიგნად გამოცემის სურვილიც კი გამოუთქვამთ [7].

ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალების მიხედვით, იმის ზუსტად განსაზღვრა, სანამდე დარჩა ლ. არველაძე ამერიკაში საცხოვრებლად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ ბოლო წიგნი, რომელიც მან ამ ქვეყანაში ცხოვრების პერიოდში გამოსცა, 1966 წლით თარიღდება. სიცოცხლის ბოლო წლები კი მწერალს რომში გაუტარებია, სადაც 1975 წლის 17 ოქტომბერს გარდაცვლილა გულის შეტევით [5, #4, გვ. 16].

ლ. არველაძის მოგონებათა წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოსადმი რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მხილებასა და კრიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის განსჯისა და შეფასების დროს ავტორი, უპირველეს ყოვლისა, კომუნისტური მმართველობის მიერ მიზანმიმართულად გატარებულ ანტიეროვნულ პოლიტიკას წარმოაჩენს, იგი არც რევოლუციამდელი პერიოდის რუსული კოლონიალიზმის იმპერიულ ამბიციებს ტოვებს უყურადღებოდ და ამ თვალსაზრისითაც გამოთქვამს საგულისხმო მოსაზრებებს.

ლ. არველაძის მოგონებათა წიგნი საინტერესო იმ მხრივაცაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას ავტორი იმ ქართველთა მოღალატეობრივი საქმიანობის შედეგადაც მიიჩნევს, რომელთაც მშობელი ქვეყნის ინტერესები თავიანთ კარიერისტულ მიზნებს ანაცვალეს. თუმცა, მწერლის შეფასებით, ეს ადამიანები გამონაკლისნი არ ყოფილან და რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის საქმეში მნიშვნელოვანი როლი იმ ფაქტორმაც შეასრულა, რომ XIX საუკუნისა და საბჭოთა პერიოდის ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მომავალი ნათლად არ ჰქონდა გააზრებული და ნიღაბახდილი სახით ვერ აცნობიერებდა რუსული კოლონიალიზმის არსს.

ლ. არველაძის აზრით, ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის ეროვნული ცნობიერების ამგვარი დეფორმირება იმ კოლონიური პოლიტიკით იყო განპირობებული, რასაც საქართველოს დაპყრობის პირველივე წლებიდან ატარებდა რუსეთი ჩვენს ქვეყანაში მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. კერძოდ, მწერალი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ უწინარესად სწორედ ამ პოლიტიკის სამწუხარო შედეგს წარმოადგენდა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ის დამოკიდებულება, რასაც შესაბამისი პერიოდების ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი იჩენდა, ერთის მხრივ, 1918-1921 წლებში აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისადმი, მეორეს მხრივ კი 1921 წლის თებერვლისა და მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული მოვლენებისადმი.

ყოველივე ზემოთქმულის შესახებ მწერალი არა მარტო ზოგადად მსჯელობს, არამედ მრავალ კონკრეტულ ეპიზოდსაც იხსენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, ისე მახლობელი ადამიანების ცხოვრებიდანაც. მაგალითად, იმის მესამედი მსხვერპლი რომ გაეღო საქართველოს 1921 წელს, როცა ლენინის არმია მოადგა ჩვენს საზღვრებს, რომელიც გაიღო მეორე მსოფლიო ომში, ვერ დაგვიპყრობდა წითელი ბანდა, ჩაუცმელი, მოუვლელი და შეუიარაღებელი... ძალზე მცირე იყო მაშინ მსხვერპლი, სამშობლოს დასაცავად გაღებული: ქუდზე კაცი არ გამოსულა საზღვრის დასაცავად. სავსე იყო დეზერტირებით ქუჩა, მოედანი, ბაზარი, ტყე და ველი, სადაც კი შეიძლებოდა თავის შეფარება.

ყველა ცდილობდა, გაერიდებინა თავი ომისთვის. ერთი მეორეს ეფარებოდნენ ზურგს უკან. ძალიან მცირენი აღმოჩნდნენ მამაცნი, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე მსხვერპლად მიუტანეს თავისი ქვეყნის კეთილდღეობის დაცვის საქმეს” [1, გვ. 61].

