ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





თამარ ბარბაქაძე 

 

ქართული ლექსი: განვითარების გზა, ბუნება, მკვლევარნი

(მოკლე მიმოხილვა)

ქართული ლექსი მრავალსაუკუნოვანია, მისი შესწავლის ისტორია კი თითქმის სამ საუკუნეს ითვლის: 1731 წელს, მამუკა ბარათაშვილმა, მეფე ვახტანგ VI-ის ერთგულმა ქვეშევრდომმა, რომელიც ემიგრაციაში თან ახლდა პატრონს, დაწერა პირველი პოეტიკური ტრაქტატი სახელწოდებით: „ჭაშნიკი. ლექსის სწავლის წიგნი“. „ლექსი ერთი რამ არის ამ სოფლის საქმეში“, — ამგვარად განსაზღვრა მისი რაობა ქართული ლექსის პირველმა თეორეტიკოსმა, რომელმაც „სიტყვისა“ და „ლექსის“ იგივეობაზე გაამახვილა ყურადღება: ქართულ ენაზე ძველად „ლექსი“ სიტყვასაც აღნიშნავდა, ორსტრიქონიან ლექსსაც და „მთელს ამბავს ერთად გალექსულსა“. მართალია, ქართულ ლიტერატურულ ლექსს წინ ხალხური პოეზია უსწრებდა, მაგრამ არსით, ბუნებით ისინი ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდნენ. ამიტომ ჩვენი მკვლევარები ეროვნული პოეზიის ისტორიის შესწავლას, ჩვეულებრივ, ხალხური შემოქმედებით იწყებენ. ისინი ნამდვილ საგანძურს ფლობენ ფშავ-ხევსურული, მეგრული, სვანური, რაჭული და საქართველოს სხვა კუთხეების ფოლკლორის სახით.

ლექსის მთხზველის აღსანიშნავად ხევსურეთში გავრცელებული იყო სამი ძირითადი ტერმინი: მათქვამი, მელექსე და მეშაირე, ხოლო ლექსები სამ ნაწილად იყოფოდა: სიმღერე, ლექსი და შაირი. ასე რომ, ჩვენი მთის ცხოვრებაში, „პოეზია განუკითხავად ბატონობს პროზაზე“ [10, გვ. 396].
მართალია, ქართული ხალხური ლექსის ჩანაწერები გვიანდელია, მაგრამ სტრუქტურულად, გარეგანი ფორმით, ლექსი ნაკლებად ემორჩილება ცვალებადობის კანონებს და უპრიანი იქნება, ვიფიქროთ, რომ იგი ძირეულად არ შეიცვლებოდა. ისევე, როგორც თანამედროვე ქართველს არ უჭირს V საუკუნის სალიტერატურო ქართული ენის გაგება და მხატვრული აღქმა, ასევე არ გაუძნელდებოდა მსმენელსა და მკითხველს ეროვნული პოეზიის უძველესი ნიმუშების, „რიტმული სიტყვის“, განცდა.

„ლექსი მრავალი ხმა არის“, — წერს მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნიკის“ მეორე ნაწილის დასაწყისში და განიხილავს ქართული ლექსის საზომებს, სახეობებს. ზოგს, უბრალოდ, ახსენებს (შაირი, გრძელშაირი, ჩახრუხაული, გრძელჩახრუხაული), ზოგს კი დაწვრილებით ახასიათებს (წყობილი მრავალ-მუხლი, გრძლედი შაირი სამკვეთი, რეული, ლექსი და სხვ.). პირველი ქართული პოეტიკური ტრაქტატის ავტორის აზრით, ლექსის საზომის არჩევა განპირობებულია სათქმელის შინაარსით: „ამგვარი იგავები ამ ხმას უფრო გაეწყობა“ [3, გვ. 8].

მართლაც, სიტყვების ლექსად გარდაქმნის ხელოვნება, უპირველეს ყოვლისა, მათ რიტმულად მოწესრიგებას ითვალისწინებდა. უძველესი ქართული ლექსების რიტმი ძალიან მკაცრად გაწონასწორებული არ იყო, მაგრამ მუსიკის ჰანგის გავლენით, თანდათანობით, მარცვალთა განსაზღვრულ რიცხვს დაემორჩილა. ასე გაჩნდა მთიბლურები:
ცელო, გამიჭერ, გზის პირია,
ჩამაილიან და სირცხვილია.
როგორც მთიბლურებს, ასევე ნატირალებს, რომლებიც ცხრამარცვლიანია, ხშირად არა აქვთ რითმა. ხევსურულ პოეზიაში გავრცელებული ე.წ. „სიმღერე“ დაბალი შაირის საზომით (5+3) არის შესრულებული, „შაირები“ კი — მაღალი შაირით (4+4). სვანურ ლექსშიც უპირატესობას აკუთვნებენ მაღალ შაირს (4+4); რითმა კი სვანურ პოეზიაში გამონაკლისის სახით არსებობს. ამიტომ სტროფიც, ჩვეულებრივი გაგებით, არა გვაქვს. ქართული მწიგნობრული რითმა ხალხური პოეზიიდან უნდა მომდინარეობდეს [7, გვ. 125]. ლექსისა და მუსიკალური ჰანგის გამიჯვნის შემდეგ ხალხურ ლექსში რითმამ კუთვნილი ადგილი დაიჭირა: სწორედ ამიტომ გახშირდა რითმიანი ფშაური კაფიები: ჩონქარაი ვარ ღვერათი, დავდივარ როგორც კერატი.

