ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ნათია სიხარულიძე

 

ლიტერატურული პარალელები: გალაკტიონ ტაბიძე და ლუის დე კამოენსი

 

გალაკტიონ ტაბიძის მიმართება ევროპულ მწერლობასთან გალაკტიონოლოგთა საგანგებო კვლევის საგანია. გალაკტიონის დღიურებისა და ნაწარმოებთა ავტოგრაფების შესწავლამ  ცხადყო ქართველი პოეტის ინტერესი პორტუგალიური ლიტერატურისადმი, გაირკვა, რომ გალაკტიონ ტაბიძის ორი ლექსი პორტუგალიური ლიტერატურის კლასიკოსის ლუის დე კამოენსის პოემიდან - „ლუზიადებიდან“ მიღებული შემოქმედებითი იმპულსის შედეგად არის შექმნილი და ქართველი პოეტი თავის სათქმელს კამოენსის სტრიქონებზე, პორტუგალიურ ლიტერატურასა და კულტურაზე ალუზიით გამოხატავს. სწორედ „ლუზიადებთან“ დაკავშირებული გალაკტიონის ორი ნაწარმოებია გაანალიზებული ჩვენს წერილში.

გალაკტიონის ნაწარმოებების ლუის დე კამოენსის „ლუზიადებთან“ გენეტიკური კავშირის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქართულ და პორტუგალიურ ლიტერატურათა შორის ამგვარი სიახლოვე, მსგავსი მიმართება დღემდე შენიშნული არ ყოფილა.

გალაკტიონ ტაბიძის 1950 წელს გამოქვეყნებული თხზულებათა რვატომეულის მეშვიდე ტომი სტალინისადმი მიძღვნილი ლექსით იხსნება – პოეტი „მთელი ქართველი ხალხის სახელით“ საიუბილეო თარიღს, „წელთა სიახლის დაწყებას“ ულოცავს დიდ ბელადს. ამავე ტომს ლენინ-სტალინის მიერ „ნათლად ნაჩვენებ გზების“ განმადიდებელი ვრცელი ნაწარმოები – „1950“ ასრულებს. წიგნში სოციალისტური ეპოქის მიღწევების ამსახველი სხვა რამდენიმე კონიუნქტურული ლექსიცაა: პოეტი მონდომებით გვარწმუნებს, რომ განხორციელდა „შედუღება ოცნებისა და სინამდვილის“, რომ სწორედ ამიტომ – „უმძაფრესია ახალი ხანა და ისტორიის ახალი გვერდი“. იდეოლოგიზებული ტექსტების ფონზე კიდევ უფრო მეტად იქცევს ყურადღებას მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი, ექვსსტროფიანი ლექსი – „ახმაურდეს!“, რომელიც პოეტის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად თხზულებათა მეშვიდე ტომში დაიბეჭდა.

„ახმაურდეს!“ მოწოდებით იწყება – ლირიკული გმირი საკუთარ თავს (თუ თანამოაზრე პოეტს) მიმართავს:

„ახმაურდეს, გრძნობით დუღდეს,

არ დაეტყოს ხნოვანება.

ძველებური ძალით ჰქუხდეს

ჩანგთა ჩვენთა ხმოვანება!“  [3, გვ. 174]

ამ მაღალხმოვან სტრიქონებს მოსდევს მკვეთრი მხილება ადამიანთა ერთი ჯგუფისა, რომელიც სინათლესაც სიბნელედ აღიქვამს, გონება ბანგით აქვს დაბინდული და ერთადერთი გატაცებით არის შეპყრობილი:

„გამოფიტულს, აზრდაკარგულს

 დღეს ზოგიერთს შერჩა ერთი

მისწრაფება და გულდაგულ

 გატაცების ერთი წერტი.

ეს ამაო და მდაბალი

 გატაცება იქ ბობოქრობს,

სადაც თვალი, ხარბი თვალი,

მოპრილეს ხედავ ოქროს!“ [3, გვ. 174]

ვის გულისხმობს სიტყვა „ზოგიერთი“? პასუხი ამ კითხვაზე მოცემულია ტექსტის მომდევნო სტროფში, სადაც ლირიკული გმირი საკუთარ შემოქმედებით მრწამსზე იწყებს საუბარს:

„შენ კი ყოფნა გესმის ასე:

თუ გსურს გაიტანო ლელო,

უანგაროდ გვებაასე,

მეგობარო, ძველისძველო“. [3, გვ. 175]

ეს დაპირისპირება („ზოგიერთი“ - „შენ კი“, „მდაბალი გატაცება“ – „უანგარო ბაასი“), ვფიქრობ, აშკარად მეტყველებს, რომ ისინი, ვისზეც გალაკტიონი მიგვანიშნებს, ანგარებით მობაასე ხელოვანთა ჯგუფია. თუ ზოგად კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკა ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელ პოეტებს მიემართება. „ახმაურდეს!“ ასე მთავრდება:

„ჩანგს სიმართლეს ათქმევინებ,

რომ სიმტკიცე ექნეს დიდი,

ვერც გზას გადაახვევინებ,

ვერც ოქროთი მოისყიდი“. [3, გვ.  175]

ერთი მხრივ, მაამებლურ-მლიქვნელურ ვითარებასთან დაპირისპირება, მედროვე, აღზევებულ ხელოვანთა შესახებ თუნდაც ასე, მინიშნებით წერა და იქვე საკუთარ შემოქმედებით პრინციპებზე  -  სიმართლისადმი ერთგულებაზე, მოუსყიდველობაზე საუბარი, ბუნებრივია, ტოტალიტარულ ეპოქაში მაინცდამაინც უსაფრთხო ვერ იქნებოდა. საფიქრებელია, რომ სწორედ ამის გამო დაათარიღა 1950 წელს, გამარჯვებული სოციალიზმის ხანაში გამოქვეყნებული „ახმაურდეს!“ პოეტმა 1935 წლით, როდესაც ე.წ. კლასობრივი ბრძოლის სიმძაფრემ პიკს მიაღწია. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ ლექსი, მართლაც, 30-იან წლებში დაიწერა და მისი გამოქვეყნება გალაკტიონმა, რაღაც მიზეზით, თხუთმეტი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა.…

„ახმაურდეს!“ ჩვენამდე სამი ავტოგრაფით არის მოღწეული. ხელნაწერებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ნაწარმოების თავდაპირველი ჩანაფიქრი, მისი ე.წ. შავი მონახაზი ერთ-ერთმა ავტოგრაფმა (გალაკტიონის ფონდი, 3663) შემოგვინახა. ეს ვარიანტი პოეტის 1930 წლით დათარიღებულ უბის წიგნაკშია ჩაწერილი და საბოლოო, ნაბეჭდი ტექსტისაგან მკვეთრად განსხვავდება. აქ ჯერ ასეთი პროზაული ფრაგმენტი იკითხება:

 „კმარა, მუზავ, კმარა. ჩემს ქნარზე უკვე აღარ არის აკორდები, ჩემს ხმაში უკვე აღარ არის ხმოვანებანი; მე არ შემიძლია ვიმღერო ყრუ, გატლანქებული ხალხისათვის, რომელიც უკვე ვეღარა ჰხედავს სიმშვენიერეს. და არც არაფერი, სრულიად არაფერი ისეთი არ არის ჩემს სამშობლოში, რომელსაც შეეძლოს ააფრთოვანოს და აამღეროს ჩემი გენია: გონებადაკარგულს, გამოფიტულს, ზიზღის ღირს ერს შერჩა მხოლოდ ერთი მისწრაფება: მდაბალი და ამაოთა ამაო მისწრაფება - ოქროსადმი.“

ამ ჩანაწერის ოდნავ ქვემოთ, იმავე გვერდზე, დაახლოებით იმავე შინაარსის ტექსტი უკვე ლექსის ფორმითაა წარმოდგენილი:

„კმარა, მუზავ, კმარა, კმარა! ქნარს დაეტყო ხნოვანება.

არც აკკორდთა რეკავს ზარა, არც ხმაში მაქვს ხმოვანება.

იქ ვიმღერო, ხმა ვერ ბედავს, სადაც ხალხი ყრუა, ტლანქი.

ის შვენებას ვეღარ ხედავს და გონებას უხშობს ბანგი.

