ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 ირმა მაკარაძე

იოანე სინელის სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების მნიშვნელობა ბიზანტიური და  ქართული ფილოლოგიისთვის

 

"სათნოებათა კიბე" შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და პოპულარული ზნეობრივი სახელმძღვანელოა. მასში გაერთიანებულია ქრისტიანული ეთიკური პრინციპები სისტემურად ჩამოყალიბებული ფორმით, გამოკვეთილი აქცენტებითა და ღრმად თეოლოგიური მსჯელობებით. მართალია, კიბის სიმბოლოს, სულიერი პროგრესის შინაარსით, აქტიურად იყენებდნენ სხვა ავტორებიც: ფილონ ალექსანდრიელი, სირიელი მამები, გრიგოლ ნოსელი, მაგრამ იოანე სინელმა პირველმა მოგვცა სულიერი აღმასვლის მასშტაბური და სრულყოფილი სურათი [11, გვ. 22-23]. სწორედ ეს არის ერთი მიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც გამოარჩევს სათნოებათა კიბეს ამ ჟანრის ლიტერატურაში. კიდევ ერთ სპეციფიკურ მახასიათებელს წარმოადგენს სათნოებათა კიბის ფსიქოლოგიური შინაარსი - კლემაქსში ჩანს დახვეწილი, ღრმა ფსიქოლოგიზმი, ადამიანთა ბუნების, მათი შინაგანი მდგომარეობის საუცხოო ცოდნა [3, გვ. 143]. იოანე სინელი ხშირად არიდებს თავს მკითხველისთვის დეტალური ინსტრუქციების მიცემას იმის შესახებ, თუ რა ჭამოს, როდის და რამდენი, რა დრო გამოჰყოს ძილისთვის, რა სიხშირით არის საჭირო ლოცვა, რა ფორმულები უნდა გამოიყენოს მლოცველმა და სხვა. მისი ინტერესია არა გარეგნული, ფორმალურად გამოხატული ასკეტიზმი, არამედ მორჩილება და გულის სიწმინდე [19, გვ. 9].

ნაწარმოებში დასმული საკითხების მასშტაბურობა ტექსტის დაწერისთანავე იწვევდა აღფრთოვანებას მკითხველში. კერძოდ, იოანე სინელის ბიოგრაფი, მისი თანამედროვე რაითის მონასტრის ბერი დანიელი, რომლის მიერ დაწერილი იოანე სინელის ცხოვრება წინ უძღვის ტექსტს, სათნოებათა კიბეს მოსეს ათ მცნებასთან, ხოლო ავტორს თავად მოსესთანაც კი ათანაბრებს: „და გარდამოჴდა ახალი იგი ღმრთის-მხილველი ჩუენდა მომართ გონებითა მთით სინით და გჳჩუენნა ჩუენ მანცა ღმრთივ-წერილნი იგი ფიცარნი“ ან კიდევ, „ერთითა ოდენ არა იქმნა მსგავს (იოანე სინელი) მოსესა, რამეთუ არა მოიწია მის ზედა ვერშესლვაჲ ზეცისა მას იერუსალჱმსა, ვითარ-იგი მოსე ქუეყანასა იერუსალჱმსა ვერ შევიდა [9, გვ. 13]. ამდენად, სულაც არ არის მოულოდნელი, რომ ნაწარმოები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე: „ბიბლიას და ლიტურგიკულ წიგნებს თუ არ ჩავთვლით, არ იყო სხვა შრომა აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში, რომელიც იქნებოდა შესწავლილი, გადაწერილი და ნათარგმნი უფრო მეტჯერ, ვიდრე იოანე სინელის სათნოებათა კიბე” – წერს კალისტოს უეარი, სათნოებათა კიბის ცნობილი მკვლევარი და აგრძელებს – იგი პოპულარული იყო სამონასტრო საზოგადოებების გარეთაც – ბერძნებში, ბულგარელებში, სერბებში, რუსებში და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში. სათნოებათა კიბის პოპულარობა აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროსთვის უტოლდება დასავლეთში თომას კემპენელის (Thomas von Kempen) ქრისტეს იმიტაციის (The Imitation of Christ) პოპულარობას [19, გვ. 1]. თხზულება ასეთივე პოპულარობით სარგებლობდა შუა საუკუნეების ქართველ მკითხველთა შორისაც, რაზეც, პირველ რიგში, რედაქციათა და ხელნაწერთა სიმრავლე მეტყველებს.