სალიტერატურო ლექსის უძველესი ნიმუშები ქართული ქრისტიანული მწერლობის დამკვიდრებას უკავშირდება და ისინი ჩანართების სახით, ლექსითი ციტატებით, გვხვდება აგიოგრაფიულ ძეგლებში; თუმცა XX ს.-ის 50-იან წლებში გამოთქმული პავლე ინგოროყვას ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით, ქრისტიანული მწერლობის განვითარებამდე დიდი ხნით ადრე, ქართულ ენაზე არსებობდა ძლიერი ტრადიციების მქონე წარმართული საერო ლიტერატურა [7, 8], XXI ს.-ის დამდეგს აპოლონ სილაგაძის მიერ თეორიად ჩამოყალიბდა: მეცნიერმა შეძლო ქართული ლექსის უძველესი საფეხურის რეკონსტრუქცია: ბიბლიური ტექსტების უძველეს თარგმანებში უკვე გვხვდება ნახევარსტრიქონიანი ლექსითი ციტატები, რაც უტყუარი ნიშანია ჩვენში ლექსის არსებობისა (მაგალითად, „საქმე მოციქულთას“ ქართულ თარგმანში გვხვდება არატე კილიკიელის ჰეგზამეტრის ნახევარტაეპი: „...რომელსა იგი // ნათესავცა ვართ“). ეს უძველესი ლექსითი ციტატები არც ხალხურია და არც სასულიერო. მაგალითად, V-VII საუკუნეებში დაწერილ „პროკოფის მარტვილობაში“ ერთი ციტატა 2-მარცვლიანი ლექსით არის შესრულებული: „არა კეთილ არს მრავალ უფლებაჲ, ერთ უფალ იყავნ და ერთი მეუფჲ [12, გვ. 103-119].

პირველი ფიქსირებული ქართული რითმა — „უფალი — შეუვალი“ — VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება („რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფი — გველთა უფალი და დააბა მთასა რაჲს ზედა, რომელი არს კაცთ შეუვალი“). საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების მიჯნაზე მყოფი, უძველესი დროიდან ითვისებდა საუკეთესო ხმებსა და სალექსო ფორმებს სპარსული თუ ბიზანტიური პოეზიიდან, თუმცა საკუთარ
ისტორიას უფრო ეროვნული ფესვებით, ე.წ. მთის ფოლკლორით ასაზრდოებდა, ამიტომ აღნიშნავდა ლადო ასათიანი: „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ.“ [2, გვ. 191] ძველებური რუსული სიმღერები — ბილინები — წარმოიშვა კიევის რუსეთის ზეობის ხანაში X-XI ს.ს.-ში, თუმცა ისინი ჩაწერილია XVIII ს.-ში და შეტანილია კირშა დანილოვის მიერ შედგენილ ძველ რუსულ ლექსებში.

სომხური პოეზია თავის ისტორიას ხალხურ საგმირო ეპოსს „დავით სასუნცს“ (VIII-IX ს.ს.) უკავშირებს. ოსური ლექსის ისტორია კი XIX ს.-ის 60-იანი წლებიდან იწყება.

ჰომეროსის პოემების საზომის — დაქტილური ჰეგზამეტრის — წარმოშობის ისტორია პანტელეიმონ ბერაძემ ქართული ცეკვისა და სიმღერის რიტმს დაუკავშირა, რითაც ქართული ლექსის ბერძნულთან მჭიდრო კავშირზე მიანიშნა [4]. ღმერთებსა და გმირებზე შეთხზულ ძველგერმანულ სიმღერებს ქრისტიანული ეკლესია ყოველმხრივ ებრძოდა, ამიტომ უძველესი სახით ისინი თითქმის არ შემონახულა. მხოლოდ მოგვიანებით, XII-
XIII ს.ს.-ში იქნა ჩაწერილი ეპიკური სიმღერები მნიშვნელოვანი ქრისტიანული ელემენტების დართვით („სიმღერა ნიბელუნგებზე“, დაახლ. 1200 წ.). ძველგერმანული ეპიკური პოეზიის ტრადიცია შედარებით ფართოდაა წარმოდგენილი ანგლოსაქსურ ლიტერატურაში („პოემა ბეოვულფზე“ და სხვ.), სკანდინავიაში კი შეიქმნა ძველისლანდიური „ედას“ სიმღერები (IX-XII ს.ს.).

