ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ინგა სანიკიძე 

ამაზონთა სახელდების საკითხისათვის [ეტიმოლოგიური ძიება]

 

ცალკეულ ლექსემათა ძირეული მნიშვნელობების დადგენა და მათი წარმომავლობის კვლევა ლინგვისტიკის ერთ-ერთ საინტერესო უბანს წარმოადგენს. მათ შორის ნამდვილად მოიაზრება უძველეს საისტორო წყაროებში დაცული ერთი საყურადღებო სახელდება — ამაზონები (Αμαζοναϖ//Amazones), რომლის შესახებაც მეცნიერთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ვიდრე მის შინაარსსა და ენობრივ ფორმასთან დაკავშირებით ჩვენეულ ხედვას წარმოგიდგენთ, უპირველესად საჭიროდ მიგვაჩნია დღემდე შემონახული წყაროების მოკლე მიმოხილვა. პირველად მათი არსებობის შესახებ ჰომეროსის „ილიადა“ (ძვ. წ. VIII ს.) იძლევა ცნობას — მოხუცებული მეფე პრიამოსი თავისი ახალგაზრდობის ერთ ფაქტს იხსენებს, კერძოდ, იმას, თუ როგორ გაეშურა ის ვაზით განთქმულ ფრიგიაში, რათა დახმარებოდა მოკავშირეებს (ატრევსისა და მიგდონის ხალხს); ეს უკანასკნელნი კი ამაძონების წინააღმდეგ იყვნენ იქ შეკრებილნი. პრიამოსი ამბობს:

„ამაძონები ჩვენ გვებრძოდნენ კაცთმოძულენი,
აქაველებთან თუმც სიმრავლით რას მოვიდოდნენ?“ [9, III, 189-190]

ჩვენი აზრით, ჰომეროსისეულ მხატვრულ კონტექსტში ორი მნიშვნელოვანი მინიშნება იკითხება. ეს უპირველესად ამაძონთა „კაცთმოძულეობაა“, რომელშიც ბრძოლაში მათივე დაუნდობელი ბუნება უნდა ამოვიცნოთ, და მეორე — ამაძონთა მცირერიცხოვნება. როგორც ჩანს, მათი რაზმები მრავალრიცხოვნებით მაინცადამაინც არ გამოირჩეოდნენ.აპოლონიოს როდოსელის თხზულების მიხედვითაც ირკვევა, რომ ომის ღვთაების — არესისა და ნიმფა ჰარმონიას ასულებად ცნობილი ამაზონების მოდგმასთან ბრძოლას თვით არგონავტებიც გაურბიან. პოეტი წერს:

„იქ, დოიანტის ველზე სახლობენ მოუსვენარი ამორძალები,
.....................................
რადგან ეს არის მამაცი მოდგმა არესისა და ჰარმონიისა —
ნიმფის, რომელსაც ომის ღვთაება შორს, აკმონიის ჭალაში შეხვდა,
შეუკავშირდა და უშვა ნიმფამ ომის მოყვარე ქალიშვილები.
აქ რომ ვაჟკაცებს ხანი დაეყოთ, ომს აუტეხდნენ ამაძონები“. [2, II, 985-992]

თავად აპოლონიოსის მიერ გამოყენებული წყაროების შესახებ შენიშნულია, რომ: „არგონავტიკაზე“ მუშაობის დროს მან, როგორც ჩანს, მრავალზე მრავალი წყარო გამოიყენა, მას ხელთ ჰქონდა არგონავტთა თქმულების გარშემო არსებული და ალექსანდრიის საუკეთესო წიგნთსაცავში დაცული დიდძალი მასალა. აპოლონიოსმა ისარგებლა როგორც ელინური პერიოდის მწერალთა, ისე მისი თანამედროვე ავტორების თხზულებებით. ეს თხზულებები სხვადასხვა რიგისა იყო, ძირითადად — მხატვრულ-მითოგრაფიული და ისტორიულ-გეოგრაფიული“ [11, 8]. რა შეიძლებოდა შეეცვალა ძვ. წ. III საუკუნის პოეტს ამაზონთა შესახებ, ძნელი სათქმელია. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ წყარო, რომლითაც ის სარგებლობს, პოეტისათვის ავთენტურია. თუმცა მხატვრულ სიტყვას თავისი მოთხოვნაცა აქვს, ამიტომ მცირეოდენი გადააზრიანება ლოგიკურიც არის და მისაღებიც! ვფიქრობთ, რომ ამაზონთა ადგილმდებარეობა ან მათი მეომრული ხასიათის შეცვლა აპ. როდოსელის მიზნებში არ შედიოდა. ის გასაოცარი სიზუსტით მოყვება გეოგრაფიულ არეალს სამხრეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და ამიტომ უსაფუძვლობის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

წყაროთა მონაცემებზე დაფუძნებით სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ ამაძონების (//ამაზონების) ტომი მხოლოდ ქალებისაგან შედგებოდა, „ეს ქალები მამაცი მეომრები იყვნენ. ისინი ცხოვრობენ მდ. თერმოდონტთან, შავი ზღვის სამხრეთით. აგრეთვე — იბერიელთა მეზობლად პომპეუსის ლაშქრობის დროს“ [1, 254]. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ უბრალოდ ადასტურებს ამაძონელთა სახლობას მდ. თერმოდონტისა და ქართველური ტომების: ხალიბების („ხალიბთა საბრალო ტომი“), ტიბარენების („ტიბარენების ალალი ტომი“), მოსინიკთა და სხვათა გვერდით [2, II, 375-390].

აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ადრეული ავტორის, ძვ. წ. V ს-ის ისტორიკოსის — ჰეროდოტეს — მიხედვითაც ამაზონთა დასახლების ადგილად მცირე აზია, მდ. თერმოდონტის მიდამოებია ნაგულისხმები. ის ამაზონებისა და ელინთა ერთ-ერთ ბრძოლაზე გვესაუბრება და მოგვითხრობს: „მაშინ თერმოდონტთან ბრძოლაში ელინებმა გაიმარჯვეს, გამოცურეს უკან და წამოიყვანეს სამი ხომალდი ამაძონები, რომლების შეპყრობაც შეიძლეს“ [8, IV, 110]. ხომალდებზე დატყვევებული ქალები ელინ მეომრებს ამოხოცავენ და ქარს მინდობილნი „მაჲეტისის ტბამდე“ (აზოვის ზღვამდე) აღწევენ, შემდეგ მცირეოდენს ხმელეთზე მიუყვებიან და "თავისუფალი სკვითების ქვეყნაში“ მკვიდრდებიან — ასეთია ამაზონთა ჰეროდოტესეული მიგრაციის მოკლე სქემა. ბერძენი ისტორიკოსის ნაამბობიდან ერთი მარტივი დასკვნა იკვეთება — ძვ. წ.-ის V საუკუნეში ისტორიული მეხსიერება კარგად ინახავს ცნობას, ერთი მხრივ, ამაზონთა მცირეაზიული წარმომავლობის შესახებ და, მეორე მხრივ, ისიც იცის, რომ მათი რაღაც მიზეზთა გამო გადასახლება სამხრეთ ტერიტორიებიდან ჩრდილოეთით განხორციელებულა, რის შედეგადაც სარმატების [სავრომატების] ტომი წარმომდგარა, რომლებიც „სკვითებისა და ამაძონების შეუღლების შედეგად წარმოშობილ ტომად“ არის მიჩნეული [17, 82]. თ. ყაუხჩიშვილის შენიშვნით: „საერთოდ, ძველ მწერლებში სავრომატებისა და ამაზონების საკითხი ერთმანეთშია ჩახლართული“ [17, 177]. ახლა კვლავ ჰეროდოტეს მიერ დასახელებულ მიზეზს დავუბრუნდეთ, რომელიც მაინცადამაინც სარწმუნო არ მოჩანს, რადგან ძნელად წარმოსადგენია, თუ დაუჯერებელი არა, რომ სამ ხომალდზე დატყვევებული ამაზონები იმდენნი იყვნენ, რომ მათ სარმატების ტომი შეედგინათ. ჩვენი აზრით, ჰეროდოტე ერთ ისტორიულ ცნობას (ამაზონთა და ელინთა შეტაკების შესახებ) მეორეში ურევს (ცნობას ამაზონთა ჩრდილოეთით გადასხლების შესახებ) და კონტამინირებულ ვარიანტს გვთავაზობს; მაგრამ ერთი რამ ცალსახად მაინც არის ცხადი: ჰეროდოტეს ეპოქაში ამაზონები სამხრეთ ტერიტორიებიდან ამოწეულნი არიან და სავარაუდოდ, აღარც სახლობენ მდ. თერმოდონტის მიდამოებში. გამომდინარე ნათქვამიდან, აპოლონიოს როდოსელის მიერ მოწოდებული ცნობა ამ ქალების ძირძველი სახლობისა გაცილებით ადრინდელია, ვიდრე ჰეროდოტესი.

II საუკუნის რომაელი (ტომით ბერძენი) ავტორის — არიანეს თხზულებაში „ალექსანდრეს ანაბასისი“ მნიშვნელოვანი მინიშნებაა ამაზონთა საცხოვრისი ტერიტორიის ლოკალიზაციის საკითხზე. ავტორი, საზოგადოდ, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის ამბებს ყვება და ტექსტის ერთ ადგილას იტყვის: „ევროპის სკვითთა“ დამორჩილების შემდგომ ალექსანდრეს ეახლა ვინმე ფარასმანესი, ხორაზმელთა მეფე, 1500 მხედრით და თქვა: „რომ ის ცხოვრობს კოლხთა მოდგმისა და ამაზონი ქალების მეზობლად და თუ ალექსანდრეს სურს თავს დაესხას კოლხებსა და ამაზონებს და დაიმორჩილოს ევქსინის პონტომდე რომ ვრცელდებიან ის ტომები, ის პირდება, რომ იქნება მისი მეგზური“ [3, 178]. თ. ყაუხჩიშვილი ტექსტის ამ პასაჟზე საინტერესო მეცნიერულ კომენტარს გვთავაზობს, გამოთქვამს სამართლიან ვარაუდს ბერძნულ ხელნაწერში მოხსენიებული ფარასმანესის კავშირზე იბერთა სამეფო დინასტიასთან; თუმცა აქვე არ გამორიცხავს მისსავე სპარსელობას ან „შეცდომას თვით ბერძნულ ხელნაწერში“. მეცნიერი იტყვის: „სრულიად არ იწვევს ეჭვს ის გარემოება, რომ არიანემ იცის კოლხები სად ცხოვრობენ (ტრაპეზუნდის მიდამოებში)“ [3, 123]. ვფიქრობთ, რომ ფარასმანესის (=ფარნავაზის [იგულისხმება ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი — ძვ.წ. III ს.]) იბერთა სამეფო დინასტიასთან კავშირი უფრო სარწმუნო მოჩანს, ვიდრე — სხვა ვარაუდი. იბერთა მეფის დედით სპარსელობა ხომ არ გახდა საფუძველი მისი სპარსელად, „ხორაზმელად“, მონათვლისა? ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ არაერთგან უსვამს ხაზს სპარსეთთან ფარნავაზის დინასტიურ კავშირზე. ფარნავაზი იყო „დედულად სპარსი ასპანელი“ [7, 20]; „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვითვე ირკვევა, რომ აზოსთან დაპირისპირებაში მყოფ ფარნავაზს დედა საკუთარ ძმებთან ასპანში წასვლას სთავაზობს: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წაარმოყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა“ [7, 21] ან თვით ფარნავაზი იტყვის: „მე წარვალს ასპანს და მუნ კეთილსა მივეცემი“ [7, 21]; დაბოლოს, ფარნავაზის მიერ ქართლის სამეფოს სპარსულ წესზე ადმინისტრაციული მოწყობა სპარსული გავლენის შედეგია [„განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“] [7, 25]; ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ზემოთქმულთან. შეიძლება კითხვა ასე დავსვათ: რა მიზანი ამოძრავებდა ფარნავაზს, რომ ალექსანდრე მაკედონელს დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთსა და ამაზონთა მხარეში მეგზურობას ჰპირდებოდა? ჩვენი აზრით, აქ ფარნავაზს, მცხეთის მამასახლისის მემკვიდრესა და შემდგომში ქართლის მეფეს, საკუთარი პოლიტიკური მოტივაცია აქვს — ეს ბერძნების მხარდაჭერით ქართველურ ტომთა ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ქართულ სახელმწიფოში, მოქცევის სურვილია! ფარნავაზმა ამ საწადელს ალექსანდრეს საშუალებით არა, მაგრამ მოგვიანებით მისივე დიადოხოსის, ანუ მემკვიდრის — ანტიოქოს სელევკიდის — დახმარებით შეძლო და მოახერხა ის, რომ „განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა“ [7, 26].