ქართულად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეპოქაში ნათარგმნი თუ გადამუშავებული ტექსტის ექვსი რედაქცია. ქართული კულტურის დიდ მესვეურთა გაუნელებელი ინტერესი ამ ტექსტის მიმართ არ ცხრება საუკუნეების მანძილზე. როგორც ცნობილია, სათნოებათა კიბე პირველად პრეათონურ პერიოდში თარგმნეს. ამ ინფორმაციას გვაწვდის ექვთიმე ათონელი სათნოებათა კიბის მისეულ თარგმანზე დართულ ანდერძში. ანდერძშივე საუბრობს იგი ტექსტის ხელმეორედ თარგმნის მიზეზზე: „ვინაჲთგან უკუე პირველსა მას თარგმანსა მრავალი მრუდად დაეწერა და მრავალი დაეგდო, ამისთჳს მე, გლახაკმან ეფთჳმე, ბრძანებითა წმიდისა მამისა ჩემისა იოვანჱსითა ვთარგმნე ესე..“ [9, გვ. 1]. როგორც ანდერძიდან ირკვევა, ექვთიმე ათონელი სათნოებათა კიბეს კვლავ თარგმნის „პირველი” თარგმანის უზუსტობისა და ნაკლულოვანების გამო. „იოანე სინელის ტექსტის ქრისტიანული ზნეთსწავლულება, ბუნებრივია, თავისთავად წარმოადგენდა ინტერესის საგანს სასულიერო მწერლობისთვის” [2, გვ. 150]. ამდენად, ექვთიმე ათონელისნაირი მასშტაბური მოღვაწე, რომლის მიზანიც იყო ქართველთა კულტურული ლეგიტიმაცია – მათი ბერძნებთან „სწორ-მყოფელი” საგანმანათლებლო საქმიანობა – თარგმანის მეშვეობით “უგუნურებისა ჩუენისა გონიერ-ყოფა და განბრძნობა” [8, გვ. 7], რაც გულისხმობდა შუა საუკუნეების ქართულ სააზროვნო სივრცეში ახალი და დიდი ცოდნის შემოტანას, ვერ დაუშვებდა ესოდენ დიდი მნიშვნელობის ტექსტის მრუდე და ნაკლულევანი ქართული თარგმანის არსებობას. მით უფრო, რომ თარგმანს სრულად დაეკისრა კულტურული ემანსიპატორის ფუნქცია... თარგმნისას ქართულ ენაში სრულფასოვნად გადმოიტვიფრება ორიგინალის ყველა სიმდიდრე. ამ გზით თარგმანი ორიგინალის ტოლფასად, შესაბამისად, ქვეყნის კულტურული ძლიერების სიმბოლოდ იქცა [8, გვ. 7]. პოსტათონურ პერიოდში, ეპოქის ახალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სათნოებათა კიბე კიდევ ერთხელ ითარგმნა. ამჯერად ტექსტი, გელათის ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო სკოლის ტრადიციების გათვალისწინებით (ბერძნულ დედანთან თარგმანის მაქსიმალურად დაახლოება, ფილოსოფიურ ტერმინთა დაზუსტება და ა.შ.), თარგმნა პეტრე გელათელმა. უფრო მეტიც, იგი სხვადასხვა ეპოქის დიდი მოღვაწეებისთვის პოეტური შთაგონების წყაროც კი ხდება და საფუძველი ეყრება ლექსითი რედაქციების შექმნას. სათნოებათა კიბე სამჯერ გადამუშავდა პოეტურად: ექვთიმესეულ თარგმანზე დაყრდნობით შემუშავებულ ლექსით რედაქციას ტრადიცია იოანე პეტრიწს მიაწერს; ანონიმი ავტორის მიერ დამუშავებული კლემაქსის პოეტური რედაქციის ფრაგმენტები უკანასკნელ წლებში იქნა აღმოჩენილი, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებების ჩანართის სახით [2, გვ. 129-154; 3, გვ. 142-162]; სათნოებათა კიბის უკანასკნელი (XVIIIს.) და ერთგვარად შემაჯამებელი რედაქცია კი, ანტონ კათალიკოსს ეკუთვნის.