ძველ ინგლისურ ენაზეა შექმნილი „ანგლოსაქსური“ ლექსი, რომელიც ბრიტანეთის კუნძულზე გადასახლებული გერმანელი ტომების გარემოცვაში აღმოცენდა. „პოემა ბეოვულფზე“ ჩვენამდე X ს.-ის ხელნაწერითაა მიღწეული. გაცილებით არქაული ფორმის პოეზია შემოგვინახა სკანდინავიური ქვეყნების, ისლანდიის, ლიტერატურამ („ედას“ სიმღერები, სკალდების პოეზია და პროზაული საგები). სკალდებმა, სკანდინავიელმა
მომღერლებმა, ჩვეულებრივი ალიტერაციის გვერდით, ლექსში შეიტანეს სავალდებულო შიდა რითმა და მარცვალთა სათვალავი. სტროფული ფორმა შეუთანხმეს მისამღერს, რომელიც „დრაპის“ („საბრძოლო სიმღერის“) განმასხვავებელი ნიშანია. სკალდები თვითონვე ასრულებდნენ თავიანთ თხზულებებს მუსიკალური თანხლების გარეშე.

აღმოსავლური თუ დასავლური, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლექსის გენეზისი, როგორც ვხედავთ, გაცილებით გვიანდელია, ქართულ წყობილსიტყვაობასთან (ლექსთან) შედარებით. ატენის სიონის კედლებზე აღმოჩენილ ლექსით წარწერებში (IX ს. II ნახევარი) რითმიანი ლექსები იკითხება:

1. იხილეთ ესე ჟამი,
წავა, ვითარცა წამი.
2. ეგრე იტყვის მოძღვარი,
მუნ არ არის ვაჭარი.

უეჭველია, რომ ეს ლექსები ქართული მწიგნობრული პოეზიის ნიმუშებია.

ქართული საერო და სასულიერო პოეზია საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით თანაარსებობდა და ერთმანეთის გავლენას არ განიცდიდა [1]. ერთი მხრივ, ბიზანტიური ჰიმნოგრაფიიდან მომდინარე, ხუთტაეპიანი რითმიანი და ურითმო, 12-მარცვლიანი (5+7)  ამბიკოები, მწიგნობრული, არქაული ლექსიკით და, მეორე მხრივ, საერო ლექსი, უპირატესად, დაბალი და მაღალი შაირის რიტმით გამართული, რითმითა და კატრენით.

რუსთველის ეპოქაში დაიწერა ჩახრუხაძის „თამარიანი“, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა ჰიმნოგრაფიის, მწიგნობრული და არქაული ლექსიკა, საზომთა სიმძიმე (ოცმარცვლიანი ლექსი), ხალხური ლექსის მუსიკალობა და საერო ლექსის დახვეწილი, სალიტერატურო რითმა.

 „ვეფხისტყაოსანი“ ქართველთა ისტორიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული არა მარტო პოეტური ენამზეობით, ფილოსოფიური სიღრმითა და პოემის გმირთა ზნეობრივი სიფაქიზით, არამედ თექვსმეტმარცვლიანი შაირის სილაღითა და მოქნილობით; ამ საზომით დაწერილი თითო-ოროლა ნიმუში თუმცა „ვეფხისტყაოსნამდე“ იყო ცნობილი (ციტატები აგიოგრაფიულ მწერლობაში, ფილიპეს საგალობელი, არსენ იყალთოელის ეპიტაფია და სხვ.), მაგრამ 16-მარცვლიანი შაირი, დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით, მოსაზღვრე რითმითა და კატრენით, „ვეფხისტყაოსნის“ წყალობით დამკვიდრა ქართულ პოეზიაში, ამიტომ მას „რუსთველურს“ უწოდებენ [14, გვ. 147]. „ვეფხისტყაოსნის“ უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა ჩვენში „რუსთველურის“ გაბატონება და ეპიკური პოეზიის ერთპიროვნული უპირატესობა ლირიკულ ლექსთან შედარებით.