ო, სამშობლოვ! აღარ დარჩა არასფერი, არასფერი –

ქნარს ჩააცვას ისევ ფარჩა, აამღეროს აგასფერი!

გამოფიტულს, აზრდაკარგულს ფურთხის ღირს ერს – შერჩა ერთი

მისწრაფება – და გულდაგულ გატაცების ერთი წერტი.

ეს ამაო, ეს მდაბალი გატაცება იქ ბობოქრობს,

სადაც თვალი, ხარბი თვალი მოპრიალეს ხედავს ოქროს.

ფრაზა – „ფურთხის ღირს ერს“ აკაკი წერეთლის სტრიქონს („ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო“) გვახსენებს ლექსიდან „ვედრება“; აკაკის შემოქმედებასთან სიახლოვეზე მეტყველებს გალაკტიონის ამავე ლექსის სხვა ავტოგრაფში (გალაკტიონის ფონდი, #4231) ჩართული სტრიქონები „თორნიკე ერისთავიდან“ („კავკასიის კლდეზე იყო/ ამირანი მიჯაჭვული,/ ყვავ-ყორანი ეხვეოდა,/ დაფლეთილი ჰქონდა გული“) და, რა თქმა უნდა, საბოლოო, ნაბეჭდ ვარიანტში ჩანგის მოუსყიდველობის, პოეტის სიმართლისადმი ერთგულების მოტივი (შდრ.: გალაკტიონი: „ჩანგს სიმართლეს ათქმევინებ, რომ სიმტკიცე ექნეს დიდი“; აკაკი: „მე ჩანგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს“)... მიუხედავად ამგვარი თანხვედრებისა, „ახმაურდეს!“ აკაკი წერეთლის თხზულებებიდან მიღებული შემოქმედებითი იმპულსებით არ შექმნილა. მას სულ სხვა, მეტად მოულოდნელი ლიტერატურული სათავე აქვს.

პოეტის იმ ხელნაწერში (გალაკტიონის ფონდი, #3663), რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ლექსის პროზაულ მონახაზს დასაწყისში, მარცხენა კუთხეში მიწერილი აქვს „კამოენსი“.

ჩნდება კითხვა: რას ნიშნავს დიდი პორტუგალიელი პოეტის, გვიანი რენესანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის - ლუის დე კამოენსის (1524/25-1580) ხსენება, რაიმე შეფარული კავშირი ხომ არ არის ორი ავტორის ტექსტებს შორის? გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა აკადემიური თორმეტტომეულის მეოთხე ტომში, ლექსის კომენტარში ვკითხულობთ: „...შესაძლოა, ვარიანტის ძირითადი აზრი წამოღებული იყოს პორტუგალიელი პოეტის კამოენსის რომელიმე ნაწარმოებიდან. ჯერჯერობით მსგავსი რამ ჩვენ კამოენსთან ვერ მივაკვლიეთ“... [2, გვ. 329].

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გალაკტიონის ავტოგრაფებში მინიშნება-მინაწერები, ჩვეულებრივ, სწორ ორიენტაციას იძლევა, ამიტომ, წინამორბედთა წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, გალაკტიონის ლექსის პირველწყაროს ძიება განვაგრძე. ძიებამ ნაყოფი გამოიღო, რის შედეგადაც გაირკვა, რომ პოეტის დღიურში ჩაწერილი პროზაული ფრაგმენტი და, შესაბამისად, გალექსილი ვარიანტიც თარგმანია ლუის დე კამოენსის ეპიკური პოემის -  „ლუზიადების“ (1572) ერთი მონაკვეთისა.

„ლუზიადები“ (პორტ. „Os Lusiadas“), „ოდისეასა“ და „ენეიდას“ ტიპის ჰეროიკული პოემაა. იგი პორტუგალიის ისტორიულ წარსულს განადიდებს და ვასკო და გამას მოგზაურობას გადმოგვცემს. პოემა, რომელიც ათ სიმღერადაა დაყოფილი, შედგება შესავლის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ეპილოგი (სტროფები: 145-156), რომელიც პორტუგალიის მმართველის - მეფე სებასტიანისადმი მიმართვას წარმოადგენს და რომლის პირველივე სტრიქონები - მუზისადმი მოწოდება - გალაკტიონის დღიურში შესრულებული ჩანაწერის ტექსტს ემთხვევა:

Nô mais, Musa, nô mais, que a Lira tenho

Destemperada e a voz enrouquecida,

E não do canto, mas de ver que venho

Cantar a gente surda e endurecida.

O favor com que mais se acende o engenho

Não no dá a Pátria, não, que está metida

No gosto da cobiça, e na rudeza

Düa austera, apagada e vil tristeza...

 

(იყუჩე, მუზავ! საამური ჩანგის ლარები

საყოველთაო გულგრილობამ დაწყვიტა, მჯერა.

ჩემი ხმა, ერთობ ჭაბუკური ამღელვარებით

აღსავსე ახლა ჩაითვლება ხიხინა ჟღერად.

მე გული მტკივა, რად ვუმღერო ნაღველნარევი

მელოდიებით ყრუ-მუნჯთა ერას?

სამშობლოს ჩვენსას ათასგვარი ჭირი აწუხებს,

მომხვეჭველობის ვერ იშორებს იგი მარწუხებს...)

                                                         (თარგმნა ჯემალ ინჯიამ)

როდესაც გალაკტიონის ლექსი იწერებოდა, „ლუზიადები“ ქართულად არ იყო ნათარგმნი, ამიტომ კამოენსის პოემას პოეტი რუსულ თარგმანში უნდა გასცნობოდა. გასული საუკუნის 30-იანი წლებში „ლუზიადების“ სრული რუსული პოეტური თარგმანი კი არსებობდა (მთარგმნელი: მიხაილ ტრავჩეტოვი), მაგრამ, მიზეზთა გამო, იგი არ დაბეჭდილა, მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი გამოქვეყნდა ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე. კამოენსის თხზულების ცალკეული მონაკვეთები რუსეთში ბევრად ადრეც (XVIII საუკუნიდან) არაერთხელ ითარგმნა, თუმცა მათი მოძიებისა და გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არცერთი არ ემთხვეოდა „ლუზიადების“ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთს.

ამ თითქმის გამოუვალ სიტუაციაში გაჩნდა ვარაუდი, რომ გალაკტიონმა, შესაძლოა, კამოენსის შესახებ დაწერილი რომელიმე ლიტერატურული ნაშრომი წაიკითხა, სადაც ციტირებული იყო „ლუზიადების“ ეპილოგი. ამ ტიპის წყაროს ძიება პოეტის პირადი ბიბლიოთეკის გადასინჯვით დავიწყე. ლიტერატურის მუზეუმში დაცულ გალაკტიონის წიგნად ფონდში ჩემი ყურადღება მიიქცია გერმანელი ლიტერატორის – იოჰანეს შერის „ლიტერატურის საყოველთაო ისტორიამ“ (რუსულ ენაზე). სარჩევის მიხედვით, პორტუგალიურ მწერლობას ამ წიგნში ცალკე თავი ჰქონდა დათმობილი. მართლაც, აქ ამაღელვებლად არის გადმოცემული ლუის დე კამოენსის ბიოგრაფიული და შემოქმედებითი ცხოვრების გზა. ავტორი მოგვითხრობს, თუ როგორ გადაურჩა პოეტი გემის დაღუპვას და როგორ გადაარჩინა „ლუზიადების“ ხელნაწერი. აქვე ვკითხულობთ იმასაც, რომ კამოენსმა თავისი პოემა პორტუგალიის მმართველს მიუძღვნა და, მიუხედავად იმ საყოველთაო აღტაცებისა, რაც თხზულების გამოქვეყნებას მოჰყვა, პოეტისათვის დანიშნული დახმარება იმდენად მცირე გამოდგა, რომ კამოენსს შიმშილით სიკვდილის საფრთხე დაემუქრა. შერი იმ უდიდეს ტკივილზეც საუბრობს, მხცოვანმა პოეტმა რომ განიცადა გარდაცვალებამდე: ქვეყნის დაცემითა და თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული უბედურება კამოენსისათვის პიროვნულ გასაჭირზე არანაკლებ მწვავე აღმოჩნდა.