ამდენად, ნათელია, რომ სათნოებათა კიბე არის შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში და, მათ შორის, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი. მის მნიშვნელობაზე მსჯელობას ორი მიმართულებით წარვმართავ: ერთი მხრივ, ტექსტის ქართული თარგმანების სტრუქტურის სპეციფიკაზე მითითებით, რომლითაც იგი სცდება ქართული ფილოლოგიის ინტერესის ფარგლებს და მნიშვნელოვანი ხდება ბიზანტიური ლიტერატურის მკვლევართათვისაც და მეორე მხრივ, საკუთრივ ქართული თარგმანების მნიშვნელობისა და ადგილის განსაზღვრით, რომელიც, ვიმედოვნებ, მცირეოდენ წვლილს შეიტანს ქართულ ფილოლოგიურ კვლევებში.

სათნოებათა კიბის ექვთიმე ათონელისეული თარგმანის სტრუქტურა არ ემთხვევა აქამდე გამოცემულ არც ერთ ბერძნულ ტექსტს. სწორედ ამიტომ იგი უაღრესად მნიშვნელოვანია საკუთრივ ბერძნულენოვანი ტექსტის მკვლევართათვისაც. ბერძნულ ტექსტში XXIII თავშია შეტანილი Περὶ τῆς ἀκεφάλου ὑπερηφανίας (ამპარტავანებისათვის), რომელიც სინადვილეში უნდა იყოს XXII თავის შემადგენელი ნაწილი, სადაც საუბარია ცუდად-მზუაობრობაზე, ანუ ქედმაღლობაზე (Περὶ τῆς πολυμόρφου κενοδιξίας). მკვლევარი მ. ცინცაძე შენიშნავს, რომ იოანე სინელი ტექსტშიც მიუთითებს იმაზე, რომ ამპარტავნება და ცუდად-მზუაობრობა მას ერთ ვნებად მიაჩნია, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ავტორი მას ცალკე არ გამოყოფდა. XXIII თავი, სადაც შეტანილია აღნიშნული ნაწილი, დასათაურებულია შემდეგნაირად: Περὶ ἀκαθάρτων λογισμῶν τῆς βλασφημίας (გამოუთქუმელთა გულის-სიტყუათათვის გმობისათა). მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს შემდეგდროინდელ გადამწერთა შეცდომა უნდა იყოს. ეს „შეცდომა” პეტრე გელათელსაც აქვს შენიშნული, თუმცაღა მაინც მისდევს ბერძნულ ტექსტს და აღნიშნული თავი XXIII საფეხურში შეაქვს. ექვთიმე ათონელის ანდერძში ვკითხულობთ შემდეგს: „...თავნი ვითარცა აქა იყვნენ, ეგრე დასხენით, რამეთუ მეცა ვითარცა მიპოვნიან, ეგრეთ დამისხნიან ყოველნი წითლითა” – სწორედ ამ ანდერძის საფუძველზე მკვლევარი ასკვნის, რომ რომელიღაც ბერძნულ ხელნაწერში, რომლითაც ექვთიმე ათონელი სარგებლობდა თავების მიმდევრობა არ იყო არეული [15, გვ. 45-47]. სათნოებათა კიბის ექვთიმე ათონელისეული თარგმანის სტრუქტურა, როგორც უკვე აღინიშნა, არ ემთხვევა აქამდე გამოცემულ არც ერთ ტექსტს. ეს ფაქტი უაღრესად მნიშვნელოვანია თვით ბერძნული ტექსტის სტრუქტურის რეკონსტუქციისათვისაც – ბერძნული კრიტიკული ტექსტის მომზადების შეთხვევაში ღირებული იქნება ქართული თარგმანის სტრუქტურის გათვალისწინებაც, რადგანაც გარდა საკუთრივ იოანე სინელის მითითებისა, რომ ეს ორი ვნება სხვადასხვა არ ჰგონია, შინაარსობრივადაც უფრო ლოგიკურია ექვთიმე ათონელისეული თავთა თანმიმდევრობა. უფრო მეტიც, პროფ. მ. ცინცაძის მართებული შენიშვნით, ექვთიმეს განმარტებიდან ისიც ირკვევა, რომ მან იცის სხვა ბერძნული ტექსტის არსებობის შესახებ, რომელშიც თავთა თანმიმდევრობა სხვაგვარია [15, გვ. 45-47]. რომ არა ავტორის რემარკა, შესაძლოა ექვთიმე ათონელისეული სათნოებათა კიბის სტრუქტურის „გადახრა” ჩვენს ხელთ არსებული ბერძნული ტექსტებიდან, აგვეხსნა, როგორც ექვთიმეს თავისებური მთარგმნელობითი მეთოდი. ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრება ექვთიმე ათონელის მთარგმნელობით მეთოდთან დაკავშირებით (კლება-მატების პრინციპი), ეყრდნობა მისი თარგმანების არაკრიტიკულ ტექსტთან შედარების საფუძველზე მიღებულ დასკვნებს. უკანასკნელმა კვლევებმა, კერძოდ კი, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის სპეციალურმა გამოკვლევამ ექვთიმე ათონელის ორი თარგმანის ბერძნულ ტექსტთან მიმართების თაობაზე, გამოავლინა ის მეთოდოლოგიური შეცდომა, რაც ექვთიმე ათონელისეული თარგმანის არაკრიტიკულ ბერძნულ ტექსტთან შედარებისას იჩენს თავს [16, გვ. 144-151].

