ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





კიაზო ფიცხელაური

 სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. IV-I ათასწლეულების მოსახლეობის

ეთნო-კულტუროგენეზის საკითხისათვის

 

კავკასია ორ ზღვას შორის მდებარე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხმელეთის ვიწრო ზოლია. აქ ათასწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ბუნებრივ პირობებზე და მის თანამდევ მრავალ თავისებურებაზე დაფუძნებული, სამი კულტურა ჩამოყალიბდა, ერთიმეორისგან განსხვავებული მატერიალური კულტურის იერსახით და სოციალ-ეკონომიკური სისტემით. ერთი — ჩრდილოეთ და ორი — სამხრეთ კავკასიაში, მის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გარე, ხშირად მძლავრი ზეგავლენით გამოწვეული კატაკლიზმებისა, რაც ეპოქალურად მრავალი სიახლით აღინიშნებოდა, კავკასიური კულტურები მთელი თავისი არსებობის მანძილზე განუწყვეტლივ, თანამიმდევრულად აგრძელებდნენ შიდა განვითარების მაგისტრალურ ხაზს და მყარად ინარჩუნებდნენ განუმეორებელი ინდივიდუალობის სტაბილურ ხასიათსა და გავრცელების საზღვრებს.

კავკასიის ერთ-ერთ ასეთ გეოგრაფიულ რეგიონს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილი [ტაბ. I]. იგი ჩრდილოეთიდან ისაზღვრება დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთი ფერდებით; დასავლეთიდან — ლიხის მთით, რომელიც ეღობება შავი ზღვის სუბტროპიკული ჰავის ნაკადს; აღმოსავლეთიდან მკვეთრად იფარგლება კასპიისპირა დამარილებული ნიადაგების სტეპური ზოლით, რომელიც თავისუფლად ატარებს შუა აზიის ცხელი ჰაერის მასებს, ეს კი ბევრად განაპირობებს სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის კლიმატს და შესაბამისად აქ მცხოვრები საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის მიმართულებებს. ერთდროულად, ამ მხარეში ლითონის მდიდარი წიაღისეულისა და ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა ბუნებრივი რესურსების არსებობა, ყველა ეპოქაში განსაზღვრავს ადგილობრივი საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ სახეს. ამ გეოკლიმატური თავისებურებებით გამორჩეულ რეგიონის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს მცირე კავკასიონის მთიანეთი და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორია, მდინარე არაქსამდე.

ენეოლითურ ეპოქაში კავკასიის არქეოლოგიური კულტურების საზღვრები, კვლევის დღევანდელ ეტაპზე, მეტად ამორფულია, რის გამოც მათი გავრცელების კონკრეტული ფარგლები ჯერ-ჯერობით მკვეთრად არ არის გამოსახული. ძვ. წ. V ათასწლეულის დასასრულს და IV ათასწლეულში შუამდინარეთიდან ლტოლვილ ურუკელ მიგრანტთა დიდი ტალღა მთლიანად ფარავს მთელ კავკასიას [15; 32; 33; 34; 35].

კავკასიაში შემოსული ამ კულტურის ადგილობრივთან ინტეგრაციის პროცესი უპირატესად ბრინჯაოს მეტალურგიის განსაკუთრებულ დაწინაურებაში აისახა, რამაც საზოგადოების სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას ,,ფეთქებადი” ხასიათი მიანიჭა. როგორც ჩანს, საწყის პერიოდში, ამ კულტურათა შერწყმის შედეგად, სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ძვ.წ. IV ათასწლეულში ყალიბდება ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურა [ტაბ. II] [6; 7; 16; 27; 28; 31; 42]. იგი თანდათანობით სხვადასხვა შიდა მოთხოვნილებების საფუძველზე თავისი ჩამოყალიბების ფარგლებს გარეთ, დიდ ფართობზე ვრცელდება. სამხრეთით მტკვარ-არაქსული კულტურა თითქმის მთლიანად იკავებს დღევანდელი ჩრდილო ირანის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ ანატოლიას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე [40; 41; 43; 44; 45; 46; 47]. ჩრდილოეთით იგი ფარავს კავკასიონის ქედის მიღმა ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილს [21; 27; 30; 31] და, როგორც ფიქრობენ, ევროპის დიდ მონაკვეთსაც [5]. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მტკვარ-არაქსული კულტურის განვრცობა განსაკუთრებით დიდ ფართობზე მისი განვითარების ზენიტს ემთხვევა. სამხრეთით ვრცელდება მტკვარ-არაქსული კულტურის როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთული ვარიანტი, ჩრდილოეთ კავკასიაში და ევროპაში კი მხოლოდ მისი ჩრდილო ვარიანტი. ამავე პერიოდში, მტკვარ-არაქსული კულტურის სამხრეთული ვარიანტი ნაწილობრივ ჩრდილო ვარიანტის ტერიტორიასაც ფარავს.