საკუთარი ერისადმი ამგვარი უმძიმესი ბრალმდებლის როლში გამოსვლით ლ. არველაძე, ფაქტობრივად, მოყვრისთვის სიმართლის შეულამაზებლად თქმის იმ დიდ ტრადიციას აგრძელებდა თავისი შესაძლებლობის დონეზე, რომელიც საუკუნეების წინათ დაამკვიდრეს ჩვენში ქართული მწერლობის ისეთმა საუკეთესო წარმომადგენლებმა, როგორებიც დ. გურამიშვილი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი და სხვები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლ. არველაძის ლიტერატურული შესაძლებლობანი ხსენებულ მწერალთა შემოქმედებით მასშტაბებს ვერ შეედრება, თავისი ეროვნული გულისთქმითა და პირუთვნელობით იგი მაინც შეიძლება მივიჩნიოთ ამ ტრადიციების უღალატოდ ერთგულ იმ მოღვაწედ, რომელიც ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და შელამაზების გარეშე გამოხატავდა საკუთარ კრიტიკულ თვალთახედვას.

შესაბამისი პერიოდების ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილისადმი ავტორის ამდაგვარი დამოკიდებულების ნათელსაყოფად აქ წიგნის ის ეპიზოდებიც მინდა გავიხსენო, სადაც მწერალი ქართველ დედათა პატრიოტული თვითშეგნების დეფორმირების შესახებაც საუბრობს ზემოთ ხაზგასმული პირუთვნელობით. მაგალითად: ლ. არველაძის მტკიცებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის არსებობის ხანმოკლე პერიოდში „ვერც ქართველი დედები აღმოჩნდნენ მთლად იმ დონეზე, რომელ დონეზედაც იდგნენ ძველი დედები: არავინ ისტუმრებდა შვილს ბრძოლის ველისაკენ, არავინ ულოცავდა გზას, არავინ მოუწოდებდა სამშობლოს დაცვის მოვალეობისადმი“[1, გვ. 61].

იმისათვის, რომ ქართველი დედებისადმი წაყენებულ ამ უმძიმეს ბრალდებას მეტი დამაჯერებლობა შესძინოს, მწერალი მისი მახლობელი ადამიანების ცხოვრებიდანაც იშველიებს კონკრეტულ მაგალითებს: „ჩვენი ოჯახის განაყოფი ლავრენტია არველაძე მოკლეს აწყურთან; დედამ ასე დაიტირა: „შვილო ლავრენტია, ობლობაში გამოზრდილო, დეიქცეს და დეიმხოს ჟორდანიას მთავრობა, რა გინდოდა შენ აწყურთან, რა გინდოდა, რა გინდოდა!“

ასევე მოსთქვამდა სიმონა არველაძის დედა ნინო: „ღმერთო, ამოაგდე ჟორდანია-გეგეჭკორის ოჯახები! რა უნდოდა ჩემს სიმონას ნატანებთან (სიმონა არველაძე მოკლეს ნატანებთან ომის დროს 1918 წელს), რა გვინდოდა ჩვენ იქინეო...”. ამისთანა სიტყვებს ამბობდნენ სხვა დედებიც ჟორდანიას მთავრობის მიმართ. რაში დებდნენ ჟორდანიას მთავრობას ბრალს ჩვენი დედები? იმაში, რომ მათი შვილები საქართველოს საზღვრების დაცვის დროს დაიხოცნენ” [1, გვ. 61].

ქართველ დედათა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ამგვარი დეფორმირების ტრაგიკული შედეგის არსში უფრო ღრმად და საფუძვლიანად გასარკვევად, მწერალს ზემოთ დამოწმებული მაგალითებისაგან არსებითად განსხვავებული ასეთი ეპიზოდებიც მოჰყავს საბჭოთა პერიოდის ჩვენი ცხოვრებიდან, კერძოდ კი სამამულო ომის დროიდან: „ეხლა, როცა საქართველოს მიწაზე ძალიან მცირე რიცხვი დარჩნენ ოჯახებში, რომელთაც არ განუცდიათ ყუმბარების და ჰაერიდან წამოსული ბომბების ჟრუანტელის მომგვრელი ძრწოლა და შიში, როცა ყოველი სამი ოჯახიდან ერთმა მაინც ჩაიცვა თალხი, როცა ზოგიერთი ოჯახიდან სულ გაწყდა მამაკაცის სახსენებელი (ჩემი მეზობლის თედორე არველაძის ოჯახიდან ხუთი ძმა იყო გაწვეული ჯარში, არ დაბრუნებულა არც ერთი), ცრემლის გადმოგდებასაც ვერავინ ბედავდა, არამც თუ სამდურავის გამოთქმას. ამისთანა საოცარი ცვლილება მოხდა სულ რაღაც ოცდასამიოდე წელიწადში...

