ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ვახტანგ ლიჩელი 

ბრინჯაოს ხანის კრატერი აწყურიდან

 

შესავალი
აწყურის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ პროვინციაში, სამცხეში. აღმოჩენილი ძეგლები განლაგებულია სოფელ აწყურში მდ. მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 950-965 მეტრზე (ტაბ. I).

თვით სოფ. აწყურში აღმოჩენილია ოთხი ძირითადი ქრონოლოგიური ჯგუფის ძეგლები:
I. შუაბრინჯაოს ხანის სამარხები;
II. გვიანი ბრინჯაოს ხანის მიწურულის კულტურული ფენები და სამარხი.
III. ძვ.წ. I ათასწლეულის სამოსახლო და სამარხები;
IV. ახ.წ. I ათასწლეულის სამოსახლო და სამარხები (შუასაუკუნეების ძეგლები - ციხე; ტაძარი; სამაროვანი; ნაქალაქარი).

ამ ქრონოლოგიური მონაკვეთების ამსახველი არქეოლოგიური მასალა - რიგ შემთხვევაში - სრულიად ახალ ინფორმაციას შეიცავს. მაგალითად, ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანების ნამოსახლარსა და სამარხებში რამოდენიმე საყურადღებო ფაქტი დადასტურდა. კერძოდ, ნაგებობა, რომელიც ძვ. წ. V-IV საუკუნებს განეკუთვნება, ერთადერთია სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც თვალი გაედევნება ძვ.წ. II ათასწლეულების იმ ტრადიციას, რომელიც პირველად ხოვლეში დადასტურდა და რომელიც აქამდე ტიპიური იყო მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ძეგლებისათვის [11, გვ. 249-259]. მომდევნო პერიოდის გათხრებმა დაადასტურა აწყურის ნაქალაქარის ძვ.წ. V-IV საუკუნეების ფენების განსაკუთრებული მნიშვნელობა დასავლური და აღმოსავლური კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების კვლევისათვის, რისი დასტურიც არის ერთი მხრივ, ამიერკავკასიის ჰიტერლანდისათვის სრულიად იშვიათი ბერძნული კერამიკის კოლექცია (გვიანარქაული ხანის მცირე აზიური თასებიდან ვიდრე გვიან ელინისტური ხანის ე.წ. პერგამულ წითელლაკიან კერამიკამდე. ტაბ. 3; [შეადარე: 5, გვ. 22; 14; 15, გვ. 101-107; 16, გვ. 113-115; 17, გვ. 29-34], ხოლო მეორე მხრივ, აქემენიდური ნაწარმი, მათ შორის მოხატული კერამიკა, რომელიც ფართოდ ჩანს გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში (ტაბ. II, 1-2); [18, გვ. 139-142; 4, გვ. 54-70; 3, გვ. 8; 9, გვ. 132; 1, გვ. 118; 6, გვ. 52-76;]. ასეთი კერამიკა ტიპიურია დასავლეთი ირანისა და ანატოლიისათვის [7, გვ. 101-110; 23, გვ. 239-248; 8, გვ. 115-144; 21, გვ. 3-31; 22, გვ. 85-108; 10] ადრეული მოხატული [19, გვ. 105-135]. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ მითრასა და ანაჰიტას ძვ.წ. IV–III საუკუნეებში არსებული კულტი (შესაბამის ინვენტართან ერთად, აქ ძვ.წ. IV-III სს-ების სამარხში ხარის მთლიანად შეწირვის ფაქტიც დასტურდება. ტაბ. II - 3) ახ.წ. I საუკუნეში აპოლონისა და არტემისის კულტით არის ჩანაცვლებული. ახ.წ. I საუკუნის შუახანებით დათარიღებულ სამარხში „ქარონის ობოლის“ არსებობა გარკვეულ საფუძველს უქმნის წერილობითი წყაროს ცნობას სამცხის ადგილობრივ მოსახლეობაში ელინისტური კულტურის ინფილტრაციის შესახებ [12, გვ. 29-34; 13, გვ. 246-249].