პირველი, ვინც შეძლო, „რუსთველურის“ გვერდით, სხვა საზომების შემოტანა და ლირიკული ლექსის დამკვიდრება ქართულ პოეზიაში, იყო დავით გურამიშვილი, ემიგრანტი პოეტი, რომელმაც სხვებზე ადვილად დააღწია თავი ეპიგონობას. უკრაინაში გატარებულმა ცხოვრების წლებმა მას, სამშობლოს განშორების სევდასთან ერთად, უცხო ხმების (საზომების), თემატიკისა და ხალხური პოეზიით მწიგნობრული ლიტერატურის გამდიდრების დიდი გამოცდილება შესძინა. დავით გურამიშვილმა რუსთველური საზომით დაიწყო წერა, მაგრამ შემდეგ 57 საზომი მოიმარჯვა, რომელთაგან 40 თვით მის მიერ არის შემოტანილი [14, გვ. 39-43].

მესამე რეფორმატორი ქართული ლექსისა ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო. მან ქართულ პოეზიას რუსთველისეული „სიბრძნის ერთი დარგის“ თვისება დაუბრუნა და „საკაცობრიო წყურვილის მოსაკლავ წყაროს დააწაფა ქართველი კაცი“ (ილია). ბარათაშვილისათვის დამახასიათებელია ერთი ლექსის ფარგლებში საზომთა მონაცვლეობა („მერანი“, „შემოღამება მთაწმინდაზედ“), გარითმვის ახალი სახეობა (აბბა), რომელსაც რკალური რითმა ჰქვია. იგი, ერთდროულად, ნოვატორიც არის და ქართული პოეტური ტრადიციის აღმდგენიც.

მეოთხე რეფორმა ქართული ლექსისა XX საუკუნესა და გალაკტიონ ტაბიძის სახელთან არის დაკავშირებული. იგი ჭეშმარიტად „ჩვენი დროის ახალი რუსთაველი“ აღმოჩნდა ლირიკის სფეროში. 1915 წელს შექმნილი გალაკტიონის შედევრები: „ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“, „მერი“, „ატმის ყვავილები“, „აკაკის ლანდი“, „შერიგება“, „ია“, „მამული“, „სანთელი“ და სხვა, მკვლევარებს (აკ. ხინთიბიძე) უფლებას აძლევს, განაცხადონ, რომ უახლესი რეფორმა ქართული ლექსისა სწორედ ზემოხსენებულ წელს უკავშირდება. გალაკტიონის წიგნში „არტისტული ყვავილები“ 1914-1919 წლებში შექმნილი ლექსებია შესული, რომლებიც ახალ ჰარმონიას, კლასიკური ლექსის ჰარმონიის საპირისპიროს, დისონანსების მშვენიერებას აზიარებს ქართველ მკითხველს: არაიდენტური რითმის კანონიზაციამ, რითმის სრულმა მეუფებამ ლექსში, რიტმის უსაზღვრო მრავალფეროვნებამ ეროვნული ლექსის მუსიკალობის არნახული შესაძლებლობა გამოამჟღავნა. უამრავი ახალი თემა და
მოტივი („მერის მოტივი“, „ატმის ყვავილების მოტივი“, „ეფემერები“, „მგზავრის წერილები“ და ა.შ.) დაამკვიდრა გალაკტიონ ტაბიძემ ჩვენს პოეზიაში.
ამრიგად, ქართული ლექსწყობის, როგორც სისტემის რეალიზება, ეტაპობრივად ხდებოდა და ოთხი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა: I. XVIII ს.-მდე (რუსთაველი), II. XVIII ს. (დავით გურამიშვილი), III. XIX ს. (ნიკოლოზ ბარათაშვილი), IV. XX ს. (გალაკტიონ ტაბიძე). XX ს. ქართული ლექსი უფრო მეტი სიზუსტით იცავს რიტმულსა და მეტრულ კანონზომიერებებს, მრავალფეროვანი ხდება ქართული ლექსის სტროფის ვარიანტები, ჩნდება ასტროფული ლექსი; მკვიდრდება პოლიმეტრული სტროფი; უმთავრეს ადგილს იჭერს ვერლიბრი [14, გვ. 143].

***
ქართული ლექსის სამეცნიერო კვლევის გზაზე დღემდე უმთავრეს საკითხად რჩება ეროვნული ვერსიფიკაციის (ლექსწყობის) ბუნების დადგენა. არ ყოფილა ჩვენში პოეტიკის ცოტად თუ ბევრად ცნობილი მკვლევარი, თუ ქართული ლექსის პრობლემებზე მოფიქრალი პოეტი, რომ თავისი შეხედულება არ გამოეთქვას იმ საკითხზე, თუ ლექწყობის რომელ სისტემას ექვემდებარება ეროვნული ლექსწყობა? ადრინდელი მკვლევარები ამ კითხვას პირდაპირ არ სვამდნენ, მაგრამ მათი პოზიციები ნათელი ხდებოდა ლექსის რიტმზე, მეტრზე, პროსოდიაზე საუბრის დროს. XIX ს. ბოლო ათწლეულიდან კი დაიწყეს ქართული ლექსწყობის სისტემათა სახელდება. იმთავითვე ორი აზრი დაუპირისპირდა ერთმანეთს: ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის თეორიები.

