ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ირმა მაკარაძე

 

ანთროპონიმთა ტრანსფორმაციის ტიპოლოგია „ვარლაამისა და იოსაფის ისტორიის“

არაბულ, ქართულ და ბერძნულ რედაქციებში

 

ანთროპონიმები - ადამიანთა საკუთარი სახელები ლინგვოკულტუროლოგიური კვლევის საგანია, რადგანაც მათში აისახება სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ ეთნოსის კულტურული და სოციალური კონტექსტი. ანთროპონიმები სხვადასხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია ეთნოსის რელიგიური, თუ მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენებით, რომელიც დომინანტურ როლს ასრულებს ამა თუ იმ კულტურაში. შუა საუკუნეების ქართული საზოგადოებისთვის კულტურულად რელევანტურია ანთროპონიმებში  ბიბლიური და უფრო სუსტად მითოლოგიური მიმართებების ასახვა, რადგანაც ამ ეპოქაში ქართული  კულტურული იდენტობა შეპირობებულია სწორედ ქრისტიანული რელიგიით.  ამ თვალსაზრისით წინამდებარე კვლევაში შესწავლილი იქნება შუა საუკუნეების ერთერთი პოპულარული თხზულების „ბალავარიანის“ ანთროპონიმები, მათი მიმართება ერთი მხრივ, ქართული ტექსტის წყაროსთან - არაბულ Kitāb Bilawhar wa-Būd̠āsaf  („წიგნი ბილავჰარისა და ბუდასაფისა“) და მეორე მხრივ, თხზულების ბერძნულ თარგმანთან (რომელიც მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით,  ქართულიდან თარგმნილად მიიჩნევა).

 კვლევაში გამოყენებულია კომპარატივისტული მეთოდი („ბალავარიანის“ არაბულ-ქართულ-ბერძნული ტექსტების საკუთარ სახელთა შედარებითი ანალიზი), დესკრიფციული მეთოდი, კოგნიტურ- კონცეპტუალური ანალიზის მეთოდი (ასოციაციების კვლევა), ლინგვო კულტუროლოგიური ანალიზი.

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორიის“ არაბულ-ქართულ-ბერძნული რედაქციების ანთროპონიმებთან დაკავშირებით შედარებით ზოგადი შეხედულებები დ. ლანგისა და კ. კეკელიძის კვლევებში იკვეთება. დ. ლანგიც [6, გვ. 399] და კ. კეკელიძეც აღნიშნავენ, რომ საკუთარ სახელთა ბერძნული ტექსტის მონაცემები ამჟღავნებენ დამოკიდებულებას ქართულ ტექსტზე,  მათი აზრით შეინიშნება ერთი კანონზომიერებაც - ბერძნული ტექსტის მთარგმნელი საკუთარ სახელებს აზუსტებს ბიბლიური ონომასტიკის საფუძველზე. დ. ლანგის და კ. კეკელიძის ეს შეხედულება კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, სათავეშივე შევნიშნავთ, რომ ბერძნულ ტექსტში, მართალია, საკუთარ სახელებად ბიბლიური ანთროპონიმებია გამოყენებული (და არა მიმსგავსებული ბიბლიურ ანთროპონიმთან, როგორც ეს ქართული თარგმანის შემთხვევაშია),  თუმცა იგივე ანთროპონიმები ქართულ თარგმანში არის შექმნილი ბიბლიური ონომასტიკის ასოციაციით.

ტექსტის რამდენიმე ანთროპონიმს უფრო დეტალურად იკვლევენ ე. ხინთიბიძე და ი. აბულაძე. მათი ინტერესის საგანია მთავარი მოქმედი პერსონაჟების: ვარლაამის, იოასაფის და მეფე აბენესის სახელები და მათი ცვლილება თარგმანებში.

„ბალავარიანის“ კვლევის ისტორიაში უფრო ფართო ყურადღება მიექცა ნაწარმოების მთავარი გმირების საკუთარ სახელებს - ბალავარი, იოდასაფი და აბენესი. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ი. აბულაძისა და ე. ხინთიბიძის დაკვირვებები.