2007 წლის გათხრების შედეგები
სამუშაოები ჩატარდა მხოლოდ ძვ. წ. I ათასწლეულის ნაქალაქარზე და შუაბრინჯაოს ხანის სამარხზე.

განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაშთები აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის სამარხში, რომელიც მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა ანტიკური ხანის ნაქალაქარის აღმოსავლეთით (ტაბ I). იგი გამართული იყო 6 მეტრის სიღრმეზე და დაფარული იყო დიდი ლოდების (საშუალო ზომები: 1,50 X 0,50 X 0,8 მეტრზე) მასიური ყრილით. ამ თხრილის სტრატიგრაფია ასეთია:

პირველი ფენა. ნულოვანი წერტილიდან 1, 9 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა კედლის დაუმუშავებელი ქვებით აგებული წყობა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით იყო ორიენტირებული. კედელი მოქცეული იყო ძვ.წ. V-IV საუკუნეების ფენაში და ვფიქრობ, რომ ამავე ხანას განეკუთვნება. აქვე აღმოჩნდა პალეობოტანიკური მასალაც (ანალიზი ჩაატარა რ. რუსიშვილმა), რომლის წინასწარი კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საქმე გვაქვს ზღმარტლის ნაშთებთან.

მეორე ფენა. მომდევნო ფენა წარმოადგენდა, როგორც ჩანს, დიდი ზომის სახელოსნოს ნაშთებს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჩვენი სამუშაოების არეალი მკვეთრად იყო შეზღუდული კერძო საკუთრებით, მისი გათხრა ვერ მოხერხდა. ის, რაც გამოჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ესაა ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნის (?) ლითონის ნივთების ჩამოსასხმელი სახელოსნოს ნაშთები, რადგან აღმოჩნდა ტიგელისა და ყალიბის ფრაგმენტები. სახელოსნოს იატაკი თიხატკეპნილი ჰქონდა. აქვე აღვნიშნავ, რომ წარმოების კვალი არის დადასტურებული ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში (თხრილი #6), სადაც ყალიბისა და წიდის ფრაგმენტებია მოპოვებული (ტაბ. II-4,5 ).

მესამე ფენა წარმოდგენილი იყო ერთი სამარხით. ესაა ორმოსამარხი, რომელშიც 50-55 წლის მამაკაცი იყო დაკრძალული (ტაბ.III). მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, უინვენტაროდ. მაგრამ უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ამ მიცვალებულის ჩონჩხის კვლევის შედეგები, პალინოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევის ანალიზით. ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ მას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მხოლოდ ცხვრის ცხიმზე მომზადებული ცოტაოდენი ფაფა ჰქონდა ნაჭამი. სავარაუდოა, რომ მარჯვენა ხელი მხარში ჰქონდა მოკვეთილი, ხოლო მარცხენა ხელის მტევანი აკლდა (მოკვეთილი ჰქონდა?). ყოველ შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ იგი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო გარდაიცვალა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ჩანს, დაახლოებით 35 - 40 წლის ასაკში მას ამოუღეს მეექვსე მოლიარები ორივე მხარეს. ჩანს, რომ სტომატოლოგიური ჩარევა კვალიფიციური იყო, რის შემდეგაც შეხორცების პროცესი თანაბრად და გეგემაზომიერად წარმართულა.

იმის გამო, რომ მას ინვენტარი არ ჰქონდა ჩაყოლებული, რთულია სამარხის დათარიღება, მაგრამ სტრატიგრაფიულად იგი ძვ.წ. II ათასწლეულის შუახანებს ან მიწურულს (სავარაუდოა) განეკუთვნება.