ამგვარი ფაქტების აქცენტირება, ეჭვი არაა, გალაკტიონის ინტერესსა და თანაგრძნობას გამოიწვევდა. მას, როგორც ჩანს, ყურადღებით წაუკითხავს შერის ნარკვევის ის მონაკვეთიც, სადაც „ლუზიადების“ შინაარსია გადმოცემული და განმარტებული. მეათე სიმღერაზე მსჯელობისას იოჰანეს შერი სწორედ ეპილოგის საწყის, 145-ე სტროფს იმოწმებს პორტუგალიურ ენაზე, იქვე, სქოლიოში კი ამავე სტროფის რუსული პწკარედული თარგმანია. ეს სქოლიო გალაკტიონის მიერ ფანქრითაა შემოხაზული. შევადაროთ რუსული პწკარედი და პოეტის დღიურში ჩაწერილი სტრიქონები:

კამოენსი:

,,Довольно, муза, довольно, на моей лире нет более акордов, в моем голосе нет более звуков; я не могу петь для глухого, загрубевшаго народа, который уже не видит более прекраснаго. Да и ничего уже, ничего нет теперь в отечестве, что могло бы вдохновить мой гений: у безсмсыленнаго, тупого, презреннаго народа осталась только одна страсть, – низкая и суетная страсть к золоту“. [4, გვ. 419, 420] 

გალაკტიონი:

„კმარა, მუზავ, კმარა. ჩემს ქნარზე უკვე აღარ არის აკორდები, ჩემს ხმაში უკვე აღარ არის ხმოვანებანი; მე არ შემიძლია ვიმღერო ყრუ, გატლანქებული ხალხისათვის, რომელიც უკვე ვეღარა ჰხედავს სიმშვენიერეს. და არც არაფერი, სრულიად არაფერი ისეთი არ არის ჩემს სამშობლოში, რომელსაც შეეძლოს ააფრთოვანოს და აამღეროს ჩემი გენია: გონებადაკარგულს, გამოფიტულს, ზიზღის ღირს ერს შერჩა მხოლოდ ერთი მისწრაფება: მდაბალი და ამაოთა ამაო მისწრაფება – ოქროსადმი“

ვფიქრობ, უკომენტაროდაც აშკარაა, რომ გალაკტიონმა კამოენსის სტრიქონები პროზაულად სწორედ ამ რუსული პწკარედული თარგმანიდან გადმოიღო. წყაროს გარკვევის შემდეგ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რით დააინტერესა გალაკტიონი კამოენსის „ლუზიადებმა“, რატომ თარგმნა ეს სტრიქონები? პასუხის გაცემა, ნათარგმნი სტროფის ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით არ გაჭირდება.

კამოენსი იყო პოეტი-პატრიოტი, ვინც თავისი ცხოვრება სამშობლოს კეთილდღეობას შესწირა. „ლუზიადების“ ეპილოგში, მეფისადმი მიმართვისას, იგი წუხს, რომ მისი პოეტური გენიით დახატული გმირული სამყარო უკვე წარსულის ნაწილია, რომ თანამედროვეობა ჰეროიზმისათვის ადგილს აღარ ტოვებს. ხალხს სრულიად სხვა, ეგოისტურ-მომხვეჭველობითი მისწრაფებები აქვს -  ეს ყოველივე დრომ, ბედკრულმა, სულიერებას მოკლებულმა საუკუნემ მოიტანა თან. მთავარი მიზეზი, რის გამოც კამოენსი მუზას დადუმებისკენ მოუწოდებს, ორია: სამშობლოში აღარაფერი დარჩა ისეთი, რაც მის გენიას აღაფრთოვანებს და, ამასთანავე, აღარავინაა, ვისაც მშვენიერებით ტკბობა ან მისი დაფასება შეუძლია. როგორც ჩანს, გალაკტიონმა კამოენსის მიერ დახატულ სამშობლოში თავისი თანამედროვე საქართველო ამოიცნო, ხოლო პორტუგალიელი პოეტის განწყობილებაში სინამდვილისადმი საკუთარი დამოკიდებულება ამოიკითხა.

ასე გაჩნდა უცნაური პარალელი კამოენსის ეპოქასა და გალაკტიონის ხანის საქართველოს შორის.

ლუის დე კამოენსის სტრიქონები, როგორც ითქვა, გალაკტიონი 30-იანი წლების დღიურშია ჩაწერილი. ეს ფაქტი არამარტო საბოლოო რედაქციის დათარიღებისათვის არის საყურადღებო, მთავარი აქ სხვა რამაა - „ლუზიადების“ ტექსტის თარგმნით პოეტმა თავისი ნამდვილი დამოკიდებულება გაამჟღავნა ოკუპირებული  საქართველოსა და სისხლიანი ეპოქის მიმართ. საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ გალაკტიონს წმინდა მთარგმნელობითი ინტერესების თუ მიზნების გამო ტექსტი არასოდეს გადმოუქართულებია. მისი ე.წ. თარგმანები ერთგვარი მასალაა ახალი ლექსის შესაქმნელად - სათარგმნელად  შერჩეული  უცხო  ტექსტი ისე ახლოსაა პოეტის განწყობილებასთან, რომ გალაკტიონი მას თავისი სულიერი მდგომარეობის შესატყვისად მიიჩნევს.

  კამოენსის სიტყვებმა გალაკტიონზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან მხოლოდ რუსული პწკარედი კი არ თარგმნა, იქვე ამავე ტექსტის გალექსილი ვარიანტიც შექმნა, მერე კი ლექსის სწორება-დამუშავება დაიწყო. ტექსტში თუნდაც „აგასფერის“ თემის შემოტანა („აამღეროს აგასფერი“) უკვე იმაზე მეტყველებს, რომ გალაკტიონი იწყებს თარგმანის საკუთარი შემოქმედების კონტექსტში მოთავსებას, მის საფუძველზე ახალი ნაწარმოების შექმნას. ამ ხელნაწერში ტექსტზე მუშაობა პოეტს არ დაუსრულებია: ცხადია, მიხვდა, რომ ამგვარი შინაარსის ლექსის გამოქვეყნება შეუძლებელი იქნებოდა. ვერც კამოენსზე, როგორც კლასიკოსზე, მინიშნება დაეხმარებოდა: 30-იან წლებში პორტუგალიელი პოეტის შემოქმედებას საბჭოეთში მოწყალე თვალით არ უყურებდნენ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ კამოენსი კაპიტალისტური ექსპანსიის აპოლოგეტად იყო გამოცხადებული, მისი „ლუზიადები“ კი - იმპერიალიზმის განმადიდებელ ტექსტად. [5].

გალაკტიონი კამოენსის სტროფს მაინც ვერ შეელია: იგი ჯერ „ინდუსტრიალური პოეზიის“ კონტექსტში მოათავსა, მაგრამ, საბოლოოდ, მისთვის ძვირფასი სტრიქონები ორთქმავლებისა და მანქანებისადმი მიძღვნილი ლექსისათვის ვერ გაიმეტა. (ამ უცნაურ მცდელობას ასახავს ერთ-ერთი ავტოგრაფი - გალაკტიონის ფონდი, #276, რომელიც პწკარედის შესრულების ახლო პერიოდს -  30-იანი წლების დასაწყისს მიეკუთვნება)[1]. ამის შემდეგ იქმნება ნაწარმოების კიდევ ერთი - მესამე ვარიანტი , ყველაზე ახლო მდგომი თხზულებათა მეშვიდე ტომში გამოქვეყნებულ ლექსთან „ახმაურდეს!“. ავტოგრაფში (გალაკტიონის ფონდი, #4231) ტექსტის სათაურია „მეგობარ პოეტს“ და მას პირველწყაროსთან - კამოენსის სტროფთან ბევრი აღარაფერი აკავშირებს: ლირიკული გმირი მუზას დადუმებას კი არ სთხოვს, პირიქით - ჩანგს ახმაურებისკენ მოუწოდებს; მდაბალი გატაცების მსხვერპლი აქ უკვე ხალხი აღარ არის, არამედ - ხელოვანთა ერთი ნაწილი; სტროფი, რომელშიც სამშობლოსადმი გაუცხოებაზე იყო საუბარი, გადახაზულია, სანაცვლოდ კი შემოქმედის უანგარობისა და სიმართლის მსახურების მოტივებია შემოტანილი. შედეგად მივიღეთ ტექსტი, რომელიც, გადაკეთების მიუხედავად, არცთუ უხიფათო იყო.

ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ხელნაწერიც 30-იანი წლების კუთვნილებაა, თუმცა ის შესწორებები, რომლითაც იგი ლექსის ნაბეჭდ ვარიანტს უახლოვდება, ტექსტში  გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე უნდა იყოს შეტანილი.

კამოენსის სტრიქონებისაგან მიღებული შთაბეჭდილებით გალაკტიონმა შთაგონების პირველწყაროსაგან განსხვავებული ტექსტი შექმნა. მეტიც: „ახმაურდეს!“ აღიქმება, როგორც ქართველი პოეტის პასუხი კამოენსის „ლუზიადების“ ეპილოგზე. გალაკტიონი, მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, მიიჩნევს, რომ ჩანგი მაინც უნდა ჟღერდეს, „გრძნობით დუღდეს“ და სწორედ ასე, მთელი ხმით და განსაკუთრებული უნდა ხმოვანებით ითქვას სიმართლე.

საბოლოოდ, ტექსტის შემოქმედებითი გარდაქმნის სურათი ასე წარმოგვიდგება: გალაკტიონის ლექსის პირველი ავტოგრაფი, სადაც კამოენსის ტექსტი თითქმის უცვლელად მეორდება, პოეტის  რეალურ სულიერ მდგომარეობას, ტოტალიტარული ეპოქისადმი მის დამოკიდებულებას გადმოსცემს, ნაწარმოების საბოლოო ვერსია კი აფიქსირებს პოეტის ეთიკურ პოზიციას 50-იანი წლებში, როდესაც გალაკტიონი გამუდმებით ფიქრობს „ისეთ მივიწყებულ საგანზე, როგორიც არის ლიტერატურული სინდისი“...

„ლუზიადების“ სტროფით შთაგონებული „ახმაურდეს!“, ვფიქრობ, გალაკტიონ ტაბიძის სამოქალაქო ლირიკის საეტაპო ნიმუშია. იგი სოციალისტური სინამდვილისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამომხატველი ერთ-ერთი პირველი ლირიკული ნაწარმოებია მეოცე საუკუნის 30-50-იანი წლების ქართულ პოეზიაში. ალბათ, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ გალაკტიონის დღიურში ჩაწერილი კამოენსის სტროფის თარგმანი „ლუზიადების“ ქართულად აჟღერების პირველი ცდაა.

 

* * *

ლუის დე კამოენსის შემოქმედებით გალაკტიონი 30-იან წლებამდეც იყო დაინტერესებული. პორტუგალიელი პოეტი ნახსენებია ლექსში „ინჲესა“, რომელიც გალაკტიონმა 1917 წლით დაათარიღა, თუმცა, პირველი პუბლიკაციის დროს (1927) თუ გავითვალისწინებთ, უფრო 20-იან წლებში უნდა იყოს შექმნილი.

„ინჲესა ისე შუქს არავის ჰფენს,

ვით ახალ კუბელსს და ძველ კამოენსს,

მათ არაერთხელ აღმოხდათ კვნესა,

                                 ინჲესა, ინჲესა.

ეხლა მარტოდენ მკრთალი ჩრდილია,

იგი ვედრება და კასტილია;

ოდეს იმ მზიურ ვედრებად ჩანდა

                                 კარად ინფანტა.

დრონი იცვალნენ, გული კი დღესაც

იმ სიმღერასთან გადაზრდილია,

                                  ინჲესა, ინჲესა“. [1, გვ.17]

ავტოგრაფში ლექსს სათაურად აქვს „ინჲესა დი კასტრო“, ხოლო ქვესათაურად – „ლეგენდა“. აშკარაა, რომ ლექსის ადრესატია ისტორიული პიროვნება, პორტუგალიის მეფის – დონ პედრუს მეუღლე ინეს დე კასტრო.

კასტილიელი დიდგვაროვანის – ინეს დე კასტროსა და პორტუგალიელი უფლისწულის დონ პედრუს სიყვარულის ამბავმა, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი ხელოვანი შთააგონა. მათ შორის უნდა ვიგულვოთ „ინჲესას“ ქართველი ავტორიც.

ევროპაში გავრცელებულ, ლეგენდადქცეულ ამბავს გალაკტიონი, დიდი ალბათობით, უნდა გასცნობოდა რუსი მწერლისა და მთარგმნელის – ტატიანა შჩეპკინა-კუპერნიკის წიგნში „თქმულებები სიყვარულზე“ ("Сказания о любви“. М., 1910), სადაც ეს ტრაგიკული ისტორია ნოველის სახით არის წარმოდგენილი.

კასტილიელ დიდგვაროვანთა შთამომავალი – ინეს დე კასტრო საიდუმლოდ იყო დაქორწინებული პორტუგალიის სამეფოს უფლისწულზე – დონ პედრუზე, ვისაც კანონიერი, უკვე გარდაცვლილი ცოლისაგან ჰყავდა ვაჟი – ტახტის ოფიციალური მემკვიდრე. სამეფო საბჭო და მეფე აფონსუ IV შიშობდნენ, რომ პედრუსა და ინეს დე კასტროს საერთო ოთხი შვილიდან რომელიმე ერთ დღეს ქვეყნის მართვას მოინდომებდა და კანონიერ მემკვიდრეს ტახტში შეეცილებოდა. ამ და სხვა მიზეზების გამო მრჩეველთა საბჭომ ინეს დე კასტრო სიკვდილით დასაჯა. საყვარელი ქალის აღსასრულმა უფლისწული სრულიად შეცვალა, იგი მამის – მეფის მოწინააღმდეგედ იქცა და ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. აფონსუ მალევე გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა უფლისწული პედრუ. მან გამოაცხადა, რომ მალე ხალხს თავის ახალ მეუღლეს, პორტუგალიის ახალ დედოფალს წარუდგენდა. ლეგენდის თანახმად, პედრუ პირველის ბრძანებით, ინეს დე კასტროს სხეული საფლავიდან ამოიღეს, სადედოფლოდ მორთეს, გვირგვინით შეამკეს და ტახტზე დასვეს; მეფის სურვილის შესაბამისად, დიდებულებმა „ახალი დედოფლისადმი“ პატივისცემა ხელზე კოცნით გამოხატეს. ასე შეასრულა პედრუ პირველმა საყვარელი ქალისადმი მიცემული დაპირება - ინეს დე კასტრო პორტუგალიის კანონიერ დედოფლად აქცია.

დავუბრუნდეთ გალაკტიონის ლექსს. ნაწარმოების დასაწყისში პოეტი ასახელებს ორ ხელოვანს - „ახალ კუბელსს“ და „ძველ კამოენსს“ და პორტუგალიის დედოფლისადმი მათ თანალმობაზე, განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. ეს მინიშნება კიდევ უფრო დაკონკრეტებულია ლექსის ავტოგრაფში:

„ინჲესა ირგვლივ ლეგენდებსა ფენს,

არაერთს აღრჩობს სიბრაზის კვნესა...

იგი უყვარდათ კუბელსს, კამოენსს...

ინჲესა – ისმის ყველგან – ინჲესა.

მარად ოცნებას, ამღერებას და ლეგენდებს ფენს,

ქალი, რომელიც აწვალებდა კუბელსს, კამოენსს“...

აკადემიური თორმეტტომეულის მეორე ტომში „ინჲესას“ ამგვარი კომენტარი ახლავს: „კუბელსი – პორტუგალიელი პოეტი“; „კამოენსი ლუისი (1524-1580) - დიდი პორტუგალიელი პოეტი“ [1, გვ. 307]. კომენტარში მხოლოდ ლექსში ნახენებ პირთა ვინაობაა მითითებული, ისე რომ არაფერია ნათქვამი, რა აკავშირებთ კუბელსსა და კამოენსს ინეს დე კასტროსთან. არადა, ავტოგრაფსა და ნაბეჭდ ტექსტში ხომ დედოფალთან მათ განსხვავებულ, გამორჩეულ დამოკიდებულებაზეა მინიშნება?!