ე. ხინთიბიძის თანახმად, ქართულ და ბერძნულ რედაქციებში დადასტურებულ იოდასაფ/იოასაფს, არაბული იცნობს ბუდასფის, ან იუდასფის ფორმით. მისი აზრით, ბუდასფიდან იოდასფიც და იუდასაფიც არაბული „ბ“-სა და „ი“-ს აღრევის საფუძველზეა წარმოშობილი, ხოლო არაბული ბუდასფიდან ბერძნულ იოასაფამდე შუა საფეხურია ქართული იოდასაფი. ე. ხინთიბიძის აზრით, იმავე „ი“-სა და „ბ“-ს აღრევის საფუძველზე ქართულადაც უნდა მიგვეღო იუდასაფი, მაგრამ ქრისტიანული სამყარო წმინდანის სახელად იუდა-საფს ვერ იგუებდა, რამაც გამოიწვია მისი იოდასაფად გადმოცემა. იგივე დაშორების სურვილს იოდა/იუდა ფორმისაგან, ბიბლიური ონომასტიკის იოზაფატის ანალოგიის გზით, უნდა გადაექცია ეს სახელი ბერძნულ იოასაფად [5, გვ. 341-342].  ამ შემთხვევაშიც იკვეთება ტენდენცია: ქართული რედაქციების ანთროპონიმები ბერძნულად ითარგმნება მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებით - ბიბლიურ ანთროპონიმებთან დაახლოების ტენდენციით.

ასევე, ი. აბულაძის აზრით, ქართული „ბალაჰვარი“ უფრო არაბულ „ბალავჰარს“ (ან „ბილავჰარს“) ემხრობა, ვიდრე ბერძნულ ῾Βαρλααμ῾-ს (ვარლაამს) [1, გვ. 511]. პერსონაჟის ბერძნული სახელი ამ შემთხვევაშიც ქრისტიანული ონომასტიკის (მაგ., მე-3-მე-4 საუკუნის მოწამე ვარლაამი) ანალოგიის გზით ითარგმნება.

ი. აბულაძე საგანგებოდ იკვლევს „ბალავარიანის“ კიდევ ერთ ანთროპონიმს - „ჰებენას“, აბენესე, აბენეს“, ხოლო იოდასაფის საგალობლის მიხედვით - „აბენესერ“. მკვლევრის აზრით, თუკი ერთმანეთს შევუპირისპირებთ მოცემული სახელებს, პირველად ფორმად „ჰაბენესერ“ გამოჩნდება. აქედან უნდა მომდინარეობდეს ბერძნული Αβεννηρ - აბენერი (ავენირი), ხოლო ქართული „ჰაბენესერი“ კი, არაბულზეა დამოკიდებული. ი. აბულაძეს არაბული „ჯანაი*სარიდან“ ქართული „ჰაბენესერი“, დიაკრიტული ნიშნების გამო, ასოთა აღრევის ნიადაგზე მიღებულად მიაჩნია [1, გვ. 511-512].

წინამდებარე სტატიის ფარგლებში შესწავლილია „ბალავარიანის“ ანთროპონიმები და მათი მიმართება არაბული და ბერძნული რედაქციების საკუთარ სახელებთან.

ზადანი პრინცი იოასაფის აღმზრდელისა და ერთგული მსახურის სახელია.

„წიგნი ბილავჰარისა და ბუდასაფისა“

(არაბული რედაქცია)

„ბალავარიანი“ (ქართული მოკლე რედაქცია)

„ბალავარიანი“ (ქართული ვრცელი რედაქცია)

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორია

(ბერძნული რედაქცია)

---------------------

„და მისცნა მონანი სარწმუნონი, რაჲთა ჰმსახურებდენ ძესა მისსა და მისცა ზანდან მზარდულად“ [8]

„ხოლო მეფესა ეჩინა მსახურად ძისა თჳსისა და მზრდელად კაცი ვინმე ერ[თ]გული და დასტური წინაშე მისსა,   რომელსა სახელი ერქუა ზადან.“ [9]

 

Εἷς δὲ τῶν προεχόντων ἐν αὐτοῖς, ὃν ὡς πιστότατον καὶ εὐγνώμονα κατέστησεν ὁ βασιλεὺς ἐπὶ τοῦ παλατίου τοῦ υἱοῦ αὐτοῦ, Ζαρδὰν καλούμενος [7, გვ. 198].