მეოთხე ფენა იყო ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანი. როგორც აღინიშნა, აქ გამოვლენილი # 2 სამარხის შესწავლამ მოგვცა სრულიად უნიკალური კერამიკული მასალა, რომლის ერთ ნაწილს ამიერკავკასიაში, ანატოლიისა და ბალკანეთის ტერიტორიაზე ანალოგები არა აქვს და ვფიქრობ, წარმოადგენს აქამდე უცნობი მიკროკულტურის ნაშთებს. საფიქრებელია, რომ აწყურის #2 ქვაყრილიან სამარხში აღმოჩენილია სრულიად ახალი, აქამდე უცნობი მიკროკულტურის კვალი, რომელიც ძვ.წ. XVII–XVI საუკუნეებს განეკუთვნება.

კერამიკული ნაწარმის გარდა აღმოჩნდა აგრეთვე: ბრინჯაოს ხვეული სამაჯურების ფრაგმენტები (ტაბ. IV); შუბლის სამკაული, რომელიც ოქროს თხელფირფიტოვან კვადრატებს წარმოადგენს. მათზე ჭედვით გამოყვენილი დეკორის ნაშთები ჩანს: პარალელური ხაზები, წრეები, წერტილები (ტაბ. V).

თვით მიცვალებულები (სულ სამი ინდივიდი იყო) დაკრძალულები იყვნენ მოკრუნჩხულ მდგომარეობაში, ყველა მარჯვენა გვერდზე (მამაკაცები). კერამიკა დალაგებული იყო მათგან აღმოსავლეთით, ერთ-ერთის თავის არეში. დასაკრძალავი ორმოს დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ბრინჯაოსაგან დამზადებული ორი დისკოსებრთავიანი საკინძი.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო კრატერს (ტაბ. VI, VII), რადგან მას არა აქვს ანალოგია კავკასიის არქეოლოგიაში. გარდა იმისა, რომ იგი გამორჩეული ფორმისაა და ბრტყელ ძირზე ამოყვანილ, სწორკედლიან და ზემოთ თანაბრად გაფართოებულ ჭურჭელს წარმოადგენს (თუ კლასიკური არქეოლოგიის ტერმინოლოგიას დავესესხებით, მას შეიძლება „ზარისებური კრატერიც“ კი ვუწოდოთ), განსხვავებულია მისი ზედაპირის მხატვრული სახე - ამოკვეთილი ტეხილი ხაზებით გამოყვანილ ფრიზს, რომლის შუა ნაწილი თევზიფხური ორნამენტის ირგვლივ სარტყელს წარმოადგენს, ერწყმის ასეთივე ტეხილი ხაზებით შემკული ვერტიკალური სვეტი, რომელსაც ჭურჭლის შუა ადგილას ზედა ფრიზის ანალოგიური ირგვლივი სარტყელი ეკვრის. მისი პირის კიდესთან ვერტიკალურად დასმული ყურები, რომლებიც ჰარმონიულად ამთავრებს ტანის პროფილის ხაზს, იწყება კრატერის ქვედა ნაწილში. იგი ოთხკუთხაგანივკვეთიანია („ბრტყელი“) და ზედა ნაწილში ჰორიზონტალური შვერილი აქვს. ყურები გარე მხრიდან ასევე ტეხილი ხაზებით არის შემკული. განსაკუთრებით საინტერესოა ამ ქვაყრილიანი სამარხების კერამიკის პეტროგრაფიული ანალიზის შედეგები („თიხები, რომლიდანაც დამზადებულია სამარხებში აღმოჩენილი ნაკეთობანი, მიეკუთვნებიან მონტმონილორიტულ და ჰიდროქრულ ტიპის თიხებს და წარმოადგენენ გათხრების რაიონში ფართოდ გავრცელებული შუა ეოცენური ასაკის ბაზალტური და ანდეზიბაზალტური შედგენილობის ქანების გამოფიტვის პროდუქტს“. კვლევები ჩატარდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პროფ. ნ. ფოფორაძის ხელმძღვანელობით), რაც იმაზე მიუთითებს, რომ კერამიკული ნაწარმი ადგილობრივი თიხის საბადოებიდან აღებული მასალითაა დამზადებული ანუ მიუხედავად ფორმალური სხვაობისა, კერამიკა ადგილობრივი ნაწარმია.