დავიწყოთ კუბელსით, რომელიც კომენტარში სახელის გარეშეა წარმოდგენილი, აქ მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ კუბელსი პორტუგალიელი პოეტია. სინამდვილეში, როგორც ძიებისას გაირკვა, გალაკტიონის ლექსში დასახელებული პიროვნება არის არა პორტუგალიელი პოეტი, არამედ - ეს უნდა იყოს ესპანელი მხატვარი – სალვადორ მარტინეს კუბელსი (1845-1914), ვინც ინეს დე კასტროსთან დაკავშირებული ლეგენდის სულისშემძვრელი ეპიზოდი სახელგანთქმულ ტილოზე გააცოცხლა: ესაა სცენა, რომელზეც მეფე პედრუ პირველის გვერდით ტახტზე სადედოფლოდ მორთული გარდაცვლილი ქალის სხეულია გამოსახული, დიდებულები კი მოთმინებით ელიან ახალი დედოფლის ვინაობის გაგებას.

„ძველი კამოენსი“ კომენტარში სწორად არის განმარტებული, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაფერია ნათქვამი, რატომ ჰფენდა შუქს ინეს დე კასტრო დიდ პორტუგალიელ პოეტს.

„ლუზიადების“ მესამე სიმღერაში (118-137 სტროფები), რომელიც პოემის ყველაზე ცნობილი, ლირიკული ეპიზოდია, კამოენსი თანაგრძნობით გადმოგვცემს ინეს დე კასტროს და პედრუს განუმეორებელი, ამაღელვებელი სიყვარულის ამბავს. სხვათა შორის, იოჰანეს შერი თავის „ლიტერატურის საყოველთაო ისტორიაში“ საგანგებოდ საუბრობს პოემის ამ პასაჟზე, ხოლო ტატიანა შჩეპკინა-კუპერნიკის ნოველას – „ინესა დი კასტრო“ – ეპიგრაფად უძღვის სტრიქონი „ლუზიადებიდან“: „Ты, которая, после своей смерти стала королевой“ („შენ, რომელიც სიკვდილის შემდეგ დედოფალი გახდი“).

გალაკტიონის ინტერესი სიყვარულისა და ერთგულების ამ განუმეორებელი ისტორიისადმი, შესაძლოა, მხოლოდ თემა არ იყოს ლექსისათვის, ნაწარმოების წერისას, იქნებ, პოეტს კონკრეტული პიროვნული იმპულსებიც ჰქონდა, თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა...

დასასრულს უნდა ითქვას, რომ გალაკტიონ ტაბიძის „ინჲესა“ უთუოდ დაამშვენებდა მსოფლიო „ინესიანას“ – ინეს დე კასტროს თემაზე შექმნილი ნაწარმოებების ვრცელ, მრავალფეროვან ბიბლიოგრაფიას.

 

დამოწმებული ლიტერატურა:

  1. ტაბიძე გალაკტიონ. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი 2, 1966
  2. ტაბიძე გალაკტიონ. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი 4, 1966
  3. ტაბიძე გალაკტიონ. თხზულებანი რვა ტომად. ტომი VII, 1950
  4. Шерр, И. Всеобщая история литературы, Т. 1-2., Санкт-Петербург, 1879-1880.
  5. ინტერნეტი: http://expositions.nlr.ru/ex_manus/kamoens/translate.php


[1] ეს ვარიანტი გამოქვეყნებულია  „სალიტერატურო გაზეთში“ ( 1931, #2).

 

კოლხეთის უძველესი ოქრო – კულტურული წინაპირობა და

საერთაშორისო კონტექსტი

 

პირველად ადამიანი ოქროს პალეოლითის ხანაში გაეცნო – ესპანეთში არსებულ ძვ. წ. 40 000 წლით დათარიღებულ გამოქვაბულში აღმოჩენილია ადამიანის მიერ შეგროვებული ოქროს პატარა კენჭები – მაგრამ კაცობრიობას კიდევ ათიათასობით წელი დასჭირდა, რომ ამ ლითონის უნიკალური ბუნება ამოეცნო.

ოქროთი დამზადებულ უძველეს ნივთებს, დღევანდელი მონაცემებით, ვხვდებით ბულგარეთში, ვარნაში აღმოჩენილ ძვ. წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ კარანავოს კულტურაში.

ძვ. წ. V ათასწლეულის ბოლოდან, ოქრო გამოჩენას იწყებს ეგვიპტესა და მესოპოტამიაში, სადაც, მათი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების ამოცნობას მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულის დასაწყისიდან ახერხებენ. სწორედ ამ ორ მნიშვნელოვან რეგიონში ეყრება საფუძველი ოქრომჭედლობის დამუშავების იმ რთულ ტექნოლოგიურ ხერხებს, რომელიც დღესაც კი განაგრძობს ადამიანთა განცვიფრებას.

ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან და ძვ. წ. III ათასწლეულში ოქრომჭედლობის ნიმუშებმა გამოჩენა დაიწყო ბალკანეთის, ირანის, ლევანტის, საბერძნეთის, ანატოლიის, სამხრეთ კავკასიის და სხვა რეგიონებში, რომელთა უმეტესობა ისეთ არეალს წარმოადგენდა, სადაც ოქროს ადგილობრივი რესურსი ხელმისაწვდომი იყო.

საკითხი, სხვადასხვა კულტურაში საიუველირო ხელოსნობის ჩამოყალიბება ერთმანეთის დამოუკიდებლად მიმდინარეობდა თუ ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარების და გადაცემის შედეგად, ჯერ-ჯერობით მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის და კვლავ არაერთ კომპლექსურ კვლევას საჭიროებს. სავარაუდოა, რომ ოქროს ნედლეულით მდიდარ რეგიონებში, ოქრო სპილენძისა და სხვა ლითონების ძიებისას ყოფილიყო მიკვლეული (რადგან ქანური ოქროს მოპოვებისთვის იგივე პროცედურებია საჭირო, რაც სპილენძის, ვერცხლის ან ტყვიის შემთხვევაში).

დღეისათვის არსებული არქოლოგიური მონაცემები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით გამყარებული ინტერდისციპლინარული კვლევები ნაწილობრივ გვაძლევს საშუალებას ლითონისა თუ სხვა ეგზოტიკური ან საყოფაცხოვებო ნივთების, ან მასალის ძიებაში აღმოცენებული ინტერკულტურული ურთიერთობების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ – ამ მხრივ, მნიშვნელოვანია უძველესი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშების უახლესი მიდგომებით კვლევა, რაც, დღევანდელი მონაცემებით, მომავალი კვლევის საგანია და ვიმედოვნებთ, იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი იქნება. წინამდებარე ნაშრომში მოკლედ შევეცდებით წარმოვაჩინოთ ის კულტურული ფონი, რომლის წიაღშიც ჩამოყალიბდა ძველი კოლხური ოქრომჭედლობა და განვიხილოთ მისი სტატუსი გარე სამყაროში  განვითარებული საოქრომჭედლო ცენტრების ფონზე.

უძველესი პერიოდიდანვე მეტალის ძიება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაც ადამიანების მუდმივ მიგრაციას განაპირობებდა. მაგალითად, მესოპოტამიას, რომელიც საიუველირო საქმის ერთ-ერთ უძველეს კერად ითვლება და მიეწერება არაერთი რთული ტექნოლოგიური პროცესების გამოგონება, სჭირდებოდა მეტალის იმპორტი [12, გვ. 17-18]. ამის გამო მან ადრევე დაამყარა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ რეგიონებთან. ინტერდისციპლინარული კვლევებით დადასტურებულია, რომ ძვ. წ. IV ათასწლეულში ოქრო ეგვიპტიდან იმპორტის სახით შედიოდა მესოპოტამიაში [17, გვ. 27]. მოგვიანებით, მეტალის იმპორტის მიზნით, მესოპოტამია აქტიურ კავშირს ამყარებს ანატოლიასთან, სადაც ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში უკვე სავაჭრო კოლონიებსაც აარსებს (მაგ. ქანესი, ბოღასქოი). ამ პერიოდიდან უკვე კილიკია ხდება შუმერში ოქროს ძირითადი შემომტანი [12, გვ. 18]. მესოპოტამიაში ოქროს კიდევ ერთი წყარო, შუმერულ ჩანაწერებზე დაყრდნობით, იდენტიფიცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში (სპარსეთის ყურესთან, და შესაძლოა პაკისტანშიც) [11, გვ. 5].

ეგვიპტეს, როგორც ოქროს წყაროს, მოგვიანო პერიოდშიც არ დაუკარგავს აქტუალობა. ამარნას წერილებიდან ირკვევა, რომ ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეში იგი კვლავ ამარაგებდა ბაბილონის, ასურეთის და მითანის რეგიონებს ოქროთი [12, Ixiv).

ანატოლია თავისი ბუნებრივი რესურსებისა და ტერიტორიის გამო ოდითგანვე იყო რეგიონი, სადაც არაერთი კულტურის თანხვედრა და გადანაწილება ხდებოდა. ადრელითონების ხანაში, აღმოსავლურ კავშირებთან ერთად, აქ იგრძნობა ეროპული კულტურიდან შემოსული იმპულსებიც. მაგ., ანატოლიის ადრეულ ოქრომჭედლობაში გარკვეულწილად ასახულია ევროპული სამკაულისთვის დამახასიათებელი ტენდენციები: მასიური, პრიალა ზედაპირი და ხაზგასმული სისადავის მკაცრი ფორმები [14, გვ. 18]. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ უძველესი ელადური და კიკლადური ბრინჯაოს განვითარებული კულტურა, სწორედ ანატოლიის რეგიონიდან მიგრირებული ხალხს ჩააქვს საბერძნეთში. [9, გვ. 49]. ენათმეცნიერული კვლევები და ახლად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები კი მიუთითებენ, რომ ამ მიგრაციებში, შესაძლოა სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაც იყო ჩართული. სამხრეთ კავკასიასა და ეგეოსურ სამყაროს შორის ახლო ურთიერთობა, არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობინთ, ჯერ კიდევ ადრებრინჯაოს ხანაში, მტკვარ-არაქსის კულტურიდან შეინიშნება [16, გვ. 11-14].

გამომდინარე იქიდან, რომ ამიერკავკასია, ისევე როგორც ანატოლია, იყო ლითონდამუშავების უძველესი ცენტრი, იგი მუდმივად ექცეოდა უცხოელი მიგრანტების ყურადღების ქვეშ ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III ათასწლეულებიდან მოყოლებული. ის საზოგადოებრივი და კულტურული ცვლილებები, რაც ამ პერიოდში აღნიშნულ რეგიონს ახასიათებს, მკვლევართა მიერ, უცხო ეთნოსის შემოსვლით არის ახსნილი [4, გვ. 121-134; 14, გვ. 7]. კავკასიის აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოვლენილი მატერიალური კულტურის ძეგლები ნათლად მოწმობს ამ ურთიერთობებს ანატოლიის, მესოპოტამიისა და სირია-პალესტინის უძველეს ცივილიზაციებთან მიმართებაში [15, გვ. 11-49]. ამ პერიოდში ცენტრალურ ანატოლიასთან გარკვეული სახის ურთიერთობები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის რეგიონიდანაც (მაიკოპის კულტურა) დასტურდება.

საინტერესოა ამ ფართომასშტაბიანი ურთიერთობების, დიდი კულტურული ინოვაციების და გარდატეხების პერიოდში, აღმოსავლეთ შავისღვისპირეთში, კოლხეთში არსებული სიტუაცია. მკვლევარი გ. ფხაკაძე ამ პერიოდის დასავლეთ ამიერკავკასიის კულტურულ ვითარებას ასე ახასიათებს: ამ ორ მძლავრ კულტურულ კერას შორის მოთავსებული დასავლეთი საქართველოს ტერიტორია, რა თქმა უნდა, განიცდის ორივე მათგანის გავლენას, მაგრამ ძირითადად აქ ვითარდება მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომების კულტურა, რომელსაც ბევრი აქვს საერთო წინამორბედ კულტურებთან. ადრებრინჯაოს ხანის კოლხეთში ამ დროს სამი არეალი გამოიყოფა: 1) მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი რეგიონი (იმერეთის გორა-ნამოსახლარები: დაბლაგომი, არგვეთი, საჩხერის ყორღანები. 2) მაიკოპისა და ნოვოსვობოდნაიას ძეგლებთან ახლო კავშირის მქონე რეგიონი (იმერეთისა და აფხაზეთის გამოქვაბულები) და 3) კოლხეთის დაბლობი და აფხაზეთის ზღვისპირა ზოლი, რომელიც ხასიათდება ნეოლითური კერამიკული ტრადიციების გაგრძელებითა და განვითარებით და ელემენტებით, რაც შემდგომშიც გვიანბრინჯაოს ხანის კოლხურ კულტურას ახასიათებს[3, გვ. 22].

როგორც ჩანს, ადრე და შუა ბრინჯაოს ხანაში, აქ, ძველ ტრადიციებზე დაფუძნებული, თავისი მყარი იდენტობით გამორჩეული ადგილობრივი მოსახლეობა მყარად განაგრძობს არსებობას და მეტალურგიის თანდათანობითი დაწინაურებით, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების განვითარებით საფუძველს ამზადებს კოლხეთის ბრინჯაოს კულტურის ჩამოყალიბებისთვის. აღნიშნულ პერიოდებთან დაკავშირებით, სამეცნიერო საზოგადოებაში დამკვიდრებულია ტერმინი „პროტოკოლხური“ [6].

საინტერესოა, მაშინ როცა თრიალეთის ყორღანულ კულტურაში მაღალტექნოლოგიური და მაღალმხატვრული ღირებულების ოქრომჭედლობის ნიმუშებს ვხვდებით, დასავლეთ საქართველოში, ბრინჯაოს მეტალურგიის სწრაფი ათვისების პარალელურად, რატომ არ ჩანს ოქროს მოპოვების და წარმოების ტრადიციები. ამ საკითხთან მიმართებაში მკვლევარმა, ოთ. ჯაფარიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ შუაბრინჯაოს ხანაში, თრიალეთური ოქრომჭედლობის მკვეთრი აღმავლობა ამ პერიოდში არსებული ეთნო-კულტურული ურთიერთობების შედეგი იყო [4, გვ. 73], შესაბამისად, კოლხეთში არსებული სიტუაცია – მკვიდრი კულტურის განგრძობთობა და ამგვარი ურთიერთობების არარსებობა, აქ თრიალეთის კულტურაში უეცრად დანერგილი ნოვაციების არარსებობას განაპირობებდა. მეორე და საკმაოდ დასაშვები მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ პერიოდით დათარიღებული სამარხები დასავლეთ საქართველოში ერთეულების სახით არის გამოვლენილი, ლითონისა და სხვა მატერიალული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი კი სწორედ სამარხებიდან მომდინარეობს. მესამე და საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ეპოქის კოლხები თავიანთი სულიერი და სოციალური იდეოლოგიის გამოხატვას იმდენად კარგად ახერხებდნენ ბრინჯაოს ნაწარმში, რომ მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის ოქრო, რომელიც გაცილებით იშვიათი და ძნელად მოპოვებადია ბუნებაში. კოლხური კუტურის განვითარებულ ეპოქაში, ბრინჯაოს მხატვრული დამუშავება იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ისინი საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ლიგატურით საკმაოდ კარგად ახერხებენ გადმოსცენ ისეთი რთული ტექნოლოგიური ხერხები, რომლებიც ძირითადად, მხოლოდ ძვირფასი ლითონის ნაწარმში გვხვდება, ესენია: ჭვირულობა, ფილიგრანისა და ცვარას იმიტაცია, ბრინჯაოსგან თხელი ფურცლის გამოჭედვა და მათი სხვადასხვაგვარი მანიპულაციით გაფორმება და, რაც მთავარია, ინკრუსტაცია. ეს ყველაზე ნათელი ახსნაა იმის (თუ არსებული სურათი არ შეიცვლება და უფრო ადრეული ოქროს ნივთები მომავალი კვლევების საფუძველზე არ იქნება გამოვლენილი) თუ რატომ ჩნდება უეცრად ასეთი მაღალმხატვრული ღირებულების ძვირფასი ლითონის ნაწარმი – მხატვრულ ხელოსნობაში კარგად განსწავლული ხელოსნები, სწრაფად ახერხებენ  ოქრომჭედლობის ყველა იმ  ტექნოლოგიური ხერხის დაუფლებას რომელიც მაღალმხატვრული და მაღალტექნოლოგიური ღირებულების ნაწარმის შესაქმნელადაა საჭირო. ისინი, იმ დროისათვის წამყვანი კულტურულ ცენტრებში დამკვიდრებული ტენდენციების საფუძველზე ქმნიან ადგილობრივი იდეოლოგით და ტრადიციებით გამსჭვალულ ნიმუშებს, რომლებშიც ნათლად იკითხება გენეტიკური კავშირები წინა და მომდევნო ეპოქებთან.

