ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
თამაზ ჯოლოგუა
მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შეფასებისათვის
XIX საუკუნის დასაწყისიდანვე კავკასიაში რუსეთის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი ნიშანი ის იყო, რომ ახალდაპყრობილი მხარე (Край; იმპერიის განაპირა მხარე - Окраина) განიხილებოდა ასიმილაციური მანიპულაციების სარეალიზაციო ერთიან ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სივრცედ და იგნორირებული იყო არსებითი მნიშვნელობის გარემოება - კავკასია სინამდვილეში სხვადასხვა ისტორიის, კულტურის, განსხვავებული ეროვნული ინდივიდუალობის მქონე ერების სამშობლო იყო. საკუთრივ საქართველოში ზემოხსენებულმა პოლიტიკურმა კურსმა მკაფიო ფორმულირება პოვა "კავკასიური პრობლემისადმი" მთავარმართებელ ალექსი ერმოლოვის (1816-1827) დამოკიდებულებაში: "არ იარსებებს საქართველო და აღარც კავკასიის საკითხი იარსებებს" [4, გვ. 30]. "კავკასიური პრობლემის" ამგვარ გადაწყვეტას ხისტი და სწორხაზოვანი პოლიტიკური კურსითა და მეტ-ნაკლები "წარმატებით" ცდილობდნენ კავკასიის მომდევნო მმართველებიც (ივ. პასკევიჩი, გრ. როზენი, ე. გოლოვინი, ალ. ნეიდგარტი), თუმცა 1840-იან წლებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ეს არსებითი ხასიათის ცვლილება დაკავშირებულია მიხეილ ვორონცოვის "კავკასიურ პოლიტიკასთან". 1840-იანი წლების დასაწყისში, ერთი მხრივ, უაღრესად გამწვავდა მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც შამილმა რუსულ ჯარებზე ზედიზედ მოიპოვა შთამბეჭდავი გამარჯვებები; ამასთანავე, ახალი ძალა და მასშტაბები შეიძინა მიურიდიზმმაც, რომელიც ყოველი არამართლმორწმუნის (არამუსლიმის) უპირობო ფიზიკურ განადგურებას ითვალისწინებდა და ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიკოლონიალური ბრძოლის არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ პოლიტიკური იდეოლოგიის ქვაკუთხედად იქცა. მეორე მხრივ, პოლიტიკური რეჟიმისადმი ქართველი თავადაზნაურობის "სერვილური" დამოკიდებულება ქმნიდა საფუძველს, ამიერკავკასია ზოგადად და, კერძოდ, საქართველო სამხედროდან სამოქალაქო მმართველობით სისტემაზე გადასულიყო და იგივე ქართველი თავადაზნაურობა რუსეთის მონარქიას კავკასიაში იმპერიული პოლიტიკის მოკავშირედ და დასაყრდენად გადაექცია. ასეთ ვითარებაში ნიკოლოზ I-მა გადაწყვიტა, კავკასიის მართვა ჩაებარებინა ისეთი პიროვნებისათვის, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სამხედრო და დიპლომატიური ნიჭი და პრაქტიკული შესაძლებლობები. 1844 წლის დეკემბერში იმპერატორის არჩევანი შეჩერდა გრაფ მიხეილ ვორონცოვზე (1782-1856), რომელიც იმ დროისათვის იყო რუსეთსა და ევროპაში სახელმოხვეჭილი გენერალი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორი და ბესარაბიის სრულუფლებიანი ნამესტნიკი. ამასთანავე, ვორონცოვი იყო უაღრესად განათლებული და დიპლომატიური უნარით აღჭურვილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ჯერ კიდევ 1800-იანი წლების დასაწყისში მსახურობდა საქართველოში მთავარმართებელ პავლე ციციანოვთან და იცნობდა ამიერკავკასიასა და მის თავისებურებებს [12, 8-22]. თავის მხრივ, ვორონცოვმა წამოაყენა აუცილებელი