ახლა კვლავ არიანეს თხულებასა და ამაზონთა საკითხზე განვაგრძოთ მსჯელობა. ფაქტია, რომ ტექსტის მიხედვით კოლხეთი, ამაზონი ქალების საცხოვრისი ტერიტორიები და „ფარასმანესის“ ქვეყანა ერთ გეოგრაფიულ არეალშია მოაზრებული და, როგორც აღვნიშნეთ, აქ შეცდომა არ უნდა იყოს. ამასთან, კოლხებისა და ამაზონთა მეზობლობა არიანესათვის სხვა საისტორიო წყაროებიდანაც იქნებოდა ცნობილი, ეს კი ჩვენი ჰიპოთეზის წარმოსაჩენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება [იხ. ქვემოთ].

რამდენადმე დავეთანხმებით აკ. გელოვანს, რომელიც შენიშნავს, რომ: „ამაძონთა ამბავი მითისა და ისტორიის ნაერთია“ [11, 46]; მაგრამ საქმე ის არის, რომ ამგვარი აზრის გაჩენა XX საუკუნის მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგი არ არის. ამაზონთა მითიური წარმომავლობის შესახებ მსჯელობას პირველად სტრაბონთან [ძვ. წ. I — ახ. წ. I] ვხვდებით. მას ეჭვი შეაქვს ამაძონელთა ისტორიების რეალობაში, ამბები მათ შესახებ მითიური წარმოდგენების შედეგი ჰგონია, ამიტომაც საკმაოდ ვრცელ მსჯელობას მიუძღვნის და დაწერს: „ამაძონთა შესახებ მოთხრობას თავისებურება ახასიათებს, სხვა [ამბებს] მითიური და ისტორიული მხარეები გამიჯნული აქვთ: ძველს, ტყუილსა და საკვირველს მითები ეწოდება, ხოლო ისტორიას ესაჭიროება ჭეშმარიტება, ძველი იქნება თუ ახალი, ხოლო საკვირველი ან არ გააჩნია ან მეტისმეტად ცოტა: ამაძონთა შესახებ ერთსა და იმავეს ამბობენ ეხლადაცა და ძველადაც, საკვირველსა და სარწმუნოსაგან დაშორებულს. ვინ დაიჯერებს, მაგალითად, რომ ქალთაგან შედგა ლაშქარი ან ქალაქი ან ტომი, კაცების გარეშე? და არა მხოლოდ შედგა, არამედ ლაშქრობდნენ კიდეც სხვათა ქვეყანაზე და იპყრობდნენ არა მხოლოდ მახლობელ [ქვეყნებს], ისე რომ აღწევდნენ ეხლანდელ იონიამდე, არამედ ზღვით გზავნიდნენ ლაშქარს ატიკამდე? ეს იმასა ჰგავს, ვინმემ რომ თქვას, მაშინდელი მამაკაცები ქალები იყვნენ, ხოლო ქალები — მამაკაცებიო. თუმცა ამასვე მოგვითხრობენ ეხლა [ამაძონთა] შესახებ. თავისებურება [ამბებისა] უფრო სჯერათ, ვიდრე ახლანდელისა“ [6, 138].

ამგვარად, ფაქტია, რომ ავტორისათვის ამაზონთა მითიურობა გაცილებით მისაღებია, ვიდრე მათში ისტორიულად რეალური ერთობის დანახვა. ჩვენი აზრით, ამისი მიზეზი თავად ისტორიის სიგრძეში ინახება. ვგულისხმობთ იმას, რომ ბერძენ გეოგრაფოს ამაზონთა ამბებისა და მათივე რეალობისაგან სულ მცირე ერთი ათასწლეული და მხატვრული თუ ზეპირი იმპროვიზაციები აშორებს, რომლებიც „გალამაზებული“ სახით აღწევენ წყაროს შემდგენლამდე. ასეთ შემთხვევაში ალბათ, მართლაც ძნელია ეჭვმიუტანლად ირწმუნო ამბების სისწორე! მაგრამ მაინც... მიუხედავად ამგვარი შეფასებისა, მსოფლიო გეოგრაფოსს უჭირს გვერდი აუაროს ადრეულ ცნობებს, პომპეუსის თანამოლაშქრის — თეოფანეს — წყაროს გაიმეორებს და ამაძონების სახლობას „ალბანიის ზემოთ მთებში“ წარმოიდგენს; აქვე, სხვა წყაროებზე დაყრდნობით, რომლის მაინცადამაინც თვითონ არ სჯერა, გვეტყვის: „[ამაძონები] გარგარეველების მეზობლად ცხოვრობენ კავკასიონის მთის ფერდობებზე ჩრდილოეთისაკენო“ და მათ დახასიათებას საგულდაგულოდ შეუდგება: „... უმამაცესნი [ამაძონთა შორის] ცხენებზე შემსხდრები ეწევიან მონადირეობას და ვარჯიშობენ საომარ [საქმიანობაში]... მათ აქვთ ორი გამორჩეული თვე გაზაფხულისა, როდესაც ადიან მახლობელ მთაზე, რომელიც საზღვრავს მათ გარგარეველებისაგან. [გარგარეველებიც] ადიან [მთაზე] ძველი ჩვეულების მიხედვით, მსხვერპლს სწირავენ ერთად და აქვთ ურთიერთობა ქალებთან შვილების გაჩენის მიზნით უჩინრად, სიბნელეში, ყოველ [მამაკაცს] ყოველ [ქალთან] შემთხვევით და რომ დააორსულებენ [ქალებს], გაუშვებენ მათ. ამაძონები, თუ მდედრობითი სქესის ბავშვები დაიბადება, თავისთვის იტოვებენ, ხოლო მამრობითი — მიჰყავთ [გარგარეველებთან] აღსაზრდელად. თითოეული [გარგარეველი] ისაკუთრებს თითოეულ [ბავშვს], რომელსაც თვლის თავის ვაჟად იმიტომ, რომ არ იცის [სინამდვილე]“ [6, 136-137]. ნათელია, რომ ამაზონთა შესახებ სტრაბონის მიერ მოწოდებულ თხრობაში ავტორის მცირეოდენი დაბნეულობა იგრძნობა — ერთ მხარეს ისტორიულად გადასხვაფერებული ამბები დგას, ხშირად საეჭვო, რამდენადმე მითიურიცა და არასარწმუნოც (ზოგი, ალბათ, იმიტომ, რომ ბერძნულ კულტურას ის მნიშვნელოვნად არის დაცილებული — სტრაბონს არც „უკაცო“ საზოგადოებისა და არც ქალთა მეომრობისა არ სჯერა!), მაგრამ მეორე მხარეს ადრეული ეპოქების მაჯისცემა იგრძნობა, მყარად ჩამოყალიბებული მატრიარქალური თემის ცხოვრების წესი ფეთქავს: „სხვა დროს თავისთვის არიან, თვითონ მუშაობენ, ხნავენ, რგავენ მცენარეებს, [უვლიან] საძოვრებს და განსაკუთრებით კი ცხენებს, ხოლო უმამაცესნი [ამაძონთა შორის] ცხენებზე შემსხდრები ეწევიან მონადირეობას და ვარჯიშობენ საომარ [საქმიანობაში]“ [6, 136].