ქართული ლექსის სილაბურობის თეორიას იცავდნენ XVIII ს-დან დღემდე მამუკა ბარათაშვილი, ანონიმი ავტორი, დავით რექტორი, თეიმურაზ ბაგრატიონი, მარი ბროსე, პლატონ იოსელიანი, დავით ჩუბინაშვილი, იონა მეუნარგია, ლუკა ისარლიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ნიკო მარი, მოსე ჯანაშვილი, ჰანს ფოგტი, ანდრეი ფედოროვი, სილოვან ხუნდაძე, გრიგოლ რობაქიძე, პავლე ინგოროყვა, გივი გაჩეჩილაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი ხინთიბიძე, ტოგო გუდავა, დავით წერედიანი, მიხეილ გასპაროვი, აპოლონ სილაგაძე, ქეთრინ ვივიანი.

ქართული ლექსის სილაბურტონურობის თეორია კი სათავეს იღებს ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნიდან „Историческое изоброжение Грузии в политическом, церковном и учебном состоянии“ (1802). XIX ს. დამდეგიდან. მას ემხრობიან: ლავრენტი არდაზიანი, ნიკოლოზ გულაკი, კოტე დოდაშვილი, მელიტონ კელენჯერიძე, შიო დავითაშვილი, იოსებ ყიფშიძე, სერგი გორგაძე, აკაკი გაწერელია, პანტელეიმონ ბერაძე, როლანდ ბერიძე.

განსაკუთრებით გამწვავდა დაპირისპიება ქართული ლექსის სილაბურობისა და სილაბურტონურობის დამცველთა შორის XX ს. 70-იანი წლებიდან, როდესაც გიორგი წერეთლის წიგნი „მეტრი და რითმა ვეფხისტყაოსანში“ (1973) გამოქვეყნდა. ამ ნაშრომმა კატეგორიულად უკუაგდო ქართული ლექსის ტერფოვანების თეორია და უარყო მახვილის როლი ჩვენი ლექსის სეგმენტების (მუხლების) და რითმის შექმნაში. გ. წერეთლის აზრით, ენაში მახვილი არა მარტო სუსტია და უძრავი, არამედ მინიმალურია მისი ფუნქცია სალექსო რიტმისა და რითმის ორგანიზებისას: რითმა არ იწყება მახვილიანი ხმოვნით; ქართული ლექსის ტაეპი იყოფა ნახევარტაეპებად (ნახევარკარედებად), რომლებიც კიდევ იყოფა სეგმენტებად (მუხლებად), ამიტომ გ. წერეთელი „ვეფხისტყაოსნის“ ლექსწყობას „სილაბურ რეგულირებულ ლექსს“ უწოდებს.

გ. წერეთლის ამ თვალსაზრისის აკრიტიკებს ა. გაწერელია, რომელიც იცავს მოსაზრებას ქართული ლექსის სილაბურტონურობის თაობაზე. მისი მტკიცებით, ქართული სასულიერო პოეზია (იამბიკოები) სილაბური ბუნებისა იყო, მაგრამ შემდეგ ქართული ლექსი (არსენ იყალთოელი, ჩახრუხაძე, რუსთაველი და შემდეგდროინდელი პოეზია) სილაბურ-ტონური გახდა. აკაკი გაწერელია კატეგორიულად აცხადებს: „ქართული ლექსწყობა ანუ ვერსიფიკაცია სილაბურ-ტონურია. მისი რიტმის საფუძველია ტაეპებში (სტრიქონებში) ძლიერი და სუსტი მარცვლების კანონზომიერი თანმიმდევრობა და მარცვლების რაოდენობრივი თანაბრობა... ქართულ ლექსწყობაში სიტყვები მახვილს კი არ კარგავს, არამედ იძენს მეტ სიმკვეთრესა და სიძლიერეს“ [6, გვ. 282].

ამა თუ იმ ერის ლექსწყობის ბუნების გარკვევა შეუძლებელია ენის თავისებურების გათვალისწინების გარეშე. ლექსი და ენა განუყრელად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ლექსწყობის სისტემათა მონაცვლეობაც ენის ბუნების ცვალებადობით არის განპირობებული: მეტრული ლექსწყობა, როგორც ვიცით, სწორედ იმიტომ გაუქმდა, რომ ბერძნულმა ენამ მარცვალთა სიგრძე-სიმოკლის თვისება დაკარგა. სილაბურიდან სილაბურ-ტონურ სისტემაზე გადასვლა იმ ენებში მოხდა, სადაც მახვილი თავისუფალი და მოძრავი იყო (გერმანული, ინგლისური, რუსული), ხოლო უძრავი, ფიქსირებული მახვილის მქონე ენებში (ფრანგული, პოლონური) ისევ სილაბური ლექსწყობა დარჩა. თუმცა, არსებობს კულტუროლოგიაში ისეთი თეორიაც, რომლის მიხედვითაც ლექსწყობის სისტემათა მონაცვლეობა კაცობრიობის კულტურის განვითარების ამსახველი უნდა იყოს: მუსიკალური (მეტრული) ლექსწყობა სილაბურმა შეცვალა, ხოლო მერე სილაბურ-ტონური გაბატონდა.