 

ქართული „ბალავარიანის“ მოკლე რედაქციით ამ პერსონაჟის სახელია ზანდანი, ვრცელით - ზადანი: ბერძნულ ტექსტში - Ζαρδὰν, ხოლო არაბულში მას საერთოდ არ აქვს შესატყვისი.

რადგანაც არაბულ ტექსტში პრინცი იოდასაფის აღმზრდელის სახელი არ არის მოცემული და იგი ჩნდება მხოლოდ ქართულ თარგმანში, საფიქრებელია, რომ ტექსტის ქართულად მთარგმნელმა სახელს ზადან/ზანდან კონცეპტუალური დატვირთვა მიანიჭა,  შექმნა რა იგი ქართული სამყაროსთვის კარგად ნაცნობი ზადენის კერპის ანალოგიით. „ბალავარიანის“ მიხედვით, ზადანი/ზანდანი წარმართული რელიგიის მიმდევარია, ამდენად, შესაძლებელია, რომ სწორედ ამგვარი პერსონაჟისთვის შეერჩია ქართული ტექსტის ავტორს სახელი, რომელიც ფონეტიკურად  წარმართულ ქართულ ღვთაებას ზადენს მიემსგავსება:  ზადენ-ზადან/ზანდა.ხმოვანთმონაცვლეობა კი, რომელიც ზადენ/ზადან სახელებში გვაქვს ტიპური ფონეტიკური მოვლენაა, რადგანაც საკუთარ სახელთა სხვადასხვა ვარიაცია შესაძლებელია გვხვდებოდეს სხვადასხვა, ერთი და იმავე ეპოქის, ან მწერლის ტექსტებშიც კი.  მაგალითად, საისტორიო წყაროებში, აგიოგრაფიული ძეგლების მსგავსად, ერთსა და იმავე ან სხვა საუკუნის თხზულებებში პირის სახელები წარმოდგენილია ორ ან მეტ ვარიანტად, რაც  გამოწვეულია ძირითადად ბგერის დაკარგვით ან ჩართვით, ხმოვანთა და თანხმოვანთა მონაცვლეობით:   ნასარ/ნასრა/ნასრე/ნასრი;    ჯიბღა/ჯიბღუ; დიმიტრი/დემეტრე; სამოელი/სამუელი, თეკლა/თეკლე [3, გვ. 70];

ზადენის კერპი იბერიის უზენაესი ღვთაებაა, რომელიც იხსენიება უძველეს წერილობით წყაროებში:

„ხოლო ამას ქუეყანასა ქართლის[ა]სა იყუნეს ორნი მთანი, ზედა ორნი კერპნი, არმაზ და ზადენ“ („მოქცევაჲ ქართლისაჲ“).

„ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხე ზა/დენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს“ (ლეონტი მროველი, „ქართლის ცხოვრება“).

"წმიდანო მამანო, ყოვლად უნუგეშინისცემო და მაღნარ არს და შეუვალ კაცთაგან მთაჲ ისი, და უწინარეს კერპიცა იგი ბილწისა ზადენისი მდგომარე ყოფილ არს იქი, რომელი-იგი შემუსრა ნეტარმან ნინო, და აწ ვითარ მესმის, სულთა მიერ ბოროტთა აღსავსე არს მთაჲ იგი" („შიოსა და ევაგრეს ცხოვრება“).

„რამეთუ წარმართობასა ჟამთა მუნ იყო გოდოლი აღშენებული და ზედან ზადენისა კერპი აღმართებული და საძაგელისა მსხუერპლთასიმრავლისა მიერ დამკჳდრებულ იყვნენ ეშმაკთა სიმრავლე, რომელ\თაგან იქმნებოდიან მრავალნი საშინელებანი და ოცნებანი“ (იოანე ზედაზნელის ცხოვრება“).