II საუკუნის ბერძენი მწერალი — აპიანე, რომელიც იმავდროულად რომის მოქალაქეც იყო, პომპეუსის იბერიაში ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობს (ძვ. წ. 65; ქართლის მეფე — არტოკე//არტაგი) და „ამაძონების“ შესახებ გვეტყვის: „მძევლებსა და ტყვეებში ბევრი აღმოჩნდა ქალიც, რომლებიც მამაკაცებზე ნაკლებად არ იყვნენ დაჭრილნი. ისინი ამაძონები ეგონათ, ან იმიტომ, რომ ამაძონები იყვნენ მათი მეზობელი ტომი, რომელიც მაშინ მოიწვიეს მოკავშირეებად, ან კიდევ იმიტომ, რომ მეომარ ქალებს იქაური ბარბაროსები საერთოდ ამაძონებს უწოდებდნენ“ [1, 200]. აპიანეს ცნობის მიხედვით, ამაზონები რომ იბერიელთა (სადაც აღმოსავლეთ იბერიის სამეფო, ცენტრით მცხეთა, უნდა ვიგულისხმოთ) მახლობლად არიან, ანუ ჩრდილოეთით ამოწეულნი ჩანან, ეს უდავოა.

„ამაძონთა“ შესახებ მსჯელობას პროკოფი კესარიელის (V-VI ს.ს.) შრომაშიც ვხვდებით. „ყველაზე უფრო ნაყოფიერ და სანდო ისტორიკოსად“ [ს. ყაუხჩიშვილი] შეფასებული ბიზანტიელი მწერალი განსაკუთრებულად დაინტერესებულა ამაძონი ქალების წარმომავლობით და მათი „დაბადების ადგილად“ კავკასია მიუჩნევია. მისივე აზრით, ეს „ვაჟკაცური ქალები“ არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ ტომს (// „გვარს“), ისინი სალაშქროდ წამოსული „ბარბაროსების“ მიერ მიტოვებული („თვითონ [კაცები] მთელ აზიას შეესივნენ“) ცოლები უნდა იყვნენო. პროკოფი კესარიელი წერს: „…მე ვფიქრობ ამაზონების შესახებ ყველაზე უფრო ახლოს არიან ისინი, რომელნიც ამბობენ, რომ არასდროს არ არსებულა ვაჟკაცური ქალების გვარი და მხოლოდ კავკასიონის მთაში ადამიანთა ბუნება ვერ უკუაგდებდა საკუთარ კანონებს, არამედ რომ ბარბაროსებმა გამოილაშქრეს ამ ადგილებიდან აზიაზე დიდძალი ჯარითა და თავიანთი ცოლებითურთ და, დაიბანაკეს რა მდინარე თერმოდონტის ირგვლივ, დასტოვეს იქ ცოლები, ხოლო თვითონ აზიას შეესივნენ; აქ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს მცხოვრებლებმა და ყველანი მოისპნენ, ისე რომ არც ერთი მათგანი აღარ დაბრუნებულა ცოლების ბანაკში. და, აჰა, ეს ქალები, მეზობლების შიშით და საარსებო საშუალებათა უქონლობით იძულებულნი, შეიმოსნენ ვაჟკაცურობით — თუმცა სურვილის წინააღმდეგ — და ხელში აიღეს მათი ქმრების მიერ ბანაკში დატოვებული საჭურველი და, როდესაც აუცილებლობამ აიძულა ისინი, შეიარაღებულებმა სათნოებით გამოაჩინეს საუკეთესო ვაჟკაცური საქმეები, ვიდრე ყველანი არ დაიღუპნენ“ [5, 131-132].

სავსებით გასაგებია ქართველოლოგიის დაინტერესება ამაზონელთა შესწავლის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე კი მათი სახელდების შესახებ რამდენიმე საინტერესო კვლევას ვაწყდებით. ნ. ჩიხლაძე თავის მონოგრაფიაში შენიშნავს: „ბევრი დაწერილა ტერმინ „ამაძონის“ ეტიმოლოგიის შესახებ. ტრადიციული ეტიმოლოგია ამოდის იქიდან, რომ ამაძონებს უწვავდნენ მარჯვენა მკერდს (a-mazos — უმკერდოს უნდა ნიშნავდეს). დღეისთვის ეს მოსაზრება უარყოფილია, ვინაიდან მეცნიერთა უმრავლესობის აზრით ტერმინი აშკარად წარმოადგენს უცხო სახელის ბერძნულად ამეტყველების ცდას“ [20, 40].