არქეოლოგიური მონაცემებით ირკვევა, რომ პროტოკოლხური კულტურა სრულიად  კარჩაკეტილიც არ ყოფილა და, ძვ. წ. XVIII-XII საუკუნეებში მას გარკვეული (პირდაპირი თუ არაპირდაპირი) კავშირებიც ქონდა დამყარებული ეგეოსის, დუნაისა და ჩრდილო იტალიის (ტერამარები) კულტურებთან [1, გვ. 49-54]. ამ მხრივ სავარაუდოა, რომ გვიანბრინჯაოს ხანაში არსებული ევროპული იმპულსები (გარკვეული სახის ინვენტარი) სწორედ ამ ურთიერთობის შედეგი იყოს.

ამ დროს, როგორც ჩანს, კოლხეთს არ აქვს კავშირი ანატოლიის, ასურეთის და მესოპოტამიის რეგიონთან, თორემ ეს ძვირფასი ლითონის წარმოებაში აუცილებლად იქნებოდა ასახული. გამომდინარე იქიდან, რომ ანატოლიამ უკვე იცოდა ალუვიური ოქროს მოპოვების ხერხები, კოლხეთთან ურთიერთობის შემთხვევაში ეს ტრადიცია მცირე დოზით მაინც  ასახული იქნებოდა ამ ძეგლებზე.

საინტერესოა ფაქტი, რომ კოლხეთში ოქროს ნივთების პირველი გამოჩენა და მისი კულტურული ზენიტი ქრონოლოგიურად ემთხვევა მის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების პერიოდს.

„თუ როგორ იყო სახელგანთქმული ძველად ეს ქვეყანა, ამას ცხადყოფენ მითები, რომლებიც მოგვითხრობენ იასონის ლაშქრობაზე და ამაზე უწინ კი ფრიქსეს ლაშქრობაზე“ [XI, 2, 18] - ახალი წელთაღიცხვის დამდეგს დაწერილი სტრაბონის ეს ფრაზა, ორიათასი წლის შემდეგ არქეოლოგიურადაც იქნა დოკუმენტირებული გვიანბრინჯაო-ადრერკინის კოლხური კულტურის გამოვლენისა და შესწავლის სახით. დღეს უკვე, საეჭვო აღარაა, რომ კოლხეთის „სახელგანთქმულობის“  მიზეზი აქ არსებული მდიდარი ბუნებრივი რესურსი და მასზე დაფუძვნებულ მაღალგანვთარებული ეკონომიკა იყო.

ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულიდან, კოლხეთის ვრცელ ტერიტორიაზე დამკვიდრებული მეგრულ-ჭანური მოსახლეობა (ამ დროს ხდება ქართულ-კოლხური ენობრივი ერთობდან მეგრულ-ჭანური ენის ცალკე გამოყოფა [2, გვ. 72]), მდიდარი მეტალურგიული რესურსის მაქსიმალური ექსპლუატაციით გამოწვეული დაწინაურებული ეკონომიკის წყალობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი ხდება საერთაშორისო ასპარეზზე და აქტიურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც ამყარებს გარე სამყაროსთან.  მის განსაკუთრებლ მნიშვნელობას ყველაზე კარგად ასახავს ფაქტი, რომ ოდნავ მოგვიანებით, იგი ხდება ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტის ნაწილი.

კოლხეთისთვის ბერძნულ მითოლოგიაში დამკვიდრებული ტერმინი „ოქრომრავალი“, წლების განმავლობაში მხოლოდ კლასიკური ხანის მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალე ოქრომჭედლობის ნიმუშებით იყო დოკუმენტიტებული, ეს კი, რამდენიმე საუკუნით მაინც იყო დაშორებული პერიოდს, როცა ბერძნებმა კოლხეთს ოქრომრავალი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.

დღევანდელი მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის უძველესი ოქროს ნივთების სახით უკვე საკმარისი მონაცემი დაგროვდა იმისთვის, რომ ბერძნულ მითლოგიაში ასახული ადრეული (ანტიკურ ხანამდე) პერიოდის „ოქრომრავალი კოლხეთის“ არსებობა ფაქტებითაც დავასაბუთოთ.

იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ კოლხური ოქრომჭედლობის განვითარების დონე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის საერთაშორისო კულტურული კონტექსტი, რომლის წიაღშიც მოხდა საოქრომჭედლო ტრადიციების ფორმირება კოლხეთში.

გვიანბრინჯაოს ხანაში მსოფლიოში ოქრომჭედლობის ორი განსხვავებული ცენტრი არსებობდა – ევროპული და აღმოსავლური, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ აზიაში გავარცელებული ორიენტალისტური სტილის სახელით არის ცნობილი [18, გვ. 14]. ორიენტალისტური სტილისთვის დამახასიათებელი იყო ოქროს ფურცლის სხვადასხვაგვარი მანიპულაციით გამოყენება და მათი შემკობა რთული დეკორაციული ხერხებით, ხოლო ევროპული სტილის ოქრომჭედლობისთვის, მასიური სახის სადა და გრავირებული სახეებით გაფორმებული ნივთები.

გვიანბრინჯაოს ხანაში, ინტენსიური საერთაშორისო ურთიერთობებისა და შორეული სახმელეთო და საზღვაო მოგზაურობების შედეგად (ეს შესაძლოა ყოფილიყო მშვიდობიანი ან დაბყრობთი/აგრესიულუი ურთიერთობები), ხმელთაშუაზღვის აუზში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვრცელდება ერთგვაროვანი სტილის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მეცნიერების მიერ ე. წ. „ინტერნაციონალური სტილის“ ნაწარმად არის მიჩნეული [8]. ინტერნაციონალური სტილის ნაწარმში, სხვადასხვა სახის ფუფუნების საგნებთან ერთად, ოქრომჭედლობის ნიმუშებიც ერთიანდება. მაგალითად, თუ გადავხედავთ ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული, მინოსური, მიკენური ოქრომჭედლობის ნიმუშებს, დავინახავთ, რომ იგი ბევრ სიახლოვეს ამჟღავნებს ანატოლიის, სირიის და ეგვიპტის მასალებთან.

ძვ. წ. XIV საუკუნის დასასრულიდან სიტუაცია რადიკალურად იცვლება დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებში. ამ დროს დასავლეთით მიმდინარეობს მძლავრი ეკონომიკური კატასტროფები, რისი გამომწვევი მიზეზიც, პოლიტიკურ ძვრებთან ერთად, ბუნებრივი/ეპიდემიოლოგიური კატასტროფებიც უნდა ყოფილიყო - წერილობით წყაროებში აღწერილია ძვ. წ. XIV საუკუნეში არსებული ხალხთა მასობრივი სიკვდილიანობა, რომელიც სამხრეთ სირიის ტერიტორიაზე აღმოცენებულმა ეპიდემიამ/ჭირმა განაპირობა. დაავადება მალე აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით გავრცელდა და სერიოზული ზიანი მიაყენა ეგვიპტესაც [14, გვ. 45]. ამას დაემატა ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონებში  ე. წ. „ზღვის ხალხის“ (პირატების) ხშირი  თავდასხმები, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციებში – ეგეოსის, ანატოლიის სირიისა და პალესტინის ვრცელ ტერიტორიებზე – დიდი ნგრევისა და რღვევის კვალით არის ასახული.  ამრიგად, ძვ. წ. XIV საუკუნის დასასრულიდან ზემოაღნიშნული მოვლენები ხდება საწინდარი მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის აღმოცენებისა რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ე. წ. „ბნელი საუკუნეების“ სახელით არის ცნობილი [7, გვ. 125-127].

