ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

* კვლევა განხორციელებულია „შოთა რუსთაველის საქართვე­ლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის ქართულ და ბერძნულ რედაქციათა ურთიერთმიმართება“ (FR-21-2001) – ფარგლებში.

 

ირმა მაკარაძე

 

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ წყაროთა საკითხისათვის

 

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ ბერძნული ტექსტის ავტორობის საკითხი უკვე  მრავალი ათეული წლის განმავლობაში შუა საუკუნეების მკვლევართა დაუცხრომელი ინტერესის საგანია. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულ კვლევებში ტექსტის ავტორად, შესაბამისი არგუმენტაციით, ასახელებდნენ შუა საუკუნეების სხვადასხვა ავტორიტეტულ მოღვაწეს: იოანე დამსკელს, იოანე სინელს, ეფთვიმე ათონელს, უცნობ საბაწმინდელ ბერ იოანეს და სხვა. საკითხის შესწავლის ისტორია რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

თანამედროვე ეტაპზე თვალსაზრისი ექვთიმე ათონელის ავტორობის თაობაზე ძირითადად გაზიარებულია, მაგრამ ერთი დაზუსტებით: ექვთიმე არის მთარგმნელი ტექსტის, რომელიც შემდგომ გადაუმუშავებია სხვა მწერალს: ერთი აზრით, თავად სვიმეონ მეტაფრასტს (კ. კეკელიძე), რომელიც მეტაფრასტული სტილის ფუძემდებლად  მიიჩნევა, სხვა აზრით კი,  მისი სკოლიდან გამოსულ რომელიმე მწერალს (დ. ლანგი).

ვფიქრობთ, საკითხის შესწავლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ წყაროების შესწავლა, მეორე მხრივ კი, ამ წყაროების დამუშავების პროცესში ბერძნული ტექსტის ავტორის მიერ გამოვლენილი სპეციფიკის ექვთიმე ათონელის მთარგმნელობით მეთოდითან შედარება.

 კ. კეკელიძის ვარაუდი, რომ ბერძნული ტექსტის ავტორი შესაძლებელია ყოფილიყო თვით სვიმეონ მეტაფრასტი, ემყარება იმ თვალსაზრისს, რომ ბერძნული თხზულება წარმოაგენს მეტაფრასულ აგიოგრაფიულ ტექსტს. „ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“ რომ მეტაფრასული აგიოგრაფიული ტექსტია, არგუმენტირებულად არის დასაბუთებული ე. ხინთიბიძის კვლევებში. მკვლევარი ყურადღებას მიგვაქცევინებს თხზულების შესავალში ავტორისეულ მითითებაზე, რომ მისი შრომა „სარწმუნო ჩანაწერთაგან მეტაფრასირებას“ წარმოადგენს: „ἐξ ὑπομνημάτων ταύτην ἀψευδῶν μεταφράσαντες“. ე. ხინთიბიძის აზრით, ძველი საკითხავების გადამუშავებად, მეტაფრასირებად მიიჩნევდა „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიას“ თავად ბერძნული თხზულების ავტორიც. ზმნას „μεταφράζω“ აღნიშნულ კონტექსტში, მკვლევრის აზრით, სწორედ პარაფრაზირების, გადამუშავების მნიშვნელობა აქვს და არა თარგმნის (აღნიშნული სიტყვა „თარგმნის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა ბიზანტიური პერიოდის ბერძნულში). იმავე კვლევაში, ავტორი „ვარლაამ და იოასაფის ისტორიის“ მეტაფრასული რედაქციის შექმნას უკავშირებს ეფთვიმე ათონელს და არა სვიმეონ მეტაფრასტს, ან მისი სკოლის რომელიმე წარმომადგენელს, ითვალისწინებს რა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდის სპეციფიკას, რაც ადრევე ჰქონდა შემჩნეული ეფრემ მცირეს (მას - ექვთიმე ათონელს „ჴელეწიფებოდა შემატებაჲცა და კლებაჲცა“) [3, 361-372].