ისტორიკოს გ. ქავთარაძეს ამაძონი ეთნონიმად წარმოუდგენია და მასში, ერთი მხრივ, „მაძ“ ფუძეს, ხოლო მეორე მხრივ, ჭანური და ბერძნული ენებისათვის დამახასიათებელ -ონ სუფიქსს ხედავს (-ონ აფიქსის შესახებ მსჯელობა იხ. ქვემოთ). მეცნიერი წერს: „რაც შეეხება ეთნონიმ „ამაძონში“ ა-პრეფიქსის გამოყოფის შესაძლებლობას, გასათვალისწინებელია ანალოგიური მოვლენები, დამახასიათებელი აღმოსავლეთანატოლიური და კავკასიური გეოგრაფიული სახელწოდებებისათვის“ [15, 81]; ამის საილუსტრაციოდ მეცნიერს სხვადასხვა წყაროში დადასტურებული ფორმები მოყავს: აფსაროსი — ფსაროსი; არაქსი — რაჴსი. გ. ქავთარაძისავე თვალსაზრისით, ამაძონ ფუძეში ფიქსირებული „მაძ“ ენობრივი ელემენტი კავშირში უნდა იყოს შავი ზღვის სამხრეთით მდებარე უძველეს ქალაქ ამასია’სთან (//ქ. აკმისი), რომლის მახლობლადაც ძვ. წ. I ათასწლეულში მოსხებს უნდა ეცხოვრათ.

დასახელებულ მოსაზრებას არსებითად იზიარებს ბ. ცხადაძე და იტყვის: „ამაზონები ქალაქ ამასიის მკვიდრნი ყოფილან. თვით ლექსემა ამაზონი// ამაზუნი // ამაზონი-ც ამას // მას // მაძ ძირისაგან მომდინარეობს. ამ ძირში ა’ს დაკარგვას მხარს უჭერს ქართველური ენის მონაცემებიც“ [21, 196].

ახლა საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ, აპიანეს ცნობის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ, ის, რომ: „მეომარ ქალებს იქაური ბარბაროსები საერთოდ ამაძონებს უწოდებდნენ“, მნიშვნელოვან ისტორიულ მინიშნებად მივიჩნიოთ და დავეყრდნოთ პროკოფი კესარიელსაც, რომლის მიხედვით სახელდება ამაზონები კონკრეტულ მოდგმას [გვარს] არ მიემართება და ქართველური ენების დონეზე მისი ეტიმოლოგიური ძიება ვცადოთ. უფრო კონკრეტულად კი: ის ფაქტი, რომ ადგილობრივი „ბარბაროსები“, რომელთა შორის უპირველესად სამხრეთ ქართველური ტომებია საგულისხმებელი (ხალიბები, მოსინიკები, სასპეჲრები [ჰეროდოტე]...), მეომარ ქალთა ლაშქარს „ამაძონებად“ სდებენ სახელს, ჩვენც გვაფიქრებინებს, რომ დასახელებული ლექსიკური ერთეული და შესაძლებელია თვით ეს გაერთიანებაც ქართველური წარმოშობისა იყოს. ამ თვალსაზრისით, უპირველესად, ფუძეში მართლაც ნიშანდობლივი გვეჩვენება ჭანური –ონ აფიქსი („ამაძ-ონ“) და მისი უძველესი ფუნქცია.

-ონ მორფოლოგიური ფორმანტი შესწავლილია არნ. ჩიქობავას მიერ, ხოლო იმავე მარკერის შესახებ მსჯელობას ჭანურ ენაში ნ. მარის შრომაში ვხვდებით [13, 73]. ჭანურის მაგალითებია: წკარ-ონ-ი (=ნოტიო, წყლიანი), ლებ-ონ-ი (=ტალახიანი), კიბირონი (=კბილიანი) და სხვ., ხოლო –ონ სუფიქსის მეგრულში გამოყენების შესახებ არნ. ჩიქობავა შენიშნავს: „ორიოდე შემთხვევაში მეგრულშიაც აქვს ადგილი -ონ სუფიქსის ხმარებას; ასეთია: გვიმარონი (ადგილი, სადაც გვიმრა იზრდება); ჭუბურონა (წაბლნარი; ტყის სახელია ეკის მთის კალთაზე, ძვ. სენაკის თემში); ჭორთონა (ადგილი, სადაც ახლად აყრილი წვრილი ხეები იზრდება, მაგ., მურყნისა ანუ თხმელასი თუ სხვ. რისამე)... ქართლში ველის სახელი „ტირიფონი“ (ტირიფან-ა) ნაწარმოებია ამ ჭანური –ონ სუფიქსით. მეგრულში ამ –ონ სუფიქსს ფართო გავრცელება უნდა ჰქონოდა; საკუთარ სახელებში მისი ხმარება ამის სასარგებლოდ ლაპარაკობს“ [19, 548].

ამრიგად, ჭანური წარმოშობის -ონ’ი, რომლის „მაგივრობას ქართულში -იან და -იერ მაწარმოებლები ეწევა; უფრო იშვიათად კი: -ოსანი და -ოვანი (მაგალ. მანდილ-ოსანი; სახელ-ოვანი)“ [19, 551], ძირითადად ქონების გამომხატველი მაწარმოებელია და მისი გავრცელების არეალად, ბუნებრივია, რომ უპირველესად ჭანური, ხოლო შემდეგ მეგრულენოვანი ტერიტორიებია სავარაუდებელი. ამავე -ონ მაწარმოებლის ენობრივ ვარიანტად მიჩნეულია -უნ-ი (თხირეფ-უნ-ა — სათხილე, ბინეხეფ-უნ-ა — სავენახე...). ფაქტია, რომ ზემოთ დასახელებულ ნიშანთა ქართულ შესატყვისს -ან ფორმანტი წარმოადგენს, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვა მაწარმოებლებს შერწყმული (ი[ვ]-ან: სოლომონ-ი[ვ]-ან-ი; ოვ-ან: სხლ-ოვ-ან-ი და მისთანანი) ქონა-ყოლის გამომხატველ მორფოლოგიურ ნიშნად ფიქსირდება. ს. ჯანაშია -ონ, -უნ, -იან, -ოვან და სხვ. აფიქსთა ფუნქციის განსაზღვრისათვის შენიშნავს: „თვისებისა და წარმოშობის, წარმომავლობის, ნიშანთა გარჩევა ზოგჯერ ჭირს, ან პირველი მეორის შედეგია. ამიტომ ესევე სუფიქსი წარმოშობასა და წარმომავლობას აღნიშნავს. სუფიქსის ამ მნიშვნელობის განვითარებას უთუოდ ხელს უწყობდა მისი პატრონომისტიკული ფუნქცია, როდესაც კრებითობის ფორმანტი იმავე დროს რეალურად საერთო წარმოშობაზეც მიუთითებდა“ [23, 43].

