ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ლელა ხაჩიძე სტეფანე პირველმოწამე და ქართული ქრისტიანული კულტურა
ეკლესიის მამები მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ IVს-დან. მისი ხსენება გვხვდება IVს-ის სირიელ მწერალთან – აფრაატთან და მის უმცროს თანამედროვესთან – ეფრემ ასურთან, რომელსაც ეკუთვნის საქმე მოციქულთას კომენტარები. მკვლევართა ნაწილის აზრით, ეფრემ ასური იცნობდა წმ. სტეფანეს შესახებ ისეთ გადმოცემებსაც, რომელიც არაა შესული ბიბლიის კანონიკურ ტექსტში. საქმე მოციქულთას კომენტარები შეუდგენია IVს-ის ალექსანდრიელ ღვთისმეტყველს – დიდიმ უსინათლოს. დაახლოებით ამავე პერიოდში შეიქმნა გრიგოლ ნოსელის ორი ქადაგება, მიძღვნილი სტეფანე პირველმოწამისადმი. ქრისტიანული ეკლესიის ასევე გამორჩეულ ავტორიტეტს – იოანე ოქროპირს დაუწერია საუბრები საქმე მოციქულთას შესახებ. IVს-დან შემორჩენილია აგრეთვე ევსუქი იერუსალიმელის შესხმა წმიდა სტეფანესი. ამრიგად, საქმე მოციქულთას მიმართ ინტერესის გაძლიერებასთან ერთად იზრდება ინტერესი სტეფანე პირველმოწამისადმიც. სტეფანე პირველმოწამის სახელზე საუკუნეების მანძილზე აიგო უამრავი ტაძარი. მას მიეძღვნა მრავალრიცხოვანი ფრესკები, მხატვრული ტილოები (მათ შორის – შედევრები), საგალობლები, ქადაგებები. ამ გამორჩეულ წმინდანს გამორჩეული პატივი მიაგო საქართველომაც, თუმცა მისი ადგილი საქართველოს ეკლესიისა და ქართული კულტურის ისტორიაში აქამდე შეუსწავლელი იყო. სტეფანე პირველმოწამის სახელზე საქართველოში აგებულია არაერთი ტაძარი. მათ შორისაა მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველი ერის ნათლობის ადგილას აგებული ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ქართლის ცხოვრების მოწმობით იგი მირიან მეფის შვილთაშვილსა და მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. ტაძარი IV-Vსს-ით თარიღდება. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი. მისი სახელი შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ბერძნულენოვანმა წარწერამ [4, გვ. 233-234]. წმ. სტეფანეს სახელობისაა ურბნისის სიონი - სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტური ნიშნებით და ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე V-VI სს-ის მიჯნით თარიღდება [1]. ურბნისის სიონი (თავდაპირველად პირველმოწამე სტეფანეს სახელობის საკათედრო ტაძარი სიონად იწოდებოდა), ადრე ფეოდალური ხანის საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. მის მნიშვნელობაზე მიუთითებს აქ საეპისკოპოსოს დაარსება და V-VIსს-ის მიჯნაზე დიდი ქრისტიანული ტაძრის აგება სტეფანე პირველმოწამის სახელზე ერთ-ერთი ასურელი მამის – თადეოზ სტეფანწმიდელის მიერ. ურბნისის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ის ადგილია, სადაც დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია. ამ ეკლესიის კედლებში დაიდგა გვირგვინი დავით აღმაშენებლის მამამ, გიორგი მეორემ და აქ მოინათლა თავად დავით აღმაშენებელი. ურბნისში ყოფილა წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილებიანი დიდი ხატი, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. სტეფანე პირველმოწამის სახელობისაა ხირსის ტაძარი, რომლის დამაარსებელია ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი – სტეფანე ხირსელი (VIს.). ამრიგად, სტეფანე პირველმოწამის თაყვანისცემა საქართველოში IV-Vსს-ში იწყება, VIს-დან კი ძლიერდება და მტკიცედ მკვიდრდება, რაც ასურელ მამათა მოღვაწეობას უნდა უკავშირდებოდეს. ვფიქრობთ, ინტერესს არ უნდა იყოს მოკლებული ის გარემოებაც, რომ მცხეთის დიდი ჯვრის ტაძრის მაშენებელია სტეფანოზ ერისთავი (586-604/5 