სათნოებათა კიბის მნიშვნელობას საკუთრივ ქართული ფილოლოგიისთვის ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. გამოვყოფ რამდენიმეს:

1) აღსანიშნავია, უპირველეს ყოვლისა, მკითხველის, ასე ვთქვათ, რეციპიენტის ფაქტორი, ვინაიდან სათნოებათა კიბე, პირველ რიგში, პრაქტიკული დანიშნულებით შექმნილი ცოცხალი თხზულებაა. ცნობილია, რომ აღმოსავლურ ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ხმამაღლა კითხულობენ იოანე სინელის ტექსტს [19, გვ. 1]. რაც შეეხება პოეტურ რედაქციებს, გარდა წმინდა ესთეტიკური დატვირთვისა (მკითხველის ამაღლებული განწყობის შექმნა), ვფიქრობ, პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა – განსაზღვრული რიტმით, რითმით ხელს უწყობდა ტექსტის შედარებით მარტივად დამახსოვრებას. ეს ფუნქცია იკვეთება სხვა შემთხვევებშიც, როდესაც საქმე გვაქვს შუა საუკუნეების ლიტურგიკული დანიშნულების პოეტურ ტექსტებთან. ამდენად, სრულიად შესაძლებელია, რომ შუა საუკუნეების ქართველი მკითხველი კლემაქსის პოეტურ ტექსტებს ზეპირადაც კი იმახსოვრებდა. მით უფრო, რომ ტექსტი განკუთვნილი იყო ლიტურგიკული პრაქტიკისთვის.

2) იოანე სინელის კლემაქსი არის საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების ოსტატური შეზავება ტრადიციასთან და ცოდნასთან. როგორც კალისტოს უეარი მიუთითებს, როცა იოანე სინელი ქმნიდა სათნოებათა კიბეს, სამონასტრო ცხოვრება, როგორც ჩამოყალიბებული ინსტიტუცია, უკვე არსებობდა და ჰქონდა დიდი, სამსაუკუნოვანი ტრადიცია, რეგულაციები და წერილობითი ტექსტები. ამდენად, იოანე სინელმა მოახდინა პრაქტიკული სამონასტრო ცხოვრების მდიდარი გამოცდილებისა და წინარე ლიტერატურული ტრადიციის ერთგვარი სინთეზი. ამ კუთხით, იგი ჰგავს მაქსიმე აღმსარებელს, რომელმაც ქრისტოლოგიაში მიაღწია იმავეს, რასაც იოანე სინელმა ასკეტურ თეოლოგიაში [19, გვ. 59]. სათნოებათა კიბის თარგმანებით შუა საუკუნეების ქართულ სააზროვნო სივრცეში შემოდის არა მხოლოდ ეპოქის ერთი უმნიშვნელოვანესი ასკეტურ-მისტიკური ნაწარმოები, რომელშიც დიდი სულიერი გამოცდილება ჰარმონიულად არის შეზავებული წინარე ლიტერატურულ ტრადიციებთან, არამედ ამ ტექსტში გამოყენებული მნიშვნელოვანი ანტიკური თუ მედიევალური წყაროებიც. იოანე სინელი ხშირად თავადვე მიუთითებს სათნოებათა კიბეში გამოყენებულ წყაროებზე. ასეთებია, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე კასიანე, ეფრემ ასური, ორიგენე, ევაგრე პონტოელი. ასევე ხშირად მიმართავს აპოფთეგმებს – ანტონი დიდს, იოვანე მოკლეს, აბბა სერაპიონს და სხვა. გარდა იმ წყაროებისა, რომელზეც პიპდაპირი მითითებაა ტექსტში, სამეცნიერო ლიტერატურაში სათნოებათა კიბის არაერთი სხვა წყაროა გამოვლენილი: მარკოზ მონაზონის [18, გვ. 458-459], ღაზელი მამების – ბარსანოფეს, იოანე ღაზელის და დორეთე ღაზელის [17, გვ. V,7], აბბა ისაიას, აბბა ბარსანუფის [5, გვ. 156-157], ნილოს სინელის [6, გვ. 400], იოანე მოსხის [14, გვ. 254] შრომები, აგრეთვე, პლატონის ფედონი [11, გვ. 20-21]. გარდა ზემოთ დასახელებული წყაროებისა, სათნოებათა კიბეში, ჩვენი აზრით, ჩანს ცნობილი მითოლოგემა – ოდისევსის მიერ სცილასა და ქარიბდას შორის გავლა, ანუ ორ ბოროტებას შორის ნაკლები ბოროტების არჩევა, რაც მოგვიანებით აისახა ასევე, პლატონის პროტაგორაში. ჩანს სხვა წყაროც – ნეოპლატონური თეორია ბოროტის უარსობის შესახებ, რომელიც კონცეპტუალურად დაამუშავა ფსევდო დიონისე არეოპაგელმა.