რამ შეცვალა ეს გარემოება? შიშის გრძნობამ, რუსულმა ხიშტმა, მკერდში რომ აქვს მიბჯენილი ყოველ ქართველს სქესისა და ასაკის განურჩევლად. შიშმა დაბადა ერთგულება, სიყვარული, თავისდადების გრძნობა. მოჩვენებითია ეს?.. სულ ერთია, რა სახისაც არ უნდა იყოს” [1, გვ. 61].

ერთმანეთთან შეპირისპირებული ფორმით წარმოსახულ ამ ეპიზოდებს ავტორი, პირველ ყოვლისა, ქართველი საზოგადოების ეროვნულ თვითშეგნებაში საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორული იდეოლოგიური პოლიტიკის სავალალო შედეგად მიიჩნევს და ამ სამწუხარო ჭეშმარიტების არსში მკითხველის კიდევ უფრო ღრმად გარკვევის მიზნით ასეთ პარალელსაც ავლებს: “დამოუკიდებელი საქართველოს დასაცავად ასიოდე მოკვდა და ასი ათასი წყევლა და კრულვა გაეგზავნა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას. ეხლა კი დაპყრობილი საქართველოდან ასი ათასები კვდებოდნენ სხვისი მიწის დამპყრობელთაგან დასაცავად და არც ერთი სამდურავი, არც ერთი დეზერტირი. რა ძალა ჰქონია თურმე შიშს!” [1, გვ. 63].

ლადო არველაძის შემოქმედებითი პოტენცია ყველაზე მეტად მის მოთხრობებში გამოვლინდა. ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ თვალსაზრისითაც იძენს, რომ ქართველ ემიგრანტ მწერალთა ლიტერატურული შესაძლებლობანი ყველაზე მეტად პოეზიასა და პუბლიცისტიკაში წარმოჩინდა, მხატვრული პროზა კი მათთან შედარებით გაცილებით სუსტიცაა და რაოდენობრივადაც ცოტა. მართალია, ლ. არველაძის მოთხრობების მხატვრული ოსტატობის დონე ქართული პროზის დიდოსტატთა, მათ შორის მეოცე საუკუნის ქართული ემიგრანტული მწერლობის ყველაზე დიდი წარმომადგენლის – გრიგილ რობაქიძის მწერლურ შესაძლებლობებს ვერ შეედრება, მაგრამ მისი პროზაული ნაწარმოებების მკითხველი, ვფიქრობ, სადავოდ არ გახდის იმ ფაქტს, რომ სიტყვიერი ხელოვნების მხრივაც, თემატურადაც და პერსონაჟთა ტიპაჟის მრავალფეროვნებითაც იგი ემიგრაციაში მოღვაწე ქართველ ემიგრანტ პროზაიკოსთა შორის ერთ-ერთი აშკარად გამორჩეული ბელეტრისტია.

ლ. არველაძის მხატვრული პროზისადმი ინტერესს არსებითად განსაზღვრავს საბჭოთა სინამდვილისთვის ფართოდ დამახასიათებელ მანკიერებათა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემათა კრიტიკული თვალთახედვით წარმოსახვა და განსჯა-გააზრება. განსხვავებით საბჭოთა საქართველოში მცხოვრები მისი კოლეგებისაგან, რომლებიც ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი ცენზურულ-იდეოლოგიური კონტროლის გამო აზრის თავისუფლად და შეუზღუდველად გამოთქმის შესაძლებლობას იყვნენ მოკლებულნი, ლ. არველაძის შემოქმედებაში სათქმელი პირდაპირ და ყოველგვარი შენიღბვის გარეშეა ნათქვამი.

საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, რასაც შედეგად ზემოთ აღნიშნული იდეოლოგიური ხუნდების დამსხვრევაც მოჰყვა, ცენზურული შებოჭილობის დამთრგუნველ მარწუხებს თავი ქართველმა მწერლებმაც დააღწიეს და მათ შემოქმედებაში წინანდელ პერიოდთან შედარებით გაცილებით უფრო მასშტაბურად და მრავალსახოვნად აისახა საბჭოური ეპოქალური სინამდვილისთვის ფართოდ დამახასიათებელი მანკიერებანი. თუმცა ეს გარემოება ლ. არველაძისა და უცხოეთში იმხანად მოღვაწე სხვა ქართველ მწერალთა შემოქმედების როლსა და მნიშვნელობას ვერ აკნინებს, რადგანაც, თავიანთი ტრაგიკული ცხოვრებისეული ხვედრიდან გამომდინარე, აღნიშნულ მანკიერებათა მამხილებლისა და კრიტიკულ-ოპოზიციური თვალთახედვით წარმომჩენის როლში მათზე ადრე სწორედ ისინი მოგვევლინენ.

განსხვავებით საბჭოთა საქართველოში მოღვაწე კოლეგებისაგან, რომლებიც კომუნისტური ყოფის ნაკლოვან მხარეებსა და ჩვენს ეროვნულ პრობლემებს ძირითადად შენიღბულად, ქვეტექსტური მინიშნებებითა და ალეგორიებით გამოხატავდნენ, ქართველი ემიგრანტი მწერლები თავიანთ სათქმელს ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ და შეულამაზებლად ამბობდნენ. მართალია, მათ მხატვრულ სიტყვას აქაურ დიდოსტატთა შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ძალა და ენერგია ნაკლებად ახლავს, მაგრამ საბჭოთა სინამდვილის კრიტიკულ-ოპოზიციური თვალთახედვით ამსახველი თავიანთი ნაწარმოებებით შესაბამისი პერიოდის ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში ისინი მაინც იმკვიდრებენ საგულისხმო ადგილს.

გარდა მხატვრული ნაწარმოებებისა, ქართულ ემიგრანტულ პრესაში ლ. არველაძე პუბლიცისტურ წერილებსაც აქვეყნებდა დროდადრო. ჩვენი ქვეყნის ისტორიული და თანადროული ყოფისადმი მიძღვნილ ამ წერილებში ეროვნული თვალთახედვითაა განსჯილ-შეფასებული ბევრი საჭირბოროტო საკითხი, მამულიშვილური პოზიციებიდანაა წარმოჩენილი ქართველი ხალხის სახელოვანი შვილების ღვაწლი და დამსახურება, პირუთვნელადაა მხილებული როგორც რუსული კოლონიალიზმის არსი, ისე საკუთრივ ჩვენთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის მანკიერებანი და ა. შ.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ლ. არველაძის ის ფელეტონები, რომლებშიც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებისეული ნაკლოვანებანია მკაცრად და უკომპრომისოდ მხილებული. ბასრი სატირა, რასაც მწერალი თავისი დროის ქართველ ემიგრანტთა ყოველდღიური ყოფისათვის ფართოდ დამახასიათებელი ნაკლოვანი მხარეების წარმოსაჩენად იყენებს, ავტორისეულ სათქმელს მეტ სიმძაფრესა და შთამბეჭდაობას სძენს. მიუხედავად იმისა, რომ მწერლის სატირულ ფელეტონებს კონკრეტული ადრესატები არ ჰყავდა და ხსენებული მანკიერებანი მათში მხოლოდ ზოგადად და ანონიმ პერსონაჟთა მეშვეობით იყო მხილებული, მათი გამოქვეყნება მაინც იწვევდა ქართველ ემიგრანტთა არცთუ მცირე ნაწილის გულისწყრომასა და აღშფოთებას.