წლები). როგორც ჩანს, ეს სახელი უკვე დასტურდება VIს-ის ქართულ ონომასტიკონში. წმ. სტეფანეს ფრესკული გამოსახულებები ქართულ ტაძრებში მრავლად გვხვდება. პროფ. ა. ოქროპირიძის დაკვირვებით, ყველაზე ხშირად მისი გამოსახულებები გვხვდება საკურთხეველში, მღვდელმთავართა ციკლში, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან წმ. სტეფანე არის არა მხოლოდ პირველმოწამე. ის უპირატესია იმითაც, რომ ის არის „თავი დიაკვანთა”. ის „მეტრაპეზეა” ამ სიტყვის ეკლესიური გაგებით. მისი გამოსახულებები გვხვდება ატენის სიონში, ბეთანიაში, წრომში… ატენის სიონში მისი გამოსახულება ცალკეა გამოტანილი, სარკმელთან. წრომში კი წმ. სტეფანეს გამოსახულება გვხვდება გუმბათთან. სამი სცენა წმ. სტეფანეს ცხოვრებიდან გამოსახულია ვარძიის მთავარი ტაძრის კარიბჭეში. საინტერესოა წმ. სტეფანეს გამოსახულება ნაკიფარში, რომელიც ასახავს წმ. ნინოს ცხოვრებაში აღწერილ ამბავს – წმ. სტეფანე ეგებება წამებულ რიფსიმიანებს და უკმევს მათ [იხ. ამის შესახებ ქვემოთ]. წმ. სტეფანე განუყრელად უკავშირდება ქრისტიანულ ხელოვნებაში ესოდენ გავრცელებულ დიდება ღვთისას კომპოზიციას. ეს იმითაა განპირობებული, რომ წმინდანმა წამების ჟამს თვალით იხილა სასუფეველი და ფეხზე მდგომი მაცხოვარი. ეს ხილვა აღწერილია წმინდანის ცხოვრებაში და მასზე დამყარებულ ჰომილიებსა და საგალობლებში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სწორედ სტეფანე პირველმოწამეს უკავშირდება ცნობილი ტოპონიმი - სტეფანწმინდა. ამრიგად, სტეფანე პირველმოწამისადმი განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ქართულ ქრისტიანულ კულტურაში მრავალმხრივაა განფენილი. რა ვითარებაა ამ მხრივ ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში? სტეფანე პირველმოწამე საქართველოს ეკლესიასა და ძველ ქართულ მწერლობაში უძველესი დროიდან მოიხსენიება. მას კარგად იცნობს ქართული აგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, ლიტურგიკა, ჰომილეტიკა. სტეფანე პირველმოწამის ხსენებას ვხვდებით ჯერ კიდევ იერუსალიმურ ლექციონარში, რომელიც არქაული ღვთისმსახურების შემცველი უნიკალური ძეგლია [2]. მასში წმ. სტეფანეს ხსენება დადებულია 27 დეკემბერს. ამის შემდეგ მითითებულია წმ. სტეფანესადმი მიძღვნილი რამდენიმე საგალობლის დასაწყისი. წმ. სტეფანესადმი მიძღვნილი განგება ლექციონარში სრული არ არის. მისი ბოლო ნაწილი დაკარგულია. წმ. სტეფანეს ხსენება შესულია უძველეს იადგარში, რომელიც ჰიმნოგრაფიის მრავალრიცხოვან, მათ შორის არქაულ ნიმუშებს შეიცავს [10]. უძველესი იადგარი იერუსალური ლექციონარის პოეტურ დანამატს წარმოადგენს [10, გვ. 684]. მართლაც, ლექციონარში დასაწყისებით მითითებული წმ. სტეფანესადმი მიძღვნილი 3 საგალობელი გვხვდება იადგარშიც, მათგან ერთი – სრული ტექსტით: („მხედარო ზეცისა მეუფისაო, წმიდაო სტეფანე…”). უძველეს იადგარში შესულია სხვა საგალობლებიც. დღეისათვის ძნელია იმის თქმა, ეს „სხვა” საგალობლები ლექციონარიდანაა გადასული თუ თვით უძველესი იადგარის შემდგენელთა მიერაა დამატებული. ერთი რამ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას – წმ. სტეფანეს ხსენება შესულია ქართულ ენაზე შემონახულ უძველეს ლიტურგიკულ წიგნებში – იერუსალიმის ლექციონარსა და უძველეს იადგარში. წმ. სტეფანე ამ საგალობლებში მოხსენიება მოწამეთა წინამძღვრად, რაც ტრადიციადაა ქცეული. აქვე გვხვდება წმ. სტეფანეს ხილვა მისი აღსასრულის წინ. არქაულის შთაბეჭდილებას ტოვებს ამ საგალობლებში განმეორებული რეფრენი: „ყრმანი აკურთხევდით, მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე”. ასევე არქაულია ამ საგალობლების საზომიც. როგორც ცნობილია, „სტეფანე” ბერძნულად „გვირგვინს“ ნიშნავს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ წმინდანისადმი მიძღვნილ საგალობლებში ხშირად ხაზგასმულია მისი გვირგვინით შემკობა მაცხოვრის მიერ. რამდენადაც უძველესი იადგარის პროტოტიპი დაკარგულია, დღეისათვის ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ ამ კრებულში შესული საგალობლებიდან რომელია ნათარგმნი და რომელი ორიგინალური. სავარაუდოდ, ისევე როგორც უძველეს იადგარში შესული ვრცელი რეპერტუარის ძირითადი ნაწილი, წმ. სტეფანეს განგებაზე შესული საგალობლებიც ბერძნულიდან უნდა იყოს თარგმნილი. უძველესი იადგარით შემონახული ეს საგალობლები დღეისათვის ბერძნულ და სლავურ ენებზე გამოქვეყნებულ დეკემბრის თუენებში არ ჩანს და ამ მხრივ სრულიად უნიკალურია. როგორც ჩანს, ადრევე ითარგმნა ქართლად წმ. სტეფანეს წამებაც. 864 წლით დათარიღებულ სინურ მრავალთავში, სხვა საკითხავებთან ერთად, შესულია წამება წმ. სტეფანესი და მოწამის წმინდა ნაწილთა „პოვნა“ [6, გვ. 58-69]. წმ. სტეფანესადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს Xს-ის ქართველი მოღვაწე და მწერალი – სტეფანე სანანოისძე – ჭყონდიდელი, რომელიც „მეხელთა” თაობის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. სტეფანე სანანოისძეს ეკუთვნის წმ. სტეფანე პირველ-მოწამისადმი მიძღვნილი მცირე ფორმის საგალობელი, რომელიც შესულია მიქაელ მოდრეკილის იადგარში (978-988 წწ.). საგალობელი გარითმულია და გამოირჩევა მხატვრული სრულყოფით [9]. სტეფანე სანანოისძის მიერ წმ. სტეფანესადმი საგალობლის მიძღვნა, პირველ ყოვლისა, საქართველოს ეკლესიასა და შესაბამისად, ქართულ ქრისტიანულ კულტურაში ამ წმინდანის გამორჩეული მნიშვნელობით უნდა აიხსნას. ამასთან ერთად, წმ. სტეფანე ერთგვარ მფარველად შეიძლება ჩაითვალოს საგალობლის ავტორისათვის, რომელიც ამავე სახელს ატარებდა. საგალობლის ავტორი, როგორც ირკვევა, კარგად იცნობს სტეფანე პირველმოწამის ცხოვრებას, რომელსაც ემყარება წმინდანის აღსრულების აღწერისას. იგივე უნდა ითქვას სტეფანე პირველმოწამის ხილვის შესახებ, რითაც იწყება სტეფანე სანანოისძის საგალობელი. სტეფანე სანანოისძის განსაკუთრებულ ინტერესს ამ დიდი წმინდანისადმი მოწმობს ის გარემოებაც, რომ მას ბერძნულიდან უთარგმნია გრიგოლ ნოსელის შესხმაჲ წმიდისა სტეფანე პირველმოწამისაჲ, რომლის ტექსტსაც გამოსაცემად ვამზადებთ. გრიგოლ ნოსელს, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯს და გამორჩეულ ავტორიტეტს, წმ. სტეფანეს შესახებ ეკუთვნის ორი ჰომილია. ამ ორი ჰომილიიდან მეორისათვის ნოსელისეული ავტორობა საეჭვოდაა მიჩნეული. ქართულ ენაზე თარგმნილია წმ. სტეფანეს შესხმის ის რედაქცია, რომელიც ნამდვილად გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის [3, გვ. 362 ]. როგორც ჩანს, გრიგოლ ნოსელის ეს თხზულება ადრევე უთარგმნიათ ქართულად. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ამ ქადაგების მოკლე ფრაგმენტი შეტანილია უძველეს მრავალთავში [3, გვ. 362]. ქართულ ენაზე არსებობს გრიგოლ ნოსელის ამ ჰომილიის კიდევ ორი რედაქცია. პირველი მათგანის მთარგმნელია სტეფანე სანანოისძე – ჭყონდიდელი, მეორე თარგმანი კი გიორგი მთაწმიდელს ეკუთვნის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ თვალწინაა ეკლესიის მადლმოსილი მამის – გრიგოლ ნოსელის ამ ჰომილიის შესანიშნავი ქართული თარგმანები, შესრულებული ქართული კულტურის ორი თვალსაჩინო წარმომადგენლის – ჭყონდიდის ეპისკოპოსის – სტეფანე სანანოისძისა და საქართველოს ეკლესიის კანონმდებლის – გიორგი ათონელის მიერ. გრიგოლ ნოსელის ეს ნაწარმოები მოიხსენიება, როგორც „ჰომილია“ და როგორც „შესხმა“. „შესხმა“, ჩვეულებრივ, ქებას ანუ საგალობელს გულისხმობს შემდგომ¬დროინდელ ტრადიციაში. წმინდა მამის ამ ჰომილიაში, ვფიქრობთ, უკვე ჩანს „პოეტური პროზის“ ის ტენდენციები, რომლებიც ჰიმნოგრაფიისთვისაა დამახა-სიათებელი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნაწარმოების ქართულ თარგმანს, რომელიც Xს-შია შესრულებული სტეფანე სანანოისძის მიერ გარკვეული სახის რიტმული განკვეთის ნიშნები ახლავს. ეს გარემოება საგანგებო კვლევას მოითხოვს. სტეფანე პირველმოწამის, მისი წმინდა ნაწილების და წმინდანთან დაკავშირებული უძველესი ტაძრის შესახებ ცნობები შემონახულია ორიგინალურ ქართულ აგიოგრაფიაშიც. წმ. სტეფანეს სახელზე აგებული ერთ-ერთი უძველესი ქართული ტაძრის შესახებ საუბარია წმ. ნინოს ცხოვრებაში, კერძოდ, სინურ და შატბერდულ – ჭელიშურ რედაქციებში. აქ დასახელებულია არჩილ მეფე და მთავარეპისკოპოსი იონა, რომელთა მოღვაწეობის პერიოდშიც აიგო სტეფანე პირველმოწამის ტაძარი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველ ხანებში – ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოგვები ცეცხლისმსახურთა რიტუალებს აღასრულებდნენ იქვე, მცხეთაში [7, III]. ამ ცნობის მიხედვით სტეფანე პირველმოწამე ერთ-ერთი პირველი წმინდანია, რომლის თაყვანისცემაც დაწესდა ქრისტიანულ საქართველოში. წმ. ნინოს ცხოვრების ლეონტი მროველისეულ რედაქციაში ვკითხულობთ, რომ წმ. ნინო რიფსიმიანთა აღსრულებისას იხილავს სტეფანე პირველდიაკონს, რომელიც ნათლის ოლარით იყო შემოსილი, ხელში ეჭირა სასაკმევლე, რომლიდან გამოსული სურნელება ცას ფარავდა. წმ. სტეფანეს თან ახლდა ზეციურ ძალთა გუნდი, რომელთაც შეუერთდნენ წმინდა მოწამეთა სულები [7, III]. წმ. ნინოს ცხოვრების სწორედ ამ ხილვას ემყარება ნაკიფარის ტაძარში წმ. სტეფანეს გამოსახულება. სტეფანე პირველმოწამის ხსენებას ვხვდებით იოანე საბანისძის აბოს წამებაში (786-790). მსაჯულთან დიალოგის შემდეგ წმ. აბო საპყრობილეში ჩასვეს. წმინდანის ცხოვრების ამ ერთ-ერთ საკვანძო მომენტში ჩნდება ნაწარმოებში სტეფანე პირველმოწამე. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს მოხდა 27 დეკემბერს - ქრისტჱს მოციქულის, პირველდიაკონის, პირველმოწამისა და ყველა მოწამის ერისმთავრისა - წმინდისა სტეფანეს ხსენების დღეს. იოანე საბანისძის აზრით, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რათა მარტვილთა შემწე – სტეფანე პირველმოწამე „იღუწიდეს მისთჳს“ [7, I ]. სტეფანე პირველმოწამის სახელს ვხვდებით ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთანაც. გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილია, როგორ გადაასვენა გიორგი ათონელმა ათონის ქართველთა მონასტერში – ივირონში „ჩვენი განმანათლებელი და მაცოცხლებელი“ მარჯვენა წმინდა ექვთიმე ათონელისა და „გუადრუცში“ სხვა წმინდანთა ნაწილებიც ჩაასვენა, რომელთა შორის პირველ ადგილზე მოხსენიებულია სტეფანე პირველმოწამის წმინდა ნაწილები [7, II]. საინტერესოა, რომ XIX ს-ში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, რუსმა მოხელეებმა ცნობილი ტოპონიმი – სტეფანწმინდა შეცვალეს და ყაზბეგი უწოდეს საქართველო – რუსეთის საზღვარზე არსებულ უძველეს დასახლებას. მიუხედავად ამისა, XIX ს-ში მოღვაწე დიდი ქართველი მწერალი - ილია ჭავჭავაძე ამ ადგილს კვლავ სტეფანწმინდად მოიხსენიებს, რაც წმინდა მხედართა ზეციური წინამძღოლის - სტეფანე პირველმოწამის „ღვაწლის აქცენტირებას“ უნდა უკავშირდებოდეს [8]. ამრიგად, ნათელი ხდება, რომ მოწამეთა წინამძღვარმა და მხედართმთავარმა, პირველდიაკვანმა – სტეფანემ ქართულ ქრისტიანულ კულტურაში შესა¬ფერისი ადგილი დაიმკვიდრა. ვფიქრობთ, მომავალი კვლევა ამის კიდევ არაერთ მაგალითს გამოავლენს.
ბიბლიოგრაფია:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|