პირობა, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის გარდაქმნას სამეფისნაცვლოდ და მეფისნაცვლისათვის გადაწყვეტილებათა მიღების საგანგებო, რუსეთის იმპერიისათვის უპრეცედენტო უფლების მინიჭებას - არსებითად პირდაპირ იმპერატორს დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ავტონომიის შექმნას, რისი პირობაც ვორონცოვმა ნიკოლოზ პირველისგან მიიღო კიდეც (კავკასიაში წამოსვლის წინ იმპერატორმა ვორონცოვს უთხრა: "შენ იქნები ალტერ ეგო" [13, გვ. 301]. ბრიტანეთში განსწავლულ, ბრიტანულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გამოცდილებაზე აღზრდილ მიხეილ ვორონცოვს სწამდა, რომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება წყარო იყო იმპერიის ძლიერებისა და არა მისი სისუსტის მაჩვენებელი. იგი კავკასიაში ჩამოვიდა ფართო და საფუძვლიანი რეფორმისტული გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა, ერთი მხრივ, საქართველოს (ზოგადად, კავკასიის) უმტკივნეულო პოლიტიკურ-ეკონომიკურ შერწყმას რუსეთის ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოებრივ სივრცეში, ხოლო მეორე მხრივ, ევროპეიზაციის გზით ქართული კულტურის აღორძინებასა და განვითარებას. ვორონცოვის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მისივე ინიციატივითა თუ განმსაზღვრელი მნიშვნელობის მხარდაჭერით თბილისში დაარსდა რუსული და ქართული თეატრები, იტალიური ოპერა, საბალეტო დასი, საჯარო ბიბლიოთეკა, სალიტერატურო ჟურნალი `ცისკარი~, კავკასიის მუზეუმი, `რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება~ (თავისი პერიოდული გამოცემით), კავკასიის სასწავლო ოლქი, ახალი ფორმები და შინაარსი შეიძინა სასწავლებლებში ქართული ენისა და სიტყვიერების სავალდებულო სწავლებამ (მათ შორის, არაქართველთა და იმ სამხედრო პირთა შვილებისათვის, რომლებიც მხოლოდ დროებით იმყოფებოდნენ საქართველოში), ახალგაზრდებისათვის ხაზინის ხარჯზე დაარსდა 160 სტიპენდია რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, გაიხსნა გიმნაზიები თბილისსა (კომერციული) და ქუთაისში, მთელი საქართველოს მასშტაბით დაფუძნდა სკოლები (ბიჭვინთა, ოზურგეთი, თიანეთი და სხვ.). ვორონცოვმა საგანგებო ყურადღება გაამახვილა ქალთა განათლებაზე, რისთვისაც თბილისსა და ქუთაისში დააფუძნა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლები და რეალური შინაარსი და ფუნქცია მისცა თბილისშივე 1840 წელს დაარსებულ `ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტს" (1855 წლის მონაცემებით, საქართველოში უკვე არსებობდა სხვადასხვა ტიპის "147 სასწავლებელი 6023 მოწაფით" - 3, გვ. 298-300). ვორონცოვი უშუალოდ მეურვეობდა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის შესწავლა-პოპულარიზაციას, ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციას, ძველი ქართული ტექსტების გამოცემას (ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით; მანვე მიავლინა 1849 წელს პ. იოსელიანი ათონის ქართულ მონასტერში იქ დაცული სიძველეების შესასწავლად), იწვევდა რუს და უცხოელ მეცნიერებს (მ. ბროსე, გ. აბიხი, ი. ბარტოლომეი, ა. მურავიოვი, ნ. ხანიკოვი და სხვ.), მორალურად თუ მატერიალურად ხელს უწყობდა ლიტერატურული პროცესების აღორძინებასა და განვითარებას, მისი