მაგალითად, სწორედ ასეთი უმკაცრესი გამოხმაურებანი მოჰყოლია ქართველ ემიგრანტთა ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ქაცვია მწყემსის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ლ. არველაძის ფელეტონს – „ენის ქავილის ამბავი ანუ ქაცვია მწყემისის მოთქმა“, რომელშიც ავტორმა სატირული ფორმით ამხილა ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილის პიროვნული პატივმოყვარეობა და ამბიციურობა. ლ. არველაძის თქმით, სწორედ ჩვენი ეროვნული ბუნებისათვის საზოგადოდ არცთუ უცხო ამ მოვლენის შედეგად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ „ვინც ნაცარქექიას ზღაპარი წაიკითხა და დაიმახსოვრა, თავი ჰომიროსს დაადარა! ვინც იმ ტრაქტატის ტექსტი, – აი, ეკატერინემ და ჩვენმა გმირმა მეფე ერეკლემ რომ დასდეს ქ. გიორგიევსკში, – წაიკითხა, – იმან თავი ისტორიკოსად წარმოიდგინა და პლინიუსი და პლუტარხი წუღის ლანჩად ამოიკრა”.[7, #5, გვ. 11-12]

საკუთარ შესაძლებლობათა ამგვარ ამბიციურ შეფასებებს კი ის სავალალო შედეგი მოჰყვა, რომ, ავტორის აზრით, თითო ემიგრანტ ქართველზე ოთხი მეცნიერი მოდის, სამი ჟურნალისტ-პოლიტიკოსი, ხუთი ისტორიკოსი, რვა ხატის ოსტატი, თერთმეტი სპეტაკი კაცი!
როგორც „ცნობის ფურცლის” მომდევნო, მეექვსე ნომერში აღნიშნულ ფელეტონთან დაკავშირებით ბიულეტენის რედაქტორის – გ. კობახიძის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან – “ბეჭდვითი სიტყვა და მისი უფლებანი“ ჩანს, ლ. არველაძის პუბლიკაციას ქართველ ემიგრანტთა ერთი ნაწილის უდიდესი აღშფოთება მოჰყოლია.

მანკიერებათა კრიტიკული მხილების ტენდენციამ კიდევ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა „ცნობის ფურცლის“ მეექვსე ნომერში ანჩარის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ლ. არველაძის ფელეტონში „საიდუმლო სერობა,” რომელშიც გაშარჟებული ფორმითაა ნაჩვენები ქვეყნის ბედის წარმმართველ ხელისუფალთა მზაკვრული გეგმები და მისწრაფებანი. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ხსენებული ფელეტონის შექმნის საფუძვლად ქცეულ სათქმელს, რომლის გამოხატვის უმთავრეს ფორმად მწერალმა ირონიაში გადაზრდილი სატირა აირჩია, ავტორმა იმდენად განზოგადებული სახე მისცა, რომ ჩვენი ეროვნული ბუნების ნაწილად ქცეულ მანკიერებათა უკომპრომისოდ მამხილებელი ეს ნაწარმოები დღევანდელ ჩვენს რეალობასაც შეიძლება მივუსადაგოთ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

ასეთია ლადო არველაძის ლიტერატურული მემკვიდრეობა თვალის ერთი გადავლებით. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ხელნაწერის სახით არსებული და ფართო საზოგადოებისათვის ძნელად ხელმისაწვდომი ეს მემკვიდრეობა არც განხილული ნაწარმოებებით შემოიფარგლება და არც ჩემ მიერ ყურადღებამიქცეული საკითხებით ამოიწურება, ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობ, მაინც იძლევა საკმაოდ მყარ საფუძველს იმის სათქმელად, ქართველი საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ამ პიროვნების სახით მეოცე საუკუნის ქართულ ემიგრანტულ მწერლობას ერთ-ერთი უაღრესად საინტერესო წარმომადგენელი რომ ჰყავს.

 

დამოწმებული ლიტერატურა:
1. არველაძე, ლ., მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის, წიგნი III, წიგნი IV. პარიზი, 1963 (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გ. შარაძის კერძო კოლექცია).
2. არველაძე, ლ., მოთხრობები. ნიუ-იორკი, 1964. (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გ. შარაძის კერძო კოლექცია).
3. არველაძე, ლ., პატარა მოთხრობები, ნიუ-იორკი, 1965 (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გ. შარაძის კერძო კოლექცია).
4. არველაძე, ლ., მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის, წიგნი IV. ნიუ-იორკი 1966 (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გ. შარაძის კერძო კოლექცია).
5. ჟურნ. თავისუფლების ტრიბუნა, #9, პარიზი 1975.
6. შარაძე, გ., ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით, თბ. 1992.
7. ცნობის ფურცელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს საინფორმაციო ბიულეტენი, #1, 4, 5, 6. ნიუ-იორკი 1953-1954.