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორიაში“ გამოყენებულია მრავალფეროვანი წყაროები, რომელთა შესწავლასაც ადრიდანვე მიექცა ყურადღება. თხზულების წყაროების დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა „ვარლაამისა და იოასაფის“ ავტორობის საკითხისათვის. მაგალითად, პროფ. დოლგერი, რომელიც ტექსტის ავტორად იოანე დამასკელს მიიჩნევდა, თავისი თვალსაზრისის დასასაბუთებლად ერთერთ მნიშვნელოვან არგუმენტად ასახელებდა არისტიდეს „აპოლოგიის“ გამოყენებას „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიაში“. მეორე საუკუნის ათენელი ფილოსოფოსის, არისტიდეს, „აპოლოგია“, რომელიც  დაკარგულად მიიჩნეოდა ბერძნული სამყაროსთვის, ჩართული აღმოჩნდა „ვარლაამისა და იოდასაფის ისტორიაში“. ფ. დოლგერის აზრით, V საუკუნეში დაკარგული არისტიდეს ტექსტის ბერძნული ვერსია, არ იქნებოდა ეფთვიმესთვის ხელმისაწვდომი. მკვლევარს სამართლიანად მიუთითებენ, რომ აღნიშნული ტექსტი აღმოსავლურ ქრისტიანული სამყაროსთვის არ არის დაკარგული - სირიულად შემონახულია ტექსტის სრული ვერსია, სომხურად - ფრაგმენტი. უფრო მეტიც, არისტიდეს „აპოლოგია“ ქართული სივრცისთვის ცნობილია VI საუკუნიდან და გამოყენებულია ქართულ აგიოგრაფიულ ტექსტებშიც  („ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“; „აბიბოს ნეკრესელის წამება“) [3, 300-301]. ამგვარ არგუმენტად მიაჩნია, ასევე, ფ. დოლგერს, თანხვედრები „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიასა“ და იოანე დამასკელის თხზულებებს შორის, რომელსაც ეფთვიმე ათონელი არათუ ბრწყინვალედ იცნობდა, თარგმნიდა კიდეც ქართულად [9, 320-321].

„ვარლაამ და იოასაფის“ ბერძნული ტექსტის წყაროების გამოვლენა კიდევ უფრო მეტად აახლოებს თხზულებას ქართულ სამყაროსთან და ეფთვიმე ათონელთან. შენიშნულია, რომ ამ წყაროების დიდი ნაწილი ან უშუალოდ უკავშირდება ეფთვიმე ათონელის სახელს, ან კიდევ დაკავშირებულია ათონის მთასთან. ამ მიმართებებზე მიუთითებს ქართული „ბალავარიანის“ ინგლისურად მთარგმნელი დ. მ. ლანგი. იგი ნათლად აჩვენებს, რომ ბერძნული თხზულების წყაროები დაკავშირებულია სწორედ ქართულ სამყაროსთან, ათონის მთასთან და ეფთვიმე ათონელთან. დავასახელებთ რამდენიმეს: ბასილი დიდის ტრაქტატები - „სულიწმიდის შესახებ“ (De Spiritu Sancto) და „მწუხარების შესახებ“ De tristitia, რომლებსაც ვუდვორდი და მეტინგლი ასახელებენ „ვარლაამის რომანის“ წყაროდ, ეფთვიმეს მიერ არის ნათარგმნი ქართულად. ასევე, „ვარლაამის რომანის“ წყაროდ არის გამოვლენილი (ვუდვორდისა და მეტინგლის კვლევის თანახმად) გრიგოლ ღვთისმეტყველის ათანასე ალექსანდრიელის შესხმა, ქართულად თარგმნილი ასევე ეფთვიმე ათონელის მიერ.გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვა ათანასეს შესახებ, ასევე იდენტიფიცირებული „ვარლაამის“ რომანის წყაროდ და ქართულად თარგმნილი  ეფთვიმე ათონელის მიერ [9, 322].