უშუალო დავალებით დ. მეღვინეთუხუცესიშვილმა არქეოლოგიური თვალსაზრისით შეისწავლა უფლისციხე და ა. შ. საგულისხმოა, რომ 1854 წელს, როდესაც ავადმყოფობის გამო ვორონცოვი იძულებული გახდა, იმპერატორისათვის ხანგრძლივი შვებულება გამოეთხოვა (ამის მერე ვეღარც დაბრუნდა კავკასიაში), მან თავის შემცვლელს, გენერალ რეადს დაუტოვა ინსტრუქცია, რომელშიც სპეციალურადაა აღნიშნული, რომ არ უნდა შენელებულიყო კავკასიის ხელისუფლების საგანგებო ზრუნვა ქართული კულტურის განვითარებაზე... [1, გვ. 99-100]. ვორონცოვი ხაზგასმით გამოხატავდა პატივისცემას ქართული ენის, ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურის, ადათ-წესებისა თუ ზნე-ჩვეულებების მიმართ (სხვათა შორის, ქართლ-კახეთის ყოფილი სამეფო ოჯახის წევრთა მიმართაც). როგორც ჩანს, იგი მიიჩნევდა, რომ ქართველთა ენობრივი და კულტურული (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) თვითმყოფადობა საფუძვლად უნდა დასდებოდა რუსეთის ერთიანი და განუყოფელი იმპერიის ფარგლებში საქართველოს, როგორც ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის, ჩამოყალიბებას. სარგის კაკაბაძის თვალსაზრისით, "[ვორონცოვი] ამზადებდა ნიადაგს საქართველოს ავტონომიისათვის რუსეთის იმპერიის ფარგლებში" [ 5, გვ. 126]. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ვორონცოვს საქართველოს აღორძინების ერთადერთ გზად მიაჩნდა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრების ევროპეიზაცია, რაც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივ-იდეოლოგიურ პოლიტიკას _ რუსეთის მონარქია საქართველოში ევროპეიზმის ერთადერთ წყაროდ რუსულ კულტურას, ცხოვრებისა და აზროვნების რუსულ წესს მიიჩნევდა (ჩვენ ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ მ. ვორონცოვის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკაზე და აღარაფერს ვამბობთ მის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც ქართველი თავადაზნაურობის უუნარობის გამო მისი, როგორც კლასის, მატერიალური დეგრადაცია გამოიწვია და ხელი შეუწყო საქართველოში სომხური ბურჟუაზიის ჩამოყალიბებას. ეს პროცესი ასახულია ქართულ მწერლობაში: გ. ერისთავი, ზ. ანტონოვი, ლ. არდაზიანი... არ ვეხებით აგრეთვე ვორონცოვის პოლიტიკას რელიგიის სფეროში. ორიოდე სიტყვით კი უნდა ითქვას, რომ იგი, ერთი მხრივ, აღიარებდა საქართველოს ეკლესიის სარწმუნოებრივ და ისტორიულ დამსახურებებს, ხოლო მეორე მხრივ, ისლამისადმი გამოვლენილი იმ დროისათვის უჩვეულო ტოლერანტობით ვორონცოვმა პოლიტიკური რეჟიმისადმი ლოიალურად განაწყო ამიერკავკასიის მუსლიმი მოსახლეობა და ამით შამილსა და ოსმალეთს კავკასიაში პირდაპირ ხელიდან გამოჰგლიჯა მოკავშირე და დასაყრდენი). არჩილ ჯორჯაძის შეხედულებით, "ვორონცოვის დანიშვნა კავკასიის ნამესტნიკად ფრიად სასარგებლო და გამოსადეგი გახდა ქართულ ახალ კულტურის აღორძინებისათვის. მიძინებული ერი თითქოს გამოფხიზლდა და დეზორგანიზაციაში მოყვანილი საზოგადოებრივი სხეული გამრთელების და განკურნების იმედმა შეიპყრო... ვორონცოვის ხანა შეიქმნა ქართულ კულტურის აღორძინების ხანად... ვორონცოვის პოლიტიკა იყო სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამაოდ ეძებდა რუსეთის მმართველობის წრეში