3) სათნოებათა კიბის გავლენების საფუძვლიანი ძიება შუა საუკუნეების თუ გვიანი პერიოდის ქართულ ტექსტებში, საფიქრებელია, ბევრ შემთხვევაში მოგვცემს საინტერესო შედეგს, რადგანაც ბიზანტიურ ფილოლოგიაში ანალოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ იგი გავლენას ახდენს შუა საუკუნეების ისეთ ავტორიტეტულ მოაზროვნეებზე, როგორებიც არიან: ისიხი სინელი [4, გვ. 164-165], ფილოთეოს სინელი, ანასტასი სინელი, თეოდორე სტუდიელი [5, გვ. 159-160], სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველი [4, გვ. 585], ანდრია კრიტელი [14, გვ. 256], აგრეთვე, შედარებით გვიანი პერიოდის მოღვაწეები – გრიგოლ სინელი, გრიგოლ პალამა [5, გვ. 168-169] და სხვ. უფრო მეტიც, მოგვიანებით, XIX საუკუნის ცნობილი დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი და პოეტი სორენ კირკეგორი იოანე კლემაქსის და ანტი-კლემაქსის ფსევდონიმებით აქვეყნებს რამდენიმე ნაშრომს, პარალელურად კი აქტიურად იკვლევს იოანე სინელის ტექსტს. რუსი ლიტერატურათმცოდნეები სათნოებათა კიბის კვალს ხედავენ, აგრეთვე, XIX საუკუნის რუსი კლასიკოსების, თეოდორ დოსტოევსკისა და ნიკოლოზ გოგოლის, შემოქმედებაშიც. ამ გავლენის კვალი ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს რომანში ძმები კარამაზოვები, ხოლო გოგოლის შინელის მთავარი პერსონაჟის, აკაკის, პროტოტიპად სწორედ სათნოებათა კიბის ერთ-ერთი ეპიზოდის ამავე სახელის მქონე პერსონაჟი, აკაკი, მიაჩნიათ [12]. ამგვარი გავლენის ნიმუშად ქართული ლიტერატურიდან მხოლოდ რუსთველის ვეფხისტყაოსანს დავასახელებთ, რომელთან სათნოებათა კიბის მიმართების კვლევას ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე ჰქონდა გარკვეული ტრადიცია.