ქართული ლექსის სილაბურობის თეორიის დამცველი ა. ხინთიბიძე იზიარებს ტრადიციული ქართული ენათმეცნიერების (გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა) აზრს ქართული ენის სუსტდინამიკური სიტყვათმახვილის თაობაზე და აღნიშნავს: „ამ სუსტდინამიკურ მახვილს, რომელიც სიტყვას მკვეთრად არ ანაწევრებს მახვილიან და უმახვილო მარცვლებად, სალექსო ტერფის შექმნა არ ძალუძს“ [14, გვ. 407]. თანამედროვე ქართველი ენათმეცნიერები თამამად აცხადებენ, რომ „ქართული ლექსი განსხვავდება როგორც სილაბურ-ტონური (მაგალითად, რუსული ან ინგლისური) ლექსისგან, ასევე სილაბური (მაგალითად, ფრანგული) ლექსისგან, სადაც სარითმო მონაკვეთი მახვილიანი ხმოვნით იწყება. ამ მხრივ ქართული ლექსწყობის მსგავსი ლექსი იმ ენებშია საძებარი, რომლებშიც სიტყვის მახვილი სუსტად არის გამოხატული. ინგლისური, რუსული და ფრანგული ლექსი კი ერთ ჯგუფში მოექცევა სწორედ იმ ნიშნით, რომ ამ ენებში სიტყვათმახვილს (ან რიტმიკული ჯგუფის მახვილს) უნარი აქვს,
რომ სარითმო მონაკვეთი შექმნას“ [14, გვ. 136].

ა. სილაგაძე აუცილებელად არ მიიჩნევს ქართული ლექსი რომელიმე ცნობილ სისტემას განეკუთვნებოდეს. მისი აზრით, ქართული ლექსი შეიძლება არც სილაბური იყოს, არც სილაბურ-აქცენტური (აგრეთვე, არც მეტრიკული, არც ტონური) — იგი შეიძლება ორიგინალური ბუნებისა იყოს და ემყარებოდეს ენის ფონოლოგიური სისტემის ისეთ ზესეგმენტურ ელემენტს, რომელსაც არ ემყარება ოთხი სისტემიდან არცერთი [13, გვ. 99-100].

ქართული ლექსის სილაბურობას XX ს. 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან იცავს ა.ხინთიბიძე, რომ ქართული ლექსი არ არის სილაბურ-ტონური. მეცნიერის აზრით, „IX-XIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში აშკარად იკვეთება ფრანგული ალექსანდრიული ლექსის მოდელი, რომელიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ცალკეული სტრიქონების, არამედ მთლიანად ლექსის სახით“ [14, გვ. 415]. ა. ხინთიბიძე ასახელებს ფრანგული რომანტიკული ლექსის სქემით 4+4+4 (XVII ს.) დაწერილ ეფრემ მცირის ოთხ იამბიკოს; პეტრე გელათელის იამბიკოს ანალიზისას მკვლევარი,
უმთავრესად ეყრდნობა იმ არგუმენტს, რომ იამბიკო სილაბური ლექსია, ფრანგული სილაბური ლექსი კი თორმეტმარცვლიანია, კერძოდ, XVII ს.-დან ზემოხსენებული სქემით დამკვიდრებული. ა. ხინთიბიძის აზრით, სილაბურობა ქართული ლექსის საყრდენია და ტრადიციული, ეროვნული ვერსიფიკაცია, თანამედროვე ლექსთან ერთად, ამ პრინციპს იცავს. მარცვალთა რაოდენობის თანაბრობა ან კანონზომიერი მონაცვლეობა, რეგულირებული მუხლედოვანება და აშკარად გამოკვეთილი ცეზურა, რომელიც მახვილის ფუნქციას ასრულებს სილაბურ ლექსში. ვერლიბრი (თავისუფალი ლექსი) კი სწორედ იმიტომ არის თავისუფალი, რომ ანგარიშს არ უწევს ქართული ლექსისათვის აუცილებელ სილაბურ წესრიგს. თუმცა, ა. ხინთიბიძე, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ ტოვებს იმ ფაქტსაც, რომ აქცენტური ენების მოძალების გამო, ქართულ ლექსს სილაბურ-ტონური ლექსწყობის გავლენაც ეტყობა. XVIII საუკუნეში ეს ზემოქმედება, უპირველესად, დავით გურამიშვილის ლექსის რიტმსა და საზომებში აისახა, ხოლო XX ს. ქართული ლექსი ზოგჯერ აშკარად ამჟღავნებს მახვილთა მოწესრიგების ტენდენციას.