-ივ//-ოვ და -ან ფორმანტებიანი ფორმები აღმოსავლურქართულის კუთვნილი წარმოებებია, რასაც ვერ ვიტყვით -ონ-იან ფორმებზე. ქართული ენის მასალა ცხადყოფს, რომ ჭანური -ონ’ი აქეთა იბერიულ ენაშიც (დიალექტთა დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებთ) ახერხებს დამკვიდრებას, თუმცა ეს პროცესი იოლი არ უნდა ყოფილიყო. -ონ მორფოლოგიური ფორმანტი ქართულ სალიტერატურო ენაშიც აღწევს და შეიმჩნევა ისეთ სიტყვებში, როგორებიცაა: „ივერ-ონ-[ი]“, „პეტრიწ-ონ-[ი]“, „მაწ-ონ-[ი]“, ისტორიულ ტოპონიმში — „კრკ-ონ-[ი]“ და სხვა. ამასთან იგი შერწყმულ-მიერთებულია -ივ ქონა-ყოლის სემანტიკის მქონე მორფემას და გვაძლევს -ი[ვ]-ონ კომბინაციას ისევე, როგორც ეს -ი[ვ]-ან და -ოვ-ან ნიშნებთან გვაქვს (აფიქსთა სხვადასხვა ქართველური ენიდან წარმომავლობა ხელს არ უშლის მათ, ერთნაირად მოიქცნენ, ანუ ერთსა და იმავე პროცესს დაჰყვნენ); მაგალითად: შატილ-ი[ვ]-ონ-ი (შატილელთა ერთობა), ბახტრ-ი[ვ]-ონ-ი (ისტორიული ციხე-სიმაგრე, თუმცა აქაც ეტიმოლოგიურად ადამიანების, ჯარის, ციხეში მცხოვრებთა ერთიანობაა საგულისხმებელი) და სხვ.

ნათქვამიდან ცხადი ხდება, რომ ქართველურ ენებში -ონ //-უნ // -ან აფიქსებს დიაქრონიულად ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდათ: პირველი ქონა-ყოლისა და, აქედან გამომდინარე, წარმომავლობის გამოხატვის უნარი იყო და მეორე, რომელიც პირველის თანმხლებ ფუნქციას წარმოადგენდა, ე. წ. კრებითობის, მსგავს საგანთა სიმრავლის ჩვენების მორფოლოგიური დისტრიბუციის ძალაში მდგომარეობდა. თუ ქართველური ენების ლოგიკას გავყვებით და ამაძ-ონ’ში იმავე -ონ’ს ამოვიკითხავთ, გამოდის, რომ საქმე საერთო წარმომავლობის კრებულთან, სიმრავლესთან, ერთობასთან გვაქვს. (შდრ. ივერ-ონ-ი = ივერთა [იბერთა] კრებულის აღნიშვნის ფუნქციით; ივერიელთა სავანე).

ჩვენი აზრით, გაცილებით სადავო საკვლევი სახელის ფუძე (ამაზ-ონ) შეიძლება უფრო იყოს, ვიდრე თვალშისაცემი –ონ აფიქსი. ქართველური ენების გათვალისწინებით, რას შეიძლება დავუკავშიროთ იგი? უძველეს ქართულ წყაროთა უქონლობის გამო, იძულებულნი ვართ კვლავ ბერძნულ საისტორიო ცნობებს მივმართოთ, რომელთა შორის ჰეროდოტეს „ისტორია“ იქცევს ყურადღებას. წყაროში ვიგებთ, რომ ამაძონებს სკვითები „უწოდებენ „ოჲორპატა“-ს, ელინურ ენაზე ეს სახელი ნიშნავს „კაცთმკვლელებს“, რადგან „ოჲორ’ აღნიშნავს „მამაკაცს“, ხოლო „პატა“ მოკვლას,“ — წერს მეისტორიე [8, 283]. ვფიქრობთ, რომ ჰეროდოტეს ამგვარი განმარტება ცალსახად მიანიშნებს უპირველესად იმას, რომ ამაძონები არასკვითური ტომია და მეორე კი — იმას, რომ ძველ მსოფლიოში მეომარი ქალების მიმართ სხვადასხვაგვარი სახელდებანი იყო გავრცელებული, მათ შორის — სკვითურიც; ეს უკანასკნელი კი — „ოჲორპატა“ — ელინური სამყაროსათვის ნაცნობი რომ არ იყო, ამაზე ჰეროდოტეს საგანგებო ახსნა-განმარტებაც მოწმობს. სავარაუდოდ, ბერძენი ისტორიკოსის ტექსტშიცა და თვით სკვითურ ენაშიც „ოჲორ“-ის მნიშვნელობა კომპოზიციურ სახელში „მამაცის“ სემანტიკური დატვირთვითაა გამოყენებული და არა — „მამაკაცისა“; ამიტომ ის „მამაც მკვლელს“ (//*„მამაც მეომარს“) უნდა აღნიშნავდეს [ჩვენეული წაკითხვით] და ნაკლებად უნდა გულისხმობდეს „მამაკაც მკვლელს“.