ქართველთა პოლიტიკური აზროვნება - ერთგულება და მჭიდრო კავშირი რუსეთთან, ხოლო ნაცვლად ამისა, ქართველების ეროვნულ-კულტურული აღორძინების უზრუნველყოფა რუსეთის მფარველობის ქვეშ... ვორონცოვმა პირველმა გაბედულად გამოაცოცხლა ეს დღემდე განუხორციელებელი იმედი. ქართველთა ეროვნული კულტურა რუსეთის მფარველობის ქვეშ _ ეს ოცნება რეალობად იქცა..." [18, გვ. 104-105]. ამასთანავე, ა. ჯორჯაძე დასძენს: "ეჭვს გარეშეა, ვორონცოვი ვერ შეჰქმნიდა ჩვენში ვერც თეატრს, ვერც პერიოდულ პრესას, თვით საზოგადოებაში რომ არ ყოფილიყო ამისათვის საჭირო ელემენტები" [19, გვ. 104]. ნაციონალურ-კულტურული აღორძინებისათვის "საჭირო ელემენტები" 1840-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მართლაც არსებობდა და აქ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ვოლოგდის გადასახლებიდან ახალდაბრუნებული დიმიტრი ყიფიანის "ეროვნული ხსნის პროგრამა", რომელიც დაფუძნებული იყო თავადაზნაურულ-ლიბერალური განმანათლებლობის იდეოლოგიაზე და ითვალისწინება განათლების გავრცელების გზით რუსეთის იმპერიის ფარგლებშივე ქართული კულტურისა და საერთო-ეროვნული თვითშემეცნების აღორძინებას. საამისოდ გადადგმული იყო კიდევაც პირველი ნაბიჯები. კერძოდ, 1842 წელს დ. ყიფიანმა დააარსა "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა" - საზოგადოებრივ ინიციატივაზე დაფუძნებული პირველი საზოგადოებრივ-კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წევრები იყვნენ: ალ. ჭავჭავაძე, ნ. ბარათაშვილი, გრ. და ვ. ორბელიანები, მ. თუმანიშვილი, ზ. ფალავანდიშვილი და სხვ. [16, გვ. 74-95]. უნდა აღინიშნოს მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონიც, სადაც წარმოიშვა და დამუშავდა არაერთი ეროვნული მნიშვნელობის იდეა (პროფესიული ქართული თეატრის ჩამოყალიბება, ჟურნალ "ცისკრის" დაარსება და სხვ.) [2, გვ. 181-190]. ქართველ მოღვაწეთა მოწინავე ნაწილისა და ვორონცოვის გეგმები დაემთხვა ერთმანეთს და ამგვარმა უნისონმა კულტურის სფეროში ხელისუფლებისა და საზოგადოების სათანამშრომლოდ შექმნა მყარი საფუძველი მისგან გამომდინარე უაღრესად პოზიტიური შედეგებით. უნდა ითქვას, რომ თავისი ადმინისტრაციული და კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებისას ვორონცოვმა მთავარ თანამშრომლად და დასაყრდენად აირჩია დ. ყიფიანი, რომელსაც, ბარონ ალ. ნიკოლაის მიერ იმპერიის უმაღლესი ხელისუფლებისადმი გაგზავნილი კონფიდენციალური მოხსენების მიხედვით, მიიჩნევდნენ "ავტონომიურ საქართველოზე მეოცნებედ" [17, გვ. 227] და ს. კაკაბაძეც მას უწოდებს "ავტონომიის იდეის... თვალსაჩინო მოტრფიალეს" [5, გვ. 126]. დ. ყიფიანმა, თავის მხრივ, კავკასიაში განხორციელებული ძირეული ცვლილებები მაქსიმალურად შეუფარდა ქართველთა ეროვნულ-კულტურულ ინტერესებსა და საჭიროებებს [15, გვ. 23-26; 18; 8, გვ. 307]. ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკის" შეფასება ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში დიამეტრულად განსხვავებულია - უაღრესად პოზიტიურიდან (გრ. ორბელიანი, დ. ყიფიანი, პ. იოსელიანი, ა. ფურცელაძე, ი. მეუნარგია, ა. ჯორჯაძე, მიხ. თამარაშვილი, შ. ამირეჯიბი, ს. ყუბანეიშვილი და სხვ.) უკიდურესად ნეგატიურამდე (ნ. ავალიშვილი, ვახტ. კოტეტიშვილი, ლ. ასათიანი, ს. გერსამია, ალ. კალანდაძე, რ. ჩხეიძე, ნ. ვახანია და სხვ.). ვახტანგ კოტეტიშვილის შეხედულებით, "ვორონცოვის ხანა უნდა ჩაითვალოს იმ სისტემატური რეაქციის ეპიზოდად, რომელსაც მეფის რუსეთი აწარმოებდა საქართველოს მიმართ... ვორონცოვმა დიდი სამსახური გაუწია რუსეთს, მაგრამ რა მფარველობა გაუწია საქართველოს, - არა ჩანს. მართალია, მან ენერგიულად მოკიდა ხელი ჩვენს ქვეყანას, კულტურას თითქოს სათავეში ჩაუდგა, მაგრამ იგი თავის საქმეს აკეთებდა. და თუ ზოგჯერ ქართულ საქმეს გადმოხედავდა, ეს იყო თვალის ახვევა და შირმა... იგი ქმნიდა იმ ცენტრებს, სადაც აჩქარებით და სისტემით ხდებოდა ეროვნული დეგრადაცია..." [7, გვ. 171-172]. ვორონცოვის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდათ ნ. ნიკოლაძესა და, განსაკუთრებით, ალ. ორბელიანს, რომლის თხზულებებშიც ჩამოყალიბებულია ორი ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისი: `ის დრო ვარანცოვისა საქართველოში, ჩუენგნით გამოუცდელი სულ სხუა გუარი მოსატყუებელი დრო იყო... მითამ კაიკაცობას გვაჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ იმათ მომატებით, ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა... ვარანცოვამდისინ ქართუელები შორს ვიდექით რუსებზე და იმან რუსებში გაგვრია, შეგვაერთა ამ ცფიერმა დიპლომატმა" [11, გვ. 54-57]; მეორე მხრივ, ალ. ორბელიანის თქმით, "[ვორონცოვმა] მოგვცა ქართული თიატრი და ქართული სალიტერატურო ჟურნალი - "აჰა, მარადის გქონდეთ და თქვენის მამა-პაპის კარგის ენით ისიამოვნეთო"... კნიაზ ვარანცოვი იყო დიდი გონების კაცი, სრული განვითარებული და სურდა ჭეშმარიტად ჩვენი კეთილი" [10, გვ 129-130]. ქართულ სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ ლიტერატურაში ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკისადმი" ნეგატიურ დამოკიდებულებას საფუძვლად ძირითადად ორი წყარო დაედო: ა) ალ. ორბელიანის ზემოხსენებული პირველი თვალსაზრისი (თუმცა იგნორირებულია მისივე მეორე _ პირველის გამომრიცხავი - შეხედულება) და ბ) ვორონცოვის მიერ ნიკოლოზ პირველისათვის წარდგენილი 1849-1851 წწ. ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ: `დაარსდა თეატრი, ლიტერატურა გამოცოცხლდა, წიგნები იბეჭდება, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს - თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობა კეთილინებებს და ჩათვლის, რომ ამგვარი შედეგი უაღრესად კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს განათლების გავრცელებაზე, გემოვნების განვითარებაზე, ზნე-ჩვეულებათა დახვეწასა და რუსებში ადგილობრივთა შერწყმაზე" ("...слияние туземцев с русскими") [1, გვ. 881]. ვორონცოვი იმპერატორს, ცხადია, ვერ მისწერდა, რუსებისგან ქართველების ჩამოშორება მსურსო და, რაც მთავარია, მას არც ჰქონია ამგვარი განზრახვა. პირიქით, ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკის" მიზანდასახულობა, როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ ეს იყო - რუსეთის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია, ოღონდ აუცილებლად ქართველთა ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებითა და აღორძინებით. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქართველი მოღვაწეებისათვის, _ დროისა და ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, - სავსებით მისაღები აღმოჩნდა ასეთი პერსპექტივა, მით უმეტეს, ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეროვნული კულტურის ევროპეიზაციის გზით. დ. ყიფიანისადმი, - იმდროინდელი საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების მეთაურისა და თვალსაჩინო ევროპეისტისადმი, - მიძღვნილ ერთ-ერთ ნაშრომში ა. ჯორჯაძე აღნიშნავს: `დიაღ, ჩვენ რუსეთის ქვეშევრდომნი ვართ და ამავე დროს ქართველნი – ჰფიქრობდა ყიფიანი. ქართველობით გვინდა გამოვიდეთ კულტურულ ასპარეზზე. მაგრამ იცოდეთ კარგად, რომ "ქართველობა" მოითხოვს ქართულ საზოგადოებრივ დაწესებულებათა არსებობას, ქართული ენის უზრუნველყოფას სკოლებსა და ეკლესიაში. თუ ამას არ გვანებებთ, ჩვენი ქართველობა შეილახება და თუ შეილახება ქართველობა, შეილახება ჩვენი ერთგულების გრძნობაცაო. იმ ხანებში უფრო ფართოდ საკითხის დაყენება შეუძლებელი იყო..." [19]. ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკისადმი" დამოკიდებულება არც რუსეთში იყო ერთგვაროვანი. ვორონცოვის მმართველობის წლებშივე მის კურსს აკრიტიკებდნენ როგორც კავკასიის ადმინისტრაციულ, ისე რუსეთის ცენტრალურ მმართველობით სფეროებში, ხოლო მოგვიანებით გავლენიანი ფიგურა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში და არსებითად რუსული დიდმპყრობელურ-შოვინისტური იდეოლოგიის მეთაური 1860-1880 წლებში მიხეილ კატკოვი ვორონცოვს უწოდებდა ლიბერალიზმის სახელით ნაციონალური ინტერესების უგულებელმყოფელს, არარუსული თვითშეგნებისა და კავკასიაში სეპარატიზმის წამახალისებელ მმართველს და პირდაპირ სდებდა ბრალს რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატში; ამასთანავე, ამტკიცებდა - სწორედ ვორონცოვის პოლიტიკამ აქცია კავკასიაში რუსი დამცირებულ და შეურაცხყოფილ, არსებითად მეორეხარისხოვან ადამიანადო [6. გვ. 554]. ვორონცოვი თვალსაჩინო ფიგურაა აკაკი წერეთლის შემოქმედებაში (ლექსები, პუბლიცისტიკა, მემუარები, პოემა "ვორონცოვი"). აკაკის თხზულებებში ვორონცოვის სახე წარმოჩენილია როგორც პიროვნებისა და მმართველისა, რომელიც იყო საქართველოში ძმობისა და სიყვარულის დამნერგავი ("ბებიას ნაამბობი"), უსამართლობით გატანჯული ერის გულისტკივილის გამზიარებელი ("ქართველი ძეგლის წინ"), ქართველი ხალხის მამაშვილურად მოყვარული", რომლის ხელშიც საქართველომ "სული იბრუნა" ("ვარანცოვის ძეგლი"), "ცით მოვლენილი... ზეკაცი", რომელმაც საქართველოში გაავრცელა სწავლა-განათლება და "ჩაჰნერგა წრფელი სიყვარული" ("ვორონცოვი"), მმართველი, "რომელსაც აღტაცებით უყვარდა ქართველები, დიდ პატივს სცემდა მათ წარსულს და მომავალზე იმედობდა" ("ჩემი თავგადასავალი"), ქართული მწერლობის ქომაგი და მასზე უანგაროდ მზრუნველი ("მცირე შენიშვნა") და ა. შ.; აკაკი ეკამათება იმათ, რომლებიც საქართველოზე ვორონცოვის ზრუნვას ფარისევლობად მიიჩნევდნენ და აღნიშნავს: "ბრალი არა აქვს, სხვის ხელში / მისი ნამყენი თუ გახმა..." ("ვარანცოვის ძეგლი"). აკაკიმ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა გულწრფელი პატივისცემა ვორონცოვის მიმართ და მანვე მოგვცა, ჩვენი აზრით, ვორონცოვის "კავკასიური