ზადენის კერპის სახელი შემორჩენილია ქართულ ტოპონიმიკაშიც: ზადენგორა: „ხოლო ვითარცა შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა“ (ლეონტი მროველი, „მეფეთა ცხოვრება“) და ზედაზენი. ეს უკანასკნელი რომ ზადენის კერპთან არის დაკავშირებული ჩანს შემდეგიდანაც: იოანე ზედაზნელი „ბრძანებითა მეფისათა და კურთხევითა კათალიკოსისათა აღვიდა მთასა ზედა ზადენსა“, ამიტომაც იგი მოხსენიობულია, როგორც იოვანე „ზედაზადენელი“ (ჯუანშერი, „ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“)

ზადენი, ნიკო მარის აზრით, სპარსული მითრას ქართული ვარიაცია: "ზადენი, უეჭველია, ავესტ. yazata, ფაჰლაურ მრ. რ. ფორმას yajdan ანუ yaztan, სპარს. yazdan-ს და კეთილ გენიას, მეტადრე მითრას ანუ მიჰრს და შემდეგ საზოგადოდ ღმერთსა ჰნიშნავსო“ [4, გვ. 113].

 მ. ანდრონიკაშვილის კვლევის თანახმად, ღვთაების სახელი - ზადან აქამენიდების ეპოქის კუთვნილებაა და ძველი სპარსულიდან უნდა იყოს შეთვისებული ქართულში, რასაც მისი საშ. ირანულისა და სომხური ფორმებისაგან განსხვავებული ფონეტიკური სახე გვიჩვენებს [2, გვ. 23]

ამდენად, „ზადენის“ კერპი აღმოსავლეთიდან შემოდის და მკვიდრდება ქართულ სამყაროში. აღნიშნულ ანთროპონიმს, ჩვენი ძიების ფარგლებში, „ვარლაამისა და იოასაფის ისტორიამდელ“ ბერძნულ წყაროებში, ვერსად მივაკვლიეთ. რაც შეეხება, ზადან/ზანდანის ბერძნულ შესატყვისს, იგი მცირე სხვაობით არის გადატანილი ბერძნულში - Ζαρδὰν. მართალია, აღნიშნული ანთროპონიმი ბერძნული კულტურისთვის არ უნდა იყოს ნაცნობი, თუმცა კი, იცნობს იგი ცნობილი ბიბლიური მეფის ნაბუქოდონოსორის მცველთა რაზმის მეთაურს ნაბუზარდანს. შესაძლებელია, სწორედ ნაბუზარდანის სახელის ანალოგიით (მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიურ ანთროპონიმებთან დაახლოების ტენდენციიდან გამომდინარე), ცვლის მთარგმნელი ზადან/ზანდან-ს ზადანით („რ“-ს ჩართვა, ან „ნ“/“რ“ მონაცვლეობა).

თედმა „ბალავარიანის“ ქართულ რედაქციებში წარმართი მღვდლის სახელია.

 

„წიგნი ბილავჰარისა და ბუდასაფისა“

(არაბული რედაქცია)

„ბალავარიანი“ (ქართული მოკლე რედაქცია)

„ბალავარიანი“ (ქართული ვრცელი რედაქცია)

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორია

(ბერძნული რედაქცია)

Al-Bahwan

 

 

„მაშინ

წარვიდეს თედმაჲსსა*, რამეთუ

იყო იგი* კერპთ მსახური და

იყოფვოდა* უდაბნოსა*, და ფრიადი

    სასოებაჲ აქუნდა მეფესა და

ყოველსა ერსა*, რამეთუ ჰგონებდეს,

ვითარმედ წჳმაჲ და მზე მისითა

ლოცვითა* მოეცემის ქუეყანასა

მათსა“ [8].

„მაშინ აღდგეს და

მივიდეს კაცისა ვისამე, რომელი იყოფოდა უდაბნოთა და მთათა შინა, დაკლებული და

    კიდე-ქმნული ორთაგანვე ცხორებათა, რომლისა სახელი თედმა. ხოლო კაცი იგი იყო შჯულისა მათისაჲ და ფრიადი სასოებაჲ

აქუნდა მეფესა მისა მიმართ და ყოველსა

ერსა მისსა, ვიდრემდის ჰგონებდესცა, ვითარმედ

წჳმაჲ და [მ]ზეცა მისითა ლოცვითა

მოეცემის ქუეყანასა მათსა“ [9]