ნიკო (ლაშა) ჯანაშია V ს.-ის II ნახევარში ირანის პოლიტიკის გაძლიერებაზე საუბრისას წერს: „ამ პერიოდის ქართლის მდგომარეობა გართულებულია ჩრდილოეთის საზღვრებთანაც. როგორც უკვე ითქვა, კავკასიონის გადასასვლელებს თვით ირანელები იცავდნენ. საფიქრებელია, რომ შუა აზიაში ომების დროს, ამ მანანდის (გამეფებამდის პეროზს ორ წელიწადს მოუხდა თავის უფროს ძმასთან ჰორმიზდთან ბრძოლა), ირანელებმა ყურადღება მოადუნეს გადასასვლელების დაცვაზე. 60-იანი წლების შუა ხანებში ჰუნთა ზოგიერთმა ტომებმა (სარაგურებმა, აკატირებმა და სხვებმა) გადმოლახეს კავკასიონის ქედი გადმოსასვლელით, რომელსაც V ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი პრისკე პანიონელი იუროიპაახის სახელით იხსენიებს. მკვლევართა აზრით, ეს ციხე უნდა აღნიშნავდეს დარიალის ან ივრის გადმოსასვლელს... ირანელებს ბიზანტიელებისათვის უთხოვიათ: ან ფული გაეგზავნათ მათთვის, ან ჯარი იუროიპაახის დასაცავად, მაგრამ ბერძნები ამაზე არ დათანხმებულან“ [22, 38-39].

ჩვენი აზრით, პრისკე პანიონელისეული „იუროიპაახი“ (ახ. წ. V ს.) ამაზონთა სკვითურ სახელდებას ჰეროდოტეს „ოჲორპატას“ (ძვ.წ. V ს.) არა მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს, არამედ მათ შორის უცილობელი კავშირია. გასაკუთრებით თვალშისაცემია ფუძის (ალბათ, რთული ფუძის) წინა ნაწილი „ოჲორ“ [ჰეროდოტე] და „იურო“ [პანიონელი] (მეორე ფუძეში „რ“-სა და „ო“-ს მეტათეზისის კვალი იკითხება) და ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ უნდა მიემართებოდეს მდ. იორ’ს, *როგორც მამაცთა მდინარეს (იორი — მდინარე აღ. საქართველოში; სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე) ჰეროდოტეს „ისტორიაში“ დაცული სკვითური წარმოშობის ფორმიდან კი ქართულ (?) „იორ’ს“ მხოლოდ წინაპოზიციური „ო“ ხმოვანი აკლია; რომლის დაკარგვაც ნასესხებ სიტყვაში ქართულ ნიადაგზე ადვილად მოხდებოდა. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მდ. ივრის ხეობა ამაზონელთა ლოკალიზაციის ერთ-ერთი ადგილი მაინც უნდა ყოფილიყო, სხვა მხრივ, მდ. იორ’ი (‹— ოირ’ი ‹— ოირო) ამ სახელდებას ვერ მიიღებდა. თუ „იორ“ ფუძის სკვითურ წარმომავლობას ვირწმუნებთ, მაშინ გასაგები ხდება აპიანეს (II ს.) ცნობის მიხედვით, პომპეუსის ლაშქრობის დროს იბერიის კერძოდ რომელ გეოგრაფიულ არეალში შეიძლება ეცხოვრათ ამაზონებს — ეს ივრის ხეობა უნდა ყოფილიყო.

ის ისტორიული ფაქტი, რომ სკვითურ ენაზე „ოჲორ“ აღნიშნავდა „მამაკაცს" (//მამაცს) ხომ არ წარმოადგენს ერთგვარ გასაღებს ამაძ-ონ//ამაზ-ონ ფუძის ასახსნელად? ჩვენი აზრით, აქ ბგერათდაკარგვის ფონეტიკურ პროცესთან უნდა გვქონდეს საქმე. კერძოდ, ვგულისხმობთ იმას, რომ დასახელებულ სახელდებას წინაპოზიციური „მ“ თანხმოვანი უნდა აკლდეს (ქართ.*მამაც-ონ-[ი] ბერძნ. *ამაც-ონ ამაზ-ონ//ამაძ-ონ); ეს პროცესი კი ნაკლებ მოხდებოდა ქართულენოვანი სამყაროში, სადაც სიტყვის ფორმაცა და მნიშვნელობაც არსებითად უცვლელია, სამაგიეროდ, მისი ე.წ. დეფექტურ ფუძედ გარდაქცევა ბერძნულენოვან სამყაროში უფრო იყო მოსალოდნელი. ამგვარი წაკითხვის შემთხვევაში [მ]ამაც-ონ [მ]ამაზ-ონ სხვა არაფერია, თუ არა მამაცთა ერთობა, ლაშქარი. და, რა თქმა უნდა, ის არ მემართება რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ერთეულს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ „ა“ ხმოვნის წინა პოზიციაში მ- თანხმოვნის დაკარგვა (ზოგჯერ განვითარებაც) არც ქართული ენისათვის წარმოადგენს დაუშვებელ ენობრივ მოვლენას. ვფიქრობთ, რომ მაგალითისათვის მ-ეგვიპტელ-ი ეგვიპტელ-ი, მ-არგვეთ-ი არგვეთ-ი, მ-ახლობ-ელ-ი ახლობ-ელ-ი ფორმებიც კმარა. ივ. ქავთარაძე ქართულ დიალექტებში „მ“ თანხმოვნის დაკარგვასთან დაკავშირებით შენიშნავს: „სიტყვის თავკიდურში, უშუალოდ ხმოვნის წინ, მ-ს დასუსტება-დაკარგვის იმგვარი კანონზომიერება, როგორიც სხვა თანხმოვნებთან (ლ, ნ) დგინდება, შენიშნულია მ-ს მიმართაც იმერულში, მაგრამ საშუალი ქართულის ტექსტებში არ ჩანს (შდრ. იმერ. მორევი — ორევი, მურძაყანი — ურძაყანი..)“ [16, 127].

აქვე დავძენთ, რომ უძველეს ქართველურ-ბერძნულ ენათა ურთიერთმიმართებაში დასაშვები უნდა იყოს ქართველური „ც“ აფრიკატის ბერძნული „ზ“//„ძ“ ფონემებით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ძირეული „ც“ ელემენტის შესახებ დაწვრილებით იხ. მონოგრაფია ”ლინგვისტური ინტეგრალები” [14, 141-171] და თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვის ფუნდამენტური შრომა „ინდოევროპელები და ინდოევროპული ენები“ [10, 792]). თავის მხრივ, რ. გორდეზიანი მედიტერანული და ქართველური ენობრივი მასალის შესახებ მსჯელობისას დაასკვნის: „... მთელი მასალა გვიჩვენებს, რომ წინაბერძნულ-ქართველური ენობრივი შეხვედრები სცილდება შემთხვევითი თანხვედრების ფარგლებს და ენობრივი მიმართების დონეზე სისტემურ ხასიათს ატარებს“ [12, 422].