გასული საუკუნის მიწურულს სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ბედენური კულტურის არსებობა დადგინდა, რომლის არსებობის ქრონოლოგიური ჩარჩოები საკმაოდ დამაჯერებლად ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით განისაზღვრა [2; 10; 18; 22]. ამჟამად ბედენური მასალების აღმოჩენამ, მტკვარ-არაქსულთან ერთად, ხაშურის ნაცარგორაზე, მკაცრად სტრატიფიცირებული კულტურული ფენებით [9; 36], მტკვარ-არაქსული კულტურის ქრონოლოგიური ჩარჩოების გაფართოების აუცილებლობაზე მიგვითითა, რომელმაც, როგორც ჩანს, ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარიც უნდა მოიცვას.

რაც შეეხება ბედენური კულტურის გენეტიკურ კავშირს როგორც მტკვარ-არაქსულ, ისე მისი მომდევნო ხანის თრიალეთურ კულტურასთან, ეს საკითხი უაღრესად პრობლემატურია და მრავალ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, რადგან არსებული მასალების მიხედვით ეს კავშირი, ჯერჯერობით მაინც, სრულიად უნდა გამოირიცხოს. მიუხედავად ამისა, უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ ბედენური კულტურის გავრცელების საზღვრები თითქმის ზუსტად ემთხვევა [ტაბ. II] სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის შემდგომი, ძვ. წ. II ათასწლეულის და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის, ტიპიური კავკასიური შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს და რკინის ხანის კულტურების გავრცელების ფარგლებს [ტაბ. II], რომლებიც ერთიმეორესთან გენეტიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბედენური კულტურა გენეტიკურად არ უკავშირდება არც თავის წინამორბედ და არც შემდეგდროინდელ ადგილობრივ კულტურებს, მათი გავრცელების საზღვრების თითქმის ზუსტი დამთხვევა შესაძლოა იმის წინაპირობა გახდეს, რომ მომავალმა კვლევა-ძიებამ მათ შორის შუალედური რგოლები მაინც გამოავლინოს, რაც საშუალებას მოგვცემს ბედენური კულტურა ადგილობრივი კულტურების განვითარების სისტემაში ჩავრთოთ.

სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ამჟამად ბედენური კულტურის ქრონოლოგიურად მომდევნო, თრიალეთურ კულტურას ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის ქრონოლოგიურ ჩარჩოებში ათავსებენ [3; 17; 20; 25; 27]. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური მასალების მიხედვით იგრძნობა წინააზიურ კულტურებთან ურთიერთობის განსაკუთრებული გააქტიურება [3; 25], თრიალეთური კულტურისთვის დამახასიათებელი, ძირითადად ადგილობრივი ნიშნების მიხედვით, შესაძლებელი ხდება მისი კუთვნილი ტერიტორიის მკვეთრად შემოსაზღვრა [26; 27], [ტაბ. II]. არსებითია, რომ უკვე ამ დროიდან ძვ.წ.I ათასწლეულის შუახანებამდე შეიძლება ამ რეგიონში კულტურის უწყვეტ განვითარებას გაედევნოს თვალი, რაც მთავარია, გავრცელების ერთი და იგივე სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ფარგლებში. თუმცა, აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მრავალი, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი და აღმოსავლეთ თურქეთის მუზეუმებში ექსპონირებული მასალების მიხედვით (აკადემიკოსების ო. ჯაფარიძისა და დ. მუსხელიშვილის სიტყვიერი ცნობა), სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ.წ. II ათასწლეულის კულტურები გასაოცარ მსგავსებას ამჟღავნებენ ამ რეგიონთან.