გარდა აღნიშნული თხზულებებისა, ლანგი ვუდვორდისა და მეტინგლის, აგრეთვე, დოლგერის  შრომებზე დაყრდნობით ასახელებს „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ კიდევ რამდენიმე წყაროს, რომლებიც დაკავშირებულია ან პირდაპირ  ეფთვიმე ათონელის სახელთან, ან ათონის ივირონის მონასტერთან. ასეთებია: ეფთვიმე ათონელის მიერ ნათარგმნი იოანე სინელის „სათნოებათა კიბე“; „მარტინიანეს ცხოვრება“, რომლის ქართული თარგმანი (კ. კეკელიძის აზრით, შესაძლოა ეკუთვნოდეს ეფთვიმე ათონელს - ი.მ.) ინახება ათონის ივირონის მონასტერში; მაქსიმე აღმსარებლის შრომები: მისი შრომების კრებული, შედგენილი და ქართულად ნათარგმნი ეფთვიმე ათონელის მიერ, ინახება ათონის ქართულ წიგნთსაცავში. კირილე იერუსალიმელის „კატეხიზმო“, რომელიც ინახება ათონისა და სინას მთის ქართულ კოლექციებში [9, 323-324].

უახლეს სამეცნიერო კვლევებში  „ვარლაამის და იოასაფის ისტორიის“ ერთერთ წყაროდ გამოვლენილია ნილო ანკვირელის (სინელი) ტრაქტატი სამონასტრო ცხოვრების შესახებ,  რომელიც ნათარგმნია ქართულად ეფთვიმე ათონელის მიერ [1, 204; 9, 315]. აღნიშნული თხზულება, რომელიც გამოყენებულია „ვარლაამისა და იოასაფის“ ისტორიის XII თავში, სადაც ვარლაამი საუბრობს სამონასტრო ცხოვრების შესახებ, დოლგერს მიაჩნდა იოანე დამასკელის ინდივიდუალურ თვალსაზრისად. სინამდვილეში, როგორც რ. ფოლკი აღნიშნავს და მოჰყავს კიდეც შესაბამისი პარალელური ფრაგმენტები ნილო ანკვირელის ნაშრომიდან და „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიიდან“, ეს უკანასკნელი ძალიან ახლოს დგას წყაროსთან [6, 118-119]. „ვარლაამის და იოასაფის ისტორიის“ წყაროდ ასახელებს რ. ფოლკი ასევე, გრიგოლ ნოსელის “გრიგოლ საკვირველმოქმედის ცხოვრებას“ [6, 118], რომელიც ათონური ხელნაწერით (ath. 49) არის დაცული და  მისი თარგმნა მიეწერება გიორგი მთაწმინდელს [2, 14]. დასახელებული თხზულება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი ქართული თარგმანიც, მსგავსად სხვა რამდენიმე ნაშრომისა, მართალია, პირდაპირ ეფთვიმე ათონელის სახელს არ უკავშირდება, მაგრამ დაკავშირებულია ათონის მთის ქართველთა მონასტერთან და ათონელ მთარგმნელებთან. ერთ-ერთ წყაროდ არის, ასევე, დასახელებული რ. ფოლკის მიერ იოანე ოქროპირის ჰომილიებიდან გამოკრებილი მასალის საფუძველზე თეოდორე დაფნოპატის (IX-X სს.) მიერ შედგენილი კრებული [6, 120]. საინტერესოა, რომ ამავე ტიპის სამუშაო ჩაუტარებია ეფთვიმე ათონელს იოანე ოქროპირის შემოქმედებასთან მიმართებით. შეუდგენია და ქართულად უთარგმნია კრებული „მარგალიტი“, რომელიც წარმოადგენს იოანე ოქროპირის შრომების საფუძველზე შექმნილ ერთგვარ კომპენდიუმს.