პოლიტიკის" ყველაზე ლაკონიური და ზუსტი შეფასება - ვორონცოვი მომავლის საქართველოს განიხილავდა როგორც "პოლიტიკურად გარუსებულს, მაგრამ თავის სარწმუნოებით, ენით და ეროვნულ ელფერით" და ამას იგი აკეთებდა `საევროპიო სწორის გზით" ("ქართული თეატრის დაარსება საქართველოში" [14, გვ. 458]. ანალოგიურ თვალსაზრისს იმეორებს ა. წერეთელი 1912 წელს დაწერილ კიდევ ერთ თხზულებაში "ნარკვევი" ("რაჭა-ლეჩხუმში ჩემი სტუმრობა..." [14, გვ. 492]. ვორონცოვის "კავკასიურ პოლიტიკასა" და მისგან გამოწვეულ კულტურულ-ლიტერატურულ პროცესებს, ვფიქრობთ, პირდაპირი კავშირი აქვს 1860-იანი წლების საზოგადოებრივ და სალიტერატურო ვითარებასთან და, ამ მხრივ, მართებული გვგონია ქ. ნინიძის შეხედულება: "ეს ("თერგდალეულთა" - თ. ჯ.) ფენა ყალიბდება ვორონცოვის საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგად" (9, გვ. 68). საქმე ისაა, რომ თითქმის ყველა ენობრივი თუ ლიტერატურული პრობლემა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოაყენა და ამა თუ იმ ფორმით დაამუშავა 1860-იან წლებში, მეტ-ნაკლები სიღრმითა და ინტენსივობით უკვე დასმული იყო წინა ათწლეულში (ქართული სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციის აუცილებლობა, ცხოვრების რეალისტურად ასახვისა და ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, ქართული ლიტერატურული აზროვნების ევროპეიზაციის, მთარგმნელობითი პოლიტიკის და სხვ. საკითხები). ერთი სიტყვით, 1860-იანი წლებისათვის მომზადებული იყო ნიადაგი ახალი, დროის მოთხოვნათა შესაფერისი, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობრივ და ლიტერატურულ პრინციპებზე დაფუძნებული ეროვნული იდეოლოგიის შესაქმნელად და ცხოვრებაში დასამკვიდრებლად. დიდად საგულისხმოა, რომ ი. ჭავჭავაძე, როგორც მოაზროვნე და მესვეური საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებისა, სწორედ 60-იანი წლების დასაწყისში მოევლინა ქვეყანას, როცა წარსულს ბარდებოდა ვორონცოვის მიერ გატარებული ლოიალური, სამოქალაქო და კულტურული ცხოვრების აღმავლობაზე ორიენტირებული პოლიტიკური კურსი და იწყებოდა ახალი ფორმებით საქართველოს რუსიფიკაციის იმპერიული პოლიტიკის განხორციელება. ამგვარ პირობებში კი მეტისმეტად ძნელი იქნებოდა (თუ შეუძლებელი არა) ნოვატორული კულტურულ-იდეოლოგიური სისტემების შექმნა ვორონცოვისდროინდელი მონარქისტულ-კონსერვატორული მსოფლმხედველობით, პოლიტიკური რეჟიმისადმი გამოცხადებული უპირობო ლოიალიზმითა და არსებული კულტურულ-ინტელექტუალური რესურსებით. ამდენად, ეროვნულმა სასიცოცხლო ენერგიამ, რომელიც იმ დროისათვის სიცოცხლისა და მოქმედებისუნარიანი აღმოჩნდა, ილია ჭავჭავაძე მაინცდამაინც მაშინ წარმოშვა, როცა ამისი სასიცოცხლო აუცილებლობა შეიქმნა და ის, რასაც ილია თავის პროგრამულ თხზულებაში "საქართველოს მოამბეზედ" ზოგადად ამბობდა: "გენიოსი ნაყოფია თავის დროებისაო" (ილია აქ "გენიოსში" "წინამძღოლს" გულისხმობს), თვითონ ამ სიტყვების ავტორზეც უნდა გავრცელდეს - ილია ჭავჭავაძე ნაყოფია იმ "დროებისა", რომლის ფესვებიც, გარდა ნაციონალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციებისა, ვორონცოვის "კავკასიურ პოლიტიკაშიც" უნდა ვეძებოთ. დამოწმებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|