ადრე მეცნიერთა ერთი ჯგუფი თვლიდა [3], რომ თრიალეთური შუაბრინჯაოს ხანის კულტურა უეცრად წყვეტს არსებობას, იგი გენეტიკურად არ უკავშირდება მისი შემდგომი დროის გვიანბრიჯაოს ხანის კულტურებს და, შესაბამისად, ამ დროიდან ამ რეგიონში კულტურის ცვლა იგულისხმებოდა. თუმცა, შემდგომი კვლევის შედეგად სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური მასალების მიხედვით შუა და გვიანბრინჯაოს ხანებს შორის დამატებით გამოიყო განვითარების სამი ახალი საფეხური. ამ საფუძველზე კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ძვ.წ. I ათასწლეულის კულტურები გენეტიკურად დაუკავშირდა ერთიმეორეს და განვითარების განუწყვეტელი მყარი სისტემის არსებობა დაადასტურა [11; 12; 13]. შემდგომ მსგავსი სამუშაო ჩატარდა ჩრდილო სომხეთის ძეგლებთან დაკავშირებითაც და იქაც შესაძლებელი გახდა ამ ორი ეპოქის ერთიმეორესთან მჭიდრო გენეტიკური კავშირის გამოვლენა [19]. მეტად არსებითია, რომ განვითარების ამ ახლად გამოვლენილი სამივე საფეხურის კულტურათა გავრცელების ფარგლები ძვ. წ. III და II ათასწლეულთა ადგილობრივი კულტურების განვრცობის საზღვრებში თავსდება და, თავის წინამორბედთა მსგავსად, მთელ ამ ტერიტორიაზე ინარჩუნებს ერთიან ხასიათს. ცხადია, ამა თუ იმ მხარეში მცირე ნიუანსებით.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ახლადგამოყოფილი გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული, პირველი საფეხურის კულტურა, რომელმაც ცენტრალურ ამიერკავკასიურის სახელწოდება დაიმკვიდრა [13; 14], გენეტიკურად მჭიდროდ აღმოჩნდა დაკავშირებული არა მარტო თავის წინამორბედ, არამედ თავის მომდევნო ხანის კულტურებთანაც. მართალია, ამ პერიოდში იგი ატარებს მცირეაზიურ-ხეთურ სამყაროსთან მყარი კავშირის ნიშნებს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ კვლავ თავისი წინამორბედი კულტურების ტრადიციულ საზღვრებში რჩება [ტაბ. II] და თავის ადგილობრივ ინდივიდუალობას ინარჩუნებს. შემოსულ ყველა პროგრესულ სიახლეს კი ითვისებს, გადაამუშავებს და თავისებურ ელფერს აძლევს.

რა ხდება შემდგომ ეპოქაში სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც მთლიანად მოიცავს ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულს და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარს, ე. ი. გვიანბრინჯაოს ხანის კლასიკურ პერიოდს და რკინის ხანას? ამ ეპოქის ყველაზე არსებითი ნიშანია ის, რომ ამ დროს იწყება უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური პროცესი კულტურის განვითარებაში, რკინის მეტალურგიაზე თანდათანობით გადასვლა და მისი თანამდევი ერთიანი ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის სეგმენტაცია მცირე, ერთიმეორის მონათესავე გაერთიანებებად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ეს შემადგენელი ნაწილი გენეტიკურადაა დაკავშირებული თავის წინამორბედ კულტურასთან და ყველა მათგანი ერთობლივად თავისი საზღვრებით თავსდება მის ფარგლებში [ტაბ. II].

თავდაპირველად, დაახლოებით ძვ.წ. XIII საუკუნეში, რიგი თავისებური ნიშნით ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალების ორი ჯგუფი გამოიყოფა. ერთი — მტკვრის შუა დინების დაბლობში და მის ირგვლივ მდებარე მთა-გორებში და მეორე — იორ-ალაზნის აუზში. ამ დროს მტკვრის შუა დინების კულტურა რიგი თავისებურებებით ხასიათდება, რომელიც უცხოა მისი წინამორბედი კულტურისთვის, მაგრამ უკვე ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულისთვის, ყველა ეს ნიშანი ქრება და მტკვრის შუა დინების კულტურა მთლიანად თავისი წინამორბედი კულტურის ტრადიციების გამაგრძელებელი ხდება. აღნიშნულ რეგიონში ძვ.წ. XIII საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური კულტურა, რომელიც თავისი წინამორბედის — ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს, მოიცავს მთლიანად იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიას [13; 38]. შემდგომ, ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულს და ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში კი, იგი სამ ლოკალურ ჯგუფად ნაწევრდება [13; 38], [ტაბ. II]. ყველა მათგანს ჩვენ ქართულ წერილობით წყაროში მოცემულ გარკვეულ ქართულ ეთნიკურ ჯგუფებთან ვაკავშირებთ, რადგან მათი გავრცელების საზღვრები თითქმის ზუსტად ემთხვევა ქართულ წერილობით წყაროში მითითებულ უძველესი ქართული ეთნიკური წარმონაქმნების საზღვრებს [13; 38].