„ბნელი საუკუნეები“ ბერძნულ ცივილიზაციაში მიკენური სამყაროს კოლაფსით [9, გვ. 90] ხოლო ეგვიპტეში თავისებური კრიზისული პერიოდით  აღინიშნა, რომელიც გამოვლინდა მათი ქრონოლოგიის 350 წლიანი მონაკვეთის ბუნდოვანებაში (აღარ აწარმოებენ ჩანაწერებს). ერთადერთი რეგიონი, რომელიც ამ პერიოდში აგრძელებს ჩანაწერების წარმოებას, ასურეთია [7, გვ. 129].

ამ პერიოდისთვის სახასიათო დიდი პოლიტიკური მიგრაციების და კულტურული ცვლილებების ფონზე (განსაკუთრებით ეს იგრძნობა ნამოსახლარებისა და სამარხების გამართვის წესში), რაც, გარკვეულწილად, გვიანბრინჯაოდან ადრერკინის ხანაზე გარდამავალი პერიოდითაც შეიძლება იყოს ახსნილი, ერთ-ერთი გამორჩეულად სახასიათო ნიშანია, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამკაულის სიმცირე. ეს ტენდენცია ორიენტალისტური სამყაროს კულტურულ ცენტრებთან ერთად, სამხრეთ კავკასიაშიც შეიმჩნევა – თრიალეთის კულტურის დაცემის შემდეგ, პირველი ათასწლეულის დასაწყისამდე, ოქროს ნივთები ფაქტობრივად აღარ მოიპოვება ამ რეგიონში (თუ არ ჩავთვლით ერთეულების სახით მცირე ნივთებს).

რ. ჰიგინსს, ბნელ საუკუნეებში სამკაულის იშვიათად აღმოჩენა ასე აქვს ახსნილი: „როცა მიკენი საბოლოოდ დაეცა ძვ. წ. 1100 წელს, ერთსაუკუნოვანი არეულობის შემდეგ იყო გარკვეული დროის მონაკვეთი, როცა ფუფუნებისთვის ზოგავდნენ ძვირფასეულობას და საიველირო საქმეც გაიშვიათებული იყო“ [9, გვ. 88-89].

რ. ლაფინერი ბერძნული ოქრომჭედლობის სტილისტურ და ტექნოლოგიურ მახასიათებლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბნელი საუკუნეების ბერძნულ ორიენტალისტური სტილის სამკაულში  მიკენური ტრადიციების აშკარა განგრძობითობა იკითხება: მაგ., ფურცვლოვანი ოქრო, გავარსი და ინკრუსტაცია [10, გვ. 9-14]. გრანულაციის ხელახალი შემოღება რომელიც თითქმის ორი საუკუნის მანძილზე გამქრალი იყო ბერძნულ სამყაროში, არის პირველი ნიშანი, რასაც მკვლევარები ორიენტალისტური სტილის პირველ გამოჩენას უკავშირებენ [13, გვ. 15], თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადრერკინის ხანის საწყის ეტაპზე, ორიენტალისტური სტილის ნაწარმის გვერდით, ვხვდებით განსხვავებული ტიპის სამკაულსაც, რომელსაც ეგეოსის ბრინჯაოს ხანის ინდუსტრიას წააგავს (ფიბულები, გრავირებით გაფორმებული).

თუ გადავხედავთ სხვადასხვა ქვეყნის მონაცებემს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორიენტალისტური სტილის ოქრომჭედლობა, ძვ. წ. VIII საუკუნისთვის, აღმოსავლეთის ცივილიზაციებიდან ვრცელდება საბერძნეთში, ანატოლიაში, ირანსა და ამიერკავკასიაში, ხოლო ბალკანეთისა და ჩრდილო იტალიის ძეგლებზე ოდნავ მოგვიანებით, ძვ. წ. VII საუკუნეში შედის (სავარაუდოდ, ბერძნული სამყაროს გავლენით). მკვლევარები ორიენტალისტური სტილის ადრეულ გავრცელებას ეგვიპტეს არ მიაწერენ, რადგან მესამე შუა პერიოდის სამეფოში (ძვ. წ. 1070-945 წწ.) აქ გრანულაციის გამოყენება არცერთ ნიმუშზე დასტურდება [13, გვ. 16]. რაც შეეხება კოლხეთს, დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდის კოლხური ოქრომჭედლობა,  სწორედ ახლო აღმოსავლეთის და დასავლეთ აზიის ორიენტალისტური სტილის ტრადიციების გალენას განიცდის (გრანულაციის, ფურცვლოვანი ოქროს და ფილიგრანის გამოყენება) და ინდივიდუალური ნიშნებით (ნივთების ცალკეული ფორმები – სემანტიკა), ადგილობრივი სტილის საოქრომჭედლო ცენტრს წარმოადგენს.

ისევე როგორც მის თანადროულ კულტურულ ცენტრებში, წინარეანტიკური ხანის კოლხეთში ოქროს არ უნდა ქონოდა მხოლოდ რელიგიური დატვირთვა და იგი სოციალური სტატუსის გამომხატველი, ყოველდღიური ხმარების საგანი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური მონაცემებიდან ჩანს, რომ დაწინაურებული ფენა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო კონტაქტებში, რაზეც ნათლად მეტყველებს ამ პერიოდის კოლხურ ძეგლებზე ოქრომჭედლობის ნიუშებთან აღმოჩენილი ე. წ. „ეგზორიკური“ ნივთები - მინის, ფაიანსის, ქარვის მძვები, ამულეტები,  საბეჭდავები, სკარაბეები და სხვ.

ამრიგად წინარეანტიკური ხანის კოლხეთის ძეგლებზე აღმოჩენილ ოქროს ნივთებს  აკისრიათ განსაკუთრებული როლი, რომ ბერძნულ მითებში ასახული ლეგენდარული „ოქრომრავალი“ კოლხეთის ნამდვილობა დაასაბუთონ და წარმოაჩინონ ეს რეგიონი წამყვან კულტურულ ცენტრებში არსებული ტრადიციების და განვითარების დონის თანასწორად.

 

 

ბიბლიოგრაფია

  1. აფაქიძე, ჯ., კოლხური კულტურის საგარეო კავშირები ნამოსახლარების კერამიკული მასალის მიხედვით, ძიებანი N12  2003
  2. მიქელაძე, თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ - აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან. თბილისი, 1974
  3. ფხაკაძე, გ., დასავლეთ საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის კულტურისა და მაიკოპის კულტურის ურთიერთობის საკითხები, საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, III, თბილისი, 1985
  4. ჯაფარიძე,  ოთ., ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან,  თბილისი, 2006
  5. ჯაფარიძე, ოთ., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბილისი, 1969
  6. Микеладзе, Т., К археологии Колхиды (эпоха средней и поздней бронзы-раннего железа). Тб., 1990
  7. Collon, D., Ancient Near Eastern art (London, The British Museum Press, 1995
  8. Feldman, M., Luxurious Forms: Redefining a Mediterranean “International Style” 1400-1200 B.C.E., The Art Bulletin, Vol. 84, No. 1, 2002 
  9. Higgins, R. A., Greek and Roman Jewellery, London, 1960
  10. 10.   Laffineur, R., Bronze Age Traditions in Dark Age, The Art of the Greek Goldsmith. London, British Museum Press, 1998
  11. 11.   Mallowan, M. E. L.,  Twenty-five years of Mesopotamian discovery (1932-1956), British School of Archaeology in Iraq Lincoln's Inn, London, 1956
  12. Maxwell-Hyslop, K. R., Western Asiatic jewellery, c.3000-612B.C, 2007
  13. Ogden, J., The Jewellery of Dark Age Greece: Construction and Cultural Connections, The Art of the Greek Goldsmith (Ed. D. Williams,), British Museum Press, London, 1998.
  14. Redford, D. B., The Hyksos Invasion in History and Tradition, Orientalia, NOVA SERIES, Vol. 39, No. 1, 1970
  15. Roudolph, W., Toward the Historiography of Jewelry Research, Ancient Jewelry and Archaeology, Indiana University Press,  1996
  16. Shanshashvili, N., Narimanishvili, G., Dynamics and Nature of the Relations Between South Caucasus and Aegean World in the Bronze Age, Aegean World and South Caucasus: Cultural Relations in the Bronze Age.International Workshop, Tbilis, 2016
  17. Sutherland, C.H.V., Gold, London, Thames & Hudson, 1959 
  18. Williams, D., Ogden, J., Greek gold: jewellery of the classical world, British; Metropolitan Museum of Art, New York, 1994