4) იოანე სინელის ტექსტი გამოირჩევა ამაღლებული პოეტური ენით, ტროპული მეტყველების ორიგინალური ფორმებით, მრავალფეროვანი სიმბოლური სახეებითა თუ რიტორიკული და სტილური ფიგურებით. ნაწარმოებში, კლასიკური სიუჟეტის არარსებობის გამო, ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების ფუნქცია აკისრია მთლიანად სტილსა და ენას. კალისტოს უეარის შეფასებით სათოებათა კიბე რიტმული პროზის ნიმუშია და ახლოს დგას პოეზიასთან [19, გვ.10]. თხზულებაში დიდი სულიერი გამოცდილება გადმოცემულია არა რთული მსჯელობით და შინაგანი თვითსრულყოფის ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზით, არამედ სადა, ცოცხალი ენით და სხარტი, ლაკონიური, აფორისტული ფორმით, სენტენციებით, მორალური შეგონებებით სათნოებათა შესახებ. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ თხზულების ასეთი პოპულარობისა [2, გვ. 129]. ქართველი მთარგმნელები, ერთმანეთისგან განსხვავებული მთარგმნელობითი ტექნიკის მიუხედავად, ორივე პროზაული თარგმანის შემთხვევაში ტექსტის მხატვრული ღირებულების, ექსპრესიულობისა და პოეტურობის შენარჩუნებას, რომელსაც ქმნის შუა საუკუნეების მხატვრულ-გამომსახველობითი სტილისთვის ნიშანდობლივი რიტორიკული ფიგურების: ეპითეტის, შედარების, პერსონიფიკაციის, გრადაციის, რიტორიკული შეკითხვის, გამეორების, ანასტროფის, ეპანაფორის, ანტითეზის, პარომოიონის, ჰენდიადისის, პარონომასიის და ა.შ. ხშირი გამოყენება, მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევენ თავს.

ესოდენ მაღალმხატვრული ტექსტი აუცილებლად დატოვებდა წარუშლელ შთაბეჭდილებას და მოახდენდა შუა საუკუნეების ქართველი მკითხველის ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას. ბერძნული ტექსტის სწორედ ეს სტილური მრავალფეროვნება აქვთ შენიშნული სათნოებათა კიბის ქართული ლექსითი რედაქციების ავტორებსაც, რადგანაც, როგორც ირკვევა, ქართული ლექსითი ვერსიები შემთხვევითი მოვლენა არ უნდა იყოს. იოანე სინელი ხანდახან ახდენს თავისი ტექსტის რიტმიზაციას და კლემაქსის თითოეული საფეხური მთავრდება ლექსითი რეზიუმეთი [3, გვ. 146]. აღსანიშნავია ისიც, რომ იოანე სინელის კლემაქსის ბერძნულ თუ სხვაენოვან მრავალრიცხოვან ვერსიებს შორის არ ჩანს მისი პოეტური ვერსია. როგორც ჩანს, ამგვარი ტრადიცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქართულში გვხვდება [2, გვ. 142]. ბერძნულ ტექსტთან ერთად, სათნოებათა კიბის პოეტური რედაქციების ავტორებს ლექსითი რედაქციების შესაქმნელად ფაქტობრივად ჰქონდათ მზა მაღალმხატვრული მასალა, ქართული პროზაული თარგმანების სახით.

სინელის თხზულების მაღალმხატვრულ სტილს ქმნის სიმბოლურ სახეთა ორგინალური გამოყენებაც. ავტორი ცალკეულ სიმბოლოთა მყარ, ტრადიციულ სემანტიკას, არც ისე იშვიათად, ტვირთავს ახალი მნიშვნელობებით. მაგალითად, მნათობები სიმბოლურად განასახიერებენ, როგორც ღმერთს, ასევე წმინდანებსაც. ახალ აღთქმაში ცისკრის ვარსკვლავი ქრისტესთან არის დაკავშირებული. ქართველი ჰიმნოგრაფების (იოანე მინჩხი, მიქელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი და სხვების) შემოქმედებაში კი იგი წმინდანსაც მიემართება [7, გვ. 99]: ὁ δὲ μεγάλῃ σελήνῃ, ὁ δὲ τῷ λαμπρῷ ἡλίῳ προσεοίκασιν” [13, გვ. 881C]: „და ერთი იგი მთიებსა მსგავს არს და მეორე – დიდსა მას მთუარესა და მესამე – ბრწყინვალესა მას მზესა; და ამათ ყოველთა საყოფელი ცათა შინა არს“ [9, გვ. 242];

ანტონ კათალიკოსი
„პირველი მბრძოლი ბრწყინვალესა მთიებსა
მეორე ხოლო აღვსილსა მთოვარესა
გარნა მესამე თჳთ შუ*ჱნიერსა მზესა
ემსგავსნეს ვითა ჴმებითა მამათათა
ვისწავეთ ვიცანთ ანგელოსებრი გვარი“[1, საფ.15, სტრ. 8]

იოანე პეტრიწი
„ვითარ ცისკარი ნათლისაგან წინა ვალს,
ეგრეთ მარხვა ჩანს სიწმიდისა პირველად.
მერმე აღმოვალს მზე იგი სიმართლისა
და განანათლებს გონებასა წმიდასა
და ბნელსა ნისლსა მოხუეულსა წარსდევნის“ [10, სტრ.149].