გვიანბრინჯაოს ხანის პირველი საფეხურიდან მცირე კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ყალიბდება თავისებური, ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურისგან მრავალი ნიშნით გამორჩეული კულტურა [23; 24; 28; 29; 45], რომელიც განვითარების შემდგომ საფეხურებზეც ინარჩუნებს თავის ინდივიდუალურ ხასიათს. მისი გენეზისისა და გავრცელების საზღვრების შესახებ ჯერჯერობით მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულება არ არსებობს.

არ შეიძლება არ შევეხოთ ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ორ უდიდეს მოვლენას, რომელიც სამხრეთ კავკასიას ეხება.

პირველი სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ურარტულ ექსპანსიას უკავშირდება. თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესმა აღნიშნული მხარის მხოლოდ უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთი მოიცვა. ურარტელებს უფრო ღრმად სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში არ შემოუღწევიათ. კონტაქტები ამ კულტურასთან სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო მონაკვეთში მხოლოდ თითო-ოროლა ურარტული ნივთის აღმოჩენით აღინიშნება, რაც აქ (თლია, ხირსა) სამხედრო ნადავლის, ბრინჯაოს სარტყლების სახით უნდა იყოს მოხვედრილი. თუმცა, ამ ძლიერ მეზობელთან ურთიერთკავშირის არსებითი ზეგავლენა მაინც აშკარაა. ამაზე მიგვითითებს სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის არქეოლოგიურ კულტურებში ურარტული რკინის საბრძოლო იარაღის და მათი მინაბაძების დიდი რაოდენობით არსებობა.

ის, რომ ქართულ ლექსიკაში, არცთუ იშვიათად, ურარტული სიტყვიერი მასალის არსებობა დასტურდება, სრულიად ბუნებრივია და შეიძლება აიხსნას ახლო კავშირით მეზობელ ქვეყანასთან. თუმცა ეს მოვლენა შორს წასული დასკვნების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

ასევე მნიშვნელოვანია ძვ. წ. I ათასწლეულში სამხრეთ კავკასიაში სკვითური ექსპანსიის კვალი, რომელიც მათ აქ დატოვეს გზად, ჯერ სამხრეთისკენ, შემდგომ კი უკუმოძრაობის დროს [39]. არსებული არქეოლოგიური მასალების მიხედვით, აქ ისინი უფრო დიდი დროით არ დაბინავებულან. საწინააღმდეგო აზრის განვითარებას ამ მიმართულებით [რ. აბრამიშვილი], ვფიქრობ, მყარი საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილი აქემენიდური კულტურის მძლავრი ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა ადგილობრივი კულტურა არსებობას განაგრძობს და ინარჩუნებს თავის ინდივიდუალობას. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან იგი კარგავს განმასხვავებელ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც მისი ლოკალური ვარიანტები გამოირჩეოდა. მათი ნიველირება ხდება და ერთსახოვან იერს ატარებს. მისი გავრცელების კონკრეტული საზღვრების მითითება კი არსებული მასალების მიხედვით რთულია.

იგივე შეიძლება ითქვას შემდგომი პერიოდის შესახებ, როდესაც სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის საზღვრებში სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ყალიბდება. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს, კავკასიისთვის უცხო, ე.წ. იალოილუთაფას კულტურა ფარავს [37]. მისი ნიშნები ტიპიურ ადგილობრივ მასალებთან ერთად საკმაოდ კომპაქტურად ფიქსირდება მხოლოდ ალაზნის ველის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო ღრმად ეს კულტურა აღარ ვრცელდება. მან აქ შეიძლება მხოლოდ სულ ასიოდე წელი იარსება და შემდგომ უკვალოდ გაქრა ისე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ საზღვრებში საბოლოო ცვლილება არ შეუტანია.

ამგვარად, სრულიად ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში არქეოლოგიური კულტურების გავრცელების ფარგლები ძვ. წ. III ათასწლეულიდან ტრადიციულია და იგი თითქმის ზუსტად თავსდება აღმოსავლეთ საქართველოს თანამედროვე საზღვრებში. ამჟამად ეს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა და არ გვინდა ამ ფაქტს ზედმეტად დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ, მაგრამ ის, რომ ეს გასათვალისწინებელი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნოკულტურული პრობლემების ძიების დროს, ვფიქრობთ, უდავოა.