წყაროების იდენტიფიკაცია დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბერძნული „ვარლაამ და იოასაფის“ ავტორობის საკითხის კვლევის პროცესში. თანამედროვე ეტაპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა “ვარლაამის და იოასაფის ისტორიაში“ სვიმეონ მეტაფრასტის „მენოლოგთან“ თანხვედრის გამოვლენა. ეს კავშირი ჯერ კიდევ საკითხის კვლევის ადრეულ ეტაპზე იყო შემჩნეული. მაგალითად, „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიაში“ შენიშნული იყო „წმინდა ეკატერინეს წამების“ სვიმეონ მეტაფრასტისეული გადამუშავების კვალი [9, 319]. აღნიშნული თვალსაზრისი კვლევის თანამედროვე ეტაპზე სათუოდ აღარ მიიჩნევა. თანხვედრი ეპიზოდები სვიმეონ მეტაფრასტის „მენოლოგსა“ და „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიას“  შორის ფართოდ აქვს წარმოდგენილი რ. ფოლკს. მაგრამ ფოლკის დასკვნები, რომ სვიმეონ მეტაფრასტმა გამოიყენა ექვთიმეს „ბალავარიანის“ გარკვეული პასაჟები და არა პირიქით, სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე შემჩნეულია, რომ არ უნდა იყოს მართებული [7, 87-94; 8, 355; 5]. ვფიქრობ, ამ კუთხით საინტერესოა ეფთვიმე ათონელის მოღვაწეობის ქრონოლოგიის გათვალისწინებაც. როგორც კ. ჰოგელი (კ. კეკელიძის კვლევაზე დაყრდნობით) მიუთითებს, ეფთვიმე ათონელმა თავისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა დაიწყო დაახლოებით 975 წელს. სვიმეონ მეტაფრასტს (გარდაიცვალა 987 წელს) კი, „მენოლოგის“ შექმნა უნდა დაესრულებინა 982 წელს. ამდენად, მკვლევარი ფიქრობს, რომ ეფთვიმეს მიერ „ბალავარიანის“ თარგმნისთვის და სვიმეონ მეტაფრასტის მიერ (რომელსაც ამავდროულად უნდა გასჩენოდა დიდი სიმპათია ახლადნათარგმნი „ბალავარიანის“ მიმართ) ამ თარგმანის გამოყენებისთვის რჩება მხოლოდ 12 (ან სულაც 7) წელი, დროის რა პერიოდსაც თავისუფლად მოითხოვდა ამგვარი სამუშაო [8, 356]. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეფთვიმე ათონელის მიერ მთარგმნელობითი მოღვაწეობის დაწყების მიზეზის გათვალისწინებაც. გიორგი მთაწმინდელის აგიოგრაფიული თხზულების თანახმად იოანე ათონელი შვილს, ეფთვიმე ათონელს მოუწოდებს: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აქ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“ („ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი“), ხოლო გიორგი მცირე ეფთვიმეს შესახებ წერდა: „სივრცითა და სიმაღლითა ღმრთივ-თარგმნილთა წმიდათა წიგნთა მისთაჲთა ნაკლულევანებაჲ ენისა ჩუენისაჲ აღავსო. და რომელნი-ესე ბარბაროზ წოდებულ ვიყვენით ელენთა მიერ უსწავლელობისათჳს და უმეცრებისა ჩუენისა, მათ თანავე აღგურაცხნა ღმრთისა მიერ მოცემულთა მით სიბრძნითა თჳსითა“ („ცხორებაჲ გიორგი მთაწმიდელისაჲ“). ციტირებული ფრაგმენტებიც ცხადად გვიჩვენებს, რომ ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის მთავარი მიზანი იყო ინტელექტუალურ „სიჩჩოებასა შინა“ (ეფრემ მცირე) მყოფი ქართველები ბიზანტიური ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი თხზულებებით მოემარაგებინა. ამდენად, მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ამ უზარმაზარ საქმეს შეჭიდებულ ეფთვიმეს ქართულიდან ბერძნულად თარგმანისთვის მოეკიდა ხელი. მისი ძირითადი ფოკუსი, განსაკუთრებით, მოღვაწეობის დასაწყისში, იქნებოდა ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში არსებული სერიოზული ხარვეზების ამოვსება და არა პირიქით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ თავისი მთარგმნელობითი მოღვაწეობის დასაწყისშივე ეფთვიმეს მოეპოვებინა იმ ხარისხის ცნობადობა, რომ მის ნაშრომს გასცნობოდა და, უფრო მეტიც, ასე ფართოდ ესარგებლა, ბიზანტიური ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენელსა და საიმპერატორო კარის უმაღლესი თანამდებობის პირს - სვიმეონ მეტაფრასტს.