კომპლექსის მიხედვით კრატერი თარიღდება ძვ.წ XVII – XVI საუკუნეებით.

დასკვნა
თუ აწყურში გათხრილ ორივე ქვაყრილიანი სამარხისა და სოფ. ოთაში გათხრილ ამავე პერიოდის სამარხეულ ინვენტარს გავაანალიზებთ, აშკარა გახდება, რომ „თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის“ მომდევნო ეტაპზე სამცხეში არსებობს თვისებრივად რამდენადმე განსხვავებული კულტურა, რომელშიც შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, მაგრამ ჩნდება ახალიც, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარი ინვენტარით ხასიათდება: ნაირგვარი კერამიკა (როგორც ამიერკავკასიისათვის ტრადიციული, ისე ანატოლიურის ანალოგიური, აგრეთვე „კანთაროსისებრი“ კერამიკა და სხვა), ბრინჯაოს სატევრები, სამაჯურები, რამოდენიმე სახის საკინძი, ბრინჯაოს გარსაკრავები, ბრინჯაოს ფირფიტები, ბრინჯაოს დისკოები, ბრინჯაოს ქანდაკება, ბრინჯაოს საკისრე რგოლები, ორთითა, ობსიდიანის და კაჟის ისრის პირები, სარდიონის მძივები, რელიეფური დეკორით შემკული ოქროს გარსაკრავები, ოქროს შუბლსაკრავი, ოქროს დისკოები). ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ გარდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოსა და თიხის ნაწარმისა, ამ კულტურისათვის დამახასიათებელი ატრიბუტია ოქროს სამკაული (შეად. აგრეთვე სოფ. ზველის – ასპინძის რაიონი - მასალა), რომლის ერთი ნაწილი ალუვიური ოქროსაგანაა დამზადებული.

მადლობა 
აწყურის #2 ქვაყრილიანი სამარხის გათხრების დროს ლითონის ნივთების კონსერვაციას აწარმოებდა ჩემი ნიუნბერგელი მეგობარი Paul Hitz, რომლის ხსოვნას განსაკუთრებული პატივი მინდა მივაგო. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ნიუნბერგის (გერმანია) NHG-ს დირექციასა და ვოლუნტიერებს - ჩემს საუკეთესო მეგობრებს ნიუნბერგიდან იმ თანადგომისათვის, რისი წყალობითაც მოხერხდა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა აწყურში.

ილუსტრაციების აღწერა:
I. აწყურის აეროფოტო. ისრით მითითებულია #2 ქვაყრილიანი სამარხის ადგილმდებარეობა.
II. 1. ბერძნული კერამიკა აწყურიდან. 2. აქემენიდური ნივთები აწყურიდან. 3. ძვ.წ. IV –III სს-ბის სამარხი ხარის მთლიანი ჩონჩხით. 4. ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანების ყალიბის ფრაგმენტი. 5. ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანების ბრინჯაოს წიდის ფრაგმენტი.
III. სამარხი მესამე ფენიდან.
IV. #2 სამარხში დადასტურებული ბრინჯაოს სამაჯურის ფრაგმენტები.
V. შუბლსაკრავის ოქროს ფირფიტები.
VI. #2 სამარხში დადასტურებული კრატერის გაწმენდის პროცესი.
VII. „ზარისებური კრატერი“