ამ მიმართულებით კვლევა სასურველ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემს, თუ იგი დაიგეგმა და წარიმართა ყველა ინტერდისციპლინარული მეცნიერების მიღწევების საფუძველზე. ჩვენ მიერ შენიშნული ტრადიცია კი მხოლოდ ერთი შტრიხია იმის საიმედოდ, რომ ამ თვალსაზრისით სამუშაოების გაგრძელება წარმატებული იქნება.


ტაბულების აღწერილობა:
ტაბ. I — კავკასიის ფიზიკური რუკა, სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის მითითებით.
ტაბ. II — კავკასიის ფიზიკური რუკა ძვ.წ. IV-I ათასწლეულების არქეოლოგიური კულტურების გავრცელების საზღვრების აღნიშვნით.


ტაბ.1

Caucasus

მითითებული ლიტერატურა:
1. აბრამიშვილი, რ., ”თრიალეთის შუა და გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვანი”, თბილისი, I, თბილისი 1978.
2. გობეჯიშვილი, გ., ბედენის გორასამარხების კულტურა, თბილისი 1981.
3. გოგაძე, ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბილისი 1972.
4. გომელაური, ნ., „აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურათა ურთიერთმიმართების საკითხისათვის, მცირე პლასტიკისა და გრაფიკულ გამოსახულებათა მიხედვით“, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, # 20, თბილისი 2011, გვ. 240-250.
5. მირცხულავა, გ., მირცხულავა, ნ., „კავკასია ადრელითონების ხანის ევროპის არქეოლოგიურ კულტურათა სისტემაში“, თსუ შრომები, III, თბილისი 2001, გვ. 4-11.
6. მირცხულავა, გ., მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემები, თბილისი 2011.
7. ნებიერიძე, ლ., წოფის ენეოლითური კულტურა, თბილისი 2010.
8. ორჯონიკიძე, ა., მტკვარ-არაქსულ და ბედენურ კულტურათა ურთიერთობისათვის სამხრეთ კავკასიაში (პრეპრინტი), თბილისი 1966.
9. ორჯონიკიძე, ა., შერეულკერამიკიანი კომპლექსები შიდა ქართლიდან (პრეპრინტი), თბილისი 1992.
10. ორჯონიკიძე, ა., „ბედენის კულტურა. მეცნიერული აზრის განვითარების ისტორიიდან“, ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, # 20, თბილისი 2011, გვ. 222-235.
11. რამიშვილი, ა., „შიდა ქართლის ბრინჯაოს ხანის ფინალური სტადიების პერიოდიზაციის ზოგიერთი საკითხი“, ძიებანი, # 6, თბილისი 2000, გვ. 28-37.
12. ფიცხელაური, კ., „აღმოსავლეთ საქართველოს გვიანბრინჯაოს ხანის მატერიალური კულტურის გენეზისისა და პერიოდიზაციის საკითხები“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 65, # 3, თბილისი 1972.
13. ფიცხელაური, კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს.), თბილისი 1973.
14. ფიცხელაური, კ., ცენტრალურამიერკავკასიური არქეოლოგიური კულტურა ძვ. წ. XIV-XIII სს., თბილისი 2005.
15. ფიცხელაური, კ., „ურუქელი მიგრანტები კავკასიაში (ინგლისურ ენაზე)“: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე, ტ. 6, # 2, თბილისი 2012, გვ. 153-161.
16. ჯავახიშვილი, ა., ღლონტი, ლ., არქეოლოგიური გათხრები ჩატარებული 1954-1961 წლებში ქვაცხელების (ტვლეპია გორის) ნამოსახლარზე, თბილისი, 1962.
17. ჯაფარიძე, ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში. ქართველი ტომების ისტორიისათვის ძვ.წ. II ათასწლეულში, თბილისი 1969.
18. ჯაფარიძე, ო., ქართველი ტომების ეთნოკულტურული ისტორიისათვის ძვ.წ. მესამე ათასწლეულში (ადრეყორღანული კულტურა), თბილისი 1998.
19. Арешян, Г.E., Оганесян, В.Э., Мурадян, Ф.М., Аветисян, П.С., Петросян, Л.А., „Конец среднего бронзового века в междуречье Аракса и Куры“, Историко-филологический журнал, №1 (128), Ереван 1990, стр. 53-74.
20. Археология. Эпоха бронзы Кавказа и Средней Азии. Ранняя и средняя бронза Кавказа, Москва 1994, стр. 58-155.