᾿Αναστάντες δὲ καταλαμβάνουσιν ἄντρον ἐν βαθυτάτῃ διακείμενον τῇ ἐρήμῳ, ἔνθα κατῴκει ἀνήρ τις Ἕλλην μαγικαῖς σχολάζων τέχναις καὶ θερμότατος ὑπάρχων προασπιστὴς τῆς εἰδωλικῆς πλάνης. Ὄνομα δὲ τούτῳ Θευδᾶς, ὃν καὶ ὁ βασιλεὺς ἐτίμα διαφερόντως καὶ φίλον ἡγεῖτο καὶ διδάσκαλον, διὰ τῆς αὐτοῦ λέγων μαντείας εὐθηνουμένην προκόπτειν τὴν αὐτοῦ βασιλείαν“ [7, გვ. 294]

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც ცხრილიდან ვხედავთ, ქართული ორივე რედაქცია ამ პერსონაჟს „თედმა“-თი  იცნობს,  ბერძნული რედაქციის მიხედვით მისი სახელია - Θευδᾶς, ხოლო არაბულში - Al-Bahwan-ი. საფიქრებელია, რომ ტექსტის ქართულ და ბერძნულ რედაქციებში ეს სახელიც, მსგავსად ზადან/ზანდანისა კონცეპტუალურ დატვირთვას იძენს. ტექსტის ქართულად მთარგმნელი პერსონაჟის არაბულ, ფონეტიკურად სრულიად განსხვავებულ ანთროპონიმს ცვლის და ბიბლიური ასოციაციით „საქმე მოციქულთაში“ დამოწმებულ საკუთარ სახელს - თევდას მიამსგავსებს. „თევდა“ „საქმე მოციქულთას“  ბერძნული ტექსტის - Θευδᾶς-ის ქართული შესატყვისია: Πρὸ γὰρ τούτων τῶν ἡμερῶν ἀνέστη Θευδᾶς... (Acts 5:36)  „რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა...“ (5:36). ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიბლიური თევდა და „ბალავარიანის“ თედმა ფუნქციურადაც მიემსგავსებიან ერთმანეთს.   „საქმე მოციქულთას“  მიხედვით თევდა (ბერძ. Θευδᾶς) თვითმარქვია წინასწარმეტყველია, რომელიც მოტყუებით აამბოხებს და აიყოლებს მრავალრიცხოვან ბრბოს, დაარწმუნებს რა მათ, რომ შეუძლია მდინარის სიტყვით გაპობა და მათთვის მარტივი სავალი გზის ჩვენება.  შესაძლებელია, რომ ქართული „ბალავარიანის“ მთარგმნელმა სწორედ ამ ბიბლიური ანთროპონიმის (თევდა) ასოციაციით არაბული სახელი Al-Bahwan შეცვალა „თედმათი“, ხოლო „ბალავარიანის“ ბერძნულად მთარგმნელმა, თედმა/თევდას ფონეტიკური მსგავსების საფუძველზე თარგმნა იგი Θευδᾶς-ად. ბუნებრივია, რომ მისთვის ნაცნობი იქნებოდა „საქმე მოციქულთას“   ბერძნული სახელის Θευδᾶ-ის ქართული შესატყვისი - თევდა. ამრიგად, ქართული რედაქციების ანთროპონიმს, რომელიც  არაბულისგან რადიკალურად განსხვავებულია, საფფიქრებელია, რომ მთარგმნელი ბიბლიური ასოციაციით ქმნის, ხოლო ბერძნულ რედაქციაში კი, იგი ითარგმნება მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებით - ზუსტი ბიბლიური ანთროპონიმით. ვფიქრობ, Al-Bahwan - თედმა - (თევდა) Θευδς-ის გრადაცია აჩვენებს ანთროპონიმთა თანდათანობით გაქრისტიანების პროცესს და შუალედურ ტექსტად, აშკარად, აქაც ქართული „ბალავარიანი“ ჩანს ისევე, როგორც ზადან/ზანდან- Ζαρδαν-ის შემთხვევაში.

ნაქორი - არაბულ რედაქციაში არ არის.

„წიგნი ბილავჰარისა და ბუდასაფისა“

(არაბული რედაქცია)

„ბალავარიანი“ (ქართული მოკლე რედაქცია)

„ბალავარიანი“ (ქართული ვრცელი რედაქცია)

„ვარლაამისა და იოასაფის ისტორია

(ბერძნული რედაქცია)

-------------------

ვიცი კაცი, რომლისა თანა სწავლულ ვარ და არავინ იცნობს მას ქუეყანასა ამას, და არს იგი სჯულისა

ჩუენისაჲ და ფრიად სწავლული

სიბრძნისაჲ, და სახელი მისი ნაქორ“ [8].