კ. ჰოგელის სტატიაში ხაზგასმულია სვიმეონ მეტაფრასტის “მენოლოგის“ განსაკუთრებული პოპულარობა ათონის ქართველ მოღვაწეთა შორის [8, 358-361]. ამ კუთხით, უფრო მეტიც შეიძლება ითქვას. სვიმეონ მეტაფრასტის აღნიშნულ ნაშრომს იცნობენ საქართველოში მოღვაწე სვიმეონის თანამედროვე მთარგმნელებიც: დავით ტბელსა (ტბეთის ეპისკოპოსი) და სტეფანე სანანოისძეს (ჭყონდიდის ეპისკოპოსს), რომელთაც, როგორც წყაროებიდან ჩანს, აქტიური კონტაქტი ჰქონიათ ათონის ქართველ მოღვაწეებთან (იოანე და ეფთვიმე ათონელებთან), ჯერ კიდევ მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, „მენოლოგის“ შექმნიდან მალევე, რამდენიმე მეტაფრასტული ტექსტი უთარგმნიათ ქართულად [1, 178-182].

ამდენად, რ. ფოლკის თვალსაზრისის (სვიმეონ მეტაფრასტია დავალებული ეფთვიმეს შრომით. მხოლოდ მსგავსი პასაჟების არსებობა  არ გამოდგება იმის საბუთად, რომ სვიმეონ მეტაფრასტი სარგებლობს ეფთვიმეს თარგმანით და არა პირიქით) საწინააღმდეგოდ ყურაღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ გარემოებას: მაშინ როცა არც ერთი ძველი წყარო არ მიუთითებს სვიმეონ მეტაფრასტის მიერ ეფთვიმეს თხზულების („ვარლაამისა და იოასაფის ისტორია“) ცოდნაზე, ქართული წყაროები, პირიქით, არაერთმნიშვნელოვნად აჩვენებენ, რომ სვიმეონ მეტაფრასტი ძალზე პოპულარული ავტორი იყო არა მხოლოდ ათონელ ქართველთა წრეში, არამედ საქართველოში მოღვაწე თანამედროვე მთარგმნელთა შორისაც კი.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეფთვიმეს მიერ სვიმეონის „მენოლოგიდან“ ქართულადაც ნათარგმნი მეტაფრასტული ტექსტების უმრავლესობა გამოვლენილია „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ წყაროდ. მაგალითად, როგორც რ. ფოლკი აღნიშნავს, საკმაოდ დიდი დამთხვევებია „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიასა“ და ათანასე ალექსანდრიელის „ანტონი დიდის ცხოვრებას“ შორის [6, 115]. ეს უკანასკნელი კ. კეკელიძის თანახმად, სწორედ ეფთვიმემ თარგმნა ქართულად. დიდად არის დავალებული „ვარლაამის და იოასაფის ისტორიის“ პროლოგი სოფრონ იერუსალიმელის „მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებით“, საიდანაც ავტორს მოჰყავს საკმაოდ ვრცელი ექსცერპტები. რ. ფოლკი მ. თარხნიშვილის ცნობაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ეს ტექსტი ქართულადაც არის ნათარგმნი  ექვთიმეს მიერ [6, 115-117]. „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიაში“ გამოყენებულია ასევე „წამება ევსტრატესი და მისი თანამოაზრეებისა“, „კლიმი ანკვირელის წამება“ [6, 188, 142]. ორივე ტექსტი ქართულად ნათარგმნია ეფთვიმეს მიერ [1, 208]. ასევე, რ. ფოლკი ბერძნული თხზულების წყაროდ ასახელებს „პროკოპის წამებას“. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გვაქვს ეფრემ მცირის ცნობა, რომლის მიხედვითაც ეფთვიმემ თარგმნა იგი ქართულად: „წმიდასა მამასა ეფთვიმის ლოღოთეტის შეკაზმულთაგან კლემენტოსი ოდენ უთარგმნია და წმ. პროკოპისი, რამეთუ სხუათა წიგნთაგან უცალო იყო, რომელთა მიერ ფრიად განადიდა ნათესავი ჩუენი“. „ვარლაამის და იოასაფის ისტორიის“ წყაროდ ასახელებს რ. ფოლკი [6, 142] „წმ. გიორგის წამებას“, „აღწერილი სვიმეონ ლოღოთეტის მიერ, რომელი იკითხვების საბერძნეთის უმრავლესთა ეკლესიათა შინა, რამეთუ სიბრძნისათვის იხუმევენ ამას“ [1, 207] - თავად ეფთვიმე ურთავს მისივე თარგმანს ამგვარ შენიშვნას.