21. Гаджиев, М.Г., „Поселения горного Дагестана эпохи ранней бронзы“, Древние и средневековые поселения Дагестана, Махачкала 1983.
22. Дедабришвили, Ш., „Курганы Алазанской долины“, Труды кахетской археологической экспедиции, II, Тбилиси 1979.
23. Есаян, С.А., Древняя культура племен северо-восточной Армении (III-I тыс. до н.э.), Ереван 1976.
24. Ивановский, А.А., „По Закавказью. Археологические наблюдения и исследования 1893, 1894 и 1896 гг.“, Материалы по археологии Кавказа, вып. VI, Москва 1911.
25. Куфтин, Б.А., Археологические раскопки в Триалети, Тбилиси 1941.
26. Кушнарева, К.Х., „К проблеме выделения археологических культур периода средней бронзы на Кавказе“, Краткие сообщения Института археологии, вып. 176, Москва 1983, стр. 9-15.
27. Кушнарева, К.Х., Южный Кавказ в IХ-II тыс. до н.э. (Этапы культурного и социально-экономического развития), Санкт-Петербург 1999.
28. Мартиросян, А.А., Армения в эпохи бронзы и раннего железа, Ереван 1964.
29. Минкевич-Мустафаева, Н.В., „О датировке и хронологических этапах некоторых памятников Азербайджана эпохи поздней бронзы и раннего железа“, Материальная культура Азербайджана, IV, Баку 1962, стр. 130-137.
30. Мунчаев, Р.М., „Древнейшая культура Северо-Восточного Кавказа“, Материалы и исследования по археологии СССР, 100, Москва 1961.
31. Мунчаев, Р.М., Кавказ на заре бронзового века. Москва 1975.
32. Мунчаев, Р.М., „Месопотамия, Кавказ и Циркумпонтийская металлургическая про¬винция“, Российская археология, № 4, Москва 2005, стр. 13-24.
33. Мунчаев, Р.М., Амиров, Ш.Н., Магомедов, Р.Г., „Восточный Кавказ и проблемы кавказско-месопотамских связей в IV-III тыс. до н.э.“, Исследования первобытной археологии Евразии, Москва 2010, стр. 316-334.
34. Мусеибли, Н., Энеолитическое поселение Беюк-Кесик, Баку 2007.
35. Нариманов, И., Ахундов Т., Алиев Н., Лейлатепе (поселение, традиция, этап в этнокультурной истории), Баку 2007.
36. Рамишвили, А.Т., „Раскопки в Хашурском районе в 1984-1986 гг.“, Полевые археологические исследования в 1986 году, Тбилиси 1991, стр. 22-25, таб. 34-47.
37. Пицхелаури, К.Н., „Памятники второй половины I тыс. до н.э. на территории Кахетии“, Советская археология, № 3, Москва 1977, стр. 221-229.
38. Пицхелаури, К.Н., „Восточная Грузия в конце бронзового века“, Труды Кахетской археологической экспедиции, т. III, Тбилиси 1979.
39. Погребова, М.Н., Закавказье и его связи с Передней Азией в скифское время, Москва 1984.
40. Burney, Ch., „Eastern Anatolia in the Chalcolitic and Early Bronze Age“, Anatolian Studies, vol. VIII, London 1958.
41. Burton-Brown, T., Excavations in Azerbaijan 1948, London. 1955.
42. Žavaxišvili, A., „Ausgrabungen in Berikldeebi (Šida Kartli)“, Georgica. Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, Heft 21, Konstanz 1998, s. 7-20.
43. Kosay, H., „Pulur (Sakyol) excavations 1969“, Keban Project, Ankara, 1971.
44. Kosay, H., „Pulur excavations 1969-1970“, Keban Project, Ankara 1976.
45. Kossak, G., „Tli Grab 85. Bemerkungen zum Beginn des skythen-zeitlichen Formenkreises im Kaukasus“, Beiträge zum Allgemeinen und Vergleichenden Archäologie, Band 5, München 1983, s. 89-186.
46. Sagona, А.G., „The Cauсasien Region in the Early Bronze Age“, British Archaeological Report, part. III, Oxford 1984.
47. Yakar, J., „The Late Chalcolithic and Early Bronze Age“, The Later Prehistory of Anatolia, part. II, 1985.