 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. გაგოშიძე ი., თრიალეთის სამაროვნები, ტ. III, თბილისი 1982
2. დავლაინიძე ც., ქვემო ქართლის კულტურა ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში, თბილისი 1983
3. კვიჟინაძე კ., ადრეანტიკური ხანის ძეგლები სამხრეთ – აღმოსავლეთ საქართველოდან, საკანდიდატო დისერტაცია, თბილისი 1975
4. ნარიმანიშვილი გ., „შატბერაშვილი. ძვ.წ. V-I სს-ების წითლად მოხატული კერამიკა ქართლიდან“. კრებული "ძიებანი", რედ. ო. ლორთქიფანიძე, #9, თბილისი 2002.
5. „შავი ზღვა-ვანი სამცხე – შავლაკიანი კერამიკის გავრცელების გზა“. მსოფლიო კულტურულ-ისტორიული პროცესი და საქართველო, თბილისი 1994
6. წითლანაძე ლ., „ვარსიმაანთკარის სამაროვანი“. კრ. ჟინვალი I, (Ed. R. Ramishvili), თბილისი 1983.
7. Dyson Robert H., The Achaemenid Painted Pottery of Hasanlu III A., Anatolian Studies, Vol. 49, Anatolian Iron Ages 4. Proceedings of the Fourth Anatolian Iron Ages Colloquium Held at Mersin, 19-23 May 1997 (1999).
8. Dyson H. 1999: 'Triangle-Festoon Ware Reconsidered”, Iranica Antiqua 34.
9. Gagoshidze I., Samadlo (arxeologicheskiie raskopki), Tbilisi 1979 (რუსულ ენაზე);
10. Hansen C. K., and Postgate J. N., “Bronze to Iron Age Transition at Kilise Tepe”, Anatolian Studies, Vol. 4.
11. Licheli, V., “Caucasian Iberia in the Post-Achaemenid period. The chronology of the principal monuments“ In: The Royal Palace Institution in the First Millennium BC. Monographs of the Danish Institute at Athens, vol. 4, 2001. Ed. I. Nielsen.
12. Licheli V., “St. Andrew in Samtskhe. Archaeological proof”. In: Early Christianity in Caucasus, London 1999
13. Licheli V., ‘‘Greeks (Hellenism) in Hinterland of Georgia (4th –1st cent. B.C.)”, Phasis, Greek and Roman Studies, 2-3, Tbilisi 2000
14. Licheli V., “Black-glazed pottery in Transcaucasia. Its diffusion rout”. In: Proceedings of the first international Conference on the Archaeology and History of the Black Sea, Amsterdam 1997;
15. Licheli V., “The Black Sea-Vani-Samtskhe: the spreading route of Black-glazed Pottery. La Mer Noire zone de contacts“. Actes du VIIe Symposium de Vani-1994, Paris 1999
16. Licheli V., “Une ville des VIIe-ler, siecles. Religions du Pont”. Actes du VIIIe Symposium de Vani-1999, Paris 1999
17. Licheli V., “St. Andrew in Samtskhe. Archaeological proof”. In: Early Christianity in Caucasus, London 1999
18. Licheli V., “Achaemenidische Fundorte in Samtskhe“. In: Archäologische Mitteilungen aus Iran und Turan, Band 32, IM DOL 2-6, Berlin 2000
19. Meade Clare Goff, Luristan in the First Half of the First Millennium B.C. A Preliminary Report on the First Season Excavations at Baba Jan, and Associated Surveys in the Eastern Pish-i-Kuh , Iran – Journal of the British Institute of Persian Studies, Volume VI , 1968
20. Narimanishvili G., Keramika Kartli V-I vv do n.e, Tbilisi 1991 (რუსულ ენაზე).
21. Sumner W. M., “Achaemenid Settlement in the Persepolis Plain”, American Journal of Archaeology, Vol. 90, No. 1 (Jan., 1986), pl.III - 1, III – 2;
22. Summers G. D., “Archaeological Evidence for the Achaemenid Period in Eastern Turkey Author(s)” Source: Anatolian Studies, Vol. 43 (1993)
23. Stronach David, Achaemenid Village I at Susa and the Persian Migration to Fars., Iraq, Vol. 36, No. 1/2 (1974)