რ. ფოლკი ბერძნული „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ მთავარ წყაროდ ქართულ „ბალავარიანს“ მიიჩნევს. აღნიშნავს იმასაც, რომ ეფთვიმეს თარგმნის პროცესში ტექსტი მიზანმიმართულად გადაუმუშავებია და ბევრი რამ შეუცვლია. მოჰყავს შესაბამისი მაგალითებიც [6, 101-105]. ბერძნული ტექსტის ეს სპეციფიკა შენიშნული აქვს კიდევ ერთ მკვლევარს - ვ.ა. სიმპსონსაც. მკვლევარი აკვირდება, თუ როგორ იყენებს „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ ავტორი წყაროებს. მას მოჰყავს სამი საკმაოდ ვრცელი პარალელური ფრაგმენტი „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიიდან“ და იოანე დამასკელის შრომიდან. პარალელურ ტექსტებზე დაკვირვებით ის ასკვნის, რომ „ვარლაამისა და იოასაფის ისტრიის“ მთელს ტექსტში ჩვენ გვაქვს მხოლოდ სამი მაგალითი, სადაც ავტორი ძალიან ზუსტად და ვრცლად ციტირებს იოანე დამასკელის შრომის შესაბამის მონაკვეთებს, მაგრამ ამ შემთხვევებშიც კი მას შეაქვს გარკვეული მინიმალური ცვლილებები მაინც (თეოლოგიური ცვლილებები; ასევე, მცირე დამატებები, ან ამოკლებები ციტირებული ტექსტიდან) [10, 187-191]. ამავე პრინციპით აკვირდება მკვლევარი სხვა რამდენიმე წყაროს გამოყენების შემთხვევას “ვარლაამისა და იოასაფის ისტორიაში“. ამჯერად ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი დაკვირვება სვიმეონ მეტაფრასტის „მენოლოგიდან“ გამოყენებულ ფრაგმენტებზე. ბერძნული ტექსტის ავტორი არც ამ შემთხვევაში ღალატობს  საკუთარ სტილს და აქაც შეაქვს ცვლილებები ციტირებულ ტექსტებში (აკლებს, ან უმატებს ინფრომაციას). ეს ფაქტი მკვლევარს უჩენს ლეგიტიმურ ეჭვს: სვიმეონ მეტაფრასტი რომ იყოს „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ ავტორი,  შეცვლიდა კი, იგი საკუთარი კრებულიდან (იგულისხმება „მენოლოგი“) ციტირებულ ტექსტს კვლავ გამოყენების შემთხვევაში? [10, 191-197] ამ კონტექსტში, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდის სპეციფიკა. „ეფთვიმე თავისი მთარგმნელობითი მეთოდით თავისუფალი თარგმანის პრინციპებს მისდევდა და უმაღლეს დონეზე აიყვანა კიდეც თარგმნის ეს პრინციპი. ეფთვიმეს ამგვარი მთარგმნელობითი მეთოდი გამართლებული იყო მისი მიზანასახულობითაც: ეფთვიმე, როგორც ამას ეფრემ მცირე აღნიშნავს, ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ქართველი მკითხველისათვის განზავებული და განმარტებული ტექსტი მიეწოდებინა, რადგანაც იმ დროს „ნათესავი ქართველთა სიჩჩოებისა შინა იმყოფებოდა“ და რძით კვებას საჭიროებდა. თანაც ცდილობდა, სწრაფად ამოევსო ქართული მწერლობის ხარვეზი. ქართული სასულიერო ცხოვრების პრაქტიკული საჭიროებისათვის ძალზე დიდი ლიტერატურა იყო ერთბაშად ასათვისებელი. ამიტომაც ეფთვიმე შემოკლებულ თარგმანებს აკეთებდა. შემოკლებული ტექსტი კი, ბუნებრივია, განმარტებას კიდევ უფრო მოითხოვდა. ეს გარემოება მოითხოვდა იმას, რომ ეფთვიმე, როგორც მისი საქმის დიდმა გამგრძელებელმა ეფრემ მცირემ შენიშნა, თარგმნიდა ე.წ. „კლება-შემატების“ მეთოდით“ [4, 546]. ვფიქრობთ, მოყვანილი ვრცელი ციტატა ცხადად აჩვენებს ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდის მსგავსებას „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ ავტორის მუშაობის სტილთან.