ხოლო უკუეთუ ამას ვერ მივსწუთეთ, მე

მოგგუარო, მეფე, კაცი ერთი, რომელი არავინ

იცის ქუეყანასა ამას, წესისა ჩუენისაჲ,

რომლისა გამორჩევაჲ ვერ ეგების ბალაჰვარისგან

ხატითა და ფერითა და ჰასაკითა

და ჴმითა და სიტყჳთა, რომელი იქცევის

გარე უდაბნოს, რომლისა სახელი ნაქორ“ [9].

Εἰ δὲ ἐκεῖνον μὲν καταλαβεῖν οὐ δυνηθείημεν, ἕτερον ἐγὼ ἐπίσταμαι πρεσβύτην μονερημίτην, Ναχὼρ καλούμενον, ὅμοιον τῷ Βαρλαὰμ κατὰ πάντα, ὃν οὐκ ἔστι διαγνῶναι μὴ ἐκεῖνον ὑπάρχειν" ὃς καὶ τῆς ἡμετέρας ἐστὶ θρησκείας καὶ διδάσκαλος ἐμὸς ἐν τοῖς μαθήμασι γέγονε [7, გვ. 215].

 

რაქისი (მეფის ერთგული ვეზირი) სთავაზობს ჯანაიზარს, რომ თავად მოირგებს ბალავარის როლს და შეეცდება, რომ  იოადასაფი წარმართულ რჯულზე მოაბრუნოს. იოდასაფის მხილების შემდეგ, რაქისი შეინანებს. ქართულ თარგმანში  პერსონაჟის (რაქისის) ფუნქცია გაყოფილია. ქართული და ბერძნული რედაქციების იმავე ეპიზოდებში რაქისის ნაცვლად ბალავარის როლის მორგებას ახალ პერსონაჟს - ნაქორს დაავალებენ: „და ჰრქუა რაქი[ს]: რაჲ ღონე ვყოთ აწ? ხოლო მან ჰრქუა: ვიცი კაცი, რომლისა თანა სწავლულ ვარ და არავინ იცნობს მას ქუეყანასა ამას, და არს იგი სჯულისა ჩუენისაჲ და ფრიად სწავლული სიბრძნისაჲ, და სახელი მისი ნაქორ. იგი მოვიყვანოთ, რამეთუ ფრიად მსგავსი არს ბალაჰვარისი ფერითა და ჰასაკითა, და შევჰმოსოთ სამოსელი, ვითარი უნახავს  ზანდანს ბალაჰვარს ზედა“[8].  იოდასაფი მიუხვდება მას ტყუილს და ამხელს.   ფინალი აქაც იგივეა - მხილების შემდეგ ნაქორი მოექცევა ქრისტიანულ რჯულზე. საკუთარი სახელი ნაქორი (მისი ბერძ. შესატყვისი - Ναχὼρ) ბიბლიური ონომასტიკის ანალოგიით ჩნდება ქართულ რედაქციაში. ამგვარ კანონზომიერებას - სრულიად ახალი ანთროპონიმის შემოტანას ტექსტში, განსაკუთრებით მაშინ აქვს ადგილი, როცა არ არსებობს არაბულ რედაქციაში რომელიმე პერსონაჟი (ან პერსონაჟი სახელის გარეშეა) და  ჩნდება იგი ქართულში.

ბარაქი(ბეძნ. Baracia)  ქართული და ბერძნული რედაქციების ფინალურ ნაწილში ჩნდება. ცნობილია, რომ ყველაზე მეტად ქართული და ბერძნული რედაქციები არაბულისგან სწორედ ფინალით განსხვავდებიან. იოადასაფი სამეფოს სამართავად უტოვებს კეთილმორწმუნე ქრისტიანს ბარაქიას/Baracia. აქაც ქართული რედაქციის ავტორი მიჰყვება მისთვის დამახასიათებელ ძირითად ტენდენციას - ანთროპონიმი - ბარაქია (შესაბამისი ბერძ. - Baracia)ტექსტში შემოაქვს ბიბლიური ონომასტიკის გათვალისწინებით.