ივანე ლოლაშვილი ფიქრობს, რომ ექვთიმე ათონელის თარგმანის ციტირებულ პასაჟში გადმოცემულია „გათენებისა და მზის ამოსვლის ბუნებრივი სურათი“, რომელიც იოანე პეტრიწმა სულ სხვაგვარად გაიაზრა. პეტრიწთან „მზე იგი სიმართლისა“ მეტაფორული ცნებაა და ქრისტე ღმერთს გულისხმობს [10, გვ. 143]. ამ აზრის საილუსტრაციოდ მას მოჰყავს ჰიმნოგრაფიული ტექსტები, სადაც ქრისტე გააზრებულია, როგორც „მზე სიმართლისა“. მზე სიმართლისა და ცისკრის ვარსკვლავი ძველ ქართულ მწერლობაში მართლაც განასახიერებდა ქრისტეს, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს საკვლევი პასაჟის აზრი. სინამდვილეში, ციტირებულ ტექსტებში საუბარია სულიერი ღვწის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ასკეტთა შესახებ, რომლებიც ვნებას ებრძვიან იმის შესაბამისად, თუ რომელ საფეხურზე იმყოფებიან: ერთნი „შრომითა და ოფლითა ჴორციელითა ჰბრძოდის ამას მძლავრსა“, მეორენი – „მარჴვითა და მღჳძარებითა ეწყვებოდის მას“, ასევე, „სიმდაბლითა და ურისხველობითა და წყურვილითა წინააღუდგებოდის“, ხოლო მესამეთ – „საღმრთოჲთა ნიჭითა და გამოცხადებითა შეეკრას მძლავრი იგი“ [9, გვ. 242] და სწორედ მათ ადარებს იოანე სინელი ცისკრის ვარსკვლავს, სავსე მთვარესა და მზეს. უფრო მეტიც, იოანე სინელის ტექსტი გრძელდება სწორედ იმ ინფორმაციით, რომელსაც შეიცავს ზემოთ ციტირებული სტროფი იოანე პეტრიწის რედაქციიდან: „პირველად ცისკარი აღეღის, მერმე ნათელი მოეფინის და მაშინღა გამობრწყინდის მზეჲ“ [9, გვ. 242]. ამგვარად, საანალიზო სტროფი არც იოანე პეტრიწისეული ჩანართია და მნათობთა სიმბოლიკაც მიემართება სიძვის ვნებასთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალებასა და ეტაპს.

სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების ტერმინოლოგია მნიშვნელოვან მასალას იძლევა შუასაუ-კუნეებში მთარგმნელობითი პრაქტიკის დაზუსტება-განვითარების ჩვენების თვალსაზრისითაც. კერძოდ, ერთი ტექსტის სხვადასხვა თარგმანი, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა ეპოქაში, განსხვავებული ლიტერატურული სტილით, გვაძლევს ცნებითი ენის ჩამოყალიბებაზე დაკვირვების საშუალებას: ადრეულ ეტაპზე ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგია ნაკლებად სისტემურია და არ ჩანს მკაცრად ორგანიზებული ტერმინოლოგიური აპარატი (ერთსა და იმავე სიტყვას ექვთიმე ათონელი სხვადასხვა ქართულ შესატყვისებს უძებნის ან კიდევ, სხვადასხვა ბერძულ ტერმინს ერთი და იმავე ქართული ფორმით თარგმნის), რაც ექვთიმეს ეპოქისთვის და მისი თარგმანების მიზანდასახულობის გათვალისწინებით, ბუნებრივია. პეტრე გელათელის თარგმანში კი, როგორც მოსალოდნელიც იყო, უკვე ჩანს სისტემურად ჩამოყალიბებული ცნებითი ენა. რაც შეეხება, ანტონ კათალიკოსის რედაქციას მისი წყარო ზოგ შემთხვევაში მანამდე არსებული პროზაული თარგმანებია (ძირითადად, პეტრე გელათელის თარგმანი), ზოგჯერ კი, არა მაინცდამაინც პეტრიწისეული (როგორც ამას სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად მიუთითებენ), არამედ ზოგადად შუა საუკუნეების ქართულ ფილოსო-ფიაში შემუშავებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგია, რომლის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა დასტურდება ტექსტში.