* * *
პრობლემები, რომლებიც ქართული ლექსმცოდნეობის მკვლევართა ნაშრომებში დამუშავდა სამი საუკუნის განმავლობაში, მრავალმხრივია: ლექსის სტრუქტურის საკითხები (მახვილი, მეტრი და რიტმი,

რითმა, სტროფიკა, ლექსის საზომი და სახეობა, ცეზურა, გადატანა (Enjambemetn), ევფონია, ინტონაცია, ხალხური ლექსწყობა), ქართული ლექსის ბუნება და მისი კვლევის ზოგადი მეთოდოლოგია, კვლევის მეთოდები (შედარებითი მეტრიკა, ექსპერიმენტული ანალიზი, ტატისტიკური მეთოდი, ფსიქოლოგიური კვლევა, ლექსმცოდნეობა და ტექსტოლოგია), პოეტური ოსტატობის საკითხები; ქართული რითმის, ვერლიბრის, სონეტის, გალაკტიონ ტაბიძის სახეობრივი აზროვნების უნიკალურობის წარმოჩენა. ქართული ლექსის კვლევა, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა: XVII-XIX ს.ს. 30-იან წლებამდე და XX ს. 30-იანი წლებიდან დღემდე. ქართული ლექსის კვლევის პირველ ეტაპზე უპირატესი ადგილი ეკავა შაირის მეტრის დახასიათებას, სასკოლო მეტრიკის საფუძველზე მასში ტერფების ძიებასა და შესაბამისი სქემების შედგენას, მაგრამ რუსთაველის ლექსთან დაკავშირებით უკვე XIX ს.

ბოლოს გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული თვალსაზრისი ქართული ლექსის ბუნების თაობაზე.

კ. დოდაშვილის ვრცელ საგაზეთო ნარკვევში რითმა პირველად იქნა განხილული პროფესიულ დონეზე. მოგვიანებით კი გაიმართა დისკუსია რითმის თაობაზე, დაიწყეს პოლემიკა სონეტსა და ვერლიბრზე. XIX ს. 40-იანი წლებიდან იწყება მსჯელობა ქართველ პოეტთა ვერსიფიკაციაზე (მარი ბროსეს მითითება წერილში დავით გურამიშვილის სალექსო ტექნიკაზე). ქართველ პოეტთა ვერსიფიკაციაზე

მსჯელობა მათი ახალგამოცემული კრებულების მიხედვით უფრო ხშირად ილია ჭავჭავაძის „ივერიასა“ და XIX ს. 80-90-იანი წლების პრესაში გვხვდება. რეცენზეტები აანალიზებენ: დ. გურამიშვილის, ბესიკის, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, რ. ერისთავის, ილიას, აკაკის შემოქმედებას, ქართულ ენაზე თარგმნილ რუს და უცხოელ პოეტთა კრებულებს.

XX ს. 10-იანი წლებიდან პოეტთა ახალგამოსული კრებულების განხილვისას მსჯელობენ ლექსის ევფონიაზე, რიტმსა და მეტრზე, რითმაზე, პოეტური ხერხებისა და ლექსის საზრისის ურთიერთკავშირზე. ს. გორგაძის მონოგრაფიამ „ქართული ლექსი“ ერთგვარად შეაჯამა ყოველივე ის, რაც ქართულ პოეტიკაში ორი საუკუნის განმავლობაში გაკეთდა. ს. გორგაძემ ქართული ვერსიფიკაციის პირველი, დასრულებული სისტემატური კურსი შექმნა; მკვლევარმა თავისი წვლილიც შეიტანა საზომთა აღწერასა და კლასიფიკაციაში. უმთავრესი, რაც ქართულ მეტრიკაში ს. გორგაძემ დაამკვიდრა, ლექსის რიტმის რეალური აღქმაა, მუხლებში მახვილების დასმა რეალური მონაცემების მიხედვით. სერგი გორგაძე, ქართული ლექსის სილაბურტონურობის თეორიის დამცველი, რითმის განხილვისას უგულებელყოფს კლაუზულის არსებობას და ოთხ-ხუთ მარცვლიანი რითმები ქართულისათვის ბუნებრივად მიაჩნია.