ამრიგად, „ამაზონ“ფუძეში, ვფიქრობთ, ქართული ენის კვალი იკითხება და ამ წაკითხვის სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტი მუშაობს; კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით თითოეულ მათგანს:

1. აპიანეს (II ს.) ცნობა იმის შესახებ, რომ „მეომარ ქალებს იქაური ბარბაროსები საერთოდ ამაძონებს უწოდებდნენ“, რაც ადასტურებს ამ სახელდების არაბერძნულ წარმოშობასა და დაგვაფიქრებს მისი ქართველური წარმომავლობის შესახებ.

2. სახელურ ფუძეში ჭანური -ონ აფიქსის არსებობა, რომელსაც ქონა-ყოლისა და იმავდროულად კრებითობის, მსგავს საგანთა სიმრავლის გამოხატვის ფუნქცია ჰქონდა.

3. ჰეროდოტეს ცნობის მიხედვით, ამაზონთა სკვითური დასახელება „ოჲორპატა“ რთული შედგენილობის სიტყვა მოჩანს, რადგან ელინურად ითარგნებოდა, როგორც „კაცთმკვლელები“, ამათგან „ოჲორ“ აღნიშნავდა „მამაკაცს“ (//მამაცს), ხოლო „პატა“ მოკვლას“ [ჰეროდოტე]. ვფიქრობთ, სკვითური რთული ფუძის პირველი სეგმენტი ერთგვარ კალკს უნდა წარმოადგენდეს ქართული „[მ]ამაც“ ფუძისას, შესაძლებელია, ქართველური ენების გავლენითვე გაჩენილს.

4. მიგვაჩნია, რომ ლექსემა „ამაზონ-[ი]“ თავისი წარმოშობით ქართველურია და მასში წინაპოზიციური „მ“ თანხმოვანი უფრო ბერძნულენოვან სამყაროში დაიკარგებოდა (სიტყვის ზუსტი სემანტიკური დატვირთვის არცოდნის გამო); ანუ ქართული *მამაც-ონ-[ი] ბერძნულ ენაში *ამაც-ონ, ამაზ-ონ//ამაძ-ონ ვარიანტებს მოგვცემდა. ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა მამაცთა (აქ: მამაც ქალთა) ერთობლიობა, მათი კრებითობა.


დამოწმებული ლიტერატურა:

წყაროები:
1. აპიანე, მითრიდატეს ომები. თ. ყაუხჩიშვილის გამოც., გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1959.
2. აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა. აკ. ურუშაძის გამოც., გამომც. „მეცნიერება“, თბილისი 1975.
3. არიანე, ალექსანდრეს ანაბასისი, ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ. თ. ყაუხჩიშვილის გამოც., გამომც. „მეცნიერება“, თბილისი 1983.
4. პრისკე პანიონელი, „იუროიპაახის ციხე-სიმაგრე I“. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, გეორგიკა, ტ. I. ალ. გამყრელიძისა და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., საქ. სსრ მეც. აკადემიის გამოცემლობა, თბილისი 1961.
5. პროკოპი კესარიელი, „ომი გუთებთან“. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, გეორგიკა, ტ. II. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., გამომც. „მეცნიერება“, თბილისი 1965.
6. სტრაბონი, გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ. თ. ყაუხჩიშვილის გამოც., საქართველოს სსრ მეც. აკადემიის გამომცემლობა, თბილისი 1957.
7. ლეონტი მროველი, „ცხოვრებასა ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“, ქართლის ცხოვრება, ტ. I. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., გამომც. „სახელგამი“, თბილისი 1955.
8. ჰეროდოტე, ისტორია, ორ ტომად, ტ. I. თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თსუ გამომცემლობა, თბილისი 1975.
9. ჰომეროსი, ილიადა [მთარგმნელი რ. მიმინოშვილი]. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1979.

სამეცნიერო ლიტერატურა:
10. Гамкрелидзе, Т. В., Иванов Вяч. Вс., Индоевропейский язык и индоевропейцы, в двух томах. изд. ТГУ , Тбилиси 1984.
11. გელოვანი, ა., მითოლოგიური ლექსიკონი. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1983.
12. გორდეზიანი, რ., მედიტერანულ-ქართველური მიმართებანი, ტ. II — წინაბერძნული. გამომც. „ლოგოსი“, თბილისი 2007.
13. Марръ, Н., Грамматика чанского (лазского) языка. типография императорской Академии наук, С.-Петербургъ 1910.
14. სანიკიძე, ი., ლინგვისტური ინტეგრალები. გამომც. „ინტელექტი“, თბილისი 2012.
15. ქავთარაძე, გ., ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი 1985.
16. ქავთარაძე, ი., ქართული ენის ისტორიისათვის [XII-XVIIIს.ს.]. თსუ გამომცემლობა, თბილისი 1964.
17. ყაუხჩიშვილი, თ., საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები. თსუ გამომცემლობა, თბილისი 1976.
18. ყაუხჩიშვილი, ს., “იოანე ზონარა [კომენტარები], ,,ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ“, გეორგიკა, ტ. VI. ს. ყაუხჩიშვილის გამოც., „მეცნიერება“, თბილისი 1966.
19. ჩიქობავა, არნ., ,,ჭანურის გრამატიკული ანალიზი“, შრომები III. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და თსუ გამომცემლობა, თბილისი 2008.
20. ჩიხლაძე, ნ., ამაძონობის მოტივი ანტიკურ ლიტერატურაში. გამომც. „ლოგოსი“, თბილისი 2003.
21. ცხადაძე, ბ., ,,ქართველური ეთნონიმები ამაზონ (//ამაზუნ//ამოზონ)// ამორძალი”, კავკასიის მაცნე, 3 (რედ. ვ. კიკილაშვილი), თბილისი 2001, გვ. 194-198.
22. ჯანაშია, ნ., ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი 1986.
23. ჯანაშია, ს., შრომები, III. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი 1959.