ამრიგად, სათნოებათა კიბის ქართული თარგმანები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული, არამედ ბიზანტიური ლიტერატურის მკვლევართათვისაც ექვთიმე ათონელის ანდერძში დაცული უნიკალური ინფორმაციით და მისეული თარგმანის სტრუქტურით. მეორე მხრივ, სათნოებათა კიბის ქართული თარგმანების, გადამუშავებებისა და ხელნაწერთა სიმრავლე, რითაც ქართული კულტურული სივრცე უერთდება შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროს და რაც განპირობებულია ტექსტის მსოფლმხედველობით, სტრუქტურული თავისებურებით, ღრმა ფსიქოლოგიური და თეოლოგიური მსჯელობებით, სტილით და სხვა მრავალი ფაქტორით, თავისთავად განსაზღვრავს სათნოებათა კიბის მნიშვნელობას შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურისა და მის მკვლევართათვის.


ბიბლიოგრაფია:
1. A-711- ანტონ კათალიკოსი, სათნოებათა კიბე.
2. ბეზარაშვილი, ქ., „იოანე სინელის კლემაქსის უცნობი ქართული ვერსია“: მაცნე (ელს), #4, 1987.
3. ბეზარაშვილი, ქ., „იოანე სინელის კლემაქსის ახალგამოვლენილი ქართული ვერსია“: მაცნე (ელს), #3, 1989.
4. Beck, H.-G., “Kirche und theologische literatur im Byzantinischen Reich”: Handbuch der alterertums wissenschaft. Abt. 12. T. II. Bd. I. Munchen 1959.
5. Богдановић, Д., Јован. Лествичник у византијској старој српскј књижевности, Београд 1968.
6. Buchwald, W., Tusculum-Lexicon griechischer und lateinischer Autoren des Altertums und des Mittelalters, München – Zürich 1982.
7. გრიგოლაშვილი, ლ., „წმინდანის თემა ძველ ქართულ მწერლობაში“: ძველი ქართული ლიტერატურის პრობლემები (მიძღვნილი ლევან მენაბდის დაბადებიდან 74-ე წლისთავისადმი), თბ. 2002.
8. დობორჯგინიძე, ნ., ლინგვისტურ-ჰერმენევტიკული მეტატექსტები, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ. 2012.
9. იოანე სინელის „კლემაქსი“ თარგმნილი ბერძნულიდან ექვთიმე ათონელის მიერ (XII საუკუნის ხელნაწერების მიხედვით), ცინცაძე, მ., დისერტაციის დანართი, „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, თბ. 1965.
10. იოანე პეტრიწი, სათნოებათა კიბე (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, კვლევა და ლექსიკონი დაურთო ივ. ლოლაშვილმა), „საბჭოთა საქართველო”, თბ. 1968.
11. Kordochkin, A., John Climacus and Spiritual Tradition of the IV-VII Centuries. Faculty of Theology, University of Durham, Ph.D. Thesis, 2003.
12. Кордочкин, А., “ИОАНН ЛЕСТВИЧНИК“: Православная Энциклопедия, Том XXIV, опубликовано: 11 марта 2011г. URL - http://www.pravenc.ru/text/471351.html.
13. „Patrologiae Cursus Completus, Series Graeca“, Vol. 88, col. 532 (ed. Migne J. P.), 1964.
14. Прохоров, Г.М., “Лествица“: Словарь книжников и книжности Древней Руси, Труды Отдела древнерусской литературы, Т. XXXIX, 1985.
15. ცინცაძე, მ., იოანე სინელის „კიბის“ ექვთიმე ათონელისეული თარგმანი და მისი ენა, (საკანდიდატო დისერტაცია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი), თბ. 1965.
16. ხინთიბიძე, ე., ბიზანტიურ-ქართული ლიტერატუ-რული ურთიერთობანი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ. 1969.
17. Völker, W., Scala Paradisi. Eine Studie zu Johannes Climacus und zugleich eine Vorstudie zu Symeon dem Neuen Theologen, Wiesbaden 1968.
18. Ware, K., The Ascetic writings of Mark the Hermit. D. Phil. Thesis. Oxford 1965.
19. Ware., K.,“The Ladder of Divine Ascend” by John Climacus (Introduction), “SPCK”, London 1982.