ა. გაწერელია, რომელიც იცავს ქართული ლექსის სილაბურტონურობის თეორიას და სმენის ფაქტორს ლექსში უკანა პლანზე ანაცვლებს. მონოგრაფიის ავტორის აზრით, ქართული სასულიერო პოეზია (იამბიკოები) სილაბური ბუნებისა იყო, მაგრამ შემდეგ ქართული ლექსი (არსენ იყალთოელი, ჩახრუხაძე, რუსთაველი და შემდეგდროინდელი პოეზია) სილაბურ-ტონური გახდა [5, გვ. 94-102]. ა. გაწერელია ეთანხმება პავლე ინგოროყვას ქართული რითმის ხალხური გენეზისის თაობაზე, თუმცა სადავოდ მიაჩნია — ბოლორითმიანი ლექსები ხალხურიდან შევიდა ლიტერატურულ ლექსში, თუ — პირიქით. ავტორი არ გამორიცხავს ბიზანტიური რითმის გავლენას და ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია არაბულ-სპარსული ნაკადის მნიშვნელობა ქართული ვერსიფიკაციისთვის [6, გვ. 196].

პ. ბერაძე შედარებითი მეტრიკის საფუძველზე იკვლევდა ქართულ ლექსს; ბერძნული დაქტილური ჰექსამეტრის გენეზისისა და რუსთველური შაირის შესწავლას ეთმობა მისი უმთავრესი ნაშრომები [4]. თანამედროვე ქართული სტროფის კლასიფიკაციისა და მყარი სალექსო ფორმების მკვლევართა შორის გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა რ. ბერიძემ. ა. ხინთიბიძემ საფუძველი ჩაუყარა ქართველი პოეტების ვერსიფიკაციის მონოგრაფიული შესწავლის ისტორიას; მანვე შექმნა თანამედროვე ქართული ლექსმცოდნეობის სკოლა. ა. ხინთიბიძემ საფუძველი ჩაუყარა ქართველი პოეტების ვერსიფიკაციის მონოგრაფიული შესწავლის ისტორიას; მისი „იოსებ გრიშაშვილის პოეზია“ (1955) და „აკაკის ლექსი“ (1972) საეტაპო 

მნიშვნელობის ნაშრომებია ამ მხრივ. მანვე შექმნა თანამედროვე ქართული ლექსთმცოდნეობითი სკოლა. ლექსის ევფონიის ფუნქციურ შესწავლას ქართულ ლექსმცოდნეობაში სამეცნიერო საფუძველს უქმნის თეიმურაზ დოიაშვილი: ფონიკა ხაზს უსვამს, უფრო მკვეთრად წარმოაჩენს ლექსის მეტრულ საზღვრებს, ტემპის შენელების პირობა კი ალიტერაციაში უნდა ვეძიოთ. ანჟამბემანის ევფონიური მოტივირება, მეცნიერის აზრით, დამახასიათებელია იმ პოეტებისათვის, რომლებიც ლექსში ვერსიფიკაციული და სახეობრივი წონასწორობისაკენ ისწრაფვიან. ა. სილაგაძე ნაცვლად ცალკეული ფაქტების აღნუსხვისა და ანალიზისა ქართული ლექსწყობის სისტემის მთლიანობისა და მისი განვითარების კანონზომიერების განსაზღვრას ცდილობს.


დამოწმებანი:
1. ალექსიძე, ზ., ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბ., 1983.
2. ასათიანი, ლ., ერთტომეული, თბ., 1979.
3. ბარათაშვილი, მ., სწავლა ლექსის თქმისა, თსუ გამომცემლობა, თბ., 1981.
4. ბერაძე, პ., ძველბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები, თსუ გამომცემლობა, თბ., 1969.
5. გაწერელია, ა., ქართული კლასიკური ლექსი, თბ., 1953.
6. გაწერელია, ა., „ქართული ლექსწყობა“. ლიტერატურის თეორიის საფუძვლები, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1995, გვ. 282-308.
7. ინგოროყვა, პ., „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა“, რუსთაველის კრებული, თბ., 1938.
8. ინგოროყვა, პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
9. კობაიძე, მ., „რითმა და მახვილი ქართულ დიალექტებში (შენიშვნები ქართული ლექსწყობის ბუნების შესახებ)“, წახნაგი: ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული, 2. „მემკვიდრეობა“, თბ., 2010.
10. რჩეულიშვილი, გ., „სად გაექცევი ზამთრის ღამეს“, მოთხრობები, თბ., 1985.
11. სილაგაძე, ა., „თანამედროვე ქართული ლექსი განვითარების ტენდენციები“, კრიტიკა, 1986, № 6.
12. სილაგაძე, ა., ძველი ქართული ლექსი და ქართული პოეზიის უძველესი საფეხურის პრობლემა, თსუ გამომცემლობა, თბ., 1997.
13. სილაგაძე, ა., „ქართული ლექსის კვალიფიკაციის საკითხი“, ლექსმცოდნეობა, I. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2008.
14. ხინთიბიძე, ა., ქართული ლექსის ისტორია და თეორია. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2009.