ფაქტობრივად, თხზულებაში ერთადერთი ანთროპონიმია - „რაქისი“, რომელიც არაბული ტექსტიდან უცვლელი სახით შემოდის ქართულ რედაქციებში, ხოლო ბერძნულში გადადის იგი, როგორც - ᾽Αραχης.

ამრიგად, „ბალავარიანის“ ანთროპონიმზე დაკვირვება სამივე: არაბულ, ქართულ, ბერძნულ  რედაქციათა გათვალისწინებით, გვაჩვენებს ანთროპონიმთა გაქრისტიანების აშკარა ტენდენციას. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ორგვარი კანონზომიერება იკვეთება:

1. არაბული რედაქციის ანთროპონიმების ქართულ შესატყვისად გამოყენებულია პირდაპირ ბიბლიური ანთროპონიმები, ან მასთან ფონეტიკურად ახლოს მდგომი სახელი, რომელიც, შესაძლოა, ბიბლიური ანთროპონიმების ასოციაციით შექმნილიყო. ასეა ეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა არ არსებობს არაბულ რედაქციაში რომელიმე პერსონაჟი და  ჩნდება იგი ქართულში და ბერძნულში.

2. რიგ შემთხვევებში, ქართული რედაქციების ანთროპონიმები, რომლებიც ფონეტიკურად მსგავსია ბიბლიური ანთროპონიმებისა, მაგრამ არა იდენტური,  ბერძნულ თარგმანში გადადის ბიბლიური ანთროპონიმებით. ასეთ შემთხვევებშიც, ქართული „ბალავარიანი“  შუალედურ რედაქციად ჩანს, არაბულ და ბერძნულ რედაქციათა შორის.

 

ბიბლიოგრაფია:

1. აბულაძე ი., „ქართული ბალავარიანის ერთი პერსონაჟის სახელის წამომავლობისთვის“: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XVIII, #4, 1962.

2. ანდრონიკაშვილი მ., „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან“, თბ. 1966.

3. კირთაძე დ., “საკუთარი სახელი ქართულ ორიგინალურ აგიოგრაფიულ ძეგლებსა და საისტორიო წყაროებში (V-X სს.)”, სადისერტაციო ნაშრომი, 2009.

4.  ჯავახიშვილი ი., თხზულებანი, ტ. I, თბილისი, 1979.

5. ხინთიბიძე ე., ქართულ ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიისათვის, თბ. 1982 წ.

6. Lang D., “The Life of the Blessed Iodasaph: A New Oriental Christian Version of the Barlaam and Ioasaph Romance (Jerusalem, Greek Patriarchal Library: Georgian MS 140)”: Bulletin of the School of Oriental and African Studies, University of London, Vol. 20, No. 1/3.

7. Volk R., “Die Schriften des Johannes von Damaskos, VI/1, Historia animae utilis de Barlaam et Ioasaph” (spuria), vol. 1: Einführung, Berlin 2009 (Patristische Texte und Studien, 61.

8. ARMAZI Textcollection:Balahv. “Balavariani”, Redaction:B.,  On the basis of the edition  Balavarianis kartuli redakciebi / gamosca, gamoḳvleva da leksiḳoni daurto Ilia Abulaʒem A. Šaniʒis redakciit (Ʒveli kartuli enis ʒeglebi, 10), Tbilisi 1957 / entered by the Scientific Laboratory "Orioni" at the Ǯavaxišvili State University, Tbilisi, Tbilisi 2006-2007; ARMAZI version by Jost Gippert, Frankfurt a/M, 16.9.2007

https://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/hagio/balavarb/balavlex.htm

9. ARMAZI Textcollection:Balahv. “Balavariani”, Redaction:A.,  On the basis of the edition  Balavarianis kartuli redakciebi / gamosca, gamoḳvleva da leksiḳoni daurto Ilia Abulaʒem A. Šaniʒis redakciit (Ʒveli kartuli enis ʒeglebi, 10), Tbilisi 1957 / entered by the Scientific Laboratory "Orioni" at the Ǯavaxišvili State University, Tbilisi, Tbilisi 2006-2007; ARMAZI version by Jost Gippert, Frankfurt a/M, 16.9.2007 https://titus.unifrankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/hagio/balavara/balav.htm?balav060.htm