ამრიგად, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში გამოკვეთილი სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინება კიდევ უფრო მეტად აკავშირებს ეფთვიმე ათონელს „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“  მეტაფრასულ რედაქციასთან. ამ კავშირს განსაკუთრებით ნათლად ავლენს ბერძნული ტექსტის წყაროებზე დაკვირვება, რომელთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ან ათონის მთასთან, ან პირადად ეფთვიმე ათონელთან. მეორე მხრივ, ის სპეციფიკა, რომელსაც ბერძნული ტექსტის ავტორი ავლენს ამ წყაროების დამუშავებასთან დაკავშირებით, შეიძლება აიხსნას ასევე ეფვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მეთოდის გათვალისწინებით.

 

ბიბლიოგრაფია:

1. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია,  ტ. I, თბილისი 1960.

2. წმ. გრიგოლნოსელის თხზულებათაშემცველ ქართულხელნაწერთააღწერილობა, ხელნაწერები აღწერეს, შესავალი და საძიებლები დაურთეს ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა და თინა დოლიძემ, „ლოგოსი“, თბილისი 2009.

3. ხინთიბიძე ე., ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი 1982.

4. ხინთიბიძე ე., „ათონის ქართული საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა“,

  ნათელი ქრისტესი საქართველო, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი  2003.

5. Christian Novels from the Menologion of Symeon Metaphrastes, Edited and Translated by Papaioannou Stratis, “Harvard University Press”, London 2017.

6. Volk R., Die Schriften des Johannes von Damaskos, VI/1, Historia animae utilis de Barlaam et Ioasaph (spuria), vol. 1: Einführung, Berlin 2009 (Patristische Texte und Studien, 61).

7. Grossmann Johannes K., "Die Abhangigkeit der Vita des Barlaam und Ioasaph vom Menologion des

Symeon Metaphrastes," Jahrhuch der osterreichischen Byzantinistik  59, 2009.

8. Høgel C., “Euthymios the Athonite, Greek-Georgian an Georgian-Greek Translator an Metaphrast?”, Travaux et Mémoires 23/1, Mélanges Bernard Flusin, “Association des Amis du Centre d’Histoire et Civilisation de Byzance”, Paris 2019.

9. Lang D. M., St. “Euthymius the Georgian and the Barlaam and Ioasaph Romance”, Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London, Vol. 17, No. 2 (1955), Published by: “Cambridge University Press”.

10. Simpson W. A., Aristides’ Apology and the Novel Barlaam and Ioasaph, Ph.D thesis, King's College London, 2015.